ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

Posts Tagged ‘ტრაგიკომედია

მეცამეტე ექსპერიმენტული

without comments

Minotaurus
მინოტავრი ლაბირინთის ცენტრში, მეთექვსმეტე საუკუნე

მიხო მოსულიშვილი,
ანდრო ენუქიძე

მეცამეტე ექსპერიმენტული
პიესა ორ მოქმედებად

მოქმედებენ:
1. ბუა – პარანოიკი, რეციდივისტი, 50 წლამდე.
2. ნიკო – შიზოფრენიკი, ბუჰხალტერი, 40 წლამდე.
3. ლუკა – ეპილეპტიკი, მწერალი, 35 წლამდე.
4. გია – ისტეროიდი, არტისტი, 30 წლამდე.
5. ელენე – ექთანი, “ჰომო საპიენს”, 28 წლის.
6. მაია – ჟურნალისტი, 21 წლის.
7. ნოე – პროფესორი, განყოფილების გამგე, 55 წლამდე.

მოქმედების დრო: ღამე.
მოქმედების ადგილი: ფსიქიატრიული საავადმყოფო.

დეკორაცია:
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება. სცენა წარმოადგენს ფართო ოთახს, სადაც დღისით იმყოფებიან ხოლმე პაციენტები და მედპერსონალი. წინ დგას სკამებშემოდგმული მაგიდა და ორი სავარძელი. ერთ მხარეს დგას კარადა, იქვეა დიდი ქოთნით კაქტუსი. სირრმეში არის მინის კედელი, საიდანაც მოჩანს საწოლები და ტუმბოები. მინის კედლის გვერდით არის შემოსასვლელი კარი, იქვეა გისოსებიანი ფანჯარა. ძირს ხალიჩაა დაგებული, ჭერზე ჭაღი ჰკიდია.
ოთახს ორივე მხრიდან უერთდება პალატებში გასასვლელი კორიდორები.
მთელი პიესის განმავლობასი გარეთ წვიმს, ელავს, ქუხს და უბერავს ქარი. წერიდან წვეთავს წყალი, ქვემოთ ტუმბო უდგას.

პირველი მოქმედება

1.
სცენა ნათდება. გარეთ წვიმს. უბერავს ქარი.
გია, ლუკა და ნიკო აკავებენ ჭაღარა კაცს. ბუა ისწორებს სრულ შარვალსა და პიჯაკს. გაძალიანებულ კაცს ზეწრებით აკრავენ ინვალიდის სავარძელზე. ბუა მკლავს გაუშიშვლებს.

ბუა – მეთილპიპერიდინი! (ელენე დაბმულს ვენაში უკეთებს ნემსს. კარზე
აკაკუნებენ). გაიყვანეთ პალატაში! (გათოკილს გააგორებენ. ბუა
გადაიცმევს თეთრ ხალათს. ელენეს). დღეს თქვენ მშვენივრად
გამოიყურებით!
ელენე – (იგრძნო მუქარა). გმადლობთ, ბატონო ნოე!
ბუა – კეთილი! (ჯიბიდან გასაღებს ამოიღებს და შემოსასვლელ კარს
გახსნის. შემოდის მთლად სველი მაია).
მაია – შეიძლება?
ბუა – მობრძანდით!
მაია – გამარჯობა! თქვენ ბატონი ნოე ბრძანდებით?
ბუა – ნაწილობრივ, მთლად არა…
მაია – (ღიმილით) ბორხესს ჰკითხეს, თქვენ ბორხესი ხართ? ხანდახან! –
მიუგო მან.
ბუა – კარგია ხუმრობა მოცლილობისას…
მაია – მე მაია ჯორჯაძე ვარ, გაზეთ “ფასკუნჯიდან” (ხელს გაუწვდის) ამ
საავადმყოფოს შესახებ წერილს ვამზადებ…
ბუა – ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! (ხელს ჩამოართმევს).
მაია – ჩემთვისაც!
ბუა – რით შემიზლია გემსახუროთ?
მაია – ძალიან მინდა, სახელგანთქმულ მეცამეტე ექსპერიმენტული
განყოფილების მუშაობას გავეცნო!
ბუა – მე პირდაპირი კაცი ვარ და პირდაპირვე გეტყვით, არ მინდა ჩემი
განყოფილების შესახებ რაიმე დაიწეროს! გამოგიტყდებით, ძალიან
ძლიერი მტრები მყავს…
მაია – მაშ, ხვალისთვის რატომ დამიბარეთ?
ბუა – აა, მართალია, მართალი… იცით რა, ახლა სახლში წაბრძანდით, მე
ამაღამ მნიშვნელოვან ექსპერიმენტს ვატარებ და ხვალისტვის, თუ
დრო მექნა, ვისაუბროთ.
მაია – ბატონო ნოე, მეც არაფერს დაგიმალავთ… სამსახური ძლივს
ვიშოვე, მაგრამ სწორედ მაშინ მოინდომეს რეორგანიზაცია და
უმუშევარი დავრჩი. ახლა გამოჩნდა თავისუფალი შტატი
“ფასკუნჯში” და რედაქტორმა გამოსაცდელად აქ გამომაგზავნა,
ცხელ-ცხელი მასალა მომიტანეო. ამ სტატიაზეა დამოკიდებული
ჩემი ბედი.
ბუა – ვფიქრობ, სენსაციურს აქ ვერაფერს ნახავთ… და თუ მაინც არ
იშლით, ხვალ მობრძანდით და ვილაპარაკოთ.
მაია – ბატონო ნოე, თქვენისტანა მეცნიერთან გატარებული თითოეული
წუთი მილიონად მიღირს. თანაც საქმე იმასია, რომ ხვალისთვის
წერილი მზად უნდა მქონდეს.
ბუა – და თქვენ დღეს მოხვედით?
მაია – ყველა თქვენნაირი თავაზიანი ხომ არ იქნება! ნევროზებში სამი
დღე მაწვალეს, ხან ცნობა მიმატანინეს და ხან მიმართვა… ძალიან
გთხოვთ, დამტოვეთ, წერილი ხვალ დილას რედაქტორის მაგიდაზე
უნდა იყოს!
ბუა – საიდან მოიტანეთ, რომ თავაზიანი ვარ?
მაია – თქვენზე ლეგენდები დადის ქალაქში… არა, არა მგონია, ამ
თავსხმა წვიმაში გარეთ გააგდოთ მანდილოსანი.
ბუა – ამაღამინდელი ექსპერიმენტის ჩათარებაში მხოლოდ ექთანი
მეხმარება, სანიტრები გავუშვი. ასე რომ, მედპერსონალს სრულად
ვერ ნახავთ… დამიჯერეთ, ხვალისთვის სჯობს.
მაია – ძალიან გთხოვთ, ბატონო ნოე!
ბუა – ექსპერიმენტი დილამდე გასტანს დამ თელ ღამეს აქ ხომ არ
გაატარებთ?
(პაუზა).
მაია – რატომაც არა, ვიქნები.
ბუა – პატრონი არ გყავს? არ მოგიკითხავს?
მაია – სახლში დავრეკავ.
ბუა – ტელეფონი არ მუშაობს.
მაია – არა უშავს, რომც არ დავრეკო, საშიში არაფერია! დედა
სამოგზაუროდ გავუშვი, მამა გამთენიისას მოდის სახლში, და-ძმა
კი არ მყავს.
ბუა – თქვენი აქ ყოფნა მე ხელს შემიშლის!
მაია – ჩუმად ვიქნები! ნუ დამღუპავთ, ბატონო ნოე!
(ბუა სიგარეტს ამოიღებს, მაიას შესთავაზებს. უკიდებს ჯერ მაიას და მერე თვითონ. პაუზა).
მაია – ალბათ, დროა, მადლობა გადაგიხადოთ!
ბუა – მე ჯერ არაფერი გადამიწყვეტია!
მაია – მე კი მხოლოდ სიგარეტზე გიხდით მადლობას!
(პაუზა).
ბუა – ელენე, რამდენი წელია ერთად ვმუშაობთ?
ელენე – ხუთი… თუ ექვსი, კარგად აღარ მახსოვს.
ბუა – მერედა, გინახავთ ოდესმე ასე მშვენიერი და ამავე დროს ასეთი
თავხედი ჟურნალისტი?
ელენე – რა მოგახსენოთ…
მაია – მას, დავრჩე,არა?!
ბუა – დარჩით, მაგრამ გაფრთხილებთ, გაგიჭირდებათ ჩვენი
ექსპერიმენტის გაგება. თქვენ ხომ სამედიცინო განათლება არ
მიგიღიათ.
მაია – პოპულარულ ლიტერატურას ვიცნობ. ფროიდის ლექციებიც
წამიკითხავს.
ბუა – ეჰ, ჩვენი მოხუცი ფროიდი… გამართა თავისი პროკრუსტეს
სარეცელი და ვინც მოეხასიათება, იმას დააწვენს ზედ – ასე
იტყოდა ხოლმე ბატონი ნოე…
მაია – რომელი ნოე?
ბუა – ჰო… ესე იგი, მე! ხომ გითხარით, რომ ხანდახან ვარ ნოე… ოი,
როგორ დასველებულხართ! გია, დაუთმე შენი გარდერობიდან ერტი
ხელი სუფთა შარვალ-ხალათი.
გია – (დერეფანში გადის. მინის კედლის მირმა პალატა განათდება. გია
ერთ ტუმბოსთან მიდის, რაღაცას გამოიღებს და პალატიდან გადის.
იქ შუქი ჩაქრება. დერეფნიდან შემოდის გია, მაიას მიუტანს
დაკეცილ ტანსაცმელს) აი, მოიზომეთ.
მაია – (გაშლის საავადმყოფოს ზოლიან შარვალ-ხალათს) უხერხულია!
ბუა – აქ არაფერია უხერხული! (ერთ-ერთი კარისკენ მიუთითებს) აგერ,
აბაზანაში შებრძანდით და ჩაიცვით, სანამ ტანისამოცი
გაგიშრებათ… ისე, ჩვენს პაციენტსაც დაემსგავსებით და
ავადმყოფებიც თავისიანად მიგიღებენ.
(მაია გადის მითითებულ კარში. ბუა გასაღებით ჩაკეტავს შემოსასვლელ კარს. ამასობასი გია მივა და კლიტის ჭუჭრუტანიდან იყურება აბაზანაში. ნიკოც იქ მიდის, ცდილობს გია გასწიოს და თვითონ შეიხედოს).
ბუა – გია! ნიკო! აბა, გამოდით აქეთ! ეს როგორ შეიძლება?! (გია და ნიკო
კარს მოსცილდებიან). ელენე, დაკვირვებათა ჟურნალში შეიტანე
ამათი საქციელი! (ელენე მაგიდასთან ჯდება, გადაშლის ჟურნალს
და წერს. აბაზანიდან გამოდის მაია. ნიკო შეახტება დამ ის წინ
ცეკვის ილეთით მუხლებზე დაეცემა).
ნიკო – შემაჯექი, შემაჯექი პრაქტიკულად!
(მაიას შეეშინდება. ბუ მაგიდასთამ მიიყვანს, დასვამს).
ბუა – ესენი ციხიდან მყავს გამოყვანილი, მაგრამ ნუ გეშინიათ, ყველანი
წყნარი ავადმყოფები არიან. (ნიკო ისევ ცეკვავს). აი, ნიკო, ყოფილი
ბუღალტერია, მაგრამ ძალიან უყვარს ცეკვა. გაფლანგვაზე მოხვდა
ციხეში, სადაც ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიან. ჰოდა, შიზოფრენიით
დაავადდა. საქმეზე მაგას ვერ გააგზავნი, თუ ზურგზე ვინმე არ
შეისვა. მამაკაცი უფრო მძიმეა და მეც ელენეს შევასვამ ხოლმე.
თქვენც ამიტომ შემოგთავაზათ შეჯდომა. ნიკო, გეყოფა! წადით
შენ და ელენე, პალატაში ავადმყოფი ნახეთ. (ელენე ზურგზე
შეაჯდება ნიკოს, გადიან. ისმის ყვირილი). უკაცრავად, ახლავე
მოვალ. (გადის ბუა. დერეფნიდან მოისმის მისი ხმა). რა მოხდა,
რატომ ყვირი, ნიკო? ელენე ჩამოვიდა შენი ზურგიდან? აბა, ჩქარა,
შეაჯექი ისევ! ავადმყოფს დაუძინია. წამოდით. (შემოდის ბუა და
ისევ მაგიდასთამ ჯდება. მოყვებიან ნიკო და ელენე).

2.
ბუა – გთხოვთ, მაგიდასთან მობრძანდეთ ყველა. (მაგიდის გარშემო
სხდებიან). ელენე, ისტორიები მოიტანეთ.
ელენე – ახლავე. (კარადის უჯრიდან მოაქვს საქაღალდეები).
ბუა – დაკვირვებათა ჟურნალიც აქვე გვაქვს. ძალიან კარგი. მაშ,
დავიწყოთ.
(მაია კალამსა და წიგნაკს ამოიღებს, ჩასაწერად ემზდება).
ნიკო – (წამოდგბა, ჟურნალს მიუტანს) მანდ არა პრაქტიკულად… არა…
(ჟურნალს გადაუშლის) აქ… აქ უნდა… ჩაწერო… პრაქტიკულად აქ.
რატომ არ წერ? აქ ჩაწერე პრაქტიკულად…
ბუა – ასე მუშაობა გაგიჭირდებათ, გოგონა.
მაია – (წიგნაკს შეინახავს) არა უშავს, ისე დავიმახსოვრებ.
ბუა – ასე აჯობებს.
ნიკო – (გაბუტული). რორშარხის ლაქები. ზანდერის წრეები. მიულერ-
ლიერის ხაზები. კანდინსკი-კლერამბოს…
ბუა – (მაიას) ჩაწერე რამე, ეწყინება.
(მაია დაფიქრდება, მერე ჟურნალში რაღაცას ჩაწერს).
ნიკო – (კითხულობს მაიას ჩაწერილს) პრაქტიკულად… თქვენთან ყოფნა
საშიში მეგონა. მივხვდი, რომ ვცდებოდი… (გახარებული) კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი… პრაქტიკულად… პიაჟე, ჟანე, ეი…
ბუა – ნიკო, დაჯექი შენს ადგილზე! (ნიკო თავის სკამზე დაჯდება).
განვაგრძოთ! ამ პაციენტმა (ნიკოსკენ უთითებს) უკვე ისწავლა
თერაპიულ საზოგადოებასი ცხოვრება… აქ ყველანი მეგობრები
ვართ და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. დაუფარავად გადმოალაგე
შენი პრობლემები თერაპიული საზოგადოების წინაშე და მასთან
ერთად იმსჯელე კიდეც – სწორედ ამით განთავისუფლდები მათგან,
საკუთარ თავს დაეხმარები. შენ უნდა იყო შენი თავის მკურნალი.
მეგობარსაც კი უნდა უმკურნალო: თუ რაიმე მნიშვნელოვანი თქვა,
მყისვე უნდა ჩაწერო დაკვირვებათა ჟურნალში, ყველამ რომ გაიგოს
და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს დაბეზღებაა… მოკლედ, ჩვენი
განყოფილება უნდა იყოს გარესამყაროს პატარა მოდელი.
სხვანაირად იქ დაბრუნება გაგვიჭირდება. მაშ, დავიწყოთ. (სიჩუმეა).
აბა, ვინ დაიწყებს? (სიჩუმეა). აბა, გია, შენ დაიწყე!
გია – ჩემი სურათი რატომ წამართვეს? რატომ წამართვეს ჩემი მაიას
სურათი? (ბუა შოკოლადს მისცემს. გია შეჭამს და იწყებს).
დავიბადე ქალაქ თბილისში 1960 წელს, დავამთავრე 47-ე საშუალო
სკოლა, მერე კი თეატრალური ინსტიტუტეს სამსახიობო
ფაკულტეტი. ვმუშაობდი სახელმწიფო თეატრში და ვასრულებდი
ჯერ უმნიშვნელო, მერე კი მთავარ როლებსაც. ცოლად… ცოლად
მოვიყვანე აგრეთვე მსახიობი, იმასაც მაია ერქვა და (მაიას
მიმართავს) რაღაცით თითქოს თქვენ ჩამოგგავდათ.
ბუა – (ელენეს) დაკვირვებათა ჟურნალში მოძებნე ჩანაწერები გიას
შესახებ.
ელენე – ახლავე, პროფესორო.
ბუა – აქ მომეცი! (ისტორიას ფურცლავს) მეუღლე რატომ მოკალი?
გია – იმიტომ, რომ კაკიასთან მღალატობდა!
ბუა – კაკია ვინ იყო?
გია – კაკია მაგარი ვინმე იყო. ხელში ეჭირა მთელი უბანი. ხუთი კაცი
ჰყავდა გასაღებული. მე ზალიან მეშინია მისი! შეიძლება, აქაც კი
იყოს!
ბუა – უნდა დაგამშვიდოთ, ჩემო კარგო, აქ კაკიას ადგილი არაა… კაკიას
შვილი რატომ შეაცდინე?
გია – სამაგიერო გადავუხადე! ნეტავი, სახეზე მაინც ვიცნობდე. სანამ
ცოლს მოვკლავდი, მანმადე დაიჭირეს… ჩემი მაია რომ არ მომეკლა,
არც ვიკაიფებდი, არც ციხეში მოვხვდებოდი, ბედნიერი ვიქნებოდი,
ბედნიერი. (აქვითინდება). ჩემი მაიას სურათი რატომ წამართვეს,
რატომ?!
ბუა – ელენე, აბა, ეს ადგილი გაგვაცანი. (ჟურნალს მისცემს).
ელენე – ორი დღის წინ გიამ აბაზანაში კაკიას ლანდი დაინახა. გარეთ
გამოვარდა დედიშობილა, ძირს დაეცა და იკრუნჩხებოდა, თან
აგინებდა კაკიას. თქვენც, პროფესორო! თხოულობდა მეუღლის
ჩამორთმეულ სურათს და წყევლიდა თავის ბედს. გუშინ, როცა
კარტს თამაშობდნენ, აიტეხა, აქ არის კაკიაო. ვერ
გადაარწმუნეს.
ბუა – საკმარისია. აბა, ვის გაქვთ სურვილი, გიას შესახებ დაიწყოთ
ბჭობა?
(პაუზა).
მაია – კი, მაგრამ, თუ კაკია თვალით არ გინახავთ, როგორღა
გელანდებათ?
გია – სახეს იცვლის. ხან ვის ჰგავს და ხანაც ვის. ჩემი მოკვლა უნდა…
მოვიდეს! მოვიდეს! დამასვენოს!.. ნუ მტანჯავს, მოვიდეს მეთქი!
ლუკა – კაკია აქ არ არის! ეს მხოლოდ შენი მოცვენებაა. აღარ იფიქრო
კაკიაზე!
ნიკო – მოეშვი პრაქტიკულად. ზანდერის ილუზია. თვითონ რომელიც
ადამიანი პრაქტიკულად… თვითონ რომელიც პრაქტიკულად…
მოეშვი კაკიას.
ელენე – ის კაცის მკვლელი აქ რომ იყოს, ერთი წუთით არ
გავჩერდებოდი!
ბუა – (წამოდგება)ბოდიშს მოგიხდით, ერთი წუთით უნდა დაგტოვოთ.
(გადის. ისმის ღმუილი).
გია – (გახარებული) ნოე ღმუის, ნოე!
მაია – რა აღმუვლებს?
გია – ის კი არა, ნამდვილი ნოე! ჩვენი პროფესორი!
მაია – როგორ თუ ნამდვილი? მოხდა რამე?
ლუკა – ის, ჩემო მშვენიერო, რომ ნამდვილი პროფესორი ამჟამად ღმუის,
რადგან გიჟის სავარძელშია დაფიქსირებული.
მაია – ვერ გამიგია…
ელენე – მაია, დამშვიდდით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ბოდვიტი იდეაა.
გია – უხ, შე ბოზო! ჩვენი რეციდივისტიც შენი ექიმების კოლექციას უნდა
მიამატო?
ნიკო – დაკვირვებათა ჟურნალში ეს პრაქტიკულად… პრაქტიკულად
ჩავწეროთ. (ჟურნალს მისწვდება).
ბუა – (შემოდის). ნიკო, საჭირო არაა! (ნიკო ჟურნალს ხელს გაუშვებს).
მაია, ხო მარ შეშინდით? (მაგიდასთან ჯდება. ღიმილს იკავებს).
მიდი, გია! მიდი, ჩემო კარგო და გამოაგორე შენი პროფესორი!
(გია გაიძურწება). ეს ტიპიური ისტეროდის ციკლური ბოდვაა!
(გია მოაგორებს სავარძელს. გათოკილი ღმუის. ბუა მიდის მაშტან. მაჯას უსინჯავს).
ბუა – პულსი მომატებულია! აღგზნების დაწყების პერიოდია. (თვალის
გუგებს აუწევს, ჩახედავს). ოო, რთული მდგომარეობაა! (გათოკილი
უფრო მოუმატებს ღმუილს). ელენე, ჩვენ რა შევუშხაპუნეთ?
ელენე – მეტილპიპერიდინი.
ბუა – (მაიას) მეთილპიპერიდინი სინთეტიკური ნარკოტიკია. ჰეროინთან
შედარებით ორჯერ ძლიერია და ამანაც აღარ გაჭრა. თუმცა,
შესაძლოა ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშავა. მორფინი ხო მარ
გვეცადა? ან რელანიუმი? ოო, მაია, ერთი მობრძანდით და ნახეთ!
მაია – (უახლოვდება) საშინლად აელვებს თვალებს!
ბუა – ეს ყოფილი რეციდივისტია, ქურდი. პარანოიის დიაგნოზი ჰქონდა
დასმული, მაგრამ ახლა პირუტყვის დონეზეა დარჩენილი. ახსნი
თუ არა, სადმე დაიმალება, ტანსაცმელს გაიხდის და ადამის
კოსტუმში გამოგეცხადება. მერემისდგება და ყველაფერს ამტვრევს.
აი, ეს სკამი შემოგვრჩა მაგისი დალეწილი. (იმ სკამზე უთითებს,
რომელზეც ელენე ზის). ფრთხილად, ელენე, არ გადავარდე!
(შეშფოთებული ელენე შეირხევა და კივილით გადავარდება. გია
გადაიხარხარებს. ნიკო და ლუკა წამოაყენებენ). ხომ არაფერი
იტკინე?
ელენე – ფეხი! (ფეხს იზელს). არა უშავს, გამოვლის!
ბუა – (მაიას) ხოლო ასე რომ დააფიქსირებ, ამტკიცებს, რომ თვითონაა
ნოე! აბა, მოუსმინეთ! (პირიდან ჩვარს ამოაცლის). ელენე,
რელანიუმი მოამზადე. (ელენე კოჭლობით მიდის კარადასთან,
სადაც მედიკამენტები ინახება).
ნოე – ეს რა მიქენით, შიზოიდებო! ოხ, თქვენი დედა და სულ
ყველაფერი! შენ ცემით ამოგხდი სულს! შენ გლუკოზას აგიწევ და
საბოლოოდ გაგადებილებ! შენ კი, ბუა ხარ, თუ ვიღაც ოხერი, ვიცი,
სიმულიანტობ, პარანოიკობას იგონებ და საიდანაც მოთრეულხარ,
თუ ისევ იქ არ გიკრა თავი, კაცი არ ვიყო! ანდა შენც ცემით
მოგკლავ! ვის გაუბედე მეტილპიპერიდინის გაკეთება, ვის! მოიცა,
კიდევ დამიწყებთ ხვეწნას, გვიშველე ბატონო ნოეო! ნო ეარ ვიყო,
თუ გიშველოთ! თქვენი კრეტინი დედა ვატირე, ამ სიმულინტმა
როგორ აგიყოლიათ?! ამიშვით! ამხსენით! ამხსენით, ჩქარა!
გამიშვით, თორემ დაგხოცავთ ყველას!
(ჭექა-ქუხილი. იელვებს. წამიერად გაკაშკაშდება ყველაფერი).
ბუა – (პირში შცარს ჩაჩრის). მაია, თუ კიდევ ეჭვი გეპარებათ, ახლავე
ავხსნი!
მაია – (შიშით) არა, ბატონო ნოე, რა საჭიროა?
ბუა – რელანიუმი! (ელენე გათოკილს ნემსს უკეთებს). გაიყვანე, გია!
(გია სავარძელს გააგორებს).

3.
(ისმის მონოტონური წვიმის ხმა).
ბუა – (სევდიანად). ასეა, ჩემო კარგო. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო.
აი, ახლა, ამ წუთში უნდა შემეძლოს იმის დამტკიცებაც კი, რომ მე
ნაპოლეონი არა ვარ… თუ ეს ვერ შევძელი, ფსიქიატრიას თავს
დავანებებ.
მაია – ასეტი რეციდივები ხშირია, არა?
ბუა – რას იზამთ, ასეთია ამ წყეული დარგის სპეციფიკა. თუ არ გიყვარს,
თუ უგულოდ აკეთებ საქმეს, სურს იძიებს შენზე და ისე
ჩაგაფლავებს, სულ თავბედს გაწყევლინებს.
(გია შემოვა, პალატაში გავა, პიჟამოს გამოიცვლის და ისევ შემოდის).
გია – (წინ და უკან დადის ნერვიულად) კაკია! კაკია შეიძლება აქაც კი
იყოს! არ მინდა, არაა! გესმით? გესმით თუ არა?!
ბუა – აბა, ყველანი მიდით გიასთან! დააწყნარეთ! გიყვარდეთ მოყვასი
თქვენი! ლუკა, შენ კი აქ მოდი! (გიასთან მიდიან დანარჩენები,
ცდილობენ მის დაწყნარებას. ლუკა მაგიდასთან ჯდება). აბა, ახლა
შენ დაიწყე! (მაიას). თითქმის განიკურნა, ისვიათად ემართება
ეპილეფსიის შეტევები. მალე სახლშიც გავუშვებთ. თვით დიადი
ფიოდორ დოსტოევსკიც კი ამ დღეში იყო!
ლუკა – რაღაც ხასიათზე არა ვარ. თუ შეიძლება, მერე მოვყვები.
ბუა – ჯერ ერთი, ხასიათზე კი არა, გუნებაზე არა ხარ და, მეორეც, მე
არაფერს გაძალებ, ჩემო კეთილო. მაგრამ აი, ამ ლამაზი გოგოს
გასაცნობად იქნებ გეთქვა ორიოდე სიტყვა. (შოკოლადს მისცემს).
ლუკა – (შოკოლადს შეჭამს). დავიბადე 1956 წელს, მშვილდოსნის
ზოდიაქოში. დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა და
უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი…
ბუა – სიამაყით უნდა გაცნობოთ, მაია, რომ ჩვენი ლუკა მწერალია. მისი
მოთხრობები სხვადასხვა ჟურნალებშია იბეჭდებოდა. წიგნიც აქვს
გამოცემული. როგორ ჰქვია?
ლუკა – `მთვარე იდგა მზესავით~.
მაია – რა გვარი ბრძანდებით?
ბუა – ჩომახაშვილია.
მაია – აა, მსმენია თქვენზე!.. ის მოთხრობაც წამიკითხავს, ტყეში რომ
ერთი კაცი ცხოვრობს და ხელებს დააჭრიან…
ლუკა – სრული კრეტინიზმია! იდიოტობაა და სხვა არაფერი! სიტყვა რა
არის, ერთ სიტყვასაც კი აღარ დავწერ!
ბუა – დაწყნარდი, ლუკა! არავინ გაძალებს წერას! (სიგარეტს მისცემს).
აჰა, გამომართვი და წადი, გია დაამშვიდე!
(ლუკა სიგარეტს მოუკიდებს, მიდის დანარჩენებთან, რომლებიც ისევ გიას დამშვიდებას ცდილობენ).
მაია – რატომ განერვიულდა?
ბუა – მაგას კაცი შემოაკვდა მანქანით. სასჯელი ფაქტიურად მოხდილი
აქვს, მაგრამ კლასიკური ეპილეფსია განუვითარდა ამ ნიადაგზე.
(ჟურნალს გადაშლის). მწერალი კი არა, კაცის მკვლელი ვარო,
თურმე ასე ყვიროდა გუშინ, სანამ შეტევა დაემართებოდა.
(ჟურნალს ფურცლავს). ის ამბავი მოსვენებას უკარგავს. აი, აქაც
წერია, სიტყვას არ დავწერ, ამის უფლება მკვლელს არა აქვსო.
(ჟურნალს დახურავს). და ვინც მის ადრინდელ მოთხრობებს
კონკრეტულად შეეხება, იმის მიმართ აგრესიული ხდება.
მაია – აბა, რატომ თქვით, მალე სახლში გავუშვებთო?
ბუა – იძულებულნი ვართ, მოვატყუოთ. ისე შენი მტერი გავიდა აქედან,
როგორც ეგ გავა.
მაია – და თერაპიულ საზოგადოებაში ცხოვრება არ შველის?
ბუა – სასიკეთო არაფერი ეტყობა. ძალიან თავისებურია.
მაია – რა ეშველება?
ბუა – რა მოგახსენოთ… თუ გახსოვთ, ამასწინატ ამერიკელი ფსიქიატრები
იყვნენ ჩამოსული. მინდოდა, მისთვის ლობოტომია გაეკეთებინათ…
მაია – ლობოტომია რა არის?
ბუა – თავის ტვინის ცენტრების მოკვეთა… ამას ჩვენში ვერავინ აკეთებს.
იმათ კი ბრწყინვალე ქირურგები ჰყავდათ ჩამოყვანილი.
ასპროცენტიანი შედეგებით.
მაია – და რატომ ვერ გაუკეთეთ?
ბუა – თქვენ რომ გაჩვენეთ, ასეთი შეკრება ჩავატარეთ. ჩემთვისაც კი
უზენაესია პაციენტთა გადაწყვეტილება. ხომ აგიხსენით, ჩვენი
თერაპიული საზოგადოება ძალიან დემოკრატიულია. ვიმსჯელეთ.
მაშინ ის რეციდივისტი ბუა უკეთ იყო. ისიც მონაწილეობდა. და
წარმოგიდგენიათ? იმდენი ქნა, უარი თქვეს ლუკასთვის
ლობოტომიეს გაკეთებაზე! მე მხოლოდ ელენემ დამიჭირა მხარი.
ხმათა უმრავლესობით კი ბუას აზრი გავიდა.
მაია – საინტერესოა, როგორ დაასაბუთა თავისი აზრი?
ბუა – ხომ გსმენიათ მაგათი ქურდული ჟარგონი… (ვითომ ბუას ჰბაძავს).
არა, ძმაო, განყოფილებაში ერთი მწერალი გვყავს, ეპილეფსია კი
არა, პარანოია, ისტერია, შიზოფრენია და სხვა ათასი ჯანდაბა
ერთად რომ სჭირდეს, მაინც უნდა მოვუაროთო. და თავის ქალის
ახდა და ადამიანის ტვინში ჩალიჩი კიდევ ბუნების `ზაკონების~
წინააღმდეგ წასვლააო. არადა, ბუნება, ხო იცით, მაგარი ქურდია,
ჯიგარი მასტი – იცის, სად რა ქნასო! ეტყობა, ლუკა ასეთია
საჭირო და ასეთად უნდა დარჩესო. და ამ სულელური აზრით ნიკო
და გია მიიმხრო, ყველაზე დამჯერი პაციენტები… სხვათაშორის,
ჟურნალში წერია, რომ ერთხელ როგორღაც ამ ჩვენს რეციდივისტს
ლუკასთვის მოთხრობები მოუყოლებია და მერე უტქვამს, ჯიგარი
ხარო.
მაია – ამ ჟურნალში ვინ და ვინ აკეთებენ ჩანაწერებს?
ბუა – აა, ვინ და ვინ წერენ? ბუას სიტყვა არ დაუწერია, ხომ იცით
მაგათი ქურდული კანონები. არც ლუკა წერს. ძირითადად, ელენე,
ნიკო, გია და მე ვწერთ.
მაია – თქვენც?
ბუა – მეც ხომ ამ თერაპიული საზოგადოების ერთი რიგითი წევრი ვარ!
(პაუზა).
მაია – ეს ყველაფერი მიაგავს “One Flew Over the Cukcoo’s Nest”, კენ კიზის
რომანს.
ბუა – კიზი? არ ვიცი, არ გამიგონია…
მაია – არც მილოშ ფორმანის ფილმი გახსოვთ? ჯეკ ნიკოლსონი რომ
თამაშობს…
ბუა – კინოსთვის მცალია?!. ისე კი, ეს სისტემა ფროიდისა და იუნგის
შრომებს ეფუძნება. ამგვარი რამ ნებისმიერ ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში შეიძლება ნახოთ.

4.
(ჭექა-ქუხილი).
ბუა – კარგი, მოეშვით გიას. ახლა, მეგობრებო, გადავდივართ
ექსპერიმენტზე! ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი დაუოკებელი სურვილი,
აქედან გვინდა გასვლა! ამიტომ ყველანი შევუდგეთ გასასვლელის
ძებნას. ავირჩიოთ ის მხარეები, რა მიმართულებითაც აპირებთ
ძებნას და გზას დავადგეთ. მანმადე კი გავიმეოროთ ჩვენი და
მუშკეტერების დევიზი!
ყველანი – ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!
ბუა – მაშ, ძირს კარდინალი რიშელიე და მივხედოთ საქმეს! მე სტუმარს
კიდევ ავუხსნი და მერე ორივე შემოგიერთდებით. (ყველანი გადიან
სხვადასხვა მხარეს). ახლა კი, რაკი მარტონი დავრჩით… (ისმის
ბრახუნი). ოხ, მგონი, ჩვენი რეციდივისტი გადავარდა! (შეირბენს
პალატაში, გამოაგორებს სავარძელს). აი, კოპიც დაეტყო! (ჯიბიდან
მონეტას ამოიღებს, შუბლზე დაადებს). იყოს აქ, თვალწინ
გვეყოლება. ხედავთ, ისევ აღგზნება დაეწყო!
მაია – თავს როგორ იქნევს! (ნოე ღმუის). და იღრინება კიდევაც!
ბუა – არა, ამისთვის ნემსის გაკეთება აღარ შეიძლება. იყოს ასე!
მაია – ბატონო ნოე, იქნებ ამიხსნათ თქვენი ექსპერიმენტის აზრი?
ბუა – ძალიამ რთულია. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. (პაუზა). ეს
განყოფილება იმ დიდი ცხოვრების პატარა მოდელი უნდა იყოს.
ჯერ ცხოვრება ავიღოთ. იმედი გაგიჩნდება, რარაც საქმეს დაიწყებ.
არ გამოდის. უიმედობა გეუფლება. ისევ თავიდან გიცნდება იმედი
და თავიდან იწყება ეს ამბავი… მოკლედ, იმედისა და უიმედობის
მონაცვლეობაა ადამიანის ცხოვრება. და ამ მოციმციმე
მონაცვლეობას იქამდე მიჰყავს ბოლოს ადამიანი, რომ ცხოვრებას
ეჩვევა და აღარ უნდა წასვლა, ანუ სიკვდილი… (გათოკილი ნოე
ხმამაღლა დაიღმუვლებს. ბუა გაჩუმდება).
მაია – განაგრძეთ, მე ყურადღებით გისმენთ.
ბუა – უკაცრავად, აზრი გამიწყდა. რას ვამბობდი?
მაია – იმედისა და უიმედობის მონაცვლეობაა ჩვენი ცხოვრებაო.
ბუა – დიახ, დიახ. ადამიანი სიბნელეში დარჩენილ, გზადაკარგულ კაცს
ჰგავს. სადღაც სინათლე ჭიატობს – გამოჩნდება, გაქრება,
გამოჩნდება, ისევ გაქრება. ის კი სულ მიდის, უნდა მივიდეს იმ
სინათლემდე. ამაშია მისი არსებობის აზრი. მეთანხმებით?
მაია – ალბათ, ასეა.
ბუა – ყველა ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ შეშლილი არაა და გარეთ
გასვლის დაუოკებელი სურვილი უჩნდება… და აი, რაში
მდგომარეობს ჩემი ექსპერიმენტი – აქ შექმნილია უამრავი ყალბი
გასასვლელი. აქედან შეხვალ, ივლი, ივლი და მეორე მხრიდან
დაბრუნდები უკან. ლუკში ჩახვალ, აღმა-დაღმა იხოხიალებ,
იძრომიალებ და აგერ ჭერიდან თოკით ჩამოხვალ. უამრავი ასეთი
ლაბირინთი უვლის გარშემო ამ განყოფილებას. პაციენტს იმედი
აქვს აქედან გასვლის. პოულობს გასასვლელს. გახარებულია.
მიდის, მიდის და ისევ უკან ბრუნდება. იმედი დაეკარგა. გული
გაუტყდა. მაგრამ ისევ მოუნდება გასვლა, ისევ იწყებს ძებნას და
თავიდან იწყება ყველაფერი. გასვლის ილუზია. სიხარული. უკან
დაბრუნება. უიმედობა. წუხილი. აი, ამ გრძნობების
ექსპერიმენტულად გამოწვევა, მათი ხშირი გამეორება ავადმყოფებში
გამოიწვევს აქედან არგსვლის სურვილს. აღარ ენდომებათ წასვლა,
როგორც იქ, დიდ ცხოვრებაში ადამიანს არ უნდა სიკვდილი. და
პაციენტი უფრო დამჯერი ხდება, უკეთესად ემორჩილება
მკურნალობის კურსს. (გათოკილი ისევ უმატებს ღმუილს).
სხვათაშორის, ასეთი მკურნალობის კურსი ჩვეულებრივი
ადამიანისათვის ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა, ინსტიტუტი,
პოლიცია, ციხე და მთლიანად, სახელმწიფოა. აბა, როგორ
მოგწონთ?
მაია – გრანდიოზულია, ბატონო ნოე! ძალიან ჰუმანურ მიზნებს ისახავს
თქვენი ექსპერიმენტი და ყოველმხრივ მივესალმები!
ბუა – (სევდიანად) ეჰ, ჩემო კარგო! ამის დასამტკიცებლად წლები
დამჭირდა. რკინის ქალამნები მეცვა და ინსტანციიდან ინსტანციაში
დავდიოდი. ჯანდაცვის მინისტრყ ძლივს დავითანხმე ხარჯების
გაღებაზე. საკმარისია, რაიმე იდე არ გამომივიდეს, იმ წამსვე
აყაყანდებიან ავის მოსურნენი და იმდენს იზამენ, მეცამეტე
ექსპერიმენტულს დამახურინებენ კიდეც… აი, რატომ ვერიდები
პრესას.
მაია – მე მესმის თქვენი!
(შემოდის ნიკო, ზურგზე ელენე შემოჯდომია).
ბუა – ოო, მობრძანდით, მობრძანდით მაგიდასთან.
ნიკო – (შეწუხებულია) ფროიდი. იუნგი. კრეჩმერი. შელდონი. პიაჟე. ჟანე.
ეი.
ელენე – ვერ ვიპოვეთ გასასვლელი, ბატონო ნოე! (ჯდებიან მაგიდასთან).
ბუა – სამწუხაროა, სამწუხარო!
ნიკო – წარმოდგენათა მიმდინარეობაში საკმაოდ ხშირია ექოლალიისა და
პერვერსიის მოვლენები! აღთქმის გეშტატლობა დაზიანებულია.
ობიექტივაცია დაჩლუნგებულია. ტლანქი-ირადირებული განწყობა.
ილუზიისა და ჰალუცინაციის შინაარსის გავრცელება ართქმის
ერთი მოდელიდან მეორეში.
ბუა – დამშვიდდი, დამშვიდდი, ნიკო! შენ ვერ იპოვნე, სხვები იპოვიან.
სამაგიეროდ, ხომ ნამდვილად ეძებდი?
ნიკო – ზანდერის ილუზია… მიულერ-ლიერის…
ბუა – კარგი, დაწყნარდი.
ლუკა – (შემოდის, მაგიდასთან ჯდება) თქვენ უკვე დაბრუნდით?
ნიკო – ვერაფერი პრაქტიკულად. უიმედოდ. უიმედოდ. მარტო. ვერა. ვერა.
ლუკა – ვერც მე ვნახე გასასვლელი. ვერ მირწმუნია, ბოლომდე ვერ
მირწმუნია.
ბუა – რა ვერ გირწმუნია, აუხსენი ჩვენს სტუმარს.
ლუკა – რომ აქედან არის გასასვლელი და ის ღმერთთან მიგვიყვანს, ის გასასვლელი გადაგვარჩენს უღმერთობისგან.
ბუა – შენ გინდა თქვა, რომ, გარეთ თუ გახვალ, ღმერთს იპოვნი?
მაია – გარეთ ღმერთია?
ლუკა – ღმერთი ყველაგანაა. ის აქაც შეიძლება იყოს. მე თუ ვირწმუნე,
რომ არის ეს გზა, მაშინ ვიპოვნი. აუცილებლად ვიპოვნი. თავიდან
იმედი მქონდა, ძებნა რომ დავიწყე. სად არ ვიარე, მაგრამ
უშედეგოდ. მერე ეჭვი შემეპარა და უკან დავბრუნდი.
ბუა – ძნელია რწმენის გზით სიარული. საკმარისია სულ მცირე ეჭვი და
მაშინვე გზა იკარგება. მაგრამ რას იზამ, ეჭვი ადამიანისთვის
ბუნებრივია. ურწმუნოებიდან – რწმენისკენ. ეჭვიდან – უეჭვობისკენ.
ეს შენი მზიმე გზაა. შენ კაცობრიობა უნდა გადაარჩინო,
ღმერთთან მისასვლელი უნდა იპოვნო – აი, შენი მისიის მთელი
სიმძიმე.
(შემოდის თავჩაქინდრული გია).
ლუკა – აი, გიაც მოვიდაა.
მაია – რა ქენი, გია?
გია – რა უნდა მექნა? ვერაფერი. აქ გასასვლელი არ არის, არა! მე
დავიღალე! ო, როგორ დავიღალე!
ბუა – კარგი, დაწყნარდი, ჩემო კარგო.
გია – იმედი აღარ მაქვს! სულს ვღაფავ, სულს! უწყლოდ დარჩენილი
თევზივით!
ელენე – დამშვიდდი, გია. დამშვიდდი.
გია – რა დამამშვიდებს?! მე დავიღალე! გესმით? გესმით თუ არა?
ბუა – გვესმის, ჩემო გია, შენ ოღონდ დაწყნარდი!
გია – მე და-ვი-ღა-ლე! თევზი ვარ უწყლოდ, თევზი!
ბუა – ელენე, დააწყნარე გია, თორემ შეკრებას ვეღარ განვაგრძობთ!
ელენე – რელანიუმი?
ბუა – ეგებ მორფინი სჯობდეს?
(პაუზა).
ლუკა – ტაზეპამი გადავაყლაპოთ.
გია – არაფერი, არაფერი მინდა! (მაგიდასთან ჯდება). შემეშვით!
(პაუზა).
ბუა – მე მესმის თქვენი, ჩემო მეგობრებო! ეძებეთ გასასვლელი, იმედი
გქონდათ, რომ გახვიდოდით აქედან. მაგრამ რაკი პირველი მარცხი
იწვნიეთ, უიმედობა დაგეუფლათ. (პაუზა). თქვენ დარწმუნებული
ხართ, რომ ყველგან ეძებეთ? მაგალითად, შენ, გია?
გია – კი, ყველგან.
ბუა – (ლუკას) შენ?
ლუკა – მეც ყველგან ვეძებე, საითაც ძებნა შეიძლებოდა.
ბუა – (ნიკოს) შენ?
ნიკო – პრაქტიკულად, ყველგან… პრაქტიკულად ვერა, ვერა…
ელენე – ხო, ყველგან ვიყავით.
ბუა – კარგი, ბატონო, მე მჯერა თქვენი. მჯერა, რომ ყველგან ეძებეთ.
მაგრამ ამით ამოიწურა ყველა იმედი? (პაუზა). არა და არა. თქვენ
ყურადღება არ მიგიქცევიათ ნიშნებისთვის. ნიშნები არ გიძებნიათ.
გია – რა ნიშნები?
ბუა – ისეთი საგნები, რაც გასასვლელზე მიგვანიშნებდა. თქვენ თვითონ
წარმოიდგინეთ, რა ნივთები უნდა უკავშირდებოდეს გასასვლელს?
ბორბალი, საგზაო ნიშანი, ლუდის ბოთლი, სიგარეტის ნამწვი…
გია – (გახარებული) იცით, იცით, იქით ბორბალი ეგდო. შიგ ორჯერ
ჩამივარდა ფეხი!
ბუა – აი, ხედავთ? აბა, სხვებმაც გაიხსენეთ!
ლუკა – მე ვერაფერი მომიგონია მატერიალურად. მე მხოლოდ ჩემი
განწყობილება მახსოვს – უეჭვობიდან ეჭვისაკენ.
ბუა – თუ მოძებნი, ნიშნებსაც იპოვნი. (გია ადგება, მიდის). გია, სად
მიდიხარ?
გია – იმ ბორბალთან.
ბუა – მოიცა, მეც წამოვალ. (მიდის გიასკენ). დანარჩენებიც წადით.
ნიშნები ეძებეთ. აუცილებლად ნახავთ რაიმეს. მაია, შენ ლუკას
გაჰყევი. წავიდეთ, გია. (გადიან. ელენე ნიკოს შეაჯდება ზურგზე და
ისინიც გადიან).
ლუკა – (მაიას) კარადაში ტელეფონია, პოლიციაში დარეკე მულ-ორზე!
მეცამეტე ექსპერიმენტული გიჟის ხელშია ჩავარდნილი თქო! არ
გამცე! (გადის).
(ნოე ღმუის და თავს უქნევს. მაია შიშით უყურებს, მერე მივა, ჩვარს ამოაცლის).
ნოე – მიდი, მიდი, დარეკე! დარეკე, რომ გეუბნები!
მაია – თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ დავიჯერებ ამ სისულელეს?
ნოე – შენი ფიქრის დრო არ არის, მეცამეტე გიჟის ხელშია! ჩქარა,
დარეკე!
მაია – ფანჯარაც ხომ არ გამოვაღო და ხომ არ ვიკივლო?!
ნოე – ვინ შეისმენს საგიჟეთის სარკმლიდან გამოვარდნილ კივილს?!
თანაც ამ თქეშში გარეთ არავინ იქნება! გემუდარები, დარეკე!
მაია – ტელეფონს მოვძებნი. (კარადასთან მიდის).
ნოე – ღმერთო, ნეტავ ტელეფონი ხომ არ დამალა? სწრაფად, გოგონი,
სწრაფად!
მაია – (ფეხს ააჩქარებს) არც კი ვიცი,რატომ გიჯერებთ!
ნოე – ცოდნა არ არის საჭირო, ცოდნა ღლის ადამიანს! ჩქარა!
მაია – (გამოხსნის კარადას) ა, ბატონო, არის ტელეფონი. რა ნომერი
ავკრიფო?
ნოე – პოლიციაში დარეკვა არ ღირს. სამორიგეოში სჯობია. შვიდი-
ოცდაათი…
მაია – (შვებით) ზუმერი არ არის…
ნოე – ხელი დაარტყი, იქნებ ამუშავდეს!
მაია – არც კი შიშინებს.
ნოე – აბა, კაბელს მიჰყევი!
მაია – (კაბელს მიჰყვება, თავისკენ მოქაჩავს, დახედავს) გადაუჭრია!

6
(ჭექა-ქუხილი. ელავს. გაოგნებული მაია იატაკზე ჩაჯდება).
მაია – ო, ღმერთო, აქ სად მოვხვდი? აქ რა მინდოდა? წყეული იყოს ის
გასიებული რედაქტორი, ეს რა დავალება მომცა?! (წამოდგება,
ბოლთას სცემს).
ნოე – ნერვებს ნუ აყვები! დამშვიდდი! ისევ ჩვარი ჩამიდე, ჩქარა! ბუა არ
მოვიდეს! ვითომ არაფერი იცი! საშველი ეგ არის! ეგებ გადარჩე!
მაია – (უფრო ჩქარა დააბიჯებს). ერთი გამაგებინე, შენ გიჟი ხარ თუ
პროფესორი? როგორ გავიდე, როგორ გავიდე აქედან?
(ისტერიკაშია, კარს დაეჯაჯგურება). დაუკეტია! (კარზე
აბრახუნებს, ყვირის). გამიღეთ! კარი გამიღეთ! გამიშვით აქედან!
გამიშვით, ჩქარა! (ახლა ფანჯარას მივარდება, გამოხსნის,
გისოსებს ეჯაჯგურება. შემოდის წვიმის ხმა. ელვა გააკაშკაშებს
ოთახს). ჰეი, თუ ვინმე ხართ! (ფანჯარაში ყვირის) თუ ვინმე
ხართ მანდ! გაიქეცი პოლიციაში! უთხარი, რომ მეცამეტე
ექსპერიმენტული გიჟის ხელშია ჩავარდნილი!
(შემოდის ბუა. უკან გია მოყვება, მანქანის ბორბალს მოაგორებს. შემოდის ნიკო, ზურგზე ელენე აზის. შემოდის ლუკაც, ხელში გზაჯვარედინის ნიშანი უკავია. ბუას გარდა ყველანი მაგიდის გარშემო სხდებიან).
ბუა – (მაიასთან მიდის, წყნარად) დამშვიდდით, მაია, რა მოგივიდათ?
ნოე – ეგ შეიძლება ჭკუაზეც კი შეცდეს!
ბუა – ლუკა, მაგას ჩვარი ჩაუდე პირში, თორემ ათას სისულელეს იტყვის!
და საერთოდ, გაიყვანე! (ლუკა ჩვარს ჩაუდებს ნოეს და გააგორებს).
ამ რეციდივისტს დაუჯერეთ, მაია?! მე უფრო ჭკვიანი მეგონეთ!
მაია – (მობრუნდება) გამიშვი! აქედან გამიშვი! არ მაინტერესებს, ვინ ხარ!
მომეცი გასაღები, გავხსნი და წავალ! ფეხს არ დავადგამ აქ!
რატომ არ მიშვებ? რატომ?! საერთაშორისო სამართლის ნორმებით
ჟურნალისტი ყველგან ხელშეუხებელია! შენ კი დამაპატიმრე!
გესმის თუ არა? კარი რატომ ჩეკეტე? ტელეფონი რატომ
გადაჭერი? გამიშვი! აქედან გამიშვი! ჩქარა!
ბუა – როდის მთხოვეთ და არ გაგიშვით?! (მაია გაჩუმდება). ნუთუ აქამდე
ვერ გაგიათ, რომ ამათ არ უნდა დაუჯეროთ ყოველი სიტყვა?
რატომ იგდებთ თავს სასაცილო მდგომარებაში?! ამით ხომ
ხელსაც მიშლით? (გასაღებს ამოიღებს) აი, გასაღები! გააღეთ და
წადით! არც გიჭერთ! არც გაპატიმრებთ! ასე რომ, სულ არ
გჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ჟურნალისტი საერთაშორისო
სამართლის ნორმებით ხელშეუხებელია! (გაოცებული მაია
გასაღებს გამოართმევს. ბუა ელენეს მიმართავს) ისე ჩემი ბრალია!
ექსპერიმენტზე უცხო არ უნდა შემომეშვა! ჩემი პრინციპი არ უნდა
დამერღვია! კიდევ კარგი, მთლად არ ჩამიშალა!
ელენე – კიდევ კარგი, პროფესორო!
ლუკა – (გზაჯვარედინის ნიშანს აჩვენებს) აი, ეს ვიპოვე, პროფესორო!
ბუა – კეთილი, მაგრამ ვიდრე ძიებას გავაგრძელებდე, უნდა გითხრათ,
რომ ერთი თქვენგანი სისულელეებს მივრცელებს და როგორც
ერთხელ მომიყვანა ერთმა ბრიყვმა კორესპონდენტმა პოლიცია,
ახლაც ის უნდა! მე დამნაშავეს არ დავუწყებ ძებნას, მაგრამ ეს
რომ განმეორდეს, აღარ დავინდობ!
ელენე – დამშვიდდით, პროფესორო!
ბუა – აღარ არის, ჩემო ელენე ამდენი ნერვები! ათას უბედურებას
გავუძელი, სისხლი და ოფლი ჩავანთხიე ამ განყოფილების შექმნაში
და მოვიდეს ვიღაც, რბილად რომ ვთქვათ, მეორე უძველესი
პროფესიის მანდილოსანი და დასაბმელი გიჟის სიტყვებზე აქ
პოლიცია დამაყენოს?
ელენე – პირველი უძველესი პროფესია რომელია?
გია – შენი!
ელენე – ექთანი?
ბუა – პირველი უძველესი პროფესია მეძავისაა!
ბუა – დიახ! მე ამას არ მოვითმენ! იმიტომ კი არა, რომ პოლიციის
მეშინია! ელენე, ხომ მოხდა ასეთი ამბავი ერთი წლის წინ?
ელენე – (ლუკას, გამომწვევად) დიახაც რომ!
ბუა – მერე რა, დამიჭირეს? რაიმე უკანონობაში დამდეს ბრალი? მასინ აქ
კი არა, ციხეში ვიჯდებოდი!
(მაია აბაზანაში შედის. გია და ნიკო კლიტის ჭუჭრუტანაში უყურებენ).
ბუა – კარს მოშორდით, თქვე ანანისტებო!
(გია და ნიკო კარს მოშორდებიან. ბუა ნელ-ნელა წავა გასასვლელი კარისკენ. გამოდის მაია, ისევ ავადმყოფის შარვალ-ხალათი აცვია).
ბუა – (მაიას) წადი, რატომ არ მიდიხარ?!
მაია – (მივა ბუასთან) ბოდიშს გიხდით, პროფესორო. გთხოვთ, მაპატიოთ!
(მოულოდნელად შუბლზე აკოცებს).
ნიკო – ზოგი ადამიანი დიდსულოვანია პრაქტიკულად.
გია – ვა, ეს შენა ხარ, ნიკო?
ლუკა – არ გაგვაოცა, კაცო? ზანდერის წრეეებზე არაფერი თქვა!
ელენე – გეყოფათ!
გია – შენ შენს პროფესიას მიხედე, თუ ქალი ხარ!
ელენე – მე ექთანი ვარ.
ლუკა – მაგას კი არა, პირველს, უძველესს.
ელენე – შენ ვის უბედავ, შე ლაზღანდარავ?!
ბუა – (სიგარეტს ეწევა) მოეშვით ელენეს! (მაიას) დიახ, თქვენ
კეთილშობილი ყოფილხართ! მეც ბოდიშს გიხდით, ჟურნალისტიკა მეორე უძველეს პროფესიად რომ მოვიხსენიე. უნდა მაპატიოთ, მაია, ეტყობა ვბერდები და უცებ ვიფეთქებ ხოლმე.
ლუკა – (ელენეს) მეც გთხოვთ პატიებას, ექთანი პირველ უძველეს პროფესიად რომ ვახსენე! (იცინის).
გია – (ლუკას) შენ კი არა, მე ვახსენე! (ელენეს) მე გიხდით ბოდიშს!
ელენე – თავიდან მომწყდით, ლაზღანდარებო!
მაია – (გაეცინება) რა კაი ტიპები არიან!
ბუა – (მაიას) ერთ რამესაც აგიხსნით. ტელეფონი გარესამყაროსთან კავშირის საშუალებაა, ამდენად წააგავს გასასვლელს. ამიტომაა გამორთული!
მაია – თუ შევრიგდით, განვაგრძოთ ექსპერიმენტი!

7.
ბუა – (მაგიდასთან მიდის) მაშ, ახალი ძალით შევუდგეთ საქმეს!
მაია – მეც სიამოვნებით გიერთდებით.
ბუა – კეთილი. ჯერ ამ ბორბალზე ვიმსჯელოთ, ხომ?
ლუკა – კი, ბატონო!
ბუა – სად ვნახეთ, გია?
გია – იქით კედელია, შიგ პატარა კარია. გახსნი თუ არა, იქვე ეგდო!
ბუა – რაკი ბორბალი ეგდო, იქ მანქანაც იქნებოდა. თუ მანქანა იყო და იქ აღარაა, გასულა აქედან. ხვდებით, ეს რას ნიშნავს?
ელენე – გასასვლელი ნამდვილად არსებობს.
ლუკა – მერე, იპოვეთ?
გია – ვერა, იქ გზა არ იყო, არა!
ბუა – მე ვეძებდი, ვაკაკუნებდი კედლებზე, ეგებ ფარული ხვრელი ყოფილიყო და ის იყო, ქვემოთ დავიწყე ძებნა, რომ აქედან კივილი შემომესმა. ძებნის დამთავრება ვეღარ შევძელით. ელენე, მოვინიშნოთ ეს მხარე, როგორც ერთ-ერთი პერსპექტიული, ბოლომდე გამოუკვლევი უბანი.
ელენე – კი, ბატონო.
ლუკა – მე ეს ნიშანი ვიპოვე. (აჩვენბს გზაჯვარედინის საგზაო ნიშანს).
ბუა – ოო, ეს რა საინტერესო რაღაცა გიპოვია. აქ მომეცი! შეხედეთ, მეგობრებო, დატკბით. გზაჯვარედინი!
ლუკა – თუ აქ გზაჯვარედინია, ერთის მაგიერ ორი გასასვლელი ყოფილა!
გია – რა, არ შეიძლება? რატომაც არა!
ბუა – ახლა, იცით, როგორ მოვიქცეთ? აქეთ ჩრდილოეთია, იქით სამხრეთი. ეს ნიშანი შუაში დავდოთ. აი, ასე. ერთი მხარე ჩრდილოეთს გავუსწოროთ. ახლა მეორეს შევხედოთ. საით გვიჩვენებს? აქეთ! გია, შენ აქეთ მოძებნე. (გია ეძებს ნაჩვენებ მხარეს, აკაკუნებს, ყურს ადებს). ახლა ამ ბოლოს შევხედოთ. ერთიც იქით. იქით შენ მოძებნე, ლუკა. (ლუკა ეძებს).
გია – აქეთ არაფერია, ცარიელი კედელია.
ბუა – ლუკა, შენსკენ?
ლუკა – აქაც არაფერია, კარადა დგას.
ბუა – აბა, ცოტა ჩააჩოჩე!
ლუკა – (კარადას გაწევს) ხვრელია1
გია – ნამდვილად? (მიირბენს) ვაშაა! იპოვაა!
ნიკო – (ისიც ცეკვით მივა) დავინახე. თვითონ ხვრელი პრაქტიკულად!
მაია – ოო, ეს საინტერესოა. ამ გზამ იქნებ გაგვიყვანოს!
ბუა – (ისიც ათვალიერებს) თუ ამ გვირაბმაც იმ ბორბალივით არ გვაწვალა, ჩემო გია და ჩემო კარგებო, იმედია, აქედან გავალთ! და სხვათაშორის, ეს მხოლოდ ლუკასი კი არა, ყველა ჩვენგანის დამსახურებაა. ამიტომ, ყველას გერგებათ შოკოლადი. (ყველას ჩამოურიგებს, ლუკასთვის აღარ დაარჩება) შენ რაღა გიყო, რომ აღარ დამრჩა?
ლუკა – გავალ, წყალს მაინც დავლევ.
ბუა – მაგის კითხვა რად გინდა, მიბრძანდი! (ლუკა აბაზანაში გადის) მეგობრებო, მინდა პირველად გასვლის პატივი ვარგუნოთ ყველაზე გულგატეხილ, უიმედო კაცს…
ელენე – გიას.
ბუა – დიახ, გიას.
ლუკა – (შემოდის აბაზანიდან) მეც ნუ დამივიწყებთ.
ნიკო – ნიკო? ნიკო პრაქტიკულად?
ბუა – მიყვებიან ლუკა და ნიკო, მერე ელენე.
მაია – მეც შევალ, პროფესორო.
ბუა – თქვენთან პატარა საქმე მაქვს, ჩვენ მერე შევიდეთ.
მაია – კი, ბატონო.
გია – (მოუთმენლად) შევიდეთ?
ბუა – ერთ წუთს მოიცადეთ!.. ო, რა გახარებული ხართ! რა ბედნიერებს გხედავთ! ნეტავი, სულ ასეთები იყოთ. თითქმის გათავდა თქვენი აქ ყოფნის საუკუნეები. გახვალთ და სულ თავისუფლები იქნებით. გიას შეხედეთ. სიხარულის, იმედის ნაპერწკლები უკრთის თვალებში. ლუკა, არ მოგემატა რწმენა? – მოგემატა! ნიკოსაც ძალიან უხარია! იმედი მაქვს, რომ გახვალთ, მეგობრებო. მეც ბედნიერი ვარ. აბა, ჰე, გასწით! (გია, ნიკო და ლუკა შევლენ გვირაბში).
ელენე – მეც მივყვე?
ბუა – აბა, რა!
ელენე – ჟურნალში ჩანაწერს გავაკეთებდი! ნუ ჯიუტობ, მიდი! (ელენეც ხვრელში შედის. პაუზა. მოისმის ხმაური).
მაია – რა ხდება?
(მიიხედავენ. ნოეს ცალი ხელი გაუნთავისუფლებია და სავარძელს
მოაგორებს).
ბუა – იყოს, იყოს, არაფერს დააშავებს! (ხელს ისევ დაუბამს). ჰო, მაია, რა მინდოდა მეთქვა… ის გასაღები რა უყავი?
მაია – ქურთუკის ჯიბეში ჩავდე.
ბუა – ასეთი გაუფრთხილებლობა აქ არ შეიძლება. ვინმემ რომ აიღოს და გარეთ გავიდეს, პასუხი უნდა ვაგოთ.
მაია – ახლავე მოგართმევთ, ბატონო ნოე.
ბუა – სხვანაირად არ გამიგოთ, ჩემო კარგო. როცა გასვლა მოგინდებათ, მაშინვე მოგცემთ. ანდა მოგვიანებით ჩემი მანქანით გაგიყვანთ სახლში.
(მაია გადის).
ბუა – (ნოეს თავზე ხელს უსვამს) დაწყნარდი, დაწყნარდი. მაია გასაღებს მოგვიტანს.
მაია – (აბაზანიდან გამოდის შეშფოთებული) არ არის გასაღები!
ბუა – როგორ თუ არ არის?
მაია – ქურთუკის ჯიბეში მედო.
ბუა – აბა, რა იქნა? (შევარდება აბაზანაში. ცოტა ხანში უკან მოდის) მოპარულია!
მაია – ვის უნდა მოეპარა?
ბუა – მოვძებნოთ.
(ბუა და მაია ეძებენ ყველგან. სცენიდან გადიან პალატებში. ხვრელის
საპირისპირო მხარეს ოთხკუთხა ფილა გადმოვარდება, გამოდის გია).
გია – ოი, თავისუფლებავ, რა კარგი რამ ხარ! პოეტი მაინც ვიყო! ისე კი ჩემეულ ბჭობათა ლოგიკა ისეთი იყო, რომ აუცილებლად გამოვიდოდით! (ხვრელში შეიხედავს და ყვირის) აქეთ, აქეთ, უკვე გავედი! ჩემეულ ბჭობათა ლოგიკა ასეთი იყო!
(გამოდის ლუკა, მერე ნიკო და ელენე).
ნიკო – (ცეკვავს გახარებული) გავედით პრაქტიკულად!
(ერთმანეთს ულოცავენ, კოცნიან).
გია – (მღერის) ჩემეულ ბჭობათა ლოგიკაა…
(ნოე იღმუვლებს).
ლუკა – (მიმოიხედავს) კრეტინია რა ეს კაცი! სადც ვიყავით, ისევ იქა ვართ!
გია – (სიმღერას შეწყვეტს) ბჭობათა ლოგიკა? (მიმოიხედავს) აუუჰ! (ძირს ჩაჯდება) არ არის, არა და ტყილად ვეძებთ. აქედან გახვალ, ივლი, იბღოტიალებ, თავს გაიტეხავ, ცხვირს გაიკაწრი, მერე სადღაც გამოანგრევ აქამდე უხილავ კარს და ისევ აქ მოხვალ. მე ღარ მინდა! აღარ მინდა, მე თქვენ გელაპარაკებით! აღარ… ჩემი მაიას სურათი რატომ წამართვეს! რატომ წამართვეს!
(შემოდიან ბუა და მაია).
ბუა – რა ქენით?
ელენე – (აჩვენებს) აქედან გამოვედით, პროფესორო!
ლუკა – ეს მხოლოდ წყეული ჩიხია და მეტი არაფერი. ყოველთვის ისევ უკან ვბრუნდებით.
ნიკო – მოდი, მოდი, შემაჯექი უფროსო პრაქტიკულად! ვირს მაგარი ზურგი აქვს, ყველას ვატარებთ, შენც და შენს უფროსებსაც… დავინახე რომელიც თვითონ ადამიანი პრაქტიკულად, თვითონ პრაქტიკულად… უდედოდ, უმიწოდ. უშვილოდ მიცურავს ნიკო წარღვნაში. ეს არის კიდობანი. ჩაიწერეთ ელენე, გეთაყვა, ეს აკვიატების სიმპტომებია, კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი…
ბუა – ისევ დაკარგეთ იმედი! (პაუზა) ასე არაფერი გამოგივათ, ჩემო კარგებო! (ჯიბეებში იჩხრიკება) აჰ, შოკოლადი ხომ გამითავდა! მაგრამ ეს არაფერი! ჩვენ კვლავ განვაგრძობთ გასასვლელის ძებნას, ახალ მეთოდს მოვიგონებთ… მაგრამ ახლა უნდა გითხრათ, რომ გასაღები დაიკარგა.
მაია – მე ქურთუკის ჯიბეში ჩავდე. აბაზანაში კიდია.
ელენე – ეგებ ვიღაცამ…
ბუა – არა, ელენე, არ ვამბობ, მოპარულია მეთქი. ჩვენ იმდენად ვცემთ პატივს ერთმანეთს, რომ არაფერს მოვიპარავთ.
ელენე – აბა, რა იქნა?
ბუა – იქნებ რომელიმემ აიღეთ, თქვენთვის საინტერესო ნივთად მოგეჩვენათ? გთხოვთ, დააბრუნოთ.
ნიკო – მე აი. (ჯიბეებს ამოიტრიალებს) არა. ვერა. კანდინსკი-კლერამბო. პრაქტიკულად.
ლუკა – არა, არც მე მაქვს.
(გია თავჩაქინდრული ზის).
ბუა – გია, შენ ხომ არ აგიღია? (გია ჩუმადაა) ხმას რომ არ იღებ, იძულებული ვარ, თავად შეგამოწმო. (მიდის, ჩხრეკავს). არც ამას აქვს. სად წავიდა? თქვენც უნდა შეგამოწმოთ. (ნიკოსა და ლუკას ჩხრეკავს) ელენე, თქვენ ხომ არ გაქვთ?
ელენე – მამის სულს გეფიცებით, არაფერი ვიცი გასაღების შესახებ!
მაია – ბოდიშს მოგიხდით, პროფესორო, ყველაფერი რომ აგეწეწათ ჩემს გამო… ეგებ გადმოვარდა სადმე?
ელენე – იქნებ დამალეს კიდეც?
ბუა – ძალიან გთხოვთ, ყველანი მომეხმაროთ ძებნაში, აუცილებლად სადმე იქნება. (ყველანი გადიან საძებნელად გიას გარდა).

8.
(ისმის მონოტონური წვიმის ხმა).
გია – (წამოდგება, ფანჯარას გამოაღებს. უფრო მკვეთრად ისმის წვიმის ხმა) რა საყვარელია წვიმა! (პალატაში გადის, თავის საწოლთან მიდის, ტანსაცმელს გამოიცვლის. მერე საწოლებიდან ზეწრებს მოაგროვებს, ერთმანეთზე გადააბამს. სცენაზე ყულფის კეთებით შემოდის) საშიში სულაც არ არის. როცა შენ ხარ, ის არ არის და პირიქით. (გაჩერდება, ჭაღს უყურებს) უბანში ერთი “ჯოდასენა” გვყავდა. აესე წინ და უკან დადიოდა და მთელი დღე ჯო დასენის სიმღერებს მღეროდა. თან დაბლა გაზეთი ჰქონდა გაშლილი, ბოთლით არაყი და ჭიქა ედგა, პურის ნატეხიც ედო. გამვლელ-გამომვლელს ჯო დასენის შესანდობარს ასმევდა… ნეტავ, სადაა, რა მოუვიდა? რამ გამახსენა? (მაგიდას მოაცურებს, ზედ სკამს დადგამს, ზეწარს ჭაღის კაუჭზე ჩამოკიდებს. ქვემოთ ჩამოდის. მაგიდას თავის ადგილას მიიტანს, ყულფის ქვეშ სკამს დადგამს, ზედ შედგება, კისერზე ყულფს გაიკეთებს) აი, გასასვლელი! (ნოე ღმუის) შენ იმიტომ ღმუი, რომ სწორი გზა ვიპოვე?
(შემოდის ნიკო, ზურგზე ელენე აზის. მოყვებიან სხვებიც).
ბუა – ნამდვილად მაგას ექნება, ეგ დამალავდა!
ნიკო – (დაინახავს გიას, შედგება) გია! გია! პრაქტიკულად ნიკომ გია! ნიკომ გია! გია! (ყვირის) გია!
(ელენე შეჰკივლებს)
ლუკა – რას შვრები, არ გაბედო, გია!
ბუა – გია, შეჩერდი! (მისვლას აპირებს).
გია – (ბუას) ნაბიჯი არ გადმოდგა მაქედან, თორემ სკამს ფეხს ვკრავ! შენი ძალად პროფესორი დედაც ვატირე! მაია, თავს უშველე!
ლუკა – (ბუას დაიჭერს) გაჩერდი.
ბუა – (დაბნეულია) რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? (შეხედავს ნიკოს).
ნიკო – ფროიდი. იუნგი. კრეჩმერი. შელდონი. პიაჟე. ჟანე. ეი. თვითონ რომელიც ადამიანი პრაქტიკულად. რორშარხის ლაქები. ზანდერის…
გია – ესაა ჩემი გასასვლელი! ესეც ხომ ყალბი ვერ იქნება! ისევ აქ ხომ ვერ მოვალ?!
ბუა – (ნიკოს ანჯღრევს) რა ვქნათ, რა?!
ნიკო – ილუზიისა და ჰალუცინაციის შინაარსის გავრცელება აღქმის ერთი მოდელიდან მეორეში პრაქტიკულად…
ბუა – წადი, შენი! (ნიკოს ხელს გაჰკრავს. ელენეს). ხმა ამოიღე! თქვი! თქვი, რა ვქნათ!
ელენე – არ ვიცი… (გათოკილზე უთითებს) ამას ჰკითხე!
ბუა – ვინც შენ ექთნის დიპლომი მოგცა, მე იმისი ახვარი დედა ვატირე! (წასვლას აპირებს გიასკენ).
ლუკა – (დაიჭერს) არ მიეკარო, უარესია!
(ნოე ღმუის. ბუა მას მივარდება).
ბუა – უშველეთ რამე! უშველეთ, ბატონო ნოე! არ მინდა, მაგან თავი მოიკლას! გესმის, პროფესორო? (პირიდან ჩვარს ამოაცლის).
ნოე – აბა, ყველანი დამშვიდდით! მთავარია, მოვლენებზე შევინარჩუნოთ უწყვეტი კონტროლი! (გიას) გია, ყური დამიგდე!
გია – წადი, შენი დედაც… (ფეხს გაჰკრავს სკამს და შუქიც ჩაქრება).

მეორე მოქმედება

9.

(წვიმს. უბერავს ქარი. სცენა არ შეცვლილა. კუთხეში მაია ზის თავჩაქინდრული. გია იატაკზეა დაცემული, თავზე ჭაღი ჩამომხობია, ზემოდან მტვერი აცვივა).

ლუკა – თვითმკვლელობა გასასვლელი ეგონა, ესეც ყალბი აღმოჩნდა. ბედი არ
გინდა?
გია – რატომ წამართვით ჩემი მაიას სურათი, რატომ?!
ნიკო – გენიოსი… ბატონი ნოე… გენიოსი. გაითვალისწინო ესეც. ესეც… რომ
კაუჭმა კაცის სიმძიმეს ვერა… ვერ გაუძლოს…
ბუა – (ნოეს ჩვარს ჩაჩრის პირში და მოშორებით გააგორებს. თეთრ ხალათს გაიხდის და მოშორებით მოისვრის. მიდის ელენესთან, რომელიც მაგიდასთან დამჯდარა და რაღაცას წერს დაკვირვებათა ჟურნალში). აქ მომეცი! (კითხულობს) ექსპერიმენტის ჩატარებამ გამოუცდელი კაცის ხელმძღვანელობით ავადმყოფი თვითმკვლელობამდე მიიყვანა! (დახევს ჟურნალს და ელენეს თავზე გადააყრის). ესეც თქვენი საბოზო ჟურნალი! ერთმანეთის ჩაშვებას დახმარებას ეძახით! (გადის, შემოაქვს შამპანურის ბოთლი, ხსნის და სვამს).
ელენე – მაპატიეთ, მეტს აღარაფერს ჩავიწერ და ყველაფერს დაგიჯერებთ.
გია – მეგონა, ასე გავიდოდი აქედან. ჩემს მაიასთან მივიდოდი და იქ ბედნიერი ვიქნებოდი. აღარც ვიკაიფებდი, აღარც არაფერი. მაია მიშველიდა. იქ თეატრიც კი ექნებათ, როლებს ვითამაშებდით…
ბუა – (ბოთლს მაგიდაზე დადგამს) ოხ, შენი ბრიყვი დედა ვატირე! (ლანცეტს ამოიღებს, გიასკენ მიდის) სულ შენი ბრალია ყველაფერი!
გია – არ მომკლა, ბუა! (მიხოხავს) მე რა შუაში ვარ! საკუთარ თავს ვუშავებდი… არა, არ მომკლა!
ბუა – (ჭაღს მოკიდებს ხელს, მოქაჩავს და გიას კისერზე ზეწარს შეაჭრის. ლანცეტს შეინახავს) ადექი, შე ნაბიჭვარო!
გია – არა რა! არა, ბუა, რა!
ბუა – (საყელოში მოკიდებს ხელს, ძალით ფეხზე დააყენებს) რაც განგებამ დაგიწერა, იმას გვერდს ვერ აუვლი. ძალიანაც რომ გინდოდეს, ამ ცხოვრებიდან ვერ წახვალ, გენაცვალე. შენი წილი სიცოცხლე უნდა ათრიო! გამიგე?
გია – კი, კი, როგორ არა!
ბუა – ჰოდა, ძალიან კარგი! (დაარტყამს ძლიერად. გია გადავარდება და იკრუნჩხება) ახლა უფრო კარგად გაიგებ!
მაია – ჟურნალისტი საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელშეუხებელია! გამიშვით!
ბუა – (გაეცინება) ეს მგონი, წეღანაც გაეროში მიპირებდა ჩივილს!
(გია წამოხტება, უგზო-უკვლოდ გავარდება. კარადის კარს გამოხსნის,
შევარდება, დაეჯახება, იყვირებს. ახლა საპირისპიროდ გარბის, საწვიმარ
ჭურჭელს ფეხს წამოკრავს, წაიქცევა. ისევ ადგება და კორიდორში გავარდება).
ლუკა – ამ რეტიანს როგორ ვუყურო მთელი სიცოცხლე. ერთი გამაღწევინა რა აქედან!
მაია – (ბუას) არსად არ ვიჩივლებ, ხმას არ ამოვიღებ! ძალიან გთხოვთ, ნოე ხართ თუ ბუა, თუ ვინც ხართ! გამიშვით აქედან! აქედან გამიშვით!
ბუა – თქვენ რა სცენებს მიწყობთ? ვის გააკვირვებთ? ვინ გიშველით? იყვირეთ, რამდენიც გინდათ!
მაია – რატომ, რატომ მომატყუე! რატომ!
ბუა – ძალით შემომეტენეთ, გეთაყვა და კიდევ აქეთ მებუინებით?! მე მხოლოდ გაჩვენეთ, აქ რა დღეში ვართ. წადით და დაწერეთ! დაწერეთ, რას გვიკეთებს ბატონი ნოე, ეროვნული ფსიქიატრიის ვარსკვლავი!
მაია – გეხვეწები, გემუდარები, გამიშვი აქედან!
ბუა – (ჩუმადაა. მაღლა აიხედავს უმწეოდ და ამბობს) თქვენ აქ `ფასკუნჯის~ რედაქცია ხომ არ გგონიათ?!
მაია – აქ გაძლება აღარ შემიძლია! მეტი აღარ შემიძლია! აღარ მინდა, არა! (ტირის).
ბუა – ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გაგიშვებთ. გასაღები დაკარგულია!
ლუკა – კარგი რა, მაია, დაწყნარდი.
მაია – როგორ მიბედავთ ამ დამცირებას, როგორ!
ბუა – (მკაცრად) გაჩერდი, თორემ ერთი ინვალიდის სავარძელი კიდევ გვაქვს! დაგაფიქსირებთ! ჭკუა კი არ დაგვიშლის!
(ღრიალით შემოვარდება გია და მაგიდის ქვეშ ძვრება).
ლუკა – მომკალით თუ ამან კაკია არ ნახა ისევ!
ბუა – სულ გააფრინა ამ საწყალმა!
გია – კაა-კიიი-ააა! კაკკკია იყო! ააა!
ბუა – (ლუკას) მიდი, უმკურნალე.
ლუკა – ეს როგორ?
ბუა – უთაქე მაგას, აზრზე მოვიდეს.
გია – მიშშვეელეეეთ, კაკია ვნახე!
ლუკა – (გამოათრევს მაგიდის ქვემოდან. გაარტყამს). აბა, სადაა კაკია, მე შენი დედა…
გია – იქაა! (ხელს იშვერს) იქ!
ნიკო – კაკია პრაქტიკულად არა… გაიგე. აქ არა…
გია – მაგან ჩემი მაია მომაკვლევინა!.. ჯერ ციხეში მოვიდა, ახლა აქაც არ მანებებს თავს!
ბუა – კაკია მოკვდა!
(პაუზა).
გია – შენ იცნობდი? მითხარი, როგორ იყო? სანამ ცოლს მოვკლავდი, მანამდე დაიჭირეს…
ბუა – მე “უგროს” დედა რომ ვატირე! სამნი გავრბოდით და სეტყვასავით გვიშენდნენ ტყვიებს. კაკია მაშინ დაბრიდეს. ამ ხელებზე დალია სული…
ელენე- “უგრო” რა არის?
ლუკა – უგალოვნიი როზისკ!
გია – (ტაშს შემოჰკრავს) ვაშაა! კაკია მოკვდაა!
ბუა – (გიას უახლოვდება) ჰუმანიზმი გაკლია, იუზგარ! კაცის სიკვდილი როგორ გიხარია?! (დაარტყამს).
გია – (წაიქცევა. ტკივილისაგან იმანჭება, მაინც გახარებული ამბობს) მოკლეს! აღარ არის, აღარ! ოო, მიხარია! (ხარხარებს) ხომ მართლა მოკვდა? მოკვდა! მოკვდა! მე გადავრჩი! (გადის, პალატიდან ტანსაცმელი გამოაქვს, ქვითინით იცვლის) სუფთა, სუფთა უნდა ვიყო! კაკია ვნახე იქით, რევოლვერს მიმიზნებდა. თურმე მკვდარი არ ყოფილა?! მოუკლავთ. აღარ არის… ფააფუ…
ბუა – რა გავახარე, ბიჭო! ნეტავი, ცოტა ადრე მეთქვა.
ლუკა – ისეთი რამე უთხარი, მაგან შენი ნაფეხურები უნდა ალოკოს.
ბუა – (პაუზის მერე) კარგი აზრია! (წავა გიასკენ).
გია – არა, ეგ არა! (ისევ მაგიდის ქვეშ იმალება).
ბუა – არა კი არა, როგორ არა!
გია – მაგას ნუ იზამთ, ნუ!
ბუა – ლუკა, გამოიყვანე!
ლუკა – მოიცა, ბუა, მე სიტყვაზე ვთქვი!
ბუა – (ლანცეტს ამოიღებს, ლუკასკენ მიდის) ჰა, მიდი მეთქი!
(ლუკა გამოათრევს გიას. ბუას შამპანურის ბოთლი უკავია, სიარულის დროს სვამს. ლუკას გია კისრით უჭირავს, ნაფეხურებს ალოკინებს).
ნიკო- თვითონ რომელიც ადამიანი პრაქტიკულად. დავინახე როგორც სინთავისუფლე. ფროიდი. უმიწოდ. კრეჩმერი. უდედოდ. იუნგი. მივცურავთ. ზანდერის ილუზია. კიდობანი. კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი… ჰალუცინაციის პრაქტიკულად… ეი. ჟანე. პიაჟე.
გია – (იყვირებს) მაინც მიხარია! მი-ხა-რი-ა!
ბუა – წადი, შენი… (მობრუნდება და მუცელში წიხლს ამოარტყამს. ჭექაქუხილი. ელავს).
გია – ვაი-ვაი-ვაიიი! (იკრუნჩხება).
ბუა – (მაგიდასთან დაჯდა. შამპანურს სვამს) ისევ ცოცხალი ყოფილა!
მაია – (მივა გიასთან) ადექი, ნუ გეშინია!
გია – (წიხლს მოუქნევს) მომწყდი თავიდან!
ელენე- (მაია გამოყავს) თავი დაანებე, გამწარებულია! (ჩურჩულით) ბუას
ყველაფერი დაუჯერე, თორემ არ დაგინდობს!
ბუა – ლუკა, მიხედე!
ლუკა – (გიასკენ მიდის) ჰა, ლომო, ხომ არ წაიქეცი?
გია – ვაი! ვაი!
ლუკა – თანაც ჯერ წიხლი მოგხვდა, არა?
გია – ვაი! ვაი! ვაი!
ლუკა – რა გტკივა?
გია – ფეხი მტკივა, ფეხიი!
ლუკა – რა გეტაკა?
გია – ბილწი ცხოვრება მეტაკა იმასავით…
ლუკა – (ფეხზე ფეხს დაადგამს) ჰა, რასავით, ლომო!
გია – ვაიაუუუ… და გადამთელა. გადამიარა.
ლუკა – მოიცა, შენ ადრე პოეტი ხომ არ იყავი?
გია – (წამოჯდება, ფიქრობს) სტიქაროსნად ვიყავი ეკლესიაში. დარაჯიც ვიყავი. სტამბის მუშაც. მერე მსახიობი… აი, პოეტი ვიყავი თუ არა, ვეღარ ვიგონებ.
ლუკა – რა მაგარია, არა?
ბუა – ხოხმა მასტები თუ გინდა, აქ არიან!
გია – ელენე, ელიკო, ელიკუნიკო, მოდი, გენაცვალე, წამომაყენე! გამიგე, რა!
ელენე – ხომ გშველოდა მაია, რატომ გააგდე?
გია – გამწარებული ვიყავი, ჩემი დედა ნუ მომიკვდება. მოდი, რა?!
ელენე – მომეშვი.
გია – ნიკო, შენ მაინც მიშველე.
ნიკო – მერე კიდევ არის. პარაქტიკულად წამოვაყენოთ.
ლუკა – (ნიკოს დაიჭერს) წამოვაყენოთ რა, მამაძაღლი, ქურდია?! თვითონ ადგეს.
გია – რატომ შე ბოროტო! მგონი, ფეხი მაქვს ნაღრძობი! მტკივა! შენ მაინც მიშველე!
ლუკა – რატომ უნდა გიშველო?
გია – არ გეცოდები?
ლუკა – არა.
გია – აკი ყველა ერთმანეთის მეგობარიაო?
ლუკა – კაცი პოეტი, სტიქაროსანი, არქიტექტორი, კომპოზიტორი და რეჟისორი ყოფილხარ და ამას როგორ ვერ ხვდები? ძმაკაცი რომ ვარ, იმიტომ არ გეხმარები.
გია – აბა, აქ ვეგდო? ვეგდო, არა?
ლუკა – ეგდე.
გია – დავიტანჯო, არა?
ლუკა – დაიტანჯე.
გია – მაშ, კარგი!
ლუკა – შენ რომ კაი ტიპი იყო, ადგებოდი.
გია – ვეღარ ვდგები. ეს ფეხი ჯერ ბორბალში ჩამივარდა, მერე ჩამოვარდნისას გადამიბრუნდა. მგონი, მისივდება კიდეც…
ლუკა – მორჩი ბაზარს?
გია – ეგ არის ჩვენი ძმაკაცობა? კაცი არა ხარ, ბიჭო? მომეხმარე, ხელი გამომიწოდე, წამომაყენე! ეგრე ვეგდო?
ლუკა – ენა ჩაიგდე, თორემ ნაჩათლახარი ვიყო, თუ მეორედ არ მოგაყოლო წიხლი!
გია – ახლა თავიც ამტკივდა… უუ… მომეშველეთ, თქვენი ჭირიმე, მიშველეთ, ჩქარა! ხალხი არა ხართ, მგონი ვკვდები!
ბუა – გააჩუმეთ ეს ნაბოზვარი, ფიქრში ხელს მიშლის!
გია – ვკვდები, ვკვდები!
ლუკა – შენც ეგ არ გინდოდა?
გია – (ისტერიულად) ჩემი მაია რომ ყოფილიყო აქ, ასე არ დამტოვებდა. იმასთან მინდოდა! ახლაც იმასთან მინდა… თქვენთან რა მინდა! მაიას სურათი რატომ წამართვით! რატომ!
ბუა – გააჩუმეთ ეს ახვარი!
ლუკა – ამის გაჩუმება აღარ იქნება, ბუა-ჯან! ამას ერთი კაი “უკოლი” უნდა, თორემ სულ მთლად გააფრენს.
ბუა – მერე გაუკეთეთ, მაგის დედაც ავატირე! არ გაგვაგიჟა, კაცო?!
ლუკა – ელენე, მორფინი, მაგისი დოზა.
ელენე – (კარადასთან მიდის) შენ ვენა მოამზადე.
გია – ისეთ “ლომკებში” ვარ, დაგლიჯეთ რა! (ვენას გააშიშვლებს) მოდის, მოდის, მოდის, მოდის, მოდის მატარებელი? (მკლავზე ცხვირსახოცს შემოიჭერს, დაქაჩავს).
ელენე – (ნემსი მოამზადა) მომუჭე-გახსენი, მომუჭე-გახსენი!
გია – მოდის მატარებელი?
ელენე – მოვიდა! (ნემსს გაუკეთებს).
გია – (ძირს გაიშხლართება) მოდის, მოდის, მოდის… მოვიდაა!
ლუკა – ფუჰ, ამის დედა ვატირე! ამანაც უნდა თქვას, კაცი მქვიაო!
ბუა – (ლუკას) ჯიგარი ხარ, მოდი, თითო მოვურტყათ.
ელენე – ამისთვის არ შეიძლება ალკოჰოლი.
ლუკა – შენ ვინ გეკითხება? (სვამენ ბუა და ლუკა).
ნიკო – ნიკოსაც! ნიკოსაც!
ლუკა – აჰა, დალიე. (ბოთლს მისცემს).
ნიკო – (მოსვამს) კარგია, ნიკო? (კიდევ მოსვამს) ძალიან!
მაია – მეტი აღარ შემიძლია! ვიპოვოთ ეს წყეული გასაღები და გამიშვით აქედან!
ბუა – ამან ისევ თავიდან აუშვა ოფოფები?
ლუკა – ეგრე ჩანს!
ბუა – მერედა, გავუკეთოთ ნემსი ამ დედაკაცს, იქნებ მაშინ მაინც მოგვეშვას! ან არადა, ნოესავით დავაფიქსიროთ!
ელენე – გავუკეთო?
ლუკა – მოიცა, რაღაც აზრი გამიჩნდა! (მაიასთან მიდის).
მაია – არ მინდა აქ! არ შემიძლია, არა!
ლუკა – (სილას გაულაწუნებს, თმებით უჭირავს) მე და ამან ერთად ხომ არ ვეძებოთ აქედან გასასვლელი პიკანტური კუთხით? პიკანტოლოგია ურთულესი დარგია და ბევრი აზრზე არ არის! ამას ნემსი რად უნდა! პატარას მივეძალები! (მაია სილას გააწნავს. ლუკაც გაარტყამს). მიყვარს ასეთები! (მაიას) ყოფილხარ კაცთან, თუ მარტო ეწევი და ეწევი?
ბუა – ეს კარგი აზრია. პიკანტური აქტი უნდა ჩაატარო და საითაც ქალს თავი ექნება, იქით უნდა ეძებო გასასვლელი! მე ელენე ხომ არ გამეყვანა იგივე კუთხით?
ლუკა – ნამდვილად! მით უმეტეს მაგ მხრივ ჩვენს ელენეს გამოცდილება არ უნდა აკლდეს!
ელენე – არა, არა, ძალიან გთხოვ, თავი დამანებე! (გაქცევას ცდილობს).
ბუა – (დაედევნება, დაიჭერს) წამოდი, ქალო!
ელენე – თავი დამანებე, მაინც ბრომი გაქვს გაკეთებული, ვერაფერს მოახერხებ!
ბუა – (ლანცეტს მიუტანს სახესთან. ელენე გაჩუმდება). ნოეს აღარ ვჯობივარ? თუ ის სამედიცინოზე მოწყობას დაგპირდა? იქნებ მეც მოგაწყო?! წამოდი, წამოდი! (გადიან).
ნიკო – (ცეკვის ილეთებით მიყვება) უყუროს ნიკომ. უყუროს პრაქტიკულად… (გადის).

10.

მაია – (ლუკას) არ მომეკარო, შე ცხოველო! როგორ დამარტყი!
ლუკა – კარგი, დამშვიდდი რა!
მაია – შენ იყავი მწერალი? მწერალი კი არა, კაცის ცოდვა ხარ, ქალს როგორ ურტყამ?! თუმცა მეტს რას უნდა ველოდო კაცის მკვლელისაგან! ხმა ამოიღე, რატომ არაფერს ამბობ?
ლუკა – მე იმ დარტყმებით გადაგარჩინე!
მაია – გადამარჩინე? დამცინი კიდეც?
ლუკა- მორფის გასაკეთებლად არ გაგიმეტე, არც გასათოკად! (დაუჩოქებს) სამაგიეროდ, აჰა, მირტყი, რამდენიც გინდა!
(პაუზა).
მაია – გამიმეტებდა?
ლუკა – შენ არ იცნობ! ეგ ის ბუაა, ბავშვობაში რომ გვაშინებდნენ!
მაია – ასე როგორ დაგზაფრათ ყველა! ადექი! (წამოაყენებს) აქ სად ჩავვარდი, (უიმედოდ) რა მეშველება?
(პაუზა).
ლუკა – მაია.
მაია – თავი დამანებე!
ლუკა – ძალიან მომწონხარ.
მაია – რას მელაპარაკები?
ლუკა – (მიუახლოვდება, თავზე ხელს გადაუსვამს) მინდა, რაღაც შემოგთავაზო!
მაია – ხელი გაწიე! მომშორდი!
ლუკა- კი, ბატონო. მე არასოდეს გამიკეთებია ის, რაც ქალს არ უნდა! (მოშორებით ჯდება).
(პაუზა).
მაია – (ლუკასთან მივა) რისი შემოთავაზება გინდოდა?
ლუკა – გინდა გაიგო?
მაია – მინდა.
ლუკა – ვიცი, არ მეტყვი. მაგრამ ხომ ვგრძნობ, რომ მოგწონვარ…
მაია – თვალს რომ ვახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ! პირდაპირ მითხარი, რა გინდა!
ლუკა – აქედან რომ გაგიყვანო, იქნები ჩემთან?
მაია – თუ ასე მოგწონვარ, რატომ ცოლობას არ მთხოვ?
ლუკა – მწერალს ცოლი რად უნდა?
მაია – აკი აღარ დავწერო?
ლუკა – თუკი ჩემთან იქნები, დავწერ!
მაია – ესე იგი, მე უნდა გადაგარჩინო, არა?
ლუკა- შენ რომ გიცქერი, ბედნიერი მგონია თავი… ვერ გამიგია, რა გაქვს ასეთი!
მაია – მომაწევინე! (ლუკა სიგარეტს მისცემს, მოუკიდებს. მაია ეწევა) დავუშვათ დაგეთანხმე, როგორ გამიყვან?
ლუკა- ვარაუდები არ მაინტერესებს, ნაღდი გადაწყვეტილება მინდა! ჩქარა, თორემ, მოვლენ!
მაია – (ფანჯარასთან მივა) აი, ეს შუშა რომ ჩაამტვრიოს ვინმემ და ვენები გადაიჭრას, ხომ შეიძლება?
ლუკა- ეგ შუშა მტვერივით იფშვნება!
(პაუზა).
მაია – (ნამწვს გადააგდებს, ლუკასთან მიდის, ჰკოცნის) წამიყვანე, წამიყვანე აქედან! ჩქარა!
ლუკა- ასე მხოლოდ მაშინ გამიხარდა, როცა ჩემი პირველი მოთხრობა დაიბეჩდა! (ისიც ჰკოცნის).
მაია – გეყოფა, სულელო! წავიდეთ, თორემ დაბრუნდებიან!
ლუკა- ჰო, ახლავე… ღმერთო, აქ ვეძებდი გასასვლელს და იქნებ ამ ქალმა მაპოვნინოს! (მაიას) მე ყვავილებით გესტუმრები ხოლმე.
მაია – ძალიან მიყვარს… როგორ გავიდეთ?
ლუკა- ის გასაღები შენი ჯიბიდან მე მოვიპარე…
მაია – მართლა? სად არის?
ლუკა- აი, ნოეს ქვეშ ამოვდე! (ნოე ღმუის. ლუკა ხელს შეყოფს სავარძელში. გაშრება. ეძებს. ვერ პოულობს).
მაია – (ფანჯარაში იყურება) რას ვიფიქრებდი, ასე ლამაზად თუ იწვიმებდა…
ლუკა- მაია.
მაია – რამდენს ვირბენთ არა წვიმაში?!
ლუკა- გასღები აღარ არის!
მაია – რას ამბობ?! (მივარდება, ანჯღრევს) რა თქვი?
ლუკა- გასაღები აღარაა.
მაია – თქვი, რომ მატყუებ… აკი სავარძელში შევინახეო! (სავარძელს მივარდება, ეძებს) იქნებ აქ არის, იქნებ ვერ ნახე…
ლუკა- ეეხ, ნეტავი გატყუებდე!
მაია – (ხელის კანკალით უკიდებს სიგარეტს და ეწევა) ვინ აიღებდა?
ლუკა- როგორ მინდოდა, შენ ხო მარ იცი, როგორ მინდოდა, აქედან ერთად გავსულიყავით! (ტირის).
(პაუზა).
მაია – კარგი, დამშვიდდი! (თავზე ხელს გადაუსვამს). გაიხედე, რა ლამაზად წვიმს…
ლუკა- გარეთ წარღვნაა!
მაია – ხო, წვიმს…
ლუკა- ხორცის გაღმერთების, სულის მივიწყების წარღვნაა გარეთ… მგონი, მეწყება, თავი მიბრუის…
მაია – რა მოგივიდა?
ლუკა- ჩემი მანქანით მოვდიოდი. ვიღაც ბიჭმა მანიშნა, წამიყვანეო. შემატყო, არ ვუჩერებდი და დედა შემაგინა. რაღაც მომივიდა და ისე ჩქარა დავწიე მანქანა, რომ დავარტყი და ტროტუარზე გადავარდა…
მაია – მოკვდა?
ლუკა- ჰო… არადა, უნდა გადავსულიყავი, მეჩხუბა… დარტყმა რომ მდომოდა, მოვაბრუნებდი და ისე დავედევნებოდი… დამიჯერე, არ მინდოდა იმისი მოკვლა! ძალიან გთხოვ, დამიჯერე!
მაია – მჯერა!
ლუკა- და თავი რომ მომქონდა, მწერალი ვარ მეთქი, ერთი ჩვეულებრივი მკვლელი აღმოვჩნდი. მეც წარღვნის ადამიანი ვარ, უღმერთო… ნოეს ყურადღება რით დავიმსახურე, რატომ გადმომიყვანა აქ, ვერ გამიგია. (პაუზა. საფეთქლებს ისრესს). ასე მეწყება ხოლმე.
მაია – მითხარი, რა ვქნა, რით გიშველო?
ლუკა- შენ კი არა, მამაზეციერიც ვეღარ მიშველის… მისმინე… ღმერთი კი არ მოკვდა, ჩვენ მოვკვდით მისთვის. აღარ გვჯერა მისი არსებობის. ცხოველებს ვგავართ. ხანდახან მინდა, გავამათრახო საკუთარი თავი, თუმცა ეს რას მიშველის… შენ არ იფიქრო, ნოე და ჩვენ, მისი ამქარი, რაიმეთი გჯობდეთ გარეთ დარჩენილებს… ჩვენც ცოდვილები ვართ… აი, ამ ჩიხში, მთელი ქვეყნიერებაა მოქცეული!
მაია – და შენ გჯერა, რომ აქედან გასასვლელი არის?
ლუკა- ადამიანი საბრალოა. ისეთს ვერაფერს მოიფიქრებს, რომ არ შეიძლებოდეს…
მაია – აქედან თუ გავალთ, ისევ წარღვნაში არ ვიქნებით?
ლუკა- მე ღმერთთან მისასვლელს ვგულისხმობ. მაგრამ ყველაფერი განგების ნებაა. გასაღები რომ ვერ ვიპოვე, ეგეც ჩემი ბედისწერაა, ვერ უნდა მეპოვა. ეგაა ჩემი უბოროტესი მტერი. მკვლელად მაქცია, აქ მომახვედრა… თუმცა მაინც არ ვმორჩილდები. იმან შემომივლო ეს კედლები საზღვრად, მე კი გასასვლელს ვეძებ… ეს ხომ დუელია! მშვენიერია არა, დუელი ბედისწერასთან, როცა იცი, რომ ვერ გაიმარჯვებ.
მაია – მე ბედისწერა უფლის მახვილი მგონია.
ლუკა- ბედისწერა დედამიწასავითაა. ჩვენ გვგონია, ტვირთივით გვკიდია და თან დავატარებთო. სინამდვილეში იმას ვკიდივართ, ის დაგვატარებს! (სახე არეული აქვს. ყურის ბიბილოებს ისრესს. ეტყობა, ჰაერიც აღარ ჰყოფნის).
გია – (წამოჯდება) ბიჭო, ამბობენ დედამიწა მრგვალიაო, მართალია?!
ლუკა- გია მოვიდა და მე წავედ… (ძირს დაეცემა, იკრუნჩხება, პირიდან დუჟი წამოუვა).
მაია – ლუკა, ლუკა! (ცდილობს მიეხმაროს) გია, მიშველე, ჩქარა!
გია – (წვალებით წამოდგება, კოჭლობით მიდის მაგიდასთან, შამპანურს სვამს) მოკვდეს თუ სასიკვდილოა, მაგის დედაც ვატირე!
მაია – მიშველე, კაცი არა ხარ?
გია – მე რომ დაბლა ვეგდე, მაგან მიშველა? იმისი ნაფეხურები მალოკინა! (მივარდება ლუკას, წიხლებს ურტყამს) აი, შენ! აი, შენ!
მაია – (იჭერს) თავი დაანებე! ავადაა და კიდევ ურტყამ?
გია – (მაიასაც გააწნავს სილას) ეგეც შენ!
მაია – შენ მართლა იმის ღირსი ყოფილხარ, რაც გაგიკეთეს!
გია – დაგახრჩობ, შენი დედა ვატირე! (ყელში წაუჭერს ხელებს).
მაია – იცოდე, კაკია მართლა აქაა!
გია – (ხელებს შეუშვებს) ბუამ რომ თქვა, მოკლესო?!
მაია – გინდა, კაკია დაამარცხო?
გია – ხო, მინდა!
მაია – ხომ გინდა, შენი მაია დაგიბრუნდეს?
გია – ეგ უფრო მეტად მინდა! მითხარი, რა გავაკეთო! ჩქარა, მითხარი!
მაია – აი, ლუკა უნდა შეიყვარო. როცა უჭირს, უნდა უშველო.
გია – ახლავე…
მაია – კრიჭა შეეკრა! პირი უნდა გავუხსნათ! (ჩანთიდან ფრჩხილების საქლიბს ამოიღებს, პირს უხსნიან).
გია – ენა უვარდება, ენა!
მაია – (თითებით ამოუწევს ენას) ეს უშველის! (თავს წამოუწევს).
გია – (დაკრუნჩხული Lუკას დაჭერას ცდილობს) უნდა შევიყვარო… უნდა… ჩემი მაია… მაია…
მაია – ასე რომ დაემართება, რას უკეთებენ ხოლმე?
გია – შავ ნაჭერს აფარებენ.
მაია – (მიმოიხედავს) სად ვიპოვო ახლა შავი ნაჭერი?.. ელენე მაინც ყოფილიყო აქ.
გია – მშვიდდება, ნახე. ახლა გაუვლის…
ლუკა- (სუსტი ხმით) ისევ მოვედი…
გია – ჩემი მაია დამიბრუნდება…
ლუკა- მაია!
მაია – ჰო, აქ ვარ.
ლუკა- ეჰ, გასაღები რომ ყოფილიყო… ხომ წვიმაში ვირბენდით უკვე…
მაია – არა უშავს. (თავზე ხელს გადაუსვამს) ეტყობა, ჩემი ბედისწერაც აქ მოხვედრა იყო… ასე რომ, გასაღები რომც მქონოდა, არ წავიდოდი!
გია – (მაიას) არა, მე ამას ვერ შევიყვარებ! ამან მე ბუას ნაფეხურები მალოკინა!.. რატომ, რატომ წამართვეს ჩემი მაიას სურათი! რატომ წამართვეს!
(შემოდის ბუა, ყურით მოათრევს ნიკოს, რომელსაც ზურგზე ელენე აზის).
ელენე- ხომ გეუბნებოდით, ბრომის ბრალია ყველაფერი!
ბუა – (ნიკოს) ვის უთვალთვალებდი, შე კრეტინო?
ნიკო – (საწყლად) წარმოდგენათა მიმდინარეობაში საკმაოდ ხშირია ეხოლალისა და პერსევერაციის მოვლენები…
ბუა – აღარ გაბედო, თორემ ამ ყურს აგახევ!
ნიკო – აღქმის გეშტატლობა დაზიანებულია. ობიექტივაცია დაჩლუნგებულია სავსებით…
ბუა – ერთი მაცოდინა, ვინ წაგაკითხა ეგ სულელური ავადმყოფობის ისტორიები…
ნიკო- ტლანქი-ირადირებული განწყობა. ილუზიისა და ჰალუცინაციის შინაარსის…
ბუა – მორჩი! მთლად დასაბმელი რომ იყო, აღარ გაბედო, თორემ იმდენს გაცეკვებ, ვიდრე ძირს არ დაეცემი! გამიგე?
ნიკო – ჰოო-კი! ჰოო-კი! (ვირივით ყროყინებს).
ბუა – (გასაღებს ათამაშებს ხელში. ლუკას) რა ქენი, ლუკა, ვეღარ იპოვე გასაღები? გასვლა გინდოდა? ესენიც უნდა წაგეყვანა? ელენეზეც ხომ იმიტომ მითხარი! მეც მხეცად ავვარდი, არა?! (საყელოთი მოქაჩავს) დაგედევნებოდი და სადაც დაგიჭერდი, იქ გაგაფართხალებდი!
მაია – თავი დაანებე, შეტევა ჰქონდა!
ბუა – რა ჩემი საქმეა?! (ლუკას ხელს გაუშვებს, რომელიც იატაკზე ჩაჯდება. შამპანურს მოსვამს) ახლა კი გავაგრძელოთ გასასვლელის ძებნა.
მაია – რაღად გინდა ეს ექსპერიმენტი, ხომ ვიცი, ვინც ხარ?
ბუა – ყოჩაღ, ახლა ეს უნდა მეთქვა და დამასწარი! (პაუზა). საქმე ისაა, რომ მე თვითონ მაინტერესებს ამ ექსპერიმენტის შედეგი. სანამ არ დავამთავრებ, აქედან ვერც ერთი ვერ გაადგამთ ფეხს. მოვრჩები თუ არა, რომც შემეხვეწოთ, ძალით გაგყრით! (პაუზა). ლუკა, თუ გინდა, გასაღების დამალვა გაპატიო, ერთი ტარაკანა მომიყვანე.
ნიკო – ტარაკანა? ტარაკანა პრაქტიკულად!
ლუკა- (კედელზე დაიჭერს ტარაკანას) ახლა რა ვუყო?
ბუა – (შუაში დადგება) აი, აქ გაუშვი და საითაც წავა, იქით ვეძებოთ!
გია – მერედა, ასე ალალბედზე გამოვა რამე?
ბუა – აქ ლოგიკურად ვერ იპოვი და ასე უნდა ეცადო. ამ ტარაკანას უნდა მივანდოთ ჩვენი ბედი. აბა, ლუკა, გაუშვი.
(ლუკა გაუშვებს. ბუა, გია, ნიკო, ლუკა მიყვებიან).
გია – აი, აქ ჩაძვრა! ო, ეს წყეული!
ბუა – ჰოდა, აქ მოვძებნოთ!
გია – აქ რა უნდა გასასვლელს? ათასჯერ გაგვივლია. რომ ყოფილიყო, ვერ ვნახავდით?
ბუა – შენ გულს ნუ გაიტეხავ ხოლმე! (იატაკზე აკაკუნებს, უსმენს). მოიცა! (კიდევ დააკაკუნებს) აქ სიცარიელეა! (იატაკს დაჰყურებს) ვიპოვე!
გია – რა იპოვე?
ბუა – აქ არის ჩასასვლელი! (ლანცეტს ამოიღებს, ფიცრებში ჩაჰყოფს, დაქაჩავს).
ლუკა- ამოიწია!
ნიკო – პრაქტიკულად არის (წაიცეკვებს).
ბუა – მომეხმარეთ! (შარვლის ჯიბიდან გასაღები ამოუვარდება. მაია დაინახავს, ფეხს დაადგამს).
გია – (ფიცრებს ებღაუჭება სხვებთან ერთად) არ ამოდის!
ლუკა- გამაგრებულია!
ბუა – მოიცადეთ, ახლავე! (მაგიდისკენ წავა, შამპანურის ბოთლს აიღებს).
ელენე- (მაიას ჩამოეფარება, ჩურჩულით) აიღე! (მაია გასაღებს აიღებს და დამალავს).
ბუა – (შამპანურით ასველებს ფიცრებს). აბა, მოვქაჩოთ! (ლუკა და გია დაქაჩავენ. ლუკის სახურავი ამოვარდება. ლუკა და გია აქეთ-იქით გადაცვივიან).
გია – არის! ვიპოვეთ! (მისცვივდებიან ლუკს, შიგ იყურებიან).
ლუკა- რა სიბნელეა!
ნიკო – პრაქტიკულად როგორც ადამიანის სინთავისუფლე აქედან… აქედან…
ბუა – ვინც ეძებს, ის პოულობს.
გია – (ცალ ფეხს შიგ ჩადგამს). წავიდეთ, არა?
ბუა – (წვდება, დაიჭერს). ჯერ ყველანი მაგიდასთან! (მაგიდას შემოუსხდებიან). გილოცავთ, მეგობრებო! ეს უკვე ნამდვილი გასასვლელია! ამისი გამოჩენა რომ სდომოდათ, სახელურს გაუკეთებდნენ! (ბოთლს აიღებს). ჩვენს წასვლას გაუმარჯოს, ნოეს აქ დარჩენას! (მოსვამს). აჰა, ბოთლი ჩამოატარეთ!
ლუკა- (ბოთლს ჩამოართმევს) გაუ! (მოსვამს).
ნიკო – (ისიც მოსვამს) ჰოო-კი!
გია – სალუტ! ჩაო, ნოე, ჩაო! (ბოთლს დადგამს) არ წავიდეთ?
ბუა – მოიცა, წინ ელენე უნდა გაგვიძღვეს! ქალის გუმანი, ხომ იცით, უტყუარია! შენ არ წამოხვალ, მაია?
მაია – არა.
ბუა – მაშ, ჩვენ წავედით! (მაიას გარდა ყველანი ჩადიან ლუკში).

11.

(მაია თავს მარტო დაიგულებს. კარს მივარდება. გასაღებს ამოიღებს, შეჩერდება.
შერბის აბაზანაში. უკან შემოდის თავის ტანისამოსში. გიას შარვალ-ხალათს
დაკეცავს დამ ის საწოლზე დადებს. მიირბენს კართან. გახსნას დააპირებს.
ხმაური ჭერიდან. მაია გასაღებს დამალავს. ჩამოეშვება თოკი, ჩამოცურდება
გია).
გია – ააა! (დაიღრიალებს) აღარ შემიძლია! აღარ! (ბოლთას სცემს) აღარ მინდა! აღარ! ვერ გვიპოვია! არისო, გაიძახიან! არ არის, არა!.. ჩემი მაია! რატომ წამართვეს მაიას სურათი! რატომ?!
მაია – კარგი რა, რა მოგივიდა, დაგიბრუნებენ!
გია – (ისტერიულად) შენ რატომ ხარ მაია! რატომ ხარ მაია მეთქი! ვინც შენ მაია დაგარქვა, მე იმისი დედა ვატირე! ჩემი მაია შენზე უკეთესი იყო! (ჯდება). რატომ წამართვეს მისი სურათი! რატომ! რატომ! რომ მქონოდა, ხომ გაჩვენებდი! გაჩვენებდი და ნახავდი და დარწმუნდებოდი!
მაია – მერე რა რომ წაგართვეს. შენც ადექი და დახატე!
გია – არ ვიცი ხატვა, არა. ხატვა რომ ვიცოდე, ყველას დაგხატავდით! რა ვქნა, უნიჭო ვარ! რა ძნელია მის გარეშე ცხოვრება! რატომ, რატომ წამართვეს ჩემი მაიას სურათი! მითხარი, რატომ!
მაია – (ქაღალდს და კალამს მისცემს) აჰა, დახატე! შეუძლებელია, ვერ დახატო!
გია – არ შემიძლია, არ შემიძლია მე ხატვა!
მაია – არ არსებობს ისეთი საქმე, ადამიანმა რომ ვერ შეიძლოს! აბა, მოკიდე ხელი კალამს!
გია – არა, ვერა…
მაია – თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ! ხელი მოკიდე, რომ გელაპარაკები!
გია – (კალამს დაიჭერს) შენ ნუ მიყურებ! ნუ მიყურებ, კარგი?! მე ვცდი! მე არასოდეს დამიხატია!
მაია – იქით გავალ, შენ კი ხატე! (გასასვლელი კარისაკენ მიიპარება).
გია – სად მიდიხარ! არ წახვიდე! ნახატი ხომ უნდა ნახო?! (მაია მობრუნდება. გია ხატვას ამთავრებს და დგება) მე ძალიან დავიღალე! უნდა დავიძინო! იქნებ სიზმარში მაია ვნახო! (მიდის პალატაში და წვება).
მაია – (მიდის მაგიდასთან, გიას დახატულ ქაღალდს აიღებს, დაჰყურებს) ეს… ეს ხომ მე ვარ! მე დამხატა! არა მგონია, ასე ვგავდე მის მაიას! (პაუზა) კი ვსუნთქავ, მაგრამ იქნებ მკვდარი ვარ, მკვდრებში დავდივარ… მკვდართა ქვეყანაში ვცხოვრობ… და რომ მოვკვდები, მაშინ გავცოცხლდები… ზაზასაც მკვდარი ხომ არ ვგონივარ, ამ ბოლო დროს აღარ მოსულა… აბა, რატომ არ მოდის?! (პაუზა) გავაფრინე. ალბათ უბრალოდ, აღარ ვუყვარვარ!.. ჩემი ბრალია. ისე ძალიან ვუფრთხილდები, ალბათ შინაბერა დავრჩები… რა დროს ესაა! (კარისკენ მიდის. ზემოდან ჩამოცურდება ნიკო).
ნიკო – (აქეთ-იქით აცეცებს თვალებს) იქ პრაქტიკულად. ისევ იქ. აღარ. მეტი აღარ. მაია. შემაჯექი. პრაქტიკულად. შემაჯექი. ფროიდი. იუნგი. პრაქტიკულად, როგორც სინთავისუფლე. პიაჟე, ჟანე და ეი.
მაია – არა, მე არა! ელენე მოვა და ის შეისვი!
ნიკო – ელენე როდის? შენ პრაქტიკულად, შენ. თორემ ცუდად. მე ცუდად. თავი. გული. თავი. გული.
მაია – ვერ გამიგია, რატომ გინდა ყველა ზურგზე შეისვა?
ნიკო – ნიკო ვირი. ვირი. ყველა ატაროს. შემაჯექი.
მაია – წამოდი, მე და შენ შეკრება ჩავატაროთ. წამოდი მაგიდასთან. (მაგიდასთან სხდებიან).
ნიკო – თერაპიული საზოგადოება. კარგი. დისკუსიური მეთოდი. ჟურნალი? ჟურნალი?
მაია – შენ რა, სხვა არაფერი გაინტერესებს ამის მეტი? აი, მაგალითად… რა მაგალითად?
ნიკო – ფროიდი. იუნგი. კრეჩმერი. შელდონი…
მაია – მოიცა ერთი! აქ კარტს ხომ თამაშობენ ხოლმე.
ნიკო – ეხოლალია. პერსევერაცია.
მაია – კარტი სად არის?
ნიკო – კარადა. პრაქტიკულად იქ.
მაია – (მიდის კარადასთან, კარტს ეძებს, პოულობს. ისევ მაგიდასთან ჯდება, ჭრის) აი, მაგალითად, კარტი არ გიყვარს?
ნიკო – ფროიდი. იუნგი. ფრანც მესმერი. ბრედი. ბრედი. ბრედი.
მაია – ვინმეს შესმა რომ მოგინდეს, ადექი და კარტი ითამაშე ხოლმე.
ნიკო – ცუდად. ცუდად. თავი. გული. კარტი ვერა, ვერა.
მაია – პასიანსის გაშლა ხომ იცი? აბა, სცადე! (კარტს მისცემს, დგება) მე ახლავე მოვალ.
ნიკო – არა. ვერა. თავი. გული. (დაიჭერს. დასვამს) დაარიგე. ვივაჭროთ. 9მაია გასასვლელი კარისკენ გაიხედავს, ჯდება) შენი თქმაა. (სხვა სკამზე გადაჯდება). შვიდი, ორი. (სხვა სკამზე გადაჯდება) დაგითმე. ვისტი. (სხვა სკამზე ჯდება) მეც ვისტი. ვისტიორები. გავხსნათ?
მაია – ეგ პრეფერანსია. მე არ ვიცი, მაგრამ მამაჩემი თამაშობს კარგად.
ნიკო – მამაშენი. რა ჰქვია?
მაია – კოკა.
ნიკო – (აღელვებული) სტრიტი. კარრე. ფლეშ როიალი. ფლეშ როიალი. პოკერი. პოკერიც?
მაია – ჰო, ეგ პოკერია.
ნიკო – არა. მამაშენი პოკერიც?
მაია – კი, პოკერსაც თამაშობს, ღამეებს ათენებს. კარრეც კი შეარქვეს!
ნიკო – კარრე. კარრე. კოკა ჯორჯაძე!
მაია – კოკა ჯორჯაძე, იგივე კარრე მამაჩემია!
ნიკო – (დაიყვირებს) ჩათლახი! ჩათლახი!
მაია – ნიკო, დამშვიდდი!
ნიკო – (ლაპარაკი უჭირს) თვითონ პოკერის მაგიდას უზის, მე კი ციხეში გამიშვა. თავის მაგივრად. არადა, მართალი ვიყავი. კოკამ დაღუპა, შვილები მშივრები დამრჩა! ჩათლახი მამაშენი!
მაია – გამაგებინე, ვინ ხარ?
ნიკო – ვირი! ზურგზე მეჯდა მამაშენი. ყველაფერზე ხელს ვაწერდი, ის კი პრეფერანსი რომ მოწყინდებოდა, ახლა პოკერს თამაშობდა! ოო, ეგ ჩათლახი!
მაია – (შეშინებული ადგება, უკან-უკან იწევს). მაშ, შენ ის ბუღალტერი ხარ!
(პაუზა).
ნიკო – ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. იმ ჩათლახ მამას ესეთი კაი შვილი როგორ გამოუვიდა. დაკვირვებათა ჟურნალში კარგი რამ დაგვიწერე. (პაუზა). მოდი, მაგიდასთან დაჯექი. (მაია ჯდება) არ ყოფილა კარრე კაი კაცი. ისე ძმობას მეფიცებოდა, მარჯვენა ხელს მეძახდა და საქმე საქმეზე რომ მიდგა, ეგრევე მომისროლა, განზე გადგა! ეჰ, როგორ დამღუპა, როგორ!.. აქედან რომ გახვალ, კოკას უთხარი, ჩემი ნუ შეეშინდება, წყნარად იყოს. უკვე ყველაფერი ვაპატიე… მე აქედან გამომსვლელი არა ვარ, აქ უნდა მოვკვდე. თქმითაც არაფერს ვიტყვი… (ლაპარაკით დაიღალა). შენ ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. შვილმა მამის ცოდვა არ უნდა ზღოს.
მაია – გმადლობთ, ნიკო! (პაუზა) ისე რა კარგად ალაპარაკდი!
ნიკო – იმიტომ, რომ კოკაზე ვლაპარაკობდი. საკმარისია სიტყვა პრაქტიკულად ვთქვა და… ამიტომ. ფროიდი. იუნგი. ფუი! კრეჩმერი. თვითონ რომელიც ადამიანი პრაქტიკულად. მე ცუდად. ცუდად. თავი. გული. თავი. გული. (მაიას თავზე ხელ გადაუსვამს, პალატაში შედის და წვება).
(მაია მარტო რჩება. მაგიდასთან მიდის, კარტს წამოკრეფს, პასიანსს შლის).
მაია – ეს აქ უნდა იყოს, მამაჩემი კი პოკერს თამაშობდეს? (გაშალა ერთი რიგი). ლუკა ღმერთს ეძებს (გაშალა მეორე რიგი). დედა მარხულობს და სიზმრებში კატლეტებს ხედავს (კიდევ გაშალა ერთი რიგი). გიას დანაშაული არ ასვენებს (კიდევ გაშალა ერთი რიგი). ნიკო კი ყველაფერს გვპატიობს. (პაუზა). რატომ ხდება ასე? (პასიანსს აშლის).
(შემოდის ელენე. მაია კარადასთან დაიმალება, ელენე ეძებს, პოულობს).
ელენე- ისევ აქ ხარ? მეშინოდა, უჩემოდ არ წასულიყავი! ამ აწყვეტილ გიჟებში ყოფნა არ გინდა? ეს ნოეც კაი ტიპია, ამ ხვრელში ისეტი ლაბირინთები მოუწყვია, ძლივს გამოვძვერი! ალბათ, რა სასაცილო ვიყავი, არა?.. რას გაჩუმებულხარ? დავინახე, გასაღები რომ აიღე! შენ მე გამაგიჟებ! აქამდე რატომ არ წახვედი?
მაია – გასვლა რომ დავაპირე, ჯერ ერთი გამოჩნდა, მერე მეორე.
ელენე- (პალატაში შეიხედავს) როგორ დააძინე?
მაია – რა ვიცი, დაწვნენ. დაიღალნენ…
ელენე- წამოდი, ჩქარა წავიდეთ, სანამ ბუა მოსულა!
მაია – წავედით! (კარისკენ მიდიან. მაია შემობრუნდება).
ელენე- გახსენი.
მაია – მოიცა, ამათ რა ვუყო?
ელენე- ვის?
მაია – ნიკოს და გიას.
ელენე- ესენი დარჩენილ სიცოცხლეს ნახევრად მძინარეები გაატარებენ. აბა, ვინ აპატიებთ ექსპერიმენტული განყოფილების ხელში ჩაგდებას! წამოდი!
მაია – მაშინ არ წამოვალ!
ელენე- ძალიან გინდა, იმ მგელს ჩაუვარდე ხახაში? გახსენი, ნუ სულელობ!
მაია – არ გავაღებ!
ელენე- კარი გააღე, რამ გამოგატვინა!
მაია – არა!
ელენე- ჯანდაბას შენი თავი! სულელი ხარ, ვიღაცა ხარ! მომეცი გასაღები, მე მაინც გავალ!
მაია – გახვალ და სადაც საჭიროა, იქ მიხვალ, არა?!
ელენე- აბა, რა უნდა ვქნა?!
მაია – არც არაფერი! მაგრამ გასაღებს ვერ მიიღებ!
ელენე- რა სისულელეა! მომისმინე, გენაცვალე! დილას მაინც მოვა ვინმე და ამათ ყოფის დღე ეტირებათ!
მაია – შეიძლება მასეც იყოს, მაგრამ ჩემი ხელით ხომ არ იქნება გაკეთებული?
(პაუზა).
ელენე- ააა, აი, თურმე რისი გერიდება! (კარადასთან მიდის, შპრიცს აიღებს, რაღაც ამპულებს თავს მოამტვრევს) ხომ არ გგონია, გეჭიდავები! შენი ხელით მომცემ! (შპრიცით წამალს ამოიღებს ამპულებიდან) თუ არა და, ახლავე სამუდამოდ მივაძინებ ორივეს! მაძლევ გასაღებს?
მაია – არა!
ელენე- აბა, მიყურე! (მიდის პალატისაკენ).
მაია – (დაძაბული ფიქრობს. მერე ფანჯარასთან მიირბენს, გამოხსნის) ეი, ელენე, ელეკუნიკო, გამომხედე!
ელენე- მაძლევ, არა? მეტი რა გზა გაქვს?!
მაია – აი, აიღე! (გასაღებს ფანჯარაში გადააგდებს).
ელენე- ეს რა ქენი, შე დებილო! (მაიასკენ წავა).
(ჭერიდან მოისმის ხმაური. ელენე შპრიცით ხელში ჩაჯდება სკამზე. მაია
უილაჯოდ ჩაესვენება სავარძელში).

12.

(ჭერიდან დაეშვებიან ლუკა და ბუა, დაღლილები არიან).
ბუა – (პალატაში შეიხედავს) ამათ რატომ დაიძინეს? თქვენი დედა ვატირე, რატომ არ ეძებთ გასასვლელს? ადექით, გამოდით აქეთ! ადექით მეთქი! (თვალების ფშვნეტით გამოდიან გია და ნიკო).
გია – შენც ნოე ხო მარ ხარ, რას გვტანჯავ ამ ყალბი გასასვლელის ძებნით?
ბუა – მოიცა, მოიცა, შენ რა მოგინდა?!
ნიკო – სწორი პრაქტიკულად. სწორი.
ლუკა- მართალს გეუბნებიან! თუ ჩვენი გაშვება გინდა, მოგვეცი გასაღები და ამ კარიდან გავალთ!
ბუა – ამ გასაღებით მხოლოდ მაშინ ვისარგებლებთ, როცა გასას… (ჯიბეში ხელი ჩაიყო, გაშრება. მოათვალიერებს ყველას. პაუზა. ლუკასკენ დააპირებს წასვლას).
ელენე- გასაღები მაიამ მოიპარა!
ლუკა- (მაიას) გასაღები გქონდა და არ გახვედი?
ბუა – (ავი ღიმილით) გასაღები შენ გაქვს, ჩიტუნია? ჩქარა, მოიტა!
მაია – გასაღები ფანჯარაში გადავაგდე!
ელენე- ტყუილია, დამალა!
ბუა – გასაღები მეთქი!
მაია – არა მაქვს, ფანჯარაში ვისროლე!
ბუა – (მივარდება, ჩხრეკს) არა აქვს! აბა, სად დამალე? სად? (ლანცეტს უტრიალებს სახესთან) ელენე, მორფინი, ხარის დოზა!
ელენე- მზად მაქვს!
გია – (ბოთლს აიღებს) სჯობს გვითხრა, სად დამალე!
ნიკო – (პალატაში შერბის, ცალი ხელით ზურგზე ბალიშს მოიგდებს, მეორეში ღამის ქოთანი უჭირავს) გვითხარი პრაქტიკულად…
ლუკა- (ისიც სკამის მოტეხილ ფეხს აიღებს) შენი ხელით გამოიტან!
(გიჟები წრეში დგებიან, უახლოვდებიან მაიას).
ბუა – სად არის გასაღები? (უფრო უახლოვებიან).
მაია – (გიას) გია, მე ვარ შენი მაია!
გია – (შედგება) რა თქვი?
მაია – მე ის მაია ვარ!
ბუა – ის მკვდარია! გია, არ დაუჯერო!
მაია – მე ის მაია ვარ. მე მოვედი! თავიდან არ გითხარი, მაინტერსებდა, ნანობდი თუ არა! ახლა მივხვდი, რომ ისევ გიყვარვარ!
ბუა – რეებს როშავ, დედაკაცო?
გია – (ბოთლს გადაამტვრევს, მაიას ჩამოეფარება) არ მიეკაროთ! არ გაბედოთ, ეს ჩემი მაიაა!
მაია – ნიკო, შენ ხომ კოკას აპატიე? მე რა დაგიშავე? შვილმა მამის ცოდვა უნდა ზღოს? მე ხომ კარგი გოგო ვარ?
ნიკო – (მაიასკენ დადგება) მე შენთან. მე აქ პრაქტიკულად. მაია კარგი.
მაია – (ლუკას). შენ უნდა მომიტევო, შენ გიაზე ძლიერი ხარ, შენ ღმერთს ეძებ! გია სუსტია, უფრო ვჭირდები… შემინდე, ლუკა!
ლუკა- კარგი სიტყვაა შენდობა! (მაიასკენ დადგება).
მაია – ელენე, თუ გასვლა გინდა, აქეთ გადმოდი! (ელენე უხმოდ გადადის მათკენ).
ბუა – (გაეცინება). ულაშქრო სარდალივით არ დავრჩი?
მაია – ახლავე გავთოკოთ! ამ ერთმა კაცმა როგორ უნდა დაგვიმორჩილოს?
(ახლა ყველანი უახლოვდებიან ბუას. ბუა ლანცეტს იქნევს იმათ სახეებთან და
მერე უცებ შეინახავს).
ბუა – კარგი, საკმარისია, მეგობრებო! მე მივაღწიე მიზანს! მე თითოეულ თვენგანში ადამიანი გავაღვიძე! ადამიანი – პიროვნება! აი, გია თავის მეუღლე ექომაგება! კაი ტიპია. ნაღდი კაცია! ვინ ოხერი გასცემს ხმას?
გია – ასეა! (ბოთლს დააგდებს).
ბუა – ლუკას წერა მოუნდა თურმე. (ლუკას) მაშინ რომ ლობოტომია გაეკეთებინათ შენთვის, რა უნდა გექნა? ხომ მიქცევიხარ პიროვნებად?
(ლუკა სკამის ფეხს დააგდებს).
ბუა – ნიკო, დღეს ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, საღად აზროვნებას ვერ შეძლებდი. შენ დღეს უკეთ ხარ!
ნიკო – (ღამის ქოთანს დადგამს) ილუზიისა და ჰალუცინაციის შინაარსის გავრცელება აღქმის ერთი მოდელიდან მეორეში პრაქტიკულად.
ბუა – ნუ გეშინია, მაგასაც ეშველება! (ელენეს) შეინახე ეგ ნემსი, ჩემო მშვენიერებავ, გიას კიდევ დაჭირდება! (ელენე მაიას გადახედავს სიძულვილით და ნემსს კარადაში ინახავს). გთხოვთ, მაგიდასთან დაბრძანდეთ! (მაგიდასთან სხდებიან მაიას გარდა). წესით და რიგით არც შენ უნდა იყო უკმაყოფილო ჩვენო ულაშქრო სარდალო! (სიცილით მიმართავს მაიას. სერიოზულად) დღეს იმდენი რამე გაჩვენე, მთელი სიცოცხლე რომ გევლო, ალბათ ვერ ნახავდი! ხომ მეთანხმები? შევრიგდეთ! (ხელს გაუწვდის).
მაია – (დაცინვით) ბატონო ბუა, თქვენნაირი ჭკვიანი ქურდი მე არსად გამიგია და არც მინახავს. ამდენს იმიტომ ძალადობდით, რომ პიროვნებად გექციათ ესენი? პირდაპირ საოცარია! (ხელს ჩამოართმევს).
ბუა – ჩემი ძალადობის შედეგად ისეთი წინააღმდეგობა გაუჩნდათ ჩემს მეგობრებს, რომ აქამდე დათრგუნულები, ადამიანებად იქცნენ!
მაია – ასეთ რამეს საგიჟეთში თუ მოვისმენდი!
ბუა – რაღა თქმა უნდა, გარეთ ამის თქმა უხერხულია და საშიშიც! ხოლო რაც შეეხება ქურდობას, ვერ გაიგებ, ქურდი ვინაა და ვინ არა. აი, მაგალითად, ნოე… ნოემ ჩვენ არჩევანის უფლება წაგვართვა და ამდენად, ქურდი კი არა, ყაჩაღიც კია. ასეა ჩემო კარგო, ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი, გინდა არ გინდა, ადამიანები ერთმანეთს რაღაცას ართმევენ ან ჰპარავენ!
მაია – ნუთუ ყველანი ყაჩაღები ვართ?
ბუა – ყველანი არა! თქვენც მობრძანდით ამ მაგიდასთან! (მაია მაგიდას მიუჯდება). ჰო, შოკოლადი აღარ მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი! სამაგიეროდ შამპანურს შემოგთავაზებთ ნოეს მარნიდან! ელენე, სეიფში კიდევ უნდა იყოს ნოეს გადამალული ბოთლები, შემოიტანე! (ელენე გადის).
გია – (მაიას ეფერება თმაზე) მაია, ჩემი მაია! ჰქონდეთ ის სურათი, რაღად მინდა!
ბუა – მეგობრებო, რაკი ყველა ჩვენგანი უკვე პიროვნებაა, ხაზს ვუსვამ, პიროვნება! ჩემი აზრი უნდა მოგახსენოთ ამ ექსპერიმენტული ჩიხის შესახებ! (ელენეს შამპანური შემოაქვს ლანგრით. ელენეს) გმადლობთ, გეთაყვა! (ყველას) საიდანმე გავალთ, რაღაცას ვიჯახირებთ და მაინც აქ მოვდივართ ისევ. აი, რა დღეში ჩაგვაგდო ამ არამზადა ნოემ!
ლუკა- რატომ კარიდან არ გავდივართ?
ბუა – ეგ რომ მდომოდა, აქამდე მილიონჯერ მოვიპარავდი გასაღებს. მაგრამ ამ საზიზღარ ექსპერიმენტატორს უნდა დავუმტკიცოთ, – ჩვენ ის პიროვნებები ვართ, ამ ლაბირინთშიც რომ იპოვიან გასასვლელს! მე დარწმუნებული ვარ, რომ აქედან გასასვლელი არის, ოღონდ ეს თვით ნოემაც არ იცის! იმისი პოვნა მინდა, რაც ნოემაც არ იცის! (შამპანურს გახსნის). ჩვენ გაგვიმარჯოს მეგობრებო! (მოსვამს) ჩამოვატაროთ! (ბოთლს ჩამოატარებენ, სვამენ. ბუა ადგება. ჯიბიდან გასაღებს ამოიღებს). აი, გასაღები! არ დაიბნეთ, მეგობრებო! ის არ გეგონოთ, კარს რომ ერგება! გისოსებს აღებს ფანჯრებზე! ეს უკვე ნაღდი გასასვლელია! არაფერს ვკარგავთ, საკუთარ თავს ვცეთ პატივი, ჩვენ ხომ პიროვნებები ვართ და ერთხელ კიდევ ვცადოთ! ვცადოთ და თავს ლაფი დავასხათ ნოეს!
ნიკო – ილუზია. პრაქტიკულად. ჰალუცინაცია! არა. არა.
ბუა – შეიძლება, მართლაც ილუზიაა, მაგრამ ხომ გვინდა, საბოლოოდაც დავრწმუნდეთ ამაში?! რას ვკარგავთ? აი, გასაღები, გავხსნით და გავალთ! რას იტყვით, მოძებნით?
ლუკა- თანახმა ვარ. საით წავიდეთ?
ბუა – ისევ ალალბედზე ვცადოთ. (შამპანურის ბოთლს აიღებს, შუა ოთახში დადგება, დაღვრის). საითაც სითხის ნაკადი წავა, იქით ეძებეთ! ოღონდ გია და მაია, თქვენ დარჩით ერთხანს.
მაია – კი, ბატონო.
(ლუკა, ელენე და ნიკო სითხის ნაკადს მიყვებიან და გადიან).

13.

(იელვებს. ქუხს სადღაც).
ბუა – (მაიას) ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ყველა ყაჩაღი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე! თუ არ გინდა, შენც ქურდად ჩაგთვალო, დამიბრუნე გასაღები! ამ კიდობნიდან ამაღამ ოთხი შეშლილი გავა!
მაია – ის გასაღები ფანჯარაში გადავაგდე. ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ დაგიბრუნებ.
ბუა – რა ვიცი, იქნებ არც გადააგდე?
მაია – გარეთ რომ გახვალ, იქვე ბუჩქებში იპოვი.
ბუა – ტოროლას გავხარ… (პაუზა) გამიგე, ჩვენ აქედან გავდივართ და არ მინდა, ვიღაცას ვათქმევინო, ბუამ რაღაც მოიპარაო, თუნდაც გასაღები, ენდე ჩემს ჭაღარას!
მაია – ჭაღარა მატყუარა ხარ, კინაღამ დაგიჯერე!
ბუა – არა ცილი სწამო მოყვასსა შენსას, ტოროლავ! დამიბრუნე გასაღები!
მაია – ვერ დავიჯერებ, აქედან გასვლა გინდოდეს!
ბუა – რატომ?
მაია – სანამ აქ ხარ, სანამ ამათ სიცოცხლეს უმქარებ, მანმადე ხარ რაღაც! აქედან რომ გახვიდე, არარაობა იქნები! სრული არარაობა!
გია – მოიცა, მაია. ბუამ კარგად თქვა, ტოროლას გავხარ! სულაც არ გავალ აქედან, თუკი შენ ჩემთან იქნები!
მაია – ვიქნები, კი, ვიქნები!
ბუა – (გიას) გავიდეს აქედან, სატქმელი მაქვს!
მაია – არსადაც არ გავალ!
ბუა – (მაიას) იმიტომ არ გადიხარ, რომ გიას ჩემთან დატოვების გეშინია? (ლანცეტს ამოიღებს, გიას მისცემს) აჰა, შენ გქონდეს!
მაია – გია, მოეშვი მაგას, გადააგდე!
ბუა – (ღიმილით) რატომ ღელავ? გია მკვლელია, მაგრამ არა მგონია, მომკლას!
მაია – ტყუილია! გია არ არის მკვლელი!
ბუა – დარწმუნებული ხარ, ტოროლავ?!
მაია – დიახ!
ბუა – ბოლომდე გჯერა, რასაც ამბობ?
მაია – ბოლომდე!
ბუა – მაშ, რისი გეშინია?
მაია – არ ვიცი, მაგრამ მეშინია!
გია – (მაიას) გადი, ნუ გეშინია, მე მკვლელი აღარ ვარ!
მაია – არ გავალ.
გია – შენ დამიბრუნდი. მე ბედნიერი ვარ და ამას არ დავთმობ. ნუ გამაბითურებ, გადი!
(პაუზა. მაია გადის).
ბუა – (შამპანურს მიუტანს) ჩვენ გაგვიმარჯოს.
გია – გაგვიმარჯოს. (ორივენი სვამენ).
ბუა – ახლა რასაც გირჩევ, იმას არც ლუკას ვეტყოდი და არც ნიკოს, ჩემთვის მეცოდინებოდა. მაგრამ მე შენთვის კარგი მინდა. (ჯიბიდან შოკოლადს ამოიღებს, გიას მისცემს) შენთვის შევინახე ეს ნატეხი!
გია – გმადლობთ. (ჭამს).
ბუა – და რაც ცუდი გამიკეთებია შენთვის, გთხოვ მაპატიო! აი, ნახე! (დაუჩოქებს) მაპატიე, ძმაო!
გია – (წამოაყენებს) ადექი, ბუა. არ გინდა ესეთები. მითხარი, რისი თქმა გინდა!
ბუა – განა მე მინდა, რომ გაწყენინოთ! მე ყველანი მიყვარხართ. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. გინდა, შენ გვაძებნინე გასასვლელი! ნახავ, რომ სხვა თუ არ დაჩაგრე, არაფერი გამოგივა!
გია – მე მაგდენი სად შემიძლია! მითხარი, რა უნდა გეტქვა.
ბუა – მხოლოდ მაშინ გეტყვი, თუ დამიჯერებ.
გია – დაგიჯერებ. აი, ისიც ხომ დაგიჯერე, კაკია დაბრიდესო, რომ თქვი.
ბუა – ჰო, ეგ მართალია.
გია – მაშ, მითხარი.
ბუა – რა ვიცი, სხვანაირად არ გამიგო!
გია – არ გაგიგებ!
ბუა – ხომ გინდა, შენი მაია ნამდვილად დაგიბრუნდეს?
გია – დამიბრუნდა კიდეც. მე ბედნიერი ვარ!
ბუა – დარწმუნებული ხარ?
გია – რაში უნდა ვიყო დარწმუნებული? იმაში, რომ ბედნიერი ვარ თუ იმაში, რომ…
ბუა – …ეს ის მაიაა!
(პაუზა).
გია – დავიღალე! ძალიან დავიღალე! თავი დამანებე, თავი! ჩემი მაიას სურათი რატომ წამართვით, რატომ?
ბუა – სურათი რაღად გინდა, აკი ბედნიერი ვარო!
გია – (ტირილით) ბედნიერი ვარ, ბედნიერი! დამანებე თავი, დამანებე!
ბუა – კარგი, დაწყნარდი. ნოე რომ ვიყო, აბებს გადაგაყლაპებდი, მაგრამ კაცი ვარ და კაცურად გეტყვი… მართალი გოგო ჩანს, ძალიან უნდა შენი მაია იყოს, მაგრამ არ არის. აი, შენ იმის სურათს მისტირი, რატომ წამართვესო. აბა გაიხსენე, ჰგავს ეს მაია იმას?
გია – ბედნიერი ვარ, ბედნიერი. თავი დამანებე.
ბუა – მე შენთვის ვამბობ, თორემ ბედნიერი ხარ და იყავი! (წავა, მოშორებით დაჯდება) მე შენსკენ, შენ კიდევ ეშმაკებისაკენ.
გია – (ბუასთან მიდის) გამაგებინე, რა გინდა ჩემი მაიასაგან?
ბუა – მართალი გითხრა, ნამდვილად შენი მაიაა, ოღონდ მკვდარია!
გია – აბა, როგორ დადის?
ბუა – ეგ რა სიარულია? მოჩვენებაა! შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაქრეს კიდევაც!
გია – გაქრეს?
ბუა – ჰო… იმიტომ, რომ მკვდარია! შენ ახლა მოჩვენებას ხედავ და ნამდვილი გგონია!
გია – ცრუობ! მე ბედნიერი ვარ! (ლანცეტს დააგდებს. ბუა აიღებს).
ბუა – (ლანცეტით გახსნის მაგიდის ჩაკეტილ უჯრას) აქ ინახავს ნოე შენი მაიას სურათს. (უჯრიდან სურათს ამოიღებს). აი, ეს სურათი წაგართვა ბრძენთაბრძენმა ნოემ! (გიას ხელში ჩაუდებს სურათს). მშვიდად, მშვიდად! ნუ ღელავ! კარგად დააკვირდი! ეს კი ის ნახატია, შენ რომ დახატე! (ფურცელზე შესრულებულ მაიას პორტრეტს აძლევს). აი, შეადარე!
(პაუზა).
გია – (სურათებს გადაყრის) ეს რა მიქენი! მე ბედნიერი ვიყავი!
ბუა – იქნები კიდევაც!.. თუმცა რჩევა რომ მოგცე, სხვანაირად გამიგებ…
გია – მითხარი! ვიცი, ჩემთვის კარგი გინდა!
ბუა – იცი, რა უნდა ქნა? (ლანცეტს მისცემს). ეს მაია უნდა მოკლა და ის გაცოცხლდება!
გია – არ შემიძლია! მან ბედნიერი წუთები მაჩუქა! რა მოხდა, ჩემს მაიას რომ არ ჰგავს, მაინც ჩემია!
ბუა – შენია, მაგრამ მოჩვენებაა და ერთხელაც გაგიქრება!
გია – აბა, რა ვქნა?
ბუა – მოკალი!
(აქამდე გაჩუმებული ნოე მთელი ხმით დაიღმუვლებს).
გია – არ შემიძლია!
ბუა – მაშინ კარგად შეძელი!
გია – მაშინ კაკიასთან მიღალატა!
ბუა – რაკი გიყვარდა, მაინც არ უნდა მოგეკლა! ახლა საშუალება გეძლევა, რომ შენი შეცდომა გამოასწორო! მოკლავ თუ არა, გაგიცოცხლდება. გაგიცოცხლდება და აქედან გაგიშვებთ.
გია – როგორ?
ბუა – (ჯიბიდან გასაღებს ამოიღებს) აი, ამითი გაგიშვებთ, ხომ გითხარით!
გია – მაგით კარს ვერ გახსნი!
ბუა – ფანჯრის გისოსებს აღებს. აი, ნახე… (ფანჯარას გამოხსნის, გისოსებზე შემოკრულ ჯაჭვს კლიტე ადევს, გახსნის, გააღებს). ეს პირველი სართულია. აქედან პირდაპირ ბაღში ჩახტებით და ჰაიდა, ბედნიერები იქნებით… რა გადაწყვიტე?
გია – როგორ მოვკლა?
ბუა – მაგ ლანცეტით!
გია – კი, ასე ვიზამ. (ისმის ხმაური).
ბუა – უყურე, მოდის! აბა, შენ იცი. მე წავედი! (თვალს ადევნებს მოფარებული).
მაია – (შემოდის, მიმოიხედავს) გია, რა მოგივიდა? ბუა სად არის?
გია – რა კარგია, რომ მოხვედი…
მაია – სახე შეგცვლია… რა მოგივიდა?
გია – არა, ეს ისე… არაფერია…
მაია – გადააგდე ეგ ლანცეტი!
გია – ჩემო საყვარელო, ჩემო მშვენიერო! მე შენ უნდა მოგკლა!
(სავარძელზე დაკრული ნოე კვლავ იღმუვლებს მთელი ხმით).
მაია – გია, შენ არ ხარ მკვლელი!
გია – უნდა მოგკლა, რომ გაცოცხლდე! და მაშინ აღარ ვიქნები მკვლელი! (მაიას ლანცეტს მოუქნევს. მაია აიცდენს, იკივლებს და გაიქცევა). აუცილებლად უნდა მოგკლა!
მაია – (გარბის) თავი, თავი დამანებე! გადაირიე? მე ხომ შენი მაია ვარ!
გია – (დასდევს) მე უნდა მოგკლა, ჩემო ლამაზო! შენ რომ გაცოცხლდე!
მაია – ისედაც ცოცხალი ვარ!
გია – მოჩვენება ხარ, ჩემს მაიას სულაც არ ჰგავხარ!
მაია – ნუ მომკლავ, ნუ!
გია – ძალიან ძნელია! მაგრამ მე მინდა, რომ გაგაცოცხლო! მინდა!
(მაია წაიქცევა, მაგიდის კიდეს დაჰკრავს საფეთქელს. უმოძრაოდ აგდია).
გია – ეი, ხო მარ მოკვდი?! ადექი, გაიქეცი! ადექი, მე უნდა მოგკლა, რომ გაცოცხლდე!
ბუა – (შემოდის) რა იყო, იუზგარ, არა ცოცხლდება?!
გია – რატომ არ ცოცხლდება, რატომ?!
ბუა – (მაიასთან მივა, პულსს გაუსინჯავს). ეს არ ითვლება, თავისით მოკვდა!
გია – მერე რა, მე ხომ მივდევდი მოსაკლავად?
ბუა – ეგ არ ითვლება მეთქი!
გია – მე, მე მივდევდი მოსაკლავად! მე უნდა მომეკლა! აი, ლანცეტიც მიჭირავს ხელში! (მაიას) გაცოცხლდი, რატომ არ ცოცხლდები? მაია! ჩემო მაია! შემომხედე! მითხარი რამე! გაცოცხლდი! გაცოცხლდი მეთქი!
ბუა – თუ სიმართლე გინდა, ეგ აღარ გაცოცხლდება!
გია – რატომ, რატომ, რატომ არ გაცოცხლდება?!
(პაუზა).
ბუა – იმიტომ, რომ მე კაკია ვარ!
გია – (განწირულად დაიღრიალებს). მომატყუე, არა? მომატყუე, ხომ? კაკიამო, ამ ხელებზეო, სული დალიაო, სული! და ესეც მომაკვლევინე! რატომ! რატომ!
ბუა – შენს ცოლთან მე არ მივლია! ტყუილად მოკალი! და გინდაც მევლო, ჩემთვის გაგესწორებინა ანგარიში, ჩემი შვილი რაღად გააუპატიურე, ქუჩის კახპად რატომ მიქციე?
გია – ეს სიზმარია! გავიღვიძებ და დამცინებს ლუკა, ისევ კაკია მოგელანდაო! კი, კი, ასე იქნება, ასე!
ბუა – აზრზა მოდი, შე ნაბიჭვარო! რა სიზმარი, რის სიზმარი!
გია – (ლანცეტს მისცემს) ბარემ მომკალი და დამასვენე!
ბუა – (ლანცეტს შეინახავს) არა, ეგრე არა! შენ სულ კაკიას მოლოდინში უნდა იყო!
(შემოდიან ლუკა, ნიკო და ნიკოს ზურგზე შემომჯდარი ელენე).
გია – (მაიასთან დაიჩოქებს) ადექი რა! ადექი, გაცოცხლდი რა!
ელენე- ღმერთო ჩემო…
ნიკო – რა ქენით. პრაქტიკულად. მაია. მაია. მკვდარი.
ლუკა – ეს რა ქენი სტიქაროსანო!
(ნოე ახლა ჩუმადაა).
გია – უნდა, უნდა, უნდა გამიცოცხლდეს!
ლუკა- ვაი, შე უბედურო! (პაუზა) ღმერთო, რატომ ხდება, რომ ქალები ჩლუნგებს ირჩევენ!
ბუა – დაწყნარდი, ლუკა. ვის მისტირი? ჭკვიანი კაცი ხარ! აბა, დაუფიქრდი, ღირს დასატირებლად ქალი, რომელსაც თავი ჟანა დარკი ჰგონია და ყველაზე სულელსა და უძლურს აირჩევს? ნუ ტირი, ლუკა!
ნიკო – თვითონ რომელიც ჩლუნგი ადამიანი პრაქტიკულად. ჩლუნგი უმანკოა… მაგრამ სხვა. ბოროტი გააკეთებინებს. გააკეთებინებს ჩლუნგსა და უმანკოს. ჩლუნგსა და უმანკოს. ობიექტივაციის უნარი გამქრალია! ილუზიისა და ჰალუცინაციის გავრცელება შეწყვეტილია!
ბუა – ჰოდა, ძალიან კარგი! (ღია ფანჯარასთან მივა). ვის მისტირით, წავიდეთ აქედან! აი, გასასვლელი! გასასვლელი ვიპოვეთ, ძმებო!
ლუკა- (ბოთლს აიღებს) ჰოი, სატანავ! შენ შეგიძლია კაცი შეგნებულ მკვლელადაც აქციო! (ბუას მივარდება, უნდა დაარტყას).
ბუა – (ხელს დაუჭერს, გადაუგრეხს და გააგდებინებს). კიდევ აქეთ მექაჩები, კაცმა გასასვლელი გაჩუქეთ? აბა, მოუსვით აქედან! (ელენეს) შენ მაინც რამ გამოგაშტერა დედაკაცო? გადი, სანამ დროა და არ გადამიფიქრებია! თავისუფლებას გჩუქნი, რაღას უდგახარ! მე გასასვლელი გაჩუქეთ!
ნიკო – გასასვლელი გვაჩუქეს. გასასვლელი გვაჩუქეს.
ელენე- (ლუკას) აყევი, ბიჭო, ეგ ყოფილა ჩვენი ბედი! გასასვლელი გვაჩუქეს! გასასვლელი გვაჩუქეს!
ლუკა- ეს ყოფილა მწერლის ბედი! გასასვლელი გვაჩუქეს. გასასვლელი გვაჩუქეს!
ნიკო – ეს ყოფილა გიჟის ბედი. გასასვლელი გვაჩუქეს. გასასვლელი გვაჩუქეს!
გია – ეს ყოფილა ჩლუნგის ბედი. გასასვლელი გვაჩუქეს. გასასვლელი გვაჩუქეს.
ყველანი – გასასვლელი გვაჩუქეს! გასასვლელი გვაჩუქეს!
(ნიკო, ლუკა და გია ფანჯარაში გადახტებიან).
ელენე- (ბუას) ამის შველა არ…
ბუა – თავიდან მომწყდი, თორემ ყელს გამოგღადრი!
ელენე- ჯანდაბამდე გზა გქონიათ! მე წავედი! (ფანჯრის რაფაზე ადის) ღმერთო, ნუთუ თავისუფალი ვარ? (გადახტება).

14.

(ნოე აქვითინდება. ბუა ახედავს. მიდის ნოესთან, ახსნის, სცილდება და
ავანსცენაზე გამოდის. სიგარეტის კოლოფს ამოიღებს. გაუვარდება, დაიხრება,
აიღებს ერთ ღერს, უკიდებს, აბოლებს და ჯდება. ამასობაში ნოე გვამთან მივა,
ჩაცუცქდება, მაჯას დაუჭერს, პულსს უსინჯავს. ერთხანს გაქვავდება, მერე
თვალებს უხუჭავს. სცილდება მაიას, ბუასკენ მიდის. შეამჩნევს ძირს დაგდებულ
კოლოფს. დაიხრება, ერთ ღერს აიღებს. ჩამოჯდება ბუას გვერდით).
ნოე – მომიკიდე. (ბუა თავისი სიგარეტიდან აკიდებინებს. აბოლებენ. ნოე სიჩუმეს დაარღვევს). შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
ბუა – ბრძანე.
ნოე – მომკალი!
(პაუზა. ბუა აბოლებს. ნოე დაძაბული ელის პასუხს).
ნოე – რა გინდა, მომკალი! ფანჯარა ღიაა, არავინ გიჭერს. გახვალ, გაიქცევი და თავისუფლად ინავარდებ!
ბუა – გასვლა რომ მდომოდა, საქმეს აქამდე არ მივიყვანდი!
(პაუზა).
ნოე – ჩემი დაღუპვა გინდოდა და დამღუპე კიდეც… ახლა მომკალი.
ბუა – არ მეგონა, ასე ძნელი თუ იქნებოდა.
ნოე – შენ რა, კაცისკვლა გიჭირს?
(ბუა ადგება, ცხედართან მიდის. ერთხანს დააკვირდება).
ბუა – შიშველივითაა! (მაგიდასთან მივა, აიღებს სუფრას, მაიას გადააფარებს. სიგარეტს მოქაჩავს. ჩაქრობია. მიდის ნოესთან). მომიკიდე. (ნოე თავისი სიგარეტიდან აკიდებინებს. ბუა ღრმა ნაფაზს დაარტყამს). თუ სიმართლე გინდა, არასოდეს მომიკლავს კაცი. სხვებს ვაიძულებდი მოყვასის მიკვლას. ამ ხერხით ვსარგებლობდი, ისიც ზომიერად! კაცისკვლა – ეს ხომ პრიმიტივია! (სიგარეტს ძირს დააგდებს და ფეხით გასრესს).
ნოე – უაზრობაა ჩემი სიცოცხლე! მომკალი, რისი გეშინია? აქაც რომ დარჩე, ჩამოგეწერება, შენ ხომ გიჟი ხარ!
ბუა – შენც გაპატიებენ, პროფესორო. შენც ჩამოგეწერება ეს მსხვერპლი, გოგო-ტოროლა. მკვლელი ხომ გიჟი იყო და ბრალს დაგდებენ მხოლოდ იმაში, რომ მისი დაფიქსირება ვერ მოასწარი.
ნოე – შენ რა, დამცინი?
ბუა – არა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, ამ ექსპერიმენტს მოეშვი! აცალე მონას მისი მონობა. აჩუქე სიმშვიდე, ნუ შეაწუხებ. თორემ მოვა ვინმე და აქ რომ მოხდა, ისევ ისეთ უბედურებს დაატრიალებს…
ნოე – ო, როგორ შევცდი…
ბუა – შენ ჩემში ცდებოდი.
ნოე – შენშიც ვცდებოდი და მთავარშიც… პაციენტების გაშვების უფლება არ მქონდა და რადგან არ მინდოდა ეგრძნოთ, რომ ვერასოდეს გავიდოდნენ აქედან, არ ვასვენებდი, ვაძრომიალებდი წინ და უკან, რათა ცხოველებად არ ქცეულიყვნენ, გასვლის იმედი არ დაეკარგათ. ამ პრინციპით ავაგე ეს განყოფილება. ამ ექსპერიმენტს შეშლილი, პიროვნებად უნდა ექცია. იმას კი ვერ მივხვდი, რომ მონა მონად დარჩება… საბრალო ტოროლა!
ბუა – საბრალო ტოროლა! ის მონა არ იყო. მონას ტოროლა რომ არ მოეკლა, ყველაფერი თავიდან დატრიალდებოდა კარუსელივით…
ნოე – (აიტაცებს) დილას ისევ გამოგვეცხადდებოდნენ სანიტრები, შენ ნემსებით გაგაბრუებდნენ… ჩემს ძალადობას ვერ მივხვდებოდი, გამოკვლევას გავაგრძელებდი…
ბუა – მე კი კვლავ გამიჩნდებოდა ავი პროტესტი.
ნოე – საბრალო ტოროლა.
ბუა – ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ნოე – ნუთუ ყველაფერს სიბრიყვე ამართლებს დედამიწაზე. შენ ბრიყვის ბედისწერა აღმოჩნდი, მომკალი ბუა!
(პაუზა).
ბუა – ბრიყვი კი მონის ბედისწერაა, ნოე!
ნოე – დანაშაულია ჩემი სიცოცხლე, მომკალი.
ბუა – არც შენ ხარ აბელი, არც მე კაენი. ჩვენ ერთმანეთის ტოლფასი ბოროტება ვართ. მე შენ ვერ მოგკლავ.
ნოე – ჩვენ ახლა ისე ვგავართ ერთმანეთს, შეიძლება ერთი ადამიანიც კი ვეგონოთ ვინმეს.
ბუა – ჩვენ ბოროტება ვართ.
ნოე – და ჩვენ ეს ვიცით.
ბუა – დაინგრა შენი ცისფერი კოშკი.
ნოე – ავი ქიმერა აღარ არსებობს.
ბუა – უაზრობაა ჩვენი სიცოცხლე.
ნოე – უაზრობაა.
ბუა – სისულელეა გამარჯვებულის ყოფა.
ნოე – სისულელეა დამარცხებულის ყოფა.
ბუა – ადამიანებად ჩვენ ვეღარ ვიქცევით.
(პაუზა).
ნოე – ხო მარ გვეცადა, ცოტა ხნით მაინც? რადგან ისინი დაბრუნდებიან.
ბუა – შენ ასე ფიქრობ?
ნოე – დაბრუნდებიან, საზარელ ქარღვნას ვერ გაუძლებენ.
ბუა – ალბათ, ასეა.
ნოე – მე მზად ვარ, ვიქცე ადამიანად, რადგან სიცოცხლე არ გვიწერია.
ბუა – დარწმუნებული ხარ?
ნოე – ისინი მოვლენ. მოვლენ და არ გვაპატიებენ.
ბუა – შეძლებენ ვითომ?
ნოე – ქმედება ვასწავლე. სისხლს მიაჩვიე… მათგან არც ერთი არაა მკვლელი, მაგრამ ადამის მოდგმის ერთ უბრალო წესს ვერანაირად ვერ აცდებიან.
ბუა – რას?
ნოე – შურისძიებას… მერე გვნახავენ ორ მოძალადეს მოკლულებს ღამით.
(პაუზა).
ბუა – ამინ.
(გარედან შემოდის წვიმის ჩუმი, აუტანელი ხმა. ხანგრძლივი პაუზა).
ბუა – იცი, რა?
ნოე – რა?
ბუა – მე არ მინდა, მაგათ მკვლელობა ჩაიდინონ.
(პაუზა).
ნოე – მე დავიმსახურე. მე სიკვდილი მინდა.
ბუა – მეც მინდა სიკვდილი. მაგრამ არ მინდა, იმათ ვინმე მოკლან.
ნოე – (დაფიქრდება. პაუზა. რაღაცას გადაწყვეტს). ეგ ადვილია! (კარადასთან მიდის, ამპულებსა და შპრიცებს გამოიღებს, ბუას გაუნაწილებს). მეთილპიპერიდინი, სამმაგი დოზა! ხარსაც წააქცევს!
ბუა – მოსულა!
(ამპულებს თავს მოამტვრევენ, შპრიცებით სითხეს ამოიღებენ. მკლავებს
გაიშიშვლებენ, ცხვირსახოცებს შემოიჭერენ და გაიკეთებენ. სავარძლებში
სხდებიან, გაირინდებიან).
ბუა – ჩვენ არ დაგვიმსახურებია ასეთი იოლი სიკვდილი.
ნოე – ჩვენ არ დაგვიმსახურებია ასეთი იოლი სიკვდილი.
(პაუზა).
ნოე – მიხვდებიან, ეს რატომ ვქენით?
ბუა – ალბათ.
ნოე – ღმერთმა ქნას…
ბუა – ღმერთმა ქნას…
(უმოძრაოდ სხედან. ხანგრძლივი პაუზა. წვიმამ გადაიღო. იღება კარი. შემოდიან
ლუკა, გია, ნიკო და ელენე – სველები არიან. ლუკა გასაღებს დადებს მაგიდაზე.
მიდიან ნოესა და ბუას გვამებთან. ერთხანს სიჩუმეა. მერე ერთბაშად
დაიშლებიან და პალატაში, თავ-თავიანთ საწოლებთან მიდიან. ლუკა ჯიბიდან
მოზრდილ ქვას ამოიღებს და გადააგდებს. ელავს. წამიერად გაკაშკაშდება
გარემო. ასე რამდენჯერმე მეორდება. ისევ იწყება წვიმა. სცენა ნელ-ნელა
ბნელდება).
ნოე – (წამოდგება. ბუას პულსს გაუსინჯავს). მეთილპიპერიდინი სამმაგი დოზა! ხარსაც კი წააქცევდა… (ფანჯრიდან გადაიპარება).

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

1991 წელი

Written by უჩინმაჩინი

ოქტომბერი 25, 2009 at 8:32 AM