Posts Tagged ‘ჯემალ ქარჩხაძე’
გედები თოვლქვეშ

John “Gassy Jack” Deighton
ზაალ სამადაშვილის წინათქმა
სადღაც შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელსაც გეოგრაფიული შესაბამისობის თვალსაზრისით უცნაური სახელი – ბრიტანეთის კოლუმბია ჰქვია, კაცს, სახელად გასი ჯეკს, ხელობით ბარმენს, ძეგლი უდგას – სტუმრების გულითადად დახვედრის, კარგად გამასპინძლებისა და უბადლო თანამეინახეობისათვის…
გავკადნიერდები და, მწერლებს, მათ კარგ წიგნებს, იმ კეთილ მასპინძელს და იმ მშვიდ, ბუხრის ტკაცუნით გამყუდროებულ გარემოს შევადარებ, რომელიც გრძელ და ფათერაკიან გზებზე დაღლილ, ქარ-წვიმებისაგან დანესტიანებულ მგზავრს სულის მოსათქმელად, მხნეობის შესამატებლად სჭირდება…
გემოვნებამ, ავმა თუ კარგმა, ჩამოყალიბებულმა ორმოცდაათი წლის ასაკში, ამგვარ გარემოდ შემაგრძნობინა პროზაული კრებული – “გედები თოვლქვეშ” და მგონია, რომ კვლავ და კვლავ მომინდება შეხვედრა მის ავტორთან, წყნარად და გულიანად მთხრობელ მიხო მოსულიშვილთან…
მიხო მოსულიშვილის მინიატურების წიგნიდან: ”გედები თოვლქვეშ”
გადაჭრილი ჰალსტუხი
ზურა ნარმანიას მოსაგონარი
“მფრინავ ჭიანჭველაზე” მუშობდა ზურა. მთვრალი, რაღა თქმა უნდა…
ერთ საღამოსაც გადაიხედა თავისი ფანჯრიდან და ხედავ, მის `ნულ-ცხრას~ ვიღაცა ეჩალიჩება – ეტყობა, წაყვანა უნდა.
ფლოსტებითვე ჩაირბინა კორპუსის ოთხი სართული, გამოვარდა სადარბაზოში და თავის მანქანასთან მიირბინა.
რას აკეთებო?
ეს მანქანა უნდა წავიყვანოო, – პატიოსნად მიუგო იმან, – პოლიცია მომდევს და ძმაკაციც დამიჭრესო!
სხვა პასუხი გაეცა, ცუდად დაუბოლოვდებოდა ამ მანქანის წაყვანის მცდელობა, მაგრამ…
კარგიო, – ბევრი აღარ უყოყმანია ზურას, – დაჯექი, მე წაგიყვანო.
შენია ეს მანქანაო? – შეყოყმანდა ის.
რაში გაინტერესებს, დაჯექიო რა! – შეუღრინა ზურამ, – და ეგ იარაღი შეინახეო!
დაემორჩილა ისიც.
საჭეს მიუჯდა ზურა, დაქოქა და წავიდნენ.
ჯერ ის დაჭრილი ეძებეს გზისპირის ნაშალებზე და ვეღარ ნახეს – ეტყობა, პოლიციამ აიყვანა…
მერე ნუცუბიძის პლატოდანაც უხიფათოდ გავიდნენ, ქალაქიდანაც გააღწიეს და შორიახლოს მდებარე ერთ სოფელში, თავის ნაცნობთან შეაფარა ზურამ დევნილი.
უკან რომ ბრუნდებოდა, ფულის შეკვრებით გატენილი ჩანთა გახსნა უცნობმა, რაც ერთი ჩაბღუჯვით ხელში დაეტია, იმდენი ამოიღო და გაუწოდა – ეს ჩემგან გქონდესო!ზურა სწრაფად დაიხარა, მარჯვენა ფეხის კოჭთან მიმაგრებული დანა გააძრო, სულ თან დაჰქონდა, ისევ უმალ გაიმართა, მარცხენა ხელით პიჯაკის შიგნიდან წითელი ჰალსტუხი ამოუშალა უცნობს, კარგად დაქაჩა, ციმციმ შეაჭრა და ჯიბეში ჩაიდო – მაინც არ გიხდებოდა და ეს მექნება სახსოვრადო!
იმას სიცილი აუტყდა – ბანკის გატანისას დამჭირდა, თორემ არც მე მიყვარსო….
დაემშვიდობა ზურა, ჩაჯდა, დაბრუნდა შინ და დააბეზღა, ალბათ, ვიღაცამ – სამი თუ ოთხი თვე აღარ მოუსვენებიათ კანონის დარაჯებს – ვინ იყო, ვინც წაიყვანე; შენი რა იყო, რაღა შენთან მოვიდა, სად ჩაიყვანე და იარაღი თუ ჰქონდაო…
გავლენიანი ნათესავ-ახლობლების შეწუხებაც მოუწია, ძლივს ჩააწყნარა ეს საქმე…
გამოხდა ხანი და, ზურას პანაშვიდზე შეკრებილ ბიჭებს ერთი საეჭვო გარეგნობის კაცი მიუახლოვდა, გაიხმო ერთი მათგანი ცალკე და მოზრდილი პაკეტი გადასცა – ეს გერმანიიდან გამოუგზავნეს ცხონებულსო…
აიტანეს ის პაკეტი დამწუხრებულ ოჯახში, გახსნეს და…
ალბათ, უკვე მიხვდით, შიგ რაც იქნებოდა…
ჰო, ასდოლარიანებიც და, რაც მთავარია, იმ გადაჭრილი ჰალსტუხის მეორე ნახევარი.
ხოლო ის პოემა, სახელად “მფრინავი ჭიანჭველა” ზურამ სიკვდილამდე დაამთავრა, `ცისკარშიც~ დაბეჭდა და წიგნადაც გამოსცა, თუმცა…
თუმცა, მეც რეზო ინანიშვილივით უნდა ვიკითხო – რა ვიცი, გიყვართ პოემები?
ფრანსის ჟამს რომ ვირები შემოხვდებიან…
ავთო ვარაზის მოსაგონარი
“გოიას კაპრიჩიოებში გამოსახულ, ქებულ კარისკაცებად ქცეულ და სარკეში მოცქირალ ვირებს რომ თავი დავანებოთ, სანჩო პანსას სახედარზეც რომ ხმა არ ამოვიღოთ; არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენი ფიროსმანის ნახატზე – “აქიმი ვირზედ მჯდომარე”; ისიც რომ არ გაგვახსენდეს, თუ რაზე იჯდა იერუსალიმში დიდებით მიმავალი უფალი ჩვენი და შემდგომშიც აქაური თუ უცხოელი მღვდელ-მთავარნი ანდა ნაკლები მასშტაბის საეკლესიო მოღვაწენი რითი იარებოდნენ – მაინც კეთილი უნდა ვინებოთ და, თუკი ცხენებს არ ვუკარგავთ საისტორიო დამსახურებას, ვაქანდაკებთ და ვადიდებთ, ვირებსაც გავუხსენოთ ღვაწლი და საგინებლად ნუ ვაქცევთ მათ სახელს.
ამასთან დაკავშირებით იქნებ ფრანსის ჟამის ლექსი წაიკითხო, “ლოცვა რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე” – გივი გეგეჭკორმა გვითარგმნა ფრანგულიდან.
იცი, რას ეუბნება უფალს?
თუ სამოთხის ღირსი ვიქნები, შენთან რომ მიხმობ, ავიღებ ჯოხს და წამოვალ. ვირები შემომხვდებიან და ვეტყვი – მე, ძმებო, ფრანსის ჟამი ვარ და აქ ბუზებს რომ იშორებთ ყურის პარტყუნით, კისერი რომ გადაგიყვლეფიათ შრომით, დარბაისლურად რომ დაგიხრიათ თავები, თქვე საბრალოებო, წამოდით, ღვთის ქვეყანაში მივდივარ, სხვაგან კი არაო. მე გევედრები, უფალო, ვირებით გარშემორტყმული, მეც ვირივით ნაჯაფი რომ ამოვალ შენთან, დაგვანახე შენი მარადიული სიწმინდე და სიყვარულიო.
მეც მეტი არაფერი მინდა, ნეტავი ერთი იმ ვირთაგანი ვიყო, ფრანსის ჟამი რომ მიუძღვით სამოთხისაკენ…”
ერთხელ სწორედ ასე მელაპარაკა უკვე საკმაოდ შემთვრალი, შუა ხანს გადაცილებული, თუ მისი ახლობლები არ მიწყნენ, მართლაცდა ვირივით ნაჯაფი, ღვთითმომადლებული ნიჭის მხატვარი და როცა ვირების სადღეგრძელო შესვა, მეც შემომთავაზა – არ გინდა, შენც ერთი იმ ვირთაგანი იყო ჩემსავით, ფრანსის ჟამს რომ შემოხვდებიანო?
ჩემი სიზარმაცის მომიზეზებით ვუთხარი უარი, თორემ მეც კინაღამ ვირად მაქცია…
ციროზით დაიღუპა საწყალი…
ოსტატი
(უცაბედი პორტრეტი)
რეზო ინანიშვილის გახსენება
მავანი დიდია, ძალიან დიდი. იმისმა მასშტაბურმა პერსონაჟებმა ლამის დააზანზარონ სამყაროო… – მითხრა ჩაფიქრებულმა და კაიხნის დუმილის მერე დასძინა, – არადა, ადამიანი მაგხელა არააო.
თქვენ მეთქი?
მე პატარა ვარ. დაქანცული და ჯოხზე დაბჯენილი ბერმუხის ძირში ვზივარ და მაშინაც ცაში კი არა, დაბლა ვიყურები – ჭიანჭველებს დავცქერი, თავისზე ბევრად მძიმე ტვირთი რომ მიაქვთ ან ეძებენო. – გაჩუმდა, ჩემს პასუხს თუ უცდიდა.
არ მინდა მავანი ვიყო, იმ ჭიანჭველად ჩამთვალეთ მეთქი.
ისე გამიღიმა, მარტო თვითონ რომ იცოდა – მოწყალედ, მაინც დარდიანად და თავზე დამადო დაკოჟრილი ხელი.
მერე ჯოხს დაებჯინა, მძიმე-მძიმედ წამოდგა, წამოდგა და ასევე წავიდა… წავიდა და წავიდა, გაქრა.
დიდებული ადამიანი იყო, ცხონებული – ნამდვილი ქრისტიანი. მე ვწერ, ჩემს სულს რომ ლოცვა დასჭირდებაო, – ამბობდა. მისმა სისადავემ არ შეგაშფოთოს, “ორღობის მწერალს” ნუ დაუძახებ (იმისი “ორღობე” მთელ საქართველოს იტევს) – მაინცდამაინც, ნიკო ფიროსმანაშვილის არ იყოს, ჯერ ევროპამ უნდა აღიაროს, რომ შენც აუბა მხარი და სულ ნიანგის ცრემლები აღვარღვარო?
“მოხუცი მეთევზე”
ერთხელ ჩჟუან-ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჩჟუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჩჟუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჩჟუან-ძი იყო.
ჩჟუან-ძი (369 – 286 ქრისტეშობამდე) – “საგანთა თანაბრობის გამო”.
ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, საკუთარ ქალაქში (და ქვეყანაშიც) ემიგრანტი მგონია თავი – ემიგრანტი, საგანგებოდ რომ შეუსწავლია აქ მცხოვრებთა სალაპარაკო ენა, მაგრამ ადამიანებს ვერ ცნობს, იმათი საქციელის ვერა გაუგია რა…
და ის თბილისი მენატრება, ოთხმოციანი წლების დასაწყისში რომ გვქონდა – სულ სხვანაირი… მაშინდელ ქალაქში ფერმწერ ომარ დურმიშიძის ერთი კარგი გამოფენა მახსოვს, ხოლო განსაკუთრებით ვიგონებ მის ერთ ნახატთაგანს – “მოხუცი მეთევზე” ერქვა სახელად.
დაბინდული ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარა მოხუცი მეთევზე, წინ – ყუთზე ერთი თევზი დაუდია. ისე დამჯდარა, რომ პერანგის ნაკეცები და სახეზე გაჩენილი ნაოჭები დაახლოებით ერთნაირი მოხაზულობისაა და უსასოობის, მიუსაფრობის გრძნობას გიჩენს. მიუახლოვდები ნახატს – იმედი უჩანს მოხუცს თვალებში, იქნებ შენ მაინც იყიდო მისი თევზი. უკან-უკან დაიწევ, მოშორდები, ახლა შორიდან შეხედავ და – არა, აღარა ჩანს იმედის თეთრი ნაპერწკლები, არც შენ იყიდე ის თევზი. მიუახლოვდები – იმედი უჩანს თვალებში, მოშორდები, – გაუქრება. კი დაეჭვდები, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავიმეორო ეს ცდა, ყოველთვის იგივე შედეგს მიიღებ.
მაშინ ოცი წლის ვიყავი, თითქმის ყოველდღე დავდიოდი იმ ნახატის სანახავად და ისე კარგად დამხსომებია, რომ ახლაც თვალნათლივ ვხედავ.
არა, ვხედავ კი არა, ის მოხუცი მეთევზე თვითონ ვარ და მე შემოგყურებთ პატარა იმედით იმ ნახატიდან – იქნებ ვინმემ იყიდოს თევზი…
ნეტავი, რა ბედი ეწია “მოხუც მეთევზეს”?
მშვიდობით, ბატონო “იგი”
ჯემალ ქარჩხაძის გამოსათხოვარი 1998 წელს
თქვენ სახელი და დიდება არად გიჩნდათ. ამბობდით, რომ წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობა არისო, რადგან გწამდათ, კაცმა თუ რაიმე ცოდნა შეიძინა, იგი ვინმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება.
ეს თქვენი “ანტონიო და დავითის” ერთი პერსონაჟის, ბართლომეოს აზრებია, თავად თქვენიც, რაღა თქმა უნდა.
თქვენი აღსასრულით მწუხარე თქვენს ნაწარმოებებს ვიხსენებ, თქვენი ლიტერატურული ხერეხებისა და ფინტების მთელ კასკადს, სასწაულებრივ “დრიბლინგს” – აზრის ვირტუოზულ ფლობას და მის სრულ შესაბამისობას ენობრივ ფაქტურასთან – ლაღსა და ოდნავ დაძაბულ, მოქნილ სტილთან.
ვიხსენებ კი არა, ცხადად ვხედავ თქვენს ჩინებულ მოთხრობებსა და რომანებს: “რაჰათ-ლუხუმსა” თუ “ბიძაჩემ იონას”, “ოპერაცია: “დეიდა ტასოს” თუ “გუბეს”, “სოლომონიანსა” თუ “სასწაულს”, “მაღალ კაცსა” თუ “ისტორიულ რომანს”, “მდგმურს”, “ქარავანსა” თუ “ზებულონს”, სხვასა და სხვას…
გაოცებული დავცქერი თქვენს ბოლო წიგნს, “იუპიტერის სინანულს”, გამაოგნებელი და თითქოსდა სადა, მაგრამ თავზარდამცემი ოსტატობით რომ არის შესრულებული – არ გინდა ასეთი ხელოვანებით წერა?!
სასიამოვნოდ განცვიფრებული ვარ ამ უკანასკნელი წლების თქვენი ნამუშევრით “განზომილება”, რომლის დასრულება ვეღარ მოასწარით; აქ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის არეული საქართველოს ისეთი მძაფრი სურათი შეგიქმნიათ, მხოლოდ თქვენ რომ ხელგეწიფებოდათ და ვაი, რომ სხვა ვეღარავინ დაწერს იმ ორ-სამ ფორმას, რომელიც ამ რომანს აკლია – ისევე, როგორც “ვენერა მილოსელის” ხელებმომტვრეულ ქანდაკებას ვერც ერთი სხვა მოქანდაკე ვეღარ აღუდგენს ხელებს.
უფრო მეტად გულდასაწყვეტი კიდევ ისაა, რომ “განზომილებანი”, როგორც არაერთხელ გითქვამთ ჩემთვის, ტრილოგიის პირველ წიგნად იყო ჩაფიქრებული…
ნეტავ გაცოდინათ, როგორ მიმძიმს უგზო-უკვლოდ გადაკარგული სიტყვების მოძებნა და აქ მოყვანა…
თქვენ მეოცე საუკუნის შეჭირვებულ ადამიანს ხედავდით და ხატავდით მეტწილად, თუმცა არც ისტორიული პერსონაჟები გეუცხოებოდნენ; უფრო მეტიც, თქვენ პრეისტორიულ წარსულშიც ჩაიხედეთ მძლავრი, დაუბორკავი წარმოსახვით და ჩვენ, თქვენს ერთგულ მკითხველს ”იგი” დაგვანახეთ – პირველი სხვანაირი ადამიანი, პირველი პოეტი. სწორედ ასეთზე იტყვის ჰერმან ჰესე – პირველმა დაანება თავი ტოტიდან ტოტზე ხტუნვას და მიწაზე ჩამოვიდაო. ამგვარ ადამიანებს მიჰყავდათ კაცობრიობა წინ, პროგრესისკენ.
რაღა ბევრი გავაგრძელო, განსაკუთრებით და რაღაც სულ სხვანაირად მახსენდება თქვენი ”იგი” და კარგი მკითხველის წარმოსახვამ შეიძლება სულაც თქვენვე შემოგიტრიალოთ, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნოთ ეს გმირი.
იგი ცას უყურებდა და იგი ცა იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო…
და აი, თქვენ – “იგი” მარტო მიაბიჯებთ დიდი დაძინების ქარაფისკენ და ფიქრობთ: “ნუთუ, კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად ქრება?”
ნელა მიდიხართ, გამართული, თავაწეული, ვალმოხდილი. ქარაფის წვერს ახალგახელილი დღის თვალი დაჰნათის. მკაფიოდ ჩანს ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლეა.
ნეტავი, რა დარჩება იგისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება?
აი, ახვედით კიდეც.
სწრაფად შემობრუნდით, თითქოს რაღაცამ გიბიძგათ და ძალით მოგატრიალათ.
ქვემოთ, ბოლო ხესთან ჩვენ ვიცდით, თქვენი მკითხველი, ეგებ აქაც არის ზუ – თქვენი საქმის გამგრძელებელი…
…და უცებ ყველაფერი განათდება და სახით ჩვენსკენ შემობრუნებული უკან გადაგამთ ნაბიჯს, მერე კიდევ და ფეხი რომ ქვეშ მყარს ვეღარ იგრძნობს, უხმოდ იტყვით საკუთარ სხეულში:
“იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”.
ძალზე იშვიათად შემხვედრია სიკვდილისწინა ფიქრის ასე კარგად ”მოსმენა”…
გემშვიდობებით, ბატონო “იგი”!..
თქვენი არ იყოს, წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი ანდა დამშეული ნადირი რომ ძვლებს გიღრღნიდეს.

ჯემალ ქარჩხაძე: ”ენა სულიერების სამშობლოა”
ჯემალ ქარჩხაძე
(ბიოგრაფიული მონაცემები)
1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონის სოფელი უხუთი – 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი.
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961 – 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ქართულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში და კინოსტუდია „ქართულ ფილმში”.
პირველი პუბლიკაცია – 1962 წელი, მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი”.
ბიბლიოგრაფია (პირველი გამოცემები):
• „სასწაული” – მოთხრობების კრებული, 1967
• „მეთერთმეტე მცნება” – მოთხრობების კრებული, 1979
• „მდგმური” – რომანი, 1979
• „დღე ერთი” – მოთხრობების კრებული, 1982
• „ქარავანი” – რომანი, 1984
• „ანტონიო და დავითი” – მოთხრობების კრებული, 1987
• „ზებულონი” – რომანი, 1988
• „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” – მოთხრობა, 1989
(ჟურნალი „მნათობი” №9)
• „იუპიტერის სინანული” – მოთხრობა, 1994
• „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” – მოთხრობა, 1998
• „განზომილება” – რომანი, 2001
(პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1999წ. №№3-4-5-6-7)
თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
დავიდ წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.

მიხო მოსულიშვილი
ენა სულიერების სამშობლოა
(დაუმთავრებელი ინტერვიუ ჯემალ ქარჩხაძესთან)
ერთი წლის წინათ ბატონ ჯემალთან ინტერვიუსთვის ოცდასამი შეკითხვა მივიტანე. მერე დროდადრო შევეხმიანებოდი ხოლმე და შევახსენებდი “ცისკრისთვის” შეპირებულ საუბარსაც და რომანსაც…
ვაი, რომ ვერც ამ ინტერვიუს დასრულება მოასწრო და ვერც რომანისა – სულ ცხრა შეკითხვის პასუხები მოიძიეს მისიანებმა, რომან “განზომილების” დამთავრებამდეც ორი-სამი ფორმა დააკლდა.
მიხო მოსულიშვილი
- ალბათ უკვე ნახეთ წლევანდელი “ცისკრის” განახლებული ნომრები… ვინც სატიტულო გვერდზე დაბეჭდილ ჟურნალის დაარსებისა და აღდგენის წლებს დახედავს და უმარტივეს მეთემატიკურ ოპერაციას ჩაატარებს, დაადგენს, რომ წლევანდელი წელი საიუბილეოა ამ გამოცემისთვის… თქვენ რას იტყვით ამ ჟურნალზე?
- “აღდგენა” უფრო, ალბათ, სიმბოლოა და მასში რეალური მემკვიდრეობითობა ნაკლებად იგულისხმება; თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არცა აქვს – ბოლოს და ბოლოს, ისტორიის ერთიანობა სწორედ ასეთი სიმბოლოების მეშვეობითაა შესაძლებელი – მთავარი ის არის, რომ 1957 წელს საქართველოში ახალი სალიტერატურო-მხატვრული ჟურნალი დაარსდა, რაც, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მანამდე, ფაქტიურად ერთი ჟურნალის შემყურე ვიყავით, არ შეიძლებოდა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა არ გამხდარიყო. ახლა შეგვიძლია ვთქვათ – და ეს სრული სიმართლეა – “ცისკარი” დრომ მოითხოვა, მაგრამ ისიც სრული სიმართლეა, რომ “ცისკარმა” ფორმალურ მოთხოვნას გადააჭარბა და გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტურ აზრს შეეძლო ევარაუდა, ვინაიდან ვერავითარი ოპტიმისტური აზრი მაშინ ვერ ივარაუდებდა, რომ “ცისკრისათვის” კულტურული მოვლენის – თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანის – კალაპოტი ვიწრო იქნებოდა და რომ, საერთოდ, მისი მისია სერიოზული ლიტერატურული გარღვევა იყო! არადა, სწორედ ასე აღმოჩნდა…
მართლაც, ორმოცდაათიანი წლების ბოლოს და სამოციანის დასაწყისში, როდესაც ქართული ლიტერატურა ბოლოს და ბოლოს შეუდგა იმ აბსურდული ბორკილების აყრას, რომელიც “სოციალისტური რეალიზმის” სახელითაა ცნობილი, ამ პროცესში ახალგაზრდა “ცისკარმა” ძალზე დიდი, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული როლი შეასრულა. ეს როლი რომ ღირსეულად დაფასდეს, უნდა გავიხსენოთ შრომით ურთიერთობათა სოციალისტური მეთოდი და მექანიზმი, რომელიც – თუ ეროვნულ კოეფიციენტსაც თავის ადგილას ჩავსვამთ – იმდაგვარი იყო, რომ ნებისმიერი დარგის ხელმძღვანელი, მათ შორის, ცხადია, ჟურნალის რედაქტორიც, იდეოლოგიური ერთგულების ფასად თავისუფლების ყველაზე მახინჯ ფორმას, უპასუხისმგებლო თავისუფლებას იღებდა, რაც, ეტყობა, სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობის სრული გახრწნის ნათელ მიზანს ემსახურებოდა (სხვათა შორის, “ფასიანი ერთგულების” ეს მექანიზმი ჩვენში ძალზე საიმედო გამოდგა და “დემოკრატიული” ფერ-უმარილით წათხუპნილი დღესაც წარმატებით გამოიყენება). მართლაც, თავისუფლება, რომელიც კანონით არ რეგულირდება და მორალის ამარაა მიტოვებული, არათუ ჩვენისთანა ნახევრად ველურ ქვეყანაში, მაღალცივილიზებულ სახელმწიფოებშიც კი, სადაც ეს ორი ცნება – კანონი და მორალი – ასე თუ ისე, თანხმობაშია, ისეთ საცთურად იქცევა, ცოტა თუ გაუძლებს. “ცისკარი” ამ მხრივ – ამის ლოგიკური მიზეზების ძებნას ნუ გამოვეკიდებით – იღბლიანი გამოდგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეფარდებითია, რა თქმა უნდა, დრო და გარემოება თავისას ითხოვს, რა თქმა უნდა, კეისარს კეისრისა უნდა მიეცეს და ყველაფერი ასეც ხდებოდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ პირობების კვალობაზე, როგორშიაც მაშინ ლიტერატურა და პატიოსნება იმყოფებოდა, “ცისკარში” – თუ ორიოდე უხამს, მაგრამ ღვთის მადლით ხანმოკლე გამონაკლისებს არ ჩავთვლით – ყოველთვის ჯანსაღი ვითარება სუფევდა. რედაქტორების მორალი და თანამშრომლების ინტელექტი ძირითადად ლიტერატურაზე იყო პროეცირებული. ამიტომ, “ცისკარი” მალე ჭეშმარიტი მწერლობის “საკვანძო სადგური” გახდა და ზემოთ ნახსენებმა ლიტერატურულმა გარღვევამაც, რის შედეგადაც ქართული მწერლობა სოცრეალიზმის ჭაობიდან ამოვიდა, მის მხრებზეც გადაიარა (“განთიადი” სამოცდაათიანი წლების შუაში გაჩნდა, ხოლო “მნათობმა” – ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ – შედარებით ჯანსაღი ლიტერატურული ჰაერით სუნთქვა მხოლოდ ოთხმოციან წლებში დაიწყო, როცა იქ კარდინალური საკადრო და – ამის შესაბამისად – ლიტერატურული, მსოფლმხედველობრივი და მორალური ცვლილებები მოხდა). “ცისკარი” რომ არ ყოფილიყო, დღეს ლიტერატურაში ვეებერთელა ვაკუუმი გვექნებოდა.
ერთი სიტყვით, “ცისკარმა” თავისი დანიშნულება ღირსეულად შეასრულა და თავისი ვალი პირნათლად მოიხადა, შეიძლება ითქვას, გმირობა ჩაიდინა. გმირობა უბედური ქვეყნის პრეროგატივაა, კრიტიკულ ვითარებაში ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალიცაა. ახალმა დრომ კი, არათუ ძველი წყლულები მოგვიშუშა, ახლებიც გამოგვიჩინა – უფრო მძიმე და უფრო საშიში წყლულები, რომლებიც აქამდე რუსული და საბჭოთა ჩვრებით გვქონდა შეხვეული, და დღეს ამ ჩვენს გეგმაზომიერად უკონტროლო ქვეყენაში მორჩილებისა და სიხარბის ტოტალური კონვეიერი ბრუნავს, რომელიც ყველაფერს თავის საზეიმო ფერხულში ითრევს. ვისაც ძალაუფლებაზე ხელი მიუწვდება (ესენი ძირითადად ერის მამები და ბიძები არიან – რჩეულები, სასიქადულოები და თავის ნებაზე მიშვებულები, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გახდა თითით საჩვენებელი), ქვეყნის საბადოებიდან გაჩქარებით ეზიდებიან უკანასკნელ ზოდებს, რათა ოჯახი და კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ეს ორი მყარი ბურჯი, მაქსიმალურად განამტკიცონ და ამ ჭეშმარიტად საშვილიშვილო ამოცანას შეჭიდებულები სულს, კულტურას, საზოგადოდ, იდეალიზმის ნებისმიერ გამოვლენას მხოლოდ ძილის წინ, პირში გამოსავლებად ხმარობენ. დანარჩენები, ვისაც ძალაუფლებაზე ხელი არ მიუწვდა და ვერც ხელმიმწვდომთა ჩრდილქვეშ შეაღწია – დაჩიავებულები, მთვლემარენი და დამოუკიდებელი ნებისგან სავსებით დაცლილები – მორჩილების გამაბრუებელ ფერხულში ტლინკაობენ და შიგადაშიგ შიმშილით იხოცებიან, რაც ფერხულის მომნუსხველ ძალას კიდევ უფრო განამტკიცებს. ამათი ფსიქიკა კი ისეთია, ოღონდაც ნუ გააღვიძებ და რაზეც გინდა, იმაზე დაგიკრავენ თავს. თქმა არ უნდა, ძალიან ძნელია, ამ საყოველთაო სომნაბულიზმს ზურგი აქციო – მორჩილება მაგნიტური სენია – და დონ კიხოტივით სულის მხარეს დადგე, მით უმეტეს, როცა მშვენივრად იცი, რომ დღევანდელი ქართველისთვის სული მეტისმეტად კონტრასტული და გამაღიზიანებელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ საქართველო ახლა კიდევ უფრო უბედურია, ვიდრე აქამდე იყო, და იმ პატარ-პატარა ოაზისების იმედზეა, რომლებიც ამ ჩვენს “დამოუკიდებელ” უდაბნოში აქა-იქ ჯერ კიდევ ბრწყინავს, როგორც ღვთისმშობლის წმინდა ცრემლები. მე იმედი მაქვს, “ცისკარი” ამ ოაზისთა რიცხვშია და, როგორც იმ მძიმე დროში, ამ მძიმე დროშიც ღირსეულად მოიხდის თავის პროფესიულ და მოქალაქეობრივ ვალს.
რაც შეეხება ჟურნალის გარეგნულ სახეს, იგი შეიძლება შეიცვალოს ან არ შეიცვალოს. ჩემი აზრით, ეს მეორეხარისხოვანი საქმეა. ჭურჭელი, ცხადია, რაც უკეთესი იქნება, ისა სჯობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მთავარი ღვინოა და არა ჭურჭელი. იმედი მაქვს, “ცისკარი” სწორედ აქეთკენ მიმართავს ყურადღებას და თავის მრავალრიცხოვან ლიტერატურულ “მსმელებს” შეძლებისდაგვარად ყოველთვის საუკეთესო ღვინით გაუმასპინძლდება.
- გთხოვთ, თქვენს ბავშვობაზე გვიამბოთ – ეს ხომ ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველანი ვბრუნდებით ხოლმე ახალ-ახალი რაღაცეების აღმოსაჩენად…
- ბავშვობაზე ლაპარაკი ძნელია. მე, მაგალითად, თუ ზედაპირს არ გავცდებით, ჩემს ბავშვობაში იმდენი არაფერი მეგულება საინტერესო, რომ მოყოლად ღირდეს, ხოლო ზედაპირს თუ გავცდებით და სიღრმეებისკენ წავალთ, იქ, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის ბავშვობაში, იმდენი რამაა საინტერესოც, ღირსშესანიშნავიც, ტრაგიკულიც, კომიკურიც, პათეტიკურიც და ცრუპათეტიკურიც, ინტერვიუ ვერ დაიტევს. თუმცა, რაკი საშუალება მომეცა, თქვენი ნებართვით, ორიოდე სიტყვას ბავშვობაზე არა, მაგრამ იმ გარემოზე კი ვიტყვი, სადაც ბავშვობა გავატარე, ვინაიდან ეს გარემო განსაკუთრებული და გამორჩეულია, და თუმცა ჩვენ ჩვევად გვაქვს საუკეთესო ეპითეტები დაუფიქრებლად ვფანტოთ მარჯვნივ და მარცხნივ, დარწმუნებული ვარ (სუბიექტური იდეალიზმის კანონებიც ჩემს მხარესაა), რომ ამჯერად ისინი სწორედ თავ-თავიანთ ადგილასაა ნახმარი. ასეა თუ ისე, ვეცდები, ცნობიერ ენაზე ვთქვა, რასაც მთელი ბავშვობა გაუცნობიერებლად ვგრძნობდი. უწინარეს ყოვლისა, ეს იყო ამოუწურავი სილამაზე. თითქმის უსასრულო. სილამაზე, რომელიც პერმანენტულად იბადება, როგორც წყალი მდინარის სათავეში. შესაძლოა, სწორედ სიტყვა “სათავე” მიესადაგება ყველაზე უკეთ აქაურობას. აქ, მაგალითად, თუ სიჩუმეში კარგად ჩაიძირებოდი და გულისყურს გაიმახვილებდი, თავისუფლად შეგეძლო პრეისტორიის იდუმალი სუნთქვა გაგეგონა; ღმერთები და ადამიანები აქ – ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის დროს ნამდვილად ასე იყო – ერთსა და იმავე განზომილებაში ცხოვრობდნენ (არა იმის გამო, რომ ერთმანეთს ჰგავდნენ; ერთმანეთს არ ჰგავდნენ, პირიქით, ადამიანები უფრო ხშირად უღმერთოები იყვნენ, ხოლო ღმერთები არაადამიანურები, მაგრამ ჯერ იმდენად არ გაცალკევებულიყვნენ და იმდენად არ დაპირისპირებოდნენ ერთთმანეთს, რომ დამოუკიდებელი განზომილებები დასჭირვებოდათ); თუ აქაურ ორ მდინარეს, რომელთაგან ერთი ძალიან ცივია და მეორე ძალიან თბილი, აღმა შეუყვებოდი, უღრანი ტყეებისაკენ, ცივილიზაციის ისედაც ნამლევი კვალი მალე სულ წაიშლებოდა და ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდა, თითქოს მდინარეს კი არა, დროის სათავისკენ მიდიოდი; სიტყვა “ხედი” აქ შორს სცდებოდა თავის ჩვეულებრივ, სალექსიკონო მნიშვნელობას, ვინაიდან ლექსიკონის “ხედი” ფსკერს არ მოიცავს, აქ კი ყველგან ფსკერი ჩანდა. იქამდე, რომ, თუ გულით მოიწადინებდი, ცის ფსკერსაც დაინახავდი (ჩვენ, მაგალითად, არა ერთხელ დაგვინახავს – მე და ჩემი ბავშვობის მეგობრებს). ზოგს შეიძლება ყოველივე ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს (უფრო, ალბათ, იმ მიზეზით, რომ საკუთარი თვალით არ უნახავს), მე კი, ასე მგონია, ბევრი დავაკელი – თუ სიჩქარით, თუ მოუხერხებლობით, თუ ინტერვიუს სპეციფიკის გამო. საზოგადოდ, ბავშვობის გარემოზე, ჩვეულებრივ, ვამბობთ ხოლმე: “ჩემი ბავშვობა იმ გარემოში დარჩა”. ეს შაბლონური ფრაზა, ალბათ, სიმართლეა, მაგრამ ისიც სიმართლეა (ვინ იცის, უფრო მაღალი ხარისხის სიმართლეც), რომ, როცა მივდივართ, გარემოც მოგვყვება და, როგორც ერთგვარი აურა, მუდამ თან გვახლავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ეს სრულიად დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა და არგუმენტად ის ფაქტი მოვიტანო, რომ, საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებული.
- ეგებ ის დრო გაიხსენოთ, ის ატმოსფერო, როცა თქვენი პირველი ნაწარმოები გამოქვეყნდა?
- ჩემი პირველი პუბლიკაცია, უფრო სწორად, პირველი პუბლიკაციები – შეიძლება მართლა იყოს გახსენების ღირსი. ძნელი სათქმელია, რა მეტია ამ ამბავში – კურიოზი, კომიზმი თუ ბანალური რეალობა – ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ, ამ პუბლიკაციების მეშვეობით, ერთი მხრივ, ძალზე რელიეფურად გამოიკვეთა სწორედ დრო და ატმოსფერო თავისი ავითა და კარგით, ხოლო, მეორე მხრივ, მე ჩემი ლიტერატურული ცხოვრების დასაწყისშივე თითქმის ერთდროულად ვიგემე შემოქმედების სიტკბოცა და სიმწარეც. ეს ასე მოხდა: სამოციანი წლების დასაწყისში, როგორც იქნა, გავბედე და რამდენიმე მოთხრობიდან, რომლებიც უკვე დაწერილი მქონდა, ერთ-ერთი ჟურნალ “მნათობში” მივიტანე. პასუხისათვის რომ მივედი, მოთხრობა უკვე სტამბაში იყო. მაშინ არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება და რომ ძნელი წარმოსადგენია, დამწყებ მწერალს უფრო დიდი წარმატება დაატყდეს თავს, ვიდრე ის, რომ მისი ნაწარმოები წაკითხვისთანავე დასაბეჭდად გაიგზავნოს. ასე იყო თუ ისე, რაკი ერთი მოთხრობა მომიწონეს, მეც ავდექი და კიდევ ორი მოთხრობა გავაქანე რედაქციაში. მართლაც, ერთი მათგანი – სახელად “ისტორიული რომანი” – უახლოეს ნომერში გაუშვეს. ის რომ გამოქვეყნდებოდა, დაპირებისამებრ, მეორესაც გაუშვებდნენ. ერთი სიტყვით, დებიუტი ისეთი იყო, თავი რომ სიზმარში გგონია და გამოღვიძება აღარ გინდა. და სწორედ ამ დროს მოპირდაპირე პოლუსზეც ამოვარდა ქარიშხალი: გამოვიდა თუ არა ჟურნალი, ჩემი ნალოლიავები “ისტორიული რომანი” დაუყოვნებლივ მიწასთან იქნა გასწორებული გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებზე და მიწასთან იქნა გასწორებული კრიტიკოს ბესარიონ ჟღენტის მიერ. უფროსმა თაობამ იცის, რას ნიშნავდა ცალკე კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი, ცალკე გაზეთი “კომუნისტი” და ცალკე მათი ალიანსი – კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებზე. ამიტომ მაინცდამაინც გასაკვირი არ არის (თუმც კი ჩემმა ახალგაზრდულმა მაქსიმალიზმმა მაშინ ჟურნალის რედაქციას ეს სიმხდალედ ჩაუთვალა), რომ შემდეგი მოთხრობა არ დაიბეჭდა, ხოლო როცა მივაკითხე, ფრაზების ნაწყვეტებითა და მრავალწერტილებით გამომისტუმრეს (“ახლა ეს… არა… იქნებ სხვა რამე… მერე…” და სხვ.) და დასაბეჭდად გამზადებული მოთხრობაც უკან გამომატანეს. ასეთი გახლდათ დრო, ასეთი გახლდათ ატმოსფერო და ასეთები გახლდნენ ადამიანები, რომელთაც ხან აიძულებდნენ, დროისა და ატმოსფეროს მორჩილნი ყოფილიყვნენ, ხან ვერა. ამის შემდეგ, მთელ ჩემს ლიტერატურულ გზაზე, არც ასეთი ტრიუმფი მიგემია (ერთი გამონაკლისის გარდა) და არც ასეთი მომაკვდინებელი კრიტიკა მიწვნევია. თუმცა სიკვდილით, უნდა გითხრათ, არ მოვმკდარვარ. ჩემი მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვებას შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია. “მნათობიდან” წამოღებული მოთხრობა კი “ცისკარში” მივიტანე, სადაც თავი ისე დაიჭირეს, თითქოს გაზეთი “კომუნისტი” გამოწერილი არა ჰქონდათ, და დაბეჭდეს. მეც ამის შემდეგ “ცისკარში” დავიდე ბინა და ჩემი ლიტერატურული ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გავატარე.
- ბორხესი ამბობს: “იმან, რასაც წერს კაცი, უნდა გადალახოს მისი განზრახვის ჩარჩოები, ამაშია ლიტერატურის დანიშნულება”. და კიდევ: “წიგნი დაუმთავრებლად ითვლება, თუ შიგ არ არის ანტიწიგნიც”. თქვენ რას იტყვით?
- “ანტიწიგნისას” ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან მთლად კარგად არ მესმის, რა იგულისხმება ამ სიტყვაში. რაც შეეხება პირველ მოსაზრებას, ეს ცნობილი და, რამდენადაც ვიცი, საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებაა, რომელიც ბორხესს, უბრალოდ, თავისებურ ფორმაში მოუქცევია. შემოქმედება რაციონალიზმის და ინტუიციის თანამშრომლობაა (როგორც წესი, ინტუიციის პრიმატით). გნებავთ, ცნობიერისა და არაცნობიერის საზიარო ასპარეზი (სადაც “პირველი ვიოლინო”, როგორც წესი, არაცნობიერია). ამიტომ, თუ ლაპარაკი ჭეშმარიტ შემოქმედებაზეა, შემოქმედების ნაყოფი არ შეიძლება განზრახვას, ანუ წინასწარ ჩანაფიქრს არ გასცდეს და “დაუკრეფავში” არ გადავიდეს. აქ ისიც სათქმელია, რომ “ჩანაფიქრიცა” და “განზრახვაც”, ცოტა არ იყოს, დაუზუსტებელი, ამორფული ცნებებია. ალბათ, ძალზე იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა მწერალი (შემოქმედი მწერალი მყავს მხედველობაში) თავიდან ბოლომდე ჩამოაყალიბებს ნაწარმოებს და ამის შემდეგ იწყებს მის ხორცშესხმას. ჩვეულებრივ, ჩანაფიქრი ბიძგია, დეტალი, ნაწილი, უკიდურეს შემთხვევაში, უზოგადესი ფაბულა. და თუნდაც ნაწარმოების მთელი ჩონჩხი იყოს მოცემული ჩანაფიქრში, სულ ერთია, ეს ჩანაფიქრი მაინც მცირე რაციონალური მარცვალია, ასე ვთქვათ, გონების საწყისი კაპიტალი, რომელიც მერე, წერის პროცესში, როცა ლოგიკა უკანა პლანზე გადადის და ასპარეზს ინტუიციას უთმობს, ისეთ შემოქმედებით გრიგალებში მოხვდება, რომ მისი პირველსახიდან ძალიან ცოტა რამ თუ გადარჩება შეუცვლელი და ხელუხლებელი. თუ შედარებას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს არ წავუყენებთ და მეტისმეტ სიზუსტეს არ მოვთხოვთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩანაფიქრი რაციონალური თესლია, საიდანაც ირაციონალური პროცესების წყალობით ისეთი მცენარე აღმოცენდება, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე თესლი. ნაწარმოები გაცილებით მეტია, ვიდრე განზრახვა. უხეში და პრიმიტიული სქემის სახით პროცესი შეიძლება ასე წამოვიდგინოთ: ინტუიცია მოიხელთებს იდეას და ამ თავის ნადავლს გონებას გადასცემს. გონება აბსტრაქტულ იდეას ლოგიკურ ჩანაფიქრად ჩამოაყალიბებს და ისევ ინტუიციას დაუბრუნებს, რომელიც ამ ჩანაფიქრს ირაციონალურსა და არაცნობიერ შემოქმედებით “ხსნარში” გახსნის, სადაც მხოლოდ ემოციური კავშირები მოქმედებენ. ბოლოს საქმეში ისევ გონება ჩაერევა და შეეცდება, ყოველივე ეს შეძლებისდაგვარად კვლავ ცნობიერ წესრიგში მოიყვანოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მოდელია და არა საზოგადო წესი, მაგრამ ის კი საზოგადოა და გარდუვალი, რომ მწერალს (საერთოდ, შემოქმედს) ასე ვთქვათ, ცალი ფეხი ინტუიციაში უდგას, მეორე კი რაციონალიზმში, და ხან ერთს წაადგამს წინ, ხან მეორეს. წინააღმდეგ შემთხვევაში – თუ ინტუიციურმა საწყისმა არ იმუშავა და მწერალი ტვინის ამარა დარჩა, შედეგი მართლა დაემთხვევა ჩანაფიქრს და ნაწარმოები გონების მიერ მონიშნულ საზღვრებს ვერ გასცდება, ოღონდ ასეთ დროს საქმე გვაქვს ისეთი ყაიდის საქმიანობასთან, სადაც ინტუიციას ტექნიკა ცვლის და ყველაფერი წვრთნასა და გონების კონტროლს ექვემდებარება.
- დღევანდელ ლიტერატურაში ახალი სიტყვის თქმა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ნიჭს რომ თავი დავანებოთ… ვგონებ, შესაძლოა, წარმოვიდგინოთ აბსტრაქტული ლიტერატურული გრაფიკი, სადაც ყველა ქვეყნის მწერლებს მივუჩენთ სათანადო ადგილებს: ჯოისი იქნება, ფოლკნერი, დოსტოევსკი, სერვანტესი თუ რუსთაველი და ვაჟა ფშაველა.. ალბათ, ამის ემდეგ უნდა ეძებოს ახალგაზრდა მწერალმა თავისი სამყარო, არა? როგორც მათემატიკური ინტეგრალების გამოყენებით უნდა იმუშაოს მკვლევარმა, ანდა ფიზიკოსმა ბოლო მიღწევების გათვალისწინებით… ისე, მკვლევარსა და მწერალსაც ხომ აქვთ საერთო?
- ნიჭს ვერ დავანებებთ თავს. ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია, რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა, თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისაკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. თუმცა ამას მოვეშვათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. ჯერჯერობით შეკითხვის ბოლო ნაწილზე ვისაუბროთ. აქვს თუ არა მწერალსა და მკვლევარს საერთო, ანუ, ცნებები რომ უფრო დავაზუსტოთ და გამოვკვეთოთ, აქვს თუ არა საერთო შემოქმედებასა და მეცნიერებას. ჩემი აზრით, სწორედ კვლევაა საერთო. ადამიანის ამოცანა (არა დანიშნულება, რომლის შესახებაც, არა მგონია, თავად ადამიანს რაიმე პოზიტიური პასუხი მოეპოვებოდეს, არამედ სწორედ ამოცანა) არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა (რაც, არსებითად, ერთი და იგივეა). ყოველი ადამიანი რომელიღაც ზეგარდმო აუცილებლობით თავის შესაძლებლობის კვალობაზე ამ ამოცანის ამოხსნას ცდილობს, ხოლო მეცნიერებასა და შემოქმედებას (ნაწილობრივ, აგრეთვე, რელიგიას) იგი თავის პრიოფესიად აქვს ქცეული. ამიტომ მეცნიერების საქმიანობაცა და შემოქმედების საქმიანობაც ერთია – კვლევა. მაგრამ აქ მთავრდება კიდეც საერთო, ვინაიდან ამოცანის გადაჭრის გზები, საშუალებები, მეთოდები, იარაღები და ა.შ., განსხვავებული აქვთ, ზოგჯერ დიამეტრულად განსხვავებულიც (მეცნიერება ობიექტურია, შემოქმედება – სუბიეტქური, მეცნიერება ზოგადია, შემოქმედება – კერძო, მეცნიერება რაციონალურია, შემოქმედება – ინტუიციური, მეცნიერება უწყვეტია, შემოქმედება – წყვეტილი, მეცნიერება ევოლუციურია, შემოქმედება – იმპულსური, მეცნიერება პროგნოზირებადია, შემოქმედება – არაპროგნოზირებადი…), ერთი სიტყვით, თუ წმინდა იდეის დონეზე განვიხილავთ მეცნიერებასა და შემოქმედებას, ამოცანის გარდა, საერთო არაფერი აქვთ. თუმცა აქედან საბოლოო და გამოყენებითი დასკვნების გაკეთება სწორი არ იქნება, ვინაიდან პრაქტიკულად – ასე ვთქვათ, “ბუნებაში” – არც მეცნიერება არსებოს წმინდა სახით და არც შემოქმედება. როგორც კი საქმე აქტივობაზე მიდგება, ისინი ერთმანეთის სამოქმედო არეში იჭრებიან, რაც მეთოდების გარკვეულ გაცვლა-გამოცვლასაც იწვევს (სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა გითხარით, შემოქმედება ინტუიციისა და რაციონალიზმის თანამშრომლობაა მეთქი). მეთოდთა და იარაღთა ამგვარი გაცვლა-გამოცვლა ზოგჯერ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს განსხვავება არც ისე დიდი იყოს, მაგრამ ეს შეცდომაა. ამის ერთი ყველაზე მკაფიო დასტური სწორედ გამოთქმა “ბოლო მიღწევებია”, რომელიც მეცნიერებაში სავსებით ბუნებრივია, შემოქმედებაში კი – სრულიად გამოუსადეგარი. საქმე ის არის, რომ იგი ორი ასპექტისაგან შედგება: ერთია ქრონოლოგიურად ბოლო, ხოლო მეორე – ისტორიულად საუკეთესო. და იმისათვის, რომ ამ გამოთქმას ჰქონდეს აზრი და არსებობის უფლება, ეს ორი ასპექტი ერთმანეთს უნდა თანხვდებოდეს. მეცნიერებაში თანხვდება კიდეც; მეცნიერება კოლექტიური მშენებლობაა, სადაც ყველა მშენებელი ერთი საერთო გეგმის შესაბამისად შრომობს, რის გამოც შენობა მეთოდურად მიიწევს მაღლა და ყოველ მოცემულ მომენტში განვითარების აპოგეაშია. მეცნიერი, ჩვეულებრივ, კი არ იწყებს, არამედ აგრძელებს და, ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, წინამორბედთა მხრებზე დგას. ამიტომ, რა მწირი და ღატაკიც უნდა იყოს ეპოქა, მეცნიერების დონე ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე წინმავალ ეპოქაში იყო, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მეცნიერებაში გამოთქმა “ბოლო მიღწევები” სავსებით სამართლიანია, ვინაიდან მისი ორივე ასპექტი ყოველთვის, დროის ყოველ წერტილში, სახეზეა. შემოქმედების გზა სხვანაირია. შემოქმედება ობიექტური კანონებით არ იმართება. იგი იმპულსურია, ფეთქებადი, გარკვეული მიახლოებით შეიძლება ითქვას – ერთჯერადი, მასში ძალზე დიდია არაცნობიერი ნაკადი. ამიტომ რაციონალური შესწავლისა და “ათვისებას” ბოლომდე არ ექვემდებარება. შემოქმედება რაღაც დოზითა და რაღაც დონეზე ყოველთვის გაუგებარია. იგი, შეიძლება ითქვას, “დახურული პროცესია” და ჰერმეტულ კალაპოტში მიედინება. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე შემოქმედმა სხვა რომელიმე შემოქმედი საყრდენად გამოიყენოს (მხედველობაში არა მაქვს ეპიგონობა, რაც სულ სხვა რამაა). შემოქმედი სხვის მხრებზე ვერ დადგება. შემოქმედი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა და საკუთარ გამოცდილებას აყალიბებს, რომელიც უნიკალურია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და უკიდურესად სუბიექტური. აქედან კი იოლად გამოდის დასკვნა, რომ გამოთქმა “ბოლო მირწევები” შემოქმედებას ვერ მიესადაგება, ვინაიდან, არათუ ყოველთვის, ძალზე იშვიათად თუ მოხდება (კაცობრიობის მთელი ისტორია ამის დასტურია), რომ ეს ასპექტები ერთმანეთს თანხვდეს. პირადად ჩემთვის – შემოქმედებაში, მოგეხსენებათ, გემოვნება ბატონობს და არა ობიექტური საზომი – ამ ასპექტთა უკანასკნელი თანხვედრა, როცა “ბოლო” და “საუკეთესო” გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მოხდა მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულს და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ეს ასპექტები შექსპირის შემოქმედებით ბადეში მოჰყვა (ხოლო თუ შექსპირის მასშტაბების სიღრმესა და სივრცეს გავითვალისწინებთ, შესაძლოა მეტად აღარც მოხდეს). ყოველი შემოქმედი თვითონ იგონებს საკუთარ ველოსიპედს. მაგრამ აქ ერთი ყურადსაღები გარემოებაა: ეს “ველოსიპედები” ერთმანეთის გზას არ კვეთენ და ერთმანეთს არ ეჯახებიან. და, ბოლოს და ბოლოს, მგონი შეკითხვის ძირითად ნაწილსაც მივადექით: შემოქმედი საკუთარ სამყაროს თავისუფალ განზომილებაში ქმნის და არა კოორდინატებით შემოღობილ სისტემაში, ამიტომ “ადგილს” ამ სიტყვის ფიზიკური გაგებით – თუნდაც აბსტრაქტული გრაფიკის გაგებით – არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე, შემოქმედებაში, განსხვავებით მეცნიერებისგან, არც კონკურენციის კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც ორ სხვადასხვა სხეულს ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე ადგილის დაკავება არ შეუძლია. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მეცნიერებაში შეფასების კრიტერიუმია “სწორი”, შემოქმედებაში კი – “კარგი”. “სწორი” და “კარგი” რიგი თვისებებით დიამეტრულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად, ერთ კითხვაზე ორი სწორი პასუხის გაცემა, ალბათ, შეუძლებელია, ორი კარგი პასუხის გაცემა – სავსებით ბუნებრივია. ანდა ასე ვთქვათ: ორი სწორი თეორია ერთი და იმავე პრობლემის შესახებ ერთდროულად ვერ იარსებებს, ორი კარგი ლექსი კი ერთსა და იმავე თემაზე ერთმანეთს სავსებით არ უშლის ხელს, ვინაიდან “სწორი” სივრცე-დროის ცნებაა, “კარგი” კი განზომილების (როდესაც კონკურენციის შეუძლებლობაზე ვლაპარაკობთ შემოქმედებაში, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ბუნებრივი კონკურენცია და ამბიციათა შეჯიბრი. ამბიციათა შეჯიბრი შემოქმედებაში გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე მეცნიერებაში, მაგრამ ეს კონკურენცია არ არის, ეს მორალის სფეროა. შემოქმედს კი საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციას სულ სხვა რამ აიძულებს). ადამიანებს შორის მრავალი განსხვავება და მრავალი მსგავსებაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ადამიანებს არ ჰგავდეს, და არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ადამიანებისგან არ განსხვავდებოდეს. ასევეა ნიჭიც. არ არსებობს ნიჭი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ნიჭს არ ჰგავდეს, და არ არსებობს ნიჭი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ნიჭისგან არ განსხვავდებოდეს. ამ თვისებებს ემყარება მეცნიერებაცა და შემოქმედებაც. ოღონდ, მეცნიერება უმთავრესად ემყარება მსგავსებათა ჯაჭვს, ხოლო შემოქმედება – განსხვავებებს. ამიტომ, როცა შემოქმედებითი ვარსკვლავი დაიბადება და გეზს “შემოქმედებითი ცისკენ” აიღებს, ვერავითარი დაბრკოლება, ვერავითარი გრაფიკი და ვერავითარი ბოლო მიღწევა წინ ვერ დაუდგება, ვინაიდან იგი “განსხვავების” გზას მისდევს. შემოქმედს საკუთარი სამყარო “საერთო” შემოქმედებით სამყაროში არა აქვს საძებარი. შემოქმედს საკუთარი სამყარო დაბადებით დაჰყვება. და თუ მაინც ეძებს, ეძებს არა სამყაროს – თუმცა თვითონ შეიძლება გულწრფელად ეგონოს, რომ საკუთარ სამყაროს ეძებს – არამედ კვარცხლბეკს, რომელზედაც ეს სამყარო ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება. ასე რომ, თუ კაცს მომადლებული აქვს ნიჭი სიყვარულისა (სიძულვილის ნიჭის ჩათვლით) და ნიჭი სიყვარულის გამოთქმისა, მას თამამად შეუძლია გარემომცველი სამყარო განიხილოს, როგორც მისივე სამყაროს ანარეკლი და ნიჭი, რომელიც მაღლით მიეცა და რომელიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მხოლოდ საკუთარი განზომილების შექმნაზე დააბანდოს. ასე შვრებოდა ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი. ასე იზამენ მომავალშიც. ასე იზამენ ყოველთვის, ვინაიდან ასეთია შემოქმედების კანონი.
- “თუ ვილაპარაკებთ ძალიან სერიოზულად (ან ძალიან არასერიოზულად), მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება: შედევრები წეროს” – ეს თქვენი სიტყვებია. იქნებ დაგვისახელოთ ის შედევრები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდნენ დამწყებმა მწერებმა, რაიმე ღირებული რომ შექმნან?
- ეს შეკითხვა ერთგვარად წინა შეკითხვას უკავშირდება. და რაკი ჯერჯერობით პოზიცია არ შემიცვლია, ჩემი მტკიცე აზრია, რომ მწერალი მწერალს წერაში ვერ დაეხმარება და მწერალი მწერალს საყრდენად ვერ გამოადგება. შედევრები გვამდიდრებს და გვწმენდს, მაგრამ არ გვასწავლის და არ გვწვრთნის. შემოქმედებას ამგვარი დანიშნულება არა აქვს. “ღვთაებრივი კომედიის” წაკითხვა გამდიდრებით ცოტ-ცოტა ყველას გვამდიდრებს – მწერალი ვიქნებით თუ არამწერალი, მაგრამ დაწერით ვერავის ვერაფერს დაგვაწერინებს – ვერც მწერალს და ვერც არამწერალს. შედევრეების კითხვას – საერთოდ, კითხვას – მხოლოდ ემოციური ცოდნა მოაქვს, ემოციურ ცოდნას კი გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს. ყოველი შემოქმედი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავის “ჰერმეტულ უსასრულობაში” ცხოვრობს და საკუთარ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ გამოცდილებას ქმნის. შემოქმედებითი ბიძგი შეიძლება ყველაფერმა მოგცეს, მათ შორის, სხვისმა შედევრმაც, მაგრამ სხვისი შედევრით მწერალი თავის შედევრს ვერ შექმნის. ჰომეროსმა რომ “ოდისეა” შეთხზა, არც “ჰამლეტი” ჰქონდა წაკითხული, არც “დაკარგული დროის ძებნაში” და არც “ჯადოსნური მთა”. რომ ჰქონოდა, მაინც “ოდისეას” შეთხზავდა და შეთხზავდა, ალბათ, ზუსტად იმავე “ოდისეას”, ვინაიდან ასეთი სახის შედევრზე იყო მაღლით დაგეშილი და სხვა შედევრები ამ ზეგარდმო საქმიანობაში ვერავითარ კორექტივს ვერ შეიტანდნენ. შედევრები ყველას თანაბრად ეკუთვნის და ყველამ თანაბრად უნდა იკითხოს, ვისაც კი სულიერ ცხოვრებაზე აქვს პრეტენზია. მაგრამ როცა შექსპირს ვკითხულობთ, ჩვენ – ვინც უნდა ვიყოთ ჩვენ – მკითხველი ვართ და შექსპირი ღვთაებრივი შემოქმედია, ხოლო როცა ჩვენ თვითონ ჩვენს შემოქმედებით უღრანებში დავძრწით, ჩვენ – როგორიც უნდა ვიყოთ ჩვენ და როგორიც უნდა იყოს ჩვენი უღრანები – შემოქმედი ვართ, შექსპირი კი ამ დროს – ბოდიში და – ბუზია. მერე, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, “ამ ქვეყანას დავუბრუნდებით” და ჩვენს შემოქმედებით ნადავლს (თუნდაც “ნაცოდვილარი” ვთქვათ) დღის სინათლეზე გამოვიტანთ, უფრო რეალური ვარაუდი, ცხადია, ის არის, რომ შექსპირის ღვთაებრიობის გვერდით ბუზად გამოვჩნდეთ, მაგრამ თავად პრინციპს, წესს, შემოქმედების თვისებას ეს არ ცვლის… შედევრების შემდგომ ჩამოთვლას, არა მგონია, რაიმე აზრი ჰქონდეს, მით უფრო, რომ გვარიანად გრძელი სია გამომივიდა და, გარდა ამისა, მსგავსი სია ყველას თავისი საკუთარი აქვს. საბოლოოდ შედევრებთან დაკავშირებით ერთი შემიძლია ვთქვა: ვიკითხოთ შედევრები, გავმდიდრდეთ შედევრებით და ვიცხოვროთ შედევრებით, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჩვენ რაიმეს თვითონ ვქმნით, რაიმეს ვიგონებთ, რაიმეს ვთხზავთ, ყველა შედევრი დავივიწყოთ და მხოლოდ საკუთარ სიღრმეებში ვიტრიალოთ… თუ გვინდა რაიმე ღირებული შევქმნათ.
- ძალიან მღელვარე კამათები მომისმენია ამის შესაცებ და ახლა თქვენ გეკითხებით – შეიძლება თუ არა მხატვრულ ნაწარმოებს ჰქონდეს ორი ფინალი – ერთი ყალბი, მეორე ნამდვილი?
- შემოქმედების კანონები – ის, რაც საყოველთაოა, აუცილებელი და უცვლელი – ალბათ, სულ რამდენიმე, ძალზე ზოგად და მარტივ დებულებაზე შეიძლება იქნეს დაყვანილი. და როცა ეს დებულებები, ეს რამდენიმე, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი მცნება სრულდება, დანარჩენი ყველაფერი დასაშვებია. შემოქმედება თავფისი ბუნებით ანტირეალისტურია, რაც პრაქტიკულად უსასრულოდ ფართო ასპარეზს აძლევს შემოქმედს, რომელიც, როგორც შემოქმედი, უამისოდაც თავისუფლების შვილია და, თუ ზემოთ მოხსენიებულ ფუძემდებლურ დებულებებს არ ჩავთვლით, საკუთარი ფანტაზიის, ჭკუისა და გამოვნების გარდა სხვას არაფერს უწევს ანგარიშს. “ორი ფინალის” პრობლემა ძალზე კონკრეტული პრობლემაა საიმისოდ, რომ ფუძემდებლური კანონების მიერ იყოს აკრძალული, მაშასადამე, დასაშვებია. ნაწარმოებს შეიძლება ორი ფინალიც ჰქონდეს და მეტიც, ორონდ იმ “ესთეტიკური პირობით”, რომ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს და ბუნებრივად გამომდინარეობდეს ნაწარმოების სულიდან და შინაგანი განვითარებიდან. სხვაფრივ აქაც, ისევე როგორც ყველგან, ნიჭია გადამწყვეტი და ფინალთა რაოდენობაც ნიჭმა უნდა განსაზღვროს. ნიჭიერი კაცის ხელში ორმაგმა ფინალმა შეიძლება დიდი ეფექტიც მოახდინოს, უნიჭო კაცის ხელში კი გაუგებრობის მიზეზი შეიქნას (მაგრამ ეს სულ სხვა რამაა და პრინციპზე არაფერს გვეუბნება).
- რა შეიცვალა წლების განმავლობაში თქვენეული წერის მანერაში, რა გადააფასეთ, რა დატოვეთ და გააღრმავეთ?
- არსებითი არაფერი. წერის მანერა, რამდენადაც შეიძლება, კაცმა საკუთარ მანერაზე ილაპარაკოს, არ შეცვლილა. თვისობრივად არ შეცვლილა, ხარისხობრივად, ვფიქრობ, შეიცვალა.
- როგორ მუშაობს მწერალი ჯემალ ქარჩხაძე თავის სამუშაო ინსტრუმენტზე – ენაზე? ვის გამოცდილებას ეფუძნება, როგორ ურრმავდება სიტყვას? როგორ აღწევს იმ მოქნილობასა და სილაღეს, ასე რომ განასხვავებს ყველასგან?
- არავის გამოცდილებას არ ვეფუძნები, ჩემი გზით მივდივარ და ჩემს საკუთარ გამოცდილებას ვქმნი. საერთოდ, არა მგონია, ამ საქმეში სხვისი გამოცდილება კაცს დიდად გამოადგეს. ვისაც ენის ცოდნა უნდა, თავისი კერძო ბილიკი უნდა გაჭრას ენაში. ჩემი აზრით, ძირითადად ასე იქცევიან, ყველა საკუთარი გზით მიდის და საკუთარ გამოცდილებას აგროვებს; მართალია, ზოგჯერ ორი სხვადასხვა გზა ერთმანეთს შეეყრება და ერთმანეთს გადაკვეთს, შესაძლოა, რაღაც მონაკვეთი ერთადაც გაიარონ, მაგრამ ეს გამოცდილებათა გამოყენება არ არის, ეს შემთხვევითი შეხვედრაა, რომელიც არსებით კვალს არ ტოვებს.
ეს გრძელი გზაა და, თუ მაინცდამაინც შეჯიბრმა არ გაგიტაცა და გულისყური არ გაგეფანტა, ამ გზაზე კაცმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. ერთ-ერთი პირველი (და მოულოდნელი) შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც ენას საკმაოდ მიუახლოვდები და იგი შენს წინაშე წამით მთელ ჰორიზონტს დაფარავს, არის აზრი, რომლის ჭეშმარიტებას სადავოდ აღარასოდეს გახდით: ენა თურმე ის არ ყოფილა, რაც გვეგონა.
ადამიანი ენის შიგნით იმყოფება და, ამგვარად, გარკვეული აზრით, თავადაა მისი შემადგენელი ნაწილი. შემადგენელ ნაწილს კი შეუძლებელია ობიქტური ცოდნა ჰქონდეს მთელის შესახებ. ყველა, სპეციალისტი თუ დილეტანტი, მხოლოდ წარმოდგენას იქმნის და შეხედუკლებას აყალიბებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად (მაგრამ აპრიორულად) სუბიექტურია. სუბიექტური, ცხადია, მაინცდამაინც მცდარს არ ნიშნავს. სუბიექტური უფრო, ალბათ, ობიექტურის ნაწილია, რომელიც კონტექსტიდან ამოღებულია და ცალკეა გამოტანილი, თუმცა ამის დადგენა საქმეს ვერ შველის. დღესდღეობით თამამად და ობიექტურად ენის შესახებ, ალბათ, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, ზემოთ რომ უკვე ვთქვით – ენა ის არ არის, რაც გვგონია.
განსხვავებით ცხოველისაგან, რომელიც ორ განზომილებაში – დროსა და სივრცეში – ცხოვრობს, ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში – დროში, სივრცეში და ენაში. აქედან გამომდინარე კი, ალბათ, შეიძლება ენის ერთი – ცხადია, პირობითი და მიახლოებითი – განსაზღვრება ასეც ჩამოვაყალიბოთ: ენა არის ადამიანობის განხორციელების სპეციფიკური პირობა, ან – თუ ხატოვანებას ვარჩევ – ღვთივ დანიშნული მეგზური ადამიანის დანიშნულების გზაზე. როგორც დროისა და სივრცის განზომილებას, ენის განზომილებასაც არსებობის ორი დონე აქვს: იდეალური და კონკრეტული. ენის იდეას – ეგებ უფრო სწორია ვთქვათ, ედემის ენას – გრძნობად სამყაროში მეტყველება შეესაბამება. მეტყველება უკვე დედა-ენაა და დედა-ენა – კონკრეტული დონის ენა – შეიძლება სამშობლოს ცნებას გავუტოლოთ. ვთქვათ, ასე: ჩვენი მიწა ჩვენი ყოფიერების სამშობლოა, ცვენი ენა ჩვენი სულიერების სამშობლოა. მართალია, ჩვენსი უფრო იქითკენ იხრებიან, რომ ენის ცნება კი არ გაუტოლონ სამშობლოს ცნებას, არამედ დაუქვემდებარონ, ამიტომ ურჩევნიათ დედა-ენა განსაზღრონ, როგორც ეროვნული კუთვნილების გამოხატულება ან ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთი პირობა, მაგრამ ეს შეცდომაა, რასაც საფუძველი, გარდა სტიქიური მატერიალიზმისა, ის უდევს, რომ ჩვენი ფორმალური და ხშირად ალოგიკური პატრიოტიზმი ცნება “ეროვნულში” ისეთი რამეების ჩატევას ცდილობს, რაც არ ეტევა. სინამდვილეში ენა თავად არის “მესაკუთრე” და “ენობრივი კუთვნილება” არანაკლებ მაღალი რანგის ცნებაა, ვიდრე “ეროვნული კუთვნილება” (მშობლიუირ ენის ნოსტალგიაც ისეთივე ფაქტია, როგორც მშობლიური ქვეყნის ნოსტალგია, და ენის დაკარგვაც ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ქვეყნის დაკარგვა).
თუ კონკრეტულად და წმინდა პრაგმატული კუთხიდან შევხედავთ, ენა, რა თქმა უნდა, სამუშაო ინსტრუმენტია და ჩვენ ყველანი მას ამ დანიშნულებით ვიყენებთ. გარდა ამისა, ენა კომუნკაციის საშუალებაა და ჩვენ ყველანი მას ამ დანიშნულებითაც ვიყენებთ. მაგრამ ენა ინსტრუმენტია მხოლოდ იმ აზრით, რომ ინსტრუმენტიცაა და კომუნიკაციის საშუალებაა მხოლოდ იმ აზრით, რომ კომუნიკაციის საშუალებაცაა. შედარება რომ მოვიშველიოთ, ენის ის ნაწილი, რომელიც ინსტრუმენტი და კომუნიკაციის საშუალებაა, მრავალქიმიანი ვარსკვლავის ერთი ქიმია. უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი. ერთი ქიმის მიხედვით სხვა ქიმებზე ლაპარაკი ძნელია, თავად ვარსკვლავზე ლაპარაკი კი, საერთოდ, შეუძლებელია, ვინაიდან ვარსკვლავი, მოგეხსენებათ, ის არ არის, რაც მისი ქიმი.
ეს ქიმი ცნობიერ არეში დევს და, ასე თუ ისე, შესწავლილია. ჩვენ ყველანი აქ ვცხოვრობთ, ამ ქიმზე, იგია ცვენი ენა – სამშობლო და ამიტომ მას, ჩვეულებრივ, ვარსკვლავთან ვაიგივებთ. ეს ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ენაა, ჩვენი პრაქტიკული ლოგიკისა და პრაქტიკული რაციონალიზმის ენა, რომელსაც მიზეზ-შედეგობრიობა ქსოვს და გრამატიკა მართავს. ეს არის ჩვენი ყოფიერების “სახელმწიფო ენა”. ეს ისეთი სიბრტყეა, სადაც ენის კრიტერიუმი არის “სწორი” და იგი, შესაბამისად, მეცნიერების სფეროს განეკუთვნება. სამაგიეროდ, ეს ის სიბრტყეცაა, სადაც ენა აზროვნებას ზედროული მოლოდინისაგან ათავისუფლებს (რაც იგივე თვითგანთავისუფლების აქტია, ვინაიდან ენა და აზროვნება ერთი ფურცლის ორი გვერდია და მათი დაცალცალკევება მხოლოდ იდეაშია შესაძლებელი), რათა მასთან ერთად ადამიანი მანამდე უცნობი ჭეშმარიტების გზაზე გაიყვანოს.
ერთი სიტყვით, ეს არის ენის ის ნაწილი, რომელიც “მოგვეცა”. დანარჩენი ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ. მოვიპოვოთ და არა შევიმეცნოთ. შემეცნება ადამიანის ერთი თანდაყოლილი თვისებათაგანია. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ, რისი შემეცნებაც შეგვიძლია, მისი შეუმეცნებლობა არ შეგვიძლია. ასე რომ, ცნობისწადილი ადამიანს უეჭველად აიძულებდა ენის საიდუმლო გამოეკვლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს გამოკვლევა იქნებოდა და არა ფლობა. ხოლო რაკი ადამიანი არა კომპიუტერული საპიენსია, არამედ ფაბერული საპიენსი, იგი ენის შემეცნებას ვერ დასჯერდება, მას ენა უნდა შეესისხლხორცებინა, რათა ფაბერს განხორციელება შეძლებოდა.
მაგრამ აქ ვარსკვლავის შედარება აღარ გამოდგება, იგი სხვა შედარებით უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ახლა ენა უნდა შევადაროთ ვეება დაბურულ ტყეს, რომელიც პატარა, მზიანი მდელოთი თავდება. სწორედ ეს მდელო, ტყის ეს პერიფერია, სადაც ტყე უკვე ტყე აღარ არის, ცვლის ახალ შედარებაში იმას, რაც ადრე ვარსკვლავის ქიმის სახელით მოვიხსენიე. ეს მდელოა ჩვენი ცხოვრების ასპარეზი, ხოლო მის უკან დიდი, უღრანი, იდუმალი ტყეა, სადაც მოუსვენარი ადამიანები დადიან, რათა გონებით კი არ ჩაწვდნენ ენის იდუმალებას, არამედ ერთიანად ჩაეფლონ ამ იდუმალებაში და საპიენსის ფაბერული მისტერია განახორციელონ.
ყველა არა; ზოგს ის საკვები ჰყოფნის (ან ჰგონია, რომ ჰყოფნის), რასაც მდელოზე შოულობს. თუმცა ასეთები, მე მგონი, ცოტანი არიან. უმრავლესობა აიკრავს ხოლმე გუდა-ნაბადს და ყოველ დილით დაადგება ტყის გზას. ნაწილი შორს არ მიდის. ეზარება. ან ეშინია. გასცდებიან თუ არა მდელოს, იქვე, ჩეროში წამოწვებიან; ამიტომ ბევრს ვერაფერს შოულობენ. მხოლოდ გაბედულები, შეუპოვრები, ცნობისწადილით შეპყრობილები შედიან ღრმად და ღრმად, და რაც უფრო ღრმად შედიან, მით უფრო ამაღლებულები და გამდიდრებულები ბრუნდებიან უკან. ვისაც გაბედულების გარდა ერთგულებაც აღმოაჩნდება – ერთგულება უფრო დიდი განძია, ვიდრე გაბედულება – ადრე თუ გვიან შესაფერის ჯილდოსაც იღებს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ დიდ მწერალთა სიდიდე, თუ მეტი არა, სანახევროდ მაინც, ენას ეყრდნობა.
აქ, უღრანი ტყის დიდებულ იდუმალებაში ერთბაშად (და თავისი მოულოდნელობის გამო ზოგჯერ ცოტა საშიში სახით) ხორცს ისხამს ბანალური გამოთქმა, რომელშიაც უკვე დიდი ხანია შინაარსს აღარ ვდებთ და მხოლოდ ისე, ფორმალურად, ერთგვარ “სიტყვის მასალად” ვხმარობთ. ეს არის გამოთქმა “ენის გრძნობა”. სინამდვილეში ენის გრძნობა სავსებით რეალური რამ არის. მეტიც: სავსებით აუცილებელი რამ. ცოტა უხეშად და ცოტა სქემატურად რომ ვთქვათ და პრობლემას მხოლოდ ერთი მხრიდნა შევხედოთ, ენის გრძნობა შეგვიძლია შევადაროთ მუსიკალურ სმენას: როგორც შეუძლებელია ოპერა სავალალო შედეგამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს მუსიკალური სმენა არა აქვს, ასე შეუძლებელია რომანიც იმავე სავალალო შედეგამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს ენის გრძნობა არა აქვს. თუ ცოტა ხედვის კუთხეს გავიფართოვებთ, ენის გრძნობა შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც ენის ცოდნა გაუცნობიერებელ დონეზე, როცა შეგვიძლია გონების კონტროლზე ნაწილობრივ უარი ვთქვათ და სიტყვათა და ფრაზათა სტიქიასთან ნდობის უმავთულო კავშირი დავამყაროთ. უფრო სერიოზულად კი ენის გრძნობა, ალბათ, მაშინ ხორციელდება, როცა ენის ურიცხვ სახელთაგან იმ ერთადერთს მიაგნებთ და მოირგებთ, რომელიც იმთავითვე თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის იყო განკუთვნილი. ეს ის ნახევრად რეალური ვითარებაა, რომლის საფუძველზეც ოდესღაც ითქვა და მერე მრავალგზის იქნა გამეორებული, რომ ყოველ მწერალს თავისი საკუთარი ენა აქვს. ეს დებულება ჭეშმარიტია და მხოლოდ ის შეიძლება დაემატოს, რომ თავისი საკუთარი ენა აქვს ყოველ მწერალს, ვინც ენის ის ერთადერთ ეგზემპლარად არსებული სახე იპოვა, რომელზედაც მისი სახელი იყო ამოქარგული (ეს დამატება იმის სათქმელად დამჭირდა, რომ, თუ მწერალმა ურიცხვ სახეში თავისი ვერ იცნო და უგუნურებითა თუ პატიოსანი შეცდომით სხვა აიღო, ამას შედეგად მოჰყვება შეუთავსებლობა, სიყალბე და საბოლოოდ – ენის ორგულობა, რაც – ყოველ შემთხვევაში, ჩვენში – სამწუხაროდ, ფრიად გავრცელებული პარადოქსია). ასეთი მსჯელობა – სავსებით შეგნებილი მაქვს – მთლად რეალისტური არა ჩანს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენა ადამიანს ეძლევა, როგორც წმინდა სუბიექტური ჭეშმარიტება და ადამიანიც, თავის მხრივ, ენის პოზიციიდან ასევე წმინდა სუბიექტური ჭეშმარიტებაა.
ენის გრძნობას მოძებნა არ სჭირდება. როცა დიდხანს დადიხარ ამ საკვირველ ტყეში, დიდხანს სუნთქავ აქაურ ჰაერს, რომელიც, ვიდრე შეეჩვეოდე, ძალზე სპეციფიკურია და ისე მოქმედებს, ირგვლივ ყოველივე ქაოსი გგონია, და მხოლოდ მერე და მერე, თანდათან აღმოაჩენ ამ “ქაოსის” ჰარმონიას, როცა დიდხანს უსმენ ფოთლების შრიალს, ჩიტების გალობას, ნაკადულების რაკრაკს, იგი თავისთავად იღვიძებს (ან იბადება. მე არ ვიცი, თანდაყოლილია ენის გრძნობა თუ რაიმე პირობების შესრულებაა საჭირო მისი მოპოვებისათვის), იღვიძებს, როგორც მეგზური, რომელიც, თუ კაცს თვალი, ყური და გული გაქვს, ენის შესაბამის საშენო სახესაც გაპოვნინებს და ენასთან ურთიერთობის საშენო წესებსაც გასწავლის.
ენას აქ სხვაც მრავალი ისეთი თვისება აქვს, რაც პერიფერიულ მდელოზე, სადაც იგი თვნიერი მსახურია და მსახურის შესაფერისი მორჩილებით ასრულებს თავის მოვალეობას, შეუმჩნეველია.
ის “მორჩილი მსახური” აქ სამეფო ტახტზე ზის და, როგორც ყველა, ვინც სამეფო ტახტზე ზის, ერთსა და იმავე დროს მწყალობელიცაა და დაუნდობელიც. მწყალობელია ერთგულთა მიმართ, დაუნდობელია ორგულთა მიმართ. ეს ბანალური ფრაზაა, მაგრამ ის კი აღარ არის ბანალური, რომ ენა მკაცრად განასხვავებს ერთგულებასა და ერთგულების ნიღაბს. ენისთვის ერთგულია არა პირმოთნე, არამედ ის, ვინც სიმართლით ემსახსურება, ხოლო ორგულია ის, ვინც სიმართლის გზას გადაუხვევს. ამიტომ ჩვენც, ვიდრე იდუმალ ტყეში შევალთ, რათა ენას მივეახლოთ, ჯერ მტვერი კარგად უნდა ჩამოვიბერტყოთ. ზემოთ ვთქვი, ენას ურიცხვი სახე აქვს მეთქი. ეს ურიცხვი სახე ურიცხვი ნიუანსებით იქსოვება – ურიცხვი ფერებით, ურიცხვი ხაზებით, ურიცხვი ინტონაციებით, ურიცხვი შეხამებებით… მეორე მხრივ, ჩვენც, ყოველ ჩვნგანს, ჩვენი ხასიათი გვაქვს, ჩვენი სტილი, ჩვენი ფერი, ჩვენი მიდრეკილებანი. და თუ ზუსტად არ შეირჩა შესაბამისობა, თუ ჰარმონია არ დამყარდა ენასთან, თუ ზომა ზომას ვერ დავამთხვიეთ, ფერი ფერს და მნიშვნელობა მნიშვნელობას, ერთი სიტყვით, თუ ის ერთადერთი სახე ვერ ვიპოვეთ, რომელიც ჩვენს “ენობრივ ორბიტაზე” გაგვიყვანს, ჩვენ ყალბი ვიქნებით. სიყალბე ორგულობაა. ჩვენ ორგული ვიქნებით ხელმწიფე-ენისა და მის წყალობას ვერ ვეღირსებით.
1998 წელი.
ჯემალ ქარჩხაძე: რაჰათ-ლუხუმი
ჯემალ ქარჩხაძე
რაჰათ-ლუხუმი
მოხუც სულეიმანს სტამბოლის გარეუბანში გადავეყარე.
სხვისა არ ვიცი და მე კი, რამდენჯერაც მოგზაურობიდან შინ დავბრუნებულვარ, ყველაზე ტკბილ მოგონებად მუდამ უცხო ქალაქების შუკებსა და ქუჩაბანდებში ხეტიალი გამომყოლია. ამიტომ იმ დღესაც, დამთავრდა თუ არა დარბაზობა სულთნის დიდ ვეზირთან, ჰერცოგს დავეთხოვე და მყისვე სახეტიალოდ გავეშურე. ძველ მესას რომ გავცდი, გეზი დასავლეთით ავიღე, გადავწყვიტე, ის ადგილები მენახა, სადაც, გადმოცემის თანახმად, ბიზანტიელებმა ჯერ კიდევ მეოთხე კონსტანტინოსის დროს გააშენეს საუცხოო ბაღები და ვენახები.
ალალბედზე მივდიოდი და იმ პატარა, დამრეც, მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზეც შემთხვევით აღმოვჩნდი.
როგორც კი შევუხვიე, მაშინვე დავინახე მოხუცი თურქი, რომელიც გარინდებული იჯდა მზის გულზე, გზის პირას, ღობეზე მიმაგრებულ დაბალ, ვიწრო მერხზე; გაძვალტყავებული და დანაოჭებული ხელები მუხლებზე ეწყო, ოდნავ წინ წახრილიყო და თვალები მიელულა; ვერ გაიგებდით, ფიქრებს მისცემოდა თუ თვლემდა. ფეხებთან სახელდახელო ყუთი ედგა და შიგ რაჰათ-ლუხუმის მოგრძო, ოთხკუთხა ნაჭრები ეწყო. სიბერეს (და სიბერეზე მეტად ალბათ თრიაქის უზომოდ ხმარებას) ისე გაელია, ისე ჩამოედნო და გამოეშრო, შორიდან პატარა და ჩია მომეჩვენა, თუმცა მერე, კარგად რომ დავაკვირვდი, მივხვდი, რომ გვარიანად მაღალი კაცი ყოფილა. შავგვრემანი სახე, რომელსაც უკვე ავადმყოფური სიყვითლე შეჰპარვოდა, ღრმა და ხშირი ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, ყვრიმალის ძვლები ისე ამოშვეროდა, თხელი, სიფრიფანა კანი ძლივსღა უფარავდა. თავზე წითელი ჩალმა ეხურა, გრძელი, ჭაღა¬რა, ბოლოწაწვეტებული წვერი ჩავარდნილ მკერდზე ეფინა. ღრმად ჩამსხდარ, წვრილსა და ცივ თვალებს მძიმედ გადმოფარებული ქუთუთოების ქვეშ სახედველად მცირე ნაპრალიღა დარჩენოდა. იჯდა ასე ვიწრო მერხზე, გამომხმარი, გამოფიტული და უცხოდ, არაამქვეყნიურად გარინდებული, თითქოს სულს პატრონი სახლიდან გაეგდო და ქუჩის პირას რაჰათ-ლუხუმის გამყიდველად გაემწესებინა, რათა მარტო დარჩენილიყო და ისეთ საფიქრალზე ეფიქრა, რასაც სხეულთან უკვე აღარაფერი ესაქმებოდა.
სტამბოლში, ამ დიდ, ჭრელსა და ხმაურიან ქალაქში, სადაც მოგზაურის თვალს ათასი რამ ახარებს და ატკბობს, თრაქიასაგან გამომშრალი ბერიკაცები, რომელთაც ყოველ ქუჩაზე თუ არა, ყოველ მეორე ქუჩაზე მაინც წააწყდები, დიდი ვერაფერი სანახაობაა. მეც ერთი შევავლე თვალი რაჰათ-ლუხუმის მოხუც გამყიდველს და, მისი ხმა რომ არ გამეგონა და მისი სიტყვებისთვის არ მომეკრა ყური, რომლებიც ასე უცნაურად ჩამრჩა გულში, ყურადღებას არ მივაქცევდი და, ისე გავემგზავრებოდი სტამბოლიდან, ამ ქუჩისკენ პირს აღარ ვიზამდი.
ტუჩებს რომ აცმაცუნებდა, ეს შორიდანვე შევნიშნე, მაგრამ ამის გამო ცნობისწადილი არ აღმძვრია, რადგან კარგად ვიცი, რომ მოხუცებს სჩვევიათ ხმამაღლა ფიქრი (პაპაჩემმაც ასე იცოდა).
ამასობაში ახლო მივედი და იმ ადგილიდან, სადაც პირველად მოსწვ¬და ყურს მისი ხმა, ვიდრე იმ ადგილამდე, საცა ეს ხმა ისევ მიწყდა, მკაფიოდ გავიგონე (თურქების ენა მაშინ უკვე კარგად ვიცოდი) სიტყვები: “…უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული! ო, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ფერფლი და ნაცარი დარჩება…”
ეს სიტყვები ჯერ თითქოს შორიახლო მომდევდნენ. ქუჩა რომ ჩავათავე, მაშინღა წამომეწივნენ და ისეთი ხმაურით შემოცვივდნენ გონებაში, რომ შევკრთი და შევჩერდი. ვის ემუქრებოდა ასე გაბოროტებით ეს კაცი, რომელიც ოთხმოცდაათს გადაცილებული თუ არა, მიტანებული მაინც უნდა ყოფილიყო და ალბათ უკვე იმ ქვეყნისად უფრო ითვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნისად? ასე მწარედ რა ჩაჰყვა სულში, რომ ღრმა სიბერეშიც კი, როცა კაცი ღვთის სიახლოვეს უნდა გრძნობდე და მასთან შეყრის მოლოდინმა ყველა ამქვეყნიური ამაოება, ავიცა და კარგიც, უნდა დაგავიწყოს, ჯავრი ვერ მოენელებინა?
ერთი დაპირება გზის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ გულმა არ მომითმინა, მივტრიალდი და უკან წავედი. ამჯერად უფრო ნელა მივაბიჯებდი იმ იმედით, რომ მეტს გავიგონებდი და ეგებ გამეგო კიდეც, ასეთი რა ბალღამი უტრიალებდა გულში.
მალე შევნიშნე, რომ მოხუცი აღარ ლაპარაკობდა. ტუჩების ცმაცუნი შეეწყვიტა, უკვე სრულიად გაშეშებული და გახევებული იჯდა და ისე ღრმად ჩაძირულიყო უცხო გარინდებაში, რომ დასჭირვებოდა, ალბათ, თვითონვე გაუჭირდებოდა საკუთარი თავის მოძებნა. მაგრამ სწორედ იმ წამს, რა წამსაც გავუსწორდი და წინ უნდა ჩამევლო, მოულოდნელად ცივი, გამკინავი ხმით დასძახა:
– იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
და ისევ ისე, ერთბაშად და მოწყვეტით, გაჩუმდა.
ამ ხმის გაგონებაზე ისე შევკრთი, წამით მომეჩვენა, თითქოს მკვდარმა დაილაპარაკა, რომელსაც უეცრად მოაგონდა, რომ სიცოცხლეში რაღაც დარჩა სათქმელი. ასე იყო თუ ისე, მოხუცი არ შერხეულა, ძარღვი არ შეტოკებია და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, ალბათ თვითონაც არ გაუგია.
მე შევჩერდი და ერთხანს შევიცადე, მაგრამ რა დავინახე იმქვეყნი¬ური სიღრმიდან ამოსვლას აღარ აპირებდა, გამოლაპარაკება ვერ გავბედე, უკანვე გავტრიალდი, სხვა ქუჩაში შევუხვიე და ჩემი გზა განვაგრძე.
იმედი მქონდა, სტამბოლის დიდებული სანახების წყალობით მოხუცის უცნაური სიტყვები მალე გულიდან გადამვარდებოდა. ჩემდა გასაკვირად პირიქით მოხდა: რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ფიქრები მით უფრო მჭიდროდ იყრიდნენ თავს რაჰათ-ლუხუმის გამყიდველის ირგვლივ. რა უკეთური ძალა ტანჯავდა ასე საბრალო ბერიკაცს? რომელი მიწა-წყალი უნდოდა ამოეწვა ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე? რა ბოღმა და ნაღველი ჰქონდა ასეთი, რომ ამქვეყნად ვერ მოეშორებინა და იმ ქვეყნად მიმავალს თან მიჰყვებოდა?
ეს კითხვები ისე მაწვალებდა და მაფორიაქებდა, რომ ვერ მოვისვენე და მეორე დღეს, მზის ჩასვლის ჟამს, კვლავ იმ ქუჩას მივადექი.
მოხუცი იქ დამხვდა, საცა დავტოვე. იჯდა გაშეშებული, გარინდებული, ფიქრებში ჩაძირული. მე ნაბიჯი შევანელე და გამოლაპარაკების საბაბს დავუწყე ძებნა. ბედად, ახლო რომ მივედი, ტუჩები ააცმაცუნა და მალე წუწუნს მოჰყვა:
– შენ ახლა ალაჰის კალთაში გიდევს თავი, ომან ფაშავ, ჩემო არწივო, მაგრამ მოხუც სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სასახლეში სხედან და სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ…
ესა თქვა და გაჩუმდა.
მაშინ მე მორიდებით შევეხმიანე:
– მიუტევე კადნიერება უცხო ქვეყნიდან მოსულ მოგზაურს. ჩემდა უნებურად ყური მოვკარი შენს მწუხარე სიტყვებს და დაუძლეველმა ცნობისწადილმა შემიპყრო; ჩანს, ომან ფაშას ამბავი ფრიად საგულისხმო და ღირსსაცნობი უნდა იყოს.
მოხუცი არ შერხეულა. ვიფიქრე, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგონა-მეთქი, და ის იყო თავიდან უნდა დამეწყო, რომ უცებ ნაღვლიანად და სინანულით თქვა:
– ხედავ, ჩემო დიდებულო ომან ფაშავ: შორეული ქვეყნებიდან უცხო გვარ-ტომის ხალხი მოდის შენი ამბის გასაგებად… – აქ ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე თავი ნელა ასწია, ჯერ ჩემს დაშნას დააცქერდა, მერე მანტიას ისე ააყოლ-დააყოლა მუშტრის თვალი, თითქოს რაღაცას ანგარიშობსო, ბოლოს ცივი მზერა სახეზე მომაბჯინა და უცებ დაჰკივლა: – იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
მიყურებდა და მიმქრალ თვალებში მოლოდინი ედგა. მე აღმოსავლეთის ქვეყნებში ბევრი მიმოგზაურია და ადვილად მივხვდი, რომ ომან ფაშას ამბის საფასურად რაჰათ-ლუხუმის ყიდვა მომიწევდა. ტკბილეულის მოყვარული საერთოდ არა ვარ, მით უმეტეს მისი ხელით მოწოდებული არაფრად მეპიტნავებოდა, მაგრამ ახლა ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი ცნობისწადილის დაკმაყოფილება, ამიტომ სწრაფად გავიკარი ხელი ჯიბეზე და რაჰათ-ლუხუმი გამოვართვი.
მთელ სტამბოლი რომ მოგევლოთ, ამაზე უგემურ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავდით. ერთი კი შევშინდი, მოხუცს არ შეემჩნია, რა ზიზღით ვჭამდი მის ნაქებ ნუგბარს, და ცალი თვალით ქურდულად გავხედე, მაგრამ მას ჩემთვის აღარ ეცალა: ფული კარგად, დაკვირვებით გასინჯა, მერე ხვანჯარი გაიწია და შარვლის ქვეშ ჩაიტენა. ამას რომ მორჩა, ხელები მუხლებზე დაიწყო, მილულული თვალები შორს, ჩემთვის უხილავ რომელიღაც წერტილს მიაპყრო და გაირინდა. მანამ იჯდა ასე გარინდებული, სანამ დანაოჭებულ სახეზე სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანი არ წაეშალა. როდესაც მთლიანად ჩაიძირა სადღაც, არარსებობის უფსკრულში, და მეგონა მეც დავავიწყდი და რაჰათ-ლუხუმიც-მეთქი, უცებ დაბალ ხმაზე მოთქმით თუ წამღერებით დაიწყო:
– ო, ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ, მოხუცი სულეიმანის იმედო და სასოებავ! ო, ლომისა და მზის ნაშიერო! შენი მხარ-ბეჭი ფართო იყო, როგორც ქაფადაღის მთა, შენი ტანი ჩამოქნილი იყო, როგორც თაფლის სანთელი, შენი თვალები კაშკაშა იყო, როგორც ზაფხულის მზე! შენი მშვენიერი პირისახის დანახვაზე ტურფა ხათუნები ჩუმად ოხრავდნენ! მე შენ არწივად და შევარდნად გზრდიდი, რათა ღრუბლების თავზე გეფრინა. ო, მამაცო და ლომგულო! შენი მოკვეთილი თავი მკვდარ მზეს ჰგავდა, ბრძენო და გმირო! შენ მთვარე ტახტად უნდა გდგმოდა, ვარსკვლავთა ჯარი ფეხქვეშ ხალიჩად გფენოდა და მზე ჩირაღდნად გნთებოდა, ო, ომან ფაშავ!..
აქ მოხუცი გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო, მერე ნელ-ნელა გამოერკვა, სახეზე კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის მცირედი ნიშანი, თვალებშიც ძველებური სიცივე ჩაუდგა, მძიმედ ასწია თავი, ერთი გაკვირვებით ამათვალ-ჩამათვალიერა, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა, ვინ ვიყავი და აქ რა მინდოდა, ბოლოს ისევ სივრცეს ჩააცქერდა, წეღანდელივით ჩაიძირა სადღაც, უხილავ სიღრმეში, და ახლა უკვე წყნარი, ბუნებრივი ხმით განაგრძო:
– მეშვიდე წელიწადში იდგა, როდესაც მის მასწავლებლად მიმიწვიეს. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე ბევრი რამ მენახა და ბევრი რამ ვიცოდი. თავიდან საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა და მალე მამაცი და თავზეხელაღებული მეომრის სახელი დავიგდე. ბრძოლა რომ მომბეზრდა, ხან ყურანის შესწავლას მივყავი ხელი, ხან სიბრძნისმეტყველებას ჩავუღრმავდი; ერთხანს ლექსებსაც ვთხზავდი და სასახლის მგოსნებს ვეჯიბრებოდი. მაგრამ ბოლომდე არც ერთ საქმეს არ მივყოლივარ. დაუდგრომელი გული მქონდა, ყველაფერი მალე მყირჭდებოდა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვძლებდი. თავად არ ვიცოდი, რა მინდოდა. ომან ფაშას მასწავლებლად რომ მიმიწვიეს, ჯერ უარის თქმა დავაპირე, მაგრამ მერე დავთანხმდი. ვიფიქრე, როცა მომბეზრდება, ავდგები და ამასაც მივატოვებ-მეთქი. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ თურმე ალაჰის ნებით ჩემი ცხოვრების თავ-მიზანს მივდგომოდი, სწორედ ის მეპოვა, რასაც მთელი სიცოცხლე შეუცნობლად ვეძებდი! ომან ფაშა საკვირველი ყმაწვილი გამოდგა. მარდი იყო, მოქნილი, შეუპო¬ვარი ხასიათი ჰქონდა და მკვირცხლი გონება. ჯერ კიდევ ბალღი ისე დააგელვებდა უბელო რაშს, როგორც ზღაპრული ჭაბუკი, ხმალს გაწაფული მეომარივით ატრიალებდა, ყურანის ცოდნით სწავლულები განცვიფრებაში მოჰყავდა. ყველაფერი უხვად ჰქონდა მომადლებული – ჭკუა-გონებაც, ძალ-ღონეც, სილამაზეც. ერთი სიტყვით, ალაჰის ბრწყინვალე მზის ქვეშ საუკეთესო შეგირდმა საუკეთესო ოსტატი იპოვა. და მე კადნიერი მიზანი ამოვიჭერი გულში: გადავწყვიტე, ისე გამეზარდა, მთელ ოსმალეთში მისი მჯობნი არავინ ყოფილიყო და, თუ ალაჰიც ინებებდა, თავის დროზე სულთნის ტახტი ჩაეგდო ხელთ. ომან ფაშა სულთნად იყო დაბადებული, მაგრამ ამისათვის ოსტატად სულეიმანი უნდა შეხვედროდა, ხოლო სულეიმანი სულთნის აღმზრდელად იყო დაბადებული, მაგრამ ამისთვის შეგირდად ომან ფაშა უნდა შეხვედროდა. რაკი ამ შეხვედრას დიდმა ალაჰმა დასტური მისცა, ჩემს სიცოცხლეს ამის შემდეგ სხვა მიზანი არა ჰქონია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნ¬დებოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და თანდათან ნათლად ვხედავდი ჩვენს მომავალს: ის, მზე და ლომი, დიდი და ბრწყინვალე სახელმწიფოს ტახტზე იჯდა, მე კი, მისი გამზრდელი და მთავარი მრჩევე¬ლი, მხარმარჯვნივ ვედექი… ოცი წლისა რომ შეიქნა, მისი განსწავლულობის, სიბრძნის, გონიერებისა და ჭაბუკისთვის ესოდენ ნაადრევი სიდინჯისა და წინდახედულობის ამბავი სასახლეში უკვე ცნობილი იყო. მისი თვალტანადობა, პირმშვენიერება, მომხიბლაობა, თავდაჭერილობა და სიტყვა-პასუხი მთელ სტამბოლს პირზე ეკერა. მალე ძალგულოვნება და სიჩაუქეც დაამტკიცა: მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა და სახელიც გაითქვა, სულთნის წინაშე წარვადგინე გამოსაცდელად და დიდი აღლუმის დროს, რომელიც სულთნის დაბადების დღეს მიეძღვნა, ქვეყნის საუკეთესო მხედართა და მეომართა ასპარეზობაზე ყველა სახელგანთქმული ვაჟკაცი დაჯაბნა. სულთანი დიდად ნაამები დარჩა. გამარჯვებული ომან ფაშა შვილივით მიიღო და გურჯისტანიდან თავის დროზე დავლად წამოღებული ოქროსტარიანი ხანჯალი უბოძა. ო, რა დიდებული სანახავი იყავი, სწორუპოვარო ომან ფაშავ, როდესაც სულთნის წინ მუხლმოყრილმა ნაჩუქარი ხანჯალი ბაგეებთან მიიტანე და ეამბორე!.. იმ დღეს ჩემმა არწივმა ფრთები ისე დაიქნია, რომ ცხადი შეიქნა, ასაფრენად უკვე მზად იყო. მაგრამ დიდი სიფრთხილეც სწორედ ამ დროსაა საჭირო. მართალია, სულთანმა შვილივით მიიღო და მიეალერ¬სა, მაგრამ ამან სასახლის დიდებულთა უგუნურ შურს კიდევ მეტი ცეცხლი შეუნთო, არწივი კი ჯერ იმდენად მოღონიერებული არ იყო, მტრებისა და მოშურნეების თვალწინ შიგ სატახტო ქალაქის შუაგულში აფრენილიყო. ახლა ყველაფერს ისა სჯობდა, სადმე, ქვეყნის განაპირა მხარეში წავსულიყავით, სადაც თავის გამოჩენა უფრო იოლია, და როცა დიდების შარავანდედით დაბრუნდებოდა, ჯარისკაცების შური და მტრობაც შიშად და მოწიწებად იქცეოდა. ბევრი ვიფიქრეთ და არჩევანი გურჯისტანის ვილაიეთზე შევაჩერეთ. იქ, ყიზილბაშებთან მეტოქეობაში, ჭკუაც უკეთ გამოჩნდებოდა და მკლავიც. ოღონდ ყოველივე ისე მოვაწყეთ, თხოვნა არ დაგვჭირვებოდა. რომ გვეთხოვა, დიდებულებს ეგებ ეჭვი აეღოთ და საქმე უკუღმა შეეტრიალებინათ. ჩვენ ჭკუა ვიხმარეთ და სწორედ ის დიდებულები გამოვიყენეთ, რომლებსაც ომან ფაშა ყველაზე მეტად სძულდათ. მოხერხებულად ჩავაწვეთეთ ყურში, რომ ომან ფაშას აღზევება მათს სიძლიერეს დიდ ხიფათს უქმნიდა და ერჩივნათ, სანამ დრო იყო, თავიდან მოეშორებინათ და სადმე შორს, ვთქვათ ახალციხეში, გადაეკარგათ. ხერხმა იოლად გაჭრა და ამგვარად განზრახვა ჩვენივე მტრების ხელით შევისრულეთ. ომან ფაშა ახალციხეში დაინიშნა ჯარის უფროსად… – აქ მოხუცმა თავი ჩაჰკიდა, – ეე-ჰე-ჰე-ჰე, ჩემო ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ! შენ კი ალაჰის კალთაში გიდევს თავი, მაგრამ საბრალო სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ… – მოხუცი გაჩუმდა.
მე ვიდექი და მოთმინებით ველოდი.
ბოლოს, როგორც იქნა, განაგრძო:
– ახალციხეში მართლაც სულ მალე დიდი სახელი მოიხვეჭა. განსაკუთრებით მეომრებს უყვარდათ, ისე უყვარდათ, მისი გულისთვის თუნდაც ცეცხლში გადაცვივდებოდნენ. ყველაფერი რიგზე მიდიოდა. ახლა საჭირო იყო ერთი დიდი ბრძოლა გადაგვეხადა და ისე მოგვეგო, რომ მთელი სტამ¬ბოლი აგველაპარაკებინა. ომან ფაშა არ ჩქარობდა და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა. მალე ეს შემთხვევაც მოგვეცა. დაჰკრა გადამწყვეტმა ჟამმა. ო, რა კარგად გვქონდა მთელი გეგმა დაწყობილი და მოფიქრებული! თუ ალაჰი არ გადაგვიდგებოდა, სხვა ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს: ლუარსაბ-ხანს დატყვევებულს მივგვრიდით დიდ სულთანს, მთელ გურჯისტანს, ვიდრე კახეთამდე, ოსმალეთის ხელდებულად ვაქცევდით და პირშიჩალაგამოვლებულ ირანის შაჰს სიმწრისაგან სულ წვერს ვაგლეჯინებდით. მაშინ გამარჯვებული არწივიც ისეთ კამარას შეკრავდა, მისი მტრები და მოშურნეები კურდღლებივით სოროებში მიიმალებოდნენ. მაგრამ ვაი, რომ ჩვენს სანუკვარ იმედს აღსრულება არ ეწერა… ეეჰ, ალი მირზა, როგორ გაცუდდა შენი მისნობა!.. – აქ მოხუცი ისევ გაჩუმდა და დიდი ხნით ჩაიძირა ფიქრებში. მერე, როდის-როდის, განაგრძო, – ათასი წელ რომ ვიცოცხლო, ათასი წელი ჩემთან ერთად იცოცხლებს ის საშინელი სანახაობა, რომელსაც მას შემდეგ მუდამდღე ვხედავ და ვერსად დავმალვივარ… პირველი ბრძოლა გურჯებმა ვიწრო ხეობაში გაგვიმართეს. თუმცა იმ ბრძოლას ბრძოლა არც ეთქმოდა, თამაში უფრო იყო, რადგან გურჯები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ იმას ცდილობდნენ, დავეყოვნებინეთ და დრო მოეგოთ, რათა ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. მართალია, იმ უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ დაღლილობისაგან ფეხზე ძლივსღა ვიდექით, მაგრამ ასეთ მცირერიცხოვან მოწინააღმდეგეს მაინც იოლად ვეყოფოდით და, ესეც არ იყოს, ბრძოლის დროს კაცს დაღლა სწრაფად გავიწყდება. აბა, მაშინ რა ვიცოდით, რომ თურმე ალაჰმა ხელი აგვაღო და ბედისწერა ფეხდაფეხ მოგვდევდა!.. ფიცხელი ბრძოლა ატყდა, ჩანს, გურჯებს ჩვენს შესაკავებლად სულ დარჩეული მეომრები გამოეგზავნათ. გუნდ-გუნდად ვიბრძოდით. მე ბრძოლაში გავერთე და არ გამიგია, როგორ დავშორდი ომან ფაშას. ესეც, ეტყობა, ალაჰის ნება იყო და ბედისწერის განჩინება, თორემ აკი დათქმული მქონდა, ჩემს გაზრდილს გვერდიდან არასოდეს მოვცილებოდი! ახლაც არ ვიცი, ასე როგორ გამიტაცა ბრძოლამ, რომ აღთქმა დავარღვიე. ოი, ბედკრულო სულეიმან! დავარღვიე თუ არა აღთქმა, მოსახდენიც მაშინვე მოხდა: ბრძოლაში გართულს უეცრად რაღაც საზარელი, ველური კივილი შემომესმა, რომელიც დღესაც ყურებში მიდგას: “ჰაიტ! ტა-ტა-ტა-ტა-ტა!” ისეთი ხმა იყო, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ხმალი ჰაერში გამიშეშდა. წამიც და ჩემი მოპირდაპირე დამასწრებდა. ნეტა დაესწრო! ნეტა ნაწილ-ნაწილ ავეკუწე! მაშინ ხომ ჩემი უბედური თვალები აღარ იხილავდნენ იმას, რაც იხილეს!.. სწრაფადვე მოვეგე გონს, მოწინააღმდეგეს ხმალი მხარში დავკარი და, ცხენიდან რომ გადმოვარდა, იმ მხარეს მივიხედე, საიდანაც ის შემაძრწუნებელი ხმა მომესმა… ო, მუხთალო წუთისოფელო! ო, ბედისწერის მსახვრალო ხელო!.. მივიხედე და ვხედავ, ჩემი არწივი შუბით მკერდგანგმირული მიწაზე გდია, ზედ ერთი ვეება, გაბურძგნული გურჯი დადგომია, ცალი ხელი წვერში ჩაუვლია, მეორეში ხანჯალი უჭირავს და ყელს ღადრავს… გონს რომ მოვეგე, უკვე ცხენზე იჯდა და ომან ფაშას თავი ხელში ეჭირა. აქ სხვებმაც დაინახეს და ისინი, ვინც უფრო ახლო იყვნენ, ხმალამოწვდილები მისკენ გაქანდნენ. ხიფათი რომ იგრძნო, გურჯმა ომან ფაშას თავი უეცრად პირისკენ წაიღო. ო, ალაჰ! იდიდოს შენი სახელი! მეგონა, შეჭმას უპირებს-მეთქი. გაოგნებული შევცქეროდი. გურჯმა კი ომან ფაშას თავი წვერით კბილებშუა მოიქცია, ხელი გაითავისუფლა, ხმალი იშიშვლა და ცხენი ადგილს მოწყვიტა. ომან ფაშას თავი მის ბანჯგვლიან მკერდზე უსასოოდ კონწიალობდა. თითქოს რაღაც უმძიმეს კითხვაზე მწარე დასტურს იძლევაო. სანამ რამეს მოვისაზრებდი, გურჯმა დაბნეულ მეომრებს შორის ცხენდაცხენ გაიკაფა გზა და მალე თვალს მიეფარა… – მოხუცმა თავი ჩაჰკიდა და შეძრწუნებით ჩაიბუტბუტა, – შორიდან ორთავიან ურჩხულს ჰგავდა… – აქ გაჩუმდა და დიდხანს ჩუმად იყო.
ვიდექი და ველოდი. მოხუცი როგორც იქნა გამოერკვა, ერთი შემოხედვა შემომხედა კიდეც ჩაბჟუტული თვალებით, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.
მე ერთხანს კიდევ შევცქეროდი მოლოდინით და ბოლოს, რაკი დუმილს განაგრძობდა, ვკითხე:
– მერე? მერე რაღა მოხდა, სულეიმან ეფენდი?
მოხუცმა ოდნავ ასწია თავი და მოჭუტული თვალები შორეულ სივრცეს მიაპყრო.
– რაღა უნდა მომხდარიყო… – თქვა წყნარად და მწარე ნაღველით, – მზე ჩაქრა და ქვეყნიერება სიბნელეში გაეხვია… სარდლობა ისმაილ ფაშამ ითავა, მაგრამ აბა ისმაილ ფაშა ომან ფაშას მაგივრობას როგორ გასწევდა!.. აკი ვერც გასწია. გადამწყვეტ ბრძოლაში, მდინარის პირას, რომელიც ჩვენი მდინარეა, რადგან ჩვენი მიწიდან მიედინება, ლუარსაბ-ხანმა და სააკაძემ ისეთი დღე დაგვაყარეს, ახალციხეში რამდენიმე კაციღა დავბრუნდით… ეეჰ, სული ტკბილია, თორემ დაბრუნებას სიკვდილი მიჯობდა. აბა, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებას განა კიდევ ცხოვრება ჰქვია?!.
მოხუცი კვლავ გაჩუმდა. ამჯერად დუმილი ჩვეულებრივზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს, რა შევიტყე, ხმის ამოღებას აღარ აპირებდა, გავბედე და, უხერხულობა რომ გამეფანტა და ჩემი თავიც შემეხსენებინა, ვთქვი:
– საკვირველი კია, ასეთ ვაჟკაცს იმ გურჯმა როგორ აჯობა…
მოხუცმა ცერად გამომხედა და მინავლულ თვალებში წამით თითქოს ზიზღი გაუკრთა. მერე მზერა ისევ ამარიდა, სივრცეს ჩააცქერდა და გაირინდა. მეგონა, კვლავ ფიქრებში ჩაიძირა-მეთქი, მაგრამ უცებ შემცივნულივით გააკანკალა და გამოერკვა.
– ის ჯოჯოხეთი, რომელიც, ახლაც არ ვიცი, მართლა გადაგვხვდა თუ მოგველანდა, ჯერ კიდევ თვალწინ გვედგა. ყველაზე მეტად ომან ფაშა იყო გაოგნებული. დროდადრო გახევდებოდა, ლაპარაკს შუა სიტყვაზე შეწყვეტდა და თვალი გაუშტერდებოდა. ახლა დანამდვილებით ვიცი, იმ წყეული მღვდლის უცნაურ ღიმილს ხედავდა, ტანჯულსა და ნეტარს. ერთხელ ყურიც მოვკარი, ამგვარად გახევებულმა როგორ ჩაილაპარაკა: “აკი ყველანიო, ალი მირზავ? მაშ, ეს რა იყო?..” ასეთ დროს ბავშვიც კი აჯობებდა. ჩანს, ბრძოლაშიც ეგრე მოუვიდა. აკი ვამბობ, იმ წყეული მღვდლის სული ბედისწერასავით მოგვდევდა ფეხდაფეხ… თორემ ისე ერთი გურჯი რას მიქვია, გურჯების მთელი გუნდი ვერ გაუმკლავდებოდა.
აღმოსავლეთში კაცს თავშეკავება გმართებს. სულწასულობა თუ შეგატყეს, ძვირად დაგისვამენ. მაგრამ ეს სიბრძნე მაშინ გულიდან გადამვარდა, ცნობისწადილი ვეღარ დავიოკე და მოუთმენლად ვკითხე:
– ასეთი რა შეგემთხვათ, სულეიმან ეფენდი? ან ის მღვდელი ვინ იყო?
მოხუცმა მწარე სინანულით გადაიქნია თავი.
– შორეული ქვეყნებიდან მოსული უცხო გვარ-ტომის ხალხი მღვდლის ამბავსაც კითხულობს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო… თუმც რა გასაკვირია: განა ის წყეული მღვდელი შენი ბედისწერა არ იყო?! ალაჰის ნება, ალაჰის რისხვა და ალაჰის მახვილი… – და უცებ დაჰკივლა, – იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
აქ პირველად გამკრა ეჭვმა, ეგებ ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ხრიკია, რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოგონილი, და ვინ იცის, ცბიერი მოხუცი გულში ჩემს მიამიტობაზე იცინის-მეთქი. არადა, მე აქ, სტამბოლში, ჰერცოგს სწორედ სავაჭრო საქმეთა მრჩევლად ვახლდი! მაგრამ, ტყუილი იყო თუ მართალი, ომან ფაშას თავგადასავალმა უკვე ისე გამიტაცა, რომ უკან დახევა აღარ შემეძლო. ამიტომ კიდევ ერთი ულუფა ვიყიდე და ძალისძალად შევჭამე. მოხუცმა ფული წეღანდელივით ყურადღებით გასინჯა, შარვალში ჩაიტენა, მერე ხელები მუხლებზე დაიწყო, გაშეშდა, გაირინდა და, საბოლოოდ რომ ჩაიძირა სადღაც, თვალუწვდენელ სიღრმეში, წეღანდელივით მოთქმითა თუ წამღერებით ალაპარაკდა:
– ო, წყეულო მიწავ, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ალაჰი უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული. ო, ბოროტებისა და უკეთურობის აკვანო! ცეცხლის ენები გადაბუგავს შენს სამყოფელს! სისხლის მდინარეში დაიხრჩობი! ფერფლი და ნაცარი დარჩება შენი ქალაქებიდან და დაბებიდან! – ეს რომ თქვა, მოხუცი გაჩუმდა. ერთხანს ჩუმად იყო და მერე წყნარად განაგრძო, – ომან ფაშა ახალციხეში ჯარს წვრთნიდა და ბედს ელოდა. ხოლო ბრძენი სწორედ ის არის, ვისაც ლოდინი შეუძლია. მართლაც, ერთ დღეს ამბავი მოგვივიდა, ლუარსაბ-ხანს მცირე ამალით თავის საზაფხულო სამყოფელში დაედო ბინა, რომელიღაც სოფელში, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. ჩვენ ეს ამბავი კარგად შევამოწმეთ და, რა დავრწმუნდით, ყველაფერი მართლა ასე იყო, საიდუმლოდ შევუდექით ლაშქრობის სამზადისს. თუ საზღვარს სწრაფად და უჩუმრად გადავლახავდით, ადვილად შეგვეძლო მოულოდნელად დავცემოდით ლუარსაბ-ხანს და ტყვედ ჩაგვეგდო თავის ამალიანად, რომელთა შორის სააკაძეც იყო. მაშინ სააკაძეს არ ვიცნობდით და ერთი უბრალო დიდებულთაგანი გვეგონა, სხვათა მსგავსი და ფარდი. თურმე რა გველეშაპი და ტარტაროზი გაგვიშვია ხელიდან! მაგრამ ალაჰმა ინება, რომ ის სისხლის ზღვა, რაც მისი მუხანათობითა და ავკაცობით დაიღვარა, დაუღვრელი არ დარჩენილიყო… მე და ომან ფაშა გურჯისტანში ნამყოფი არ ვიყავით და იქაურობას ნაკლებად ვიცნობდით. მართალია, ახალციხეში მრავალი გურჯი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი უმეტესად ქლესა მონები იყვნენ, ხოლო მონების მიხედვით რომ მთელ ხალხზე იმსჯელო, უეჭველად მოტყუვდები. ჩვენი ვარაუდით, როდესაც ლუარსაბ-ხანს შევიპყრობდით, ქართლის გამგებლობას სულთანი ომან ფაშას მისცემდა. უცხო ქვეყანა რომ მართო, დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს. მონების ცნობა აქ არას გარგია, მონა ყველგან ერთნაირია. ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავლო, უნდა მიუხვდე, რა გულისთქმა აქვს, რა სწადია და რას გიმალავს; უნდა გამოიცნო, რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო შიში და სიყვარული. იმ დროს ახალციხეში მრავალი დიდებული იყო, გურჯისტანს რომ კარგად იცნობდა, მაგრამ მე და ომან ფაშამ ალი-მირზასთან დათათბირება ვამჯობინეთ. ალი-მირზას მრავალი წელი დაეყო გურჯისტანში და კიდევაც დიდხანს აპირებდა დარჩენას, მაგრამ ქართლის მაშინდელმა მპყრობელმა, სვიმონ-ხანმა, რაღაცაზე აითვალწუნა, აუხირდა, ბოლოს, საბაბი რომ ჰქონოდა, მსტოვრობა დასწამა, დაასაჭურისებინა და თავისი სამფლობელოდან გამოაძევა. მას შემდეგ ახალციხეში ცხოვრობდა და მთელ სამაჰმადიანოში გამოჩენილი ბრძენისა და მისნის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ჩვენი სტუმრობა დიდად ეამა და შესაფერი პატივითაც მიგვიღო. როდესაც შეიტყო, გურჯისტანში ლაშქრობას ვაპირებდით, თვალები ნეტარებით მილულა და სასოებით, თითქოს ლოცვას ამბობსო, ჩაიმღერა: “გურჯისტანი ტკბილია, როგორც იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო…” ომან ფაშამ ჩვენი გეგმა წვრილად უამბო და უთხრა, თუ რა რჩევა და თათბირი გვჭირდებოდა მისგან, ხოლო მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლე¬ვა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო. ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო. გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარუ¬ლი ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო. მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელ¬თაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო. ბოლოს მე და ომან ფაშამ სიტყვა იმაზე ჩამოვუგდეთ, რაც ყველაზე მეტად გვაფიქრებდა: ლუარსაბ-ხანს, ეჭვი არაა, საზღვარზე მეთვალყურე ლაშქარი ეყოლებოდა დაყენებული, რომელიც, შეგვნიშნავდა თუ არა, მეფესთან მყისვე მაცნეს აფრენდა. ჩვენ ამ ლაშქრისა არც ადგილსამყოფელი ვიცოდით და არც რიცხვმრავლობა, ამიტომ იმედს სისწრაფეზე ვამყარებდით. საზღვრამდე შეძლებისდაგვარად უჩუმრად უნდა გვევლო, ისე რომ, როცა შეგვნიშნავდნენ და მაცნეს გაგზავნიდნენ, ეს მაცნე იმდენად ვერ დაწინაურებულიყო, რომ ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. ალი-მირზამ ჩვენი გეგმა მოიწონა. მაცნეს სულაც არ გაგზავნიანო, გვითხრა, მთა-მთა კოცონებს დაანთებენ და თვალის დახამხამებაში აცნობებენ თქვენს გამოჩენას, ამიტომ ისა სჯობს, როგორმე მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი დაადგინოთო. გვასწავლა კიდეც, თუ როგორ უნდა დაგვედგინა: ლაშქრობის ამბავი, ასე საიდუმლოდ რომ ინახავთ, სანდო მსტოვრებს გაუმხილეთ, რათა იმათ საეჭვო გურჯებს ჩააწვეთონ ყურში, ოღონდ თვალიც ადევნონ, რომ მეტი არ მოუვიდეთ, და თუ სამ დღეში ლუარსაბ-ხანის მენაპირე გუნდის ადგილსამყოფელი ვერ შეიტყეთ, მაშ მე ალი-მირზა არ ვყოფილვარ და გურჯისტანი არ მცნობიაო. ხოლო ადგილსამოყფელს რა გაიგებთ, ნაშუაღამევს წაადექით თავს; გურჯი არხეინია და უზრუნველი, მუდამ ღვთის იმედზეა და თავისი გასაკეთებელიც ღმერთს უნდა გააკეთებინოს. ღამე ღვინოს დალევენ და, თუ ხერხიანად ივლით და ალაჰის ნებაც იქნება, მთვრალებსა და მძინარეებს ამოხოცავთო. ალი-მირზას რჩევა ჭკუაში დაგვიჯდა, საიდუმლო სამზადისს მცირე რამ ჭუჭრუტანა დავუტანეთ და საიმედო მსტოვრების მეშვეობით უაღრესად ფრთხილად გავავრცელეთ ხმა, რომ სალაშქროდ ქართლს მივდიოდით. მართლაც მესამე საღამოს ერთი გურჯი გვეწვია და ომან ფაშას ნახვა ითხოვა. შესახედავად მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი, მხარბეჭიანი. კეხიანი ცხვირი ჰქონდა, აზიდუ¬ლი წარბები და გრძელი ულვაშები. ამაყად შემოვიდა, დარდიმანდულად, ბეჭების რხევით. თავი ღირსებით დაუკრა ომან ფაშას, ფრიად საიდუმლო სალაპარაკო მაქვსო, უთხრა და თვალით ჩემზე ანიშნა. ომან ფაშა ისე შეხვდა, როგორც საპატიო სტუმარს, მაგრამ ისიც უთხრა, სულეიმანი ჩემი მარჯვენა ხელია და მისგან დამალული არაფერი მაქვსო. გურჯს ეს მაინცდამაინც არ მოეწონა და მთელი საუბრის განმავლობაში დროდადრო ამრეზით გადმომხედავდა ხოლმე. სათქმელი კი პირდაპირ დაიწყო, მიუკიბავ-მოუკიბავად. მე ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ვიცი, ქართლს მიდიხართ სალაშქროდო. მე და ომან ფაშამ თავი მოვიკატუნეთ, ვითომ გურჯის ნათქვამი დიდად გაგვიკვირდა. გურჯმა რომ ეს შენიშნა, ეამა, გაიღიმა კიდეც და კმაყოფილმა დაგვიწყო დამშვიდება, ნუ გეშინიათ, არავისთვის მითქვამს და არც ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, პირიქით, აქ იმისთვის მოვედი, რომ სამსახური გაგიწიოთ. ლუარსაბ მეფე მე თქვენზე ნაკლებ არ მეჯავრება, ადგილ-მამული წამართვა და, რომ არ გამომესწრო, თავსაც გამაგდებინებდა, ასე რომ, მეგობრად მიგუ¬ლეთ, მაგრამ ერთი კი იცოდეთ, ეს საქმე არც ისე იოლია, თქვენ რომ გგონიათ, ლუარსაბი ახლა ღონიერია, და თუ მოულოდნელად არ დაეცით, ვერაფერს დააკლებთ. პირველ რიგში მენაპირე ლაშქარი უნდა მოუსპოთ, ისე უნდა მოუსპოთ, რომ მეფეს ამბავი არ მიუვიდეს, მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი კი ამჟამად ახალციხეში ჩემს გარდა არავინ იცისო. და გაჩუმდა. ომან ფაშამ ოქროთი სავსე ქისა აიღო, ხელში შეათამაშა, და, ეს თუ იკმარებსო, ჰკითხა. გურჯი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ისე ვერ დამალა, როგორც ეწადა. თუმცა თავი მაინც ყოჩაღად დაიჭირა. ჩემი მიზანი შურისძიებაა და არა ოქროს შოვნაო, თქვა, ლუარსაბ მეფის წყალობით რომ შიშველ-ტიტველი და ცარიელ-ტარიელი არ გადმოვხვეწილიყავი ახალციხეში, მაგ ოქროს ხელსაც არ ვახლებდიო. მერე წვრილად, გასაგებად აგვიხსნა მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი. როცა დაამთავრა, წამოდგა და ხელი ქისისკენ გაიწოდა. ომან ფაშა ჩემი გაზრდილი იყო! ქისა ზურგსუკან დამალა, თავი გაიქნია და ღიმილით უთხრა, ჯილდოს საზღვარზე მიიღებ, როცა მენაპირე ჯართან მიგვიყვანო. გურჯს თვალებში რისხვა გუკრთა, მაგრამ თავი შეიკავა და ესღა თქვა, გეტყობა, ქართველი კარგად ვერ გცნობია, თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველის სიტყვა კლდესავით მტკი¬ცეაო. მაინც ასე სჯობსო, მიუგო ომან ფაშამ და იმ გურჯსაც სხვა რა დარჩენოდა, დათანხმდა, თავი ცივი ღირსებით დაუკრა და ბეჭების უკმაყოფილო რხევით გავიდა. სალაშქროდ რომ ავიყარეთ და ახალციხიდან გავედით, ომან ფაშას ის გურჯი გვერდიდან არ მოუშორებია. ამჯერადაც ალი-მირზას რჩევას მივდიეთ და გურჯების ბანაკს ნაშუაღამევს მივადექით. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ალი-მირზამ იწინასწარმეტყველა: ღვინით დამთვრალ გურჯებს ღრმა ძილით ეძინათ და, სანამ გამოფხიზლდებოდნენ და მიხვდებოდნენ, რა რისხვა დაატყდათ თავს, საქმე უკვე მოთავებული გვქონდა. არავინ წაგვსვლია, უკლებ¬ლივ გავჟლიტეთ ყველანი, ჩვენ კი სულ სამი კაცი მოგვიკლეს და ორიც მსუბუქად დაგვიჭრეს. დილამდე იქ დავრჩით. მეორე დღეს კიდევ ბევრი გვქონდა სავალი და ლაშქარს დასვენება სჭირდებოდა. ჩვენ – ომან ფაშა, მე და სხვა დიდებულები – გურჯების მეთაურთა კარავში დავბანაკდით. დილაუთენია ომან ფაშას ის ჩვენი გურჯი ეწვია. შემოვიდა მაღალი, ტანადი, ულვაშებაპრეხილი, დინჯად დაგვიკრა თავი და ომან ფაშას ნიშნისმოგებით უთხრა, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ქართველის სიტყვა სანდოაო. არც აქამდე მეპარებოდა ეჭვიო, თავაზიანად მიუგო ომან ფაშამ. აბა, მაშ მე ამას იქით აღარ გჭირდები და ახალციხეში დავბრუნდებიო, თქვა გურჯმა. ომან ფაშამ ქისა გაუწოდა. გურჯმა ქისა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი ყველას დინჯად და ღირსებით, შეტრიალდა და, წელში ამაყად გამართული, მხრების რხევით წავიდა. ახლა მხრებს უფრო ათამაშებდა, ვიდრე არხევდა. მანამდეც შემიმჩნე¬ვია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ამის შემდეგ კი საგანგებოდ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ, როცა გურჯი მხრებს ასე არხევს და ათამაშებს, ეს იმის ნიშანია, რომ სინდისი სუფთა არა აქვს. ომან ფაშა ყოველგვარ იარაღს კარგად ხმარობდა, მაგრამ განსაკუთრებით დანის ტყორცნა ემარჯვებოდა. უყვარდა კიდეც. გურჯი სწორედ კარვის გასასვლელამდე იყო მისული. ერთი შეკრთა და უცბად გაშეშდა. მხრების თამაშიც წამსვე შეწვიტა, ოდნავ აიზიდა, თითქოს ფეხის წვერებზე უნდა შედგესო. მცირე ხანს ასე იყო გახევებული, გეგონებოდათ, რაღაცაზე დაფიქრდაო. მერე ნელა შემოტრიალდა და განცვიფრებული მზერა ომან ფაშას მიაპყრო. ამ დროს მუხლებმაც უმტყუნეს. თითქოს პირქვე უნდა დამხობილიყო, მაგრამ უეცრად უკან გადაქანდა და მოწყვეტით დაეცა ზურგზე. ბეჭებში გარჭობილი დანა მკერდში გამოუვიდა. “ჭეშმარიტად ბრძენია ალი-მირზა”, თქვა ომან ფაშამ, მცველებს უხმო და გვამი გაატანინა, ქისა კი თავის თანაშემწეს გადასცა და უბრძანა ლაშქრისთვის დაერიგებინა. – სულეიმანი გაჩუმდა.
მე ველოდი, თან ვცდილობდი, მოუთმენლობა არ დამტყობოდა. მოხუცი დიდხანს დუმდა და იმის გაფიქრებაზე, რომ ერთი ულუფა რაჰათ-ლუხუმის შეჭმა კიდევ მომიწევდა, ტანში გამაჟრჟოლა. ცოტა ხნის შემდეგ ხავილი დაიწყო. ეტყობოდა, ყელში თუ ფილტვებში ჰაერის მოძრაობას რაღაც აბრკოლებდა და ყოველ ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე გაბმული, საწყალობელი, გულისგამაწვრილებელი ხმა ამოსდიოდა. იმ დროს, როდესაც მომეჩვენა, ჩაეძინა-მეთქი, და იმედი საბოლოოდ გადამიწყდა, მოხუცი ისევ ალაპარაკდა. ოღონდ ახლა ხმა შეეცვალა, რაღაც უცხო გაუხდა, ცივი და შორეული, თითქოს მისი დაწყებული ამბავი ვიღაც სხვამ განაგრძო:
– ორჯერ მოგვცა ნიშანი ყოვლადძლიერმა ალაჰმა. პირველი ნიშანი იმ ღამეს მოგვცა, მენაპირე ლაშქარი რომ გავწყვიტეთ, მაგრამ გამარჯვებამ ისე დაგვათრო და გაგვაბრუა, ვერ შევიტყეთ. თუ გულისყური მუდამ გამახვილებული არა გაქვს, ზეგარდმო ნიშანი ძნელი შესამჩნევია. ახალციხიდან ომან ფაშამ ორი მეგზური იახლა, რომლებიც ლუარსაბ-ხანის სამფლობელოს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ერთი ქართლში ნაცხოვრები სპარსი იყო, მეორე კი ახალციხელი გურჯი. მენაპირე ლაშქართან ბრძოლაში, როდესაც სამი კაცი მოგვიკლეს, ამ სამიდან ერთი სწორედ ის სპარსი მეგზური იყო. რაკი მეორე მეგზურიც გვყავდა, მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და ალაჰის ნიშანი არ დაგვინახავს. ადრიანად ავიყარეთ და გზა განვაგრძეთ. შუადღის ხანს დასახლებულ ადგილებს მივაღწიეთ. ორი სოფელი ისე გავიარეთ, ძეხორ¬ციელი არ შეგვხვედრია, ჩანს, მაცხოვრებლებმა შორიდანვე შეგვამჩნიეს და, როგორც სჩვეოდათ, დიდიან-პატარიანად ტყეში გაიხიზნენ. დავლაც ბევრი ვერაფერი ჩავიგდეთ ხელთ. მეორე სოფელს რომ გავცდით, ალაჰმა კიდვ ერთი ნიშანი მოგვცა: გურჯი მეგზურიც დაიღუპა. ვიწრო თავდაღმართში, კლდიან და ქვიან ადგილას, მეგზურის ცხენს მოულოდნელად ფეხი აუსხლტა, წაიფორხილა, თავი ვეღარ შეიმაგრა, მოწყვეტით დაეცა და მხედარი ქვეშ მოიყოლა. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. როცა რამდენიმე კაცი ჩამოქვეითდა და ცხენი რის ვაი-ვაგლახით გვერდზე გადაათრია, მეგზური უკვე მკვდარი ეგდო. ჩვენ ყველანი ლუარსაბ-ხანის მალე შეპყრობის იმედით ვიყავით დაბრმავებული და დაყრუებულები, თორემ ეს მეორე ნიშანი იმდენად ცხადი და მკაფიო იყო, ბავშვიც კი მიხვდებოდა. ეეჰ, ვინც ალაჰს ყურს არ უგდებს, არ შეიძლება თავი არ წააგოს… ომან ფაშამ ლაშქარი შეაყენა, დიდებულები მიგვიხმო და რჩევა გვკითხა. გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით გზა გაგვეგრძელებინა, როცა გაშლილ ადგილს მივადგებოდით, სადაც შეუმჩნევლად გავლა არ მოხერხდებოდა, იქ ლაშქარი გაგვეჩერებინა, რამდენიმე კაცი უჩუმრად დაგვეწინაურებინა, პირველსავე სოფელს დავცემოდით და ახალი მეგზური გაგვეჩინა. ის იყო, თათბირს მოვრჩით და ომან ფაშას ლაშქრისთვის დაძვრის ნიშანი უნდა მიეცა, ქვემოთ, ცოტა მოშორებით, სადაც მოსახვევი იწყებოდა, ფლოქვების ხმა მოგვესმა. ომან ფაშამ სიჩუმე ბრძანა. რაღაც უამური რომ ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი, მაგრამ რისგან იყო, ვერ გავიგე და, ჩემდა საუბედუროდ, არც შემიწუხებია თავი, რომ გამეგო. მხოლოდ მერე, – ვაგლახ, გვიანღა – მომაგონდა, რომ ხმა უცნაური მეჩვენა, მოგუდული, უცხო, შორეული, თითქოს სადღაც ვიღაცის ვეება გული გამალებით სცემდა. მცირე ხნის შემდეგ მოსახვევში ჯორზე ამხედრებული მღვდელი გამოჩნდა. თავი ჩაეკიდა და ისე ჩაფლულიყო ფიქრებში, სანამ ჩვენს დანახვაზე ჯორი მოწყვეტით არ შედგა, არაფერი გაუგია. ჯორი რომ შედგა, მაშინღა აიღო თავი. ოცდათხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა, მრგვალი პირისახე ჰქონდა, ქერა თმა-წვერი და თაფლისფერი თვალები. ამოდენა ლაშქარი რომ დაინახა, ფერი დაკარგა, წამით შეტრიალება და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ვერსად წაგვივიდოდა, და გადაიფიქრა. იჯდა ჯორზე გახევებული, კანკალებდა და უაზროდ შემოგვცქეროდა. ჩვენ ჩვენი სიბრმავითა და სიბრიყვით ამ მღვდლის გამოჩენა მივიღეთ ალაჰის ნიშნად: მართლაცდა, წუთის წინ მეგზური დავკარგეთ და ვერც კი მოვასწარით საგონებელს მივცემოდით, რომ ახალი მეგზური თავისი ფეხით გვეახლა. სხვა რაღა გვინდოდა? “ალაჰი დიდია და მწყალობელი, – თქვა ომან ფაშამ, – აქ მომგვარეთ ეგ გურჯი!” ორი მებრძოლი წამსვე ჩამოქვეითდა, მღვდელი ჯორიდან ჩამოსვა და ომან ფაშას წინ დაუყენა. მღვდელი შიშისაგან წამხდარი იყო და თვალებს დაფეთებული აცეცებდა. ომან ფაშამ გაუღიმა და უთხრა: “შენი თავი ალაჰმა გამომიგზავნა, გურჯო”. როდესაც გურჯთა ენის მცოდნემ ომან ფაშას სიტყვები მის ენაზე უთხრა მღვდელს, იმან ჯერ ომან ფაშას შეხედა, წამსვე ისევ აარიდა თვალი, აკანკალებული ხელი ასწია და პირჯვარი გამოისახა. “ნუ გეშინია, არას გერჩი, – დაყვავებით უთხრა ომან ფაშამ, – ოღონდ, რასაც გიბრძანებ, ის უნდა შეასრულო”. მღვდელი ისე იყო გონებაარეული, ომან ფაშას დაპირება, ეტყობა, ვერც კი გაიგო. “ხომ იცი, ლუარსაბ-ხანი სად იმყოფება?” – ჰკითხა ომან ფაშამ. მღვდელი, როგორც იქნა, გონს მოეგო, თვალებში აზრის ნატამალი გაუკრთა, მიხვდა, რას ეკითხებოდნენ, და უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ ვიციო. მაშინ ომან ფაშამ ის სოფელი უხსენა, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი და მერე დამავიწყდა, და ჰკითხა, ეს სოფელი ხომ იცი სადააო. მღვდელმა ჯერ ომან ფაშას შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე სხვა დიდებულებს მოავლო თვალი, თითქოს რაღაცის გაგებას ლამობსო. ბოლოს თავი დაიქნია, ვიციო. “ძალიან კარგი, – თქვა ომან ფაშამ და ბრძანა, – მოჰგვარეთ ჯორი! – ბრძანება რომ შეასრულეს, ისევ მღვდელს მიუბრუნდა, – აბა, შეჯექი ჯორზე, გაგვიძეხ და პირდაპირ მაგ სოფელში მიგვიყვანე!” მღვდელი ახლა ისე აღარ კანკალებდა, მაგრამ ჩუმად იყო და მაშინ ვერ მივხვდით, ყოყმანობდა თუ სხვა რამეს ფიქრობდა. მღვდლის სიჩუმეზე ომან ფაშა, ცოტა არ იყოს, გაწყრა და ხმაში სუსხი გამოურია: “ვერ გაიგე, გურჯო, რა გითხარი?! – მერე ისევ დაუწია ხმას და ტკბილად განაგრძო, – თუ გაგვიძღვები და ლუარსაბ-ხანთან მიგვიყვან, სიცოცხლეს გაჩუქებ და სართად ერთ ქისა ოქროსაც დაგიმატებ, თუ არა და დაუყოვნებლივ მოკვდები, ლუარსაბ-ხანის ადგილსამყოფელს კი უშენოდაც იოლად მივაგნებთ”. როდესაც ეს სიტყვები გურჯთა ენაზე უთარგმნეს, მღვდელმა ომან ფაშას შეხედა და თვალებში წამით რაღაც ნაპერწკალი გაუკრთა. მე ეს ნაპერწკალი ოქროს ხსენებას მივაწერე და გულში გამეცინა. მღვდელმა კი, უკვე თითქმის სრულიად დამშვიდებულმა, ომან ფაშას შემდეგი უთხრა: “მე მაშინ მოვკვდები, როცა უფალი ჩემი ღმერთი იესო ქრისტე ინებებს”, – და კვლავ პირჯვარი გამოისახა. ჩემი ვარაუდით მღვდელი ვაჭრობას აპირებდა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ოქრო დაეცინცლა ჩვენთვის, მაგრამ მისმა ყბედობამ ომან ფაშა რისხვით აავსო. სწრაფად გადაიხარა ცხენიდან, მღვდელს წვერში წაავლო ხელი, თავი აუწია, თვალებში ჩახედა და კბილთა ღრჭენით უთხრა: “ახლა მე ვარ შენი ღმერთი და შენი სული ჩემს ხელთაა!” ამ სიტყვებით მისი წვერი ერთი მძლავრად შეანჯღრია, მერე თავი კიდევ უფრო მაღლა აუწია და, როცა მღვდელს ყელის ძარღვები დაეჭიმა, თვალები გადმოეკარკლა და სუნთქვა შეეკრა, მაშინღა გაუშვა. “აბა, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ”. მღვდელს ხველება აუვარდა და ტკივილისაგან ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო, ბოლოს, როგორც იქნა, ყელი ჩაიწმინდა და თქვა: “მეფის ღალატს მე ჩემი ნებით ვერ გავბედავ. უნდა ვილოცო და ჩემს მაცხოვარ იესო ქრისტეს დავეკითხო. თუ დასტურს მომცემს, გაგიძღვებით, თუ უარს მეტყვის, ვერ გაგიძღვებით”. მე ვიცოდი, რომ მრისხანების ჟამს ომან ფაშას შეიძლებოდა გონება ამღვრეოდა და ისეთი რამ ჩაედინა, რაც მერე სანანებელი გაგვიხდებოდა, ამიტომ სწრაფად ამოვუდექი გვერდით და სწორედ იმ წამს, რა წამსაც დანა იძრო, ვუთხარი: “ნუ აჩქარდები, დიდო სარდალო. დაე, ილოცოს და დაეკითხოს თავის იესო ქრისტეს. მაგას ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ ღალატი ღმერთს გადააბრალოს და ოქრო ისე იშოვოს, სინდისმა არ შეაწუხოს”. ომან ფაშას, როგორც სჩვეოდა, სიბრაზემ უცბადვე გაუარა და მღვდელს მიუბრუნდა: “ნება მომიცია, გურჯო. ილოცე და დაეკითხე შენს ღმერთს. ისიც უთხარი, ომან ფაშას ასე სწადია-თქო, უფრო იოლად გამოსტყუებ დასტურს!” ამ სიტყვებმა ლაშქარში მხიარული სიცილი გამოიწვია. ეეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვიყავით ოხუნჯობის გუნებაზე… მღვდელი რამდენიმე ნაბიჯზე გაგვშორდა, პირი აღმოსავლეთით ქნა, დაიჩოქა, თვალები მაღლა აღაპყრო და გაუგებარ ბუტბუტს მოჰყვა. ვიწრო ხეობაში ვიდექით, ქვიან, ოღრო-ჩოღრო გზაზე. შუადღე იყო და უმოწყალოდ ცხელოდა. გზას ორსავ მხარეს კლდოვანი ბექობი მისდევდა, რომლის თავზე მაღალი, ხშირი ტყე იწყებოდა. სიჩუმე იდგა და ირგვლივ არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ ხვლიკი თუ გაისრიალებდა დროდადრო მზისგან გახურებულ ბექობზე. მღვდელმა ბუტბუტი მალე შეწყვიტა, მაგრამ კიდევ დიდხანს იდგა მუხლებზე, გაშეშებული და ზეცისკენ თვალებაპყრობილი, ბოლოს წამოდგა და მოტრიალდა. სახე უელავდა და თვალებიდან თითქოს სხივებს აფრქვევდა. მე ეს მაინცდამაინც არ გამკვირვებია. მართალია, ამ დამფრთხალი ქრისტიანი მღვდლისაგან ცოტა მოულოდნელი კი მეჩვენა, მაგრამ, საერთოდ, ვიცი, ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისთვისაც შემიმჩნევია, რომ ღრმა და გულწრფელი ლოცვის დროს, როცა თვალის მაგიერ სულით იხედები, კაცს ასეთი რამ ზოგჯერ გემართება. მღვდელი ომან ფაშასკენ წამოვიდა. ახლა სავსებით დამშვიდებული იყო და შიშისა აღარაფერი ეტყობოდა. მივიდა ომან ფაშასთან და უთხრა: “უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, შენი მორჩილება და სამსახური მიბრძანა”. “საუცხოო ღმერთი გყოლია, გურჯო. მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ, – შორია მაგ სოფლამდე?”. “მოკლე გზით თუ წავალთ, დაღამებამდე მივაღწევთ, – მიუგო მღვდელმა, – ოღონდ სავალი ძნელია”. “ალაჰის ლაშქარს გზის სიძნელე ვერ შეაშინებს, – უთხრა ომან ფაშამ, – მოკლე გზით გაგვიძეხ!” სავალი მართლა ძნელი გამოდგა, სულ კლდე-ღრეებით, დაბურული ტყეებითა და დახრამული, ვიწრო ხეობებით ვიარეთ. მღვდელი წინ მიგვიძღოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. საშუალო ტანის კაცი იყო, ოდნავ წახრილი იჯდა ჯორზე, თავი ჩაეკიდა და ეტყობოდა ღრმა საფიქრალს მისცემოდა. უკან არც ერთხელ არ მოუხედავს. მიდიოდა უხმოდ და, რაზე ფიქრობდა, არავინ იცის. ეეჰ, წუთისოფლის სიმუხთლევ!.. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ბედისწერა მიგვიძღოდა სიკვდილის გზაზე და ეს ამოდენა ლაშქარი უდრტვინველი მორჩილებით მივდევდით უკან… მხოლოდ ერთხელ აიღო თავი. მაღალი ბუჩქების ტევრში მივდიოდით. არც მანამ და არც მერე სხვაგან ისეთი ბუჩქები არსად შემხვედრია და რა ჰქვია, არ ვიცი. დიდრონი ყვავილები ჰქონდა, თეთრი და სქელფურცლიანი. მღვდელმა თავი აიღო, გადაიხარა, ერთი ყვავილი მოწყვიტა, ცოტა ხანს უცქირა და უბეში ჩაიდო. რად უნდოდა, არ ვიცი. მერე ისევ ჩაჰკიდა თავი და გზა განაგრძო. დიდხანს ვიარეთ. ხალხიც დაიღალა და ცხენებიც, მაგრამ დასვენება არც გვიფიქრია. იმის იმედით, რომ მალე მიზანს მივაღწევდით, სადაც გამარჯვებაც გველოდა, სასმელ-საჭმელიც და განცხრომაც, დაღლილობას იოლად ვიტანდით. მზე უკვე ჩადიოდა, როცა იმ დაწყევლილ ადგილს მივაღწიეთ. ვიწრო ხეობას გავცდით, ფერდობს შევუყევით და ერთ ვეება, შიშველსა და ციცაბო, მომწვანო-მონაცრისფრო კლდეს მივადექით, რომელიც დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და ქონგურებივით ჩაკბეჩილი წვერით ბოლოვდებოდა. კლდეს ორსავ მხარეს დაბურული, გაუვალი ტყე ერტყა. ჩამავალი მზის სხივებში გახვეული კლდე უცხოდ ბრწყინავდა. წინ გასასვლელი არსად ჩანდა, მაგრამ ბედისწერის ხელი მაშინ ჯერ კიდევ არ დამინახავს, ვიფიქრე, ტყე-ტყე იქნება სადმე ბილიკი და ვერ ვამჩნევ-მეთქი. მღვდელმა ფერდობი აათავა, ჯორი ზედ კლდის ძირას შეაყენა, ჩამოხდა და ჩვენკენ მოტრიალდა. ჩვენც შევდექით. ლაშქარიც შედგა. კლდე რაღაც უცხო ბრჭყვიალებით ირეკლავდა დაცემულ სხივებს, სხვადასხვა ფერის ათინათი თვალისმომჭრელად ირეოდა ერთმანეთში და ო, ალაჰ! წამით მომეჩვენა, თითქოს მზის მეწამულ შუქში გახვეული მღვდელი თავადაც მზესავით აფრქვევდა სხივებს. მე თვალი დავხუჭე და თავი გავიქნიე, რათა ეს უცნაური და შიშისმომგვრელი ხილვა მომეშორებინა. ამ დროს მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და წყნარი, ნაღვლიანი ხმით თქვა: “მოვედით”. ომან ფაშამ, რომელიც აქამდე ცოტა გაკვირვებული შესცქეროდა მღვდელს, ახლა კითხვის თვალი გურჯთა ენის მცოდნეს მიაპყრო. როცა გაიგო, რა თქვა მღვდელმა, ისევ მიუბრუნდა. “მოვედით? – ჰკითხა და ჯერ ერთ მხარეს შეათვალიერა ტყე, მერე მეორე მხარეს. ბოლოს კლდეს ააყოლა თვალი, თითქოს გადაღმა გადახედვას ლამობსო, და თითით ჰაერში რკალი მოავლო, – აქ არის სოფელი?” “არა”, – ისევ ისე წყნარად და ნაღვლიანად თქვა მღვდელმა. სახე მშვიდი და უძრავი ჰქონდა. “არა? – განცვიფრებით გაიმეორა ომან ფაშამ, – მაშ, სად მოვედით? სოფელი სადაა?” “სოფელი შორსაა, – მიუგო მღვდელმა, – უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, – ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, – აქ მიბრძანა შენი მოყვანა”. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ომან ფაშამ ელვის უსწრაფესად ისკუპა ცხენიდან, ორი ნახტომით გაჩნდა მღვდელთან და საკინძეში ჩაავლო ხელი. “რას ამბობ, გურჯო?!” – ძლივს გამოცრა მოკუმული ტუჩებიდან. მღვდელი ჩუმად გასცქეროდა სივრცეს. მაშინ ომან ფაშამ მძლავრად შეანჯღრია. ხოლო იმ დროს, როცა მე კვლავ მკაფიოდ დავინახე, თუ როგორ აფრქვევდა სხივებს მღვდლის მზესავით მოელვარე სახე, და თვალი დავხუჭე, რათა ეს საშინელი ხილვა წეღანდელივით მომეშორებინა, გვერდით ისმაილ ფაშას შემკრთალი ხმა მომესმა: “დიდება ალაჰს! თვალი მატყუებს თუ ეს გურჯი…!” ისმაილ ფაშას სიტყვა არ დაუსრულებია, ისე გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდაო. თვალი რომ გავახილე და მისკენ მივიხედე, დავინახე, რომ განცვიფრებითა და შეძრწუნებით მისჩერებოდა მღვდელს. ომან ფაშა კი მღვდელს მთელი ძალით ანჯღრევდა და უკვე ყვირილით ეკითხებოდა: “სოფელი სად არის, გურჯო?!” მღვდელი ხმას არ იღებდა. მაშინ ომან ფაშა ყელში ეცა, ორივე ხელი წაუჭირა, მერე ისევ გაუშვა და უეცრად მუხლებზე დაეცა. “მითხარი, გურჯო, სად არის სოფელი. ხომ ხედავ, მუხლმოყრილი გემუდარები! ომან ფაშა, გურჯო, მუხლმოყრილი გემუდარება! ოღონდ აქედან გაგვიყვანე და ლუარსაბ-ხანის სამყოფელი გვაჩვენე, თუ გინდა, ნუ წამოგვყვები, ისე გვასწავლე სად არის, ოღონდ გვასწავლე და რაც გინდა მთხოვე…” მზე ჩადიოდა და მიწა თანდათან ჩრდილში ეხვეოდა. ფერდობს ჩრდილი ეფინა, ლაშქარი ჩრდილში იდგა, ჩვენც ჩრდილში ვიდექით, ომან ფაშაც ჩრდილში იდგა მუხლებზე. სხი¬ვები მაღლა-მაღლა მიიწევდა და მღვდელსაც ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა, მზე ახლა მხოლოდ მის პირისახესა და წაბლისფერ თმა-წვერს ანათებდა. “მუხლებს დაგიკოცნი, გურჯო, – ევედრებოდა ომან ფაშა, – ოღონდ აქედან გაგვიყვანე!” მღვდელი დუმდა. “გურჯო… – კიდევ ერთხელ სასოებით თქვა ომან ფაშამ და უეცრად საშინლად დაიღრიალა, – გურჯო!” ზეზე წამოვარდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შეანჯღრია, მერე ფრჩხილებით ჩააფრინდა ლოყებში და ხორცი ჩამოაფლითა. მღვდლის ლოყებზე სისხლის ნაკადულებმა იწყეს დენა. “გაგვიძღვები თუ არა?! გვასწავლი თუ არა გზას?!” მღვდელი არც იძვროდა და არც ხმას იღებდა. ომან ფაშა კი უკვე გონდაკარგული იყო. ჯერ ცერა თითი აძგერა და ცალი თვალი ამოუგდო, მერე ყელში კბილებით ჩააფრინდა და ძიძგნა დაუწყო, თან უაზროდ იმეორებდა: “გაგვიძღვები თუ არა… გვასწავლი თუ არა გზას…” წყეულ მღვდელს კრინტი არ დაუძრავს და ერთი კვნესა არ დასცდენია. მხოლოდ მაშინ, როცა ფეხზე დგომა ვეღარ შეიძლო და ძალაწართმეული მუხლებზე დავარდა, მისუსტებული, ძლივსგასაგონი ხმით თქვა: “გმადლობ, უფალო…” მერე წამოდგომა დააპირა, წამოიწია კიდეც, მაგრამ ძალა არ ეყო, გვერდზე გადაიხარა და მარცხენა მხარით დაეცა ძირს. ომან ფაშა, როგორც გააფთრებული ნადირი, ზედ დაემხო. ამ დროს მზეც ჩავიდა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. მღვდელი და ომან ფაშა ახლა უკვე ჩრდილებადღა ჩანდნენ. მღვდლის ჩრდილი უძრავად იწვა, ომან ფაშას ჩრდილი კი დაჩოქილი ტრიალებდა მის ირგვლივ და გამეტებით ძიძგნიდა. ხან დანით, ხან კბილებით, ხან ფრჩხილებით. ცოტაც და ბინდმა ყოველივე დაფარა. უკვე აღარაფერი ჩანდა და მხოლოდ ომან ფაშას ქშენა და მძიმე-მძიმე სუნთქვა ისმოდა. მერე, როცა ესეც მიწყდა, უეცრად იელვა და არემარე დღესავით განათდა. ო, ალაჰ! ახლაც არ ვიცი, რა იყო მაშინ ნამდვილი და რა მოლანდება. ელვამ დაკვესა და, თითქოს დაავიწყდა, რომ ისევ უნდა ჩამქრალიყო, დიდხანს ენთო ცაზე. მღვდელი, მკვდარი, დაფლეთილი, დასახიჩრებული, ერთიანად ალუფხული, მოკუნტული ეგდო ძირს. ომან ფაშა თავზე ადგა, გაბოროტებული თვალებით დასცქეროდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ელვა ჩაქრა და კვლავ სიბნელე ჩამოწვა. ცოტა ხნის შემდეგ ნაბიჯების ხმა გაისმა და გავარჩიე კიდეც ჩვენკენ მომავალი ომან ფაშას ჩრდილი. ომან ფაშა ჩემთან მოვიდა, ხელები მხრებზე დამაწყო, მთელი სიმძიმით ჩამომაწვა, სახე მკერდზე მომადო და ათრთოლებული, ცრემლიანი ხმით მითხრა: “ათა სულეიმან, – როცა სასოწარკვეთაში ჩავარდებოდა, სულ მთლად უმწეო ხდებოდა და ბალღივით სჭირდებოდა დაყვავება და ნუგეშის ცემა. ასეთ დროს ყოველთვის ათა სულეიმანს მეძახდა ხოლმე. – ათა სულეიმან, აკი ალი-მირზამ, იმ ბებერმა ქოფაკმა, ყველანიო?..” “დაწყნარდი, შვილო ჩემო, – ვუთხარი მე, – შენი უძლეველი ლაშქარი შენთანაა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინა გვაქვს”. ამ დროს ჭექა-ქუხილი ატყდა, ზედიზედ იელვა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პირველ გაელვებაზე კლდის მხარეს, ო, ალაჰ, ცის კაბადონზე ის გურჯი მღვდელი დავინახე. მუხლმოყრილი იდგა, თვალები მაღლა აღეპყრო და სახეზე ტანჯვისა და ნეტარების უცხო ღიმილი ეფინა. კვლავ რომ იელვა, კლდეს თვალი ავარიდე, სხვა მხარეს გავიხედე და ახლა სხვა მხარეს დავინახე იგივე სურათი. განუწყვეტლივ ელავდა და ცის ოთხივ მხრიდან გურჯი მღვდლის ტანჯული და ნეტარი ღიმილი დაგვცქეროდა. არ ვიცი, სხვებიც ამჩნევდნენ თუ არა ამ უცნაურ და გულისშემძვრელ სანახაობას, ჩემთვის კი ნათელი შეიქნა, რომ ჩვენს თავზე ბედისწერის მახვილი იყო აღმართული. ალაჰი გვირისხდებოდა, ვინაიდან მის მიერ ორგზის მოცემული ნიშანი ვერ გამოვიცანით. ახლა, თუკი ხსნა ჯერ კიდევ იყო, იმაში იყო, რომ ლაშქრობაზე ხელი აგვეღო და დაუყოვნებლივ ახალციხეში დავბრუნებულიყავით. მაგრამ ომან ფაშამ ჩემი რჩევა შორს დაიჭირა. ეგებ ვერც მე ვურჩიე ბეჯითად. მართლაცდა, ვინ იცის, რა სჯობდა: ვიღაც ბანჯგვლიანი გურჯის ხელით მომკვდარიყო და მისი მშვენიერი თავი ლუარსაბ-ხანს სპარსეთის შაჰისთვის მიერთმია, თუ დამარცხებული და სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო ახალციხეში, როგორც ფრთებდაჭრილი არწივი, რომელსაც ცის ლაჟვარდებში აფრენა აღარ უწერია?.. ეჰეი, ომან ფაშავ, ჩემო იმედო და ნუგეშო, როგორ წავაგეთ თავი!.. ვინ იცის, თავისი ქვეყნის ერთგული ერთადერთი გურჯი ბოგინობდა მთელ იმ არემარეზე და მაინცდამაინც ჩვენ გადავაწყდით!.. მომყევითო, ომახიანად დასჭექა ომან ფაშამ და გაბოროტებული და დიდებული ფიცხლად მოახტა ცხენს… მივდიოდით უკუნ ღამეში. ღვთის რისხვასავით ქუხდა და ელავდა. ცა ლამის მიწაზე ჩამოსულიყო. მივდიოდით და უკან, როგორც საკუთარი ჩრდილი, ფეხდაფეხ მოგვდევდა ბედისწერა – იმ წყეული მღვდლის სული, რომელიც ვერ მოვკალით… ვაი შენს მოხუც სულეიმანს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო!.. შენი მოკვეთილი თავი რომ ვიხილე, რომელიც მკვდარ მზეს ჰგავდა, ჩემი მზეც მაშინ ჩაესვენა და მოკვდა… ე-ჰე-ჰე, რა ამაო ყოფილხარ, საწუთროვ, რა ცრუ და მუხთალი!.. კიდევ ხომ არ იყიდი რაჰათ-ლუხუმს, უცხოელო?
დღესაც არ ვიცი, ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, თუ ცბიერმა მოხუცმა ყველაფერი მართლა რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოიგონა.
