Posts Tagged ‘ისტორიული მოთხრობა’
წინა ღამე
მიხო მოსულიშვილი
წინა ღამე
(დავითმეფური მოთხრობა)
“ილღაზი მამაცი და ილათიანი სარდალი გახლდათ, მაგრამ თუ სმას დაიწყებდა, მთელი თავისი ამპარტავნობიანად დაიმორჩილებდა ხოლმე ღვინო, რამდენიმე დღე გადაბმულად მთვრალი იყო და იმდენი ჭკუა აღარ რჩებოდა, რომ სულ უბრალო საკითხიც კი გადაეწყვიტა”.
იბნ ალ-ქალანისი
“ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისთვის და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით. და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტკიცე გულით სასტიკად შევუტიოთ მტერს, როცა იერიშის მოსატანად მოგვიახლოვდება”.
კანცლერი გოტიე
(დავით აღმაშენებლის სიტყვა თავისი ლაშქრისადმი დიდგორის ომის დაწყებამდე)
თვესა აგუსტოსა, ია-სა ღამესა, ქორონიკონსა სამას ორმოცდაერთსა დიდგორთან, ნიჩბისის ტყიანი ხეობის სათავეში, ორ მთას შუა დაბანაკებულ დავით მეფეს საკუთარ კარავში ეძინა, ხოლო სულიერი მოძღვარი მისი, იოანე ბერი საგანგებო მერხთან მიმჯდარიყო და ფარშევანგის ფრთით ხბოს ტყავის პერგამენტზე სთხზავდა ჟამთააღმწერლობას მეფეთ მეფისა დავითისასა.
გადაშლილი ფსალმუნთა წიგნი მკერდზე დარჩენოდა ორმოცდარვა წლის მხცითმოსილ მეფეს და ისეთი მშვიდი სახით ეძინა, თითქოსდა ხვალისთვის არ მოელოდა სელჯუკიანთა შეერთებულ ლაშქართან შებმას ნეჯმ ედ-დინ ილღააზი იბნ-ართუკის სარდლობით.
ჟამიდან ჟამზე გაჰკივლებდა ხოლმე ჭოტი, ისე კი გუშაგების ფეხის ხმა და ჭრიჭინების ჭრიჭინი მოისმოდა ყოველი მხრიდან. სხვაფრივ სიწყნარე იყო კარავში, თუ იოანე ბერის ფარშევანგის ფრთის წრიპინსა და სანთლის ალის პარპალს არ ჩავაგდებთ ანგარიშში.
და ერთხელაც, მეტისმეტი ტორტმანი რომ გამართა სანთლის ალმა, პერგამენტიდან თავი წამოსწია იოანემ, მძინარე მეფის წინ დაჩოქილი შავებიანი ფიგურა შენიშნა და სანამ დაიყვირებდა, ხმა შემოესმა:
– მწუხრი მშვიდობისა, ბერო.
გამართული ქართულით მეტყველებდა ღამის სტუმარი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა ჯერ კიდევ, ცოტაა ისეთი მტერი, ვისაც შენი დედაენა შეუსისხლხორცებია?
თანაც სტუმარს ერთიანად შავები მოსავს, მარტო თვალები უელავს საგანგებო ჭრილებიდან. ავად უელავს. ვაითუ მკვლელია?
– თუკი მეფის მოსაკლავად ხარ მოსრული, მე ეგ შავები ვერ შემაშინებს, – თქვა ბერმა იოანემ, წამოდგომის კვალდაკვალ ხანჯალი იძრო და უცნობისკენ დააპირა გაწევა.
– რა ხდება, მამა იოვანე! – გამოეღვიძა დავითს, წამოიწია საწოლიდან და მკერდზე შერჩენილი ხისყდიანი პერგამენტის წიგნი ძირს გადმოუვარდა.
დაჩოქილმა უცნობმა ავაზასავით ისკუპა და მიწაზე ჩამოვარდნამდე დაიჭირა წიგნი, ფაქიზად მოკეცა, კვლავ დაიჩოქა და ისე გაუწოდა მეფეს.
– მარდი ყოფილხარ, ღამის სტუმარო, – მეფემ ღიმილით ჩამოართვა წიგნი და ფრთხილად დადო ხურჯინზე, რომელიც ასეთივე წიგნებით იყო სავსე, – მადლი მომიხსენებია. ეგ ხანჯალი შეინახე, მამაო, – იოვანე ბერს მიმართა დავითმა, – ეს კაცი სამტროდ არ არის მოსული.
– მართალსა ბრძანებთ, მეფეო, – თავი მდაბლად დახარა უცნობმა.
– მაშ, მეფესთან პირშებურვილი როგორ ბედავ ლაპარაკს! – აღშფოთება ვეღარ დამალა იოანემ.
– უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ ამას! – თქვა უცნობმა და შეყოყმანდა, – თუმც მეფესთან არ ეგების სახის დამალვა…
მწუხრის სტუმარმა ხელის ერთი მოქნევით აიხადა შავი თავსაბურავი. პირწმინდად გადაპარსულ, ნახმლევებით გვარიანად დაღარულ თავზე სანთლის შუქი აუელვარდა. თითქოსდა თვალებში ცეცხლი ეკიდა, ისეთი მზერა ჰქონდა. წვერიც ჯვაროსანთა ყაიდაზე მოეშვა. თავსაბურავის მოხდისას შავი მოსასხამიც ჩამოუცურდა მხრიდან და ტამპლიერების ბოლოებგანერი და წითელი ჯვარი იხილეს მეფემ და ბერმა, რომელიც პერანგზე ჰქონდა ამოქარგული სტუმარს.
– ტამპლიერი ყოფილა, მეფეო! – შვებით ამოისუნთქა იოანემ.
– ჰო, – ჩაიცინა სტუმარმა, – იერუსალიმს ტამპლიერ რაინდად მიცნობენ, ოჟიე დე მარიონად…
– თუ ტამპლიერი ხარ, მაშინ ისევ ჰოსპიტალიერებზედ საჩივლელად იქნები მოსული… – უკვე გაბეზრებული, უსიამო ჩივილის კიდევ ერთხელ მოსასმენად დაფანჩული წარბები უსიამოდ შეჰკრა ბერმა. – ილღაზის ლაშქარმა მანგლისს უწია, მეწინავენი დიდგორს მოადგნენ. ხვალ ომია მოსალოდნელი და ესენი მაინც არ იშლიან შუღლობას ფხოველებივით…
– შენ არც ტაძრის რაინდი უნდა იყო, სტუმარო, – უთხრა მეფემ, – ასე იოლად აქ ვერავინ შემოიპარება, თუ არა საგანგებოდ მომზადებული და დახელოვნებული კაცი…
– სიმართლესა ბრძანებ, მეფეო, – გაიღიმა ტამპლიერმა და არც მეფის სულიერი მოძღვარი დატოვა უპასუხოდ, – ფხოველები კიდევ, მამაო იოანე, საომარ სამზადისად სთვლიან შუღლობას.
– და ვერც ასეთ კარგ ქართულს ვერ ისწავლიდი იმ ერთ წელიწადში, რაც აქ ჩამოგიყვანათ იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორემ. – რაღაცა იეჭვა იოანემ.
– მე მამაო, როგორც პატრონმა ბრძანა, არც ტამპლიერი ვარ… – მიუგო სტუმარმა.
– მაგას თავიდანვე მივხვდი, სტუმარო. – მიუგო მეფემ, – აკი გითხარი, ჩემს გუშაგებს ასე ჩუმად ვერავინ გამოეპარებოდა მეთქი…
– მაშ, ხაფჩახი ხარ? – კითხვა მოუნაცვლა ბერმა და თვითონვე უარჰყო საკუთარი შეკითხვა, – ხაფჩახებიც არ იარებიან შენსავით…
– მეფეო, – თავი დახარა სტუმარმა, – შენს მოსაკლავად ვარ მოგზავნილი.
– მოსაკლავადო? – გაოცდა ბერი იოანე.
– ამ დანის პირი, – სტუმარმა ელვისუმალ ამოიღო აქამდე უხილავი სარტყლიდან გაღუნული ბებუთი, – ასპიტის შხამით არის მოწამლული, პატრონო. საკმარისია უბრალო გაკაწვრა და მსხვერპლი ვეღარსად წაგივა.
– მაშ, შენ მულიდი ყოფილხარ! – შესძახა ბერმა იოანემ, – მაგრამ საიდან იცი ასე კარგად ქართული?
– მეფეო, – ბერის კითხვა ამჯერად უპასუხოდ დატოვა სტუმარმა, – შენს მოსაკლავად მარტო მე არ ვარ მოგზავნილი…
– კიდევ ვინ არის?
– მეფეო, ჩუხჩარხი იხმეთ, თავისი მსტოვრები წაიყვანოს და ჰოსპიტალიერი რაინდი ბერტრან დე პლესკიე მოაყვანინეთ თავის საჭურველთ მტვირთველიანად.
– ბერტრან დე პლესკიე! – გაიმეორა ბერმა იოანემ და კარვიდან ფეხგაჩქარებით გავიდა.
კარავში სიჩუმე ჩამოვარდა, რისხვით აღსავსე სიჩუმე.
– დაჯექი, სტუმარო! – უთხრა მეფემ, – დაჯექი და შენი ამბავი მიამბე… მე მგონი, შენ ქართველი უნდა იყო, თუმცა მულიდებსაც კარგად უნდა იცნობდე…
– მაგას თავის დროზე მოგახსენებ, პატრონო. – თავი დახარა სტუმარმა, მაგრამ დაჯდომა არც კი დაუპირებია. – იმას კი გეტყვი, რომ ორი დღის წინ თბილისელი მეთუნის სამოსში გადაცმული შენი სტუმარი ვიცანი…
– რომელი სტუმარი?
– ჰასსან იბნ-საბბაჰის მარჯვენა ხელი, კიია ბუზურგ უმმიდი. და მე უკვე ვხვდები, რას უნდა მოასწავებდეს ამ კაცის სტუმრობა მაშინ, როცა თურქთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, წესით და რიგით, ხვალ შეტევა უნდა დაიწყოს…
– მაინც რას?
– “მთის მოხუცი” თურქების მტერია და ნებისმიერი სარწმუნოების კაცს შეეკვრება მათ წინააღმდეგ. იბნ-საბბაჰისა და თქვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. კიია ბუზურგ უმმიდი იმიტომ გაახლათ, რომ თურქთა გაერთიანებული ლაშქრის მთავარსარდლის მიპარვით მოკვლას შემოგთავაზებდათ თავისი ყველაზე ძლიერი ფიდაების ხელით…
– ნეჯმ ედ-დინ ილღაზის მოკვლა მულიდების ხელით ამ დიდი ომის წინ ჩვენ ხელს არ გვაძლევს, ღამის სტუმარო.
– რატომ მეფეო?
– ილღაზი საკმაოდ გამოცდილი სარდალია და არცთუ უჭკუო მხედართმთავარი. სამი წლის წინ ათარიბის ციხის მახლობლად ილღაზის ლაშქარმა მუსრი გაავლო სირ როჟერის ჯვაროსნებს, ოც რაინდზე მეტი არ დაბრუნებულა ანტიოქიაში. მაგრამ ამ გამარჯვებამ ისე გაახარა ილღაზი, რომ ღვინის გადაბმული სმა გააჩაღა და ბოლომდე ვეღარ მიიყვანა თავისი გამარჯვება – იმის მაგივრად, რომ თავს დასხმოდა თითქმის დაუცველ ანტიოქიას, მხოლოდ ათარიბის და ზარდანის ციხეების აღებით დაკმაყოფილდა. მე წინდაწინ ვხვდები, აქ როგორ მოიქცევა – ქვეითებს და ცხენოსნებს როგორ გააწყობს ბრძოლის წინ… თუკი ილღაზს მულიდები მოკლავენ, მაშინ თურქების ლაშქარს ილღაზის სიძემ, დურბეიზ ინბ-სადაყამ უნდა უსარდლოს…
– დურბეიზიც ეთიოპიის, ბაღდადის, სპარსეთისა და ინდოეთის ლაშქრობებში სახელმოხვეჭილი სარდალია, მეფეო.
– არცთუ გონიერი კაცია და ჰაშიშს როცა მიეძალება, სულ ებინდება გონება. რას მოიმოქმედებს ბრძოლის წინ, ძნელი გამოსაცნობია.
– ეგეც მართალია…
გარედან ცხენის ფლოქვების ხმამ შემოაღწია, რომელიც თანდათან მოახლოვდა და კარვის მახლობლად შეწყდა, მხოლოდღა ნაჭენები ცხენების ფრუტუნი ისმოდა.
კარავში ჯერ გახარებული ბერი იოანე შემოვიდა, უკან ჩუხჩარხი გიორგი გიშელი მოჰყვებოდა.
– წილკნელი და ჭერმელი ეპისკოპოსები მოვიდნენ ჭყონდიდელთან, – თქვა ბერმა, – იუწყებიან, მთელი ჩვენი ლაშქარი ნაზიარები არისაო!
– დიდება უფალს, – პირჯვარი ისახა დავითმა, – მხოლოდ მისი შემწეობის იმდად ვარ…
– ამინ! – მიუგო იოანემ და იმანაც პირჯვარი ისახა.
– ამინ! – გაიმეორეს სხვებმაც, აბდ ულ მასლავის გარდა.
მეფემ შეამჩნია, რომ ცრუ-ტამპლიერმაც კათოლიკებივით უკუღმა კი არა, მართლმადიდებლურად გადაიწერა ჯვარი.
– აბა, შენ რაღას გვეტყვი, ჩემო გიორგი?
– ამირახორი გეახლათ, მეფეო! – მიუგო ცუხრაცხმა გიორგი გიშელმა, – ოცდაათი საპალნე კარდანახული წარაფის ღვინო ილღაზის მეომრებმა უკვე წაართვეს ჩვენს ვაჭრებს…
– ვნახოთ, გიორგი, როგორ მოგვიწონებს ილღაზი კარდანახულ ღვინოს, – გაუღიმა მეფემ.
– წარაფის ღვინო ვის დაუწუნია, რომ იმან დაგვიწუნოს? – გაეღიმა გიორგი გიშელსაც, – თანაც ათიოდე საპალნე ხაშმური “დევის სისხლიც” დავურთეთ – იქნება წითელი ღვინო უფრორე ესიამოვნოსაო…
– ვნახოთ, ვნახოთ… ეგ ხაშმური ღვინოც კარგად მოგიფიქრებიათ!
– ჰო, მართლა, კინაღამ გულიდან გადამვარდა, პატრონო… ჰოსპიტალიერი რაინდი ბერტრან დე პლესკიე გეახლათ, თავის საჭურველთმტვირთველიანად.
– შემოვიდეს!
გიორგი გიშელმა კარვის კალთა გადაწია და ხელით ანიშნა მობრძანება ჰოსპიტალიერ რაინდს.
კარავში აბჯარში გამოწყობილი ბერტრან დე პლესკიე შემოვიდა, მკერდზე ჰოსპიტალიერების რვაბოლოიანი თეთრი ჯვარი ჰქონდა ამოქარგული. უკან უბრალო სამოსიანი საჭურველთმტვირთველი შემოჰყვა.
– ოჰო, ისევ ჩვენზე საჩივლელად მოსულან ტამპლიერები, – ჩაიცინა ბერტრან დე პლესკიემ და სწორედ მისნაირი აგდებული სიცილი გაატყუპისცალა მისმა მსახურმაც.
– რაო, გიორგი, – ჩუხჩარხს დაეკითხა მეფე, – რა თქვა ამ პოსპიტალიერმა?
– ისევ გვიჩივიან ჰოსპიტალიერებიო, – უთარგმნა ფრანკთა ენაში ჯვაროსნული ომებისას დახელოვნებულმა გიორგი გიშელმა.
– Non nobis, Domine, non nobis,
Sed nomini tuo da gloriam. – თხასავის აკიკინდა სირ პლესკიეს მსახური – ტამპლიერების ჰიმნს მღეროდა დაცინვით.
ამის გაგონებაზე ბერტრან დე პლესკიემ გადაიხარხარა.
გიორგი გიშელმა უმალ განმარტა:
– “არა ჩვენ, უფალო, არა ჩვენ,
არამედ შენს სახელს მივცეთ დიდება” – ეს ტამპლიერების ჰიმნია, პატრონო, და სირ პლესკიეს მსახური ტამპლიერებს დასცინის.
– ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების ქიშპობა მე არ მაინტერესებს, შიბლ ალ-დულა ნასრი! – ჰოსპიტალიერის საჭურველთმტვითველს მიმართა ოჟიე დე მარიონმა, სწრაფად მიუახლოვდა სირ პლესკიეს მსახურს, პერანგი შემოახია და მის მკერდზე ამოშანთული ტანმოხატული და უკან მაცქერალი ვეფხვი დაანახა მეფეს.
– მულიდების ნიშანი! – შეჰყვირა გიორგი გიშელმა და ვიდრე მხილებული მულიდი განძრევას მოასწრებდა, მხარიღლივ ჩაკვეთა სირ პლესკიეს საჭურველთმტვირთველი და ხმლის წვერი მიწას უწვდინა. ამ დროს იოანე ბერი გადაეფარა წიგნებით სავსე ხურჯინს, რომ სისხლით არ დასვრილიყო.
– ოჰ, შაითან! – არაბულად და დანანებით ალაპარაკდა სირ პლესკიე, ხელებით იწმენნდდა მსახურის სისხლით მოსვრილ სახეს, – მაშ, გვიღალატე, შაითანო?
– მულიდებს მაშინ ვუღალატეთ, როცა დავით მეფის მოსაკლავად გამოგვაგზავნეს! – თქვა ტამპლიერმა. – შენც მულიდი ხარ და არა ჰოსპიტალიერი!
გიორგი გიშელმა მხლებლებს ანიშნა და იმათაც მყისვე ხელები გაუკრეს ცრუ ჰოსპიტალიერს, მერე კი შუაგაკვეთილი ფიდაის გვამი სახელდახელოდ გაიტანეს მეფის კარვიდან.
ბერმა იოანემ ხანჯალი იძრო, სირ პლესკიეს აბჯარი გადააძრო, მკერდთან გაუჭრა რვაბოლიანი თეთრი ჯვრით დაქარგული პერანგი და იმასაც სწორედ თავისი საჭურველთმტვირთველის მაგვარი ვეფხვი ჰქონდა ამოშანთული.
– დიახ, მეფეო, ეს კაცი ჰოსპიტალიერი რაინდი ბერტრან დე პლესკიე კი არა, აბდ ულ მასლავია. ჩემს მოთვალთვალედ გამოგზავნილი, მე თუ ხელი მომეცარებოდა, მაშინ ამას უნდა ეცადა შენი მოკვლა. ასეთი იყო დიარბექირის მულიდების წინამდგომის, ბენ სალიჰ ას-სინანის დავალება.
– შენ ჯოჯოხეთში მოხვდები, რაშიდ იბნ-ვალად! – დაიგმინა მხილებულმა ფიდაიმ.
– მართალს ამბობს, მეფეო! – გაიღიმა ცრუ ტამპლიერმა. – მე ოჟიე დე მარიონი კი არა, რაშიდ იბნ-ვალადი ვარ ამათებურად.
– ოხხ, მუხანათო რაშიდ იბნ-ვალად, ჩვენი შურისძიება არ აგცდება! – გმინავდა აბდ ულ მასლავი. – შაითნები მოგელიან ჯოჯოხეთში და შენს სატანჯველად ემზადებიან. რაშიდ იბნ-ვალად, მეგობრად გთვლიდი! ასპიტთან მიმეგობრია მთელი ეს წლები…
– აბდ ულ მასლავ, მე კიია ბუზურგ უმმიდს ველაპარაკე…
– კიიას სად ნახავდი, შაითანო!
– “მთის მოხუცმა” აახლა დავით მეფეს.
– ცრუობ!
– არა, არ ვცრუობ… აბდ ულ მასლავ, გვინღაა გაკვირვების თითზე კბენანი, შენ გეგონა სამოთხეში ჰურიები და ღვინის მდინარეები გელოდებოდა – ჰასან იბნ-საბბაჰის “სამოთხე” აღარ იქნება…
– შენისთანა მოღალატის წყალობით, შაითანო! – დაიგმინა გათოკილმა.
– მეფეო, ამ ათიოდე წლის წინათ ყაზვინში გავიცანი კიია ბუზურგ უმმიდი და ეს კაცი…
– ო, ალლაჰ, რატომ ის დღე არ დაიქცა, მედუქნეს რომ ხელიდან გამოგტაცეთ მე და კიიამ!
– ყაზვინს რომ ჩავედი, ფული აღარ მქონდა, მეფეო. – გაიღიმა რაშიდმა, – არადა, შიმშილით კუჭი მიხმებოდა. ერთ დუქანში შევედი, კარგი საჭმელი შევუკვეთე, გემრიელად ვჭამე და მერე, რაკი მედუქნე მიხვდა, რომ ფულის გადამხდელი არ ვიყავი, ცემა დამიპირა. ამან და კიიამ მიხსნეს – გაავებული მედუქნის ხელიდან წამგლიჯეს და გავიქეცით. იმ დღეს გაირკვა, რომ სამივეს ერთი გეზი გვქონდა – თურმე სამივე ალამუთისკენ მივდიოდით… არადა, ყაზვინიდან ალამუთამდე კიდევ კაი ხნის სავალი იყო. ავდიოდით მწვანე გორებზე, კაკლის კორომებით რომ იყო დაფარული. მერე თოვლიან მწვერვალებზე, სულ მაღლა და მაღლა. სწორედ აქ არჩიეს თავისუფლად ცხოვრება ისმაილიტებმა – ცის სილურჯეში, მთის სისუფთავეში, სადაც არწივები ტრიალებენ და მუდმივი თოვლის სამეფოა. დიახ, მეფეო, ელ-ბურზას მარადთოვლიან მწვერვალები ამ მხარეს აშორებენ ამქვეყნიურ პირობითობათა სამყაროს. გზა რთული იყო, ვიწრო ბილიკი ადიოდა ზემოთ, ჩამოდიოდა ქვემოთ, ისევ ადიოდა მაღლა. მთის სოფელი დაშტი რომ გავიარეთ, შიმშილისგან ძლივსღა ვადგამდით ნაბიჯებს. მერე სოფელ ზარობადს რომ მივატანეთ, ერთი ღვთისნიერი დედაბერი შემოგვხვდა, ხმიადი და ყველი გამოგვიტანა თავისი პატარა სახლიდან, სულის მოთქმის საშუალება მოგვცა. იმავე დედაბერმა გვაჩვენა ჰასაბ იბნ-საბბაჰის მთა – მეიმონდეში. ამ მთაზე ბევრი თოვლი არ იცის. აქ არის მზიანი, თოვლის სურნელიანი ალამუთის ჰაერი. გავიარეთ ჩქაფუნა მთის მდინარეზე გადებული ხიდი, მდინარის ორივე ნაპირებზე სანთლებივით ენთო ალვის ხეები. მთის ფერდობებზე ცხვარი სძოვდა და თუ მივუახლოვდებოდით, ავი, ყურებდაჭრილი ქოფაკები გამოგვედევნებოდნენ ხოლმე.
– ნეტავ მაშინვე მომეკალი! – გმინავდა გამჟღავნებული მულიდი.
– სულ მაღლა და მაღლა მივდიოდით და მალე გული გამალებით აგვიძგერდა – ალამუთის, იგივე “არწივის ბუდის” ქონგურები გამოჩნდა. ასევე მოჩანდა თიხითა და ლოდებით ამოშენებულ კედლებში დატანებული ფანჯრები. ციხიდან ჩამომავალ ფერდობზე ამოკვეთილი იყო ძნელად სავალი საფეხურები, რომლებზეც თოვლი იკდებს ფეხს, მერე დღისით მზე ადნობს და გუბეებია საფეხურებში. ღამით ეს გუბეები იყინება და მეორე დილას ყინულის ენებია გამოყოფილი საფეხურებად. თუმცა, როგორც ზარობადელმა დედაბერმა გვითხრა, ციხის შიგნით არის თურმე კიბე, რომელიც საიდუმლო ხვრელით გამოდის გარეთ.
ზარობადელმა დედაბერმა ისიც გვიამბო, რომ ბევრი ალაგი მოიარა თურმე ჰასან იბნ-საბბაჰმა და ბოლოს, ალამუთის მთებში ერთი კაცი ნახა, ზურგზე მძიმე ტომარა ეკიდა. კაი ხანს ელაპარაკა იმ კაცს, მაგრამ იმას ტომარა ზურგიდან არ ჩამოუღია. და მიხვდა საბბაჰი, რომ აქ უნდა ექადაგა, რადგან მთის ხალხი ალალია. და იმ დედაბერმა ალალადვე გვითხრა, ჰასან იბნ-საბბაჰი რომ არ იყოს, ყველა ჩვენ სპარსულად კი არა, თურქულად ვილაპარაკებდით და მშობლიურ ენას დავკარგავდითო… ხომ მართალს ვამბობ, აბდ ულ მასლავ?
– წყეულო მოღალატევ, ძალაგამოლეულს მე და კიია მიგათრევდით ბოლოს, როცა ციხის კარიბჭეს ვუახლოვდებოდით! ნეტავ უფსკრულში გადამეგდე მაშინ!
– ციხის დიდ კარიბჭეზე, მეფეო, ბრინჯაოს ფირფიტაა დამაგრებული, სადაც სპარსულად არის ამოტვიფრული: “ნიზამ ალ-მულკი – ბუ ტაჰირ არრანი”.
– ნიზამ ალ-მულკი – სელჯუკების დიდი ვეზირი რომ იყო და სწორედ ბუ ტაჰირ არრანიმ მოკლა ბაღში სეირნობისას. – აღნიშნა მეფემ.
– მართალს ბრძანებთ, პატრონო.
– და დიდი ვეზირის მკვლელობის მერე ეს ჩვეულება დაამკვიდრა შეიხ ალ-ჯაბალმა, იგივე ჰასან იბნ-საბბაჰმა, იგივე “მთის მოხუცმა” – ალამუთის შესასვლელ კარიბჭეზე მიმაგრებულ სპილენძის ფირფიტაზე უნდა ამოიკვეთოს მსხვერპლისა და მისი მკვლელის გვარები… მივაღწიეთ ამ ადგილს და გაგვიხარდა, ახლა კი მიგვიღებენ მულიდების სასწავლებელშიო, მაგრამ მთავარი წვალება თურმე ახლა იწყებოდა. კარიბჭის წინ ისხდნენ მულიდებად გახომის მსურველები – ხუთასამდე ახალგაზრდა. ისხდნენ თოვაში, ისხდნენ დღე და ღამ, ელოდებოდნენ, როდის ინებებდა შეიხ ალ-ჯაბალი მათ მიღებას შიდა ციხეში. ასე ვისხედით ჩვენც. ციხიდან დრო და დრო ნამდვილი მულიდები გამოდიოდნენ, ჯერ გვეტყოდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეგვეძლო ავმდგარიყავით და საკუთარ გზას ვწეოდით, მერე კი მათრახებს მოიმარჯვებდნენ და დაუნდობლად გვცემდნენ. კიია უფრო გონიერი იყო ჩვენს შორის და ის მიხვდა, რომ ამით ახალმოსულებს გვამოწმებდნენ, თუ რამდენად ძალიან გვინდოდა მულიდად გახდომა და სწორედ კიიამ გაგაჩერა შენ, აბდ ულ მასლავ, როცა უნდა წასულიყავი.
– ნეტავ არ გავეჩერებინე, რაშიდ იბნ-ვალად! ნეტავი!
– ბოლოს იმ უამრავი ხალხიდან მხოლოდ ოცდაათი კაცი შეგვარჩიეს და ციხის შიდა ეზოში შეგვიყვანეს. იქ რამდენიმე დღე მშივრები ვისხედით ქვის ცივ იატაკზე, საჭმლის ნარჩენებს მოგვიყრიდნენ და გვაცდევინებდნენ თოვაში, აბა, დაელოდეთ, როდის შემოგვთავაზებთ იბნ საბბაჰი სახლში შესვლასო. არც იმის გამეორება ავიწყდებოდათ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ავმდგარიყავით და გზისთვის ბარაქა დაგვეყარა. და შვიდი დღის შემდეგ, როცა იმ ოცდაათი კაციდან თხუთმეტიღა დავრჩით, სულ სხვა მულიდები გამოვიდნენ, შვიდი კაცი შეგვარჩიეს და სახლში შეგვთავაზეს შესვლა. კიიაც, შენც და მეც იმ შვიდ კაცში მოვხვდით, აბდ ულ მასლავ!
– დაიქცეს ის დღე!
– ჩვენთვის სულ სხვა ცხოვრების კარი გაიღო. თავად “მთის მოხუცი” შეგვხვდა და გვითხრა, რომ ამიერიდან ყოველგვარი კავშირი უნდა გავწყვიტოთ ოჯახებთან, უნდა უარვყოთ სიმდიდრე, რადგან ფუფუნებაში ყოველგვარი აზრი იკარგება. მე თავად ალლაჰის დასმული ვარ აქაო და მისი ღვთიური ნების განმცხადებელიო, ამიერიდან თქვენი სიცოცხლე მე მეკუთვნისაო, და თქვენ სახლში კი არ იმყოფებით, არამედ პიველი საფეხურის ტაძარში სამოთხისაკენ მიმავალ გზაზედაო. ოღონდო, ესეც დასძინა, სამოთხე ხმლების ჩრდილში იმალებაო… აბდ ულ მასლავ, ჩვენ მაშინ ვერ მივხვდით, თუ რას გულისხმობდა “მთის მოხუცი” ამ სიტყვებში, მაგრამ მერე და მერე, როცა ფიდაინებად გვამზადებდნენ, ცხადი გახდა ყველაფერი. და სხვათა შორის, შენ და კიიას თუ გჯეროდათ “მთის მოხუცის” ნალაპარაკები, მე ეჭვით ვუყურებდი ყველაფერს და ბევრ რამესაც მივხვდი…
– რას მიხვდი, უბედურო? რას?
– ჩვენ ჰაშიშით დაგვათრობდნენ და მძინარეები გადავყავდით გასაიდუმლოებულ დარბაზში, ანუ “სამოთხის ბაღში”, სადაც ღვინის მდინარეები, უგემრიელესი საჭმელები და ლამაზი ქალწულების ალერსი იყო. შემოგვერტყმებოდნენ, გვეფერებოდნენ, ჰურიებად ასაღებდნენ თავს, არადა ისინიც ჰაშიშით იყვნენ მთვრალები. ჩვენ, მომავალ მკვლელებს, გვეჩურჩულებოდნენ, რომ იქ დაბრუნება შეგვიძლია, თუკი ურჯულოებთან ომში მოვკვდებოდით…
– შენ რა იცი, რომ ის მშვენიერი ქალები ჰურიები არ იყვნენ, წყეულო მოღალატევ? – იფეთქა აბდ ულ მასლავმა.
– მე იმათი მოწვდილი ჰაშიში არ დამილევია, ჩუმად გადავღვარე და თავი მოვიმძნარე, აბდ ულ! ჩემი და ჩემი წინაპრების სასმელი ჰაშიში კი არა, ღვინო იყო!
– მაშ, შენ წყეული გიაური ხარ?
– ვარ და სწორედ ამიტომ გავიგე, რომ იმნაირი სამოთხე, ალამუთში რომ ჰქონდა ჰასან იბნ-საბბაჰს, არ არსებობს… და მეფეო, ცოტა ხნის მერე ისევ გვაძლევდნენ ალამუთურ ჰაშიშიან ღვინოს და როგორც კი დავიძინებდით, ისევ უკან გადაგვიტანდნენ, ჩვენს საცხოვრებელში. ჩვენ, გაღვიძებულებს მართლა გვწამდა, რომ ნამდვილ სამოთხეში ვიყავით. გამოფხიზლებისთანავე რეალური სამყარო ჩვენთვის აზრს ჰკარგავდა. ყველა ჩვენი ოცნება, იმედი, აზრი ექვემდებარებოდა ერთადერთ სურვილს, – კიდევ მოვხვედრილიყავით “სამოთხის ბაღში”, იმ ქალწულებთან, უგემრიელეს საჭმელებთან და ღვინის მდინარეებთან.
– ტყუილია! – შეჰყვირა აბდ ულ მასლავმა. – ის მართლა სამოთხე იყო, ურჯულოვ!
– აი, მეფეო, ამას ახლაც სჯერა იმ ცრუ-სამოთხისა! – ჩაიცინა რაშიდ იბნ-ვალადმა.
– რა დროს ესენია, მეფეო! – თავისი აღშფოთება ვეღარ დამალა ბერმა იოანემ, – ხვალ ომი უნდა იყოს, დასვენება გვინდა!
– არა, მამაო იოანე! განაგრძე, ღამის სტუმარო, საინტერესოს ჰყვები! – გაამხნევა მეფემ.
– ჰასან იბნ-საბბაჰი თავს ლამის წინასწარმეტყველად აცხადებს, მულიდებისთვის ალლაჰის დასმული არის და სწორედ ალლაჰის ღვთიური ნების განმცხადებელია. “მთის მოხუცი” შთაგვაგონებდა, რომ ჩვენ შეგვეძლო სამოთხეში მოხვედრა, თანაც განსაწმენდელის გავლის გარეშე, ოღონდ ერთი პირობით – მომკვდარიყავით მისი ბრძანებით. და გამუდმებით გვიმეორებდა, რომ სამოთხე ხმლების ჩრდილში იმალება. და ჩვენც არ გვეშინოდა სიკვდილის, პირიქით, გვინდოდა, ძალიან გვინდოდა სიკვდილი, რადგან სწორედ სიკვდილი გვაგონებდა დიდხანს ნალოდინარ სამოთხეს.
– ურჯულოს ჩვენი არაფერი სჯერა!
– ალამუთის ციხე-სიმაგრის ერთ ჩაკეტილ დარბაზში ქვის იატაკია, იმ იატაკში ფარული ორმოა, ხოლო ორმოს თავზე დაყენებულია სპილეძის დიდი ლანგარი შუაში ამოჭრილი წრით. იბნ-საბბაჰის ბრძანებით ერთი წინასწარდარიგებული მულიდი იმალებოდა ორმოში და თავს ამოჰყოფდა სპილენძის ლანგარის ამოჭრილ სიმრგვალეში. ის წრე ისე ინიღბებოდა, რომ მნახველს ჰგონებოდა, რომ თითქოს ლანგარზე მოკვეთილი თავი ასვენია. მერე იმ დარბაზში ჩვენ მოგვიყვანდნენ “მოჭრილი თავის” საჩვენებლად. და მოულოდნელად სიბნელიდან გამოდიოდა თავად “მთის მოხუცი”, ხელების ჯადოსნურ ქნევას მოჰყვებოდა და გაუგებარ, ამსოფლის გაღმითა ენაზე ბუტბუტებდა საიდუმლო შელოცვებს. ამის მერე “მკვდარი თავი” თვალებს გაახელდა და ლაპარაკს იწყებდა. იბნ-საბბაჰი და ჩვენც, აბდ ულ მასლავ, ვეკითხებოდით სამოთხეზე. ის მოლაპარაკე თავი კიდევ ძალიან იმედიან პასუხებს გვაძლევდა. ხომ ასე იყო, აბდ ულ?
– ვაი, რომ იყო, ეს ყველაფერი იყო.
– ამის მერე, როცა იმ დარბაზიდან გამოგვისტუმრებდნენ, იმ მოლაპარაკე თავს ორმოდან ამოიყვანდნენ და მართლა მოსჭრიდნენ თავს. მეორე დღეს ყველას დასანახად გამოჰფენდნენ იმ საწყალი ფიდაის მოკვეთილ თავს ალამუთის კარიბჭეზე.
– ის თავი მართლა ლაპარაკობდა, გიაურო!
– შეიხ ალ-ჯაბალი მთელს ქვეყანაზე აგზავნის თავის მოქადაგეებს ყველანაირი წიგნების ჩამოსატანად, ამასთან მათ ავალებს, რომ თავისი მსგავსი ორეულები მოეძებნონ და ალამუთში ჩამოუყვანონ. “მთის მოხუცს” რამდენიმე ორეული ჰყავს. ჰოდა, დიდი კოცონის გარშემო შემოკრებილი ფიდაების თვალწინ ჰაშიშით გონდაბინდული რომელიმე ცრუ ჰასან იბნ-საბბაჰი გამოგვიცხადებდა, რომ ის ახლა ცაში ავიდოდა ალლაჰთან სათათბიროდ და იმ მოგიზგიზე კოცონში ღიმილით შედიოდა. როგორი იყო ჩვენი გაკვირვება, როცა მეორე დღეს სრულიად ჯანმრთელი “მთის მოხუცი” წარმოგვიდგებოდა და ალლაჰთან თათბირის ზოგიერთ მხარეს ახდიდა იდუმალების ფარდას!
– ის მართლა ეთათბირებოდა ალლაჰს, მართლა! – დაიკვნესა აბდ ულ მასლავმა.
– და ჩვენ უკვე ისე გვჯეროდა “მთის მოხუცისა”, რომ საკმარისი იყო ერთი ენიშნებინა, რომ მზად ვიყავით უფსკრულში გადავმხტარიყავით.
– მე ახლაც მზად ვარ, გიაურო!
– მარტო ეს იყო თქვენი მომზადება? – დაინტერესდა გიორგი გიშელი.
– არა, რა თქმა უნდა. ჩვენ დიდ დროს ვატარებდით გადამღლელ ვარჯიშში. ჩვენ მოვალე ვიყავით დავუფლებოდით იარაღის ყველა სახეობას: ზუსტად გვესროლა მშვილდიდან, რაშიც კიია ბუზურგ უმმიდს ტოლი არა ჰყავდა. კარგად გვეხმალავა და მიზანში გვესროლა დანები, რაშიც მე ვერავინ მჯობდა.
– ეს ერთადერთი სიმართლეა, ურჯულოვ, რაც დღეს თქვი!
– მე სულ სიმართლეს ვლაპარაკობ, აბდ ულ მასლავ! ჩვენ უნდა გვესწავლა შიშველი ხელებით შეიარაღებულ მტერთან ბრძოლა, რაშიც ჩინელი მასწავლებლები გვავარჯიშებდნენ.
– კიდევ რას გასწავლიდნენ? – დაინტერესდა მეფე.
– მოთმინება და ნებისყოფა რომ გამოგვემუშავებინა, საათობით უნდა ვმსხდარიყავით ნეხვის წუმპეში, ანდა უმოძრაოდ ვმდგარიყავით ციხე-სიმაგრის კედელს მიყრდნობილები. თითოეულ ფიდაის ამზადებდნენ მკაცრად განსაზღვრული ქვეყნისათვის – მე და შენ, აბდ ულ, ფრანკთა ენას გვასწავლიდნენ, რადგან ჯვაროსნებში უნდა გვემუშავა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სახიობას – სხვად გადაქცევის ნიჭი მულიდებში არანაკლებ ფასობს, ვიდრე საბრძოლო ჩვევები. ჩვენ შეგვეძლო შევცვლილიყავით ისე, რომ ვეღარ გვიცნობდით. გადავიქცეოდით მოხეტიალე ცირკის დასად, ქრისტიანული ორდენის ბერებად, ექიმებად, დერვიშებად, აღმოსავლელ ვაჭრებად, ანდა ადგილობრივ ხელოსნებად. ასე ვაღწევდით მტრის ბუნაგში “მთის მოხუცისგან” მითითებული მსხვერპლის მოსაკლავად. და როგორც წესი, ჰასან იბნ-საბბაჰის განაჩენის აღსრულების შემდეგ ჩვენ არც კი ვცდილობდით დანაშაულის ადგილიდან მიმალვას, მზად ვიყავით სიკვდილისთვის, ანდა თავადვე ვიკლავდით თავს. ჯალათის ხელში ჩავარდნილი მთის ციხე-სიმაგრის კაცები წამების დროსაც ცდილობდნენ გაეღიმათ, ან მომღიმარე სახე შეენარჩუნებინათ.
– შენ როგორც ამბობ, – მოლაპარაკეს მიმართა მეფემ, – ათი წელია მულიდი ხარ. აქამდე როგორ გადარჩი?
– მე და ეს კაცი სირიის მთებში გაგვაგზავნეს ჯერ, დიარბექირის მხარეს. მერე იქიდან ჯვაროსნებში შევიპარეთ. აბდ ულ მასლავი ჰოსპიტალიერი გახდა, მე კიდევ ტამპლიერი. რამდენიმე მკვლელობა ჩავიდინეთ კიდეც, მაგრამ მერე “მთის მოხუცს” უბრძანებია, ამ ჯვაროსნებს ვერ გავუგე ვერაფერიო, ერთ მაგისტრს მოვკლავთ, მაშინვე მეორეს აირჩევენო, მაგათთან მიპარვით მოკვლას აზრი არა აქვსაო. ჰოდა, ვიყავით ესე.
– მეფეო, როგორც ჩემი ხალხი მაცნობებს, – თქვა გიორგი გიშელმა, – იბნ-საბბაჰის ისმაილიტებს აქვთ მკაცრი წყობა. ყველაზე ქვემოთ არიან რიგირთი წევრები – ფიდაები – სასიკვდილო განაჩენის აღმასრულებლები. ესენი მოქმედებენ ბრმა მორჩილებით და თუკი შეძლებენ იცოცხლონ რამდენიმე წელიწადი, დააწინაურებენ “რაფიკად”, ანუ უფროს რიგითად. ამის შემდეგ მოდის “დაი”, ანუ მოქადაგე. ამათი საშუალებით გადაეცემა ფიდაებს “მთის მოხუცის” ნება. თუ კიდევ დაწინაურდებიან, შეიძლება გახდნენ “დაი ალ-კიბალი”, რომლებიც ემორჩილებიან გარეშე თვალისაგან დაფარულ, იდუმალ შეიხ ალ-ჯაბალს, ანუ თავად “მთის მოხუცს” – ალამუთის ისმაილიტთა სახელმწიფოს მბრძანებელს.
– შენი ამასწინანდელი სტუმარი, კიია ბუზურგ უმმიდი სწორედ დაი ალ-კიბალია, მეფეო, – თქვა რაშიდ იბნ-ვალადმა, – ჰასან იბნ-საბბაჰის მარჯვენა ხელი. ეს კი, – აბდ ულ მასლავზე მიათითა, – რაფიკი არის. მე კი დაი გახლავართ.
– ამასთან, მეფეო, – განაგრძო ჩუხჩარხმა გიორგი გიშელმა, – “მთის მოხუცის” ორდენის შიდა აგებულება დაკავშირებულია განდობილობის სხვადასხვა ხარისხზე. განდობილობის ყოველი მომდევნო საფეხური სულ უფრო მეტად სცილდება ისლამურ დოგმებს და პოლიტიკურ შეფერილობას ღებულობს. განდობილობის უმარლეს საფეხურს საერთო აღარაფერი აქვს რწმენასთან. ამ ხარისხზე ისეთი მცნებები, როგორიც არის “წმინდა მიზანი”, “წმინდა ომი” სულ სხვა, განსხვავებულ აზრს ღებულობს. შესაძლო არის ღვინის სმა, ისლამური კანონების დარღვევა, შეიძლება დაეჭვდე წინასწარმეტყველ მუჰამმედის წმინდანობაში და ისე მიიღო მისი ცხოვრება, როგორც ჭკუის სასწავლი ლეგენდა-ზღაპარი. აქედან კი დასკვნა, რომ მულიდების რწმენა ქვემდგომებისთვის არის მოგონილი, ზემდგომები კი მხოლოდ პოლიტიკური ამოცანების თავისებურად გადაწყვეტით არიან დაკავებულნი.
– ესე იგი, მულიდები ურწმუნოები ყოფილან, – დაასკვნა მეფემ, – და ურწმუნოებაზე საშიში არაფერია.
– ნამდვილი მუსულმანები ამბობენ, რომ ისმაილიტები მწვალებლები არიან, უზნეო შეხედულებები აქვთ. იმასაც ამბობენ, რომ ეს სექტა შეიქმნა ებრაელი ჯადოქრების მიერ. ეს ორდენი ამოფარებულია ისლამის ნიღაბს და სინამდვილეში ისლამის მტერია მის შიგნითვე. ეს არის შეთქმულება, დაფუძნებული ისლამურ რწმენაზე და მოწოდებულია დაანგრიოს ისლამი შიგნიდან, – თქვა გიორგი გიშელმა. – ისმაილიტები თვლიან, რომ ყურანი და მასზე დაფუძნებული კანონები ისეთი ნაწერებია, რომლებსაც ღია მნიშვნელობასთან (“ზახირ”) ერთად, გააჩნიათ შინაგანი, ანუ სულიერი სინამდვილე (“ხაკიკა”), რომელიც არ ჩანს ზედაპირზე, დაფარულია (“ბატინ”). და თუკი “ზახირ” – წინასწარმეტყველის გამოცხადებული კანონები დროდადრო იცვლება, უცვლელი და მარადიული არის “ბატინ” – “ხაკიკას” სულიერი ჭეშმარიტებები.
დაფარული საიდუმლო შეიძლება გაიხსნას “ტავილის” ხერხით – ეს არის “ბატინის” გამოცალკევება “ზახირისგან” – ესე იგი, შინაგანის გამოყოფა გარეგნულიდან. აქედან მოდის ისმაილიტების კიდევ ერთი სახელი “ბატინიია”. ესაა ისმაილიტების ცენტრალური დოგმა. ისმაილიტები ასწავლიან, რომ მარადიული ჭეშმარიტება (“ხაკიკ”), რომელიც დაფარულია “ბატინში”, არის ჭეშმარიტი გზავნილი, რომელიც საერთოა ყველა ერთღმერთიანი სარწმუნოებისთვის.
– სწორედ ჩვენი მიბაძვით შექმნეს, მეფეო, ტამპლიერების და ჰოსპიტალიერების ორდენები ფრანკმა ჯვაროსნებმა, – დასძინა რაშიდ იბნ-ვალადმა.
– მაშინ ევროპაშიც გავრცელდება მულიდების სწავლება და დრო-ჟამის გასვლის კვალობაზე უფრო და უფრო საშიში გახდება… – თქვა მეფემ, – ასე მოხდება, ალბათ… მაგრამ მე არა მგონია, ჰასან იბნ-საბბაჰს ჩემი მოკვლა დაევალებინოს თავისი ფიდაებისთვის. “მთის მოხუცი” თურქებს ებრძვის და ჩვენი მოკავშირეობა უფრო ხელს აძლევს ამჟამად, ვიდრე მტრობა.
– თავისი მარჯვენა ხელიც იმიტომ გვაახლა და ილღაზის მოკვლა შემოგვთავაზა… – შენიშნა ბერმა იოანემ.
– ჩვენ სირიის მულიდების ბელადის, ბენ სალიჰ ას-სინანის დავალება გვაქვს, მეფეო. – მიუგო ცრუ-ტამპლიერმა.
– მერედა, დიარბექირის მთების ბელადი არ ემორჩილება ალამუთის მბრძანებელს? – გაიკვირვა გიორგი გიშელმა.
– როცა გაერთიანებული თურქული ლაშქრის სარდლად დანიშნა სულტანმა ნეჯმ ედ-დინ ილ-ღაზი, ამ უკანასკნელმა თავისთან მოლაშქრე სარდლები შეკრიბა – დურბეიზ იბნ-სადაყა, ევფრატის ქალაქ ჰილას მბრძანებელი, რომელსაც ცოლად ჰყავს ილღაზის ქალი – გუჰარ-ხათუნი; თოღრულ იბნ-მუჰამმედი, ყაზვინის, ზენჯანის და გილანის ამირა; თუღან არსლან კუზიანი, ბილთისის და არზანის ამირა; ქენ-თოღდი – განძის ათაბაგი; ასევე სომხეთის ამირები… თათბირს ესწრებოდნენ განძელ-ტფილელ-დმანელი ვაჭრებიც. ამ თათბირის მერე ოცდაათი საპალნე აქლემით ოცდაათი ათასი დინარი გაუგზავნა სირიის მულიდების ბელად ბენ სალიჰ ას-სინანს დაირბექირის მთებში. თან მისწერა, ოცდაათ ამგვარ აქლემს კიდევ გაახლებთ, თუკი გიურჯისტანის უსჯულო დაუდ მეფეს თავის წინაპრებთან გააგზავნიო. ამდენი ფულის ელვარებამ გონების თვალი მოსჭრა ას-სინანს, შეკვეთა ისე აიღო, რომ არაფერი უცნობებია ალამუთის მბრძანებლისათვის. ეს კი გამოუსწორებელი შეცდომაა, ჩემო აბდ ულ მასლავ! – გათოკილ მულიდს მიმართა რაშიდ იბნ-ვალადმა, – მე უკვე ყველაფერი ვაცნობე კიია ბუზურგ უმმიდს, რომელიც “მთის მოხუცამდე” მიიტანს ამ ამბავს და ას-სინანის მოკვლა მხოლოდ დროის ამბავია, მეტი არაფერი…
– მე შენი არაფერი მჯერა, წყეულო კაცო! – დანანებით თქვა ყოფილმა ჰოსპიტალიერმა რაინდმა ბერტრან დე პლესკიემ.
– მეფეო, – კარავში შემოვიდა მეფის ამირსპასალარი ნიანია თმოგველი, – ილღაზის ლაშქრის მოწინავენი ჩვენს პირისპირ დაბანაკდნენ…
– კარგია, რომ მოგვიახლოვდნენ! – გაიღიმა მეფემ და იკითხა, – ჩვენი ვაჭრებისთვის წაქრთმეული ღვინო ხომ არ გაუსინჯავს ილღაზს?
– თურმე ბევრი უკრძალეს, ბევრი, მაგრამ ორივე გაუსინჯავს – წარაფიცა და “დევის სისხლიც”. ეს მეორე მოსწონებია, რომ გავიმარჯვებთ, აი ეს “დევის სისხლი” უნდა ვსვათო! – უთქვამს. მაგრამ არც ამ გასინჯვისას დაუკლია ხელი წითელი ღვინისთვისა!
– ჩვენც სწორედ ეგ გვინდა, – თქვა ბერმა იოანემ.
– ასეთი ღალატის შემდეგ შენც აღარ გაცოცხლებენ, რაშიდ! – თქვა გაკოჭილმა აბდ ულ მასლავმა.
– მე ჩემი მეფის ერთგული ვიყავი ყოველთვის და ასეც მოვკვდები, აბდ ულ! – გაუღიმა ცრუ-მულიდმა. – მეფეო, დიდი მიწისძვრისას თმოგვის ციხის კედლებში ცოლთან ერთად ჩაიმარხა ერისთავი კახაბერ ნიანიას ძე…
– მე მეფის ამირსპასალარი ნიანია თმოგველი ვარ, ყმაწვილო, – უთხრა კარავში შემოსულმა სარდალმა, სწორედ იმ კახაბერის ძე.
– შენ ნიანია ხარ? – ამოიკვნესა ცრუ-მულიდმა. – შენი ძმა თუ გახსოვს?
– ჩემი ძმა იმ დიდ მიწისძვრამდე გაიტაცეს თურქებმა…
– გაიტაცეს და ისპაჰანში გაყიდეს მონად… – და აქ ცრუ-მულიდმა მარჯვენა ბეჭი მოიშიშვლა, – ამ სამ ხალს ხედავ?
– სარგის! – შეჰყვირა ამირსპასალარმა.
– ნიანია! – დაიყვირა ყოფილმა მულიდმა.
და დიდი ხნის უნახავი ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
იოანე ბერს ცრემლები წამოუვიდა და მეფეს რომ ვერ შეემჩნია გულჩვილობა, მკაცრად დაეკითხა სარგის თმოგველს:
– ჩვენი რჯული ხომ არ დაგითმია, შვილო?
– მამაო, მეც ისე უნდა მოვკვდე, როგორც ჩემი წინაპრები იხოცებოდნენ! მართლმადიდებელ ქრისტიანად!
– დიდ არს ძალა უფლისა ჩვენისა, შვილო ჩემო! – ანუგეშა იოანემ, – ხომ ხედავ, მაინც დაგაბრუნა მამულში.
სარგის თმოგველმა დავით მეფის წინ დაიჩოქა:
– მეფეო, მეც მიმსახურე ხვალინდელ ომში!
მეფემ წამოაყენა ბრგე ვაჟკაცი, თვალებში ჩახედა, დიდხანს უყურებდა. მერე უთხრა:
– მულიდებმა მიპარვით იციან მოკვლა.
– დიახ, მეფეო! – დაუდასტურა სარგის თმოგველმა. – და ბედნიერები არიან, თუ მოკვდებიან. იმათ ჰგონიათ, რომ ჰასან იბნ-საბბაჰის ცრუ-სამოთხეში მოხვდებიან.
– ნიანია! – ამირსპასალარს მიმართა მეფემ, – შენ რას იტყვი, მულიდების ხერხი ხვალინდელ ომში რომ გამოვიყენოთ?
– მკვლელი მივუგზვნოთ ილღაზის? – დაეკითხა გიორგი გიშელი.
– ილღაზის მოსაკლავად მე წავალ, მეფეო! – შესძახა სარგის თმოგველმა.
– არა, გიორგი, – თავი გააქნია მეფემ, – მაგნაირი მკვლელობა იბნ-საბბაჰის მარჯვენა ხელმა უკვე შემომთავაზა… ომში გადატანილი მულიდების ხერხი, იცი, როგორი იქნება?
– როგორი?
– ხვალ ჩვენს ლაშქარს ორასი ხაფჩაღად გადაცმული კაცი გამოეყოფა… მოლაშქრეები ხმლებს იშიშვლებენ, რომ დახოცონ მტრისკენ წასული მოღალატეები… მაგრამ ნიანია, შენ არ დაანებებ მოლაშქრეებს ამას, რადგან ბრძოლა მოგველის…
– მერე, მეფეო? – თვალები დაახამხამა გიორგი გიშელმა.
– ორასი ხაფჩაღი მოლაშქრე სწრაფი ნაბიჯით შევა მტრის განლაგებაში… იმათ სარდლობას რომ მიატანს, მაშინ ხრმლებს იშიშვლებენ და მედგრად შეუტევენ… ამ ხმის გაგონებაზე კი მთელი ლაშქარი გადავა შეტევაზე, როგორც ჩვენ, ისე უფლისწული დემეტრე, ორივე მხრიდან. მიმიხვდით?
– იმათ ურიცხვ ლაშქარში შესული ორასი კაცი, – გაუხარდა ბერ იოანეს, – ეს იგივეა, რაც რომელიმე მმართველის ამალასთან მარტო დარჩენილი ერთი მულიდი…
– კარგი ხერხია, მეფეო, – მოიწონა გიორგი გიშელმაც.
– თანაც ჯერ არავის გამოუყენებია! – დასძინა ნიანია თმოგველმა და თავის ძმას გადახედა.
– მიმსახურე, მეფევ! – ისევ დაუჩოქა სარგის თმოგველმა, – იმ ორას კაცს მე წავუძღვები!
– გიორგი, ჩემი მონა-სპიდან შეარჩიე ორასი გამოცდილი მეომარი და ხაფჩახებივით გადააცვი… სარგის თმოგველო!
– დიახ, მეფეო!
– შენ არ გჯერა ჰასან იბნ-საბბაჰის სამოთხისა, ხომ?
– არა მრწამს, რამეთუ ქრისტიანედ დავბადებულვარ!
– ჩვენი სამოთხისა?
– ჩვენი სამოთხისა – დიახაც, თანაც ძალიან.
– მაშინ იცოდე, ვინც ხვალინდელ ომში მამულს შევეწირებით, სწორედ იქ მოხვდებით.
– ჭეშმარიტებას ბრძანებ, მეფეო! – კვერი დაუკრა ბერმა იოანემ.
– სარგის თმოგველო, იმ ორასი კაცის მეთაური შენ იქნები!
***
ყველა შემოსული რომ გაისტუმრა მეფემ, ჩამომდგარ სიჩუმეს დააყურადა.
ჟამიდან ჟამზე გაჰკივლებდა ხოლმე ჭოტი, ისე კი გუშაგების ფეხის ხმა და ჭრიჭინების ჭრიჭინი მოისმოდა ყოველი მხრიდან.
და ისევ ჩვეული სევდა მოეძალა დავითს, რადგან მტკივნეულად იგრძნო კვლავაც, რომ დასჯილი იყო ამ საწუთროში ყოფნით. არადა წარუვალ და მარადიულ უფალს მიელტვოდა მისი სული.
და სინანულის საგალობელს ჩურჩულებდა მეფე:
“და აწ, მომდრეკელი მუხლთა გულისათაი,
ვხმობ, ვითარცა სხვაი მანასე.
მილხინე, ჰოი, მეუფეო, მილხინე,
და ნუ წარმწყმედ მე ცოდვათა შინა,
და ნუ იხსენებ ძვირთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაი,
ამაღლებულ ზესკნელს ცათა ძალთაგან”.
***
“ქართულ მატიანეებში დაცულია ცნობა, რომ, როდესაც დავითმა დაამრცხა დიდი კოალიცია მუსულმანური მსოფიოსი დიდგორთან (რასაც შედეგად მოჰყვა თბილისის განთავისუფლება და საბოლოო განდევნა უცხოელ დამპყრობელთა საქართველოს საზღვრებიდან), – დავითმა ბრძოლის ტროფეები წარგზავნა გელათში; დავითს ამ დროს დაუწერია ჰიმნი გამარჯვებისა, რომელიც, მატიანის ცნობის მიხედვით, – აღწერილი ყოფილა იამბიკონებით, ოცდახუთ ლექსად, ხუთეული სტროფებით.
სამწუხაროდ, დავითის ეს იამბიკონები არ მოღწეულა” – პავლე ინგოროყვა (თხზულებათა კრებული, ტომი მესამე, 1965, გვერდი 60).
2007 წელი

