Posts Tagged ‘ჭაბუა ამირეჯიბი’
ჭაბუა ამირეჯიბი: კაცი დიდ კატორღელთა მოდგმიდან
საუბარი ჭაბუა ამირეჯიბთან მცირე ბიოგრაფიული ესეის თანხლებით
“გამხმარო, გაძვალებულო,
მეკობრევ, ბერად შემდგარო,
სიცოცხლეგამწარებულო,
სიკვდილისაგან ვერმკვდარო!
თეთრს ცხენზე ამხედრებულო,
მწუხარე სახის რაინდო,
სოფლისგან გამეტებულო,
შენთან ბევრი მაქვს საერთო.
მიყვარხარ – ცერად გავლილი,
მიყვარხარ – ვეფხვად მხტომარე,
მიყვარხარ – ეხლა დაღლილი,
სენაკში სანთლით მჯდომარე!”
მურმან ლებანიძე
თავადი ამირეჯიბი. ამირეჯიბნიც არიან ესენიც ძველადვე ფალავანდიანთა გვარისანი, რომელთაცა აქვთ მამულნიცა ურთიერთსა შორის შერევნილნი, გარნა ამირეჯიბობაი გაუგვარდათ სახელოსი გამო, ვინაიდგან ამირეჯიბი ნიშნავს საქმის მომხსენებელსა მეფისასა, რომელიცა ნიშნავს (დაკლადჩიკს). ხოლო ესენიცა არიან ახალციხიდგანვე მოსრულნი ქართლში, რომელნიც სახლობენ ზემო ქართლსა შინა ზემო ამირეჯიბად და ქვემო ამირეჯიბად. ზემონი არიან დავითის შვილები, ხოლო ქვემონი ზაზას შვილები. აასპანის შვილები, რომელნიმე ამათ გვარისანი სცხოვრობენ იმერეთს აზნაურებად და რომელნიმე ახალციხეს ბეგებად წოდებულნი.
იოანე ბატონიშვილი – “აღწერა თავად-აზნაურთა გვარებისა”.
“სად არის თოვლი შარშანწინდელი?”
(მცირე ბიოგრაფიული ესე)
თბილისში დაიბადება 1921 წლის 18 ნოემბერს.
დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი – პირდაპირი შთამომავალია აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე – მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.
მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.
თავად “ავტოინტერვიუში” დაწერს:
“მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი “ხეპრე” გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე”.
თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელსაც წარჩინებით ამთავრებს 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღებ გამოცდებს ჩააბარებს და ჩაირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. შემგომ წელს გადადის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში “ბანაკიდანაც” კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ!). ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ, რაკი დაუმალავს, რომ რეპრესირებული მშობლები და პოლიტემიგრანტი ნათესავები ჰყავს: მამამისი 1938 წელს დახვრიტეს. დედა გადაასახლეს. ემიგრაციაშია ბიძამისი – შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი, სახელგანთქმული პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში. დახვრეტილი ან გადასახლებულნი არიან სხვა უახლოესი ნათესავების.
ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეულ ნათესავს ნახავს, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსს, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში.
იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნება – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება, მაგრამ აქაც წამოეწევა ის საბედისწერო ქაღალდი: “არასწორად გაწვეული”, მეტი რა გზა აქვს, თბილისში ბრუნდება, უნივერსიტეტის მეორე კურსზე აღიდგენს თავს, სადაც ახალ ფათერაკში გაეხვევა – 1943 წელს აიყვანენ იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ბრალად ედება შეიარაღებული აჯანყების მზადება საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად. ორგანიზაციას “თეთრი გიორგი” ჰქვია.
1944 წლის აპრილში 25 წლის პატიმრობას მიუსჯიან, მაგრამ ამას როდი იკმარებენ – განაჩენი გასაჩივრდება პროკურორის მიერ, როგორც ლმობიერი და შეიცვლება უმაღლესი ზომით – დახვრეტით.
სამი თვე ზის სიკვდილმისჯილთა საკანში, ფრანსუა ვიიონს იხსენებს ხოლმე და ჯერ კიდევ არ იცის, რომ ამავე მდგომარეობაში მყოფი იულიუს ფუჩიკი “რეპორტაჟი სახრჩობელიდან”-ს წერს.
და ტრიბუნალი კვლავაც რომ შეუცვლის სასჯელს 25 წლის პატიმრობით, ისეთივე ტრგიფარსულ ვითარებაში ამოჰყოფს თავს, როგორც 1849 წელს “პეტრუშევსკის საქმის” გამო სასიკვდილო ეშაფოტზე აყვანილი ფიოდორ დოსტოევსკი – შეწყალებას რომ გამოუცხადებენ და სიკვდილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში კატორღად რომ შეუცვლიან.
დიდი კატორღელი, ფიოდორ დოსტოევსკი ასე დაწერს “დანაშაული და სასჯელის” ფურცლებზე: “იგი თავის კატორღელ ამხანაგებს უყურებდა და უკვირდა: იმათაც როგორ ჰყვარებიათ სიცოცხლე, როგორ დაჰკანკალებენ ზედ! სწორედ მაშინ მოეჩვენა, რომ პატიმრობაში უფრო უყვართ და აფასებენ, და უფრო მეტად უფრთხილდებიან სიცოცხლეს, ვიდრე თავისუფლებაში”.
არა, ის ამდაგვარად ვერ მოიქცევა და სტალინური “გულაგ”-ის სხვადასხვა პუნქტებს – ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებს მოივლის, ძველ სამ გაქცევას კიდევ სამს დაუმატებს…
ამ ვითარებამ შეიძლება კიდევ გაგვახსენოს ორი დიდი კატორღელი:
პირველი მათგანი ლეკთა ტყვეობიდან უშედეგოდ გაქცეული დავით გურამიშვილია:
“მამიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,
არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.
უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდად დამაშურეს.
გავიპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს”.
ხოლო მეორე კი ალჟირის ფაშას ტყვეობაში მონად გაყიდული მიგელ დე სერვანტეს საავედრაა, ოთხი ყოველწლიური გაქცევის ცდა უშედეგოდ რომ დაუმთავრდება, მაგარ-მაგარ როზგებსაც მიიღებს, შემდეგში მისიონერები გამოისყიდიან და ესპანეთში დაბრუნებულს კიდევ სამჯერ დაიჭერენ და სწორედ მესამე პატიმრობისას, სევილიის ციხეში ჩაიფიქრებს თავის “დონ კიხოტს”, რომლის მეორე წიგნის 58-ე თავში ასეთი სიტყვების არის:
“-თავისუფლება, სანჩო, ესაა ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი განძი, რომელსაც ზეცა ანიჭებს ადამიანს: ვერავითარი სხვა საუნჯე, ვერც მიწის წიაღში დაფლული და ვერც ზღვის ფსკერზე დამალული, ახლოს ვერ მივა მასთან. თავისუფლების, ისევე როგორც ღირსების გულისათვის, შეიძლება თავი გასწიროს და კიდეც უნდა გასწიროს კაცმა. და, პირიქით, მონობაა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უბედურება, რაც შეიძლება თავს დაატყდეს ადამიანს”.
ერთ-ერთი გაქცევის გამო მეორედ მიუსჯიან დახვრეტას, შემდეგში შეუცვლიან ახალი ვადის დამატებით და, რეაბილიტაციით განთავისუფლების ჟამს, როცა ისეთ მდგომარეობაშია, როგორც რუსთაველის ერთი პერსონაჟი: “ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე საკნით ნააზატები” – ეს ხდება 1959 წლის დეკემბერში – სტალინურ ბანაკში ორჯერ გამოტანილ დახვრეტის განაჩენს და საბოლოო ჯამში 83 წლის პატიმრობის შესაძლებლობას მოიტოვებს უკან, თუმცა მხოლოდ თექვსმეტწლიანი სასხელი აქვს მოხდილი. და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, რომელთა ორგკომიტეტის წევრიც იყო.
ოჯახში არცთუ სახარბიელო ვითარება დახვდა: მამა ხომ 38-ში დაუხვრიტეს, დედას ათი წლის პატიმრობა მოუხდია სხვადასხვა ბანაკებში და დაბრუნებულა. მისი უმცროსი და, ნათია დეიდებთან იზრდება. უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობს, ჩინებული პოეტის, მიხაილ სვეტლოვის ცოლია, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ – ბრწყინვალე ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოს მეუღლე. სწორედ ამ პერიოდის შესახებ შექმნის აგრეთვე კატორღელი და შესაშური ერუდიციის კრიტიკოსი, ოტია პაჭკორია თავის მშვენიერ ლიტერატურულ პორტრეტს “ჭაბუა და ბრუნო”. ქალბატონი როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში ბრუნდება, სადაც 77 წლისა განისვენებს კიდეც და დაუტოვებს ხსოვნას აღსრულებული ნათესაური ვალისას, რადგან დედამისსაც და ჭაბუასაც პატრონობდა პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დასაც უვლიდა…
ჰყავს ექვსი შვილი, რაღა დასამალია და, სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ, უკვე მეოთხე ათეული წელია, როგორც თავად ამბობს, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში.
უფროსი ქალიშვილი მანანა, პირველი გაქცევის ნაყოფი, მამის კვალზე წავა – მოთხრობებს წერს, იბეჭდება და მკითხველიც იცნობს. მომდევნო ქალიშვილი, მეორე გაქცევის ნაყოფი, დედისა და პაპის კვალზე წავა – იურისტი გახდება, მერე კი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელია.
შემდეგ თავისუფლებაში გაჩენილი შვილები მოდიან, ოთხი ბიჭი.
უფროსი, ირაკლი აფხაზეთის ომში იბრძვის, სადაც გმირულად დაიღუპება – ერთ ჟურნალისტს აეფარება წინ, გადაარჩენს – რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ.
მომდევნო, ლაშა მოქანდაკეა. ისიც აფხაზეთშია ნაომარი.
მესამე, ქურციკი – კინორეჟოსო-ოპერატორია, ესეც ომის მოინაწილეა და მამამისზე გადაღებული საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორი.
მეოთხეს ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული – ისიც ნაომარია აფხაზეთში.
ჰყავს ხუთი შვილიშვილი, სამი შვილთაშვილი.
პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.
გახდება 1979 წლის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის 1994 წლის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი; ამასთან, დაჯილდოვდება უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ანგარიშით, ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაცხრა-ოცდაათ ენაზე და, ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლავაც იხსენებს დიდი კატორღელის, ფრანსუა ვიიონის სტრიქონებს:
“და ვიმეორებ სოფლის სამდურავს:
სად არის თოვლი შარშანწინდელი?”
მინაწერი:
ვიდრე ამ ესეს დავასრულებდი, ბატონ ჭაბუასთან დავრეკე, დაბადებიდან 85 წელი ქალბატონ თამარის პირით მივულოცე ჩვენს სახელოვან მწერალს და იმითაც დავინტერესდი, დაამთავრა თუ არა თავისი მემუარების წიგნი, რომლის პირველი მონაკვეთი “ლიტერატურულმა პალიტრამ” შარშან შესთავაზა მკითხველს.
ცოტაღა დამრჩაო, – ბრძანა ბატონმა ჭაბუამ, – და სახელად ერქმევა ასე: “დამახსოვრებულიდან”.
თქვენზე რომ ვებ-გვერდი შექმნეს 138-ე საჯარო სკოლის მესვეურებმა, ის თუ ნახეთ მეთქი, – დავინტერესდი.
არა, ჯერ არ მინახავსო და იქნებ მისამართი შემატყობინოო, – შემომითვალა იუბილარმა.
და მეც სიამოვნებით ვასრულებ ამ თხოვნას: http://www.skola138.edu.ge/amirejibi/index.html – ესაა თბილისის 138-ე საჯარო სკოლის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის ინტერნეტული მისამართი ჭაბუა ამირეჯიბზე, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ როგორც ამ სკოლის მესვეურებს, ასევე იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტის შექმნაში.
-თქვენ რომელი ამირეჯიბი ბრძანდებით – ზემო, ქვემო თუ აასპანისა და კიდევ – რაკი იოანე ბატონოშვილის თქმით “ძველთაგანვე ფალავანდინთა გვარისანი” ხართ, გერბიც მათნაირი ხომ არა გაქვთ?
-არა, შეგიძლიათ ნახოთ – ამირეჯიბთა გერბი ყველა ჰერალდიკურ გამოცემაშია დაბეჭდილი.
რაც შეეხება ჩემი გვარის წარმომავლობას, მოგახსენებთ, რომ ჩვენი პირველი წინაპარი, ვინც დავით კურაპალატისგან საამირეჯიბო ხელი და ქართლში მისგანვე მამულები მიიღო, იყო ქურციკ (ქუცნა) ქვაბლიძე (ქვაბულიძე, რაჭველი ციხოვანი აზნაური). ადვილი შესაძლებელია, ამირეჯიბები და ფალავანდიშვილები ამ ერთი კაცისგან მოვდიოდეთ; აქ ყურადღების ღირსია ისიც, რომ ეს ორი გვარი, მონღოლებიდან მოკიდებული, ერთმანეთში ქალს არ გაათხოვებდა და არც დღეს მეგულება, რომელიმე ამირეჯიბის ქალი ფალავანდიანთ რძალი იყოს ან, პირიქით, ამირეჯიბს ფალავანდიანთ ქალი ჰყავდეს. ამის მიზეზი შემდეგია: მოგეხსენებათ, ქართლში მონღოლობის დროს სახალხო აჯანყებას ორი გვარი მეთაურობდა – ამირეჯიბნი და ფალავანდიშვილნი. ისიც მოგეხსენებათ, მონღოლებმა აჯანყების ჩაქრობა ვერ შეძლეს და შერიგების გზას დაადგნენ. ჯერ ფალავანდიშვილებს შემოუთვალეს, – რამდენიც იყოთ იარაღის მატარებელი, ჩამოდით, ყაენს ეახლეთ, შევრიგდეთ და ქვეყანა დავამშვიდოთო. თუ არ ვცდები, იმჟამად მთაში გახიზნული მეფე გიორგის თანხმობით, ფალავანდიშვილები მართლაც ეახლნენ ყაენს, შერიგება მოხდა და ეს გვარი აჯანყებას გამოეთიშა.
ამის შემდეგ ყაენმა ამირეჯიბებსაც მოუგზავნა შუამავლები, მაგრამ ესენი დიდხანს მტკიცე უარზე იდგნენ, აჯანყებას განაგრძობდნენ. მემატიანე არაფერს ამბობს მიზეზთა გამო, მაგრამ ამირეჯიბებმა ბოლოს და ბოლოს თანხმობა განაცხადეს, ჯალაბი ციხეებში მიმალეს და სამოცდასამნი – იარაღის მატარებელნი, ყაენს გამოეცხადნენ. არც ის არის ცნობილი, იქ რა მოხდა, როგორ წარიმართა შერიგების მსვლელობა. ცნობილია მხოლოდ, რომ მონღოლებმა სამოცდასამთავე ამირეჯიბს თავები წააგდებინეს. ერთი გვარის მიერ გაღებული ამდენი და ერთდროული მსხვერპლი ქართველი ერის ისტორიაში, რამდენადაც ვიცი, ცნობილი არ არის. პირადად მე ასეთი ფინალის მიზეზად იქ ჩასულ, `მონღოლთა ზედა~ არაერთგზის გამარჯვებული ამირეჯიბების ამპარტავნებასა და მკაფიოდ გამოხატულ მუხლმოუდრეკლობას ვთვლი, რაც ყაენმა პირად შეურაცხყოფად მიიღო, ურჩთ ყაენური პასუხი მიაგო.
რატომ და რისთვის მოიძულა ამ ორმა გვარმა ერთმანეთი, არც ამაზეა ცნობილი რაიმე. ყოველ შემთხვევაში, მიზეზი არც ჩემმა უახლოესმა წინაპრებმა იცოდნენ.
ჩვენ ის ამირეჯიბები ვართ, ვინც ქართლში, ფცისა და ფრონეს ხეობებში, ქართლ-იმერეთის ქედიდან მტკვრამდე მამულებს ვფლობდით, ანუ იმ ზაზას ჩამომავლები, რომელიც ერეკლეს მინბაში იყო და მეფემ სასიყვარულოდ `ქოფაკი~ შეარქვა. ზაზა, სოლომონი, ქაიხოსრო, დარისპანი, გიორგი, ერეკლე, მზეჭაბუკი – მეშვიდე თაობა ვარ და საერთოდ კი ორმოცდამეთერთმეტე ამირეჯიბი. ასე ითვლიდა პაპაჩემი გიორგი (ჯვრებიანი გიგო).
სხვა ამირეჯიბები რაჭველები ვიცი, იმ პირველი ქუცნას ძმის, ციხოვან აზნაურ ქვაბლიძეთა ჩამომავლები, რომლებმაც გვარი ამირეჯიბად შეიცვალეს. ერთი ასეთი ჭარმაგი, წარმოსადეგი კაცი ათას ცხრაას ორმოც წელს კიევში კალათბურთელთა ასპარეზობაზე ჩასულმა ვნახე. ოფიციანტი იყო, გვარი მკითხა, ვუთხარი, – მეც ამირეჯიბი ვარო და პასპორტი მაჩვენა.
-ბატონო ჭაბუა, მგონია, რომ ნიჭი უზენაესმა უწყალობა მწერალს, მასზე დაყრდნობით უფალს რაღაცის თქმა სურდა ადამიანებისთვის; ასე რომ, ყოველი ნიჭიერი მწერალი უფლის კალამია, ამის აღიარებას რომ გაურბოდეს კიდეც. თქვენ როგორ ფიქრობთ? და ისიც გვიამბეთ, თუ როგორ გახდით მწერალი.
-მე ასე ვიტყოდი – ყველანაირი ნიჭი უზენაესის წყალობაა, ყოველი ნიჭიერი კაცი, რა თქმა უნდა, უფლის მიერ კაცობრიობისა თუ გარკვეული ერისთვის გამოწვდილი, სიკეთით დამუხტული ხელია, კალამი იქნება ეს, გონიო და სახაზავი, გარდასახვის მახვილი უნარი თუ კიდევ სხვა რამ ღირსება.
რაც შეეხება ჩემს მწერლობას, იგი რვა-ცხრა წლის ასაკიდან დაიწყო. ლექსების წერას ვლამობდი, უამრავ თავგადასავალს ვთხზავდი, ამხანაგებს ვუამბობდი, პირდაღებული მისმენდნენ. ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთმა `კავკასიონმა~ ჩემთან ინტერვიუ გამოაქვეყნა და წარუმძღვარა ჩემს მიერ რვა წლის ასაკში ბათუმში დაწერილი ორსტროფიანი ლექსი… ერთმა ღმერთმა იცის, საიდან და როგორ იპოვნეს.
პატიმრობაშიც ვცდილობდი მეწერა. მართმევდნენ, კარცერშიც კი ვიჯექი ხოლმე, რომ არ ვიშლიდი, იმიტომ. უფრო კი ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, ვსწავლობდი, ვინ როგორ აღწევდა გამომსახველობას. ასე ბევრს რასმე ჩავწვდი. იქიდან დაწერილი არაფერი შემრჩენია იმის გარდა, რაც შინ მიწერილ `მარცხენა~ წერილებში შევძელი თითო გვერდი შემეპარებინა.
მწერალი კი ასეთნაირად გავხდი: შინ ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ოცდაშვიდ დეკემბერს მოვედი, რამდენიმე დღე ქეიფ-სტუმრობებმა წაიღო. ათას ცხრაას სამოცი წლის ორ იანვარს დავჯექი და დავწერე საშუალო ღირსების მოთხრობა `რატომ არ დამაცადე~. მეზობელმა გადამიბეჭდა მანქანაზე სამ ეგზემპლარად. მოვკეცე, ჩავიდე პალტოს მარჯვენა უბეში და წავედი `მნათობის~ რედაქციაში, რომელიც მაშინ თერთმეტსართულიან სახლში, მეორე სართულზე იყო. კარგად მახსოვს, მეცვა ყავისფერი დრაპის, ჩემი სიძის – მიხეილ სვეტლოვის ნაჩუქარი პალტო, მეხურა შავი შლიაპა, ყელზე წითელი კაშნე მეხვია… ავედი მეორე სართულზე, შევაღე პირველივე კარი… მბეჭდავ-მემანქანეების ოთახი იყო.
- ბოდიშს ვიხდი, მოთხრობა მაქვს, სად და ვისთან უნდა მივიტანო?
- ვიგრძენი, ერთგვარი ცნობისმოყვარეობითა და, თუ არ ვცდები, ასეთი ქვეტექსტით შემომცქეროდნენ, – აი, კიდევ ერთი გრაფომანი და მსხვერპლი სახელის ძიებისაო. მერე ერთ-ერთმა მიმასწავლა:
- დერეფანს გაყევით, კარებს სულაკაური აწერია, მისი საქმეა პროზა.
ის კარიც შევაღე. სამი კაცი უჯდა საწერ მაგიდას.
- სულაკაური რომელი ბრძანდებით? – ვიკითხე.
- მე გახლავართ, – მითხრა გახუნებულ, ნაცრისფერპალტოიანმა, საშუალოზე დაბალი ტანის წასასვლელად გამზადებულმა კაცმა. – რით შემიძლია გემსახუროთ?
- მოთხრობა მაქვს, – მივუგე და უბიდან, როგორც უკვე ვთქვი, სიგრძივ ორად მოკეცილი “შედევრი” დავაძრე.
- აქ დადეთ! – თქვა არჩილმა.
დავდე და ვიკითხე:
- პასუხისთვის როდის გეახლოთ?
- ორი კვირის შემდეგ!
- წასვლა დავაპირე… მოხდა სასწაული – ორად დაკეცილი მოთხრობა გადაიშალა, არჩილმა თვალი მოჰკრა: ჭაბუა ამირეჯიბი. “რატომ არ დამაცადე”. და მკითხა:
- თქვენ რომელი ჭაბუა ამირეჯიბი ხართ?
- სეხნია არა მყავს, ბატონო არცილ.
ჩემი გვარ-სახელი იმ პერიოდში ქარტველი საზოგადოებისათვის კარგად იყო ცნობილი. ესაც ნუ იქნებოდა, მე და არჩილის მამა ერთად ვიყავით ნაჯდომი და ჩემი ამბებისა არჩილს მამისგანაც ეცოდინებოდა.
გაიხადა არჩილმა პალტო, კედელსა დამ ის საწერ მაგიდას შორის ცაკვეხებულ სავარძელზე მიმითითა – დაბრძანდითო, და კითხვას შეუდგა. ბოლომდე ჩაიკითხა, დაბრუნდა, რაღაც ადგილები განმეორებით ჩაათვალიერა და უკვე გულწრფელად, შინაურულად მითხრა:
- მწერალი ყოფილხარ, ძმაო! ერთი წუთი დამიცადე, ახლავე დავბრუნდები.
მაშინ “მნათობის” მთავარ
მაშინ `მნათობის~ მთავარ რედაქტორად ბატონი სიმონ ჩიქოვანი იყო. იქ წაიღო ჩემი მოთხრობა არჩილმა. ბარე ორმოცი წუთი ვიჯექი. მოიტანა ვიზით: `დაიბეჭდოს პირველ ნომერში. ს. ჩიქოვანი~. იანვარი უკვე დაწყებული, პირველი ნომერი სტამბაში ჩაშვებული იყო. არ ვიცი, ვისი რა ამოიღეს, რამ მოხიბლა ბატონი სიმონი – ჩემმა ბიოგრაფიამ თუ… ასეა თუ ისე, მოთხრობის ღირსება ვერ ითამაშებდა როლს იმაში, რომ ათას ცხრაას სამოცი წლის იანვრის `მნათობში~ ჩემი პირველი ნაწერი დაიბეჭდა.
ასე ვიქეცი მწერლად.
-გრაფი სეგედი იტყვის: `ყველა დროის საზოგადოებაში იყო არწივის, სვავის და ჩიორას მეტ-ნაკლები ასპარეზი და ადამიანი ერთს, მეორეს თუ მესამეს ზნეობრივი მიდრეკილების თანახმად ირჩევდა~. ამგვარი დეფინიციით თქვენ რომელი ფრინველისა თუ ცხოველის ასპარეზი ირჩიეთ?
-დავიბადე და აღვიზარდე ოჯახსა და წრეში, სადაც არავის და არასდროს (შესაძლო მცირე გამონაკლისების გარდა) უარი არ უთქვამს მაღალი ზნეობითა და ქართველი მამულიშვილობით განპირობებულ მოვალეობათათვის. სხვათა შორის, მრავალ ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, ძნელი, ჭირვეული ბავშვი ვიყავი და გამოსასწორებლად `გამაბარეს~. არ ვიცი, როგორ დაიყოლიეს სორბონადამთავრებული, ბრწყინვალე პედაგოგი, ქალბატონი მელანია მეძმარიაშვილი-გველესიანისა (იმხანად უკვე გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის, ბატონ გრიგოლ გველესიანის მეუღლე), ავეყვანე, მაგრამ მგონია, ამ ადამიანმა არა მარტო ჩემი `მორჯულება~ შესძლო, არამედ, თუკი ღმერთისგან რაიმე რიგიანი მონაცემების ჩანასახები მქონდა, მაქსიმალურად განმივითარა და ჩემში შემოქმედებითი აზროვნების უნარიც აღზარდა.
ოჯახში აღზრდისა და მელანიას ორი წლის შრომის შემდეგ – გავბედავ, ვიტყვი – თანდაყოლილი ზნეობრივი მიდრეკილებიდან გამომდინარე, არწივის ასპარეზი და ხასიათი მარგუნა მაღალმა ღმერთმა. ალბათ, მართალს ვამბობ, თუკი ჩემი განვლილი ცხოვრების პერიპეტიებსა და შედეგად ჩამოყალიბებულ ფსიქოლოგიურ ტიპს მივიღებთ მხედველობაში.
- უკვე ბრძანეთ, 1960 წელს ჟურნალ “მნათობის” პირველ ნომერში დაიბეჭდა თქვენი მოთხრობა “რატომ არ დამაცადე” – ასე დაიწყო თქვენი სამწერლო მოღვაწეობა. მაშინდელ ატმოსფეროს ხო მარ გაიხსენებდით, ნაკატორღალი კაცის დაბეჭდვა ძალიან გარტულდებოდა.
- ჩემი დაბრუნებისა და პირველი პუბლიკაციის დრო არამცთუ მძიმე არ იყო, არამედ საგრძნობლად შერბილებულიც. ეს გახლდათ, ოტია პაჭკორიას ტერმინს თუ გამოვიყენებთ, “რეაბილიტანსის” პერიოდი. დაბრუნებულთა მიმართ ხელისუფლება შემწყნარებლობას იჩენდა, ხოლო პატიოსანი მოხელეები ხელსაც კი გვიწყობდნენ ყველაფერში: რეპრესიების მსხვერპლთ აძლევდნენ ბინებს კონფისკირებულის სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებას რეაბილიტირებულის ბოლო ხელფასის გათვალისწინებით. პირადად მე კონფისკირებული აგარაკიც კი დავიბრუნე კიკეთში. ძალიან დამეხმარნენ. ვსარგებლობ შემთხვევით, უღრმეს მადლობას მოვახენებ ყველას, ვინც ხელი გამომიწოდა. ასე რომ, არც ჩემი პირველი მოთხრობის დაბეჭდვა გაძნელებულა. მაგრამ, ცხადია, ეს არ განხორციელდებოდა, თუ არა ბატონ არჩილ სულაკაურისა და ბატონ სიმონ ჩიქოვანის კეთილი ნება.
ღმერთო, ნათელში ამყოფე მათი უკვდავი სული!
-პიროვნების ადგილი და როლი საზოგადოებაში, ინდივიდის ფორმირება – მისი განკაცება: განდგომიდან სხვისთვის სიკეთის შეგნებულ და აზრიან ქმნამდე – აი, ამ რეგისტრში მიმოიქცევა დათა თუთაშხიას მრავალგანზომილებიანი ხასიათი, რომლის შესაქმნელად, წარმომიდგენია, რამხელა ძალისხმევაა დახარჯული… ეგებ გაგვანდოთ, როგორ მუშაობდით ამ რომანზე?
-ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას დათა თუთაშხიას მრავალგანზომილებიანი ხასიათისა და მისი, როგორც პროტაგონისტის, ქმედებების რეგისტრის თაობაზე. მგონია, გმირის ხასიათის ჩამოსაყალიბებლად ყველაზე ხელსაყრელი ფორმულა ავირჩიე: ქმედება და სხვათა აზრი ამ ქმედებათა გამო.
რაც შეეხება ძალისხმევას, უნდა მოგახსენოთ, რომ იგი საკმაოდ გრძელ დროშია განფენილი. ნელა, დროდარო ვწერ. ამდენად დიდ დატვირთვას ვერ ვგრძნობ. საერთოდ კი, უნდა გამოვთქვა აზრი სწრაფად და ნელა წერის გამო. არა მგონია, სერიოზული თხზულება სწრაფად, `ერთი ჩაჯდომით~ იწერებოდეს. პირადად მე ერთი ჩაჯდომით სტატიასაც კი ვერ დავწერ. პროზას ვწერ ნაწყვეტებად, ეპიზოდებად. წერას ვიწყებ მხოლოდ მას მერე, როცა რომანი `დანახულია~, ანუ იგი მთლიანად არის აღბეჭდილი ჩემს წარმოდგენაში. ამასთან ერთად ვწერ იმ ნაწყვეტს, რომელიც ამჟამად მზად მაქვს დასაწერად. ეს შეიძლება შუა წიგნიდან ან სულაც ბოლო ნაწყვეტი იყოს. `დათა~ მესამედიც არ მქონდა დაწერილი, როცა ფინალი დავწერე. ყველაზე რთული, ძნელი და შრომატევადი სამუშაო კომპოზიციაა, ანუ ადრე დაწერილი ნაწყვეტების მთლიანობაში მოყვანა და ისეთ მთლიანობაში, როგორიც წიგნის ჩანაფიქრს, ანუ იდეას სრულად დააკმაყოფილებს.
-ამ ნაწარმოების წყობა, აგებულება, მოკლედ, მთელი კომპოზიციური სისტემა – სხვადასხვა ადამიანის თვალით დანახული გმირი, მათი მონათხრობი – სახარებისეული თხრობის არქეტიპს ხომ არ ეფუძნება?
-დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბიბლიასა და ოთხთავზე ბევრი მაქვს ნამუშევარი და ადვილი შესაძლებელია, ჩემი რომანების ფორმასა და სტილზე ამ წიგნთა წიგნებმა გარკვეული გავლენა მოახდინეს. ასეც რომ იყოს, ცუდია?
-ცუდი კი არა, პირიქით… ალბათ, ამგვარმა არქიტექტონიკამ თავის მხრივ საგანგები მხატვრული ენა დაისაჭიროვა, რომელიც არაფრით არ თავსდება ხოლმე სალიტერატურო ენის ერთიანი მორფოლოგიურ-სინტაქსური კანონების ჩარჩოებში და რომელმაც გამოავლინა სალაპარაკო ენაში სიტყვის გამოყანების ასპექტები, ის განსხვავებული ელფერები და მნიშვნელობები, ესა თუ ის სიტყვა რომ იძენს კონტექსტში – იქნება ეს კილოკავებში, დიალექტში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჟარგონში თუ პროფესიულ მეტყველებაში… ამას ხომ სპეციალური შესწავლა დასჭირდებოდა, აგრეთვე, სასაუბრო ენის მოსმენა და სხვადასხვა ლექსიკონების დამუშავება…
-არაფერი მისწავლია სპეციალურად და მაინცდამაინც არც ლექსიკონები შემიწუხებია. ვცხოვრობ, მესმის, ვხედავ და ყოველივე ეს ცხოვრებისეული, მათ შორის, ენობრივი გამოცდილების სახით გროვდება გონებასა და მეხსიერებაში. განა ძნელი შესამჩნევია, რომ ქართლელი იტყვის – `ეგრეა ეგა~, ხოლო მეგრელი – `ასეა ეს!~, ან ის, რომ თბილისელი ახვარი და ზუგდიდელი ინტელიგენტი ერთი და იგივე ლექსიკური ფონდით არ სარგებლობენ? ენის ნიუანსებია გმირის დახასიათების ერთ-ერთი უმთავრესი მასალა. არ უარვყოფ, ყოველივე ამას ის ხელი სჭირდება, ზემოთ ერთ-ერთ შეკითხვაში რომ გამოიყენეთ. მართალია, ყოველივე ეს მხოლოდ დეტალებია, მაგრამ სრულიად აუცილებელი და ქმედითი წვრიმალიც. სხვაგვარად მხატვრული მწერლობა ვერ განხორციელდება.
-ალბათ, დამეთანხმებით, მთავარი მაინც სიტყვის გრძნობაა, რომელიც, მუსიკალური სმენის მსგავსად, ან აქვს ადამიანს, ან არა. ამ სიტყვის გრძნობას ასე ხსნიდნენ ძველინდური პოეტიკის თეორეტიკოსები – მსგავსად ასოებისა, სიტყვებს რომ შეადგენენ, კიდევ არსებობს უზენაესთან დაკავშირებული რაღაც ბგერათარსი, რაც სიტყვის მნიშვნელობას გადმოსცემს – ისევე, როგორც დარეკვის შემდეგ ზარში გუგუნი ისმის. ილია ჭავჭავაძეს ეს კარგად ესმოდა და, ალბათ, ამიტომაც ამბობდა – ენა საღმრთო რამ არის, კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოსო. თქვენ რას იტყოდით სიტყვაზე, როგორც ღვთაებრივ ლოგოსზე?
-”პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა”. ეს ერთადერთი ინტერვიუა, რომელმაც გამამდიდრა. ღმერთო, რა შესანიშნავი რამ არის მხატვრული სიტყვის შედარება უკვე ჩამოკრული ზარის შემდეგ განივთებულ გუგუნთან. ამ მოვლენას მე სიტყვის ნამდვილი, წინასწარ გამიზნული არსის ამეტყველებას დავარქმევდი. სიტყვა ითქვა (დაიწერა), გუგუნი ისმის. სწორედ ეს არის ნამდვილი სიტყვაკაზმულობა და სიტყვის ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი. უმეცარი, ღვთივ კალთადაუბერტყავი ხელის შეხება ამ ფენომენთან მართლაც ცოდვაა. ილია ყოველთვის და ყველაფერში ილიაა!
- ბატონო ჭაბუა, არ იფიქროთ, ინდოეთიდან ექსპორტირებული რომელიმე რელიგიის აღმასარებელი ვიყო, მე ჩემ წინაპართა რწმენაზე ვდგავარ და ასეც მოვკვდები, მაგრამ იმით გამხნევებული, რომ მეშვიდე-მეათე საუკუნეების ჩვენმა დიდმა მთარგმნელებმა ქრისტიანულ ყაიდაზე გარდათქვეს ბუდას ცხოვრება “სიბრძნე ბალაჰვარისას” სახით, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების კვალობაზე იმათგან რაღაც-რაღაცეების სწავლას ვცდილობ ხოლმე და აი, რა ვიპოვე სანსკრიტულ პოეტიკაში:
ყოველ ჭეშმარიტ პოეტურ (ამ სიტყვაში პროზაც იგულისმება, ლექსიც და დრამატურგიაც) თხზულებას უნდა გააჩნდეს ორი ფენა: ნაწილი, გამოხატული სიტყვით (პირდაპირი და მეტაფორული მნიჩვნელობით) და ნაწილი დაფარული (სუგესტიური), გამომდინარე გამოხატული ნაწილიდან, განუყოფელ მთლიანობას უნდა ქმნიდეს მასთან… აქედან გამომდინარეობს შეკითხვაც: “დათა თუთაშხიას” ჰორიზონტში გაშლილი კონკრეტული დრო და სივრცე, რომელშიც პროტაგონისტი თვითსრულყოფის კიბით ზეცისკენ მიემართება, წაკითხვის შემდეგ თავისუფლდება სიტყვებისგან, განზოგადდება და სწორედ იმ სუგესტიურ პლასტებს აჩენს, სანსკრიტული პოეტიკის თეორეტიკოსები რომ მოითხოვენ: წმინდა გიორგის მარადიული ბრძოლა გველეშაპთან, რომელშიც იესო ქრისტეს მისტერიაც შემოდის და კაენ-აბელის არქეტიპიც… მაგრამ რა აწესრიგებს ამ დაფარულს – ქრისტიანული თუ წარმართული მსოფლმხედველობა? აი, ამ რომანის მეოთხე კარის იგავური ეპიგრაფის ფინალი:
“დაუტევა სულმან თუთაშხასმან ხორცნი მიწასა ზედა, აღევლინა ცად, დაჯდა მთოვარედ და იქმნა ძე იგი ხორციელი ღმერთად”. ქრისტიანული სწავლებით, ძე ხორციელი ღმერთად ვერ იქცევა…
- ვფიქრობ, თხზულების (თუ გნებავთ, სიტყვის, იერსახის) სუგესტიური ნაწილის გარეშე სულიერად მართლაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება. დავაკვირდეთ, ყოველი შედევრის უპირველესი მახასიეთებელი გაცხადებულისა და დაფარულის მკვიდრი და ნათელი ერთობლიობაა. ამის მკაფიო მაგალითს მითოსები იძლევა: ამბავი შეიცავს გაცხადებულ ფაქტსა და ჩასაწვდომ დაფარულსაც. ორთავე ერთად – იდეასა და თხზულებას მთლიანობაში. ჩემი აზრით, ამ მოვლენის მოწესრიგება ხელეწიფება ინტელექტს და არა ამა თუ იმ მსოფლმხედველობას, ქრისტიანული იქნება იგი თუ წარმართული.
რაც შეეხება იმას, რომ “დაჯდა მთოვარედ და იქმნა ძე იგი ხორციელი ღმერთად”, ნება მიბოძიეთ, ეს მწერლის ნებას მივანდოთ. დავსძენ, რომანი ოცდახუთი წლის განმავლობაში ამ “ერეტიკოსობის” გამო არავის გაუკრიტიკებია და მისი ავტორი წინაპრებივით მართლმადიდებელი ეკლესიის შვილად რჩება.
-`დათა თუთაშხია~ რვა თუ ცხრა წლის განმავლობაში, 1964-1972 წლებში იწერებოდა, ამავე წლის `ცისკრის~ მეშვიდე ნომრიდან მაშინდელი რედაქტორის, ჯანსუღ ჩარკვიანის ვაჟკაცური თანადგომით დაიწყო მისი პუბლიკაცია თუ ძლევამოსილი სვლა: წიგნად გამოვიდა, კინოფილმადაც გადაიღეს და ახლა უკვე მსოფლიოს ხალხთა ოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი… ასეთ შემთხვევაში ბორხესი იტყოდა, რომ წიგნმა გადალახა განზრახვის ჩარჩოები… რა მოხდა, თქვენ როგორ ახსნიდით ამას?
-`დათა~ რომ დავამთავრე, ვიცოდი, წიგნი შედგა, მაგრამ, ამხელა გამოძახილი თუ ექნებოდა, მერწმუნეთ, არ მეგონა. ჯანსუღ ჩარკვიანზე სიმართლეს ბრძანებთ, მისი თავდადება და რისკი რომ არა, რა ბედი ეწეოდა ამ რომანს, ვერ გეტყვით. ყველაფერი კი ასე მოხდა: მივიტანე უზარმაზარი ხელნაწერი (მანქანაზე გადაბეჭდილი) “ცისკარში”, დავუდე ჯანსუღს მაგიდაზე, ვუთხარი, – ვიცი, ამ წიგნის დამბეჭდავი დღესდღეობით არავინ არის, მაგრამ მაინც წაიკითხეთ, დარწმუნებული ვარ, ათი, თხუთმეტი წლის შემდეგ დაიბეჭდება მეთქი. პირველი მკითხველი გივი გეგეჭკორი იყო, მეორე – ტარიელ ჭანტურია და ასე შემდეგ. ბოლოს ჯანსუღმაც წაიკითხა და მითხრა, – ერთ სიტყვას არ შევცვლით, ისე დავბეჭდავთო… მეგონა, მასხრობდა… ჩაუშვეს სტამბაში და, რა თქმა უნდა, ცენზურამ ხელნაწერი უშიშროებაში გადაგზავნა. ქალი კი, რომელსაც რეცენზირება ევალებოდა, “შვებულებაში” გაუშვეს. მაშინ მწერალი იყო მთავლიტის თავმჯდომარე, მგონია, ვარდოსანიძე. მივედით ოტია პაჭკორია და მე რომანის დაშვება-არდაშვებაზე სალაპარაკოდ, ნამუსზე შევაგდე, – კაცო, მწერალი ხარ და რატომ უნდა გიკვირდეს, თუ რომანში რამდენიმე “იდეოლოგიური” ნონსენსია მეთქი. მოლბა, მაგრამ უშიშროების თანხმოპბა იყო საჭირო. სწორედ აქ გამოიჩინა ჯანსუღმა სიმტკიცე, როგორც იტყვიან, საქმეს “მიაწვა”. რომანი ნიკა ჩერქეზიშვილსა და ოთარ ქინქლაძეს წაკითხული ჰქონდათ. ნიკა ჩერქეზიშვილმა მითხრა, – ერთი ეგზემპლარი მომიტანე, ბატონ ედუარდთან ერთად დასასვენებლად მივდივართ მე და ოთარი, წავაკითხებთო. ამას ბატონ ედუარდის სანქცია მოჰყვა: “ცისკარმა”, ანუ ჯანსუღმა დაბეჭდვის უფლება მიიღო; აწყობა გაგრძელდა. შვებულებიდან დაბრუნებულმა ბატონმა ედუარდმა ნიკას უბრძანა (თუ, პირიქით, ნიკას იდეა იყო), – ოც, ოცდახუთ მწერალს დაურიგე სარეცენზიოდ, ვნახოთ, რას იტყვიანო. დაურიგეს, ოცამდე დადებითი გამოძახილი მოჰყვა. მაშინ ბატონმა ედუარდმა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს დღის წესრიგსი შეიტანა საკითხი “ჟურნალ “ცისკრის” რედკოლეგიის მუშაობის შესახებ”. დადგენილების ნაწილში აღინიშნა, სარედაქციო კოლეგიის მუშაობა დადებითად შეფასდესო და ასე მოიპოვას სიცოცხლის უფლება “დათა თუთაშხიამ”. შემდეგ წიგნადაც გამოვიდა. რუსულად ვთარგმნე და რუსულიდან მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე ითარგმნა. ამ წიგნის ასეთი მომავალი მისი დამთავრებისთანავე ორმა კაცმა იწინასწარმეტყველა – აწ განსვენებულმა კრიტიკოსმა ნოდარ ჩხეიძემ და მხატვარმა რევაზ თარხან-მოურავმა.
წიგნმა, როგორც თქვენ ბორხესი დაიმოწმეთ, მართლაც გადალახა განზრახვის ჩარჩოები და ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ დასავლურ ლიტერატურას დადებითი გმირი მოევლინა ვითარებაში, როცა წიგნის ბაზარი შეუმდგარი პიროვნებების, სულიერ ცვედანთა და ნებანაკლული ადამიანების აპოლოგიით იყო მოცული. მკითხველს `კარგი, საღი კაცი~ ენატრებოდა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია წიგნის ახალი ფორმა, დეტექტივისა და ფილოსოფიურობის ელემენტიც.
-კინოფილმი ვახსენეთ და, ალბათ, ისიც კანონზომიერი იყო, რომ 1979 წლის სსრკ სახელმწიფო პრემია ღირსეულად დაიმსახურა – იქ ხომ ჩვენი კინოსა და თეატრის არაერთი ცნობილი ოსტატი მონაწილეობს… თქვენ ვის გაიხსენებდით და, საერთოდ, რას აზრის ხართ ლიტერატურული ნაჭარმოების ეკრანიზაციაზე?
-პირველი, რაც `დათა თუთაშხიას~ ეკრანიზაციამ დამანახვა და გამახარა, ეს იყო ქართული სამსახიობო ანსამბლის ნიჭისა და შესაძლებლობათა დემონსტრირება. რამდენი და რაოდენ დიდი მსახიობები გვყოლია, აღარას ვამბობ გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას კინემატოგრაფიულ შესაძლებლობებზე. რომელი ერთი გავიხსენო, ყოველი მათგანი თავისებურ შედევრად მოევლინა მაყურებელს. და მაინც – ქალბატონი სესილია თაყაიშვილი, ვინც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრ ფირზე შეძლო დაუვიწყარი კინემატიგრაფიული იერსახის შექმნა…
ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის გამო ვიტყვი, ძლიერი ლიტერატურა კინოს სპეციფიკიდან გამომდინარე – კარგავს, სუსტი და საშუალო, რეჟისორისა და მსახიობის წყალობით – იგებს. მართალი თუ არ ვარ, მკითხველმაც მაპატიოს და კინემატოგრაფისტებმაც.
- ბატონო ჭაბუა, იმ ღიმილისმომგვრელ ბრალდებას, რომ “დათა თუთაშხია” სხვისი დაწერილია – ჭორიკნები ბიძათქვენსაც ასახელებდნენ, გადასახლებაში მყოფ ვიღაც მწერალსაც და ზოგიერთი მათგანი ისე შორს მიდიოდა, რომ სულგანათლებულ მიხეილ ჯავახუიშვილსაც კი ახსენებდა – გასაგებია, რომ 1994 წელს გამოწვეყნებული “გორა მბორგალით” გაეცით პასუხი, მაგრამ უფრო კონკრეტულ პასუხზე ხომ არ გიფიქრიათ ზიოგჯერ?
- ჭორი და შური ხელოვნებაში ცვედანთა და ხელმოცარულთა ხვედრია. სათავე კი, ჭორს ერთი ხუმრობის წყალობით დაედო.
აღარ მახსოვს, რომელ წელს, “ცისკარში” ერთი გურული პედაგოგის რომანი დაიბეჭდა. ავტორმა დიდი პურმარილი ჩამოიტანა და ზაურ ბოლქვაძის ბინაძე დიდი ქეიფი მეწყო. მე რამდენადმე დაგვიანებით ვეწვიე სუფრას. პურობა, თურმე, ახლადდაწყებული იყო და თამადამ შარი მომდო, – სადა ხარ აქამდე, აგერ შენ ეს ჯამი უნდა დალიოო. ეჭვი ვერ შევიტანე, დავლიე. მეორეც დამალევინა. სუფრა განაბული შემომცქეროდა; კარგი რომ, ადესა თუ იზაბელა იყო, ვერ დამათრო. გაგრძელდა ქეიფი, მოვიდა ჩემი დღეგრძელობის ჯერი, თამადამ რუს მწერლებთან ერთად ეგრეთ წოდებულ ბამზე იმგზავრა, ახალი დაბრუნებული იყო და ასეთი რამ იამბო: თავისუფალი საღამო მქონდა, ქალაქში გავედი, რომელიღაცა სასადილოს ვესტუმრე, ერთი ბოთლი ლუდი მოვატანინე; ვზივარ, ნელ-ნელა ვწრუპავ. დარბაზის მეორე ბოლოში ოთხ-ხუთკაციანი კომპანია ქეიფობს. შევატყვე, ნაპატიმრალები იყვნენ. წავავლე ხელი ჩემ ლუდის ბოთლს, იმ სუფრასთან მივედი და შემოსწრების უფლება ვთხოვე. დამსვეს, მათ ქეიფს შევუერთდი. ცოტა ხნის შემდეგ ასეთი დიალოგი გაიმართა:
- ბიჭებო, ჭაბუკა ამირეჯიბი თუ გაგიგიათ, რა კაცია?
- როგორ არ გაგვიგია, ცხონებული აგერ არის დამარხული.
- დამარხული?.. ცოცხალია, თბილისში ცხოვრობს, მწერალია…
- ეგაც ვიცით, მაგრამ ნამდვილი ჭაბუკა აგერ მარხია, ეგ თბილისელი ჭაბუკა ნამდვილი არ არის, აფერისტია. ჭაბუკას ნაწერები მოჰპარა, თბილისში ნამდვილ ჭაბუკას დედას შეუთანხმდა, – შენს შვილად მაღიარეო… აფერისტია, ნამდვილ ჭაბუკას წიგნი მიითვისა…
“დათა თუთაშხია” ამის დაწერილი არ არის, სხვისი დაწერილიაო, – დაამთავრა თამადამ და სადღეგრძელო განაგრძო. როცა დაამთავრა და სხვებმაც დალიეს ჩემი სადღეგრძელო, თამადას ვუთხარი: – ჩემსა და შენს შორის ის განსხვავებაა, რომ შენ კიდევ ხუთ წიგნს დასწერ და არც ერთზე იტყვიან, რომ შენი დაწერილი არ არის მეთქი.
აი, ამ ხუმრობას მოჰყვა ის ჭორი. შემდგომში ჩემმა მტრებმა მარჯვედ გამოიყენეს “დათა თუთაშხიას” ნაპარაობის ვერსია და ზოგს დღემდე ჰგონია, სხვისი დაწერილიაო. ჩემი დამოკიდებულება ამ ჭორისადმი კარგად მოგეხსენებათ, თქვენ პირველი ინტერვიუერი ხართ, ვის წინაშეც ამ ჭორზე რეაგირება მოვახდინე. ქართული ანდაზაა “ვინც რა უნდა თქვასო და ბუჭულამა ფქვასო”. იმათი საქმე ჭორი და შურია, ჩემი საქმე – მწერლობა და საზოგადო მოღვაწეობა.
-როგორ გაჩნდა `გორა მბორგალის~ ფინალურ ნაწილში კორიდის განზოგადებული სახე, რომელმაც ლოგიკური წერტილი დაუსვა იაგორ კარგარეთელის და აქედან გამომდინარე, მთელი საქართველოს თავისუფლებისკენ ჭირთამთმენ სვლას?
-ალბათ, გახსოვთ, `გორა მბორგალი~ მთავრდება ფრაზით: `ვინ ხარ შენ, გორა მბორგალო, ხარი თუ ესპადა?!~ ესპადა მარადისი ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლოა, ხარი – ბნელი ძალმომრეობა, რომლის ბოლო ასპარეზიდან გათრევა და საამისო მსახურის მიერ კორიდაზე დაღვრილი სისხლის კვალის მოსპობაა.
გორამ გასაჭირის, სიკვდილის უმძიმესი გზა გამოიარა და ლიანდაგზე დაჯდა ისევე, როგორც მისი ერი. გორას, ანუ ქართველი ერის ნებაზე ჰკიდია სავალის არჩევანი. ამ მხრივ გორა ესპადაა, მაგრამ ყოველთა ღირსეულთა და უღირსთა საქმეთა ბოლო მაინც არარაობა, ასპარეზიდან გათრეული ხარის ხვედრია, რადგან, როცა იქნება, პლანეტა `დედამიწა~ კოსმოსურ უსასრულობაში აითქვიფება ადამიანთა მიერ ქმნილ სიკეთეთა და უკეთურობებთან ერთად. ამით იმის თქმა ვცადე, რომ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის ლიანდაგისკენ დაუოკებელი სვლაც, რადგან კაცობრიობა საბოლოოდ უნდა მივიდეს ზღვრამდე და ვითარებამდე, როცა საბრძოლველი აღარაფერი იქნება და, ვფიქრობ, სწორედ მაშინ აღესრულება ჩვენი დედამიწა.
- თქვენს მოთხრობებზე, თუ არა ვცდები, ნოდარ ჩხეიძეს აქვს დაწერილი – ზნეობრივი პრობლემებისადმი თქვენს ინტერესს იმთავითვე ხედავდა… სხვა კრიტიკოსებსაც ხომ არ გაიხსენებდით და, საერთოდ, რა დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკასთან?
- რახან ნოდარ ჩხეიძე და მისი ჩემი მოთხრობისადმი დამოკიდებულება ახსენეეთ, მოვიგონებ სხვებსაც, ვინც ჩემი მწერლობის სათავეებს შეესწრო და სახარბიელო გავლენაც მოახდინა ჩემს ჩამოყალიბებაზე. ესენი იყვნენ: საქართველოს სახალსო მსატვარი რევაზ თარხან-მოურავი, მწერალი, ფილოსოფოსი რევაზ თვარაძე, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ნოდარ ჩხეიძე, მწერალი და კრიტიკოსი ოტია პაჭკორია, ჟურნალ “ცისკრისა” და “მნათობის” რედაქციები და სხვანი და სხვანი.
ვინაიდან თქვენ თავად მთხოვეთ, ინტერვიუს ტექსტი არ შემეზღუდა, თავს ნებას მივცემ, ზოგი რამ გავისხენო.
რევაზ თარხან-მოურავს, მგონია, სამართლიანად მივიჩნევ არა მარტო ქართველ ხელოვანთა შორის, არამედ მთელ ქართველ ინტელიგენციაში ერთ-ერთ უგანათლებულეს კაცად. ამაზე დამეთაქნხმება ყველა, ვინც “რეზიკას” იცნობდა. მითქვამს და ვიმეორებ: განათლებულობის პოტენციით იბადებიან და ნასწავლობა ამ პოტენციას მხოლოდღა ინფორმაციის ტვირთს მატებს… ალბათ, ბევრი გვინახავს ნასწავლი, ვისაც გონებაგანათლებულობისა არაფერი სცხია და ისეთი ადამიანებიც, ვისაც არაფერი უსწავლია, მაგრამ მათთვის ნათელი გონებისა და ინტელექტის მადლი თვით ღმერთს უბოძებია. რევაზ თარხან-მოურავი ადამიანთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელმაც ღმრთივ მომადლებულ სულგანათლებულობას უდიდესი ნასწავლობაც დაურთო.
მე მასთან ერთობ დაახლოებული, როგორც იტყვიან, მისი ყოველდღიური, განუყრელი მეგობარი ვიყავი და ჩემი ლიტერატურული ცდები მისთვის და სხვა ასეთივე ახლობლებისთვის თუ არა, ვისთვის უნდა გამეზიარებინა?! ჩემი ლიტერატურული ურთიერთობები რეზიკასთან ასე დამამახსოვრდა: მივიდოდი, დავიწყებდი მორიგი ოპუსის კითხვას… რეზიკა მოლბერტს მიაშურებდა და მხარუკუღმა მეტყოდა, – იკითხე, ყურს გიგდებო. ცხადია, მესმოდა, რომ ნათხზავი არ მოსწონდა – ერთხელაც იყო, მივტანე ნოველა “გიორგა ბურდული”, დავიწყე კითხვა. პირველი აბზაცის წაკითხვისთანვე ხელნაწერი გამომტაცა, რამდენჯერმე გადაიკითხა და მითხრა, – ვარგა, კარგიაო!.. ღმერთმანი, მივხვდი, რატომ მოეწონა და ამ ორმა სიტყვამ ბევრი რამ შეცვალა პროზისადმი ჩემ დამოკიდებულებაში. სხვათა შორის, “დათა” რომ დავამთავრე, რაღაც გაორებამა თუ უკმარისობის გრძნობამ შემიპყრო. მესმოდა, რომ წიგნი დასრულებული არ იყო. კარგა ხნის წვალების მერე ეპიგრაფები დავწერე, რეზიკას წავუკითხე და ასე მითხრა, – ბიჭო, წიგნი დაგიმთავრებია და ეგ არის, რახან მაგის გრძნობა გაქვს, გათავდა, ნაღდი მწერალი ხარო.
რევაზ თვარაძე, ვინც რეზიკასავით ჩემი უახლოესი მეგობართაგანი იყო და ამჟამადაც არის, შეიძლება ჩემ ლიტეტრატურულ მოძღვრად ჩაითვალოს ისევე, როგორც ცხონებული ნოდარ ჩხეიძე იყო. ამან რევაზ თვარაძის სიტყვიერად გამოთქმული აზრი – “ამ მოთხრობის ავტორისგან მომავალში კარგი რომანისტი დადგებაო”, – თავის ერთ-ერთ სტატიაში წერილობით დაადასტურა.
საცოდავი ოტია პაჭკორია ჩემსავით ციხეებგამოვლილი კაცი იყო. ეს გარემოება გვამეგობრებდა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ნაწერებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა პერმანენტულ ხასიათს ატარებდა. ამ ბრძენ კაცთანაც ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.
სანანებლად მრჩება ერთი რამ: რევაზ თვარაძეს “გორა მბორგალი” უკვე წაკითხული ჰქონდა, როცა რჩევა ვთხოვე, – რომანში ცხრა კარია, გამიჭირდება, მაგრამ განზრახული მაქვს, ყოველ კარს ეპიგრაფი უნდა წავუმძღვარო მეთქი. რეზიმ მითხრა, – არ გინდა, უეპიგრაფებოდაც ყველაფერი რიგზეა, გამეორებად ჩაგითვლიანო. მე კი მგონია, რომ ეპიგრაფები მეტ სინათლეს მოჰფენდა წიგნის ქსოვილს, უფრო გასაგები და, ამდენად, “გორა მბორგალი” უფრო სწორად შეფასებული იქნებოდა.
რაც შეეხება საერთოდ კრიტიკასთან ჩემს დამოკიდებულებას, უნდა მოგახსენოთ, დადებითია; გონსასეირო და ჭკუის სასწავლებელი რამ არის ლიტერატურული კრიტიკა. ჩემი ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ იმ უამრავ რეცენზიებში, შინ და გარეთ, ერთი უარყოფითი შეფასებაც კი არ შემხვედრია.
- რომელია ის მწერლები, წიგნები თუ პერსონაჟები, თავს რომ მოგანატრებენ ხოლმე?
- არა მგონია, ქართველი მწერლისთვის მაგ შეკითხვის მიცემა მართებული იყოს. ყველაფერი მომანატრებს თავს, რასაც ღმერთის მადლი ადევს, მაგრამ მაინც გაგცემთ პასუხს. ყოველთვის და არაერთგზის სიამოვნებით ვკითხულობ ბიბლიას, ოთხთავს, რუსთაველს, ვაჟას, ილიას, სულაკაურს, ფანჯიკიძეს, დოჩანაშვილს, ჭეიშვილს, ჭილაძეებს, დოსტოევსკის, ბალზაკს, დიუმას, მარკ ტვენს, რომენ როლანს და სხვათა და სხვათ – როცა მცალია, ანუ როცა თავად არ ვმუშაობ. აი, გმირებიც, ვინც მუდამ თან მდევენ და არ მასვენებენ: დ’არტანიანი, მარკ ტვენის ინდიელთა ბელადი, ბალზაკის ვოტრენი, რუსთაველის ავთანდილი, დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, ვაჟას ალუდა ქეთელაური… ძნელია ჩამოთვლა იმ გმირებისა, რომლებითაც ცხოვრობ და აზროვნებ.
-ბატონო ჭაბუა, გავიგე “გორა მბორგალი” გამოსულა შვედურ და რუსულ ენებზე… ხმებიც დადის, მოსალოდნელია ნობელის პრემიაზე წარდგენაცო…
-ნობელიანტობაზე სამუდამოდ ამიცრუვდა გული. `დათა~ ორჯერ იყო წარდგენილი, ნომინაციაშიც ორგზის მოხვდა. მერე რევაზ თვარაძემ (ლიტ.ინსტიტუტის ხაზით) `გორაც~ წარადგინა; ეს მესამე წარდგენაა, მაგრამ, ვიცი, არც ახლა გამოვა რამე. ისე კი ფრიად სასიამოვნოა, რომ სულმნათი აკაკის, ბრძენი ბატონ გიორგი ვარაზაშვილის, უდიდესი ტალანტით ღმრთივ კალთადაბერტყილი ოთარ ჭილაძის გვერდით ამოყო თავი.
- როგორ ხდება ხოლმე, ჭაბუა ამირეჯიბის შექმნილი პერსონაჟები უჯერებენ ავტორს თუ თავის ჭკუაზე დადიან?
- პერსონაჟი თავის ჭკუაზე ვერ ივლის, რადგან იგი მთლიანი ჩანაფიქრის მხოლოდღა ელემენტია. მან უნდა იაროს ისე, როგორც ავტორის განზრახვას სჭირდება და ასეც დადიან.
-”სტილოს” ბერძნულად მახვილწვერიანი ჯოხი ყოფილა, რომლითაც გასანთლულ დაფაზე წერდნენ… თქვენს “სტილოსს” როგორ დაახასიათებდით, იცვლებოდა თუ არა წლების მანძილზე?
-არა მგონია. იცვლებოდა ჩანაფიქრი და თხზულების მიზანი. იცვლებოდა დრო და სამშობლოს საჭიროებათა ნუსხა (პუბლიცისტიკას ვგულისხმობ). ჩემს ასაკში ძნელად რომ `სტილოს~ შეიცვალო.
სიტყვამ მოიტანა და, ბარემ თხრობის, თხზულების აღნაგობისა და კომპოზიციის გამოც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.
დავაკვირდეთ ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოველის ტაძრის კომპოზიციას. ჯვარი მკაცრი პროპორციების, მოცულობათა გეომეტრიული სიზუსტით განლაგების სტილშია გადაჭრილი. სვეტიცხოველში ერთსა და იგივე ხუროთმოძღვრული დეტალის განმეორებას ვერავინ ნახავს. ტაძრის კომპოზიცია გადაჭრილია პრინციპით: მრავალი, მკვეთრად განსხვავებული, უმშვენიერესი დეტალების ისეთ კომპოზიციაში თავმოყრა, რომელიც ერთ, მთლიან მშვენიერებას ქმნის. დაახლოებით ასეა აგებული ჩემი რომანები: მრავალი დეტალისა თუ “ნაჭრის” ისეთ კომპოზიციაში მოქცევის ცდა, რომ ყველამ ერთად მთლიანობა და განზრახული მშვენიერება შექმნას. დავიდოთ გულზე ხელი – უძნელესი და ურთულესი სტილია, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ ასეთმა სტილმა უნდა შექმნას ურთულესი და გონმისაწვდომად ძნელი მშვენიერება.
- ხომ არსებობს ქიმიური ელემენტების მენდელეევის პერიოდული სისტერმა. თქვენ, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, – ორი რომანის ავტორი, მესამე რომანს შეჭიდებული, უამრავი ადამიანის ცოდვა-მადლის ამწონ-დამწონავი, – როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება ამნაირადვე ან მიახლოებით აიგოს ადამიანთა პერიოდული სისტემა თუ ეს შეუძლებელია?
- მგონია, ფსიქოლოგებს ადამიანთა თავისებურებებისა და აზროვნების “მენდელეევის” სისტემა შექმნილი აქვთ. შექმნილი მაქვს მეც, ანუ მგონია, რომ ადამიანი შესწავლილი მყავს მისი ავ-კარგითა და თუნდაც ინდივიდუალური ბუნებით.
-რა არის თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის უმთავრესი თვისება თუ ნიშანი?
-ქართულ ფოლკლორში ბოროტ გმირს ვერ იპოვნით. დევებიც კი მხოლოდ იუმორის საგანს წარმოადგენენ. ქართული მწერლობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე სიკეთისა, ახლის ძიებისა და შენების ქადაგებაა, სიძულვილსა და შხამს ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, ეს მახასიათებელი საერთოდ ქრისტიანულ მწერლობაზე ვრცელდება იშვიათი გამონაკლისების გარდა.
- საუკუნე მრისხანე ვიცით მერამდენაო, – ბრძანა პოეტმა და ეგებ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ ამ მრისხანე საუკუნის მიწურულის ლიტერატურულ ცხოვრებაზე და, აქედან გამომდინარე, ჩვენს სინამდვილეზე?
- ჩვენი საუკუნე მეორე ათასწლეულის დამაგვირგვინებელი საუკუნეა. თავისდუფლად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება სხვა საუკუნე, რომელშიც ესოდენ ძირფესვეული ცვლილებები განეცადოს კაცობრიობას და მასთან ერთად ქართველ ერსაც. როგორც გვნებავს, ავწონ-დავწონოთ, ლიტერატურისა და ხელოვნებათა ავ-კარგი საზოგადოების სოციალურ ვითარებათა ადეკვატია. გავიხედოთ წარსულისაკენ, ყველა (ან თითქმის ყველა) ლიტერატურული შედევრი საზოგადოების (წარსულში მმართველი წრეების) მატერიალური კეთილდღეობის წყალობით შეიქმნა. დამკვეთს სახსარი არ ჰქონოდა, ვერც პირამიდები, წმინდა პეტრეს ტაძარი და “ვეფხისტყაოსანი” შეიქმნებოდა და მეორე ფაქტორი – საზოგადოება, როგორც სოციალური დამკვეთი!
კარგად მოგეხსენებათ, რას დაემსგავსა დღესდღეობით ქართული პრესა. საზოგადოების ერთ ნაწილს როგორიც სჭირდება, ისეთია. მე ამ პრესას შევადარებდი სტეკს, რომლითაც ევროპელი მონარქები და დიდმოხელეები ზურგს იფხანდნენ, როცა მკბენარი შეაწუხებდა. დღევანდელი ქართველობის ერთ ნაწილს მატერიალური გასაჭირით განპირობებული მკბენარი აწუხებს, ზურგს პრესით იფხანს. საბედნიეროდ, ქართულ კაზმულ სიტყვიერებაზე ეს მოვლენა ნაკლებად ვრცელდება, მაგრამ ლიტერატურას უაღრესად უჭირს, რადგან მატერიალური გასაჭირის გამო მომხმარებელი არ ჰყავს, წიგნის შეძენა შეუუძლია მათ, ვისაც ცოტაოდენი სახსარი აქვს და სიბრძნის სიყვარულის შემორჩა. მიუხედავად “საუკუნის მრისხანებისა”, ჩვენი მწერალი, საბედნიეროდ, ვაჟკაცია, შიმშილს არ ეპუება, ზის და წერს.
ბარაქალა თქვენ, სიტყვის რაინდებო!
დარწმუნებული ვარ, ვითარება თანდათან გამოსწორდება და წიგნი ჩვენს ადამიანში თავის ადგილს დაიბრუნებს.
სულსწრაფობა ადამიანის არა მარტო უარყოფითი, დამღუპველი თვისებაა. ჩვენ ახალ ქართულ სახელმწიფოს “ცარიელ ადგილზე” ვაშენებთ და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ქართველ კაცს წიგნის ტრადიციული მოთხოვნილება აღუდგება. გადავავლოთ თვალი: ისრაელმა ჩვენი პლანეტის კაპიტალის აქტიური შემწეობითაც კი ვერ მოიპოვა სასურველი მშვიოდბა, მიუხედავად ყოველდღიური ადამიანური მსხვერპლისა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, “მარშალის გეგმის” მრავალმილიარდიანი ინექციების მიუხედავად, დღევანდელი ვითარების მიღწევას ოთხი, ხუთი ათეული წელი მოანდომეს. ჩვენ რა, წითელი კოჭები ვართ, ექვს, შვიდ წელიწადში სამოთხის აშენება ხელგვეწიფებოდეს?! სამშობლოს სჭირდება ოფლი და სისხლი. უნდა გავიღოთ და ქართული ლიტერატურა თავის თხუთმეტსაუკუნოვან სახეს დაიბრუნებს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მწერლობა იმავე ლიანდაგით და დღესაც მწვერვალისკენ მიემართება. გაიხსენეთ, რამდენი მართლაც მშვენიერი წიგნი დაიწერა ბოლო ათი წლის განმავლობაში! ვითომ რატომ იქნება ქართველთა ლიტერატურული მომავალი წარსულსა თუ დღეს არსებულზე უარესი?
- თქვენი ბიოგრაფიის კაცისგან მოულოდნელი იყო და იქნებ აგვიხსნათ, გაზეთ “ქომაგში” გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილში მხარი რატომ დაუჭირეთ სიკვდილით დასჯას?
- საერთოდ სიკვდილით დასჯისთვის არ დამიჭერია მხარი. იქვე ფორმულასავით რამ ვთქვი: თუ მოსულ მტერს, რომელსაც ჩვენი ერის საუკეთესო შვილების ამოწყვეტა აქვს განზრახული, იარაღით, მრისხანებით, მოკვლით შეხვედრა ეგების, რატომ უნდა დავინდოთ მტერი, ვინც ჩვენს ახალგაზრდობას სამარეში მიერეკება. სამწუხაროდ, კაცობრიობა ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი შვილების მკვლელს სიკვდილი ეკუთვნის. ამიტომ მგონია, რომ კანონწინააღმდეგი ნარკომწარმოებელი და ნარკოვაჭარი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.
-”პათემატა მათემატა” – ჭირთათმენით შეცნობისკენო, ესქილედან წამოსული ეს ფრაზა უყვარდათ ძველ ბერძნებს… თქვენ მრავალი განსაცდელი შეგახვედრათ ცხოვრებამ: ორი დახვრეტის განაჩენი, თექვსმეტი წლის კატორღა, შვილის სიკვდილი აფხაზეთში და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი გადაიტანეთ… მაინც სადა აქვს სათავე თქვენს მხნეობას, ჭირთათმენის ნიჭს?
- ალბათ, ეს თვისებაც ღმრთივ ბოძებულია და შემდეგ მრავალი განსაცდელით არის გამოწრთობილი… თანაც, მიზანი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ალბათ, ამ ფორმულით აიხსნება ის, რაც ბრძანეთ. მიზანი!
- ამას წინათ წავიკითხე, რომ მარიო ვარგას ლიოსა პოლიტიკაში გადაბარგდა, პრეზიდენტობის კანდიდატიც კი იყო პერუში, თუმცა დამარცხდა და ახლა კრიჭაში უდგას ხელისუფლებას… რა მიარბენინებს მწერალს პოლიტიკაში, საქმე გამოელია თუ ჰგონია, რაღაი კარგი მწერალია, კარგი პოლიტიკოსიც იქნება? როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მწერლის დამოკიდებულება თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან?
- მარიო ვარგას ლიოსა პერუში, სწორედ იმ პერიოდში გავიცანი, როცა თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდა. ვუთხარი კიდეც, – მაპატიეთ, მომხრე ვარ იმისა, რომ მწერალი პოლიტიკოსიც იყოს, მაგრამ პრეზიდენტობისა რა მოგახსენთ მეთქი. მგონი, გაწყრა.
მწერლის პოლიტიკოსობაზე გეტყვით: მწერალი, უპირველესად ყოვლისა, თავისი ერის შვილია, ასე თვლიდა ყველა დიდი ქართველი მწერალი. მე თუ რაიმე დამიწერია, ყველაფერი ჩემი ერის, მისი ახალგაზრდობის ზნეობის დახვეწისაკენ იყო და არის მიმართული და ეს სწორედ რომ საქართველოს კეთილდღეობისკენ მიმართული პოლიტიკაა. კრიჭაში ჩავუდგები ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეცდომით ქართველ მამულიშვილობას საქმით და სიტყვით განუდგება. ყველას ამოვუდგები მხარში, ვისაც გულწრფელად, თავდადებითა და უანგაროდ სწყურია ქართველი ერის მომავლის მსახურება. ეს არის ჩემი პოლიტიკოსობა.
მწერალი, ვინც თავის თავს ქართველ მამულიშვილად რაცხს, უნდა მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას, რომელსაც სამშობლო სახელმწიფოებრიობისაკენ მიჰყავს და პირუკუ – ბრძოდეს ხელისუფლებას, თუ იგი სხვა კრიტერიუმებს აღიარებს.
-ჩემთვის მიფიქრია ხოლმე, რომ თქვენ დიდი კატორღელების მოდგმისა ბრძანდებით – სერვანტესისა, ვიიონოსა, გურამიშვილისა, ფუჩიკისა, სხვისა და სხვისა… თავად თუ გიგრძვნიათ მათთან სულიერი სიახლოვე?
-თქვენს მიერ ჩამოთვლილ გენიოსების გვერდით დადგომა კადნიერება და უხამსობა იქნება ჩემგან, მაგრამ სულიერი სიახლოვე მიგრძვნია იმ ფაქტორის გამო, რასაც გისოსისა და საკნის `სურნელება~ ჰქვია. ეს მათ ყოველ თხზულებაში მკაფიოდ იგრძნობა და მეტიც – არ ეყნოსათ, ვერ დასწერდნენ, თუმცა შედევრის შექმნისთვის აუცილებელი არ არის ციხეებში ყურყუტი. აგერ რუსთაველი, დანტე, გოეთე, პუშკინი და, რა ვიცი, კიდევ ვინა და ვინ.
-და ბოლოს, როგორ მიმართავდით ახალგაზრდა მწერლებს?
-ახალგაზრდებო, მერწმუნეთ, თქვენი სულიერი თუ ფიზიკური შესაძლებლობები თავისებური კაპიტალია. კაპიტალს იმ ნიადაგში დაბანდება უყვარს, რომელიც მეტ მოგებას მოიტანს. ჩადეთ თქვენი კაპიტალი იმ ნოყიერ ნიადაგში, რასაც მშობლიური მიწა-წყალი, ჩვენი საქართველო ჰქვია და ნახავთ, რომ უდიდეს მოგებას მიიღებთ.
ასე მოვიქეცი მე და, ვფიქრობ, ბევრიც მოვიგე!
ბოლოთქმა:
“შვიდი წლის მანძილზე მასწავლიდა გრაფი სეგედი გერმანულ ენას და არ მახსოვს, დახვეწილი ზრდილობისა და სანდომიანი თავაზიანობის ნორმები ერთხელ მაინც დაერღვიოს. ჩვენმა დრომ წოდებები უარჰყო, მაგრამ ჩემი მასწავლებლის გვარი “გრაფის” გარეშე არავისგან გამიგონია. ვფიქრობ, ამას თვით მისი პიროვნება, საქციელი, ადამიანებთან ურთიერთობების ბუნება აპირობებდა”, – წერს “დათა თუთაშხიას” წინათქმაში ავტორი და იგი ამ ინტრვიუს ბოლოთქმაში იმიტომ გამოვიტანე, რომ დარწმუნებული გახლავართ, ეს სიტყვები თავად ჭაბუა ამირეჯიბსაც წარმატებით შეიძლება მივუსადაგოთ.


