Posts Tagged ‘ომარ დურმიშიძე’
გედები თოვლქვეშ

John “Gassy Jack” Deighton
ზაალ სამადაშვილის წინათქმა
სადღაც შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელსაც გეოგრაფიული შესაბამისობის თვალსაზრისით უცნაური სახელი – ბრიტანეთის კოლუმბია ჰქვია, კაცს, სახელად გასი ჯეკს, ხელობით ბარმენს, ძეგლი უდგას – სტუმრების გულითადად დახვედრის, კარგად გამასპინძლებისა და უბადლო თანამეინახეობისათვის…
გავკადნიერდები და, მწერლებს, მათ კარგ წიგნებს, იმ კეთილ მასპინძელს და იმ მშვიდ, ბუხრის ტკაცუნით გამყუდროებულ გარემოს შევადარებ, რომელიც გრძელ და ფათერაკიან გზებზე დაღლილ, ქარ-წვიმებისაგან დანესტიანებულ მგზავრს სულის მოსათქმელად, მხნეობის შესამატებლად სჭირდება…
გემოვნებამ, ავმა თუ კარგმა, ჩამოყალიბებულმა ორმოცდაათი წლის ასაკში, ამგვარ გარემოდ შემაგრძნობინა პროზაული კრებული – “გედები თოვლქვეშ” და მგონია, რომ კვლავ და კვლავ მომინდება შეხვედრა მის ავტორთან, წყნარად და გულიანად მთხრობელ მიხო მოსულიშვილთან…
მიხო მოსულიშვილის მინიატურების წიგნიდან: ”გედები თოვლქვეშ”
გადაჭრილი ჰალსტუხი
ზურა ნარმანიას მოსაგონარი
“მფრინავ ჭიანჭველაზე” მუშობდა ზურა. მთვრალი, რაღა თქმა უნდა…
ერთ საღამოსაც გადაიხედა თავისი ფანჯრიდან და ხედავ, მის `ნულ-ცხრას~ ვიღაცა ეჩალიჩება – ეტყობა, წაყვანა უნდა.
ფლოსტებითვე ჩაირბინა კორპუსის ოთხი სართული, გამოვარდა სადარბაზოში და თავის მანქანასთან მიირბინა.
რას აკეთებო?
ეს მანქანა უნდა წავიყვანოო, – პატიოსნად მიუგო იმან, – პოლიცია მომდევს და ძმაკაციც დამიჭრესო!
სხვა პასუხი გაეცა, ცუდად დაუბოლოვდებოდა ამ მანქანის წაყვანის მცდელობა, მაგრამ…
კარგიო, – ბევრი აღარ უყოყმანია ზურას, – დაჯექი, მე წაგიყვანო.
შენია ეს მანქანაო? – შეყოყმანდა ის.
რაში გაინტერესებს, დაჯექიო რა! – შეუღრინა ზურამ, – და ეგ იარაღი შეინახეო!
დაემორჩილა ისიც.
საჭეს მიუჯდა ზურა, დაქოქა და წავიდნენ.
ჯერ ის დაჭრილი ეძებეს გზისპირის ნაშალებზე და ვეღარ ნახეს – ეტყობა, პოლიციამ აიყვანა…
მერე ნუცუბიძის პლატოდანაც უხიფათოდ გავიდნენ, ქალაქიდანაც გააღწიეს და შორიახლოს მდებარე ერთ სოფელში, თავის ნაცნობთან შეაფარა ზურამ დევნილი.
უკან რომ ბრუნდებოდა, ფულის შეკვრებით გატენილი ჩანთა გახსნა უცნობმა, რაც ერთი ჩაბღუჯვით ხელში დაეტია, იმდენი ამოიღო და გაუწოდა – ეს ჩემგან გქონდესო!ზურა სწრაფად დაიხარა, მარჯვენა ფეხის კოჭთან მიმაგრებული დანა გააძრო, სულ თან დაჰქონდა, ისევ უმალ გაიმართა, მარცხენა ხელით პიჯაკის შიგნიდან წითელი ჰალსტუხი ამოუშალა უცნობს, კარგად დაქაჩა, ციმციმ შეაჭრა და ჯიბეში ჩაიდო – მაინც არ გიხდებოდა და ეს მექნება სახსოვრადო!
იმას სიცილი აუტყდა – ბანკის გატანისას დამჭირდა, თორემ არც მე მიყვარსო….
დაემშვიდობა ზურა, ჩაჯდა, დაბრუნდა შინ და დააბეზღა, ალბათ, ვიღაცამ – სამი თუ ოთხი თვე აღარ მოუსვენებიათ კანონის დარაჯებს – ვინ იყო, ვინც წაიყვანე; შენი რა იყო, რაღა შენთან მოვიდა, სად ჩაიყვანე და იარაღი თუ ჰქონდაო…
გავლენიანი ნათესავ-ახლობლების შეწუხებაც მოუწია, ძლივს ჩააწყნარა ეს საქმე…
გამოხდა ხანი და, ზურას პანაშვიდზე შეკრებილ ბიჭებს ერთი საეჭვო გარეგნობის კაცი მიუახლოვდა, გაიხმო ერთი მათგანი ცალკე და მოზრდილი პაკეტი გადასცა – ეს გერმანიიდან გამოუგზავნეს ცხონებულსო…
აიტანეს ის პაკეტი დამწუხრებულ ოჯახში, გახსნეს და…
ალბათ, უკვე მიხვდით, შიგ რაც იქნებოდა…
ჰო, ასდოლარიანებიც და, რაც მთავარია, იმ გადაჭრილი ჰალსტუხის მეორე ნახევარი.
ხოლო ის პოემა, სახელად “მფრინავი ჭიანჭველა” ზურამ სიკვდილამდე დაამთავრა, `ცისკარშიც~ დაბეჭდა და წიგნადაც გამოსცა, თუმცა…
თუმცა, მეც რეზო ინანიშვილივით უნდა ვიკითხო – რა ვიცი, გიყვართ პოემები?
ფრანსის ჟამს რომ ვირები შემოხვდებიან…
ავთო ვარაზის მოსაგონარი
“გოიას კაპრიჩიოებში გამოსახულ, ქებულ კარისკაცებად ქცეულ და სარკეში მოცქირალ ვირებს რომ თავი დავანებოთ, სანჩო პანსას სახედარზეც რომ ხმა არ ამოვიღოთ; არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენი ფიროსმანის ნახატზე – “აქიმი ვირზედ მჯდომარე”; ისიც რომ არ გაგვახსენდეს, თუ რაზე იჯდა იერუსალიმში დიდებით მიმავალი უფალი ჩვენი და შემდგომშიც აქაური თუ უცხოელი მღვდელ-მთავარნი ანდა ნაკლები მასშტაბის საეკლესიო მოღვაწენი რითი იარებოდნენ – მაინც კეთილი უნდა ვინებოთ და, თუკი ცხენებს არ ვუკარგავთ საისტორიო დამსახურებას, ვაქანდაკებთ და ვადიდებთ, ვირებსაც გავუხსენოთ ღვაწლი და საგინებლად ნუ ვაქცევთ მათ სახელს.
ამასთან დაკავშირებით იქნებ ფრანსის ჟამის ლექსი წაიკითხო, “ლოცვა რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე” – გივი გეგეჭკორმა გვითარგმნა ფრანგულიდან.
იცი, რას ეუბნება უფალს?
თუ სამოთხის ღირსი ვიქნები, შენთან რომ მიხმობ, ავიღებ ჯოხს და წამოვალ. ვირები შემომხვდებიან და ვეტყვი – მე, ძმებო, ფრანსის ჟამი ვარ და აქ ბუზებს რომ იშორებთ ყურის პარტყუნით, კისერი რომ გადაგიყვლეფიათ შრომით, დარბაისლურად რომ დაგიხრიათ თავები, თქვე საბრალოებო, წამოდით, ღვთის ქვეყანაში მივდივარ, სხვაგან კი არაო. მე გევედრები, უფალო, ვირებით გარშემორტყმული, მეც ვირივით ნაჯაფი რომ ამოვალ შენთან, დაგვანახე შენი მარადიული სიწმინდე და სიყვარულიო.
მეც მეტი არაფერი მინდა, ნეტავი ერთი იმ ვირთაგანი ვიყო, ფრანსის ჟამი რომ მიუძღვით სამოთხისაკენ…”
ერთხელ სწორედ ასე მელაპარაკა უკვე საკმაოდ შემთვრალი, შუა ხანს გადაცილებული, თუ მისი ახლობლები არ მიწყნენ, მართლაცდა ვირივით ნაჯაფი, ღვთითმომადლებული ნიჭის მხატვარი და როცა ვირების სადღეგრძელო შესვა, მეც შემომთავაზა – არ გინდა, შენც ერთი იმ ვირთაგანი იყო ჩემსავით, ფრანსის ჟამს რომ შემოხვდებიანო?
ჩემი სიზარმაცის მომიზეზებით ვუთხარი უარი, თორემ მეც კინაღამ ვირად მაქცია…
ციროზით დაიღუპა საწყალი…
ოსტატი
(უცაბედი პორტრეტი)
რეზო ინანიშვილის გახსენება
მავანი დიდია, ძალიან დიდი. იმისმა მასშტაბურმა პერსონაჟებმა ლამის დააზანზარონ სამყაროო… – მითხრა ჩაფიქრებულმა და კაიხნის დუმილის მერე დასძინა, – არადა, ადამიანი მაგხელა არააო.
თქვენ მეთქი?
მე პატარა ვარ. დაქანცული და ჯოხზე დაბჯენილი ბერმუხის ძირში ვზივარ და მაშინაც ცაში კი არა, დაბლა ვიყურები – ჭიანჭველებს დავცქერი, თავისზე ბევრად მძიმე ტვირთი რომ მიაქვთ ან ეძებენო. – გაჩუმდა, ჩემს პასუხს თუ უცდიდა.
არ მინდა მავანი ვიყო, იმ ჭიანჭველად ჩამთვალეთ მეთქი.
ისე გამიღიმა, მარტო თვითონ რომ იცოდა – მოწყალედ, მაინც დარდიანად და თავზე დამადო დაკოჟრილი ხელი.
მერე ჯოხს დაებჯინა, მძიმე-მძიმედ წამოდგა, წამოდგა და ასევე წავიდა… წავიდა და წავიდა, გაქრა.
დიდებული ადამიანი იყო, ცხონებული – ნამდვილი ქრისტიანი. მე ვწერ, ჩემს სულს რომ ლოცვა დასჭირდებაო, – ამბობდა. მისმა სისადავემ არ შეგაშფოთოს, “ორღობის მწერალს” ნუ დაუძახებ (იმისი “ორღობე” მთელ საქართველოს იტევს) – მაინცდამაინც, ნიკო ფიროსმანაშვილის არ იყოს, ჯერ ევროპამ უნდა აღიაროს, რომ შენც აუბა მხარი და სულ ნიანგის ცრემლები აღვარღვარო?
“მოხუცი მეთევზე”
ერთხელ ჩჟუან-ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჩჟუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჩჟუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჩჟუან-ძი იყო.
ჩჟუან-ძი (369 – 286 ქრისტეშობამდე) – “საგანთა თანაბრობის გამო”.
ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, საკუთარ ქალაქში (და ქვეყანაშიც) ემიგრანტი მგონია თავი – ემიგრანტი, საგანგებოდ რომ შეუსწავლია აქ მცხოვრებთა სალაპარაკო ენა, მაგრამ ადამიანებს ვერ ცნობს, იმათი საქციელის ვერა გაუგია რა…
და ის თბილისი მენატრება, ოთხმოციანი წლების დასაწყისში რომ გვქონდა – სულ სხვანაირი… მაშინდელ ქალაქში ფერმწერ ომარ დურმიშიძის ერთი კარგი გამოფენა მახსოვს, ხოლო განსაკუთრებით ვიგონებ მის ერთ ნახატთაგანს – “მოხუცი მეთევზე” ერქვა სახელად.
დაბინდული ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარა მოხუცი მეთევზე, წინ – ყუთზე ერთი თევზი დაუდია. ისე დამჯდარა, რომ პერანგის ნაკეცები და სახეზე გაჩენილი ნაოჭები დაახლოებით ერთნაირი მოხაზულობისაა და უსასოობის, მიუსაფრობის გრძნობას გიჩენს. მიუახლოვდები ნახატს – იმედი უჩანს მოხუცს თვალებში, იქნებ შენ მაინც იყიდო მისი თევზი. უკან-უკან დაიწევ, მოშორდები, ახლა შორიდან შეხედავ და – არა, აღარა ჩანს იმედის თეთრი ნაპერწკლები, არც შენ იყიდე ის თევზი. მიუახლოვდები – იმედი უჩანს თვალებში, მოშორდები, – გაუქრება. კი დაეჭვდები, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავიმეორო ეს ცდა, ყოველთვის იგივე შედეგს მიიღებ.
მაშინ ოცი წლის ვიყავი, თითქმის ყოველდღე დავდიოდი იმ ნახატის სანახავად და ისე კარგად დამხსომებია, რომ ახლაც თვალნათლივ ვხედავ.
არა, ვხედავ კი არა, ის მოხუცი მეთევზე თვითონ ვარ და მე შემოგყურებთ პატარა იმედით იმ ნახატიდან – იქნებ ვინმემ იყიდოს თევზი…
ნეტავი, რა ბედი ეწია “მოხუც მეთევზეს”?
მშვიდობით, ბატონო “იგი”
ჯემალ ქარჩხაძის გამოსათხოვარი 1998 წელს
თქვენ სახელი და დიდება არად გიჩნდათ. ამბობდით, რომ წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობა არისო, რადგან გწამდათ, კაცმა თუ რაიმე ცოდნა შეიძინა, იგი ვინმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება.
ეს თქვენი “ანტონიო და დავითის” ერთი პერსონაჟის, ბართლომეოს აზრებია, თავად თქვენიც, რაღა თქმა უნდა.
თქვენი აღსასრულით მწუხარე თქვენს ნაწარმოებებს ვიხსენებ, თქვენი ლიტერატურული ხერეხებისა და ფინტების მთელ კასკადს, სასწაულებრივ “დრიბლინგს” – აზრის ვირტუოზულ ფლობას და მის სრულ შესაბამისობას ენობრივ ფაქტურასთან – ლაღსა და ოდნავ დაძაბულ, მოქნილ სტილთან.
ვიხსენებ კი არა, ცხადად ვხედავ თქვენს ჩინებულ მოთხრობებსა და რომანებს: “რაჰათ-ლუხუმსა” თუ “ბიძაჩემ იონას”, “ოპერაცია: “დეიდა ტასოს” თუ “გუბეს”, “სოლომონიანსა” თუ “სასწაულს”, “მაღალ კაცსა” თუ “ისტორიულ რომანს”, “მდგმურს”, “ქარავანსა” თუ “ზებულონს”, სხვასა და სხვას…
გაოცებული დავცქერი თქვენს ბოლო წიგნს, “იუპიტერის სინანულს”, გამაოგნებელი და თითქოსდა სადა, მაგრამ თავზარდამცემი ოსტატობით რომ არის შესრულებული – არ გინდა ასეთი ხელოვანებით წერა?!
სასიამოვნოდ განცვიფრებული ვარ ამ უკანასკნელი წლების თქვენი ნამუშევრით “განზომილება”, რომლის დასრულება ვეღარ მოასწარით; აქ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის არეული საქართველოს ისეთი მძაფრი სურათი შეგიქმნიათ, მხოლოდ თქვენ რომ ხელგეწიფებოდათ და ვაი, რომ სხვა ვეღარავინ დაწერს იმ ორ-სამ ფორმას, რომელიც ამ რომანს აკლია – ისევე, როგორც “ვენერა მილოსელის” ხელებმომტვრეულ ქანდაკებას ვერც ერთი სხვა მოქანდაკე ვეღარ აღუდგენს ხელებს.
უფრო მეტად გულდასაწყვეტი კიდევ ისაა, რომ “განზომილებანი”, როგორც არაერთხელ გითქვამთ ჩემთვის, ტრილოგიის პირველ წიგნად იყო ჩაფიქრებული…
ნეტავ გაცოდინათ, როგორ მიმძიმს უგზო-უკვლოდ გადაკარგული სიტყვების მოძებნა და აქ მოყვანა…
თქვენ მეოცე საუკუნის შეჭირვებულ ადამიანს ხედავდით და ხატავდით მეტწილად, თუმცა არც ისტორიული პერსონაჟები გეუცხოებოდნენ; უფრო მეტიც, თქვენ პრეისტორიულ წარსულშიც ჩაიხედეთ მძლავრი, დაუბორკავი წარმოსახვით და ჩვენ, თქვენს ერთგულ მკითხველს ”იგი” დაგვანახეთ – პირველი სხვანაირი ადამიანი, პირველი პოეტი. სწორედ ასეთზე იტყვის ჰერმან ჰესე – პირველმა დაანება თავი ტოტიდან ტოტზე ხტუნვას და მიწაზე ჩამოვიდაო. ამგვარ ადამიანებს მიჰყავდათ კაცობრიობა წინ, პროგრესისკენ.
რაღა ბევრი გავაგრძელო, განსაკუთრებით და რაღაც სულ სხვანაირად მახსენდება თქვენი ”იგი” და კარგი მკითხველის წარმოსახვამ შეიძლება სულაც თქვენვე შემოგიტრიალოთ, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნოთ ეს გმირი.
იგი ცას უყურებდა და იგი ცა იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო…
და აი, თქვენ – “იგი” მარტო მიაბიჯებთ დიდი დაძინების ქარაფისკენ და ფიქრობთ: “ნუთუ, კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად ქრება?”
ნელა მიდიხართ, გამართული, თავაწეული, ვალმოხდილი. ქარაფის წვერს ახალგახელილი დღის თვალი დაჰნათის. მკაფიოდ ჩანს ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლეა.
ნეტავი, რა დარჩება იგისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება?
აი, ახვედით კიდეც.
სწრაფად შემობრუნდით, თითქოს რაღაცამ გიბიძგათ და ძალით მოგატრიალათ.
ქვემოთ, ბოლო ხესთან ჩვენ ვიცდით, თქვენი მკითხველი, ეგებ აქაც არის ზუ – თქვენი საქმის გამგრძელებელი…
…და უცებ ყველაფერი განათდება და სახით ჩვენსკენ შემობრუნებული უკან გადაგამთ ნაბიჯს, მერე კიდევ და ფეხი რომ ქვეშ მყარს ვეღარ იგრძნობს, უხმოდ იტყვით საკუთარ სხეულში:
“იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”.
ძალზე იშვიათად შემხვედრია სიკვდილისწინა ფიქრის ასე კარგად ”მოსმენა”…
გემშვიდობებით, ბატონო “იგი”!..
თქვენი არ იყოს, წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი ანდა დამშეული ნადირი რომ ძვლებს გიღრღნიდეს.

