Posts Tagged ‘კომიკური თრილერი’
ცეკვა მკვდრებით
ნინა შლამოვა – ავტოპორტრეტი
თარგმანები:
Dances with the dead – 1
Dances with the dead – 2
RADIOPLAY
by Mikho Mosulishvili
Translated from Georgian into English by Ann Mosulishvili
Михо Мосулишвили – «Танец с мертвецами» и еще тут. Перевод с грузинского Майи Бирюковой – (Пьеса; Microsoft Word, zip; 59,699 байт)

მიხო მოსულიშვილი
ცეკვა მკვდრებით
(კომიკური თრილერი ორ მოქმედებად და თექვსმეტ სურათად)
მოქმედებენ:
1. დევი – ქმარი. აჭიმებს ატკაცუნებს.
2. ბოა – ცოლი. საბალეტო პუანტებით დაბაკუნობს.
3. ტატუ – სხვა ქმარი. კრიალოსნის მარცვლებს არაკუნებს.
4. ლილი – სხვა ცოლი. ვერცხლის მონეტებივით მძივები უჩხრიალებს.
5. პატრონი – რომელიღაც ძალოვანი უწყების გენერალი. უხმაუროდ დადის.
მთელი პიესის განმავლობაში მთების გადაღმა, არცთუ შორს მიმდინარე საომარი მოქმედებების ხმები მოისმის: აფეთქებები, მოიერიშე თვითმფრინავების გრიალი, ავტომატების და ტყვიამფრქვევების კაკანი, – მაგრამ ამაზე პერსონაჟებს რეაქცია აღარ აქვთ – ეს მათთვის ჩვეულებრივი ყოფაა.
1. ოტელის წინ, გზაზე
(ისმის მთის ჩქარი მდინარის შხუილი და ვერტმფრენის ხმა, რომელიც თანდათან გვშორდება).
პატრონი – (ასანთს გააჩხაკუნებს, სიგარას უკიდებს). თქვენ ესეც უსმა ბენ ლადენის ნაჩუქარი არ გეგონოთ… როგორც იმ ჩიბუხზე დამაბრალეს. არა, ეს შვეიცარიიდან გამოგზავნილი ექსტრაკლასის სიგარაა…
(პაუზა. პატრონი მოსასმენ აპარატს გაურკვეველი ტკაცუნით ჩართავს. შემოდიან ლილი და დევი, პატრონი შეუმჩნევლად უსმენს მათ დიალოგს).
ლილი – (მისი ვერცხლის მძივები ყოველ ნაბიჯზე ჩხრიალებენ მთელი პიესის განმავლობაში). Hi!
დევი – რა თქვი? (აჭიმს გაატკაცუნებს და ასე იქცევა დროდადრო მთელი პიესის განმავლობაში). მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ადგილი არ უნდა გვეყიდა!
ლილი რატომ არ უნდა გვეყიდა, მშვენიერი ხედებია და დიდებული უფსკრული! ფერთა შეხამება გინდა, კოლორიტი თუ კომპოზიცია, ყველაფერია! შენ მარტო ხატე და ხატე!
დევი გეთანხმები, როგორ არ გეთანხმები: კოლორიტიც არის, დიდებულიც და კომპოზიციაც ზედ სამხედრო გზაზე, მაგრამ მაინც არ უნდა გვეყიდა. ჩემი სახელით ძალიან ფრთხილ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაინც არ უნდა გვეყიდა! ეს შენი და შენი მეექვსე ქმრის იდეა იყო!
ლილი – ჩემს ტატუზე ამბობ?! შენ იცი, რომ ტატუს მარჯვენა ხელის შუათითზე აგურის ტუზი ახატია?! და ზურგზე კიდევ – შიშველი ქალი, რომელსაც გველი აქვს შემოხვეული! და ტატუ რომ მირბის, ის ქალიც მირბის, ოღონდ უფრო ჩქარა!
დევი – აბა, ტატუ რომ წავა, ქალი შენთან ხომ არ დარჩება და გინდა დარჩეს, რად გინდა გველშემოხვეული ქალი… ისე, ლამაზი მაინც არის?
ლილი – ძალიან!.. და ის აღარ მათქმევინო, რომ ხშირად ჩემი ტატუ პირდაპირ სროლისგან გავარვარებული ავტომატის ლულიდან უკიდებს სიგარეტს და თუკი დასჭირდა, პირდაპირ ჯიბიდან ამოუღებლადაც ისვრის!.. პისტოლეტს!
დევი – არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ეს სულაც არ არის ცუდი ადგილი…
ლილი – მაშ, შენთვის და შენი განგსტერი ცოლისთვის დაგვეჯერენიბა და გოგირდიანი ცხელი წყლის საუნა აგვეშენებინა დედაქალაქის ძველ უბანში?!
დევი – სხვათაშორის, ჩემმა მეუღლემ შუაგულ ვალსების დედაქალაქ ვენაში გააგორებინა თავისი ძმის მკვლელი!.. ჰო… ის უბედურიც გახურებული ავტომატის ლულიდან უკიდებდა სიგარეტს და პირდაპირ ჯიბიდანაც ზუსტად ისროდა! მაგრამ ტატუები ჰქონდა თუ არა, ვეღარ გავიგეთ – უცებ ჩაფლეს მატლებითა და ჭია-ღუებით სავსე მიწაში!
ლილი – დედაქალაქის ძველ უბანში საუნის ასაშენებლად ჩვენ ვინ მიგვიშვებდა, რომელი ჩვენგანი იყო გვიდო არეცოელი!
დევი – გვიდო არეცოელი არ ვიცი, მაგრამ მე სრულიად შოტლანდიის გოლფის ფედერაციის ნამდვილი წევრი და ადგილობრივი გოლფის ასოციაციის გენერალური კონსულტანტი ვარ, ვიღაც ის კი არა!
ლილი – მეც სულელი ვარ და ამ ლაპარაკსაც აზრი არა აქვს, სიტყვებით სასწაულს ხომ ვერ ჩაიდენ?
დევი – მაშინ გავაგზავნოთ განცხადებები. გაზეთებშიც და ტელევიზიების მორბენალ სტრიქონებშიც. იქნებ იყიდოს ვინმემ…
ლილი – ხომ გავაგზანეთ!.. გამოგვეცხადნენ ვიღაც-ვიღაცეები პუდრიანი ცოლებით და მსუქანი სიდედრებით, მთელი ჩვენი ყავა გამოწრუპეს და უგზო-უკვლოდ გაქრნენ!
დევი – რა ვქნათ, თავი გაკოტრებულად ვცნოთ და ქალაქში დავბრუნდეთ? ვთქვათ, რომ დავმარცხდით?
პატრონი – უკაცრავად, მოსასმენი აპარატურა ჩამერთო… (პაუზა. გაურკვეველი ტკაცუნით გამორთავს მოსასმენ აპარატს). ნეტავ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?! (ჩაიხითხითებს). ეს ისტორია ერთ მთაგორიან ქვეყანაში მოხდა… მაშინ, როცა გერმანული პერეზერვატივი `სიკო~ შემოიტანეს ჩვენთან და აქაურმა საეჭვო მეწარმეებმა საეჭვო მასალისგან მაშინვე დაამზადეს ფალსიფიცირებული `სიკო~, და ისიც გასაყიდად გამოიტანეს. და რადგანაც ეს `სიკო~ მამრობითი სქესის არსების სახელიცაა ჩვენში, ამ პიესის ერთმა პერსონაჟმა, სახელად სიკო-ტორპედომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოშიც შეიტანა საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის გამო… თუმცა, სხვები ურჩევდნენ, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეეტანა… და, როგორც თვითონ ირწმუნება, პროცესიც მოიგო და ასე გამდიდრდა, მართლა ჩემი ფული კი არ მოუპარავს!.. მე მაგას მოვუვლი, როგორც საჭიროა!.. აჰ, უკაცრავად, სიგარა ჩამიქრა… (ისევ ისმის ასანთის ჩხაკუნი) არა, ეს მართლა ექსტრაკლასის სიგარაა, მაგრამ ამ მთებში ნესტი იცის და ეტყობა… ჰო, აი, უკვე შემოგაპარეთ, რომ ვიმყოფებით მთებში.
(ისმის შორეული აფეთქებისა და გრგვინვა-გრუხუნის ხმა, რომელსაც ისევ მოყვება გაურკვეველი ტკაცუნი. პატრონი მომდევნო დიალოგს ისმენს. ტატუ და ბოა ერთად წვანან).
ტატუ – (მთელი პიესის განმავლობაში ტატუს რეპლიკებს თან სდევს მისი კრიალოსანის მარცვლების კაკუნი). ბოა, შენ როგორ ფიქრობ, ეს ჩვენი მეორე ნახევრები ხომ არ დაგვცინიან და ჩვენ რომ გამოგვიცილებენ, სიყვარულს ხომ არ ეძლევიან?!
ბოა – (საწოლიდან წამოდგება, ზეწარს მოიხურავს და საბალეტო პუანტებს იცმევს. მთელი პიესის განმავლობაში ბოას სიარულს თან სდევს საბალეტო პუანტების ბაკუნი. გაიცინებს). ჩვენი ნაყიდი `სიკოებით~?! სადა აქვს დევის ორი ქალის მიხედვის თავი?!
ტატუ – (ისიც საწოლიდან წამოდგება, ტრუსის ჩაცმას აპირებს) პირდაპირ ჯიბიდან ხომ არ ვესროლო, Man?!
ბოა – მოიცა, მოიცა, ეგ არ ჩაიცვა! ეგ ჩემი ბიკინია!
პატრონი – აჰჰ, ისევ ბოდიშს გიხდით… ახლავე გამოვრთავ!.. (პაუზა. გაურკვეველი ტკაცუნით გამორთავს მოსასმენ აპარატს). აქ ერთი სათხილამურო კურორტის მახლობლად, არის ოტელი “Dream-Land of Mountains”, სადაც ახლა შევალთ. (კარის ჭრიალი, ნაბიჯების ხმა). აი, ჩვენ ვიმყოფებით ოტელის ორიგინალურ ბარში. ამ გულშავი ბუხრის ზემოთ, კედელზე გოლფის სხვადასხვა ზომის კლებებია მიმაგრებული თავ-თავისი წარწერით: `დრაივერი~, `ბრასსი~, `კლიკი~, `მიდაირონი~, `მეში~, `ნიბლიკი~ და `პუტერი~… (გადაიხითხითებს). და, იცით, რატომ არის ორიგინალური ბარი? დახლის, თაროების, მბრუნავი სკამების, თეთრი როიალის, პირშავი ბუხრის, მეორე სართულზე ამავალი კიბის… მოკლედ, ყველა ატრიბუტის, როგორც თავისებური სირთულის გამოყენებით, აქ მოწყობილია გოლფის მიკრო-მოედანი, თავისი ბურთულების ჩასაგდები ფოსოებით… კიდევ რა? ჰო, ბარის თაროები ცარიელია. კედლებზე კი არაუშავს ნახატებია. სხვა? ბუხართან დგას მოლბერტი, რომელსაც თეთრი ნაჭერი აფარია. (ისმის ნაბიჯების ხმა). უკაცრავად, ვიღაც მოდის და პიესის ჟანრი რომ არ დავარღვიო, სასწრაფოდ უნდა გავიქცე… მაგრამ, არ იდარდოთ, კიდევ შეგხვდებოთ…
(ჩქარი ნაბიჯით გადის).
2. ჩაი სტაფილოთი
(დევი აუჩქარებელი ნაბიჯებით შემოდის. გაიხრიგინებს სკამი, ზედ ვიღაც ჯდება და ჩაის ფინჯანს რაკა-რუკით ურევს კოვზს. მერე სტაფილოს მოკბეჩავს და ხრამუნით ჭამს).
ლილი – (ამოიკვნესებს). ოჰჰ!
დევი – რა ბრძანეთ? (სტაფილოს ხრამუნს შეწყვეტს, წამოდგება, დადის. ისევ ჯდება, ჩაის ხმაურით მოხვრეპს ფინჯანიდან და სტაფილოს ხრამუნს განაგრძობს). ვაი, ვაი, როგორ მექავება ზურგი! (ისევ წამოდგება. ნაბიჯების ხმა). რომელი კლებით აჯობებს? აი, `პუტერს~ ავიღებ, მოკლეა და მოხერხებული ზურგის მოსაფხანად…
ლილი – შენ რას აკეთებ?!
დევი – მე? მე არაფერს! უფრო სწორად, ჩაის შევექცეოდი სტაფილოთი! (ჩაის მოხვრეპის და სტაფილოს ხრამუნის ხმა).
ლილი – სირცხვილი შენ!
დევი – სტაფილოს რომ ვჭამ? ამ ერთ სტაფილოში ვიტამინების მთელი საწყობია!
ლილი – და მე კი – ეს სუსტი და სიფრიფანა არსება ძირს ვაგდივარ და იმის მაგიერ, რომ წამომაყენო, მანდ ზიხარ და საწყობებით ვახშმობ! ჯენტლმენიც ასეთი უნდა!
დევი – (წამოხტება, მიირბენს, წამოაყენებს). მეგონა, ისე წამოწექი! აი, ესეც შენი ფუნჯი!
ლილი – მაგიდასთან დამსვი!
დევი – აგიყვანო და ისე?!
ლილი – ნამდვილი ჯენტლმენი მაგას არასოდეს იკითხავს!
დევი – ჰო! (ხვნეშით აიყვანს და მაგიდასთან დასვამს). ესეც ასე! (ბერეტს მოუტანს). ესეც შენი ბერეტი!
ლილი – გმადლობ… ზურგი გექავებოდა?
დევი – არა!
ლილი – აბა, ამ ბუხრის საჩხრეკით რას აკეთებდი?
დევი – (წყენით). ეს ბუხრის საჩხრეკი არ არის! ეს არის გოლფის კლები! აგერ, იქ, ბუხრის თავზე აწერია კიდეც `პუტერი~!
ლილი – შენ რომ გიყურებ, მე ეგ `პუტერი~ ზურგს მოსაფხანი მგონია!
დევი – ეს ხომ გოლფის ერთ-ერთი ვარჯიშია…
ლილი – მაშინ მათხოვე და მეც ვივარჯიშებ!
დევი – ინებე! გიყვარს გოლფი?
ლილი – (ზურგს იფხანს კლებით). უუჰ, ძალიან! ძალიან!
დევი – თქვენც ხომ გაჩუქეთ კლებების მთელი კომპლექტი თავისი ფუტლიარით, სად გაქვთ?
ლილი – მე მგონი, ტატუ თაგვებს დასდევს ხოლმე იმ კეტებით.
დევი – კეტებით კი არა, კლებებით! კლე-ბე-ბით!
ლილი – ჰო, კლებებით და პუტერებითაც! აქ ძალიან ბევრი თაგვებია!
დევი – არ ვიცი, მე არ მინახავს!
ლილი – არც მე მინახავს, მაგრამ აი, იქ, როიალთან სოროები გამოუღრღნიათ!
დევი – რას ამბობ, ეს თაგვის სოროები კი არა, ფოსოებია!
ლილი – რეები?
დევი – ფოსოები! გოლფის ბურთის ჩასაგდებად!
ლილი – აბა, მე რომ ჩაიდანიდან ადუღებულ წყალს ვასხამ მაგეებში!
დევი – (აღშფოთებული). რატომ?!
ლილი – თაგვების მოსაკლავად!
დევი – (უფრო აღშფოთებული). მეც არ მიკვირდა?
ლილი – რა გიკვირდა?
დევი – შენ იცი, რომ მაგ წყალს მე ყოველ დილით ძლივს ვიღებდი კლიზმებით?!
ლილი – რა კარგი სანახავი იქნები მაგ კლიზმებით?!
დევი – აქ თაგვებს რა უნდათ, სტაფილოზე მოვლენ თუ ჩაიზე?
ლილი – შაქარზე! აი, რაზე!
დევი – რაც შაქარი დაგვრჩა, ლითონის კოლოფშია და თუ შეიძლება, ნუ მიფუჭებთ ამ შესანიშნავ გოლფის მოედანს! მომინდომეს თაგვები!
ლილი – გოლფის მოედანი, თორემ…
დევი – რა, `თორემ~? შენ იცი, რომ მალე აქ გოლფის კლუბსაც კი გავხსნი?!
ლილი – არ ვიცი, გახსნი თუ არა, მაგრამ ეს მაგიდები ისევ ჯიუტად ელიან კლიენტებს… ჯი-უ-ტად!
დევი – ეს შესანიშნავი ადგილია! სამი ნომერი – პირველი, მეხუთე და მეშვიდე – მდინარის ხეობას გადაჰყურებს, ხუთი ნომერი კი – კავკასიონის მომხიბვლელ მწვერვალებს… ერთი ეს არის, რომ გარეთ ვერ მოვაწყობ გოლფის ნატურალურ მოედანს, რადგან უფსკრულმა დამაღალატა… ვერაგულად მიმტრო… რაღა აქ გაჩნდა, სხვა ადგილი ვეღარ მონახა?
ლილი – უფსკრულის სახელით ბოდიშს გიხდი, მაგრამ ის სხვაგან ვეღრ წავა. ამიტომ ისევ შენ უნდა მონახო სხვა ადგილი!
დევი – პუტერი მომეცი, ზურგი უნდა მოვიფხანო! (იქექება). რას მიყურებ, მე ალერგია მაქვს. კრაზანას ნაკბენზე. ერთგან რომ მიკბენს, მერე ყველგან დამაყრის!
ლილი – დამიბრუნე პუტერი! (ახლა ის იქექება). რას მიყურებ, მეც დამაყრის ხოლმე! მეც ალერგია მაქვს!
დევი – მარტო კრაზანებზე თუ ფუტკრებზეც?
ლილი – ორივეზე…
3. გოლფის გაკვეთილი
დევი – (ხრამუნით ამთავრებს სტაფილო ჭამას). იცი, ვის ველაპარაკე? ბებიაჩემ პაშას, მე ფაშას ვეძახდი…
ლილი – (ისიც სტაფილოს ჭამს). პაშა აღარ გამაგონო! ისედაც ცუდად ვარ… ოკეანის ზღვასავით ვღელავ…
(პაუზა).
დევი – აქ რომ ეგ უფსკრული არ ყოფილიყო, ისეთ მოედანს მოვაწყობდი, რომ უილიამ შექსპირიც კი აქ ივლიდა სათამაშოდ.
ლილი – მაგრამ ის ხომ უკვე ცაში თამაშობს…
დევი – მერე ციდან ამ მთებამდე ხომ ერთი პატარა ნაბიჯია!
ლილი – ეჰ!
დევი – ცოტა გაგიარა თუ ისევ ოკეანის ზღვასავით ხარ?
ლილი – მე მგონი, მთლად ოკეანის ზღვასავით აღარ, მაგრამ ამ ჩვენ მდინარესავით კი ნამდვილად ვარ…
დევი – მე გოლფის დარტყმებს გასწავლი და ისეთი გახდები, ისეთი, როგორიც არის მთის ანკარა ტბა! (გაიქცევა, ცოტა ხანში მოირბენს).
აი, ეს არის ბურთი! აი, აქ დავდებთ… აი, ხედავ?
ლილი – ჰო!
დევი – ისე, ცოტა იმისთანა ის რაღაცა ამასაც უნდა… და რომ მოუქნევ, მაშინ უნდა თქვა `ვაუ!~
ლილი – რატომ?
დევი – ასეა საჭირო! და დარტყმის მერე უნდა თქვა `ჰაი!~ ეს შეძახილები იცი, რატოა საჭირო? დარტყმის კორექციისთვის! მერე ჩემს სამტომიან გამოკვლევასაც გათხოვებ წასაკითხად, ოღონდ არ უნდა დამიკარგო!
ლილი – მოკლედ რომ მომიყვე?
დევი – ეგეც შეიძლება… ახლა წარმოიდგინე, შენს წინ მწვანე მინდორია, გორაკებით, ალაგ-ალაგ ბუჩქებით, ზოგგან ხეებიც შეიძლება და ღრმულებიც… და კამკამა ტბაც, შიგ გედები რომ დაცურავენ… წარმოიდგინე?
ლილი – რა კარგია!
დევი – და იმ ტბის გადაღმა სპეციალური ალმებია ჩარჭობილი. იმ სპეციალური ალმებით ბურთების ჩასაგდები ფოსოებია მონიშნული. და იმ ფოსოებში ადუღებული წყალი კი არ უნდა ჩაასხა, არამედ ბურთი უნდა ჩააგდო რაც შეიძლება ნაკლები დარტყმებით… გოლფში და საერთოდ, ცხოვრებაშიც ყველა დარტყმა გადამწყვეტია!
ლილი – ამას რა უნდა! მომეცი პუტერი! (კლებს გააშხუილებს). ეჰ!
დევი – აი, ხო ხედავ, ააცდინე!
ლილი – `ჰაი~ უნდა მეთქვა, ხომ?
დევი – ჯერ `ვაუ!~ და მერე `ჰაი!~
ლილი – ვაუ და ჰაი! ვაუ და ჰაი! არაფერი გამომდის და სულიც მეხუთება…
დევი – კარგი, მე ფანჯარას გავაღებ და მერე ერთად ვცადოთ!
(მიდის, აღებს ფანჯარას. ისმის მთის მდინარის შხული).
ლილი – ვაუ და ჰაი! ვაუ და ჰაი!
დევი – არა, არა, მასე კი არა!.. მოიცა! აი, ასე დავუმიზნოთ… დავუმიზნოთ… მეორე ხელიც მომაკიდებინე პუტერზე…
ლილი – მოკიდე, მაგრამ მე არ შემავიწროვო… ოოჰჰ!
დევი – აი, ასე და ჯანდაბაში წასულა ყველა ოკენის ზღვა… აი, ასე ვუმიზნებთ… კიდევ ვუმიზნებთ… კიდევ…
ლილი – და მაინც რამდენი ხანი აპირებ ამ დამიზნებას?
დევი – ლაღად… ნუ ხარ დაძაბული, თორემ არაფერი გამოვა… ასე…
(მდინარის შხუილთან ერთად ისმის კრაზანების ზუზუნი).
ლილი – (კივის). კრაზანები! ვაიმე, კრაზანები!
დევი – ჩაიზე მოფრინდნენ! (ისმის კრაზანების გამწარებული ზუზუნი, კლების შხუილი). ვაუ და ჰაი! ვაუ და ჰაი! ლილი, რას შვრები! ლილი, სად მოძვრები!
ლილი – შენი პიჯაკის ქვეშ!
დევი – მაშინ… კარგი, ამოძვერი! ოოჰ!.. (ისმის ბარში შემოსული ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა). …მაგრამ მე არ შემავიწროვო! მე ჩემი ბოას ერთგული ვარ! და ვიქნები კიდეც!
4. უანგელოზო ჩემოდანი გოლფ-ბარში
ლილი – ვაი, ვაი, ვაი! სულ დამკბენენ!
დევი – მეც!
ტატუ – მე აქ ვინმე მყავს მოსაკლავი თუ აქ სხვა ამბავია, Man?!
ბოა – ახლა, ამ ჩაის ფანჯარაში გადავღვრი! (გადაღვრის. მერე კრაზანების ზუზუნი შეწყდება). აი, კრაზანებიც წავიდნენ! (ფანჯარას დახურავს. მდინარის შხუილი შეწყდება).
ლილი – რას აკეთებ, ბოა? ჩვენს გაჭირვებას ამ ჩაის გადაღვრა აკლდა?
ბოა – აბა, ჩვენს გაჭირვებას ის მოუხდება, რომ სხვის ქმრებს მივეტმასნოთ? აჰა, ფინჯნები და ამ ფინჯნებს გარეცხვა უნდა!
ლილი – ჯერ… ჯერ ეს Fფინჯნები გამომართვი, დევი!
დევი – მომეცი!
ლილი – და მერე, ვინ ეტმასნება? შენ გეკითხები, შე მახრჩობელა გველო!
ბოა – მე ვეტმასნები! ექვსი ქმარი არ მეყო და მეშვიდე უნდა გამოვიჭირო!
ლილი – როგორ, შენც ექვსი გყავდა და აქამდე არ მითხარი?
დევი – მე წავალ და სულ დავაკრიალებ ამ ფინჯნებს!
ბოა – მოიცა, სად მიიპარები!
დევი – კარგი რა, ბოა! მე მხოლოდ გოლფის თამაშს ვასწავლიდი! მერე კი კრაზანები მოფრინდნენ! და მე ხომ კრაზანებზე მაქვს ალერგია და ფუტკრებზეც!
ტატუ – ამისთანა გოლფის მეცადინეობა მეტად აღარ ვნახო, Man, თორემ…
ლილი – ჩემო ბაკიბუკა ბოა, ესე იგი, შენი ექვსი ქმარი ირონია იყო? მასხარად ამიგდე?! დამცინე? ახლა დაცინვა ჩემგან ნახე!
ბოა – აბა, მიდი!
ლილი – მე… შენ… იცი, რომ… მეც ალერგია მაქვს და გოლფის თამაშს მასწავლიდა! თორემ, ბოლოსდაბოლოს, რომელი გვიდო არეცოელი მყავს შენი ქმარი!
ბოა – ასე დაუნდობლად არავის დაუცინია ჩემთვის! მით უმეტეს იმათ, ვისაც ლატექსზე აქვთ ალერგია, სწორედ იმ ლატექსზე, რომლისგანაც პრეზერვატივებს ამზადებენ.
ლილი – რა შუაშია აქ ლატექსი! რა შუაშია!
ბოა – მეც ვიტყვი, თაგვმა შემაშინა მეთქი და შენს ქმარს დავახტები! მოგეწონება?
ლილი – არა! მაგრამ მე შენს ქმარს არ… არ… მაგ სიტყვას ვერ გავიმეორებ!
ბოა – იცი, რას გეტყვი?
ლილი – რას?
ბოა – კოლას იცნობ?
ლილი – რომელ კოლას?
ბოა – ჰოდა, მიდი რა, კოლას დაახტი!
ტატუ – კარგი! რაც იყო, იყო! დამთავრდა, Man!
ლილი – თუ ეს ბოლო განცხადებაც შენი შავ-ბნელი იუმორის ნიმუშებს მიეკუთვნება, მაშინ იცოდე, ჩემო კარგო, რომ ასი წელი არ მჭირდება ის ვიღაც სპიტით აქოთებული კოლა! და არც ასი წლის შემდეგ!.. დეგენერატი!.. ტატუ! ტატუ მეთქი!
ტატუ – რა იყო, Man?
ლილი – რატომ მაყენებენ ასეთ საშინელ შეურაცხყოფას შენს გვერდით? იცი, რომ თვალები დამაწყდა შენს ლოდინში? იცი, რომ გახეხილი სტაფილოსა და ჩაის მეტი არაფერი მიჭამია? რა ვჭამოთ, რა მომიტანე? მერე კიდევ ვიღაც საზარელი პიროვნება გამოგვეცხადა მაჰაგონის ლაქებით და მე შემეშინდა!
ტატუ – დევი აქ არ იყო, Man?
ლილი – ბებიამის პაშას ელაპარაკებოდა… ხოლო ის საზარელი პიროვნება უშველებელ გომბეშოს ჰგავდა! სულ მიქსერივით ზუზუნებდა!
დევი – მე წავალ და ამ ფინჯნებს სასტიკად გავრეცხავ!
ბოა – მოიცა! შენ უკვე გარდაცვლილი პაშაც გელანდება?
დევი – არა, სიზმარში ვნახე… ბაყაყები ჩავუსვი კალოშებში, რადგან სამი პარტია მომიგო გოლფში!..
ტატუ – რა მიქსერი, რომელი პაშას კალოშები… ვერაფერი გამიგია, Man!
ლილი – რა ვერ გაგიგია, ეგეც გვიდო არეცოელია? დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი? მე შენ გითხარი ოფიციალურად, რომ გვესტუმრა ვიღაც პიროვნება, რომელიც რაღაცნაირად ჩამოჰგავდა უშველებელ გომბეშოს, მაჰაგონის ლაქებით… სხვანაირად როგორ აგიხსნა? უფრო სწორად, ჩვენ რომ როტვეილერი `დევი~ გვყავდა და მერე კორეელმა მუშებმა შეგვიჭამეს, აი, იმასავით დაკუთხული იყო, საბაზისო შავი ფერით და მაჰაგონის ლაქებით, თანაც გომბეშოსავით… მიხვდი?
ტატუ – მოკლედ, იმ ჩვენ როტვეილერს რომ თავი მოვაჭრათ და ზედ დიდი ბაყაყი დავადგათ, ასეთი ტიპი, Man?
ბოა – რა თქვა, ვინა ვარო?
დევი – მე არ ვიცი. მაგ დროს პაშა მესამე პარტიას მიგებდა სიზმარში. მე ხომ ტაზეპამი დავლიე და სუპრასტინიც დავაყოლე.
ბოა – ის გაიძვერა იქნებოდა!
ტატუ – კახპის გაგდებული დამიძახე, თუ მართლა სიკო-ტორპედო არ იყოს! და ბაყაყსაც ხომ ჰგავს, Man!.. მერე, ლილი, რა მინდაო?
ლილი – მე არაფერი გამიგონია, ნახატზე ვმუშაობდი და საშინელი ხილვა მქონდა. ისეთი საშინელი, რომ ახლაც ოკეანის ზღვასავით ვღელავ. ააააა! (დაიკივლებს).
ბოა – სიგარეტის მოწევით გაფუჭებული სოპრანო!
ტატუ – ეგ `სოპრანო~ ვინღაა, Man?!
ბოა – არავინ. ეს ისე, ძველი პროფესია გამახსენდა. მე ხომ ბალერინა ვიყავი!
ლილი – რა თქმა უნდა, სოპრანო!.. სულ დედაჩემის ბრალია ყველაფერი, თორემ მე უკვე ლა-სკალაში ვიმღერბდი. ამ დედაჩემს ხომ კონსერვატორიის გაგონებაც არ უნდოდა. გაიძახოდა, არავითარი მუსიკა არ არსებობს, არსებობს დიდი და პატარა ხმაურიო… არა, მე ცუდი მხატვარი სულაც არა ვარ, მაგრამ გაცილებით უკეთესი დრამატული სოპრანო ვიქნებოდი!.. და დიდი ამბავი, თუ აქ ზოგიერთს კარმენი უცეკვია პრეისტორიულ წარსულში! გამომივიდა ნინა ანანიაშვილი!
(პაუზა). ჰოდა, ვიკივლე და გულიც წამივიდა!..
ტატუ – და, ბოლობოლო, რა თქვა სიკო-ტორპედომ, Man?
ლილი – ვინ?
ტატუ – აი იმ ხვლიკმა თუ ალიგატორმა, Man!
ლილი – როგორ, აქ ალიგატორებიც არიან?! შენ არ მითხარი, მარტო მექსიკაშიო? და ბრაზილიაშიო?
ტატუ – იმაზე გეკითხები, აქ რომ მოვიდა, Man!
ლილი – ალიგატორს კი არა, ის გომბეშოს ჰგავდა!
ტატუ – და რა თქვა, Man?
ლილი – ვერ გავიგე, მიქსერივით ზუზუნებდა რაღაცას…
ბოა – შენ ხომ კარგი სოპრანო ხარ, იმ ზუზუნში სიტყვები ვერ გაარჩიე?
ლილი – ვარ, როგორ არა ვარ! გასკდნენ გულზე ბოროტი და შურიანი მეზობლები!
ტატუ – და, რა თქვა, Man?!
ლილი – რაო და… ბიგ-მაკებსაც მიყიდით და კოკა-კოლებსაც?!
ბოა – ჰო!
ლილი – რა თქვა და… იმ ბიგ-მაკებს თავისი კეტჩუპიც ექნება?
ბოა – აუუ, ამან გვიხმარა რა!
ლილი – ჩვენ ავტოსადგომზე რომ სპირტით აქოთებული კოლა მუშაობს, იმას იცნობ?
ბოა – კაი, იმ შენ კოლასაც მივცემ და კიდევ ხუთ კაცსაც, ოღონდ გვითხარი!
ლილი – აი, ხომ გაიგონეთ? კოლასაცო და ხუთ კაცსაცო! სულ ექვსი გამოდის!
ტატუ – (დაუყვირებს). რა თქვა, ქალო, სიკო-ტორპედომ!
ლილი – რაო და, აიო, ორი ლიმონი მოვიტანეო.
დევი – რად გვინდოდა ლიმონები? ფორთოხლები მაინც მოეტანა, ტკბილია.
ბოა – მერე, სად არის ის ლიმონები?
ლილი – მოწითალო ჩემოდანში.
სიკო – და ის მოწითალო ჩემოდანი სადღაა, ფისუნია?
ლილი – მე ფისუნია არა ვარ!
დევი – ჩაედო ცელოფანის პარკში და ისე მოეტანა, ჩემოდანი რად უნდოდა?!
ბოა – სად არის ჩემოდანი?
ლილი – გზაზე მოვისრიალე!
ბოა – ესე იგი, ჩვენ სიკო-ტორპედოს მოტანილი ჩემოდანი ვიპოვეთ წეღან?!
ტატუ – წამოდი, Man!
(ორივენი გადიან).
ლილი – სად გაიქცნენ, ბიგ-მაკები და კეტჩუპები და კოკა-კოლები უნდა მომიტანონ?
დევი – შენ ისეთი მხატვარი ხარ, რომ მე მოგიტან!
ლილი – მართლა მომიტან?
დევი – ჰო, აუცილებლად მოგიტან, ოღონდ მერე!
ლილი – და შენ რომ ეს ახალი ნახატი განახა, ისე გააფრენ, რომ ეხლავე ბიგ-მაკებზე და კოკა-კოლებზე გავარდები!
დევი – ეჰ, ეგ უფსკრული რომ არ ყოფილიყო, მსოფლიოში პირველ სამთო გოლფის მოედანს მოვაწყობდი!
(შემოდიან ტატუ და ბოა).
ტატუ – ეს ჩემოდანი იყო, ფისუნია, Man?
ლილი – მე ფისუნია არა ვარ, მაგრამ ეგ იყო! დევი, შენ იმ ლიმონების სანახავად წახვალ თუ ჩემი ახალი ნახატის ნახვა გირჩევნია?
დევი – ნუ, ცოტა თავისებური იმისთანა ის რაღაცა მაგასაც ხომ უნდა…
5. ლილის ახალ ნახატთან
ლილი – მტერიო, გაიძახი, მაგრამ შენ არ იცი, რა გენიალური ადგილია! მზე რომ ჩადის, სხივები განსაცვიფრებელი ფერებით ამშვენებენ ამ უფსკრულის იმეებს, რა ჰქვია, გაშვერილ-გამოშვერილებს… ასეთი ტონალობა ყველა მხატვრის ოცნებაა!
დევი – აი, გოლფის ბურთი რომ დაეცეს იმ იმეებზე, გაშვერილ-გამოშვერილებზე, ზედ გაჩერდება თუ ჩამოვარდება?
ლილი – ბურთი არ ვიცი, მაგრამ სადაც შიგნით შეწეულებია, იქ არის ხვრელები…
დევი – გოლფის ბურთი შეეტევა?
ლილი – არ ვიცი, მაგრამ იმ ხვრელების გარშემო მთის ბალახია ამოსული, თავად ხვრელებში კი მტაცებელი ფრინველები ბუდობენ… აი, ჩვენი როტვეილერ `დევის~ ლეკვები რომ მოიტაცეს, იმისთანა კლანჭიანი ფრინველები, მოკაუჭებული ნისკარტებით.
დევი – მაშინ ეგენი არწივები ყოფილან და გოლფის ბურთზე ლაპარაკიც აღარ შეიძლება.
ლილი – ბურთი არ ვიცი, მაგრამ მუსიკა გიყვარს?
დევი – ჰო! მარტო ამ საკითხში შეცდა დედაშენი!
ლილი – და მდინარის ხმა იქ ისე ისმის, თითქოს მოცარტის რომელიღაც სონატაა… გესმის? არა, სონატა კი არა, ფუგა. ბახის რომელიმე ფუგა. ორგანები.
დევი – მე რომ ორგანები მომესმინა, ბებიაჩემი პაშა სამ პარტიას ვერ მომიგებდა!
ლილი – ეს, იცი, როგორი შეგრძნებაა? გაუგონარი! ფანტასტიკური, როგორც თაფლობის თვე!
დევი – შენი ექვსივე თაფლობის თვე?
ლილი – ჰო, ჰო, ჰო! პირდაპირ უფსკრული, უკანიდან მდინარის ხმა და ზემოთ ის კლანჭებიანი მტაცებლები დაფრინავენ თავიაანთ საქმეებზე… რა ფერებია!.. ერთად აღებული ექვსი თაფლობის თვე და შეიძლება მეტიც!.. (ისმის მუსიკა). ჰო, ეს სიყვარულის პრელუდიას ჰგავს, შენს საყვარელ ადამიანს რომ ეალერსები…
დევი – კარგია!
ლილი – აღგზნებული ხარ… ბავშვივით კვნესი… ოჰ-ოჰ-ოჰ!.. ფოთოლივით თრთი და ცახცახებ…
დევი – სულ ერთიანად ვიბრირებ და თითქოს კუნთებში სანეტარო სპაზმები გეწყება…
ლილი – სპაზმები კი არა, სასიამოვნო ქავილი… თაფლივით სასიამოვნო… ძალიან მძაფრი!..
დევი – მე ვიტყოდი, უმძაფრესი!
ლილი – ჰო, უმძაფრესი შეგრძნებაა! ნუ მაწყვეტინებ!.. ეს გვიდო არეცოელია, (მღერის). დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი! ნეტარების სიტკბოება ზენიტისკენ მიდის. მიდის და მიდის, არა ჩერდება! ეს კრეშჩენდოა! (ისევ მღერის). დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი! მიდის, მიდის და…
დევი – და, რა?!
ლილი – სიყვარულის მწვერვალზე ადის, თავის პიკს აღწევს… ეს სფორცანდოა – მოულოდნელი მახვილი რომელიმე ბგერაზე… ოოო, სფორცანდო!
დევი – ჰო, ჰო, ჰო!
ლილი – მერე ადვილია, ძალიან ადვილი! ადიხარ და ჩამოდიხარ! ადიხარ და ჩამოდიხარ! ისევ და ისევ!
დევი – სად ადიხარ?
ლილი – იმ მწვერვალზე!
დევი – სფორცანდო!
ლილი – ეს ისეთი შეგრძნებაა, რომ ვერც ალკოჰოლი შეედრება და ვერც ნარკოტიკული ეიფორია!
დევი – ჰო!
ლილი – ეს არის ყველა მაჟორის და ყველა მინორის ფანტასტიკური თაიგული, თავისი დიეზებით და ბემოლებით… მთელი კვინტური წრე!
დევი – ნუ, მე ეგ კვინტური არ ვიცი, მაგრამ ბობ მარლეიც რა საყვარელია, ბუფალოელ ჯარისკაცზე რომ მღერის და კიდევ ფაფ დედი… გინდა ჩვენი მაგნიტოფონი დავატრიალოთ?
ლილი – მოკლედ, აი, ესე გავათავე!
დევი – ჰოო?
ლილი – ჰო, გავათავე და დავხატე უფსკრული და მერე შინ მოვიტანე… აბა, შენ რა გეგონა, ვერ გავათავებდი?
დევი – ნუ, ეხლა, ცოტა ნამეტანი ის რაღაცა მაგასაც უნდა, მაგრამ გამოცდილება მაინც თავისას აკეთებს, (ხმადაბლა). ცოტა ხომ არ არის ექვსი ქმარი ტატუს ჩათვლით.
ლილი – ჰოდა, დღეს ნაჭერი მოვხსენი, რაღაცეები უნდა შემესწორებინა. უცებ ის გომბეშო მოვიდა, მაჰაგონის ლაქებით. რაღაცას მეზუზუნება ორ ლიმონზე და არაფრით ჰგავს გვიდო არეცოელს… და უცებ დავინახე, რომ ამ დიდებულ უფსკრულში თეთრი მანქანა მიფრინავს, ჩვენი თეთრი მანქანა!
დევი – მერე, ძალიან დაიმტვრა?
ლილი – არა, ჩვენი თეთრი მანქანა ნამდვილ უფსკრულში კი არა, ჩემს ნახატზე ვარდება! მაგრამ, მე არ დამიხატია!
დევი – აბა, ის… კვინტური წრის თაიგულიო და სპაზმებიო… ის უფსკრული ხომ შენ დახატე?
ლილი – უფსკრული დავხატე, მაგრამ ჩვენი თეთრი მანქანა მე არ დამიხატია! და ჩემს ნახატზე ვხედავ, უფსკრულში მიფრინავს!
დევი – ნუ, ეხლა, ნახატზე თუა, რა უჭირს?
ლილი – მე არ დამიხატია და მაინც ხატია!
დევი – შენ რომ გრძნობა დაკარგე, იმან ხომ არ დახატა, იმ ლიმონებიანმა მებუხრემ?
ლილი – მაჰაგონის ლაქებით?
დევი – ჰო, იმან!
ლილი – არა, ის რა შუაშია, ის რომ მოვიდა, უკვე ეხატა. ბებიაშენი პაშა ხომ ვერ ადგებოდა საფლავიდან?
დევი – გინდაც ამდგარიყო, იმან ხატვა არ იცოდა!
ლილი – და უცებ გავიაზრე, რომ აქ არავინ ხატავს ჩემს გარდა! და ისე შემეშინდა, რომ მთელი ძალით ვიკივლე და იცი, რატომ?
დევი – არა.
ლილი – იმიტომ, რომ ამ აუხსნელ მოვლენას მოულოდნელი აქცენტის დასმა სჭირდებოდა! და მერე ხომ სფორცანდო პიანო უნდა ყოფილიყო, ჩუმი ბგერა, რომელიც მოულოდნელ აქცენტს ასევე მოულოდნელად მოყვება და ამიტომაც წამივიდა გული…
დევი – ნუ, ეხლა, ეგ სფორცანდოებიც კარგია, პიანოებიც და აქცენტებიც, მაგრამ მაგ უფსკრულში რომ არც ერთი მანქანა არ გადავარდნილა?
ლილი – ჰოდა, სწორედ მაგიტომაც ვღელავდი ზღვის ოკეანესავით!
დევი – იქნებ მოგეჩვენა, აბა, მანახე!
(პაუზა).
ბოა – აკლია!
ტატუ – რამდენი აკლია, Mან?
ბოა – ხუთასი ათასი!
დევი – ხუთასი ათასი კი არა, ეს ნახატი მეტიც ეღირება!
ლილი – ვითომ?
ბოა – რა `ვითომ~, გეუბნები, ნახევარი მილიონო მეთქი!
ტატუ – ორი უნდა ყოფილიყო, ორი მილიონი, Mან!
დევი – ნუ, ორი მილიონი კარგი ფასია! მე ვიყიდიდი, რომ მქონდეს!
ლილი – ესე იგი, ეს უკვე პიკასოს დონეზეა!
ბოა – დევი, რას ბოდიალობ?
ტატუ – ფისუნია, ჩემოდანში ორი ლიმონი – ნამდვილი ამბავია, Mან?!
ლილი – ჰო, ნამდვილი! ტატუს და ბოას მიეცი და თვითონ იციან, ვისაც უნდა მიუტანონო!
ბოა – რა გათახსირებული აფერისტია ეს სიკო-ტორპედო!
ტატუ – აქ ორი ვარიანტია: ან ამათ მოიპარეს, ან სიკო-ტორპედომ, Man!
ბოა – მესამე ვარიანტი არ არსებობს – თუ გზაზე ვინმე ჩემოდანს იპოვნიდა, მარტო ნახევარ ლიმონს ხომ არ წაიღებდა?
ტატუ – ლილი, მოდი აქ, Man!
ლილი – (შემოდის ვერცხლის მძივების აკომპანიმენტით). ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ეს რამდენი დოლარების შეკვრებია! ნუთუ ჩემი ნახატის საყიდლად მოიტანეს?! ამით რამდენი ბიგ-მაკი მოგვივა, არა, ტატუ?!
ბოა – ეს ის ჩემოდანია, შენ რომ გზაზე მოისრიალე!
ლილი – ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! კიდევ კარგი, არ დაიკარგა!
დევი – რა შენი ბრალია, შენ მართლა ლიმონები გეგონა! ვერ გითხრა ადამიანურად, რომ ორი მილიონია? რა კავშირი აქვს მილიონს ლიმონთან?
ბოა – ქურდულ ჟარგონზე რომ მილიონს `ლიმონი~ ჰქვია, ეხლა უნდა გაიგოთ?!
ლილი – სულ რამდენია, ტატუ?
ტატუ – ორს ნახევარი ლიმონი აკლია, Man.
ლილი – მე თქვენი ლიმონები არ ვიცი და ერთი მილიონი და კიდევ რაღაც გამოდის, ხომ?
ტატუ – ბიგ-მაკების საყიდლად ნახევარი მილიონი ხომ არ აგიღია, Man?
ლილი – მე? მე ხომ მართლა ლიმონები მეგონა და გზაზე მოვისროლე! მილიონი და რაღაც! ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! აი, ეს არის ზეცის ანგელოზის გამოგზვნილი! ანდა, იქნებ გვიდო არეცოელმა გამოგვიგზავნა?!
ტატუ – აი, გაფრთხილებ: ეგ ბაყაყიჭამია გვიდოა თუ ვიღაცა, მეორედ აღარ მიხსენო, თორემ გავაგორებ ბოზი კურდღელივით, Man!
ლილი – ჰო, მაგრამ… ბაყაყებს ხომ ფრანგები ჭამენ?!
ტატუ – აბა, იტალიელები რას ჭამენ, Man?
ლილი – სპაგეტის!
ტატუ – და მორჩა მაგ სპაგეტიჭამიაზე ლაპარაკი, Man!
დევი – აი, მე კი წავალ და იმ ფინჯნებს სულ დავაკრიალებ!
ბოა – მოიცა! შენ ხომ არ გაგიხსნია ეს ჩემოდანი?
დევი – არა, მე ხომ ბებიაჩემ პაშას ბაყაყებს ვუსვამდი კალოშებში, რადგან სამი პარტია მომიგო!
ტატუ – (ხმას დაიბოხებს). შენც კაი ბლომად პეპლები გყავს, პაშას მხრივ, Man!
ბოა – ტატუ, ძმაო, ხმას ნუ დაიბოხებ და, იცი, კიდევ რას გეტყვი?
ტატუ – მაინც რას, Man?!
ბოა – შენ კოლას ხომ არ იცნობ?!
ტატუ – ვერ გავიგე, Man?
ბოა – წამლები დალია და ეძინა! ეხლა გაიგე?
ტატუ – კარგი, წამო, ლილის ახალ ნახატს შევხედოთ, Man.
6. ჩემოდანთან
ლილი – ესე იგი, აქ რამდენია? მილიონ-ნახევარი, ხომ?
დევი – ჰო.
ლილი – ეს ძალიან ბევრია თუ მხოლოდ ბევრი?
დევი – ძალიან!
ლილი – კიდევ კარგი, გზიდან არავინ მოიპარა!
დევი – ბედი გვქონია!
ლილი – ძალიან!
დევი – ამ ფულით სულ ამოვავსებ იმ უფსკრულს და სამთო გოლფის მოედანსაც გავმართავთ, ხომ სწორეა, ბოა?!
ბოა – მართლა კარგად არის დახატული!
ლილი – თქვენ რას გააკეთებთ, მე და ტატუს არ გვაინტერესებს! არა, ტატუ?
ტატუ – მე ეს თეთრი მანქანა მომწონს, სასიკვდილო ნახტომში, Man!
დევი – აბა, რა ვქნათ?
ლილი – შუაზე გავიყოთ.
დევი – შვიდასი ათასი თქვენ, რვაასი ათასი ჩვენ!
ლილი – თქვენ რატო რვაასი ათასი?
დევი – ეს გოლფ-ბარი სულ ჩემი ხარჯით მოვაწყე და იმიტომ!
ლილი – სამაგიეროდ, ეს ნახატები ჩემი ხარჯით დავხატე! და ტატუმ კიდევ ერთი ტონა დიზელის საწვავი ჩაასხა ავზში, რომ წყლის გამაცხელებელი ჩაგერთო და აბაზანები მიგეღოთ შენ და შენს ქალბატონს!
დევი – უკან წაიღეთ, ბატონო!
ლილი – თქვენ წაიღეთ, თუ კარგია!
დევი – ეს მიკრო-მოედანი როგორ წავიღო?
ლილი – მაშინ, შვიდას ორმოცდაათი ჩვენ, შვიდას ორმოცდაათი თქვენ!
დევი – მაგრამ ჩვენი ხარჯები თქვენსაზე გაცილებით მეტია!
ლილი – საიდან არის მეტი? საღებავები, ფერები, ჩარჩოები, ტილოების დაგრუნტვა. ახლა ხელობა? ცალკე ჩემი და ცალკე ტატუსი. აბა, შენ წადი შენ წაართვი ვინმეს ერთი ტონა დიზელი!
დევი – დიდი ამბავი, წყალგარეული დიზელი! ჩემი ხელობა ნაკლებია? ჯერ მარტო ხის მასალა დამიჯდა ნახევარი ლიმონი!
ლილი – ნუ დაგავიწყდება, რომ ჩემი ტატუ გახურებული ავტომატიდან უკიდებს სიგარეტს!
დევი – კარგი, გავიყოთ შუაზე, მაგრამ ისიც არ დაივიწყო, რომ ჩემმა ბოამ შუაგულ ვენაში ბოზი კურდღელივით მოახრჩო შენი ტატუს მსგავსი კლიენტი!
ლილი – მაშინ მე გავყოფ! ამ ერთში რამდენი დოლარი იქნება?
დევი – მე რა ვიცი?! აქ სულ ასდოლარიანებია!
ლილი – (ხელზე ხელს დაარტყამს). დადე!
დევი – ერთში თუ ასი ცალი კუპიურია, სულ რამდენი გამოვა?
ლილი – მე რა ვიცი?!
დევი – ესე იგი, ასს უნდა მივუწეროთ კიდევ ორი ნული… თუ სამი?
ლილი – იმდენი და ცოტა მეტი!
დევი – მაშინ, გავხსნი და დავითვლი!
ლილი – (სილას ჩაარტყამს ხელზე). ხელი არ ახლო!
დევი – რატო?
ლილი – მე არ გენდობი!
დევი – არც მე გენდობი!
ლილი – მე მხატვარი ვარ და შესაძლოა, სოპრანოც ვყოფილიყავი ლა-სკალაში!
დევი – მე კი სრულიად შოტლანდიის გოლფის ფედერაციის ნამდვილი წევრი და აქაური გოლფის ასოციაციის გენერალური კონსულტანტი!
ლილი – არ მაინტერესებს!
დევი – არც მე!
ლილი – ამას მე თვითონ დავითვლი!
დევი – დადე შეკვრა, არც მე გენდობი!
ლილი – არ დავდებ!
დევი – ბოა, დადოს ფულის შეკვრა, მე უნდა დავითვალო!
ბოა – თქვენ იცით, რას გეტყვით?
ლილი მე სულ არ ვიცნობ იმ სპირტით აქოთებულ კოლას!
ტატუ – უშვილო ქალების დაორსულებას თავი დავანებოთ, Man!
ბოა – ჩვენი არ არის, გაიგეთ? (ჩემოდანს ჩაკეტავს).
ტატუ – მე ამ ჩემოდანს ბუხრის თავზე დავდგამ და ხვალ პატრონს ჩავაბარებთ მე და ბოა, Man!
ბოა – ჰო, ხვალ ჩავუტანთ და ვეტყვით, რომ ნახევარი ლიმონი აკლდა! სულ არ მედარდება!
ტატუ – იმ კახპის გაგდებულმა სიკო-ტორპედომ იდარდოს, Man!
ლილი – იმ გომბეშოსავით ვიღაცამ?
ტატუ – ჰო, Man.
ლილი – ის რომ ვეღარ იდარდებს? სრული ექვსი თვე ვეღარ იდარდებს!
ტატუ – რატომ, ფისუნია, Man?
ლილი – რატომ და, ბაჰამა სად არის?
ტატუ – ბაჰამა… ბაჰამა… არა, ეგეთი მეტსახელი არც ნიუ-იორკის ჯამაიკის ციხეში ერქვა ვინმეს და არც ჩემს უბანში! და არც აფხაზეთის ომში, Man!
ლილი – ეს მეტსახელი კი არა, კუნძულია. ჰო, ბაჰამის კუნძულზე მივდივარო…
ტატუ – მერე არ იცის, რომ მე გახურებული ავტომატიდან…
ბოა – უკიდე მაგ შენს მყრალ პაპიროსებს და იყავი, სიკო-ტორპედო კი გაიპარა!
ლილი – არა, არ გაიპარა! სტრასბურგის სასამართლოში პროცესი მოვიგეო…
ტატუ – რა პროცესი, Man?
ლილი – გერმანულ პრეზერვატივებსაც სიკო ჰქვია და მეც პასპორტში სიკო მიწერიაო. საავტორო უფლება ამ სახელზე მე მეკუთვნისო. და სტრასბურგში დიდი ფული მოვიგე, ახლა ბაჰამაზე დავისვენებ და მერე კიდევ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშიც შევიტან საჩივარსო და გერმანელებს კიდევ დიდ ფულს ავაფცქვნიო!
დევი – რა კარგი იქნებოდა, ჩემთვისაც რომ სიკო დაერქმიათ?!
ტატუ – სად არის ის კუნძული, Man?!
დევი – ეგ არ ვიცი, მაგრამ იქ საუკეთესო მოედნები აქვთ! გოლფის!
ბოა – ყველაფერი გაირკვევა. მანამდე რაც არის, ეს ფული უნდა მივაწოდოთ პატრონს.
ტატუ – ჰო, Man.
ლილი – ეგ “მენ” მეტად აღარ თქვა, თუ გიყვარვარ?!
ბოა – დევი, შეწვი კარტოფილი?
დევი – ბოლო პორცია იყო დარჩენილი და ისიც დამეწვა!
ტატუ – აბა, რა ვჭამოთ, ლილი?
ლილი – ჩვენ სტაფილოთი და ჩაით ვივახშმეთ.
ტატუ – (კიბეზე ადის). ჩვენს ნომერში ამომიტანე! ოღონდ ბოზი კურდღლის გარეშე, Man. ბოდიში, “Man” არ უნდა მეთქვა!
ლილი – ესე იგი, როგორ?
ბოა – მარტო ჩაი! და შენც, დევი, შენც ჩვენ ნომერში მომიტანე თავისი ბოზი კურდრლიანად. (გადის).
დევი – ესე იგი, სტაფილოთი.
ლილი – შენ წყლის გამაცხელებელს ჩართავ, მე კი ჩაის მოვადუღებ!
დევი – ბოლო ათი ლიტრიღა დარჩა!
ლილი – დიზელის საწვავი?
დევი – ჰო. იქნებ დღეს თავი შეგეკავებინათ?!
ლილი – ეგ ვერ მოხერხდება, უნდა ჩართო!
დევი – ესე იგი, კუნთებში სასიამოვნო სპაზმები და ზემოთ მწვერვალი, არა?!
ლილი – მიდი რა, გაიფანტე!
დევი – როგორ გავიფანტო?
ლილი – დაბნეული ბრინჯივით!
7. დიალოგები პარალელურად
(ოტელის ქვედა ნომერში არიან ბოა და გოლფი, ხოლო ზედა ნომერში კი ტატუ და ლილი).
ქვედა ნომერში:
ბოა – (ბოლთას სცემს). რამ გაგთიშა, შე იდიოტო!
დევი – რა ვიცი!
ბოა – მერე, მაინცდამაინც მაშინ უნდა გექნა, როცა ის კახპის გაგდებული სიკო-ტორპედო მოვიდა?
დევი – მე რა ვიცოდი, თუ მოვიდოდა?!
ბოა – როგორ ვერ გაიგონე, ჰა?
დევი – ვერ გავიგე და რა ვქნა? კარგი რა!
ბოა – შენ რომ მაგ დროს ვიღაცამ გიხმაროს, ვერაფერს გაიგებ!
დევი – მე მასეთი არა ვარ და თუ შეიძლება, ცოტა კულტურულად მელაპარაკე!
ბოა – შენ კულტურაზე ხმა ამოგეღება? შენ არ იყავი, `გედების ტბაზე~ წავიდეთ მეთქი, რომ გითხარი და საღამოს ანკესებით და ჭიაყელებით გამომეცხადე? რეზინის ჩექმებში?
დევი – მაშ, რა მექნა, თოფით მოვსულიყავი და ის მშვენიერი თეთრი გედები დამეხოცა? ამიტომ, ისევ თევზაობა ვამჯობინე და კიდევ მე ვარ დამნაშავე?!
ბოა – მიდი რა, კოლას მიეცი!
დევი – მოიცა, შენ მართლა ეგეთი გგონივარ?!
ბოა – მე არ მგონიხარ, მაგრამ ეგრე გამოდის!
დევი – რა გამოდის, გაგიჟდი?
ბოა – იცი, რა ჩაიდინე? იცი, რამხელა საქმე გააფუჭე?! იცი?!
დევი – არა, მაგრამ…@
ბოა – საიდან უნდა იცოდე?! ყველაფერი ჩემი თავში სახლელია! შენ მარტო შენს დაწყევლილ ინტერესებს ემსახურები!
დევი – კარგი რა, ერთ გათიშვაზე მეჩხუბები?!
ბოა – გათიშვაზე კი არა, გაფუჭებულ საქმეზე გეჩხუბები!
დევი – კაი რა, ამასაც იმ გედების ტბასავით აზვიადებ!
ბოა – მე ვაზვიადებ?! ეხლა იცი, რა მოხდება?
დევი – არაფერიც არ მოხდება!
ბოა – გახსოვს, ცოლ-ქმარი კალაშნილოვის ავტომატებით რომ ჩაცხრილეს მანქანაში, ორი ბავშვით… ჩვენნაირი სასტუმრო რომ ჰქონდათ, გახსოვს?
დევი – რატომ უნდა ჩაგვცხრილონ?
ბოა – ესეც არ გესმის, რა უნდა გელაპარაკო!.. ღმერთო, რატო ის დღე არ დაიქცა, ამ დამპალ ცოლ-ქმართან ერთად რომ შემოვედით ნახევარ წილში და ეს მიყრუებული სასტუმრო ვიყიდეთ!.. ჰო, ჰო, რას მიყურებ?
დევი – მაშინ ეგ ცოლ-ქმარი პარტნიორები კი არა…
ლილი – დამბეზღებლები არიან და პატრონმა იმიტომ შემოიყვანა წილში, რომ ჩვენ გვაკონტროლონ! მიხვდი?!
დევი – არადა, ერთი ვითომ უწყინარი ადამიანია და მეორე კიდევ – უწყინარი რეციდივისტი!
ლილი – ერთი შეხედვით ეგრე ჩანს!
დევი – მაგრამ ისინი თუ გვაკონტროლებენ, ჩვენ რა, არ ვაკონტროლებთ?!
ლილი – ვერ ვაკონტროლებთ, გათიშულები ვართ.
დევი – კარგი რა, ისევ გათიშვაზე ვიწყებთ!
ბოა – მაშინ, უშვილო ქალების დაორსულებას მოვეშვათ!
დევი – ისე, ცოტა ნამეტანი იმისთანა ის რაღაცა ამასაც უნდა…
ბოა – (ხელზე ჩაარტყამს). მორჩი!.. მაგას, მაგ პარტონს შვილი მოუკლეს საძაგლად, დანა-ჩანგლით! ღმერთმა მეტი რით უნდა მიგახვედროს, რომ დამნაშავე ხარ ამ ცხოვრებაში! და ამის მერე, კიდევ რომ ვერ მიხვდები და ეგეთი დამპლური სასტუმროების ქსელს რომ გამართავ მთელი საზღვრის გასწვრივ, ჰეროინით დაიწყებ ვაჭრობას და ყველგან ისე დააბალანსებ, რომ პარტნიორებმა ერთმანეთი დააბეზღონ შენთან, საცოდავი ხარ, მართლა ძალიან საცოდავი… გინდა კაგებეს გენერალი იყავი და გინდა კიდევ მარშალი!
დევი – მერე, სადღაა კაგებე?!
ბოა – ეს სულ კაგებეს მეთოდებია!
დევი – მაშინ, მე ვიყოდი, რომ ძალინ ჰყვარებია დაბალანსება!
ბოა – და მე გეტყვი, ეხლა რა ხდება!
დევი – რა?
ბოა – აი, ამ დაბალანსებულ სისტემაში ნახევარი ლიმონი აორთქლდა! მთელი ხუთასი ათასი ბაქსი! ათასი გრამი ჰეროინის ფული! შენ რომ პატრონი იყო, რას იფიქრებდი?
დევი – რა უნდა მეფიქრა?
ბოა – მომისმინე! სიკო-ტორპედოს ჩვენთვის უნდა მოეტანა ორი ლიმონი. მთელი დღე ვუცადეთ გუდაურში. კარგი, იქ ვერ მოვიდა, აქ მოიტანა. დავუშვათ, რაღაც მოხდა, არა?
დევი – ალბათ.
ბოა – და, რა მოხდა, არ ვიცით! ხილვები გვქონდა ან გვეძინა!
დევი – ჰო, აბა, ამეების დრო იყო?
ბოა – და ნახევარი მილიონი გაქრა!
დევი – ჰო.
ბოა – და როგორ გაქრა, როგორ! ტრანშია? თუ მსოფლიო ბანკის კრედიტი ან ჰუმანიტარული დახმარება, რომ არავინ აგოს პასუხი?! ჰოდა, შენ რომ პატრონი იყო, რას იფიქრებდი?
დევი – სიკო-ტორპედომ ამწაპნა მეთქი და ბაჰამის ოფშორ ზონისკენ გასწია! სხვა რა უნდა მეფიქრა?
ბოა – გამორიცხულია!.. ნახევარი ლიმონი წაიღო? წამღები ორივე ლიმონს წაიღებდა!
დევი – ეგ აღარ მიფიქრია.
ბოა – თან მაგ სიკო-ტორპედოს ამ სასტუმროების ქსელში ოთხ ლიმონამდე აქვს ჩადებული, გიჟია ბაჰამაზე მოხიოს ნახევარი ლიმონით?
დევი – ჰო, არა. გიჟი რატოა?
ბოა – მოკლედ, ან ჩვენ ავიღეთ, მე და შენ! ან ამათ! ეგრეა!
დევი – შენ თავს გეფიცები, თუ მე ამეღოს!
ბოა – ესე იგი, იმათკენ ბუდეა!
დევი – რა ბუდე, მერცხლების?
ბოა – შხამიანი გველების!
დევი – აქ გველები არ არიან…
ბოა – ვერ ხვდები, რომ იმ გველის აღებულია?!
დევი – რა ვიცი, მაგასაც ყველაფერი ექავებოდა და…
ბოა – ალბათ, მაგათაც ფალსიფიცირებული `სიკოთი~ იჟიმავეს და ალერგია მისცა, დიდი ამბავი!
დევი – აბა, რა მოხდა?
ბოა – გეტყვი! სიკო-ტორპედო რომ წავიდა, ფრთხილად მოსრიალდა შენამდე, გნახა, მართლა გათიშული იყავი თუ არა და მერე იმ უანგელოზო ჩემოდნიდან ნახევარი მილიონი ამოიღო – ბევრი რა საჭიროა, ეს კი შემრჩებაო და გადამალა.
დევი – ვითომ?!
ბოა – ოხხ, თქვე ბოზებო! მე ადამიანი არ ვიყო, თუ თქვენი სისხლისგან კუპატები არ გავაკეთო და იმ სიმულიანტ სიკო-ტორპედოს არ ვაჭამო!
დევი – ეხლა კარგი იქნებოდა შებოლილი კუპატი, მაგრამ, ვაითუ, იმას არ წაუღია?!
ბოა – მაშინ შენ წაგიღია!
დევი – გეფიცები, რომ მე არ ამიღია!
ბოა – ჰოდა, თავიდანვე ჩაწყობილი ამბავია! ეხლა ეგენი იცი რას აკეთებენ?
დევი – მე რა ვიცი?
ბოა – პატრონს ურეკავენ სასწრაფოდ, ის ხუთასი ათასი ამათ მოიპარესო!
დევი – დავიჯერო, ეგეთ ფლიდობას ჩაიდენენ?
ბოა – ჩემი მობილი მომაწოდე და ახლავე დაგიმტკიცებ! (მობილურ ტელეფონზე ნომრებს აკრეფს, პაუზა). აი, ხედავ, არ გადის! დაკავებაა!
დევი აბა, კიდევ სცადე!
ბოა – (კიდევ ცდის დარეკვას). დაკავებაა! აი, ესაა ზურგში დანა!
დევი – კიდევ სცადე, კიდევ დაურეკე და უთხარი, ჩვენ კი არა, მაგათ მოიპარეს თქო! მიდი, მიდი! ფლიდებს ფლიდურად უნდა მოექცე!
ზედა ნომერში:
ტატუ – (ბოლთას სცემს). რამ გაგთიშა, შე იდიოტო!
ლილი – რა ვიცი!
ტატუ – მერე, მაინცდამაინც მაშინ უნდა გექნა, როცა ის კახპის გაგდებული სიკო-ტორპედო მოვიდა?
ლილი – მე რა ვიცოდი, თუ მოვიდოდა?!
ტატუ – როგორ ვერ გაიგონე, ჰა?
ლილი – ვერ გავიგე და რა ვქნა? კარგი რა!
ტატუ – შენ რომ მაგ დროს ვიღაცამ გიხმაროს, ვერაფერს გაიგებ!
ლილი – მე მასეთი არა ვარ და თუ შეიძლება, ცოტა კულტურულად მელაპარაკე!
ტატუ – შენ კულტურაზე ხმა ამოგეღება? შენ არ იყავი, `გედების ტბაზე~ წავიდეთ მეთქი, რომ გითხარი და საღამოს ანკესებით და ჭიაყელებით გამომეცხადე? რეზინის ჩექმებში?
ლილი – მაშ, რა მექნა, თოფით მოვსულიყავი და ის მშვენიერი თეთრი გედები დამეხოცა? ამიტომ, ისევ თევზაობა ვამჯობინე და კიდევ მე ვარ დამნაშავე?!
ტატუ – მიდი რა, კოლას მიეცი!
ლილი – მოიცა, შენ მართლა ეგეთი გგონივარ?!
ტატუ – მე არ მგონიხარ, მაგრამ ეგრე გამოდის!
ლილი – რა გამოდის, გაგიჟდი?
ტატუ – იცი, რა ჩაიდინე? იცი, რამხელა საქმე გააფუჭე?! იცი?!
ლილი – არა, მაგრამ…@
ტატუ – საიდან უნდა იცოდე?! ყველაფერი ჩემი თავში სახლელია! შენ მარტო შენს დაწყევლილ ინტერესებს ემსახურები!
ლილი – კარგი რა, ერთ გათიშვაზე მეჩხუბები?!
ტატუ – გათიშვაზე კი არა, გაფუჭებულ საქმეზე გეჩხუბები!
ლილი – კაი რა, ამასაც იმ გედების ტბასავით აზვიადებ!
ტატუ – მე ვაზვიადებ?! ეხლა იცი, რა მოხდება?
ლილი – არაფერიც არ მოხდება!
ტატუ – გახსოვს, ცოლ-ქმარი კალაშნილოვის ავტომატებით რომ ჩაცხრილეს მანქანაში, ორი ბავშვით… ჩვენნაირი სასტუმრო რომ ჰქონდათ, გახსოვს?
ლილი – რატომ უნდა ჩაგვცხრილონ?
ტატუ – ესეც არ გესმის, რა უნდა გელაპარაკო!.. ღმერთო, რატო ის დღე არ დაიქცა, ამ დამპალ ცოლ-ქმართან ერთად რომ შემოვედით ნახევარ წილში და ეს მიყრუებული სასტუმრო ვიყიდეთ!.. ჰო, ჰო, რას მიყურებ?
ლილი მაშინ ეგ ცოლ-ქმარი პარტნიორები კი არა…
ტატუ – დამბეზღებლები არიან და პატრონმა იმიტომ შემოიყვანა წილში, რომ ჩვენ გვაკონტროლონ! მიხვდი?!
ლილი – არადა, ერთი ვითომ უწყინარი ადამიანია და მეორე კიდევ – უწყინარი რეციდივისტი!
ტატუ – ერთი შეხედვით ეგრე ჩანს!
ლილი – მაგრამ ისინი თუ გვაკონტროლებენ, ჩვენ რა, არ ვაკონტროლებთ?!
ტატუ – ვერ ვაკონტროლებთ, გათიშულები ვართ.
ლილი – კარგი რა, ისევ გათიშვაზე ვიწყებთ!
ტატუ – მაშინ, უშვილო ქალების დაორსულებას მოვეშვათ!
ლილი – ისე, ცოტა ნამეტანი იმისთანა ის რაღაცა ამასაც უნდა…
ტატუ – (ხელზე ჩაარტყამს). მორჩი!.. მაგას, მაგ პარტონს შვილი მოუკლეს საძაგლად, დანა-ჩანგლით! ღმერთმა მეტი რით უნდა მიგახვედროს, რომ დამნაშავე ხარ ამ ცხოვრებაში! და ამის მერე, კიდევ რომ ვერ მიხვდები და ეგეთი დამპლური სასტუმროების ქსელს რომ გამართავ მთელი საზღვრის გასწვრივ, ჰეროინით დაიწყებ ვაჭრობას და ყველგან ისე დააბალანსებ, რომ პარტნიორებმა ერთმანეთი დააბეზღონ შენთან, საცოდავი ხარ, მართლა ძალიან საცოდავი… გინდა კაგებეს გენერალი იყავი და გინდა კიდევ მარშალი!
ლილი – მერე, სადღაა კაგებე?!
ტატუ – ეს სულ კაგებეს მეთოდებია!
ლილი – მაშინ, მე ვიყოდი, რომ ძალინ ჰყვარებია დაბალანსება!
ტატუ – და მე გეტყვი, ეხლა რა ხდება!
ლილი – რა?
ტატუ – აი, ამ დაბალანსებულ სისტემაში ნახევარი ლიმონი აორთქლდა! მთელი ხუთასი ათასი ბაქსი! ათასი გრამი ჰეროინის ფული! შენ რომ პატრონი იყო, რას იფიქრებდი?
ლილი – რა უნდა მეფიქრა?
ტატუ – მომისმინე! სიკო-ტორპედოს ჩვენთვის უნდა მოეტანა ორი ლიმონი. მთელი დღე ვუცადეთ გუდაურში. კარგი, იქ ვერ მოვიდა, აქ მოიტანა. დავუშვათ, რაღაც მოხდა, არა?
ლილი – ალბათ.
ტატუ – და, რა მოხდა, არ ვიცით! ხილვები გვქონდა ან გვეძინა!
ლილი – ჰო, აბა, ამეების დრო იყო?
ტატუ – და ნახევარი მილიონი გაქრა!
ლილი – ჰო.
ტატუ – და როგორ გაქრა, როგორ! ტრანშია? თუ მსოფლიო ბანკის კრედიტი ან ჰუმანიტარული დახმარება, რომ არავინ აგოს პასუხი?! ჰოდა, შენ რომ პატრონი იყო, რას იფიქრებდი?
ლილი – სიკო-ტორპედომ ამწაპნა მეთქი და ბაჰამის ოფშორ ზონისკენ გასწია! სხვა რა უნდა მეფიქრა?
ტატუ – გამორიცხულია!.. ნახევარი ლიმონი წაიღო? წამღები ორივე ლიმონს წაიღებდა!
ლილი – ეგ აღარ მიფიქრია.
ტატუ – თან მაგ სიკო-ტორპედოს ამ სასტუმროების ქსელში ოთხ ლიმონამდე აქვს ჩადებული, გიჟია ბაჰამაზე მოხიოს ნახევარი ლიმონით?
ლილი – ჰო, არა. გიჟი რატოა?
ტატუ – მოკლედ, ან ჩვენ ავიღეთ, მე და შენ! ან ამათ! ეგრეა!
ლილი – შენ თავს გეფიცები, თუ მე ამეღოს!
ტატუ – ესე იგი, იმათკენ ბუდეა!
ლილი – რა ბუდე, მერცხლების?
ტატუ – შხამიანი გველების!
ლილი – აქ გველები არ არიან…
ტატუ – ვერ ხვდები, რომ იმ გველის აღებულია?!
ლილი – რა ვიცი, მაგასაც ყველაფერი ექავებოდა და…
ტატუ – ალბათ, მაგათაც ფალსიფიცირებული `სიკოთი~ იჟიმავეს და ალერგია მისცა, დიდი ამბავი!
ლილი – აბა, რა მოხდა?
ტატუ – გეტყვი! სიკო-ტორპედო რომ წავიდა, ფრთხილად მოსრიალდა შენამდე, გნახა, მართლა გათიშული იყავი თუ არა და მერე იმ უანგელოზო ჩემოდნიდან ნახევარი მილიონი ამოიღო – ბევრი რა საჭიროა, ეს კი შემრჩებაო და გადამალა.
ლილი – ვითომ?!
ტატუ – ოხხ, თქვე ბოზებო! მე ადამიანი არ ვიყო, თუ თქვენი სისხლისგან კუპატები არ გავაკეთო და იმ სიმულიანტ სიკო-ტორპედოს არ ვაჭამო!
ლილი – ეხლა კარგი იქნებოდა შებოლილი კუპატი, მაგრამ, ვაითუ, იმას არ წაუღია?!
ტატუ – მაშინ შენ წაგიღია!
ლილი – გეფიცები, რომ მე არ ამიღია!
ტატუ – ჰოდა, თავიდანვე ჩაწყობილი ამბავია! ეხლა ეგენი იცი რას აკეთებენ?
ლილი – მე რა ვიცი?
ტატუ – პატრონს ურეკავენ სასწრაფოდ, ის ხუთასი ათასი ამათ მოიპარესო!
ლილი – დავიჯერო, ეგეთ ფლიდობას ჩაიდენენ?
ტატუ – ჩემი მობილი მომაწოდე და ახლავე დაგიმტკიცებ! (მობილურ ტელეფონზე ნომრებს აკრეფს, პაუზა). აი, ხედავ, არ გადის! დაკავებაა!
ლილი – აბა, კიდევ სცადე!
ტატუ – (კიდევ ცდის დარეკვას). დაკავებაა! აი, ესაა ზურგში დანა!
ლილი – კიდევ სცადე, კიდევ დაურეკე და უთხარი, ჩვენ კი არა, მაგათ მოიპარეს თქო! მიდი, მიდი! ფლიდებს ფლიდურად უნდა მოექცე!
8. დიალოგები ყირამალა
ქვედა ნომერში:
(დევი ჭიქას მიუწკარუნებს ბოას).
დევი – გაგვიმარჯოს!
ბოა – მაგათი დედა ვატირე და ჩვენ გაგვიმარჯოს!
(სვამენ).
დევი – ახლა რა ვქნათ?
ბოა – თითო მოვწიოთ.
დევი – რას ვეწევით?
ბოა – იაფფასიანს.
დევი – მეც მოვწიო?
ბოა – ჰო, ოღონდ ბევრი არა!
(სანთებელას ჩხაკუნი).
დევი – კარგია! მოდი, თავზე ხელი გადაგისვა, შენს ლოდინში თვალები ამომიღამდა!
ბოა – (ჰკოცნის). ჩემი ლამაზი თვალები!
დევი – თითებიც დავიწვი!
ბოა – (ჰკოცნის). ჩემი ლამაზი თითები!
დევი – იქ კიდევ კრაზანამ მიკბინა!
ბოა – სად?
დევი – `დრაივერზე~ თუ `პუტერზე~.
ბოა – ჩემი ნაკბენი `დრაივერი~ და `პუტერი~!
დევი – არ მაკოცო!
ბოა – მაშინ ღამით, ჩვენ რომ ვიცით!.. ხომ იქნება ცხელი წყალი?
დევი – ათი ლიტრი დიზელი დაგვრჩა და იმასაც ვწვავთ!
ბოა – ჰოდა, შხაპის მერე!
დევი – მარტო მაგისთვის გინდივარ!.. (დააბიჯებს). ისე მოფერება არ შეიძლება…
ბოა – რა მოგივიდა?
დევი – არაფერი… აბა, კიდევ დარეკე!
ბოა – აზრი აღარ აქვს, უკვე ყველაფერი ჩაუკაკლეს!
დევი – აბა, რა ვქნათ?
ბოა – ეჰ, იმ ჩემოდანში რომ ორი ლიმონი ყოფილიყო, ჩავუტანდით პატრონს და ჩვენი პროცენტის გადაწევასაც ვთხოვდით სამიოდე კვირით.
დევი – ახლა რომ ვთხოვოთ პროცენტის გადაწევა?
ბოა – მეტყვის, ჯერ იმ ნახევარი მილიონის დაკარგვაზე რას ფიქრობო?!
დევი – დამპალი!
ბოა – წადიო, ჯერ ის ფული მოიტანე, თორემ სასტუმროსაც დაკარგავო!..
დევი – დეგენერატი!
ბოა – …და თავსაც ზედ მიაყოლებო!
დევი – კრეტინი!
ბოა – აბა, მარტო გოლფის თამაში და ხატვა კი არ არის საქმეო!
დევი – იმბეცილი!
ბოა – და თუ ის ფული არ მოგიტანიათო, მე პატრონი არ ვიყო, თუ იმას არ ვუთხრაო!
დევი – გველი! დედალიც და მამალიც!
ბოა – და იმან თუ გაიგო, ხომ იციო, რომ მაგ შენი `დრაივერით~ თუ `პუტერით~ დაგკიდებს ხეზეო!
დევი – ვინ იმან?
ბოა – მთლად იმან რა, სულ მთავარმა!.. კიდევ კარგი, ჯერ შვილები მაინც არა გვყავს!
დევი – ისინი კიდევ შვილებიანად ჩაცხრილეს, ის ცოლ-ქმარი…
ბოა – რა გაიხარებენ შურიანი და ბოროტი მეზობლები?!
დევი – ამისთანა სიფლიდე როგორ უნდა იკისრო, ჰა?! რა გვეშველება?
ბოა – რა ვიცი, აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა! სულ ვალებში და პროცენტებში გავიდა ეს იდიოტური ცხოვრება!
დევი – კაი, კაი, ყურებს ნუ ჩამოვყრით!
ბოა – ჩვენ თავიდანვე ვჭამეთ! ეს ოტელი არ უნდა გვეყიდა იმ ნასესხები ფულით! არა, გეთანხმები, ლამაზია, მშვენიერია, სამი ნომერი მდინარეს გადაჰყურებს, ხუთი – კავკასიონის მწვერვალებს, ზედ სამხედრო გზაზეა… მაგრამ მაინც არ უნდა გვეყიდა…
ზედა ნომერში:
(ლილი ჭიქას მიუწკარუნებს ტატუს).
ლილი – გაგვიმარჯოს!
ტატუ – მაგათი დედა ვატირე და ჩვენ გაგვიმარჯოს!
(სვამენ).
ლილი – ახლა რა ვქნათ?
ტატუ – თითო მოვწიოთ.
ლილი – რას ვეწევით?
ტატუ – იაფფასიანს.
ლილი – მეც მოვწიო?
ტატუ – ჰო, ოღონდ ბევრი არა!
(სანთებელას ჩხაკუნი).
ლილი – კარგია! მოდი, თავზე ხელი გადაგისვა, შენს ლოდინში თვალები ამომიღამდა!
ტატუ – (ჰკოცნის). ჩემი ლამაზი თვალები!
ლილი – თითებიც დავიწვი!
ტატუ – (ჰკოცნის). ჩემი ლამაზი თითები!
ლილი – იქ კიდევ კრაზანამ მიკბინა!
ტატუ – სად?
ლილი – `დრაივერზე~ თუ `პუტერზე~.
ტატუ – ჩემი ნაკბენი `დრაივერი~ და `პუტერი~!
ლილი – არ მაკოცო!
ტატუ – მაშინ ღამით, ჩვენ რომ ვიცით!.. ხომ იქნება ცხელი წყალი?
ლილი – ათი ლიტრი დიზელი დაგვრჩა და იმასაც ვწვავთ!
ტატუ – ჰოდა, შხაპის მერე!
ლილი – მარტო მაგისთვის გინდივარ!.. (დააბიჯებს). ისე მოფერება არ შეიძლება…
ტატუ – რა მოგივიდა?
ლილი – არაფერი… აბა, კიდევ დარეკე!
ტატუ – აზრი აღარ აქვს, უკვე ყველაფერი ჩაუკაკლეს!
ლილი – აბა, რა ვქნათ?
ტატუ – ეჰ, იმ ჩემოდანში რომ ორი ლიმონი ყოფილიყო, ჩავუტანდით პატრონს და ჩვენი პროცენტის გადაწევასაც ვთხოვდით სამიოდე კვირით.
ლილი – ახლა რომ ვთხოვოთ პროცენტის გადაწევა?
ტატუ – მეტყვის, ჯერ იმ ნახევარი მილიონის დაკარგვაზე რას ფიქრობო?!
ლილი – დამპალი!
ტატუ – წადიო, ჯერ ის ფული მოიტანე, თორემ სასტუმროსაც დაკარგავო!..
ლილი – დეგენერატი!
ტატუ – …და თავსაც ზედ მიაყოლებო!
ლილი – კრეტინი!
ტატუ – აბა, მარტო გოლფის თამაში და ხატვა კი არ არის საქმეო!
ლილი – იმბეცილი!
ტატუ – და თუ ის ფული არ მოგიტანიათო, მე პატრონი არ ვიყო, თუ იმას არ ვუთხრაო!
ლილი – გველი! დედალიც და მამალიც!
ტატუ – და იმან თუ გაიგო, ხომ იციო, რომ მაგ შენი `დრაივერით~ თუ `პუტერით~ დაგკიდებს ხეზეო!
ლილი – ვინ იმან?
ტატუ – მთლად იმან რა, სულ მთავარმა!.. კიდევ კარგი, ჯერ შვილები მაინც არა გვყავს!
ლილი – ისინი კიდევ შვილებიანად ჩაცხრილეს, ის ცოლ-ქმარი…
ტატუ – რა გაიხარებენ შურიანი და ბოროტი მეზობლები?!
ლილი – ამისთანა სიფლიდე როგორ უნდა იკისრო, ჰა?! რა გვეშველება?
ტატუ – რა ვიცი, აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა! სულ ვალებში და პროცენტებში გავიდა ეს იდიოტური ცხოვრება!
ლილი – კაი, კაი, ყურებს ნუ ჩამოვყრით!
ტატუ – ჩვენ თავიდანვე ვჭამეთ! ეს ოტელი არ უნდა გვეყიდა იმ ნასესხები ფულით! არა, გეთანხმები, ლამაზია, მშვენიერია, სამი ნომერი მდინარეს გადაჰყურებს, ხუთი – კავკასიონის მწვერვალებს, ზედ სამხედრო გზაზეა… მაგრამ მაინც არ უნდა გვეყიდა…
9. დიალოგები `მორევი~
ზედა ნომერში:
ლილი – დენის მომწოდებელი მოტორი გავყიდეთ. დიზელიც მეტი აღარ გვაქვს. სტაფილოს ვჭამთ ჩაითი. დენი რომ ჩაქრება, რა ვქნათ? სად ვიბანაოთ? სტაფილო და ჩაი მალე გათავდება, რა უნდა ვჭამოთ?
ტატუ – კარგი, კარგი, ნუღარ წუწუნებ!
ლილი – არადა, იმ ფულით, იმ უანგელოზო ჩემოდანში რომ არის, იცი, როგორ მოვაწყობდით ამ ოტელს?! ვერტმფრენსაც ვიყიდიდით და მდიდარ კლიენტებს კავკასიონს დავათვალიერებინებდით, ოღონდ სამხედრო ვერტმფრენს, რომ სტრინგერებით არ ჩამოვეგდეთ უსამა ბენ ლადენის გიჟებს… რა ეღირება ერთი კარგი ამერიკული `აპაჩი~?
ტატუ – შეიძლება, რატომაც არა… (რეკავს მობილური). დიახ, გისმენთ… შენ ვინ ხარ, რომ ჩემს საქმეში ერევი?! ადიუტანტი? ვისი ადიუტანტი? აა, გენერლის? უკაცრავად, ვერ გიცანი! როგორ ბრძანდება პატრონი?! რატომ არის ცუდ ხასიათზე? არა, არა, ჩვენ არ აგვიღია! ის ნახევარი მილიონი იმათ აიღეს! ჰო, არის ფაქტები და მტკიცებულებები! პატრონი როდის ჩამობრძანდება? არა, ახლა ვერ გამოფრინდებით, აქ საშინელი ნისლია!.. ჰო, დილით გელოდებით! (მობილურს გამორთავს). ხედავ, რა ჩაიდინეს?
ლილი – დაგვაბეზღეს!
ტატუ – ეხლავე მოვფრინავთო, მაგრამ ნისლი მოვიმიზეზე!
ლილი – ხვალ დილით პატრონი აქ იქნება! (პაუზა). არადა, საწყენია, კარგი მგზავრები არიან.
ტატუ – ვინ, ეგენი? ჰო, კარგები არიან, მაგრამ გაფრთხილებ – შენ მე მაგათ ვერ შემაბრალებ! მოსახდენი უნდა მოხდეს!
ლილი – რა უნდა მოხდეს?
ტატუ – თუ ბედნიერების ფრინველი მხარზე შემოგასკუპდა, არ უნდა გააგდო!.. თანაც იძულებულნი ვართ!
ლილი – რაზე ამბობ?
ტატუ – ვითომ ვერ ხვდები, არა?!
ლილი – რას უნდა მივხვდე?
ტატუ – თუ ხელსაყრელი შემთხვევა მოგეცა, ხელიდან არ უნდა გაუშვა! გაიგე?
ლილი – ვერა!
ტატუ – (ჩურჩულით). ბედის ლურჯი ფრინველი არ უნდა გააგდო!
(იწყებენ ნერვიულ სიარულს, რის გამოც ისმის იატაკის ჭრიალი).
ქვედა ნომერში:
დევი – დენის მომწოდებელი მოტორი გავყიდეთ. დიზელიც მეტი აღარ გვაქვს. სტაფილოს ვჭამთ ჩაითი. დენი რომ ჩაქრება, რა ვქნათ? სად ვიბანაოთ? სტაფილო და ჩაი მალე გათავდება, რა უნდა ვჭამოთ?
ბოა – კარგი, კარგი, ნუღარ წუწუნებ!
დევი – არადა, იმ ფულით, იმ უანგელოზო ჩემოდანში რომ არის, იცი, როგორ მოვაწყობდით ამ ოტელს?! ვერტმფრენსაც ვიყიდიდით და მდიდარ კლიენტებს კავკასიონს დავათვალიერებინებდით, ოღონდ სამხედრო ვერტმფრენს, რომ სტრინგერებით არ ჩამოვეგდეთ უსამა ბენ ლადენის გიჟებს… რა ეღირება ერთი კარგი ამერიკული `აპაჩი~?
ბოა – შეიძლება, რატომაც არა… (რეკავს მობილური). დიახ, გისმენთ… შენ ვინ ხარ, რომ ჩემს საქმეში ერევი?! ადიუტანტი? ვისი ადიუტანტი? აა, გენერლის? უკაცრავად, ვერ გიცანი! როგორ ბრძანდება პატრონი?! რატომ არის ცუდ ხასიათზე? არა, არა, ჩვენ არ აგვიღია! ის ნახევარი მილიონი იმათ აიღეს! ჰო, არის ფაქტები და მტკიცებულებები! პატრონი როდის ჩამობრძანდება? არა, ახლა ვერ გამოფრინდებით, აქ საშინელი ნისლია!.. ჰო, დილით გელოდებით! (მობილურს გამორთავს). ხედავ, რა ჩაიდინეს?
დევი – დაგვაბეზღეს!
ბოა – ეხლავე მოვფრინავთო, მაგრამ ნისლი მოვიმიზეზე!
დევი – ხვალ დილით პატრონი აქ იქნება! (პაუზა). არადა, საწყენია, კარგი მგზავრები არიან.
ბოა – ვინ, ეგენი? ჰო, კარგები არიან, მაგრამ გაფრთხილებ – შენ მე მაგათ ვერ შემაბრალებ! მოსახდენი უნდა მოხდეს!
დევი – რა უნდა მოხდეს?
ბოა – თუ ბედნიერების ფრინველი მხარზე შემოგასკუპდა, არ უნდა გააგდო!.. თანაც იძულებულნი ვართ!
დევი – რაზე ამბობ?
ბოა – ვითომ ვერ ხვდები, არა?!
დევი – რას უნდა მივხვდე?
ბოა – თუ ხელსაყრელი შემთხვევა მოგეცა, ხელიდან არ უნდა გაუშვა! გაიგე?
დევი – ვერა!
ბოა – (ჩურჩულით). ბედის ლურჯი ფრინველი არ უნდა გააგდო!
(იწყებენ ნერვიულ სიარულს, რის გამოც ისმის იატაკის ჭრიალი).
ზედა ნომერში:
ლილი – ჩვენი ცხელი წყლით იბანავეს და ახლა ჟიმაობენ!
ტატუ – `სიკოს~ პრეზერვატივით. დამზადებულია ნატურალური ლატექსისაგან. თითოელმა კონდომმა გაიარა ელექტრონული ტესტირება… ეგ მაინც შერჩებათ!
ლილი – იმასაც ალერგია აქვს ლატექსზე!
ტატუ – ექიმს მიმართოს და ტაზეპამს გამოუწერს.
ლილი – სუპრასტინიც შეიძლება.
ტატუ – ჰო, თუ წამლები არ დალია, ყველგან დააყრის.
ლილი – ფუჰ!
ტატუ – ჯერ გენიტალიის მიდამოებში და მერე ყველგან მოედება!
ლილი – კარგი რა, კარგი!
ტატუ – მაგრამ ყველგან რომ დააყაროს, აღარ დავაცდით!
ლილი – და ვერც ის დეგენერატი იჟიმავებს მომდევნო ღამით!
ტატუ – აი, ნელ-ნელა შენც კი ხვდები!
ლილი – (ბობ მარლის სიმღერას ჩართავს). რა ვქნათ, დავხოცოთ?
ტატუ – რა თქმა უნდა. პატრონს ჩვენი ერთგულება უნდა დავუმტკიცოთ. დილაზე მოვა და ვეტყვით, ამათ მოიპარეს ნახევარი მილიონი და იმიტომ მოუვიდათ ეს ამბავიო!
ლილი – მაგათაც ბობ მარლი ჩართეს! უკვე შემეცოდნენ, საწყლები! გესმის, რა დღეში არიან?! მოიცა, შენ რა, გინდა, რომ მართლა დავხოცოთ?!
ქვედა ნომერში:
დევი – ჩვენი ცხელი წყლით იბანავეს და ახლა ჟიმაობენ!
ბოა – `სიკოს~ პრეზერვატივით. დამზადებულია ნატურალური ლატექსისაგან. თითოელმა კონდომმა გაიარა ელექტრონული ტესტირება… ეგ მაინც შერჩებათ!
დევი – იმასაც ალერგია აქვს ლატექსზე!
ბოა – ექიმს მიმართოს და ტაზეპამს გამოუწერს.
დევი – სუპრასტინიც შეიძლება.
ბოა – ჰო, თუ წამლები არ დალია, ყველგან დააყრის.
დევი – ფუჰ!
ბოა – ჯერ გენიტალიის მიდამოებში და მერე ყველგან მოედება!
დევი – კარგი რა, კარგი!
ბოა – მაგრამ ყველგან რომ დააყაროს, აღარ დავაცდით!
დევი – და ვერც ის დეგენერატი იჟიმავებს მომდევნო ღამით!
ბოა – აი, ნელ-ნელა შენც კი ხვდები!
დევი – (ბობ მარლის სიმღერას ჩართავს). რა ვქნათ, დავხოცოთ?
ბოა – რა თქმა უნდა. პატრონს ჩვენი ერთგულება უნდა დავუმტკიცოთ. დილაზე მოვა და ვეტყვით, ამათ მოიპარეს ნახევარი მილიონი და იმიტომ მოუვიდათ ეს ამბავიო!
დევი – მაგათაც ბობ მარლი ჩართეს! უკვე შემეცოდნენ, საწყლები! გესმის, რა დღეში არიან?! მოიცა, შენ რა, გინდა, რომ მართლა დავხოცოთ?!
ქვედა ნომერში:
ბოა – ეგ სიტყვები პირველად მაშინ გავიგონე, როცა ქათმის დასაკლავად გაგიშვი… იმის მერე რამდენი ქათამი დაკალი?
დევი – ნაჯახი ავიღო და თავები გადავუჩეხო? ადამიანის სისხლმა შადრევანივით რომ გადმოხეთქოს?!
ბოა – არა მგონია, ადამიანის სისხლი ქათმის სისხლისგან გაარჩიო.
დევი – ჰო.
ბოა – ხომ არ გგონია, რომ მაგათ ანგელოზების სისხლი ექნებათ?!
დევი – ანგელოზებს სისხლი არა აქვთ, მე კი სისხლი არ შემიძლია, არა!
ბოა – შენ ნუ იდარდებ, სისხლი არ იქნება!
დევი – აბა, რა ვქნათ, ჰეროინი გავუკეთოთ დიდი დოზა?
ბოა – როცა დაიძინებენ, ის ბუხრის საჩხრეკი უნდა აიღო და კეტივით მოიმარჯვო!
დევი – ბუხრის საჩხრეკი კი არა, ეს `დრაივერია~ თუ `პუტერი~! ვეღარ გამირჩევია! მაგრამ კლებია!
ბოა – იყოს კლები! გოლფის ბურთს დაარტყამ თუ ადამიანის თავს, შენთვის სულ ერთი არ არის, ძმაო?!
დევი – (კლების შხუილი ჰაერში). ვაუ და ჰაი! ვაუ და ჰაი! (შხუილი შეწყდება). არა, არ შემიძლია!
ბოა – აი, გეუბნები – ან ეგენი, ან ჩვენ! სხვა გზა არ არის! აგიხსნა ჩემი გეგმა?
ზედა ნომერში:
ტატუ – ეგ სიტყვები პირველად მაშინ გავიგონე, როცა ქათმის დასაკლავად გაგიშვი… იმის მერე რამდენი ქათამი დაკალი?
ლილი – ნაჯახი ავიღო და თავები გადავუჩეხო? ადამიანის სისხლმა შადრევანივით რომ გადმოხეთქოს?!
ტატუ – არა მგონია, ადამიანის სისხლი ქათმის სისხლისგან გაარჩიო.
ლილი – ჰო.
ტატუ – ხომ არ გგონია, რომ მაგათ ანგელოზების სისხლი ექნებათ?!
ლილი – ანგელოზებს სისხლი არა აქვთ, მე კი სისხლი არ შემიძლია, არა!
ტატუ – შენ ნუ იდარდებ, სისხლი არ იქნება!
ლილი – აბა, რა ვქნათ, ჰეროინი გავუკეთოთ დიდი დოზა?
ტატუ – როცა დაიძინებენ, ის ბუხრის საჩხრეკი უნდა აიღო და კეტივით მოიმარჯვო!
ლილი – ბუხრის საჩხრეკი კი არა, ეს `დრაივერია~ თუ `პუტერი~! ვეღარ გამირჩევია! მაგრამ კლებია!
ტატუ – იყოს კლები! გოლფის ბურთს დაარტყამ თუ ადამიანის თავს, შენთვის სულ ერთი არ არის, ძმაო?!
ლილი – (კლების შხუილი ჰაერში). ვაუ და ჰაი! ვაუ და ჰაი! (შხუილი შეწყდება). არა, არ შემიძლია!
ტატუ – აი, გეუბნები – ან ეგენი, ან ჩვენ! სხვა გზა არ არის! აგიხსნა ჩემი გეგმა?
ქვედა ნომერში:
დევი – მე მგონი, დაიძინეს.
ბოა – ჰოდა, აგიხსნი ჩემ გეგმას.
დევი – არა, არ მინდა, რამე წარმოვიდგინო! მერე შემეცოდება და ვეღარ შევძლებ. სემ მითხარი და მე გავაკეთებ!
ბოა – მაშ კარგი! ჯერ ყველაფერი დაკეტე!
დევი – კარგი, თან ტუალეტშიც შევალ ბარემ.
ზედა ნომერში:
ლილი – მე მგონი, დაიძინეს.
ტატუ – ჰოდა, აგიხსნი ჩემ გეგმას.
ლილი – არა, არ მინდა, რამე წარმოვიდგინო! მერე შემეცოდება და ვეღარ შევძლებ. სემ მითხარი და მე გავაკეთებ!
ტატუ – მაშ კარგი! ჯერ ყველაფერი დაკეტე!
ლილი – კარგი, თან ტუალეტშიც შევალ ბარემ.
ქვედა ნომერში:
დევი – რა სიჩუმეა, მდინარის ხმაც აღარ ისმის!
ბოა – კარგია!
დევი – ახლა წარმოიდგინე, რომ იმათ კიდევ ჩვენი დახოცვა უნდათ!
ბოა – რა სისულელეა?!
დევი – არ მესმის, რატომ არ არის სხვა გამოსავალი?
ბოა – (სილას გააწნავს). სხვა გამოსავალი მართლა არ არის!
დევი – არ ვიცი, ჩვენ ბედნიერები ვიყავით!
ბოა – რა ბედნიერები?! კიდევ კარგი, სიკო-ტორპედომ ეს მოგვიწყო, თორემ როდემდე უნდა გვეყიდა პატრონის ჰეროინი და თან შიმშილით სული ამოგვსვლოდა?! აღარ მოგბეზრდა?!
დევი – ჰო. (ისევ იწყებს ნერვიულ სიარულს, იატაკი ისევ ჭრიალებს). ერთხელაც იქნებოდა და გავებმებოდით!
ზედა ნომერში:
ლილი – რა სიჩუმეა, მდინარის ხმაც აღარ ისმის!
ტატუ – კარგია!
ლილი – ახლა წარმოიდგინე, რომ იმათ კიდევ ჩვენი დახოცვა უნდათ!
ტატუ – რა სისულელეა?!
ლილი – არ მესმის, რატომ არ არის სხვა გამოსავალი?
ტატუ – (სილას გააწნავს). სხვა გამოსავალი მართლა არ არის!
ლილი – არ ვიცი, ჩვენ ბედნიერები ვიყავით!
ტატუ – რა ბედნიერები?! კიდევ კარგი, სიკო-ტორპედომ ეს მოგვიწყო, თორემ როდემდე უნდა გვეყიდა პატრონის ჰეროინი და თან შიმშილით სული ამოგვსვლოდა?! აღარ მოგბეზრდა?!
ლილი – ჰო. (ისევ იწყებს ნერვიულ სიარულს, იატაკი ისევ ჭრიალებს). ერთხელაც იქნებოდა და გავებმებოდით!
ქვედა ნომერში:
ბოა – აუ, ისევ დაიწყეს!
დევი – ქალია თუ ტაიფუნი, რა უბედურებაა?!
ბოა – მარტო ჩაი დალიეს და სტაფილო დააყოლეს!
დევი – ესენი მთელი ღამე არ დაიძინებენ!
ბოა – შენ, მე მგონი, გიხარია!
დევი – რა მიხარია?!
ბოა – რომ არ იძინებენ!
დევი – ეგ არა, მაგრამ, აი, საკუთარ თავს ვეკითხები – მერე ვიქნებით ჩვენ ბედნიერები?!
ბოა – რატომ არ ვიქნებით?
დევი – ეს დანაშაული სინდისზე დაგვაწვება და გაგვსრისავს!
(იატაკის ჭრიალი შეწყდება).
ბოა – მიდი, მაგნიტოფონი გამორთე და ნუღარ დადიხარ, ხომ ხედავ, იძინებენ!
ზედა ნომერში:
ტატუ – აუ, ისევ დაიწყეს!
ლილი – ქალია თუ ტაიფუნი, რა უბედურებაა?!
ტატუ – მარტო ჩაი დალიეს და სტაფილო დააყოლეს!
ლილი – ესენი მთელი ღამე არ დაიძინებენ!
ტატუ – შენ, მე მგონი, გიხარია!
ლილი – რა მიხარია?!
ტატუ – რომ არ იძინებენ!
ლილი – ეგ არა, მაგრამ, აი, საკუთარ თავს ვეკითხები – მერე ვიქნებით ჩვენ ბედნიერები?!
ტატუ – რატომ არ ვიქნებით?
ლილი – ეს დანაშაული სინდისზე დაგვაწვება და გაგვსრისავს!
(იატაკის ჭრიალი შეწყდება).
ტატუ – მიდი, მაგნიტოფონი გამორთე და ნუღარ დადიხარ, ხომ ხედავ, იძინებენ!
ქვედა ნომერში:
დევი – რა ედარდებათ, შხაპი მიიღეს, იჟიმავეს და ახლა იძინებენ… ბოლო ათი ლიტრი დიზელით!
ზედა ნომერში:
ტატუ – კარგი, ნუღარ დაწვრილმანდები!
ქვედა ნომერში:
დევი – ჩვენ არ გვინდა ცხელი წყალი? მერე, როგორ მიყვარს შენთან, ვანაში!
ზედა ნომერში:
ტატუ – ნუღარ ძუნწობ! ჩვენ უკვე მდიდრები ვართ, მილიონერები!
ლილი – ჰო, თითქმის… ცხელი წყალი რომ ყოფილიყო, კიდევ შევიდოდით ვანაში, არა?
ქვედა ნომერში:
ბოა – იცი რა? მე მინდა, რომ ჩვენი საკუთარი ცხელი წყალი გვქონდეს! მიხვდი?
ზედა ნომერში:
ლილი – ნაწილობრივ კი, მაგრამ ძალიან მეშინია!
ქვედა ნომერში:
ბოა – კაი, კაი, რისი გეშინია, შენ ხომ ჩემი მოლაპარაკე თუთიყუში ხარ, ძმაო!
ზედა ნომერში:
ლილი – მაშინ შენ ხარ ჩემი `დრაივერი~, ოღონდ ოპტიკური სამიზნით!
ქვედა ნომერში:
დევი – მაშინ შენ ხარ ჩემი `პუტერი~… თავისი ფირუზისთვლიანი ბეჭდით და მარწყვის გემოთი, ატმის გემოთი, ანანასის გემოთი…
ზედა ნომერში:
ლილი – მოიცა, ამის გემოებზე რატომ ლაპარაკობ? ამ ინსტრუქციაში ხომ წერია, რომ პრეზერვატივები გამოიყენება მხოლოდ ვაგინალური დანიშნულებით?
ქვედა ნომერში:
ბოა – აბა, საიდან გაიძახი სურნელებს?
ზედა ნომერში:
ტატუ – ეგ ნაყალბევი `სიკოებია~ და იმიტომ აქვს სურნელები! თან ვერ გავიგე, მანდ რატომ გააკეთებინე ჟორჟს ბეჭედი, პირდაპირ შენი `პუტერის~ თავზე! ეგ ხომ იჩხვლიტება!
ქვედა ნომერში:
ბოა – მოდაშია და იმიტომ!
ზედა ნომერში:
ლილი – (ქაღალდის შრიალი, კითხულობს). თუ თქვენ სარგებლობთ გენიტალიის მიდამოებში მოთავსებული წვეტიანი და ჩხვლეტია საგნებით, როგორიცაა ფრჩხილები, კბილები…
ქვედა ნომერში:
დევი – (კითხვას აგრძელებს). ბეჭდები, საიუველირო სამშვენისები, სამკაულები, მაშინ ეცადეთ, არ დააზიანოთ პრეზერვატივი!..
ზედა ნომერში:
ლილი – რადგან ვეღარ დაგიცავთ საკმარისად!
ქვედა ნომერში:
ბოა – ერთი შენც! მოგცლია რა!
ზედა ნომერში:
ლილი – შენ იცი, იმანაც რომ `პუტერის~ თავზე გაიკეთა ასეთივე ბეჭედი?!
ქვედა ნომერში:
დევი – იმასაც ოქროს ბეჭედი უკეთია და ისიც ფირუზისთვლიანი?!
ზედა ნომერში:
ლილი – აბა, რა! ჩემს საკუთარ ხელოსანთან მივაგზავნე…
ქვედა ნომერში:
ბოა – ჰო, ჟორჟთან!
ზედა ნომერში:
ტატუ – ერთი წუთით დაგტოვებ.
ლილი – სად მიდიხარ?
ქვედა ნომერში:
ბოა – ჩემთან შევივლი და მოვალ, ძმაო!
დევი – კარგი!
ბოა – იცოდე, არ გამეპარო!
დევი – აბა, როდის გავპარულვარ?! მე `დრაივერით~ ვივარჯიშებ!
(ჩუმი ნაბიჯებით ბოა გადის; ხოლო გოლფი კლებს ჰაერში აშხუვლებს).
ზედა ნომერში:
ტატუ – რატომ არასოდეს ყიდულობ ხელთათმანებს?
ლილი – ხელთათმანებით როგორღა დავხატავ?!
ტატუ – ერთი წყვილი ხელთათმანი არასდროს არის ზედმეტი! მარტო ხატვა კი არაა საქმე!.. ყველაზე გრძელი ბუხრის საჩხრეკი წამოიღე?
ქვედა ნომერში:
დევი – (აღშფოთებით). ეს ბუხრის საჩხრეკი კი არა, `დრაივერია~!
ბოა – კარგი! შენ ეგ გეჭიროს, მე ამას წამოვიღებ!
დევი – წყლის გრაფინი და ჭიქა რაღად გვინდა?
ბოა – წყალს შევთავაზებ, თუ გაეღვიძათ!
დევი – რა ჭკვიანი ხარ!
ბოა – მე წინ წავალ, შენ უკან მომყევი…
დევი – (ყოყმანით). არა, ეს `დრაივერი~ არა, ამითი თვით შექსპირი თამაშობდა! სტრატფორდიდან ორი ათას გირვანქად ჩამომიტანა სიკო-ტორპედომ!
ბოა – აიღე ხელში და შენც ითამაშე!
დევი – მაშინ მე წყლის გრაფინს წამოვიღებ!
ბოა – ნუ მევაჭრები! აიღე `დრაივერი~!
დევი – ჰო.
ბოა – ცოტა თავის შეწუხებად აღარ ვღირვარ?
დევი – როგორ არა, როგორ არა!
ბოა – აი, ტატუსნაირ უჟმურთან რომ მიეცემი სიყვარულს, მერე უფსკრულში გადავარდნილ მანქანასაც დახატავ და უფრო საზარელ რამეებსაც! შენ კიდევ, ხომ ხედავ, სიზმარშიც კი გოლფს თამაშობ!
დევი მაგრამ რომ ვაგებ?! მოდი, სიმხნევისათვის თითო ას-ასი გრამი დავლიოთ, ჰა?
ბოა – არა, ახლა არა! მე ნათელი გონება უნდა მქონდეს!
დევი – და მე?
ბოა – შენ კი სიმამაცისთვის მე გყავარ!
დევი – ჰო.
ბოა – და თუ სასმელი მომთხოვე, ვიფიქრებ, ჩაისვარა მეთქი და `სიკოების~ მაგივრად პამპერსებს გიყიდი, ძმაო!
დევი პამპერსები არ გადჭირდება! ეგენი ჩვენ ცხელ წყალში მიეცნენ სიყვარულს! მომეცი `დრაივერი~! მიდი, მოვდივარ!
ზედა ნომერში:
ლილი – მოიცადე!
ტატუ – რა იყო?
ლილი – დიდი ამბავი, თუ იბანავეს! ბოლობოლო, ერთ ტონა დიზელს კიდევ შეაწერებ ვინმეს!
ტატუ – ხომ გითხარი, თუ ჩაისვრი, პამპერსებს გიყიდი მეთქი?!
ლილი – ჰო, კარგი! მაშინ მალე მაინც მოვრჩეთ რა!
ტატუ – რა გვეჩქარება, იცი, დილამდე კიდევ რამდენი დროა?! წამოდი!
ქვედა ნომერში:
დევი – (იატაკის ჭრიალით დადის). მოიცადე!
ბოა – პამპერსები!
დევი – შენ იატაკს არ აჭრიალებ და მე რატო ვარ ესეთი მოუხერხებელი, ჰა?
ბოა – ნუ ნერვიულობ, იმათ ზარბაზანი რომ დაუცალო, ვერ გააღვიძებ!
დევი – სულაც არ ვნერვიულობ! სულაც!
ბოა – ჰო, კარგი, ფრთხილად წამოდი, ძმაო!
ზედა ნომერში:
(ისმის გზაზე ჩავლილი მანქანის ხმა).
ლილი – კიდევ ერთი ავტომობილი! დღეს მაინც რამდენია, ჰა?
ტატუ – ყოველთვის ეგრეა, არც მეტია და არც ნაკლები!
ლილი – ჩაიარა თუ გაჩერდა, ჰა?
ტატუ – წავიდა!
ლილი – აბა, ეს რა ხმაა? თაგვების წრიპინი?
(ისმის რაღაც შხუილი).
ტატუ – არა, წყლის მილი გუგუნებს.
ლილი – წამოდი, გინდა შხაპქვეშ?
ტატუ – ახლა არა, მერე!.. თანაც, ხომ მითხარი, მომივიდაო?!
ლილი – მე მგონი, მოგატყუე!
10. საომარი მოქმედებები გოლფ-ბარში
დევი – მე უკვე მინდა, შენ?
ბოა – მეც! აბა, მაჩვენე შენი `დრაივერი~! ეგ არა, შარვალში რომ გაქვს! ეს არის, მინდაო?! მინდას მერე გაჩვენებ! მაგრამ ჯერ საქმე!
დევი – ჰო, კარგი, მაგრამ ამ კლებით თვით შექსპირი თამაშობდა…
ბოა – მერე, შე სულელო, ის ხომ კარგი ვინმე იყო! და ეხლა, ალბათ, ცაში გოლფის თამაშს ასწავლის ანგელოზებს.
დევი – ჰოდა, წავალ და სხვას მოვიტან!
ბოა – წამოეთრიე და საბოლოოდ ნუ მაფიქრებინებ, რომ ლაჩარი ხარ!
დევი – მე ლაჩარი არა ვარ, არა.
ბოა – სიკო-ტორპედომ ხომ შეურაცხგყო მაშინ? ახლა არ მაფიქრებინო, რომ ტატუმ შეგაშინა!
დევი – არავის ეშინია ტატუს სიგარეტებისა!
ბოა – რომელი სიგარეტებისა?
დევი – რომლებსაც ტყვიების სროლით გავარვარებული ავტომატიდან უკიდებს ხოლმე! გამომივიდა ეგეც `ბოევიკის~ გმირი!
ტატუ – (ჩურჩულით). ჩუმად, გესმის?
ლილი – ჰო, მესმის…
ბოა – შენ მართლა ხომ არ გგონია, რომ ის შიშველი ქალი ზურგზე ჟორჟმა დაახატა?! ტატუირების ოსტატმა?
დევი – აბა, ლილი რომ ამბობს, სულ მე მგავსო?
ბოა – შემთხვევით ჰგავს! ტატუმ ჟორჟი მოისყიდა და ათქმევინა, ლილი დავხატეო!
დევი – მეც მიკვირდა, გველი რატომღა დაახატა მეთქი!
ბოა – სინამდვილეში, იცი, სად დაახატეს?
დევი – არ ვიცი.
ბოა – ნიუ-იორკის ჯამაიკის ციხეში დაახატეს ძალით. ის შიშველი ქალიც და ის აგურის ტუზიც თითზე!
დევი – რატომ ძალით?
ბოა – იმიტომ, რომ იქ მაგისთანებს მამალივით აყივლებენ!.. გაიგე?
დევი – უჰ, ეგ რა მითხარი!
ბოა – კიდევ გეშინია?
დევი – მე არც მშინებია!
ბოა – მაშინ წამოდი, ძმაო და შვილო!
დევი – აუ, ერთი წუთით გავალ რა და ეგრევე მოვალ!
ბოა – სად მიდიხარ?
დევი – ტუალეტში!
ბოა – წეღან არ იყავი?
დევი – ის წეღან კი არა, წეღანის წეღან იყო!
ბოა – დროზე!
(სიჩუმე. ისმის ძლიერი დარტყმების ხმები. ლილი ბოას ურტყამს).
ლილი – ვის აყივლებდნენ! ვის! ვის აყივლებდნენ, შე შურიანო და ბოროტო?!
ტატუ – კარგი, კარგი! უკვე ეყოფა! ეყოფა მეთქი, Mან!
ლილი – შე ბოროტო! (კლებს გადააგდებს და აზმუვლდება).
ტატუ – რა მოგივიდა, გული გერევა, Mან?
ლილი – ჰოოო…
ტატუ – კარგი, შენ ტუალეტში გავარდი, იმ მეორეს მე მივხედავ, Mან! (სიჩუმე. ფრთხილი ნაბიჯების ხმა. ვიღაცა ვიღაცას ეპარება).
ლილი – ტატუ, ფრთხილად!
დევი – ჰაი და ვაუ! ჰაი და ვაუ! (ისმის `დრაივერის~ დარტყმების ხმა. დევი ტატუს ურტყამს). იქ სიკო-ტორპედოს დედა ვატირე, აქ კიდევ შენი! შე ცისფერო! ცისფერო სპილო! (კლებს დააგდებს). აუუ, ბოა, ბოა, მიშველე! მიშველე, ბოა, გული მერევა! (დევი გაიქცევა. ტუალეტში ჩაირეცხება წყალი).
მეორე მოქმედება
11. გადაწყვეტილება
დევი – ჩემი ბოა სად არის?
ლილი – იქ, კიბეზე!
დევი – ბოა! ჩემი ბოა! (ხმამაღლა ტირის, ბღავილით).
ლილი – ტატუ, ჩემი ტატუ! (ისიც ხმამაღლა ტირის).
დევი – არ მიკვდე რა, ბოა! არ მოკვდე რა!
ლილი – არც შენ რა, ტატუ! არც შენ!
დევი – ახლავე ხელოვნურ სუნთქვას ჩაგიტარებ! (პირში ჰაერს ჩაბერავს რამდენჯერმე). არა რა, ბოა! არა რა!
ლილი – (ისიც ხელოვნურ სუნთქვას უტარებს). ოღონდ ეგ არ ჩაიდინო! არა, არა, არა! გულიც აღარ უცემს!
დევი – ბოა, სარკეს მოგიტან ცხვირთან და თუ არ დაიორთქლა, მაშინ ცუდადაა საქმე! (გარბის, სარკე მოაქვს. პაუზა). ბოა, არ მოკვდე, ბოა!.. ვაიმე, არ იორთქლება, არა!
ლილი – აი, აჰა, სარკე! ტატუ, რას მიკეთებ, ტატუ! აქ სად მტოვებ, ტატუ! არც ეს იორთქლება!
დევი – (ბღავის). ბოა!
ლილი – (კივის). ტატუ!
დევი – (უკმაყოფილოდ). რა გაკივლებს, ქალო, სოპრანოში?!
ლილი – (უკმაყოფილოდ). რა გაბღავლებს, კაცო, ტენორში?
დევი – მე არა ვბღავი!
ლილი – მე არა ვკივი!
დევი – მე ბოა მომიკვდა, ჩემი ბოა!
ლილი – მე ტატუ მომიკვდა, ჩემი ტატუ!
დევი – და ლილი ერთად ვიღა წავიყვანო გედების ტბაზე სათევზაოდ?
დევი – (ბღავის). ბოა!
ლილი – (კივის). ტატუ!
დევი – შენ მოკალი!
ლილი – შენ მოკალი!
დევი – მე კი არა, შენ მოკალი, შენ!
ლილი – მე კი არა, შენ მოკალი, შენ!
დევი – შენ ჩემი ბოა მოკალი
ლილი – მე როდის მოვკალი?
დევი – დაგინახე, `დრაივერი~ ჩაარტყი სამჯერ!
ლილი – შენც სამჯერ ჩაარტყი ჩემს ტატუს!
დევი – მე შენ მოგბაძე!
ლილი – მე კი – შენ!
დევი – შენ ჩემი საყვარელი ცოლი მოკალი!
ლილი – შენ კი ჩემი საყვარელი ქმარი!
დევი – (ხმადაბლა). ბოა!
ლილი – (ხმადაბლა). ტატუ! (პაუზა). ახლა რა ვქნათ?
დევი – არ ვიცი…
ლილი – აიღე ეგ ბუხრის საჩხრეკი და მეც მომკალი! მიდი!
დევი – რამდენჯერ უნდა გითხრა, ეს ბუხრის საჩხრეკი არ არის! და სულაც არ ვაპირებ შენს მოკვლას!
ლილი – მომკალი მეთქი! მე ჩემს ტატუს საფლავში უნდა ჩავყვე! მიდი. მე მზად ვარ!
დევი – რა ველურობაა ეს საფლავში ჩაყოლა! ძველი დროა?
ლილი – შენ მაინც მომკლავ და…
დევი – არც მიფიქრია!
ლილი – იფიქრებ, იფიქრებ! მერე იმ ჩემოდანს გაიტაცებ და ჩვენი თეთრი მანქანით გაიქცევი მთებს იქით!.. მაგრამ მიწის ქვეშიდანაც ამოგთხრიან!
დევი – ჰო, პატრონის ხალხს სად დაემალები?!
ლილი – ვერსად!
დევი – აბა, რა ვქნათ?..
ლილი – კოლას მივცეთ.
დევი – მოიცა, შენ რა ბოასავით ლაპარაკობ, Mან?
ლილი – აი, შენ კი ტატუსავით ვერ ამბობ – `მე მერქვას კახპის გაგდებული, თუ არ მიგასიკვდილო!~
დევი – თქვენ რას აპირებდით, ჩვენ რომ დაგვხოცავდით?
ლილი – თქვენ?
დევი – არ ვიცი, რაგდან არ მოვაყოლე – მერე შემეცოდებიან და ვეღარ დავხოცავ მეთქი.
ლილი – მაგრამ ტატუ არ შეგცოდებია!
დევი – არც შენ შეგცოდებია ბოა!
ლილი – არც მე ვიცოდი, რას გიპირებდით. არ მოვაყოლე, შემეცოდებიან და ვეღარ დავხოცავ მეთქი!
დევი – მაშ, რა ვქნათ?
ლილი – არ ვიცი.
დევი – მაშინ აიღე ეს `დრაივერი~, ჩამარტყი სამჯერ და დავისვენებ სამუდამოდ!
ლილი – არა, შენ ჩამარტყი და მე უფრო კარგად დავისვენებ სამუდამოდ, Man!
დევი – მე ვერა, მე ეს ერთი მკვლელობაც მეყოფა!
ლილი – ვერც მე, მეც მეყოფა!
(სიჩუმე).
დევი – თქვენ უკვე დაურეკეთ პატრონს, ნახევარი მილიონი გოლფმა და ბოამ მოიპარესო?
ლილი – უკვე თქვენ ურეკავდით და როგორ დაგვერეკა?
დევი – ჩვენ კი არა, თქვენ რეკავდით!
ლილი – მაშინ რატომ იყო სულ დაკავება?
დევი – იმიტომ, რომ თქვენ რეკავდით!
ლილი – ჩვენ კი არა, თქვენ!
დევი – ესე იგი, ვერ დარეკეთ?
ლილი – ვერა!
დევი – ვერც ჩვენ!
ლილი – მაშ, პატრონმა არაფერი იცის!
დევი – იქნება სიკო-ტორპედო რეკავდა?
ლილი – დაერეკა რა. მხოლოდ იმას ეტყოდა, ორი ლიმონი მივიტანე ოტელშიო. და მორჩა.
დევი – ჰო, ეს ტრაგიკული ამბავი ჯერ არ ეცოდინება…
ლილი – არც სხვა რამეები ეცოდინებოდა, მაგ შენს ბოას რომ არ დავებეზღებინეთ ხოლმე!
დევი – არც შენი ტატუ აკლებდა ცხელ-ცხელი ამბების მიტანას! და ასეთ საზარელ ნახატებსაც იმიტომ ხატავდი, რომ მაგ სესქსუალურად გადახრილთან გეძინა.
ლილი – მაგალითად, რომელ ნახატებს?
დევი – აი, როგორიც მოლბერტზეა, უფსკრულში რომ ვარდება ჩვენი თეთრი მანქანა!
ლილი – მერე რა?
დევი – ეს ხომ საზარელია!.. აი, მე კი ჩემს ბოასთან რომ ვეძლეოდი სიყვარულს, სიზმარშიც კი გოლფს ვთამაშობდი!
ლილი – მაშინ, ბებიაშენი პაშა როგორ გიგებდა?!
დევი – მე რა ვიცი?
ლილი – არც მე ვიცი! და აი ესე დავჯდები, ვუყურებ ამ ჩემს კოშმარულ ნახატს და პოლიციას დაველოდები!
დევი – შენ თუ დაჯდები, მეც დავჯდები და პოლიციას დაველოდები!
ლილი – დაველოდოთ!
დევი – დაველოდოთ!
ლილი – მე უკვე ვუცდი!
დევი – მეც!
ლილი – უცადე!
დევი – დავუცდი!
ლილი – მაგრამ პოლიცია აქ არ მოვა!
დევი – რატომ არ მოვა?
ლილი – იმიტომ, რომ პატრონი მოქმედი გენერალია. და ძალოვანი უწყების გენერალს ვერაფერს შებედავენ!
დევი – აბა, რა ვქნათ?!
ლილი – ეგ რომ ვიცოდე, ბედნიერი ქალი ვიქნებოდი… (პაუზა). მოდი, ისე მოვიქცეთ, როგორც ჩემს ნახატზეა!
დევი – როგორ?
ლილი – ვითომ ორი ლიმონი გაიტაცეს ამ ჩემოდნით, ჩვენ თეთრ მანქანაში ჩასხდნენ და რომ გარბოდნენ…
დევი – იმ უფკრულში გადავარდნენ!
ლილი – ჰო.
დევი – და ჩვენ უკან მივდევდით?
ლილი – არა, ჩვენ გვეძინა! ისინი კი ჩვენი თეთრი მანქანით გარბოდნენ და როგორც ჩემს ნახატშია, ისე მოხდა!
დევი – და იმ უფსკრულში სალტო-მორტალე?!
ლილი – როგორია?!
დევი – ჯერ არ ვიცი!
ლილი – ჰო, ჩვენ არაფერი ვიცით, ჩვენ ხომ გვეძინა!
დევი – იქნებ ამაში მაინც გამოგვადგეს ეს უფსკრული!
12. პუანტები და სალტო-მორტალეები გვამებით
ლილი – ახლა ჩვენ ჩვენ ნომრებში წავალთ და ამათ ტანსაცმელს მოვიტანთ.
დევი – რატომ?
ლილი – აბა, ესე ხომ არ გაიქცეოდნენ, ნიფხვებით?!
(ორივენ გარბიან, ტანსაცმელებს მოარბენინებენ).
დევი – არ შეეხო! ამ ხელთათმანებს მოვირგებ და მე ჩავაცმევ ორივეს!
ლილი – რატომ?
დევი – მაინცადამაინც არ მჯერა ხელის თითების ანაბეჭდებზე ზღაპრებს რომ ჰყვებიან, მაგრამ რატომ გავრისკოთ?
ლილი – შენ ეგ შარვალი მომაწოდე და მე სულ ფეხებზე მკიდია ანაბეჭდები!
დევი – მე ფეხებს ავუწევ! (ხვნეშის). დედა, რა მძიმეა!
ლილი – ცოტაც და… ასე! შენ იმას ჩააცვი!
დევი – ის მზად არის!
ლილი – ესეც!
(ისმის გაურკვეველი ხმაური).
დევი – ეს რა ხმაა?
ლილი – ნეტავი, ხელი არ შეგვიშალონ!
(ხმაური განმეორდება).
დევი – აგერ კიდევ! არ გესმის?
ლილი – მილი გუგუნებს, წყლის მილი!
დევი – კიდევ კარგი.
ლილი – ეხლა მე მანქანის გასაღებს ამოვაცლი და შენ კი კარი გააღე!
დევი – ეგ ხომ პრეზერვატივი `სიკოა~?
ლილი – თქვენც `სიკო~ გქონდათ?
დევი – ამან არ დამმართა ალერგია?!
ლილი – მეც! აი, მანქანის გასაღები, წადი, გააღე!
დევი – მძღოლის მხარეს გავაღო?
ლილი – ორივე მხარეს.
დევი – (გადის და მალევე შემოდის). რას აკეთებ?
ლილი – წარმოგიდგენია, ბოასაც `სიკო~ ჰქონია!
დევი – და რა?.. ვითომ საყვარლები იყვნენ?!
ლილი – რა ვიცი… ორივე კარი გახსენი?
დევი – ჰო… აუ, ეს ძალიან საზარელი ჭრილობებია!
ლილი – მდინარე სულ გადარეცხავს და იფიქრებენ, გადავარდნისას დაიმტვრნენ ასეო!
დევი – თან წვიმებიც თუ მოვიდა…
ლილი – რაღას უდგეხარ, შენ კაცი წამოიღე, მე ქალს მივხედავ!
დევი – მე ქალი მინდოდა…
ლილი – რაო, მკვდარი ქალებიც გიყვარს?
დევი – მე? არა!
ლილი – მაშინ მომაკიდებინე!
დევი – (ხვნეშით ეხმარება გვამის მოკიდებაში). აჰა! მაგრამ, მე ვიღა მომაკიდებინებს?
ლილი – (კვნესით). ვინ და, ბებიაშენი პაშა! ვაიმე, რა მძიმეა!
(მიდის).
დევი – მოიცადე! (ისიც მოიკიდებს კვნესით გვამს და მისდევს. მკვდრების ფეხსაცმელები კიბეზე აკაკუნდება). ვაი, ეს რა ხმაა?
ლილი – მე რა ვიცი?
დევი – აი, კიდევ!
ლილი – ეს? ეს ქუსლები კაკუნობს! გვამების ქუსლები!
დევი – ერთი, ორი, სამი, ჰოპ!
(ფეხსაცმელების კაკუნს აჰყვება დევის ნამღერი მელოდია, რომელზეც ბარბაცით ცეკვავს).
ლილი – რას აკეთებ, გაგიჟდი?
დევი – გეგონება, კაი საცეკვაოს უკრავენ მედოლეებიო და მეც ვცეკვავ, Man!
ლილი – (გაჭირვებით გადაიკისკისებს). ცეკვა ბარბაცით!
დევი – ერთი, ორი, სამი, ჰოპ! ჰოპ! ჰოპ!
ლილი – ოთხი, ხუთი, ექვსი, ჰოპ, ჰოპ, ჰოპ!
დევი – ჰოპ, ჰოპ, ჰოპ!
ლილი – ჰოპ, ჰოპ, ჰოპ! მოიცა, აბა, პუანტებზე ვცდი ცეკვას!
დევი – მეც ვცდი!
ლილი – პუანტებზე მხოლოდ ბალერინები ცეკვავენ!
დევი – მაშინ მე სალტო-მორტალეების შესრულებას ვეცდები!
დევი – აი, ეს არის მდიდრების ცეკვა!
ლილი – კარგი, დასერიოზულდი! კისერი არ მოიტეხო!
დევი – ვერ ვსერიოზულდები!
ლილი – ვერც მე!
დევი – მაშინ, კიდევ ვიცეკვოთ!
(ისმის ბრაგუნი – ჯერ ერთი დაეცემა თავისი გვამიანად, მერე – მეორე.
სიჩუმე.
წვალებით დგებიან).
ლილი – მომაკიდებინე!
დევი – (ხვნეშის). აჰა!
ლილი – გავწყდი წელში, მეტი აღარ შემიძლია!
დევი – მოიცა, მეც მოვიკიდო! (ისევ ხვნეშის და კვნესის). აქეთ ნუ მოდიხარ, არ დამეჯახო!
ლილი – შენ თვითონ არ დამეჯახო! მერე ჩემოდანიც ამათ გავაყოლოთ!
დევი – მთელი ფულით?
ლილი – არა, ცოტა! ცოტაც მდინარეში ჩავყაროთ და იფიქრებენ, მართლა ამათ გაუტაციათო!
დევი – ჰო, წაიღებს მდინარე ფულს და ვინ რა იცის, რამდენი წაიღო და მერე ვინ აიღო, Mან!
ლილი – აი, უკვე შენც ხვდები!
დევი – კაი დეტექტივივით გამოდის… ოღონდ რომ მოვალთ, ეს `დრაივერები~ სპირტით უნდა გავწმინდოთ, Man!
ლილი – იატაკზეც და ყველგან მოვრეცხავთ სისხლებს…
დევი – წავედით, მაგრამ… მოიცა!
ლილი – რა იყო?
დევი – რატომ ჰქონდა ორივეს `სიკო~ ჰა?!
13. პატრონი გოლფ-ბარში
დევი – მე მეტი აღარ შემიძლია, M Man!
ლილი – ახლა არ მითხრა, რომ ეს მსუქანი განგების განსახიერებაა, ანდა ეშმაკი და რაც ჩავიდინეთ, ამიტომ დაგვდევს!
დევი – ვიცი და არ გეუბნები?
ლილი – ო, რა კარგად გიცნობ!
დევი – წავიდეთ აქედან, ლილი! აქ ჩავვარდებით! არ შეიძლება იჯდე და უცადო, როდის ჩაგავლებენ! დღეს ეს მსუქანი, ხვალ სხვა გამოჩნდება… ყოველთვის ვიღაც დაგვედევნება, სანამ თავს არ დავკარგავთ! გავიქცეთ მეთქი!
ლილი – კარგი, ძვირფასო, გავიქცეთ, მაგრამ ჯერ რომ წყლის გამაცხელებელი არ ჩაგირთავს?
დევი – წყლის გამაცხელებელი რა შუაშია, Man!
ლილი – ხომ გიყვარს ჩემთან ერთად, შხაპქვეშ?! ჰოდა, აბაზანაში გავიქცეთ!
დევი – შენ კოლას იცნობ?
ლილი – (იცინის). არ მივცემ, ნუ გეშინია!
დევი – არ მესმის, რა გაცინებს, Man!
ლილი – აბა, ვიტირო?
დევი – მაინც ვინ არის? ნეტავი, რა ფიქრები უტრიალებს იმ ბომბორა თავში? თუ პოლიციიდან არის, სჯობს ვიცოდეთ! თუ სასუალებას მივცემთ, ყოველდღე აქ იაროს და საათობით იჯდეს, თან არაფერი თქვას და თვალი არ მოგვაშოროს, ბოლოს და ბოლოს, ნერვები გაგვყიდის! ამან მხოლოდ ხაფანგი უნდა დააგოს და ჩვენ გავებმებით! მე აღარ შემიზლია ამ უძილო ღამეების გადატანა და ტვინის ჭყლეტა – აბა, რა ჩაიფიქრა ამ მრგვალმა ძიაკაცმა… ხომ გეუბნებოდი, რომ არ გაგვახარებენ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა, Mან…
ლილი შეიძლება, არც არაფერი ჩაუფიქრებია. ერთი დარდიანი ჯენტლმენია, შექსპირი და არეცოელი უყვარს… სიამოვნებს ყოველდღე მოსვლა? მოვიდეს! გადაიხდის და წავა. მოკლედ, თავისივე თამაში უნდა მოვუგოთ. მიხვდი?
დევი მაგ თამაშში ის გაიმარჯვებს, ვინც მეტს გაუძლებს… რაც მე სანთლები ვუნთე იქ, ზემოთ რომ ანგელოზების შემადგენლობები არიან და მთელ ზებუნებრივ ძალებს. ხან მდინარის მოდიდებას ვთხოვდი, რომ გადავარდნილი მანქანა აქედან შორს წაეღო და ხანაც იმას, რომ პოლიციას ვერაფერი გაეგო!.. რამდენი ადგილი მოვიგონე იმ ფულის დასამალად! სარდაფის სამალავი! ჭერში! დიზელის ავზშიც ჩავუშვი ცელოფნებში გამოკრული! ტუალეტის ნიჟარაში! საბუხრე მილში! მე მეტი აღარ შემიძლია, M Man!
ლილი – `მისტერ შექსპირი~ ჭამე და `სენიორ არეცოელი~ დააყოლე!
დევი – ეგ წაეთრეოდეს აქედან და საერთოდ აღარც შევჭამ და აღარც დავლევ! ვინ იცის, იქნებ პატრონის მოგზავნილი შანტაჟისტია ანდა სულაც კილერი!
ლილი – კარგი, კიდევ დაველაპარაკები, იქნებ რამე ვათქმევინო!
დევი – ჯერ შენ მიდი და მერე მეც მოვალ!
ლილი – (უახლოვდება). ბოდიშს ვიხდი, ბატონო, ყველა მოსამსახურე გავუშვით და ყურადღება ვერ მოგაქციეთ. რით მოგემსახუროთ?
პატრონი – (გაიჩხაკუნებს ასანთი, უკიდებს სიგარას). მაგიდა, სკამი. ფინჯანი ყავა და ასი გრამი `ნაპოლეონი~, თუ შეიძლება.
ლილი – ახლავე მოგართმევთ. (მაგიდაზე აწყობს ჭიქას, თეფშს ფინჯანით). `მისტერ შექსპირსაც~ ხომ არ გასინჯავთ? ჩვენი საფირმო კერძია – ხბოს ხორცი სოკოთი, ყველით, მაიონეზით და კიდევ ერთი ციცქნა ფირმის საიდუმლო!
პატრონი – არა, გმადლობთ. მე უკვე ვივახშმე.
ლილი – მაშინ შემიძლია შემოგთავაზოთ კოკტეილები – `სისხლინი მერი~, `სექსი პლაჟზე~, `ფრანგული კოცნა~ და საფირმო კოკტეილი `სენიორ არეცოელი~, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამის რეცეპტს კი ვერ გაგიმხელთ.
პატრონი – რატომ ჰქვია თქვენს საფირმო რამე-რუმეებს ასეთი დიდი ადამიანების სახელები?
ლილი – (ხმადაბლა). რა კარგია, რომ შეამჩნიეთ… ჩვენი პატრონი დიდი თეატრალი და მელომანია, ამბობენ, პიესებსაც კი წერსო!
პატრონი – თქვენ რა, მართლა გჯერათ, რომ არეცოელს და შექსპირს პირადად იცნობს?
ლილი – მთავარი ის არის, რომ იმას სჯერა! და ჩვენც პატივს მივაგებთ მის რწმენას!.. აი, ყავა და ესეც თქვენი კონიაკი! (მაგიდაზე დაუდგამს). თქვენ რაღაცაზე დარდობთ, არა?
პატრონი – ჰო.
ლილი – მაინც რაზე, თუ საიდუმლო არ არის?
პატრონი ჯერ დაბრძანდით.
ლილი გმადლობთ.
პატრონი ქვემოთ, ბარში ძალიან მშრალი ამინდებია. მოსავალი არ იქნება და შეიძლება, ისევ შიმშილობა დაიწყოს.
ლილი რაც ვიზამთ, მომავალ წელიწადს მაინც გაგვიმართლებს. ჩვენი ხალხი ძალიან მშრომელია.
პატრონი ჰო, მშრომელი, მაგრამ ისეთი გემოვნება აქვს, ისეთი, რომ პირდაპირ – აუხსნელი!
ლილი – ჰო, ცოტა უცნაურებიც არიან…
პატრონი – სწორედ, უცნაურები, თორემ, რატომ აქამდე არ იყნოსეს თქვენი მშვენიერი ოტელის არსებობა? ეს ხომ ყველაზე ლამაზი ადგილია ამ არემარეში. ქვემოთ მდინარე, ზემოთ – თეთრი მწვერვალები და აქვე უფსკრულიც…
დევი – რაკი ასე მოგწონთ ჩვენი სასტუმრო, ჩვენი მეგობარი ყოფილხართ! ნება მომეცით, ხელის ჩამორთმევით გაგეცნოთ, დევი!
პატრონი – სასიამოვნოა.
დევი – გვთხოვეთ, რაც გნებავთ. ჩვენ გეპატიჟებით!
ლილი – კიდევ რა მოგართვათ?
პატრონი – რაკი არ იშლით, კიდევ ერთი სირჩა კონიაკს დავლევ.
დევი -მე მოვიტან! (მიდის. ჭიქაში დაუსხამს, მოუტანს).
ინებეთ!
პატრონი – თქვენი ოტელისა იყოს!
(სვამს).
ლილი – კიდევ ხომ არ ინებებთ, დიასახლისის ხარჯზე?
პატრონი – რატომაც არა?
დევი – (ისევ შეუვსებს). მეგობრისთვის არაფერი უნდა დაიშურო, Mან!
პატრონი – თქვენც ხომ არ დალევდით დიასახლისის სადღეგრძელოს?
დევი – (კიდევ ორი სირჩა მოაქვს, დაასხამს). ჩემს მშვენიერ ცოლს გაუმარჯოს!
პატრონი – ცოლს თუ პარტნიორს?!
დევი – ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ.
ლილი – იცით, იმ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ჩვენ ჯერ მეგობრებად დარჩენა გვინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ…
პატრონი – გაგიმარჯოთ, ძვირფასო! (ჭიქას მიუჭახუნებს). კარგია, რომ გადაიფიქრეთ!
ლილი – თქვენც გაგიმარჯოთ, მადლობელი ვარ!
პატრონი – ჰოდა, იმას ვამბობდი… ასეთი საოცარი ადგილია და ისეთი ამბავი ხდება, როგორიც ამ ნახატზეა!
დევი – როგორი?
პატრონი – არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ აქ ხდება, ოტელში. მაგრამ აქვე ხდება, იმ უფსკრულში… მხოლოდ შემთხვევითობას ხომ ვერ მივაწერთ?
ლილი – ეგ თეთრი მანქანა მე არ დამიხატავს, მართლა თავისით გაჩნდა!
პატრონი – რა თქმა უნდა, თავისით! მერე სკანდალი აგორდა! მორწმუნეები ამბობენ, ეს ღვთის გამოგზავნილი ნიშანია, ანგელოზი ჩამოვიდა და იმან დახატა უფსკრულში გადავარდნილი მანქანა წინასწარო. და რაკი დახატა, მართლა არის ღმერთიო. ურწმუნოები გაიძახიან, რა ანგელოზი, ეს ჰალუცინაცია იყო ანდა სიმულაციაო!.. ჰოდა, სკანდალიც ეს არის და, ალბათ, თქვენი მაგიდები სტუმრებს ვეღარ აუდიან…
დევი – მაგრამ სკანდალი ჩვენ არ აგვიგორებია!
პატრონი – ძალიან დიდ პატივს ვცემ იმას, ვინც კარგად თამაშობს! (დააბიჯებს). მართალია, რაღაც ჭდეები აქვს, მაგრამ გავითვალისწინებ და მე მაინც ამ `დრაივერით~ ვითამაშებ!.. თამაშობთ?
დევი – ადრე ბევრს ვთამაშობდი, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ვეღარ ვახერხებ, Man!
ლილი – ჩემი დევი სრულიად შოტლანდიის გოლფის ფედერაციის ნამდვილი წევრი და აქაური გოლფის ფედერაციის პრეზიდენტია!
პატრონი – რას ბრძანებთ! მაშინ, თქვენც `დრაივერს~ მოგართმევთ.
ლილი – ნუ შეწუხდებით, დევის ამ `პუტერით~ ურჩევნია თამაში! გამომართვი, დევი!
დევი – ჰო, მომეცი, Mან!
პატრონი – ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დამსახურებულ კაცთან თამაში!
დევი – პირველი დარტყმა თქვენია, სტუმარი ხართ!
პატრონი – ეს ძალიან ჰუმანურია
ლილი – ჯერ `ვაუ~ უნდა თქვათ და მერე `ჰაი~!
პატრონი – რა საჭიროა?!
ლილი – დარტყმის კორექციისთვის. მერე დევის გამოკვლევასაც წაგაკითხებთ ამის შესახებ.
პატრონი – მე არც ერთს არ ვამბობ, მაგრამ მაინც ვახერხებ თამაშს.
(დარტყმა ბურთზე).
დევი – ეგ `მედიუმ-პიტჩი~ (ინგლ. `საშუალო დარტყმა~) იყო, არადა, `ფულ-პიტჩი~ (ინგლ. `მთლიანი დარტყმა~) აჯობებდა, Man!
პატრონი – მე ეს მერჩივნა!.. თქვენი რიგია!
დევი – (დარტყმა ბურთზე. ჩაიმსხვრევა ფანჯარა). აჰ, დარტყმა გამიფუჭდა!
ლილი – არაუშავს, ახალ მინას ჩავსვამთ!
პატრონი – ჰო, ეს არც `მედიუმ-სვინგი~ იყო და არც `ფულ-აირონ-შოტი~! ეს დარტყმები მაგ კლებით არ სრულდება, `მიდაირონი~ უნდა აგეღოთ! ბურთი მომეცით, ძვირფასო! ახლა თქვენ იხილავთ `დრაივერით~ შესრულებულ `ჩიპ-ენდ-რან~ დარტყმას!.. დევი, გაგიგონიათ?
დევი – როგორ არ გამიგონია! მაგას `მშრალი გაფრენა~ ჰქვია! მაგრამ ამ პოზიციაში `ჩიპ-ენდ-დრაგ~ სჯობია, ესე იგი, `მშრალი და მოქაჩე~! ოღონდ კლები უნდა გამოცვალოთ, ან `პუტერი~ აიღოთ, ანდა `ნიბლიკი~.
პატრონი – მე ამ `დრაივერს~ ვიმყოფინებ… `დრაივერი~ მათრახს ნიშნავს, სხვათაშორის! (დარტყმა ბურთზე).
ლილი – დიდებული დარტყმა იყო! მშვენიერი დარტყმა!
პატრონი – ნეტავ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?!
დევი – ჰო, ჩავარდა!
პატრონი – რას ვიზამთ, გოლფი უბრალო სპორტი სულაც არ არის… აი, მაგალითად, მე ეჭვად მაქვს, რომ იქ, ზემოთ, ზეციურ არსებათა შემადგენლობაში დიდებული მოთამაშეები უნდა იყვნენ. ჩვენ კი სანთლებს ვუნთებთ და მდინარის მოდიდებას ვეხვეწებით ხოლმე…
დევი – ვის და ვის გულისხმობთ, Man?
პატრონი – ჯერ ერთი, თავად ის, სულ მთავარი! განა დღე და ღამე გოლფს არ თამაშობს?
ლილი – ის? ის როგორ თამაშობს?
პატრონი – (კიდევ დაარტყამს). მზითა და მთვარით!
ლილი – კიდევ ჩავარდა! აი, ეს მესმის!
პატრონი – ნეტავ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?!
დევი – რას ვიტყვი და, ბრწყინვალეა, `მედიუმ-პიტჩი~!
პატრონი – შეცდით, ეს `ფულ-აირონ-შოტისა~ და `ჩიპ-ენდ-დრაგის~ კომბინაცია იყო, მე მოვიგონე!
დევი – არ ვიცოდი, თუ ეგეც შეიძლებოდა! აი, ამას კი ჩავიწერ!
ლილი – თქვენ იმათი მთავარივით თამაშობთ… აი, ცაში რომ ანგელოზთა შემადგენლობები არიან, იმათი მთავარივით…
პატრონი – რას ბრძანებთ, მე იმასავით როგორ ვითამაშებ! ეს ხომ ამპარტავნობაა და მე ამპარტავანი კი არა, ჰუმანისტი ვარ – ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი სიგარის კენტ ღერს ვეწევი, პირველს, მესამეს, მეხუთეს და ასე შემდეგ…
ლილი – და როცა წყვილ ღერებს ეწევით, მაშინ?
პატრონი – მაშინ მიზანთროპი ვხდები. კარგად დაიმახსოვრეთ, კენტებზე – ჰუმანისტი და ლუწებზე – მიზანთროპი!
დევი – კენტებზე – ჰუმანისტი და ლუწებზე – მიზანთროპი!
პატრონი – აი, ავტორს კი პირიქით ჰგონია!
ლილი – რომელი ავტორს?
პატრონი – არის ერთი მჯღაბნელი, მოსულიშვილი, ჩვენზე პიესას წერს და მე დამცინის, გვიდო არეცოელი და უილიამ შექსპირი ცოცხლები ჰგონიაო! მე მაგას ცალკე მოველაპარაკები და სწორედ მაშინ, როცა ლუწი სიგარა მექნება მოწეული!
დევი – თუ შეიძლება, მაგ მოლაპარაკებისას მე და ლილიც წამოვალთ და ერთ-ორ `ტკბილ~ სიტყვას ჩვენც ვეტყვით! ყველა უნიჭომ მწერლობა მოინდომა!
პატრონი – თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს და მოდით, ისევ იმ შემადგენლობებს დავუბრუნდეთ, ცაში რომ არიან.
ლილი – დავუბრუნდეთ.
პატრონი – იმ შემადგენლობაში ერთი ანგელოზია, ცელით ჰყავთ წარმოდგენილი, სიკვდილის ცელით, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ ის ცელი კაი ხანია გადააგდო და ხელში აი, ამისთანა `დრაივერი~ უჭირავს!
დევი – რატომ მაინცდამაინც `დრაივერი~?!
პატრონი – იმტომ, რომ ამით `ფულ-პიტჩები~ სრულდება, მთლიანი დარტყმები!
ლილი – ჩვენ ეგ არ ვიცოდით!
პატრონი – აბა, საიდან უნდა გცოდნოდათ?! მაგრამ წარმოიდგინეთ, სად და რამდენჯერ უნდა დავარტყათ ადამიანს ეს `დრაივერი~, რომ საფლავის ფოსოში ჩავაგდოთ?! (პაუზა). ნეტავ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?!
დევი – არ ვიცით, არა! (კლების შხუილი, კვლავცაც ფანჯარა ჩაიმტვრევა).
პატრონი – კაცი ან ქალი რომ მოკლა, აი, მაგისთანა `ფულ-პიტჩების~ მთელი სერიაა საჭირო!.. და იცით, ლილი, რატომ? (ასანთის ჩხაკუნი).
გაითვალისწინეთ, რომ ახლა უკვე ლუწ სიგარას ვეწევი! ლუწს!
ლილი – არ ვიცი, მე ნათელმხილველი კი არა ვარ!
პატრონი – თუ თქვენი ნახატის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორ არა ხართ! (ნახატთან მიდის). დიდებული ნახატია, დიდებული!
ლილი – (ისიც ნახატთან მიდის). მართლა მოგწონთ?!
პატრონი – კი, მომწონს! ოღონდ აქ, შესაძლოა, მეორე მანქანის დახატვა დაგავიწყდათ – ისიც აუცილებლად უფსკრულში უნდა გადავარდეს
ლილი – ვიცი, რომ ლუწ სიგარაზე მიზანთროპი ხდებით, მაგრამ ეგ მანქანა მე მართლა არ დამიხატავს!
პატრონი – ვიცი, ვიცი, მაგრამ იმ სკანდალის შექმნა ძალინ ზუსტი დარტყმა იყო!.. (პაუზა). ნეტავ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?!
დევი – მე გლოსტერის მთავარი კი არა, საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ! და შოტლანდიის…
ლილი – თქვენ ჩემს ქმარზე უკეთ თამაშობთ!
პატრონი – აი, მე კი გოლფის მსოფლიო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ და არც ფანჯრებს ვამსხვრევ!.. თუმცა, ყველაფერი შედარებითია!
ლილი – თქვენ დეტექტივი ხართ თუ ექსპარტი?
დევი – გინდათ, გითხრათ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა, Mან? ჩვენი ბრალია, რომ გზა ძალიან ახლოს გადის უფსკრულთან და მძღოლებიც, სამწუხაროდ, გაუფრთხილებლად დადიან?
ლილი – ეგ უკვე ტყუილი თამაშია, დევი! ჩვენ გავებით!
(სიჩუმე).
დევი – (კბილები აუკაწკაწდება). მაგრამ, მე ხომ `სიკოს~ პრეზერვატივებზე ალერგია მქონდა და ბოას გვამის გაკვეთისას მის საშოში მხოლოდ ტატუს სპერმა უნდა აღმოეჩინათ, რაც იმათ საყვარლობას დაამტკიცებდა!..
პატრონი – მაგრამ თქვენ `ნამიან~ სიკოზე არ გქონდათ ალერგია, იმ ტრაგიკულ საღამოს სწორედ `ნამიანი სიკო~ გამოიყენეთ ბოასთან და იმედი გქონდათ, ვერ მიხვდებოდნენ. და გადარჩებოდით.
ლილი – მერე?
პატრონი – როგორც ჩანს, იმ ნაყალბევმა `სიკოებმა~ გიმტყუნეს, თქვენ რომ გერმანულად თვლიდით და სინამდვილეში ჩემს ერთ-ერთ საწარმოში მზადდება… თანაც პრეზერვატივის დაზიანებას ხელი შეუწყო ბოას გენიტალიის მიდამოებში მოთავსებულმა ფირუზისთვლიანმა ბეჭედმაც, რადგან დაკუთხული იყო და ძალიან იჩხვლიტებოდა. მართალს ვამბობ, პატივცემულო დევი? თუმცა ამდენს რატომ ვლაპარაკობ… (ქაღალდს ამოიღებს, შრიალით გადაშლის). აი, აქ არის ექსპერტის დასკვნა! გამომართვით და თვალის ჩინივით გაუფრთხილდით, ერთადერთი ეგზემპლიარია, ამის დუბლიკატები აღარ არსებობს!
დევი – ამისთანა დარტყმა გოლფში ჯერ არ მოუგონიათ,MMan!
პატრონი – ასე რომ, ის ავარია ხელოვნური იყო, თუმცა საკმაოდ სუფთად ნამუშევარი… გამოცდილება გაკლდათ!
ლილი – მაგრამ მე რა შუაში ვარ?!
პატრონი – თქვენ დაკითხვაზე თქვით, რომ ფული და ჩემოდანი თვალით არ გინახავთ. ასე არ არის?
ლილი – დავუშვათ…
პატრონი – მდინარეში ჩავარდნილ მანქანაში რომ ასდოლარიან კუპიურებს ყრიდით, ზოგიერთი არ დასველებულა. და რომლებიც არ დასველდა, იმათზე თქვენი თითების ანაბეჭდებია… (ქაღალდის შრიალი).
აი, დასკვნა! გამომართვით და თქვენც გაუფრთხილდით, არც ამას აქვს დუბლიკატები! ამ დუბლიკატების დაწვა დიდი ფული დაჯდა…
(სიჩუმე).
ლილი – კარგი დასკვნაა. თქვენ სიკვდილის ანგელოზივით თამაშობთ გოლფს!.. მაგრამ, ისიც გეცოდინებათ, რომ ყველაფერი…
პატრონი – სიკო-ტორპედოს ბრალი იყო, მის მოტანილ ჩემოდანს რომ ნახევარი მილიონი დოლარი აკლდა.
დევი – ეგ საიდანღა გაიგეთ, Mან?
პატრონი – საკუთარი საკვერცხეებით ჩამოვკიდეთ ერთ ჯადოსნურ ხეზე და თვითონვე დაფქვა ყველაფერი, თან მარწმუნებდა, ძაღლს ვინც აჭმევს, იმისთვის უნდა იყეფოსო!
ლილი – ფლიდი!
დევი – დეგენერატი!
პატრონი – ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ერთმანეთი გაგენადგურებინათ და ამ სასტუმროში თავისი ხალხი მოეყვანა!
(სიჩუმე).
ლილი – (ქაღალდს მოჭმუჭვნის და ღეჭავს). აი, თქვენი ერთადერთი დასკვნა!
დევი – (ისიც ქაღალდს ჭამს). არც ასეთი დარტყმა მოუგონიათ გოლფში!
პატრონი – (კონიაკს დაასხამს, ჭიქებს მიუტანს). კონიაკი დააყოლეთ, ძალიან უხდება! (ხარხარი აუტყდება). თქვენ ისეთ გამომგონებლობას იჩენთ, რომ ძალიან უნდა გაგიფრთხილდეთ, სანამ ახლები გამოჩნდებოდნენ!
ლილი – კარგად ნათამაშები პარტიაა! ახლა მე იმ ნახატს ერთ რამეს მივამატებ!
(მიდის ნახატთან).
პატრონი – თქვენ ალბათ, არც ის იცით, რომ ის თქვენი გადამალული ფული უკვე ჩემთანაა.
დევი – მზარეულმა მოგიტანათ, დამლაგებელმა თუ ბარმენმა, Mან?
პატრონი – მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ის თქვენი ფუტლიარი უკვე კარგა ხანია, ცარიელია. დანარჩენი კი, რაც გადავარდნილ მანქანაში მიმოაბნიეთ და მდინარეშიც ჩაყარეთ, სიკო-ტორპედომ აანაზღაურა და ჩემგან ყეფის ნებართვაც მიიღო.
ლილი – მაშინ, ეტყობა, კენტ სიგარას ეწეოდით!
პატრონი – ჰო, მაგრამ ლუწი რომ მომეწია, ის აჯობებდა!.. (ისმის საათის რეკვა). ჩემი წასვლის დრო მოსულა!
დევი – ჩვენთან ხომ არ დარჩებით, კარგი ნომერი გვაქვს თქვენთვის, Mან!
პატრონი – (გაიცინებს). არა, გმადლობთ! მე მშვიდი ძილი მიყვარს!.. დიასახლისო, ბოდიშს გიხდით, ხატვას რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ჩემგან რამდენი გერგებათ?
ლილი – პატრონო, თუ ძალიან არ დაგაგვიანდებათ, ერთი წუთით მობრძანდით და ამას შეხედეთ!
პატრონი – (მიდის ნახატთან, პაუზა). ეჰ, ვერ ყოფილხართ, ჩემო ძვირფასო, კარგი წინასწარმეტყველი! ეს რა დაგიხატავთ?!
დევი – ეს თეთრი მანქანა ადრე ეხატა… აი, ეს მაჰაგონის ფერი მანქანა დაუხატავს, ესე იგი, მალე უნდა გადავარდეს! მაჰაგონის ფერი მანქანა ჩვენ გვყავს, ლილი!.. ესე იგი, მე და შენ სწორედ იმ უფსკრულში უნდა გადავვარდეთ, რომელშიც ბოა და ტატუ? რატომ უნდა მოვკვდეთ, ჩვენ ხომ იმ ფულისთვის ხელი არ გვიხლია, Mან?!
პატრონი – მოითმინეთ!.. ეს ძალიან იაფფასიანი და თანაც სწორხაზოვანი დრამატურგიული ხერხი იქნებოდა… ამას კი ჩემი მეგობარი შექსპირი არ მომიწონებს!.. ეს ახლადდახატული მანქანა, ჩემო ძვირფასო ლილი, მაჰაგონის ფერი არ არის…
ლილი – აბა, რა ფერია?
პატრონი – სიკო-ტორპედოს წითელი `ფორდ-მუსტანგი~ ჰყავს, ახალთახალი!.. მე ვაჭმევ და ისევ სხვაგან იყეფება!.. ახალგაზრდა გოგონების გაყიდვა დაიწყო ბელგიაში, იატაკქვეშა ბორდელებისთვის! ეს კი საზიზღარი დანაშაულია, რადგან უჩემოდ კეთდება!.. გამიგეთ?..
(ისმის შორეული აფეთქების ხმა).
14. ისევ ოტელის წინ, გზაზე
პატრონი – (ასანთს გააჩხაკუნებს, სიგარას უკიდებს. ისმის ვერტმფრენის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდება). თქვენ ესეც უსამა ბენ ლადენის ნაჩუქარი არ გეგონოთ… როგორც იმ ჩიბუხზე დამაბრალეს. არა, ცხოვრობს ბერნში ერთი თამბაქოს მცენარის ძირში დაბადებული კაცი, მისტერ მაიკლ კომერსოული და თავისი საგვარეულო მაღაზია “COMERSOUL”-იდან ექსტრაკლასის სიგარებს მიგზავნის ხოლმე. მისტერ შექსპირიც სწორედ მან გამაცნო და ყავაც დაგვალევინა თავის მაღაზიაში. ზუსტად ასევე გამაცნო სენიორ გვიდო არეცოელიც. ასე რომ, ეს ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჰოდა, დანამდვილებით ვიცი, რომ უილიამ შექსპირსაც და გვიდო არეცოელსაც ზუსტად ჩემსავით უყვართ ეს სიგარები… ჰოდა, ეგონოთ იმ ვიღაც მჯღაბნელებს, ენუქიძე-მოსულიშვილს, რომ ეს უკვდავი ხელოვანები მკვდრები არიან და თვითონ კი – ცოცხლები…
15. ზეცაში
(საომარ მოქმედებათა ხმები, რომელიც მთელ პიესას მიყვებოდა, ამ სცენაში შეწყდება. ისმის: მტრედების ღუღუნი და შადრევნების ჩუხჩუხი).
ბოა – აბა, ჩემო კარგო ჩამორჩენილო, რა დაგავალეს მასწავლებლებმა?
ტატუ – სოლფეჯიო.
ბოა – ღმერთო, რა დავაშავე, რაღა მე მომამაგრეს ეს შტერი?! არ იცი, რომ მაგ არასრული პასუხისთვის ყურს აგიწევს?.. აბა, ჩქარა, სრული პასუხი!
ტატუ – (ჩქარ-ჩქარა). ჩვენმა მასწავლებელმა, სენიორ გვიდო არეცოელმა დამავალა, რომ პირველ რიგში, მომეცილებინა ზურგზე დახატული შიშველი ქალი თავისი გველიანად და სოლფეჯიოს შემესწავლა! და კიდევ, გოლფის მასწავლებელმა, მისტერ უილიამ შექსპირმა დამავალა, რომ შემესწავლა დარტყმები: `მედიუმ-სვინგი~ და `ფულ-აირონ-შოტი~!
ბოა – სხვა დავალებები შეასრულე?
ტატუ – გოლფის ორივე დარტყმა ხუთიანზე ვიცი!
ბოა – გოლფის დარტყმები გასაგებია, შენ ხომ მისტერ შექსპირის საყვარელი მოწაფე ხარ. მაგრამ ამჯერად მე სოფეჯიოზე და იმ შიშველ ქალზე გეკითხები!
ტატუ – აი, ნახე ჩემი ზურგი, მისტერ შექსპირმა წამალი მომცა და უმტკივნეულოდ მომცილდა!
ბოა – და სოლფეჯიო?
ტატუ – ოჰ, ეს წყეული სოლფეჯიო!.. სოლფეჯიო ნიშნავს მუსიკალურ ხმოვანებზე აგებულ სავარჯიშოებს. მუსიკალური ბგერის სიმაღლის აღსანიშნავად დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი მარცვლებს იყენებენ…
ბოა – კარგია. მერე?
ტატუ – სოლფეჯიოს თანამედროვე სისტემა იტალიელი ბერის, სენიორ გვიდო არეცოელისგან მომდინარეობს. იგი მეთერთმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და ახლა კი ჩვენისთანა სულელებსა და ჩამორჩენილებს ამეცადინებს.
ბოა – ჩვენისთანა კი არა, შენისთანა… მერე?
ტატუ – სენიორ გვიდო ცდილობდა შეგირდებისთვის ფურცლიდან სიმღერა ესწავლებინა, რისთვისაც ის იყენებდა საყოველთაოდ ცნობილ ჰიმნს…
ბოა – დაგავიწყდა? კარგი, შეგახსენებ!.. წმინდა…
ტატუ – წმინდა… წმინდა…
ბოა – იოანესადმი!
ტატუ – ჰიმნს წმინდა იოანესადმი!
ბოა – მერე…
ტატუ – სენიორ გვიდო არეცოელის მელოდიის პირველი ექვსი ფრაზის საწყისი ნოტები C, D, E, F, G, A ბგერათა რიგს შეადგენდნენ და ამ ბგერათა რიგს შეესატყვისებოდა შემდეგი მარცვლები: უტ, რე, მი, ფა, სოლ, ლა… მაგრამ…
ბოა – მაგრამ?
ტატუ – მაგრამ დროთა განმავლობაში სოლფეჯიოს პრაქტიკაში პირველი მარცვალი `უტ~ შეიცვალა `დო~ მარცვლით!
ბოა – ყოჩაღ! აბა, ახლა, დავუკრათ და ვიმღეროთ ის საყოველთაო ჰიმნი იოანესადმი!
ტატუ – (გაჭირვებით უკრავს და უსმენოდ მღერის). Ut que-ant la-xis re-so-na-re fi-bris Mi-ra ge-sto-rum fa-mu-li tu-o-rum, Sol-ve pol-lu-ti La-bi-i re-a-tum, San-cte Jo-an-nes.
ბოა – არა უშავს… მაგრამ ფორტისსიმოდან პიანისიმოში რომ გადადიხარ, მანდ ცოტა ფორტეც გაურიე… აბა, მიდი!
(ორივენი ერთად მღერიან ჰიმნს).
ტატუ – აი, ეს უკვე მე თვითონაც მომწონს!
ბოა -აი, ხომ ხედავ?
ტატუ – დევის და ლილის მადლობა უნდა ვუთხრათ, აქ რომ გამოგვიშვეს!
ბოა – კიდევ კარგი, თორემ ახლა სიკო-ტორპედო გვეყოლებოდა იმ უფსკრულში გადასაგდები თავისი წითელი `ფორდ-მუსტანგიანად~!
ტატუ – თანაც მერე იმის მაგივრად ჩვენ უნდა მიგვეყიდა ბელგიის იატაკქვეშა ბორდელებისთვის მოტყუებით ჩაყვანილი გოგონები!
ბოა – მეზიზღება ამისთანა შოპ-ტურები!
ტატუ – ჰო, პატრონის ერთგული როტვეილერები უნდა ვყოფილიყავით და იმისთვის უნდა გვეყეფა!
ბოა – აღარ გამახსენო!
ტატუ – აქ გაცილებით უკეთესია! გოლფში ჩემზე უკეთესი მოსწავლე არ ჰყავს მისტერ შექსპირს და ბოლობოლო, თუ ჰიმნი შემეშალა, მაქსიმუმ, ყურს ამიწევს სენიორ გვიდო არეცოელი!
ბოა – თანაც, იქვე მოგიხდის ბოდიშს!
(მოისმის რაღაც ღვთაებრივი მუსიკა).
ტატუ – ნეტავი, ასე როდის ვისწავლით დაკვრას?
ბოა – ვერასოდეს, სულელო!
ტატუ – რატომ?
ბოა – ეს ხომ თავად გვიდო არეცოელი უკრავს!
ტატუ – აუ, საკუთარ თავს მოვწყდი!
ბოა – მეც! სულ ჟრუანტელი მივლის… ეს, იცი, როგორი შეგრძნებაა?
ტატუ – პირდაპირ, გაუგონარი!
ბოა – ფანტასტიკური და სასწაული, როგორც თაფლობის თვე…
ტატუ – ჰო, ეს სიყვარულის პრელუდიას ჰგავს, საყვარელ ადამიანს რომ ეალერსები… აღგზნებული ხარ…
ბოა – ბავშვივით კვნესი – ოჰ, ოჰ, ოჰ!
ტატუ – ფოთოლივით თრთი და ცახცახებ.
ბოა – სულ ერთიანად ვიბრირებ და თითქოს კუნთებში სანეტარო სპაზმები გეწყება.
ტატუ – სასიამოვნო ქავილი… ძალიან მძაფრი…
ბოა – ნუ მაწყვეტინებ!.. ნეტარების სიტკბოება ზენიტისაკენ მიდის. მიდის და მიდის, არა ჩერდება… ეს კრეშჩენდოა!..
(მღერის). დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი…
ტატუ – და სიყვარულის მწვერვალზე ადის, თავის პიკს აღწევს!
ბოა – ეს სფორცანდოა – მოულოდნელი მახვილი რომელიღაც ბგერაზე!
ტატუ – სფორცანდო!
ბოა – მერე ადვილია, ძალიან ადვილი – ადიხარ და ჩამოდიხარ, ისევ ადიხარ და ისევ ჩამოდიხარ!
ტატუ – სფორცანდო მწვერვალზე!
ბოა – ჰო!
ტატუ – ამას ვერც ალკოჰოლური სიმთვრალე შეედრება და ვერც ნარკოტიკული ეიფორია!
ბოა – ესაა ყველა მაჟორის და ყველა მინორის ფანტასტიკური თაიგული, თავისი დიეზებით და ბემოლებით!
ტატუ – მთელი კვინტური წრე!
ბოა – ოო, ღმერთო!.. ოო!
ტატუ – ოო, ღმერთო!.. ოო!
ბოა – დიდი მადლობა, ლილი!
ტატუ – დიდი მადლობა, დევი!
ბოა – მოიცა!
ტატუ – რა იყო?
ბოა – და ვისაც ბობ მარლი უყვარს, ბუფალოელ ჯარისკაცზე რომ მღერის?
ტატუ ჰო, ბობ მარლი!
ბოა – მაესტრო, ბობ მარლი! (ისმის ბობ მარლის სიმღერა ბუფალოელ ჯარისკაცზე). ამ სიმღერაზეც შეიძლება განავარდება!
ტატუ – თანაც `სიკოს~ პრეზერვატივი სულ არ გვჭირდება!
ბოა – ჰო, გინდა ნამდვილი იყოს და…
ტატუ – გინდა ფალსიფიცირებული!
ბოა – ოო, ღმერთო!.. ოო!
ტატუ – ოო, ღმერთო!.. ოო!
ბოა – ოოო!
ტატუ – ოოო!
16. ისევ ოტელის წინ, გზაზე
პატრონი – ისე, როგორ მოგეწონათ ჩემი გამართული ცეკვა მკვდრებით?!
(პაუზა). აი, ბერნში რომ ჩავალ, მაიკლ კომერსოულის მაღაზიაშიც შევივლი, ახლობლების ვიწრო წრეში კენტი სიგარებით ვისიამოვნებთ, თანაც ჩემს მეგობარ სენიორ გვიდო არეცოელს ამ ისტორიას ვუამბობ და მერე შევეკითხები, – რითი ვარ ჩემს მეგობარ მისტერ შექსპირზე ნაკლები დრამატურგი? (პაუზა).
ნეტავ, რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?!
(ჩაიხითხითებს).
(ძალიან ახლოდან ისმის ვერტმფრენის გუგუნი).
დასასრული
