ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

Posts Tagged ‘აფხაზეთი

თეთრი ლაშქარი

without comments

მერი შერვაშიძე

თეთრი ლაშქარი
პიესა ერთ მოქმედებად

შესასრულებელი როლები:

1. პეტრე შალიკაშვილი – პროფესორი.
2. ჯიქი – იბრაჰიმ ბეკ იდრისოვი.
3. კაპოტა – უბაიდი
4. ნინძა – აკულა
5. არსაითი – ჯიბრაილი
6. ბაგირა – გიურზა
7. რემბო – კაზაკი
8. მანაგუა – ასსა
9. ჯერი ადამსი – ვიცე-პოლკოვნიკი.
10. ტომ სიბბერი – კაპიტანი.
11. ჩუმადანა – კაცი ჩემოდნით.
12. გალონი – მაინც უცნობი პოეტი.
13. მერი – მაინც უცნობი ქალი.
14. კონსტანტინე ლაკრბა.
15. ტერეზია ჩიჩუა.
16. ვარლამ შენგელაია.
17. გიორგი შარვაშიძე.
18. გიგუშა ერისთავი.
შაოსანი მშობლები, ოფიცრები, ჯარისკაცები, გოგონები.

მოქმედების დრო: 1993 წლის აგვისტო და 1914 წლის აგვისტოს სიზმრები.
მოქმედების ადგილი: ქალაქ სოხუმის შემოგარენი.

1.
სცენაზე დგას დიდი პალმა. ისმის ზღვის ტალღების წყნარი ტყლაშუნი და თოლიების კივილი. საღამოა.
სცენის სირმეში ზღვას გასცქერის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ოციანი წლების პოეტების ტიპიური სამოსი აცვია – შავი სერთუკი გულისჯიბეში წითელი ვარდით და თმა თეატრის ფარდასავით გაუყვია შუბლზე. შემდგომ მოვლენებს ახალგაზრდა ხედავს, მაგრამ მას ვერ ამჩნევენ.
სცენაზე შემოირბენს თეთრკაბიანი ქალიშვილი წიგნით და რვეულით ხელში.
`მერი! მერიი!~-ისმის სცენის მიღმიდან.
ქალიშვილი დასამალად ადგილს ეძებს და ბოლოს პალმის უკან იმალება.
სცენაზე შემორბის სამი გოგონა. ისევ ეძახიან მერის და მალევე გადიან.
პალმის უკანიდან გამოდის თეთრკაბიანი ქალიშვილი, პალმის ძირში ჩამოჯდება, ჯიბეში ფანქარს მოიძიებს, წიგნს დანიშნულ გვერდზე გადაშლის და იქიდან რაღაცის გადაწერას იწყებს თავის რვეულში.
სერთუკიანი ახალგაზრდა ფრთხილად მიეპარება ქალიშვილს და ჯერ რვეულში იჭყიტება, მერე კი წიგნში.
ქალიშვილი უცხო კაცს შეამჩნევს და წამოიკივლებს.

მერი – ვაი!
გალონი – (კითხულობს)
`გამიგონე მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა, ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!~
მერი – ზრდილობა იქონიეთ, ახალგაზრდავ და სხვის რვეულში ნუ იჭყიტებით! (რვეულს წიგნში ჩადებს და წიგნს დახურავს. ახალგაზრდა კაცს შეათვალიერებს, უფრო შემწყნარებლურად). რატომაა, რომ დღეს მთელი ქვეყნიერება მე დამეძებს და ამ ერთი, ერთადერთი ლექსის გადაწერას არ მაცდიან?
გალონი – მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა და უმორჩილესად გთხოვთ, ჩემგან ბოდიშის ნიშნად ეს ვარდი მიიღოთ უსათუოდ! (გულისჯიბიდან ვარდს ამოიღებს და გაუწვდის).
მერი – (ვარდს გამოართმევს, დაყნოსავს) სევდის სურნელი აქვს… გმადლობთ.
გალონი – ნახვამდის, ხელს აღარ შეგიშლით. (მიდის).
მერი – ჰეი, მოიცადეთ!..
გალონი – (უკან მობრუნდება) დიახ. უსათუოდ!
მერი – იცით, ეს ჩემი სულელი ტყუპები, ბიძაშვილები და განსაკუთრებით კი ის მატრაკვეცა ანა როგორც კი ამ წიგნით დამინახავენ, მაშინვე დამიწყებენ – `გიიყვარს, გიიიყვარს! გალაკტიონი გიყვარს!~ მე კი ამ ნაცრისფერი წიგნის ყიდვა ვერ მოვახერხე, ორი დღით მათხოვა ამხანაგმა და ამ ერთი ლექსის გადაწერა მაინც ვერ უნდა მოვასწრო?..
გალონი – სულელი ტყუპები და მატრაკვეცა ანა უსათუოდ ის გოგონები არიან, თქვენ რომ გეძახდნენ – მერი, მერიო?
მერი – დიახ, ბატონო აბეზარო და ბატონო ცნობისმოყვარევ, ისინი ჩემი დები არიან! თამარი, ელენე და პატარა ანა.
გალონი – ესე იგი, თამარი და ელენე ტყუპები არიან, ხოლო ანა კი მატრაკვეცაა. უსათუოდ!
მერი – მატრაკვეცა კი არა, ტარაკუჭა! (თავის პატარა დას გამოაჯავრებს) `გიყვარს, გიყვარს, გალაკტიონი გიყვარს!~ სულელი!.. თუმცა, სულ დამავიწყდა მეკითხა, თქვენ გიყვართ პოეზია?
გალონი – `რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: `შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…
გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…~
მერი – (შეაწყვეტინებს) თქვენ მთელი `მესაფლავე~ ზეპირად იცით?!
გალონი – არა მარტო `მესაფლავე~…
მერი – `მე და ღამეც~ შეგიძლიათ მითხრათ?!
გალონი – `მე და ღამეც~ შემიძლია გითხრათ და ხვალ ამ დროს აქ თუ მოხვალთ, შემიძლია სწორედ მასეთივე წიგნიც გისახსოვროთ, ტუტკუ გვარამიას სტამბაში წელს რომ დაისტამბა…
მერი – მართლა?!
გალონი – და თანაც თავად გალაკტიონ ტაბიძის ავტოგრაფით. უსათუოდ!
მერი – ბოდიშს ვიხდი ცნობისმოყვარეობისთვის, მაგრამ თქვენ გალა-კტიონ ტაბიძის მეგობარი ხართ თუ ტუტკუ გვარამიასი?
გალონი – თქვენ როგორ გგონიათ?
მერი – გალაკტიონის, ხომ? ისიც აქ ხომ არ ისვენებს?
გალონი – გამოიცანით… ნახვამდის.
მერი – მოიცადეთ… ამბობენ, გალაკტიონის წინაპრები დედის მხრივ მოდიან აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეთა გვარიდანო…
გალონი – ჩემი გურული დიდედის, გვარად ბერიძის დედა ყოფილა შარვაშიძის ასული…
მერი – თქვენი?
გალონი – ჩემი კი არა, გალაკტიონ ტაბიძის. ასე რომ, გალონში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულების და იმერლების… უსათუოდ!
მერი – აი, ეს კი ძალიან სამწუხაროა, ძალიან!
გალონი – რატომ, თქვენც ბერიძე ხართ თუ შარვაშიძე? ანუ, რა გვარზე წავაწერინო ავტოგრაფი?
მერი – შარვაშიძე ვარ… ისე, ქუთაისელია, არა?
გალონი – ვინ, გალა თუ ტუტკუ გვარამია?
მერი – (წყენით) ტუტკუ გვარამიას ქუთაისში რომ აქვს სტამბა, ეს ამ წიგნსაც აწერია! აი! (კითხულობს ყდაზე) `ქუთაისი, სტამბა `ძმობა~, პუშკინის ქუჩა, სახლი გოკიელოვის, 1914 წელი~.
გალა – ახლა ქუთაისში ცხოვრობს, მაგრამ ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში დაიბადა 1892 წლის 17 ნოემბერს…
მერი – ოთხი წლით რომ ყოფილა ჩემზე უმცროსი, ეს ამ წიგნშიც წერია! გალონი – 26 წლისას არაფრით ჰგავხართ… უსათუოდ!
მერი – (წიგნზე მიუთითებს) აქედან ისიც ვიცი, რომ სწავლობდა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. მერე მასწავლებლად იყო შორაპნის მაზრაში. მალე მასწავლებლობას თავი დაანება და ქართული გაზეთების რედაქციებში იწყო მუშაობა, რასაც განაგრძობს დღესაც… განვაგრძო?
გალონი – დიდი ინტერესით გისმენთ! უსათუოდ!
მერი – პირველი მისი ორი ლექსი დაიბეჭდა 1908 წელს, ერთი ჟურნალ `ჩვენს კვალში~ და მეორე გაზეთ `ამირანში~. ხოლო მისი ნაწერების კრებულის ცალკე გამოცემა პირველათ ამ წიგნით ხდება…
გალონი – მაშინ მე ისეთ რამეს გიამბობთ, რაც მაგ ნაცრისფერ წიგნში არა სწერია. გნებავთ?
მერი – რა თქმა უნდა!
გალონი – გალონის წინაპრები მამის მხრით იყვნენ მწიგნობრები. დაწყებული მე-14 საუკუნიდან ყოველი თაობა საგვარეულო ეკლესიაში აღასრულებდა მსახურებას. ხოლო ერთი წინაპარი, რომელსაც იცნობს ქართული მწიგნობრობის ისტორია, მე-17 საუკუნეში მიიწვია დედოფალმა ანამ თავისი მდიდარი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად.
მერი – რა ერქვა?
გალონი – სვიმეონ ტაბიძე. ეს იყო საუკეთესო მცოდნე ბერძნულისა და არაბული ენებისა, სთარგმნიდა პლატონის დიალოგებს და ეხლაც ხშირად მხვდება ეს თარგმანები ინტიმური ზედწარწერებით: `მათს უმაღლესობას დედოფალს ანნას – სვიმეონ ტაბიძისაგან~.
მერი – ინტიმური, არა?
გალონი – დიახ… უსათუოდ!
მერი – მერე?
გალონი – მერე სვიმეონი დედოფალ ანნასთან ერთად მიემგზავრება მოსკოვს და იქ მონაწილეობას იღებს ქართული სტამბის დაარსებაში… უსათუოდ! გალას სახლში აქვს საკმაოდ მდიდარი წიგნთსაცავი მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების გამოცემებით.
მერი – (ჩაფიქრებული) სვიმეონ ტაბიძე – დედოფალ ანნას პაჟი, მწიგნობარი და გამომცემელი! რა საინტერესოა! განსაკუთრებით, როგორც პაჟი!
გალონი – თქვენნაირ პრინცესას მეც სიამოვნებით დავუდგებოდი პაჟად…
მერი – შარვაშიძეთა პირველი წარმომადგენელი, საისტორიო წყაროები რომ იხსენიებენ, ყოფილა ოთაღო ჭაჭას ძე შარვაშიძე. იგი იხსენიება ბაგრატ მეოთხის მეფობისას, მეთერთმეტე საუკუნეში. იხსენიება, როგორც მეფის ერთგული დიდებული, რომელმაც ბაგრატის დავალებით ალყა შემოარტყა ანაკოფიის ციხეს…
გალონი – როგორ მიყვარს საგვარეულო გადმოცემები… მერე, პრინცესა, მერე?
მერი – შემდეგ შარვაშიძეები თამარის მეფობისას მოიხსენიებიან. მას აქეთ, საუკუნეების მანძილზე შარვაშიძეები აფხაზეთის ჯერ ერისთავები, სემდეგ კი მთავრები ყოფილან, ვიდრე 1864 წელს რუსეთის იმპერატორმა აფხაზეთის სამთავრო არ გააუქმა.

ახლოვდება მერის დების ძახილი: `მერი, მერი!~

მერი – ახლა კი წადით, დაგვინახავენ.
გალონი – ხვალ აქ დაგიცდით. (გარბის).
მერი – ეი, მოიცადეთ!
გალონი – (შეჩერდება) გისმენთ.
მერი – (სხაპასხუპით) ჯერ ერთი, თქვენ არაფრით ჰგავხართ ტუტკუ გვარამიას! და მეორეც, ამ ნაცრისფერ წიგნს თავად ავტორის ფოტო რომ უძღვის წინ, ხომ არ დაგავიწყდათ?!
გალონი – რატომ უნდა დამვიწყებოდა?
მერი – (ყურადღებას არ აქცევს გალონის რეპლიკას, თავისას განაგრძობს) მოჩუქურთმებულ თეთრ მაგიდასთან რომ ზის შავი პიჯაკით, ქათქათა პერანგითა და ჰალსტუხით. თავი მარჯვენა ხელზე დაუბჯენია და ის საზიზღარი ულვაშიც მოუშვია!
გალონი – უსა-უსა-უსათუოდ! (დამფრთხალი გალონი ულვაშს დაიფარავს ხელით).
მერი – და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სულაც არ არის კოჭლი! სულაც! (ფეხს დააბაკუნებს).
გალონი – (დაბნეული) და რატომ უნდა იყოს კოჭლი?!
მერი – როგორ თუ რატომ?!!
გალონი – ნუუ, ნაწილობრივ ტატო ბარათაშვილს რომ ბაძავს, იმიტომ?
მერი – (უფრო აღშფოთებული) რა შუაშია აქ ბარათაშვილი! იმისი მუზა ხომ ეკატერინე ჭავჭავაძე იყო! ხოლო მე კი მერი ვარ, მერი შარვაშიძე!
გალონი – მერი, მერი… ვერაფერს ვხვდები… და, ამ ნაცრისფერი წიგნის გარეკანზე რომ ვარდებში ჩაფლული მშვენიერი ქალი ხატია, ხელში ქნარით, მე თქვენ იმას უფრო გამგვანებთ… უსათ…
მერი – ქნარი კი არა!!! (ისევ ფეხს დააბაკუნებს) მერი ჩავორსი გაიხსენეთ, ლორდ ბაირონის მუზა და შთაგონება!
გალონი – უსათუოდ, უსათუოდ! მაგრამ მე რატომ უნდა გავიხსენო, მე ხომ მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძის ნაცნობ…

უფრო ახლოდან ისმის ძახილი: `მერი, მერი!~

მერი – როგორც ივანე გომართელი ამბობს შესავალ წერილიში, თქვენ `სევდის მგოსანი~ ხართ, გალაკტიონ ტაბიძე! ახლა კი წადით და მეორედ მაგ საშინელი ულვაშით აღარ დამენახოთ!
გალონი – მე თქვენს პაჟად მიგულეთ, პრინცესა!.. ისე, კი შეგიძლიათ გალონი დამიძახოთ. (გარბის).
მერი – (საკუთარ თავს) წყნარად, მერი შარვაშიძე! წყნარად! (გალონს) ღამე მშვიდობის!
გალონი – (მობრუნდება) რამ დააღამა?! გულში დილა გათენდა გრძნობის!
მერი – ღამე მშვიდობის!
გალონი – დილა მშვიდობის! უსათუოდ დილა მშვიდობის!

@2.
ჩამონგრეული, ნახანძრალი შენობები. ჭურვებით გადათხრილი ქუჩა. ერთგან მიცვალებული აგდია. შემოდის ორი ჯარისკაცი ლაქებიანი ფორმით. ჯიქის შავი ნაჭრით წაუკრავს თავი, შავი სათვალე უკეთია და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულია `აკაეს~-ის ავტომატით, ლიმონკებით, რევოლვერით. უკეთია `პორტუპეი~ – მხრებზე თასმებით გადაჭერილი ქამარი. აცვია საბრძოლო ჟილეტი, თავისი თორმეტი მჭიდით. Mეორეც ასევეა შეიარაღებული, `პორტუპეის~ გარეშე – ეტყობა, ოფიცერი არაა. ასაკით პატარაა, საკაცე მოაქვს, ქუდი უკუღმა ახურავს, ზონზროხია და მოუსვენარი – ეს ნინძაა.

ჯიქი – ესეც გავასვენოთ და გავუშვათ.
ნინძა – ჰო, გაივსო უკვე (საკაცეს დადებს მიცვალებულთან).
ჯიქი – (დაბარბაცდება) უხ, შენი…
ნინძა – რა იყო, გაჟრიალებს?
ჯიქი – ორი ღამეა ვერ დამიძინია, ვეღარც საჭმელს ვჭამ და თავი მისკდება… რემბოც როგორ დაიკარგა, ტო!
ნინძა – სიგარეტი მაინც გვქონოდა.
ჯიქი – ეგეც ცალკე მიშლის ნერვებს!.. და გული მერევა ამდენი უბედურების გახსენებაზე!
ნინძა – აუ, როგორ დაუფლეთია! მე ფეხებიდან ავწევ, რა! (გვამს ფეხებში წაეტანება და თვალებს დახუჭავს).
ჯიქი – ავწიოთ (ისიც იღლიებიდან ასწევს და ორივენი გვამს საკაცეზე დაასვენებენ). მოიცა, თავბრუ დამეხვა! (ჩამოჯდება).

შემოდის ბაგირა – ლაქებიან ფორმაში გამოწყობილი, მომხიბლავი ქალი, მოკლედ შეჭრილი თმით. იმასაც შავი სათვალე უკეთია, მხოლოდ ავტომატის მაგიერ `ესვედე~ – სნაიპერის ვინტოვკა ჰკიდია. ხელში მოსამართი თოჯინა უჭირავს, მომართავს და თოჯინა მუსიკაზე ცეკვავს.

ნინძა – არ გაახურა ამ თავისი `ანტუანეტათი~ საქმე?
ჯიქი – რას ერჩი, მშვენიერი რამეა!
ნინძა – რავა ყველგან ეს უნდა ამღერო?
ბაგირა – ჰა, რავა ხართ, ფოთლებო?
ნინძა – ეს ვერ არი, გული უფართხალებს.
ბაგირა – ჰა, არ მოკვდე, ლომო! Aჰა, კოფეინი დალიე! (ჯიბიდან წამალს ამოიღებს, გაუწვდის)
ნინძა – სწორია, ხო იცი, დალიე ერთი კაკალი კოფეინი და გაგივლის.
ჯიქი – (წამალს გამოართმევს, დალევს და ბაგირას საყურეზე გაეთამაშება) `ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა…~
ბაგირა – (წამოდგება) ეგ ლექსი ბებიაშენს უთხარი! (ნინძას) ეს არი ავად? ოხ, თქვენი ბაცანა დედა ვატირე წარამარა!
ჯიქი – რა გინდა, ბაგირ, რას გადაგვეკიდე, ნინძა უდედმამოდ გაიზარდა ბავშვთა სახლში და იმ საწყალ დედაჩემს კიდე ტირილი უნდა?! ბებიაჩემი ქეთო კაიხანია მუხათგვერდშია უკვე…
ნინძა – (ბაგირას) შენ ისეთ ხასითზე ჩანხარ, შეიძლება ჯიბიდანვე გვესროლო!
ბაგირა – ჰო, ამ გახსენებაზე, ვიღაცას ჩემი `ჟგუტი~ ისევ მოუპარავს და მიფრთხილდეს, ცუდად არ დავუმთავრო ბიოგრაფია!
ნინძა – შარია რა! მე რა შუაში ვარ, მანაგუას ჰკითხე!B
ბაგირა – ჩემი `ჟგუტი~ მოიტანონ, თორემ მანაგუა იქნება თუ რემბო, ადგილზევე ეტირება ყოფა!
ნინძა – წადი რა, ქალო, თავი დაგვანებე, რას გადაგვეკიდე…
ბაგირა – რემბოს მაგივრად მე წამოვედი, მითხარით, რა გავაკეთო!
ჯიქი – შენი არაფერი გვინდა, იქნებ სიგარეტი მოგვიტანო.
ბაგირა – მოგიკვდეთ ბაგირა! (ენერგიულად სცემს ბოლთას). მოკლედ, ეგრე სჯობია, გავალ-გამოვალ, იქნება მოენეც მოვიყვანო, მაგათი სისხლი გაშრა.
ჯიქი – ომობანას თამაშობ, ბაგირა! Dდა ფრთხილად იყავი, თავი არ წააგო!
ბაგირა – ჩემი საქმისა მე თვითონ ვიცი! (გადის).
ჯიქი – რა სიაბანდია ეს რემბო, ბაგირა გვინდოდა?
ნინძა – ან ჩვენ რად ვაკეთებთ? ვერ გავიგე, რა საჭიროა ამ გაგანია ომში მკვდრების აკრეფა!
ჯიქი – ეპიდემია იფეთქებს, ჩემი ბიჭი!
ნინძა – წადი, შენი… ვინაა შენი ბიჭი! Dებილები ხართ ყველანი!
ჯიქი – (დაუყვავებს) რაკი ამბობ, ვართ კიდეც!
ნინძა – (პაუზის მერე) აფსუს, თავი სადღა გამოვყო, ნინძა მაინც არ ვიყო.
ჯიქი – მაიცა, შენ რატო გიტყდება, სვიმონ?
ნინძა – დაზვერვაზე მაინც გავეშვით! `გრობოვშიკებად~ გვაქციეს რა!
ჯიქი – აწიე, თორემ `გრობოვშიკს~ გაჩვენებ ახლა.

საკაცეს ასწევენ და გააქვთ. სიჩუმეა. ისმის ხმა – მანქანა დაიქოქება და მიდის. შემოდის კაცი ორი ჩემოდნით – ჩუმადანა. Dდაინახავს დაბრუნებულ ჯიქის და ნინძას.

ჩუმადანა – ბოდიში, ხომ ვერ მეტყვით, როდის გავა კატარღა მაინცდამაინც ფოთისკენ?
ჯიქი – ეგ შტაბში ეცოდინებათ, ჩვენი ძმა.
ჩუმადანა – და სადაა ეგ შტაბი მაინცდამაინც?
ნინძა – შენ აქაური არა ხარ, ბიძია?
ჩუმადანა – ფოთში მივდიოდო და აქ ამოვყავი თავი.
ნინძა – საიდან მოდიოდი რო?
ჩუმადანა – ბათუმიდან.
ჯიქი – (გაეცინება) ეგ როგორ, ტო!
ჩუმადანა – სამხედროებმა ეიყვანეს კატარღა. რაცხარუცხები წამეიღეს.
ჯიქი – რას იზამ, ომია, ეგეც მოსულა.
ჩუმადანა – ე, ბიჭო, გამიშვით Fფოთში და ჩემზე იყოს პატივისცემა ძალიანი!
ნინძა – ეს მოგზავნილი ხო არ არი, ჰა?
ჯიქი – რატო, რა შეატყვე?
ნინძა – ეს ჩუმადნები იქნებ ბომბებით აქვს გამოტენილი? (თვალს ჩაუკრავს).
ჯიქი – ეშმაკს არ სძინავს, უნდა შევამოწმოთ! (იცინის).

იწყება დაბომბვა. ჩაირთვება სირენები. ჭურვები აქა-იქ Fფეთქდება. ჩუმადანა ძირს განერთხმება, ჩემოდნებს იფარებს ზემოდან, ერთი მათგანი გაიხსნება და სიგარეტის ბლოკები, კონიაკის ბოთლები, უცხოური კონსერვები გადმოცვივდება, რაღაც სხვა ნივთებიც. ამ დროს `ანტუანეტა~ თავისით ჩართვება და მელოდიაზე ცეკვავს.

ნინძა – (აფეთქებების ხმაზე წელში იხრება, თავის მხრებში ჩამალვას ცდილობს) `გრადებით~ გვირტყამენ ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც, ამათი დედა!
ჯიქი – (რეაქცია არა აქვს აფეთქებებზე. გახსნილ ჩემოდანთან მივა, სიგარეტის ბლოკს დასწვდება, გახსნის, ერთ კოლოფს ამოიღებს, იმასაც შემოაცლის ცელოფანს, ღერს ამოიღებს და ეწევა) ყველაზე ძალიან `ვინსტონი~ მევასება და სწორედ ეს არ გამომიგზავნა ღმერთმა? (ახლა ბოთლს აიღებს, ეტიკეტს კითხულობს) `ნაპოლეონია~, მე ვიყო კალონკის დირექტორი!
ნინძა – მეც მომაწევინე რა?
ჯიქი – გამოშტერდი, შე ჩემა?
ნინძა – რათა?
ჯიქი – ტიპი ლიანდაგზე იჯდა და – `მიიწიე, მეც დამსვიო~, ვიღაცა ჩმორიკი გაეჩითა, ეს პონტია სუფთად. მთელი ბლოკია, მოდი და აიღე!
ნინძა – (მიუახლოვდება) უხ, შენი… ერთი უყურე! (ისიც აიღებს ერთ კოლოფს, გახსნის, მოუკიდებს, თან წარამარა იფურთხება).
ჯიქი – მოიშალე რა ფურთხება, ამაზე კარგი რა უნდა მოწიო, შე ჩემა!
ნინძა – (კონსერვს აიღებს, დაჰყურებს) თევზისაა.
ჯიქი – (ბოთლს სახურავს მოხსნის) საიდან მიხვდი?
ნინძა – თევზი ახატია, ჩმორიკ!
ჯიქი – მე კი ვიფიქრე, ინგლისური კითხვა ისწავლა მეთქი! (ბოთლიდან მოსვამს) რა ხანია, `ნაპოლეონი~ აღარ დამილევია!
ნინძა – მეც დამალევინე რა! (ბოთლს წაეტანება).
ჯიქი – სიცოცხლეს არ გაცლის რა ეს კაცი! (უკმაყოფილოდ დაუთმობს).
ნინძა – (მოსვამს, პირს ააწკლაპუნებს) ასწორებს!
ჯიქი – (სხვა ნივთებს ათვალიერებს ჩემოდანში) რა მოგზავნილი, რაის ბომბები… ვერ ხედავ, შე ჩემა, ვაჭარია ვიღაცაა… ეს რაღაა? (ერთ ყუთს გახსნის, ცელოფანს ამოირებს) განდონი!
ნინძა – განდონებიც წამოუღია, ამის ახვარი დედა ვატირე… (ერთს აიღებს, გახსნის, გაბერავს).
ჯიქი – თურქეთიდან მოდის.
ნინძა – ნუ ჩუმადან, პაგადი! (მუშტს დაჰკრავს პრეზერვატივს, გახეთქავს). უნდა დავკითხოთ!
ჯიქი – ეი, ჩუმადან, საბუთები!
ჩუმადანა – ვერ გავიგე?!
ნინძა – დოკუმენტები!
ჩუმადანა – რა დროს საბუთებია?
ნინძა – (ნაგანს ამოიღებს, შუბლზე დაადებს) ეხლავე კომენდატურაში გადაგცემთ, შე განდონო! პასპორტი მეთქი! (დამფრთხალი ჩუმადანა გაუწვდის პასპორტს).
ნინძა – (ათვალიერებს) შენ ნახე რა, მე ვერაფერი გამიგია! (ჯიქის მიაწვდის).
ჯიქი – (გადაფურცლავს) საზღვარგარეთისაა. ერთი უყურე, სად არ უვლია – დუბაი გინდა, სალონიკი, რამე, ტრაპიზონი, ისტანბულიც…
ნინძა – მოდი, მეორეც ვნახოთ! (ჩუმადანას მივარდება, უნდა მეორე ჩემოდანიც წაართვას. ვერ წაურთმევია).
ჯიქი – გამოიწიე! (ნინძას გამოსწევს, რევოლვერს ამოიღებს) ამის ახვარი დედა!.. აბა, თქვი `ააა!~
ჩუმადანა – რა გინდათ, ბატონო, ჩემგან, რა დავაშავე? Gამიშვით და პატივს გცემთ ნამეტნავად, ძალიანი!
ნინძა –შენი ნამეტნავად ძალიანი დედა…
ჩუმადანა – რა გინდათ, ძმებო, ჩემგან?
ჯიქი – შენი ძმის დედაც… ეხლა დამშვიდდი! Dამშვიდდი! ხო `დასპაკოინდი~?.. აბა, ეხლა პირი გააღე და თქვი: `ააა!~ თქვი მეთქი! თქვი, რომ გეუბნები!
ჩუმადანა – ააა! Dდა კიდევ ააააა!
ჯიქი – (რევოლვერის ლულას პირში ჩასთხრის) აი, ეხლა კბილები მოუჭირე, იქნებ არ გავარდეს!
ნინძა – (ჯიქის ხელს დაუჭერს) მაიცა, ჯიქი! Mაიცა, არ მოკლა!
ჯიქი – ზედ განდონებზე უნდა დავაკლა, ამისი დედა…
ნინძა – (ხელს უჭერს) კარგი რა! სულს ნუღარ დაიმძიმებ!
ჯიქი – მე რომ დავიბრიდები, ჩემი სულის წასაყვანად მაინც `ვერტალიოტი~ დაჭირდებათ…
ნინძა – ვისა?
ჯიქი – ვისა და, ცაში რო კაი-კაი ტიპები არიან, იმათ!
ნინძა – ანგელოზებს, არა?
ჯიქი – ჰოდა, ეს ერთი გინდა აქეთ ყოფილა და გინდა იქით! Gამიშვი, მაგის…
(ჩუმადანა რაღაცას ლუღლუღებს).
ნინძა – (ჯიქის იარაღიან ხელს გამოუწევს) არ გინდა, რო გეუბნები! მოეშვი რა!
ჯიქი – (ბოთლს აიღებს, მოსვამს. ხელები უკანკალებს) დამებრიდა, რა გინდოდა! ამისთვისაც მადლი იქნებოდა!
ნინძა – კაი კაცო!
ჯიქი – რა არი რო?..
ნინძა – აბა, რაის მადლი?!
ჯიქი – ჩვენ აქ ვწყდებით, ამისთანებს კი `კალგოტკები~ და განდონები მოაქვთ, სპილენძი მიაქვთ, ბოზები დაყავთ, ყიდიან, ყიდულობენ… (ჩუმადანას) კარგია, არა, კარგი ცხოვრება? ოხ, შენი დედა… თუმცა, მე რატო მოგკლა, გადაგეხდება! (რევოლვერს `კობურაში შეინახავს).
ნინძა – (მეორე ჩემოდანს წაართმევს, სინჯავს) აქ მართლა `კალგოტკები~ და `საროჩკებია~.
ჯიქი – (კონიაკს მოსვამს) ხო გითხარი!
(პაუზა).
ჩუმადანა – რა გინდათ, ბიჭებო, მეც ხომ უნდა ვიარსებო? და ძარცვა-გლეჯვის საფუძველზე ვერ ვიცხოვრებ ზოგზოგიერთივით და ვჩალიჩობ რაცხას ჩემთვის. სამი მშიერი ბავშვი მელოდება შინ, მოხუცი დედა და ავადმყოფი ცოლი, გულით…
ნინძა – მაიცა, მაიცა ეხლა! ნუ შეგვაცოდე თავი!
ჩუმადანა – რა დავიფიცო, რომ დამიჯეროთ, არ ვიცი პირდაპირ, მართლა მშივრები მელოდებიან!
ნინძა – ამ ჩემ ჭაღარა მთაწმინდას, თუ გელოდებიან. Aმას, იცი, რამდენი უცდის? (ჯიქიზე ანიშნებს).
ჯიქი – (ნინძას) ჩემი ოჯახი არ ახსენო! (ჩუმადანას) ეი, ჩუმადან! მოხიკე ახლა ეს განდონები და აახვიე აქედან, სანამ გადამიფიქრებია! დროზე ქენი, თორე ბაგირა თუ მოვიდა, ბოზი ვიყო, თუ არ მიგახვრიტოს!
ჩუმადანა – დიდი მადლობა, ჩემო ბატონო, ნამეტანი დიდი! (ფაციფუცით კრეფს ნივთებს, ჩემოდანში ტენის, კეტავს. Mეორე ჩემოდნის ჩაწყობასაც აპირებს).
ნინძა – კონიაკი და კონსერვ-სიგარეტი ჩამორთმეულია, ხელი უშვი!
ჩუმადანა – (ერთ ჩემოდანს აიღებს) აბა, სულ კარგად იყავით, ბატონო, ჯანმრთელობის საფუძველზე, სულ კარგად! (წასვლას აპირებს).
ჯიქი – (გაეცინება) მოიცა, ფული გაქვს?
ჩუმადანა – აღარაფერი დამრჩა, სულ აღარაფერი, მთლად!
ჯიქი – ნუ გეშინია, არ წაგართმევ! სამხედროებს დაუადე და მანქანით ჩაგიყვანენ ოჩამჩირეში, იქიდან ფოთში აღარ გაგიჭირდება. Mოეშვი ამ კატარღას… თუ თბილისში მიდიხარ? არ დამიმალო, გაფიცებ ყველაფერს!
ჩუმადანა – (დარცხვენილი) კი, დედაქალაქში, ნამეტნავად ძნელ…
ჯიქი – (აწყვეტინებს) აბა, რაის ფოთი აგიტყდა? Aეროპორტში გადი, მიეცი მაყუთი და გადაგაფრენენ.
ნინძა – აბა, პლეტი აქედან! ჰა მეთქი! (ნაგანზე გაივლებს ხელს. ჩუმადანა გარბის).
ჯიქი – მაქეთ კი არა, აქეთ შე იდიოტო!

ჩუმადანა ახლა მეორე მხარეს გაიქცევა. შამხედროებს მოშორდება და უცებ თვალწინ ფაფახიანი, ოქროსკბილებიანი ასსა აესვეტება, შუბლზე მიადებს რევოლვერს.

ასსა – (ჩურჩულით) თიხა ი ბეზ ზვუქა, ა თო მოზგი ვიშიბუ! პაშლი! პაშლი, გავარიუ! ა თო კლიანუს ალლახამ, სრაზუ ქავქაზსკიი გალუსტუკ ნადენუ! თვოიუ მამუ… ფაშლი! (ჯიკავ-ჯიკავით მიჰყავს).
ჯიქი – ნინძა, ეს აქ დავაყუმბაროთ, დანარჩენი `პანტერაში~ წავიღოთ. მოსულა?
ნინძა – მოსულა. (ჩემოდანში აწყობს ბოთლებს, კონსერვებს, სიგარეტის ბლოკებს, მერე დაკეტავს). მეც დამიტოვე! (გახსნილ ბოთლს გამოართმევს, ცოტას მოსვამს).
ჯიქი – (კიდევ ერთ სიგარეტს უკიდებს) სუ არ დალიო, თორე ბაგირა გაიჩითება სადაცაა და ორივეს დაგვბრიდავს!
ნინძა – (ბოთლს შეანჯღრევს) მართალი ხარ, ხო იცი! პირდაპირ ჯიბიდან გვესვრის!

შემოდის ბაგირა, კარაბინის ჯიკავით მოყავს პეტრე.

ბაგირა – ჩემი `ანტანეტა~ აქ დამრჩა?!
ჯიქი – ჰო.
ბაგირა – მაშ, კარგი… (`ანტუანეტას~ ხელში აიღებს) ჰოდა, აი, მესამე ხმაც მოვედიი! ნახეთ, სიმონ, მოენე მოვიყვანე! მოვიყვანე, ამის ნაბოზვარი დედა ვატირე! პონტი ააგდო, ხო აზრზე ხარ, პროფესორი ვარო! (პეტრეს) ბაგირასთან ეგეთი პონტები არ გადის, ბიძა! აბა, ჩამოფქვი ეხლა, ვინა ხარ, აქ საიდან გაჩნდი, რა გინდა, თორეემ… თორემ ჩემი დაგლეჯილი ვენები დამიფიცია, თუ ბოზი კურდღელივით არ გაგაგორო!
პეტრე – მარტლა პროფესორი ვარ, გოგონა.
ბაგირა – არ გვინდა რა, ბიძა, `რიჟა~ ბაზარი!

ამათ მახლობლად ჭურვი აფეთქდება. ნინძა და ბაგირა ძირს განერთხმებიან. ჯიქი და პეტრე კვლავ ფეხზე დგანან. ჯიქის ფეხებზე ჰკიდია ის აფეთქება, პეტრემ დაწოლა ვერ მოიფიქრა.

ნინძა – (მოწონებით ამოხედავს) რაო, ბიძა, შენც ქეიფში ხარ?
პეტრე – (ყურებს ისრესს, აფეთქების ხმამ დააყრუა) რა ბრძანეთ?
ჯიქი – (ყვირილით) არ გეშინია მეთქი?
პეტრე – როგორ არ მეშინია!
ნინძა – (წამოჯდება) დაწექი მერე, შე ჩემა, მოკვდები! (ჯიქიზე ანიშნებს) ამას რას უყურებ, `პორტუპეინად~ გიჟია!
ჯიქი – (ნინძას ჩააფარებს) წესიერად ებაზრე! რა იცი, ვინ არი?!
ბაგირა – ბოზი ვიყო, გინდა ბომბი ჩამოვარდნილა, გინდა ვერხვის ფოთოლი, ერთნაირად მეტირება ორივეზე! ეგრე არ დაიბრიდნენ ტარაკანა და დარიდურა?!
ნინძა – (ბოთლს მიუტანს) აი, `ნაპოლეონი~ დალიე, იუზგარ!
ბაგირა – ჯიგარი ხარ, ჩემი ბიჭი! (მოსვამს). ისე, საიდან?
ჯიქი – საიდან და, გრიქულას დუქნიდან! შენ დალიე!
ნინძა – რაც მართალია, მართალია – მაგრად გადავრჩით!
ბაგირა – (ცარიელ ბოთლს მოისვრის) ჯიქი, იცოდე, საღამოს `ვერხვები~ უნდა მიმღერო – აი, ამ გადარჩენისა… მოსულა?
ჯიქი – ვნახოთ.
ნინძა – (პეტრეს) შენც თურქეთიდან ხო არ მოდიხარ, ბიძა?
პეტრე – არა, თბილისიდან.
ჯიქი – (ისევ ჩააფარებს ნინძას) მოკეტე! (პეტრეს) გამარჯობა, ბატონო პეტრე! (ხელს ჩამოართმევს).
პეტრე – (დაბნეული) გამარჯობა, მაგრამ ვერ გიცანით.
ჯიქი – (სათვალეს მოიხსნის) ამ ათიოდე წლის წინ თქვენს ლექციებზე დავდიოდი უნივერსიტეტში. თუმცა საიდან გემახსორებით, მე კახა ჯიქიძე ვარ…
პეტრე – აა, ახლა კი გიცანით! თქვენ ჯონ ლენონის სიმღერებს მღეროდით, ქართულადაც თარგმნიდით და სელინჯერი ჰემინგუეის გერჩივნათ. ხომ სწორად მახსოვს?
ჯიქი – მართალს ბრძანებთ.
პეტრე – მერმე დაგიჭირეს, არა?
ჯიქი – კარგად გცოდნიათ, ბატონო პროფესორო, დამიჭირეს და რამდენიმე გისოსებიანი დაწესებულებაც მომატარეს…
პეტრე – ვიღაც ქალბატონს გამოექომაგეთ თუ რაღაც ამისთანა მოხდა, ხომ?
ჯიქი – დაახლოებით…
პეტრე – კეთილი. ახლა რაღას აკეთებთ, აღარ თარგმნით?
ჯიქი – ახლა? აგერ, ჩვენი ბაგირას აზრით, ვერხვის ერტი ჩამოსავარდნი ფოთოლი ვარ და ავტომატს შაშვივით ვაჭახჭახებ ხოლმე…
ნინძა – რა კარგად მოხია, არა?
ბაგირა – დაგლიჯა!
პეტრე – ომი სულ გადამავიწყდა!..
ნინძა – ეს რა კაი ტიპია, ე!
ჯიქი – საომრად ჩამოხვედით?
პეტრე – რაღა დროს ჩემი ომია, დავეძებ, ადრე აქ იდგა.
ნინძა – `პანტერას~?
პეტრე – დიახ.
ბაგირა – რატო ეძებ?
ჯიქი – `თ~, ბაგირა, `თ~!
ბაგირა – რა `თ~?
ჯიქი – რატო ეძებ-თ!
ბაგირა – (პეტრეს) რატო ეძებ-თ `პანტერას~?
პეტრე – იქ ჩემი შვილი იბრძვის.
ნინძა – სახელი და გვარი გვითხარი.
პეტრე – ლევანი… ლევან შალიკაშვილი.
ნინძა – ეგ რა თქვი, ბიძა! აბა, საბუთი მაჩვენე!
ჯიქი – არ უნდა საბუთი!
პეტრე – (პასპორტს ამოიღებს, მიაწვდის) ნახოს!
ნინძა – პეტრე ლევანის ძე შალიკაშვილი! მე ვიყო შპროტის ცარიელი კასრი!
ბაგირა – (ისიც კითხულობს) ვააჰ, ჩემი… ვიბრიდებოდით! აზრზე მოდი, ხიდზე გადი, სიმონ! ჩვენი შალიკას მამა ყოფილა! (პასპორტს დაუბრუნებს).
ჯიქი – ეხლა ხო მიხვდით, რო თქვენობით უნდა მიმართოთ?! (რაღაცას ანიშნებს ნინძას და ბაგირას).
ნინძა – მე ვიყო შპროტის ცარიელი კასრი!
პეტრე – რა მოხდა, თქვენც `პანტერელები~ ხომ არა ხართ?
ბაგირა – ჰო.
სიჩუმეა. იშვიათად ისმის `გრადების~ გრიალი.

ნინძა – მგონი, ამთავრებენ ეს ნაბოზვრები!
პეტრე – ცუდი ხომ არაფერია?
ჯიქი – არა, არაფერი…
ნინძა – (პეტრეს) თქვენი სახელი დამავიწყდა…
ბაგირა – ბატონი პეტრე!
ნინძა – ბატონო პეტრე, `პანტერა~ აგუძერაშია, მორჩება დაბომბვა და ერთად წავიდეთ.
პეტრე – მითხარით, ცოცხალია ლევანი?

`პანტერელები~ერთმანეთს გადახედავენ.

ნინძა – შალიკა ჯიგარი მასტია, მხეცად იბრძვის.
ბაგირა – მაგან ზადნი არ იცის!
პეტრე – მაშ, ცოცხალია, არა?
ჯიქი – ვერხვის ფოთლების თეთრ ლაშქარშია, არა, ბაგირა?
ბაგირა – (ჯიქის) იცოდე, საღამოს ეგ უნდა მიმღერო.
ჯიქი – ვნახოთ მეთქი.

ქვემეხების კანონადა საბოლოოდ მიჩუმდება.

ბაგირა – მორჩნენ.
ნინძა – მანქანას დავუცადოთ?
ჯიქი – ის მანქანა მომსვლელი აღარაა.
ბაგირა – აბა, ავახვიოთ აქედან.
ნინძა – წავედით და მეორედ აქ აღარ წამოვალ!
ჯიქი – წავედით.
ნინძა – ეს ჩემოდანი?
ბაგირა – გეკადრება? ჩემი ბიჭი, ჩემი ფოთოლი, მოკიდე ხელი!
ნინძა – ამას რა ათრევს იმ სიშორეზე?
ჯიქი – ეგ არაფერი, მოგეხმარები.
პეტრე – მე წამოვიღებ! (ჩემოდანს დასწვდება).
ბაგირა – (ნინძას საყვედურით) ეს გინდოდა?
ნინძა – არა, თქვენ არა! (ჩემოდანს აიღებს). მე წამოვიღებ!
პეტრე – ეს ჩემთვის არაფერია.
ჯიქი – წავედით.

ყველანი გადიან.

3.
დიდი პალმა. ზღვის ტალღების წყნარი ტლაშუნი და თოლიების კივილი.
წინ და უკან ბოლთას სცემს გალონი, თავისი ნაცრისფერი წიგნით ხელში. როგორც ჩანს, პაემანზეა. სცენა სიზმარი.
პალმასთან მოდის ჩოხა-ახალუხიანი კაცი, წელზე ვერცხლის ქამარი არტყია და თავმომწონედ ისვამს ქილვაშებზე ხელს.

კონსტანტინე – გამარჯობა!
გალონი – გაგიმარჯოს, ძამიკო. უსათუოდ გაგიმარჯოს!
კონსტანტინე – მე თქვენი `ძამიკო~ არა ვარ, თუმცა ვიცი, რომ პოეტი გალაკტიონ ტაბიძე ბრძანდებით!
გალონი – რაკი გცნობივართ, მაშინ თქვენი სახელიც ბრძანეთ. უსათუოდ.
კონსტანტინე – მე კონსტანტინე ლაკრბა გახლავართ, თავადიშვილი და მხატვარი.
გალონი – მერე, რა გნებავთ?
კონსტანტინე – თქვენ თვითონ რა გნებავთ?
გალონი – მე? მე არაფერი, ძამიკო…
კონსტანტინე – თქვენ აქ მერი შარვაშიძეს ელოდებით და ეგ თქვენი წიგნი უნდა აჩუქოთ, ხელში რომ გიკავიათ. ხომ მართალია?
გალონი – არ ვიცი, შეიძლება – ჰო, შეიძლება – არა… მაგრამ, რა თქვენი საქმეა?
კონსტანტინე – მე არ გირჩევდით!
გალონი – მაინც, რატომ არ მირჩევდით?!
კონსტანტინე – მაგ ნათქვამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ ფიქრობთ, რომ მე აქ საჩხუბად მოვედი, მაგრამ თქვენ სცდებით.
გალონი – მე კი ვიფიქრე, რომ თქვენც მერი შარვაშიძეს ეტრფით და…
კონსტანტინე – ვეტრფი? ვეტრფი კი არა, უგონოდ მიყვარს!
გალონი – აბა, რატომ არ გინდათ ჩემთან ჩხუბი, მეც ხომ უგონოდ მიყვარს?!
კონსტანტინე – აზრი არა აქვს და იმიტომ.
გალონი – რატომ არა აქვს აზრი?
კონსტანტინე – იმიტომ, რომ ოთხი წლის მერე მე თავს მოვიკლავ!
გალონი – მართლა?!
კონსტანტინე – მე არა ვხუმრობ!
გალონი – მერედა, რა იქნება ამის მიზეზი?
კონსტანტინე – მიზეზი ამის იქნება ის, რომ რევოლუცია მოხდება და სოხუმის აკვატორიაში შემოსული `წითლების~ გემის, სახელად `კაროლ-კარლ~-ის `გაბოლშევიკებული~ მეზღვაურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს ტყვედ აიყვანენ ჩემ თანამებრძოლს, ნათესავსა და უახლოეს მეგობარს – ნიკოლოზ მელიტონის ძე ემუხვარს.
გალონი – ვერ მივმხვდარვარ, რისთვის იგონებთ ამ ზღაპარს?!
კონსტანტინე – რა დროს ზღაპრებია, მეც იმ წყეულ სამხედრო გემზე ვიქნები და პირდაპირ ჩემ თვალწინ ჯერ რომ გემის ონკანის ორთქლში მოხარშავენ ჩემ კოლია ემუხვარს და მერე გემის გახურებულ საცეცხლურში ჩააგდებენ, აი, მაშინ გავიძრობ მაუზერს და საფეთქელში დავიხლი ტყვიას.
გალონი – ძალიან შემაძრწუნებელი და შემზარავი ფაქტი იქნება, თუ მოხდება, უსათუოდ…
კონსტანტინე – სად წაუხვალ ბედისწერას!..
გალონი – ვერსად, ძამიკო, ვერსად, მარა… ამას მე რატომ მიყვებით?
კონსტანტინე – აი, თქვენ კი გაითვალისწინეთ, რომ იმ დროისთვის, ანუ ოთხი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე, მერი შარვაშიძე; აგრეთვე ჩვენი მცირეწლოვანი შვილი, გიორგი და ოჯახის დანარჩენი წევრები უკვე თურქეთში იქნებიან გადასული საცხოვრებლად.
გალონი – არ მჯერა! არა!
კონსტანტინე – დაიმახსოვრე რუმინელებისგან რუსებისთვის მიყიდული წყეული სამხედრო გემი, სახელად `კაროლ-კარლ~ და როცა ეს ამბავი მოხდება, მაშინ ხომ დაიჯერებ?! ახლა კი, მშვიდობით. (მიდის).
გალონი – მოიცადეთ!.. ვითომ, მართლა მოხდება?! მოიცადეთ!

კონსტანტინე ლაკრბა უკანმოუხედავად გადის სცენიდან.

4.

სამხედრო ნაწილ `პანტერას~ დისლოკაციის ადგილი. წვიმს. ერთ მხარეს `პლაშჩ-პალატკაში~ გამოწყობილი მანაგუაა პოსტზე. მოშორებით რკინის კასრი დგას, შიგ ცეცხლი ანთია – იქ არსაითი და რემბო თბებიან.

მანაგუა – დარიდურ, ტარაკანას დაუძახე და აქ მოდით, რაღაცა უნდა გითხრათ… რა იყო, ტარაკან, სიგარეტი გინდა? არა, არა მაქ, არავის არა აქ, ამათი დედა… ცოტა მოითმინეთ და დავიადებთ, გამოჩნდება ვინმე… ჰო, რა უნდა მეთქვა… (თერმოსს და ჭიქას გამოიღებს ლაბადიდან) მანაგუა მაქვს, დალევთ? (თერმოსს მოხდის, დაასხამს) ეს შენ, დარიდურ! (ჭიქას გადაღვრის). მხეცი რამეა, `ტრუხა~ კი არაა, შუა აზიისაა! (კიდევ დაასხამს) ეს შენ, ტარაკან! (იმ ჭიქასაც დაღვრის) მაგრად გაგისწორდებათ! მეც დავლევ, აბა, რას ვიზამ! (კიდევ დაასხამს ჭიქაში, დალევს). საიდან? გუშინ მაგარ გატეხილში ვიყავი, გავიხედე და ჩაქუჩა არ გაეძრო?! დარიდურ, შენ ხო იცი ჩაქუჩა? `მეშოკით~ ჩამოიტანა, ხო აზრზე ხარ. ბიჭო, გავსინჯე, მხეცია, მხეცი! ჰა, ტარაკან, ააქ პრიხოდი? ეს ხო მოვხარშე, რაც დარჩა, ცეცხლზე გამოვახმე, გავამზადე და, სხვა ვარიანტი არ იყო, ჩაქუჩას მაყუთი უნდოდა, ნახევარზე მეტი იქითა მხარეს გავყიდე – ერთი კაზაკი და ერთიც ასსაა, მაგრად ევასებათ პლანი. არ მენდნენ, ხო აზრზე ხარ, ჯერ შენ მოწიეო. მოვუწამლავდი თუ რა?.. არა, შეწერება არ წასულა, კაცურად გადაიხადეს… მაიცა, მაიცა, დარიდურ, ვიღაცა მოდის… თუ სიგარეტი ვიშოვეთ, დავბოლდეთ კიდეც…

შემოდიან ბაგირა, ჯიქი, ნინძა და პეტრე.

მანაგუა – (ავტომატს `ზატვორს~ გამოუწევს) სდექ, ვინ მოდის?
ბაგირა – ვინ მოდის კი არა, ჩემი ჟგუტი დააბრუნე, თორეე…
მანაგუა – პაროლი!
ჯიქი – `რიწა~!
მანაგუა – (ავტომატს დაუშვებს) გაიარეთ! (ნინძას) ეს რა ჩემოდანი დაგიადებია, სიმონ?
ნინძა – თურქეთიდან დაგვიპადაგრევეს!
მანაგუა – შიგ სიგარეტიც ხო არ არი?
ბაგირა – სანამ ჟგუტს არ დააბრუნებ, მანამდე…
მანაგუა – (ჟგუტს მისცემს) არ გეწყინოს, ბაგირ, ტარაკანას და დარიდურას სჭირდებოდათ და ცოტა ხნით ავიღე…
ბაგირა – შენი სისხლი გაშრა შენი!..
ჯიქი – ნინძა, მიეცი სიგარეტი.

ნინძა ჩემოდანს გახსნის, ბლოკს მიაწვდის.

მანაგუა – ეს ერთი მე, ერთი დარიდურას, ერთიც ტარაკანას! (სამ კოლოფს აიღებს).
ბაგირა – ეგრე არა, ისინი არ ეწევიან!
ნინძა – გაუშვი, აიღოს და სამი დღე თავისუფალია!
ჯიქი – (ხელს ჩაიქნევს) იმათ წილს მაინც არ მოწევს!
პეტრე – კი, მაგრამ, აკი ისინი აფეთქდნენო?
ჯიქი – ამისთვის ისევ ცოცხლები არიან.
მანაგუა – ეს ვიღაა?
ნინძა – ჩვენი შალიკას მამა!
მანაგუა – აუჰ, ეგ რა მითხარით! შალიკა ხო მაგარი ჯიგარია, ძაან მაგარი!
ბაგირა – წავედით!

მიდიან ცეცხლთან.

არსაითი – რა არი, ნინძა, რა მაიტანეთ?
რემბო – (თავის კანტურით ლაპარაკობს, კონტუზია აქვს) ძალიან მძიმე კი ჩანს, აი!
არსაითი – სტუმარიც მოუყვანიათ.
ჯიქი – (ცეცხლთან ჩამოჯდება) გაიცანით, პროფესორი პეტრე შალიკაშვილი.
რემბო – (ხელს ჩამოართმევს) რემბო, `ელპეჩნიკი~ რემბო.
ნინძა – აგი ძილშიაც `ელპეკას~ სროულობს, დეიცობს ყურებს `აკაესის~ ტყვიებით და მიდი-მოვდივარ. ეს ნამეტნავი კანტუზიაც ამიტომ ეიკიდა (იცინის).
რემბო – მოკეტე!
არსაითი – (ხელს ჩამოართმევს) არსაითი!
ნინძა – ამასა კიდევა, ბატონო პროფესორო, თავისი ტრაფეინი `ბერეტა~ ააქ. არ გეწყინოთა და ვერც თქვენ გაჩუქებთ, ტრაფეინია და… (ისევ იცინის).
არსაითი – დადექ, პატრაბიჭო, თორენაა… იქნება სილაც კი გამამტყუო!
რემბო – ცეცხლთან მობრძანდით, გათბით.

მოსულებიც ჩამოსხდებიან.

ჯიქი – (ჩემოდანს გახსნის, ბოთლებს, კონსერვებს და სიგარეტის ბლოკს ამოიღებს) ეს ვაჭრობის საფუძველზე მცხოვრებმა ტიპებმა გამოაგზავნეს, სულ კარგად იყავით ჯანმრთელობის საფუზველზეო!
რემბო – (სიგარეტს აიღებს, გახსნის უკიდებს) დაგლიჯა!
არსაითი – (ბოთლს უყურებს) ვა, კანიაკია?
ნინძა – (იცინის) მააშ!
რემბო – ეს კანსერვებიც ფირმენიაა?
ბაგირა – მორჩით ეხლა!
ნინძა – მე რა შუაში ვარ?!
რემბო – ვქეიფობთ?
არსაითი – გაიქე, ნინძავ, პური და ჭიქები მაიტა!
ჯიქი – ჩვენ სამი ბოთლი გვეყოფა, დანარჩენი იმათ შევუნახოთ! (ჩემოდანს დახურავს). ეს წაიღე, ნინძა.
ნინძა – კარგი რა, ფეხზე ვეღარ ვდგავარ და მაინც მე უნდა წავიდე?
არსაითი – კარქი, მე წავალ მაშინ! (ჩემოდანს დაწვდება და მიდის კოჭლობით).
პეტრე – რა მოუვიდა?
ბაგირა – დაზვერვზე იყო, დაღმართში ნაღმს დაადგა ფეხი და კოჭამდე გააგლიჯა. პროტეზი უკეთია და მაინც ჩვენთანაა.
ჯიქი – ბატონო პეტრე, ჩვენც ახლავე მოვალთ. (დანარჩენებს) წამოდით!

პეტრეს გარდა ყველანი მოშორებით გამოდიან.

რემბო – აუ, რომ შეხედავ, ეგრევე მიხვდები, რომ შალიკას მამაა, ეგ უბედური! იცის?
ჯიქი – არ მითქვია.
ნინძა – (რემბოს) გააფრინე? მაგას როგორ ვეტყვი?
ჯიქი – რემბო, შენ ვაჟკაცი ხარ, იქნებ შენ უთხრა?
რემბო – რას ამბობ. ბიჭო, მაგას რავა ვეტყვი?
ბაგირა – (ჯიქის) შენ უთხარი!
ჯიქი – მე ვერა…
რემბო – ბაგირა, შენ რომ გეთქვა? ქალი ხარ მაინც და…
ბაგირა – ვარიანტი არ არსებობს!
ჯიქი – ნინძა, მოდი, ისევ შენ ივაჟკაცე, ჰა?
ნინძა – მეე? მე რა შუაში ვარ?! აი, არსაითი მოდის, იქნებ იმან უთხრას?
რემბო – არსაითო, მეიწი აგერ!
არსაითი – (პურები და ჭიქები მოაქვს) რა იყო?
ჯიქი – ეტყვი შალიკას ამბავს?
არსაითი – ვისა?
ბაგირა – ვირეშმაკობას მოეშვი! კაგად იცი, ვისაც!
ნინძა – ეტყვი?
არსაითი – რა ბებიათქვენი მუთაქებსა ჩეჩამთ?! თუ კარგია, თქვენ უთხარით!
რემბო – ვჩეჩამთ თუ ვართამთ, ვინცხამ უნდა ქე უთხრას! აბა, რავა, ბატონო?!
ჯიქი – შეჯდა ვირზე და აღარ ჩამოვა, მოეშვით!
ბაგირა – არადა, როგორი სათქმელია?!
ნინძა – მოდი რა, არ გვინდა!
არსაითი – ძაან მეცოდება, ბჯოოვ!
ბაგირა – გეცოდება და გეთქვა!
არსაითი – ბუს უთხრეს, შენ დიდი თავი გაქ, შენ უნდა იტიროო… თუ როგოა, განაღა მახსომს… მეც იგრე ვარ ეხლა…
რემბო – მაშ, ეტყვი?
არსაითი – მეც კაცი ვარ, მკერდში გული მაქ, ქვა კი არა!
ჯიქი – კარგი, მოვა დილაზე `ვახ-ვახ-ვახხხანია!~
ბაგირა – ჰოდა, იმან უთხრას.
ნინძა – ახლა რა ვუთხრათ?
ჯიქი – წინა ხაზზეა თქო!.. არა, პოსტზეა ვითომ.
არსაითი – ჰო, ეგრე აჯობებს.

მაგიდას დადგამენ, სუფრას გააწყობენ.

ჯიქი – ბატონო პეტრე, შალიკა პოსტზე ყოფილა და ხვალ მოვა.
პეტრე – მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალია!
ბაგირა – ამაღამ აქ მოისვენეთ და ხვალ ნახავთ.
რემბო – სუფრასთან მობრძანდით, ბატონო პეტრე. აგერ დაბრძანდით.

ყველანი მაგიდას შემოუსხდებიან.

ჯიქი – თამადად, როგორც ყოველთვის, არსაითი იქნება!
არსაითი – მე რათა, კაცო? ეგე, ნინძა იყოს, მაგან მაგარი შეტევა იცის!
ნინძა – აუ, ეგ რამ გაგახსენათ?
ჯიქი – (პეტრეს) ეს მაგარი ბოევიკი გვყავს. ერთხელ დათვრა და შეტევაზე გადავიდა ღრიალ-ღრიალით, მარტო. კიდევ კარგი, არ ესროლეს.
ბაგირა – ეგრევე იყიდეს, რო მთვრალი იყო!
ჯიქი – იქიდან დაუყვირეს, – `იდი, გრუზინ, დამოი, ტი პიანნიი!~-ო.
არსაითი – ეს ვირგლა კიდე აზრზე მოვიდა და ისევ უკან მოძუნძულდა… ეეხ, ბატონო პეტრე, ნეტაი სუ ეგრე სასაცილოდა გვქონდეს გვქონდეს საქმე. ხანდისხან თქვენისთანა სტუმარი თუ გაგვახარებს ხოლმე, თორენა ძაღლური ცხოვრებაა: უძილობა, პოსტი, სიცივე, მოკლულები… მოდით, ბიჭებო, თქვენი კი ძაან ჭირიმე თქვენი, (ჭიქას ასწევს). ამ პატიოსან კაცს გაუმარჯოს, ჩვენ სტუმარსა! ჩვენი შალიკას მამაა, დიდი განათლებული, პროფესორი კაცია და ჩამააკითხა შვილსა… იცოცხლეთა და იდღეგრძელეთ! (ჭიქას მიუჭახუნებს ყველას, შესვამენ). ჯარისკაცის მამასავით არ ჩამააკითხა შვილსა?!
რემბო – მახარაშვილი! გოდერძი!
ბაგირა – არსაითო, გურჯნი ავტბუს მაიჰყეე?!
არსაითი – ეგე, რა დღეში მაგდებენ, ბატონო პეტრე!.. დადექ, ბაგირ, თორენა ეხლავე მოვყვები, მოენე როგო დაიჰკითხე!
ბაგირა – მიდი, მიდი, დაგვალევინე! გაშრა ყელი!
არსაითი – ჰო, თან საქმე! აბა, შაამსეთ! (შეავსებენ ჭიქებს). ამითი კიდევა ჩვენ დაცხრილულ ბიჭებს გაუმარჯოთ! აემ მიწაში რო ჩაკრიფეი ძვლები. იმათი ჭირიმე, იმათი, – ტარაკანასი, დარიდურასი, ოქრო ვანუასი, ტრამალასი… რავი აბა… ყველასი… მაპატიეთ, თუ ვინმე გამამარჩა… (შესვამენ სადღეგრძელოს).
ბაგირა – კახელო, შე მართლა არსაითო!
არსაითი – ხო არ გაჩერდი, არა? ეხლა მიყურე! (პეტრეს) ამანა და დარიდურამ, მაშინ ცოცხალი იყო ის საცოდავი, მოენე შაიპყრეს. შიშით იყო გათანგული და ერთი-ორი რო მოედოთ, ყველაფერს დაფქვამდა. ბაგირამ უთხრა დარიდურასა, მოდი, დავალევინოთ და ყველაფერს იტყვისო. ერთი საწყალი ბოთლიღა გვქონდა, ის აიღეს, წაუთაქეს და ძალით ჩაასხეს. დათვრა ი ჩემი ცოდვით სამსე, გული მოეცა, წამოუხტა და აღრიალდა – `სტრელიატე, გადი, ნიჩევო ნი სკაჟუო!~.

ყველანი იცინიან.

ნინძა – დარიდურაზე გამახსენდა, დღეს რა მაგრაD გადავრჩით, არა?!
ბაგირა –აბა, ბიჭო, ყურისძირში აფეთქდა…
ჯიქი – მოვრჩეთ რა, დაღლილი იქნება სტუმარი, დავასვენოთ.
ბაგირა – ფუფლო ჭრელია, ჯიქი! მე იმ შეპირებულ სიმღერას ველოდები! მანამდე არსად წავალ!
ნინძა – მოვიტანო გიტარა?
ჯიქი – მაიცა რა, ბაგირა, ეხლა მაგისი თავი ნაღდად არა მაქვს! თუ გინდა, `საყურეს~ გეტყვი.
ბაგირა – ხმამარლა და გამოთქმით, არა? ეგ ლექსი ბებიაშენს უთხარი!.. მე კი ვერხვის ფოთლებზე მიმღერე…
ნინძა – ეგ შენი `ანტუანეტა~ ამღერე, სიმონ და მაგრად გაგისწორდება!
ბაგირა – (ნინძას) მიდი რა, შეაყოლე! მე `ვერხვები~ მინდა!
ჯიქი – `ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე ეთამაშება თავისსა აჩრდილს…~
ბაგირა – წადი, შენი…
ჯიქი – `ნეტავი იმას, ვინც თავის სუნთქვას, შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს. შენის შერხევით, სიო მობერვით გულისა სიცხეს განიგრილებდეს! ჰიო, საყურეო, გრძნებით ამრეო, ვინ ბაგე შენ ქვეშდაიტკბარუნოს? მუნ უკვდავების შარბათი ვინ სვის? ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს? (ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი `საყურე~).
ბაგირა – ვერაფერიც ვერ გავიგე! (ცრემლები ჩამოსდის სახეზე). მე ფოთლები მინდა!
ნინძა – მორჩი, ქალო, ცოცხლად ნუ დაგვტირი!
ჯიქი – წამობრძანდით, ბატონო პეტრე, შალიკას საწოლში დაგაწვენთ.
პეტრე – მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალია. აღარა ვჩივი, მთელი სანოვაგე რომ გზაში წამართვეს და ხელცარიელი ჩამოვედი თქვენთან…
არსაითი – ვინა?
პეტრე – არა, არ გვინდა, რა სათქმელია!
ჯიქი – ვხვდებით, ვინც წაგართმევდათ. ჩვენ აქ უზურგოდ ვომობთ და ისიც ვეღარ გაგვიგია, გვაქვს სამშობლო თუ ჩვენ გამოვიგონეთ…
პეტრე – ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს.
ჯიქი – ღმერთი რომ იყოს, ამას დაუშვებდა?
პეტრე – რას?
ჯიქი – რაც აქ ხდება… გინახავთ კოლუმბიური ჰალსტუხი? ცოცხლად დამწვრები? დაკოდილები? დასახიჩრებულები? ღმერთმა ნურც განახოთ! უარესებიც ხდება…
ბაგირა – ჯიქი, არ გინდა რა.
ჯიქი – რაღაც ისეთი აზრები მაწუხებს, მეშინია, ადამიანი არ შემძულდეს…
რემბო – სტრესი გაქვს და გაგივლის, ნუ გეშინია.
ჯიქი – შენ რომ არ იცოდე, ისეთი ხო არაფერია!
არსაითი – აემ ბოლო ჭიქითა, ძმებო, მოდი ჩვენ მტრებსაც გაუმარჯოს! და ისინიც გაანათლოს, ვინც ჩვენ შემოგვაკვდა.

უხმოდ სვამენ. სიჩუმე ჩამოვარდება და ამ დროს ჩოჩქოლი, გინება, გაურკვეველი ხმები აღწევს. ისმის ქალის კივილი: `მხეცებო, ნად-ი-რე-ბო! თქვენ არ გაიხარეთ!” ყველანი ფეხზე წამოდგებიან.

ჯიქი – მანაგუა, მოდი აქ!
მანაგუა – (მოირბენს) ამათი დედა…
ბაგირა – რა ხდება?
მანაგუა – დაიცა, ტარაკან, დამაცადე! გაჩუმდი, დარიდურ! მე მათქმევინეთ!
ნინძა – თქვი რა!
მანაგუა – აფხაზებმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაანთეს ცეცხლი და იქიდან ისმის.

ქალის კივილი: `მიშველეთ! ხალხი არა ხართ? მიშველეთ!.. მეხი დაგეცეთ, მეხი! გათახსირებულებო! არაადამიანებო!.. მიშველეთ! მისველეთ!~

რემბო – (წამოდგება, იარაღს მოიმარჯვებს) მე მივდივარ!
ნინძა – მოიცა, მეც წამოვალ!
რემბო – არავინ არ მინდა, მარტო მანაგუა წამოვიდეს!
მანაგუა – მიდი, მოვდივარ! (ორივენი გადიან).
ბაგირა – მეც დამიცადეთ, თქვე ნაბოზვრებო! (ისიც მათ მისდევს).
ჯიქი – დარჩი, შენ სადღა მიდიხარ!
ბაგირა – წადი, შენი ფუფლო… (გადის).
ჯიქი – წავედი.
ნინძა – დაიცა, მეც მოვდივარ!
არსაითი – დამიცადეთ!
ჯიქი – შენ აქ დარჩი!

სცენაზე რჩებიან პეტრე და არსაითი. ისმის ქალის კივილი: `მიშველეთ, ხალხი არა ხართ, მიშველეთ!~

პეტრე – (დაიჩოქებს და პირჯვარს იწერს) `აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა~.

ისმის აფეთქების გრგვინვა.

არსაითი – მოგვატყუეს, `ზასადა~ მოაწყეს!

ორივენი გარბიან. `ანტუანეტა~ თავისით იწყებს მუსიკის დაკვრას და ცეკვას. შემოიპარება აკულა და `ანტუანეტას~ მოიპარავს. პეტრე ვერაფერს იგებს.

5.
ღამე. ჭრიჭინების ხმა.
მერი შარვაშიძის სახლის ფანჯარას უახლოვდება გალონი თავისი წიგნით ხელში. სახლი ჩაბნელებულია, ეტყობა, ყველას სძინავს.
გალონი ფანჯარასთან მიიპარება, შიგნით იყურება და მერე ფრთხილად აკაკუნებს. სიჩუმეა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დააკაკუნებს.
ფანჯარაში ისევ სიბნელეა.
გალონი ცოტას კიდევ დააყურადებს და წასასვლელად რომ შემოტრიალდება, დაინახავს – მის წინ დგას ასაკიანი ქალბატონი ცალ ხელში შანდლით, მეორეში კი ლამაზი, მოსამართი თოჯინა უჭირავს და ქოქავს. თოჯინა იწყებს მუსიკის დაკვრას. თოჯინის ეს მუსიკა შეიძლება სპექტაკლის ლაიტმოტივად იქცეს.

გალონი – (მოულოდნელობისგან ენა დაებმება) დილა მშვიდობისა, ქალბატ… არა, საღამო… უკაცრავად, საღამო კი არა, ღამე მშიდობისა… და, საერთოდ, ნახვამდის… უსათუოდ! (წასვლას დააპირებს).
ტერეზია – ღამე მშვიდობისა, ყმაწვილო!
გალონი – იცით, ეს მე ისე… მაინც… იცით, რაღაც… უნდა გადამეცა მერისთვის და იმ პალმის ძირში ჩამეძინა და იცით, რაღაც საზარელი სიზმარი ვნახე და ვიფიქრე, მე თვითონ მივუტან მეთქი… უსათუოდ! და, საერთოდ, ეს მშვენიერი და ულამაზესი შანდალია. ალბათ, ვერცხლის… უსათუოდ!
ტერეზია – ეს სასანთლე, ჩემო კარგო, იმპერატორ ნიკოლოოზის მშობელმა დედამ, მარი ფიოდოროვნამ აჩუქა ჩემს დედამთილს, აღათი დადიანს, როცა ფრეილინად იყო დედოფლის კარზე.
გალონი – დადიანის ქალს როგორ არ აჩუქებდა, ქალბატონო, მით უმეტეს, ფრეილინაც თუ იყო…
ტერეზია – არა, სულ ფრეილინა კი არ იყო, მერე მარი ფიოდოროვნას ნება-სურვილით აღათი დადიანი აბჟუს მფლობელსა და გამგებელს, ღენერალ-ლეიტენანტ გრიგოლ ალი-ბეის ძე შარვაშიძეს გაჰყვა…
გალა – ერთი წუთით, ქალბატონო… ეეე…
ტერეზია – შეგიძლიათ ქალბატონი ტერეზია დამიძახოთ, ჩიჩუა. მერის დედა გახლავართ.
გალონი – მაგას კი მივხვდი, ქალბატონო ტერეზია, მაგრამ ის აბჟუს გამგებელი ვინ იყო მერისი?
ტერეზია – პაპა… ხოლო თქვენ?
გალონი – გალაკტიონ ტაბიძე, სასულირო წოდებიდან. უსათუოდ!
ტერეზია – ძალიან სასიამოვნოა, ყმაწვილო… ოო, მე თქვენზე ერთი კარგი რამეც ვიცი, ჩიტმა მომიტანა ამბავი…
გალონი – რა ამბავი?
ტერეზია – აქეთ მობრძანდით, მაგიდასთან. (გვერდით გამოვლენ, საჩაიედ გაწყობილ მაგიდასთან სხდებიან). ეს სამოვარი კიდევ ცხელი იქნება, ჩაის ხომ არ ინებებთ?
გალონი – გმადლობთ, ნუ შეწუხდებით. უსათუოდ!
ტერეზია – რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა. (სამოვარიდან ჩაის დაუსხამს). მოსამსახურეს უკვე სძინავს და ამიტომ მე თვითონ მოგემსახურებით. (საშაქრეს აიღებს) რამდენი კოვზი ჩაგიყაროთ?
გალონი – ორი… არა, ერთ-ნახევარი. უსათუოდ!
ტერეზია – ახლა თუ საშუალოდ უნდა დავატკბოთ, სამი კოვზია საჭირო… არ მოგერიდოთ!
გალონი – მაშინ, ორი იყოს. უსათუოდ!
ტერეზია – (ჩაუყრის ფინჯანში შაქარს და გადაუდგამს) მიირთვით.
გალონი – თქვენ?
ტერეზია – მე არა, მე და ჩემი `ანტუანეტა~ (თოჯინას ეფერება) ღამ-ღამობით ნაკლებად გეახლებით… აი, ეს ვერცხლის სერვისიც, ეს საშაქრეც სულ მარი ფიოდოროვნას ნაჩუქარია.
გალონი – (შესმული ჩაი გადასცდება, დაახველებს). უკაცრავად.
ტერეზია – გაამოთ, უსათუოდ გაამოთ.

პაუზა.

გალონი – და ეს `ანტუანეტა~ თქვენ დაარქვით? (თოჯინაზე ანიშნებს).
ტერეზია – მე არა, ბატონო გალონ, ასე მოგმართავთ, თუ არ მიწყენთ…
გალონი – რას ბრძანებთ, ქალბატონო ტერეზია, ახლობლები სწორედ ასე მეძახიან. (ისევ მოსვამს ჩაის).
ტერეზია – ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ბატონო გალონ, რომ `ანტუანეტა~ მე კი არა, შარლ ბოდლერმა დაარქვა… გსმენიათ ასეთი ვინმე?
გალონი – (ისევ გადასცდება ჩაი, ახველებს) უკაცრავად… მსმენია კი არა, შეყვარებული გახლავართ ამ პოეტზე. უსათუოდ!
ტერეზია – უნდა მოგახსენოთ, რომ პარიზში ყოფნისას მქონდა ბედნიერება ერთ-ერთ კაფეში მომესმინა არცთუ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შარლ ბოდლერის წაკითხული `Lა ცჰარმე ინატტენდუ დ’უნ ბიჯოუ როსე ეტ ნოირ~.
გალონი – `მოულოდნელი მომხიბვლელობა სამკაულისა – ვარდისფერისა და შავის~. უსათუოდ!
ტერეზია – ყოჩაღ, ბატონო გალონ! ჰოდა, სწორედ მეორე საღამოს, ელისეს მინდვრებზე რომ ვსეირნობდი, უფრო მთვრალი შემხვდა და თხუთმეტ ფრანკად მომყიდა `ანტუანეტა~. განა, ასე არ იყო, ჩემო `ანტუანეტა~?
გალონი – და მაინც, რა ამბავი მოგიტანათ ჩიტმა?
ტერეზია – რომ თქვენ პოეტი ხართ და პირველი წიგნიც გამოეცით. წავიკითხე, სხვათაშორის.
გალონი – (ისევ გადასცდება ჩაი, ახველებს) და, მერე?
ტერეზია – სანერვიულო არაფერი გაქვთ, ჩემო კარგო. მაგ წიგნში არის… აქ მომეცით.
გალონი – (თავის ნაცრისფერ წიგნს მისცემს) თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, იქნებ მერის გადასცეთ. უსათუოდ!
ტერეზია – (წიგნს გამოართმევს) აუცილებლად, ჩემო კარგო, აუცილებლად… მაგალითად აქ არის… (წიგნს ფურცლავს) ისე, ეს წიგნი მე ბოლოში უფრო მომწონს… აი, ესენი: `მესაფლავე~, `გეტერა~ – დიდებულია და `გურიის მთები~ და `მე და ღამე~ და `უსიყვარულოდ~ ხომ საოცარი!.. აქ თქვენ ქნარს იმორჩილებთ… `შავი ყორანიც~ ასეთია და `ხელოვნებაც~ და `ლაურაც~…
გალონი – მაგრამ?
ტერეზია – მაგრამ, რა არის, ბატონო გალონ ეს ბარათაშვილის პირდაპირი გავლ… გამოძახილი?! ერთ ლექსში, კარგად იცით, რომელშიც, პირდაპირ უბრჭყალებოდ გიწერიათ ბარათაშვილის ერთი სტრიქონი და ტყვილად ნუ ახამხამებთ მაგ შავ თვალებს, კარგად იცით, რომელიც და რომელი ლექსიდანაც…
გალონი – ჩათვალეთ, ქალბატონო ტერეზია, რომ ეს ციტირებაა! უსათუოდ!
ტერეზია – ჰოხ, ციტირება!.. რად უნდა ციტირება თეოფილ გოტიეს?! აი, ნახეთ: `Lა დემოისეილლე ბლეუე აუხ ბორდს ფრაის დე ლა სოურსე~. აბა, რას ნიშნავს?
გალონი – `ცისფერი ქალწული ნაკადულის გრილ ნაპირებზე~. უსათუოდ!
ტერეზია – `Lა მელანცოლიე დეს სოლეილს ცოუსჰანტს~.
გალონი – ეს პოლ ვერლენია. `ჩამავალ მზეთა მელანქოლია~. უსათუოდ!
ტერეზია – ანდა `…ეტ ლეს როსეს ტროპ ჰაუტეს~.
გალონი – `და ვარდები მეტად ტანმაღალი~. ეს კი რენიე არის… უსათუოდ!

პაუზა. გალა შეწყვეტს ჩაის სმას.

ტერეზია – მაგრამ, თქვენ გულს ნუ გაიტეხთ. `ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი?~ ესეც ბრწყინვალეა. და სრულიად სამართლინად დაგიწერათ ივანე გომართელმა – (კითხულობს) `ბრძოლისთვის ნაპოლეონობა თუ არა, ნაპოლეონის შორეული ნათესაობაა მაინც საჭირო. ტაბიძე კი განჭვრეტის, ფიქრის ადამიანია, ის უფრო ჰამლეტს ენათესავება. ამიტომ მისი სულიერი ტანჯვა თანდათან სევდის ნაზ და წარმტაც თაიგულად იშლება~.
გალონი – გმადლობ, ქალბატონო ტერეზია. უსათუოდ!
ტერეზია – მე და `ანტუანეტა~ ამ წიგნს აუცილებლად გადავცემთ მერის და ძალიანაც გავახარებთ, არა, `ანტუანეტა~?

6.
ძირს რემბო, მანაგუა და ბაგირა ასვენიან. სისხლიან ჭრილობებს თეთრი კატა ლოკავს. შემოდიან ჯიქი, ნინძა, არსაითი და პეტრე. კატას გააგდებენ და მწუხარებით დასცქერიან მიცვალებულებს.

არსაითი – გასკდა ეს გასახეთქი გული, ბჯოოვ!
ნინძა – (სლუკუნით) ვერხვის ფოთ-ლებს გვე-ძახ-და!
ჯიქი – (ღრიალებს, რკინის კასრს მივარდება, წიხლებს და მუშტებს ურტყამს) უხ, შენი! უხ, შენი დედა! უხ, თქვენი ყველაფერი…
პეტრე – კარგი! გეყოფა! დაწყნარდი! დაწყნარდი, კახა!
ჯიქი – აი, ხედავთ? ბაგირას გაუკეთეს კოლუმბიური ჰალსტუხი! გამოჭრილი ყელიდან გადმოგდებული ენა!.. ეს ვინ ჩაიდინა! ვინ, ვინ წაბილწა! ღმერთიო! (მკერდს მოიღეღავს, ჯვარს ჩამოიგლეჯს) სად არის ღმერთი? თუ არის, რას უყურებს! რატო გააჩინა ეგეთი კაცი! ნახეთ, კარგად შეხედეთ, ყურებიც მოუჭრიათ! ძუძუებიც! და კერტებიც! იცით, რატომ კერტები? იცით? ძუძუს კერტების მძივებით დადიან, გესმით?! რამდენჯერ ჩაურტყამთ დანა! (ჯვარს ძირს დააგდებს) არა მწამს, არა! არ მეშინია მისი! ამას რატომ გვაყურებინებს! რატომ! რატომ! (ქვითინი აუვარდება).
პეტრე – (დაიხრება, ჯვარს აიღებს, რომლის ძეწკვზე `აკაესის~ ტყვია ჰკიდია) ეს რაღაა?
არსაითი – ეგ? ეგ სათავისო ტყვიაა.
პეტრე – ვერ გავიგე?
ნინძა – ცოცხლად რომ არ ჩაუვარდეთ ხელში.
არსაითი – მაგნაირი ტყვია ყველას გვაქვს შემონახული.
პეტრე – (ჯიქისთან მიდის) აჰა, ჩამოიკიდე, ოღონდ ტყვია ცალკე და ჯვარი ცალკე. (გაუწვდის) და იცოდე, ის მაინც არის და ყველაფერს ხედავს…
ნინძა – შალიკაც მაგას ეუბნებოდა…
პეტრე – ეუბნებოდა? (ძირს ჩაჯდება, სახე გაუქვავდება). როგორ მოკლეს?
ჯიქი – ექვსში შვებულება ითხოვა. რამდენიმე დღით სახლში უნდა წასულიყო. მამას ვნახავ და მალე დავბრუნდებიო. შვიდში ბიჭები შრომა-კამანში უნდა წავსულიყავით პოსტებზე. ხალხი არ გვყოფნიდა. რვაში შევსება უნდა მოსულიყო. შალიკამ თქვა, ბარემ რვამდე გამოგყვებითო რვაში შევსება არ მოვიდა…
ნინძა – ცხრაში ისეთი შემოტევა დაიწყო, დედა შვილს არ აიყვანდა…
არსაითი – ყველანი ამოვწყდებოდით, შალიკა რომ არ დარჩენილიყო გორაკზე.
ნინძა – მტერს იგრიებდა.
პეტრე – მერე, ვერავინ მიეშველეთ?
ჯიქი – ვერა, ალყაში გვაქცევდნენ და უკან ვიხევდით.
ნინძა – `შალიკას~ რომ `პრიკრიტია~ არ გაეკეთებინა, ვერავინ გამოვიდოდით ცოცხალი.
არსაითი – დამრტყმელი ძალა მან შეაჩერა.
ჯიქი – მაგარი ბოევიკი იყო, მილიონად ჰყავდათ შეფასებული.
არსაითი – ნათქვამი ჰქონდა, რო ცოცხლათ არ ჩავბარდები მტერსაო და სათავისო `ლიმონკა~ სუ თან დაჰქონდა.
ნინძა – იქნებ ცოცხალია?
ჯიქი – ნეტავი ეგრე იყოს, მაგრამ გუდაუთიდან რომ სია გადმოგვცეს, იქ არ იყო.
არსაითი – რა იცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
პეტრე – როგორ მოვიქცეთ, შვილებო?
ჯიქი – ბატონო პეტრე, მე და ნინძა გამოგყვებით ტყვეთა გაცვლაზე. იქ ერთი ჩვენი ძმაკაცი მუშაობს, კაპიტანი. `შალიკას~ კარგად იცნობდა. `კაპოტას~ ვეძახით. იქნებ იმან გაპოვნინოთ.
არსაითი – ეხლავე მოვალ! (გადის, ცოტა ხანში გიტარით ბრუნდება უკან, ჯიქის გაუწვდის) გამომართვი! შენ გეუბნები!
ჯიქი – რა გინდა? (გიტარას შეხედავს). შენ ხო არ დაიცენტრე, რად მინდა გიტარა?
არსაითი – შენ ბაგირასი ვერხვის ფოთლები გმართებს.
ჯიქი – როგორ არ შევუსრულე თხოვნა… (გიტარას გამოართმევს, მოიმარჯვებს, სიმებს ჩამოჰკრავს). არ შემიძლია! (გიტარას აიღებს) ხელები მიკანკალებს!
პეტრე – აი, სწორედ ახლა უნდა იმღერო, შვილო… შვილო, ლევან! (ცრემლები ჩამოსდის).
ნინძა – `დავაი~, ჯიქი, იმღერე, ამის ღმერთიც არ იყოს!
ჯიქი – მაშინ… სასმელი მომიტანე, თუ ძმა ხარ.

ნინძა მაგიდასთან მივა, ბოთლებს შეანჯღრევს, ერთს აიღებს, მიუტანს. ჯიქი სვამს, ბოთლს მოისვრის, წინ წამოწეულ ხელებს უყურებს. დაჯდება, გიტარას მომართავს და ხრინწიანი ხმით მღერის.

ჯიქი –
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.

მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, შენ კი – პრინცესა.

(მორჩება გალაკტიონ ტაბიძის ლექსის `ვერხვების~ სიმღერას).
ნინძა – (აეტირება) პრინ-ცე-სა…
ჯიქი – მორჩა! მე აღარ ვიმღერებ! (წამოვარდება, გიტარას მოიქნევს, ძირს უნდა დაჰკრას და გადაამტვრიოს).
რემბო – გიტარამ რა დაგიშავა?
ნინძა – სწორია, ხო იცი! (გიტარას გამოართმევს) გიტარა რა შუაშია? (გადის).
ტერეზია – (შორიდან ისმის) `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! (შემოდის, დანარჩენ პერსონაჟებს მისი ხმა არ ესმით). სად არის ჩემი `ანტუანეტა~?! ჩემი `მარიამ ანრუანეტა~! (ისევც ეძახის) `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! რა უყავით ჩემს `ანტუანეტას~?! ჩემს `მარიამ ანტუანეტას~?! იცით, ელისეს მინდვრებზე რომ ვსეირნობდი, მთვრალი შარლ ბოდლერი შემხვდა და თხუთმეტ ფრანკად მომყიდა `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! (ძახილით გადის).

7.
გალონი პალმის `ხესთან~ (ეს ხე სინამდვილეში კავალერიის პორუჩიკი ვარლამ შენგელაია არის) დგას და ესაუბრება.

გალონი – ზღვა? ზღვა წყნარია ნამეტანი, თითქოს სძინავს.
ვარლამი – (შრიალებს) შრრ… შრრ…
გალონი – მაინც რაა, რომ მე პოეტი ვარ, შენ კი პალმა?
ვარლამი – ვინაა პალმა?! ვინ?!
გალონი – შენ…
ვარლამი – თავს პატივი დასდეთ, ბატონო გალონ! მე ისეთი კავალერისტი ვარ, რომ ორ გაჭენებულ ცხენზე შემიძლია დგომა და წინ კი მესამე გაჭენებული ცხენის სადავით მართვა. საერთოდ, გაგიგონიათ ასეთი რამ? რასაკვირველია, არც კი გაგიგონიათ! რასაკვირველია!
გალონი – (დაბნეულია) აბა, უსათუოდ თქვენობით მოგმართოთ, ძამიკო?!
ვარლამი – მე ფამილარობას არ გახლავართ ჩვეული! რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ! უსათუოდ!
ვარლამი – ასე რომ, ეგ თქვენი `ძამიკო~ უკან დაიბრუნეთ!
გალონი – კი, ბატონო, დამიბრუნებია! უსათუოდ! მაგრამ, ვინ ბრძანდებით?
ვარლამი – (ხელთათმანს გაიხდის) ჯერ ეს მიიღეთ! (ხელთათმანს სახეში მიატყამს) და ჩემს ვინაობას მერე მოგახსენებთ! რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ! და ეს დუელში გამოწვევაა?!
ვარლამი – თქვენ როგორ გგონიათ?!
გალონი – მე კი, უსათუოდ! და, თქვენ?
ვარლამი – მეც! რასაკვირველია!
გალონი – მაშინ სეკუნდანტები დაასახელეთ! უსათუოდ!
ვარლამი – ჩემი სეკუნდანტი გიორგი შარვაშიძე იქნება…
გალონი – გიორგი შარვაშიძე – აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, ხამუტ-ბეის შვილი?
ვარლამი – დიახ, თუ თქვენ საწინაარმდეგო არაფერი გექნებათ, წუთი-წუთზე გამოჩნდება. რასაკვირველია!
გალონი – მაგრამ, ის ხომ პოეტია?
ვარლამი – ეგ არაფერში შეუშლის ხელს! თქვენი სეკუნდანტი ვინ იქნება?
გალონი – პრინცი ოლდენბურგელი! უსათუოდ!
ვარლამი – ეგ რომელი, გაგრის პარკი რომ გააშენა მამაჩემ ანდრიასთან ერთად?
გალონი – ჰო, არა…
ვარლამი – პრინცი ოლდენბურგელი, გალონ ბატონო, ჩემი ნათლია გახლავთ! ასე რომ, ბატონო ხუმარავ, ის ვერანაირად იქნება თქვენი სეკუნდანტი! რასაკვირველია!
გალონი – მაშინ, დუელი სეკუნდანტების გარეშე! უსათუოდ!
ვარლამი – შესაძლოა, ეგ უკეთესიც კი იყოს, გალონ ბატონო… რასაკვირველია!
გალონი – რა თქმა უნდა, ნაკლები ხმაური იქნება. უსათუოდ!
ვარლამი – რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ!
ვარლამი – მაშინ გიორგი შარვაშიძეს ვეტყვი, რომ მისი დახმარება აღარ დამჭირდება… ცოტაც და, აქ იქნება! რასაკვირველია!
გალონი – რაა მიზეზი, ვარლამ ბატონო, მაინც რაა მიზეზი ამგვარ საშინელ დუელის?
ვარლამი – სანამ მიზეზს მოგახსენებდეთ, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ – გაგრის ქალაქის თავის, ანდრია შენგელიას ერთადერთი ვაჟი – ვარლამ შენგელაია… რასაკვირველია!
გალონი – სასიამოვნოა…
ვარლამი – მე ჯერ არ დამიმთავრებია!.. მეფის არმიის კავალერისტი საგანგებო დანიშნულების დივიზიიდან და წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი! რასაკვირველია!
გალონი – ფრიად და ფრიად სას…
ვარლამი – (შეაწყვეტინებს) ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია! რასაკვირველია!
გალონი – ბრძანეთ, ვარლამ ბატონო! ბრძანეთ! უსათუოდ!
ვარლამი – და ამასთან, მაქვს პატივი, ვიყო პრინც ოლდენბურგელის პირადი ნათლული! რასაკვირველია!
გალონი – პოეტი გალ…
ვარლამი – (შეაწყვეტინებს) ჩემთვის თქვენი ვინაობა ცნობილია, რასაკვირველია, და რომ არა ზოგიერთ გარემოებათა სამწუხარო და, აქვე შევნიშნავ, ყოვლად საბედიწერო დამთხვევა, ეგების კეთილ ნაცნობებადაც დავშორებოდით ერთმანეთს… რასაკვირველია.
გალონი – რომელ გარემოებებს გულისხმობთ, ბატონო ვარლამ?
ვარლამი – ამაზე ნაკლებად მსურს საუბარი, მაგრამ მოკლედ მოგახსენებთ – თქვენც ის არსება გიყვართ, ვინც მე! რასაკვირველია!
გალონი – რომელი?
ვარლამი – თავს ნუ იკატუნებთ! აი, ამ პალმასთან ნახეთ და მერე უფრო გაგივიდათ თავს, რაკი არ მოგერიდათ და სახლშიც გამოეცხადეთ თქვენი ლექსების წიგნით, რომელიც დედამისს დაუტოვეთ იმ მომხიბვლელი არსებისათვის გადასაცემად, რასაკვირველია! ხომ მართალია? ამას ხომ ვეღარ უარყოფთ?
გალონი – არ უარვყოფ! უსათუოდ!
ვარლამი – მით უარესი თქვენთვის! რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ!
ვარლამი – რასაკვირველია!
გალონი – რატომ?
ვარლამი – იმიტომ, რომ აგერ გიორგი შარვაშიძეც გამოჩნდა და უფრო დაუნდობლად მოგკლავთ! რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ!
ვარლამი – რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ!
ვარლამი – რასაკვირველია!

გალონს და ვარლამ შენგელაიას უახლოვდება საცხენოსნო ჩექმებში და ბუმბულიან შლაპაში გამოწყობილი გიორგი შარვაშიძე.

გიორგი – ბატონო ვარლამ!
ვარლამი – ბატონო გიორგი! რასაკვირველია!
გიორგი – (გალონისკენ მიბრუნდება) ბატონო…
გალონი – ტაბიძე, ჩემო ბატონო, სასულიერო წოდებიდან… უსათუოდ!
ვარლამი – რასაკვირველია!
გალონი – უსათუოდ!
ვარლამი – (გალონს) ოხხ, აი, მე კი პატიოსანი აზნოურიშვილი მეგონეთ… აზნაურ დავით კლდიაშვილის განხრით. რასაკვირველია!
გიორგი – თქვენ `მესაფლავის~ ავტორი არ ბრძანდებით?
გალონი – `მე და ღამისაც~.
გიორგი – არც ეგ არის ურიგო.
ვარლამი – ბოდიში უნდა მოგიხადოთ, გიორგი ბატონო, შეწუხებისთვის, რასაკვირველია.
გიორგი – რა ხდება, ვარლამ?
ვარლამი – როგორც სჩანს, სეკუნდანტი აღარ დაგვჭირდება…
გალონი – (გიორგის) დიახ, ბატონო გიორგი, `რენკონტრ~ გადაწყდა…
გიორგი – (გალონს) კი, ბატონო, იყოს `რენკონტრ~, მაგრამ დუელში მე თავად უნდა გამოგიწვიოთ.
ვარლამი – (აღშფოთებული) ბატონო გიორგი!
გიორგი – გისმენთ, თავად ბატონო.
ვარლამი – მე უკვე გამოვიწვიე დუელში! რასაკვირველია!
გიორგი – ჰოდა, ძალიანაც შეცდით.
ვარლამი – სად შევცდი, ბატონო გიორგი?!
გიორგი – (ვარლამს) თქვენ გინდათ, პოეტის მკვლელის სახელით შეხვიდეთ ისტორიაში? ძალიან გეხარბებათ დანტესისა და მარტინოვის `დიდება~?
ვარლამი – ეს თავისმომჭრელი დიდებაა, რასაკვირველია!
გიორგი – მაშინ, მე დამაცადეთ.
ვარლამი – მაგრამ, თქვენც ხომ დუელში იწვევთ ამ ვაჟბატონს?
გიორგი – რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი და ამისი დუელი ჩვეულებრივი არ იქნება…
გალონი – მე მზად ვარ ნებისმიერი დუელისთვის! უსათუოდ!
გიორგი – ასე რომ, ჩემო ვარლამ, ჩვენი სეკუნდანტი იქით თქვენ უნდა იყოთ.
ვარლამი – (წყენით) მე დუელიანტობა მსურდა და თქვენ სეკუნდანტის სტატუსით მაქვეითებთ.
გიორგი – დანტესი და მარტინოვი!
ვარლამი – კარგი, კარგი, თანახმა ვარ. რასაკვირველია… ეჰ…
გალონი – თქვენი პირობები, ბატონო გიორგი! უსათუოდ!
გიორგი – ჩემი პირობა მარტივია – იმ არსებაზე, რომელიც თქვენი დავის მიზეზი შეიქმნა, მე და თქვენ დუელი უნდა გავმართოთ, მხოლოდ ლექსების დუელი…
ვარლამი – მაგრამ, რა შუაშია აქ ლექსები?!
გიორგი – ლექსების დუელში, ვარლამ ბატონო, მხოლოდ რაინდებს შეუძლიათ გასვლა! ჰოდა, ჩვენც ჩემი `კვანწიასადმი~ მიძღვნილ ლექსებით შევებმებით ერთიმეორეს! (გალონს) მოგეხსენებათ, `კვანწია~ მეგრულად კოხტას და პეწიანს ნიშნავსYდა, მეც ასე ვეძახი მოფერებით ჩემ მერი შარვაშიძეს.
ვარლამი – (აღშფოთებით) სახელისა და გვარის დასახელების გარეშე, თუკი ეს შესაძლებელია, რასაკვირველია!..
გიორგი – მაშ, ბატონებო, უმორჩილესად გთხოვთ, შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვით ერთმანეთს (შერიგდებიან) და აქვე, რესტორან `კავკაზის~ საზაფხულო ბაღში, ბატონო გალონ, ლექსების დუელი გავმართოთ. მე გეპატიჟებით, ბატონებო. ასე აჯობებს. მაშ, წავიდეთ.

8.
ჯიქი სიგარეტს ეწევა. მოშორებით პეტრე დგას, ნინძა გარშემო უვლით. უკანაც მშობლები ტრიალებენ.

ნინძა – ნინძა კი არა, მეტრუპე დამარქვით!
ჯიქი – მორჩი!
ნინძა – რა, არა ვარ?
ჯიქი – (ხველება აუვარდება) მორჩი მეთქი! რა საყდარივით მივლი გარშემო!
ნინძა – აღარ მინდა რა!
ჯიქი – (საყელოთი მოქაჩავს) მე ჭლექი გამიჩნდა წყალში დგომით, ჭლექიანი ვარ და ხმას არ ვიღებ! გაიგე?!
ნინძა – მაგიტომ კი არ მითქვამს, მე დაზვერვზე მერჩივნა წასვლა…

შემოდის კაპიტანი კაპოტა.

ჯიქი – ჰეი, კაპოტ!
კაპოტა – ვა, ჯიქი, შენა?! და ნინძაც მოსულაა!
ნინძა – აი, ვინ არი ნაღდი მეტრუპე!
ჯიქი – მოდი, უნდა დაგელაპარაკო.
კაპოტა – (უახლოვდება) სალამი ბიჭებს, ტუფლები გვიჭერს!
ნინძა – მაიცა რა, კაპოტ, ხუმრობის გუნებაზე არა ვარ!
კაპოტა – რა არი, ძმაო, რა მოგივიდათ?
ნინძა – სამი კაცი კიდევ დაგვიბრიდეს წუხელ.
კაპოტა – ვინა?
ჯიქი – ბაგირა, მანაგუა და რემბო.
კაპოტა – უჰ, უჰ, ეგ რა მითხარით!.. როგორ მოხდა?
ჯიქი – ნაღმზე აფეთქდნენ!
კაპოტა – საცოდავები! მაგათ მშობლებს რა უნდა ვუთხრათ!.. ომის მომგონის დედა…
ნინძა – ეხლა შენთან გვაქვს საქმე.
ჯიქი – კაროჩე, ეს კაცი სალიკას მამაა. იქით უნდა გადაიყვანო და შვილი მოაძებნინო.
კაპოტა – ტყვეებში ნახეთ?
ნინძა – მოგვივიდა სია გუდაუთიდან, იმაში არ არის.
კაპოტა – ბოლოს რომელ მხარეს იბრძოდა?
ჯიქი – კამანთან.
კაპოტა – შეიძლება გადარჩა, შეიძლება ვერა! ძნელი სათქმელია. უფრო პირველი მგონია.
პეტრე – შენს პირს შაქარი.
კაპოტა – რატომ, იცი? ყველაზე მეტი შრომის მიმართულებით ჩაიხოცნენ. უიარაღო ხალხი სახლებიდან გამორბოდა და ზურგში ესროდნენ… ჰესი ხო იცით? აქ პატიმრები მიაყარეს, დიდ სასჯელს რომ იხდიდნენ და ერტის არ გამოსულა ცოცხალი.
პეტრე – მკვდრებში მოვძებნი და, თუ ვერ ვიპოვე, ცოცხალი ყოფილა მაშინ! თუ არადა, გვამი მაინც ხომ უნდა გამოვიტანო, საფლავი ვაღირსო.

ისმის მანქანის ხმა, მოტორი ჩაქრება.

კაპოტა – აი, ისინიც მოვიდნენ. თქვენ ბარი წამოიღეთ და წამოდით. აბა, ჩემები აქეთ!

სამი ჯარისკაცი ბარებითა და ნიჩბებით შემოდიან.

ჯიქი – ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. (ხელს ჩამოართმევს).
ნინძა – ბოდიში, ჩვენ რომ ვერ მოგყვებით!
პეტრე – კარგად იყავიტ, ბიჭებო! თბილისში რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად მნახეთ!
ჯიქი – ვნახოთ, იქნებ სარამოსაც გამოგიაროთ, როცა დაბრუნდებით.
ნინძა – წავედით.

ჯიქი და ნინძა გადიან.

კაპოტა – ბატონო, თქვენი სახელი?
პეტრე – პეტრე.
კაპოტა – ბატონო პეტრე, ესენი გაფრთხილებული მყვანან და თქვენც უნდა გითხრათ: რაც უნდა შეურაცყოფა მოგაყენონ, არ გამოიწვიოთ! მოითმონეთ! მთავარია, მიცვალებულები მაინც გადმოვუსვენოთ ამ გამწარებულ მშობლებს, ხომ გესმით?
პეტრე – გასაგებია. ოღონდ ლევანი ვიპოვო და ამასაც გავუძლებ.

მოდის ორი ავტომატიანი აფხაზი. ისინი პეტრესა და სამ ჯარისკაცს თვალებს აუხვევენ და მიყავთ. გაიყვანენ მკვდრებით მოფენილ მინდორზე. ავტომატიანი აფხაზები პეტრეს და იმ სამ ჯარისკაცს სცემენ, აფურთხებენ, აგინებენ – `ვაშუ მამუ…~ წიხლებსა და კონდახებს ურტყამენ.
პეტრე თხრის და თხრის გვამებს. დახედავს, თავს გაიქნევს – მისი შვილი არ არის. ყოველი გვამი ჯარისკაცებს საკაცით მიაქვთ. ახლა სხვას თხრის პეტრე, ამოიღებს.

ჯარისკაცი – იპოვეთ, ბიძაჩემო?
პეტრე – არა! (ფეხზე ადგება, დაბარბაცდება).
ჯარისკაცი – რა მოგივიდა, ჩამოჯექი, დაისვენე (მათარას გაუწვდის) აჰა, წყალი დალიე.
პეტრე – (დალევს, შუბლზე ისვამს სველ ხელს) კარგი იქნება, თუ გულმა არ მიმტყუნა!
ჯარისკაცი – გამაგრდი, ბიძაჩემო!
ავტომატიანი – ვსტავაი, გრუზინ, ტვოიუ მამუ ი… ი კაპაი!.. (ავტომატის კონდახს ჩაარტყამს) კაპაი, გავარიუ!

პეტრე თხრას განაგრძობს. გვამები ქართველ ჯარისკაცებს გააქვთ და გააქვთ და გააქვთ.

ჯარისკაცი – ეს მეჩვიდმეტეა უკვე!
პეტრე – ამასაც გავთხრი და ვიკმაროთ დღეს! (გათხრის, სახეზე დახედავს).
ჯარისკაცი – არც ეს არის?
პეტრე – არა, არც ეს!

ორი ჯარისკაცი გვამს საკაცეზე დაასვენებს, გააქვთ.

ჯარისკაცი – წამოდი, ბიძაჩემო, ეგებ ცოცხალიც იყოს!

ავტომატიანები თვალს აუხვევენ ისევ და უკან ბრუნდებიან. დაძაბულები ელოდებიან მანქანის მოსვლას მშობლები. ერთ მათგანს გული შეუღონდება და დაეცემა. ავტომატიანები სახვევებს შემოხსნიან პეტრესა და სამ ჯარისკაცს, მიდიან. ერტი აფხაზი კაპოტას მიცვალებულთა საბუთებს აწვდის. კაპოტა ათვალიერებს ყოველ მათგანს და ხმამარლა აცხადებს გვარებს.

კაპოტა – დემურ კარტოზია… ზურაბ წიქარიძე, ჯამბულ ქობალავა, დათო ზივზივაძე…

ისმის მშობელთა შეცხადებები, მიდიან და თავ-თავისი მიცვალებულები გაჰყავთ.

კაპოტა – მურთაზ გაბიძაშვილი… რეზო დარსანია… ბიჭიკო ახალაია… ნოდარ ბეჭვაია…ვასო გახარია… ბადრი თორდინავა… თემურ ტყებუჩავა… სოსო ყალიჩავა… დათო ბებია… შანგვერაძე… გვილავა… სანაია… ქობალავა…

პეტრეს გულზე უდევს ხელი და თავჩაღუნული ზის.

შავოსანი ქალი – (ლოყებს იხოკავს) ვაი, ვაი, ვაი, ჩემო გაჭირვებულო ბიჭოო! ჩემო ვაჟკაცოო! მთელი ზამთარი წყალ-ტალახში იბრძოდი, სიცივეში, ძილი შენ არ იცოდი! ყველგან ყველას ეხმარებოდი, შვილოო! რისთვის გაგზარდე საწვალებლად! ან მე რაღა ვქნა, შვილო, ვისთვის ვიცოცხლო, ცოლი ან შვილი მაინც დაგეტოვებინა, შვილოო!

შემოდის ჯიქი, დაინახავს პეტრეს.

ჯიქი – (მივა, შეანჯღრევს) ბატონო პეტრე, ბატონო პეტრე! (მათარას იხსნის, წყალს ასმევს, სახეზეც ასხამს). როგორ უცემიათ, მაგათი დედა…
ბატონო პეტრე!
პეტრე – არაფერია, უკვე კარგად ვარ.
ჯიქი – ეს რა არი, კაპოტ. ეს როგორ უცემიათ!
კაპოტა – აბა, მე რა ვქნა? ურტყამენ, უნდათ გამოიწვიონ, რომ მოკვლის მიზეზი ჰქონდეთ… (პეტრეს) ვერ იპოვეთ, არა?
პეტრე – ვერა. თუ კამანში იბრძოდა, იქ უნდა მოვძებნო.
ჯიქი – რა ვქნათ, კაპოტ, როგორ მოვიქცეთ?
კაპოტა – რა ვქნა, აღარ ვიცი… კამანთან საიდუმლო ნაწილი უდგათ, ჩემებს იქ არ შეუშვებენ. კამანის მონასტერთან ქართველი მოძღვარი, მამა ანდრია და კამანის მონასტრის აფხაზი აღმდგენელი, იური ანუა აწამეს და დახვრიტეს, მაგრამ ვერ გადმოგვისვენებია!
პეტრე – მაშ, რა ვქნა?
კაპოტა – (ჩაფიქრდება) გუდაუთაში უნდა დავრეკოთ… თუმცა, მოიცა, გაეროს დამკვირვებლები ხომ არ გამოგვეყენებინა?
პეტრე – თუკი ისინი გამომყვებიან…
კაპოტა – კარგი აზრია! მე თვითონ ვთხოვდი… მოიცა, თქვენ იმ გენერლის ნათესავი ხომ არა ხართ?
პეტრე – თუ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს გულისხმობთ, მაშინ – კი, ბატონო!
კაპოტა – აბა, აგაშენათ ღმერთმა! თუ ვერ დავარეკინებთ, იმისი სახელით ვთხოვოთ, ხომ შეიძლება?
პეტრე – იმასთან დაკავშირება თბილისიდანაც ჭირს ხოლმე და ამ დაბომბილი სოხუმიდან უფრო არ გაგვიძნელდება?
კაპოტა – ეგ მე მომანდეთ, ბატონო პროფესორო! (ზარს დარეკავს). გარდა ამისა, იქით გადასასვლელად ყალბი პასპორტიც უნდა მოვამზადოთ. ვინ იცის, რაში გამოგადგეთ! აი, ახლა ჩემი თანამშრომელი მოვა უშიშროებიდან და ის დაგვეხმარება ყველაფერში. გული არ გაიტეხოთ, ბატონო პეტრე, ყველაფერი კარგად იქნება.
პეტრე – დიდი მადლობა, ბატონო ჟანრი! თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ!
კაპოტა – რისი მადლობა, ჩემო ბატონო, აბა, აქ რისთვის ვარ, თუ არ დაგეხმარეთ!
პეტრე – ღმერთო, ის მაინც მაცოდინა, ცოცხალია თუ არა…
კაპოტა – ღმერთმა ქნას, ცოცხალი იყოს, ღმერთმა…

9.
წვიმს. სოფლის მოედანზე ყოფილი ავტობუსების მოსაცდელს შეჰფარებია გუშაგი ჯიბრაილი, თვალებდაელმებული შეაკეთებს `ყაზბეგის~ ღერს, მოუკიდებს და ეწევა.

ჯიბრაილი – ალ-ლაჰ აქბარ! კიდევ რომ გავაბოლებ, შიმშილიც დამავიწყდება და აღარც ათას უბედურებაზე ვიფიქრებ… კარგია, ტაჯიკისტანის ჰაშიშია… შეიძლება სამარყანდისაც… კაი ვერცხლის დანა-ჩანგლებიც და საშაქრეც მივეცით იმ გიაურს, თავად იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ოჯახის ნაქონი, ორთავიანი არწივის გერბებით… აჰ, ნეტავი აქ იყვნენ ის საცოდავი მოვლადი და ჩერჩეტი იუსუფი, მოწევდნენ, გაიხარებდნენ… ანდა მე ვიყო იმათთან… მოიცა, იქ რომ ვიყო, ხომ მკვდარი ვიქნებოდი… რა მნიშვნელობა ა ქვს… არა, მაინც იქ სჯობს… არც მომშივდება, არც არაფერი, შეიხივით ვიქნებოდი… ამ გატიალებულ სოფელსაც მოვცილდებოდი, მარტო კაციჭამია ღორები დაშლიგინობენ… (ისმის მამლის ყივილი) ყივილი იყო თუ მომეჩვენა? (წამოდგება, ავტომატს მოიმარჯვებს, `ზატვოტს~ გამოუწევს). დავიჯერო, აქ მამალი გადარჩა?.. არა, ხომ შეიძლება სამოთხიდან გამოეგზავნათ? მგონი, ჩემი თხოვნა გაიგეს მოვლადმა და იუსუფმა, გაიგეს და მამალიც გამომიგზავნეს! (გაფაციცდება). აგერ, გამორბის! (ავტომატს ისვრის. ისმის მსმლის ფრთების ფართქუნი და თავისებური ქოთქოთი). წავიდა! თქვე დალოცვილებო, თუ მიგზავნიდით, პირდაპირ ხელში მოგეცათ! არც მანდ მოგმატებიათ ჭკუა!.. შეგშურდათ, სამარყანდული რომ მოვწიე, არა? ოხ, თქვენი დედა… ჩემზე კარგი მოსაწევი მანდ გექნებათ, თქვენ რა ხალხი ხართ! ერთხელაც იქნება, მოვალ მანდ და ამასაცხ გაგახსენებთ!.. ნეტავი, მართლა იყო თუ მომეჩვენა? ყივილიც რომ გავიგე? იყო, მგონი იყო. თუ არ იყო? იყო, იყო…
კაზაკი – (ქოშინით მოირბენს) რა მოხდა?
ჯიბრაილი – წადი, გაიარე, ვიღაცა ხარ…
კაზაკი – ვიღაცა კი არა, კაზაკი ვარ და მითხარი, რატომ ისროლე!
ჯიბრაილი – რა შენი საქმეა?
კაზაკი – უბაიდმა გამომაგზავნა!
ჯიბრაილი – ერთი იმისი დედაც იქ ვატირე, აქ კი შენი!
კაზაკი – ძლივს არ მიცნო?!
ჯიბრაილი – რა დიდი საცნობი შენ მყავხარ!
კაზაკი – სანამ უბაიდისთვის ამბავი მიმიტანია, მითხარი, რა მოგივიდა!
ჯიბრაილი – არა გრცხვენია, კაზაკო, `ბრატები~ ტყუილად ვართ?!
კაზაკი – თუ ვართ, თქვი.
ჯიბრაილი – შენ საცოდავი მოვლადი და ჩერჩეტი იუსუფი ხომ გახსოვს?
კაზაკი – როგორ არ მახსოვს!
ჯიბრაილი – ჰოდა, ისინი მესტუმრნენ.
კაზაკი – რაო?
ჯიბრაილი – აბა, რა ვიცი! აი, როცა მეც იქ მივალ, მაშინ გავუსწორებ ანგარიშს!
კაზაკი – მაინც რა ქნეს?
ჯიბრაილი – მშიოდა და ვითომ მამალი გამომიგზავნეს.
კაზაკი – ეგ როგორ?
ჯიბრაილი – ჯერ ყივილი გავიგე, მერე მამალი დავინახე, ღორი მოსდევდა. ვესროლე და ავაცდინე…
კაზაკი – ღორს?
ჯიბრაილი – ღორი რად მინდოდა, მამალს… ჰო, მგონი, მამალი იყო, იმ მესერზე გადაფრინდა, ვეღარ დავინახე.
კაზაკი – (გაეცინება) მაგარ კაიფში ხარ, ჯიბრაილ! ჩვენ მამალი გადაგვირჩებოდა? თანაც სამი?
ჯიბრაილი – შეიძლება არც ყოფილა, მაგრამ… იყო, იყო მეთქი!
კაზაკი – მეტს ნუღარ მოწევ!
ჯიბრაილი – ალბათ, მომეჩვენა…
კაზაკი – მოგშივდა, არა?
ჯიბრაილი – ისე რა… აღარც მახსოვს.
კაზაკი – იბრაჰიმმა ცხვარი მოგვიყვანა, შტაბიდან გამოუგზავნიათ.
ჯიბრაილი – ეს უკვე მომწონს!
კაზაკი – გინდა, შეგცვალო?
ჯიბრაილი – არა, წადი და, როგორც წესია, ერთ საათში.
კაზაკი – წავალ, ოღონდ ტყუილ-უბრალოდ სროლა აღარ ატეხო, თუნდაც მთელი ფერმა გამოჩნდეს. კარგი?
ჯიბრაილი – მამალი რაღად მინდა, ცხვარი გვქონია!

10.
ისევ იმ პალმასთან.
გალონი და მერი ხვდებიან ერთმანეთს.

გალონი – გამარჯობა, პრინცესა.
მერი – მშვიდობით!
გალონი – მოიცადეთ!
მერი – გისმენთ, ოღონდ მალე მითხარით სათქმელი, მეჩქარება.
გალონი – რა გაწყენინეთ, პრინცესა?
მერი – ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენისთანა მატყუარა ქუთაისის ბულვარში არ დადის!
გალონი – რატომ, რა მოგატყუეთ?
მერი – მაშ, სად არის ტუტკუ გვარამიას გამოცემული თქვენი ლექსების კრებული?
გალონი – თქვენ პაემანზე არ ინებეთ მოსვლა და წიგნი დედათქვენს დავუტოვე თქვენთვის გადმოსაცემად ძვირფას წარწერით. უსათუოდ.
მერი – დედაჩემი ტერეზია ჩიჩუა არ გახლავს, ცბიერო პაჟო!
გალონი – აბა, მაშ, ვინაა? თუ ეს ხუმრობაა, პრინცესა?
მერი – მე მერი პროკოფის ასული შარვაშიძე ვარ!
გალონი – ეგ ჩემთვის უსათუოდ ცნობილია, მერე?
მერი – აი, თქვენ კი, მოღალატევ, წიგნი მერი ივანეს ასულ შარვაშიძის დედას, ტერეზია ჩიჩუას მიუტანეთ და იმანაც თავის შვილს გადასცა – ჩემ ბიძაშვილს, იმასაც ხომ მერი ჰქვია! ახლა ხომ გაიგეთ?!
გალონი – ეს… ეს შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი!
მერი – როგორც ხედავ, სულაც არ ყოფილა შეუძლებელი…
გალონი – კი, მაგრამ მე რა ვიცოდი, ორი მერი შარვაშიძე თუ არსებობდა?
მერი – მშვენივრად იცოდით ყველაფერი!..
გალონი – მაშინ იქ რა მინდოდა?
მერი – თქვენ ის მერი გიყვართ, ორგულო პაჟო!
გალონი – ვფიცავ, თქვენს გარდა არავინ მიყვარს, პრინცესა! უსათუოდ!
მერი – და ამიტომაც გამართეთ თქვენ და გიორგი შარვაშიძემ ლექსების დუელი `კვანწიას~ გამო, ხომ?
გალონი – ის… ის დუელი ხომ მხოლოდ სიზმარში იყო!.. მხოლოდ სიზმარში!.. მე თქვენ სიზმარი გიამბეთ!
მერი – შორს ჩემგან, მოღალატე პაჟო, შორს!
გალონი – ღმერთო ჩემო, უჩემოდ როგორღა იცხოვრებთ, როგორ?!
მერი – როგორც ეხლა, ისე წინეთ – მე გავატარებ ჩემს პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად!.. ეხლა კი მშვიდობით.
გალონი – მოიცათ, პრინცესა! მე მზად ვარ ჩემი სიყვარულის დასტურად, ამ წუთსვე გთხოვოთ ხელი! (დაუჩოქებს) უმორჩილესად გთხოვთ, ცოლად გამომყვეთ! უსათუოდ!
მერი – (პაუზის მერე, ამრეზით) რა საჭიროა ქმარი?!
გალონი – საჭირო კი არა, აუცილებელია. უსათუოდ!
მერი – სრულიადაც არ მინდა ქმარი, სრულიადაც.
გალონი – რატომ?
მერი – იმიტომ, რომ ჩემი სისულელით დავანგრევ სახლს. ჩემ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები…
გალონი – მერე, ეგ რა შუაშია?
მერი – დედა კიდევ ხუთი თვეა, ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან, შეიძლება, სამი ერთად, როგორც ეს მოხდა წინეთ?.. ჰოდა, რა საჭიროა დედ-მამის შეწუხება?! (პაუზა) აი, მე უკვე ვღელავ!
გალონი – ნუ აღელდებით და მშობლებს არ შეაწუხებთ!
მერი – წყნარად, მერი შარვაშიძე, წყნარად!
გალონი – (პაუზის მერე) მე თქვენ ცოლობა გთხოვეთ, პრინცესა!
მერი – მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ… ასეთი ქალი კი უბედურებაა…
გალონი – პირუკუ, ასეთი ქალი ჩემთვის ბედნიერებაა! უსათუოდ!
მერი – თუ თქვენ არ გიყვართ სიმშვიდე და მყუდროება, დეე, მე ნუ შემირთავთ!
გალონი – მე ძლიერ მიყვარს სიმშვიდეც და მყუდროებაც, ძლიერ!..
მერი – მე თავს ამნაირ ქალად ვთვლი…
გალონი – ჩათვალეთ და ჩათვალეთ, მე მაინც…
მერი – მე არ მეცოდინება, რაა ღალატი. როგორც არ ვიცი ეხლა.
გალონი – აბა, ჩემ ღალატზე რატომ ეჭვიანობთ?
მერი – არ ვიცი, არა მეთქი…
გალონი – თქვენ სულაც არ გიყვარვართ!
მერი – მე გავთხოვდები უმწიკვლოდ და უნაკლოდ…
გალონი – ესე იგი, გამომყვებით? უსათუოდ?!
მერი – არა, თქვენ არა… მაგრამ მე გავთხოვდები ძალიან მალე… ნახვამდის! (მიდის).
გალონი – პრინცესა!
მერი – (შედგება) ბატონო?
გალონი – (ვედრებით) მე?
მერი – (ხელს გაუწვდის საკოცნელად) მშვიდობით!
გალონი – (ჰკოცნის ხელებზე) გკოცნი და გკოცნი შენი მარადის და მარადის იქითაც გალონი…
მერი – ახლა კი წადი, პაჟო, და სამუდამოდ მშვიდობით!
გალონი – მონასტერში წადი, მონასტერში. რად გინდა ქვეყანაზე ცოდვილები გაამრავლო?
მერი – ღმერთო მოწყალეო, შენ შეეწიე!
გალონი – `ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი… წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!

ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!

მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! – ის ცის უარმყოფელია..
წადი… წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!

მერი – ძალნო ციურნო, თქვენ დაუბრუნეთ თავის გონება!

11.
ყოფილი სკოლის ჩამონგრეული შენობა. ერთ ოთახში სნაიპერი ქალი, გიურზა ზის და გამოციებული თვალებით უყურებს ლოცვად დამდგარ პოლკოვნიკ იბრაჰიმ ბეკ-იდრისოვს; თავგადაპარსული იბრაჰიმი წელს ზემოთ გაშიშვლებულია და ახლა ფეხზე იხდის.

იბრაჰიმი – (შესძახებს) ალ-ლაჰ აქბარ! (არაბ. `დიდ არს ალ-ლაჰი~. სასოებით) სახელითა ალ-ლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა! (განბანვის რიტუალს დაიწყებს – ტაშტიდან ორივე პეშვით ამოღებულ წყალს რამდენჯერმე ისხურებს სახეზე, პირშიც გამოივლებს, ცხვირსა და ყურებს გამოირეცხავს, ხშირ წვერსდაილაგებს თითებით, ჯერ მარჯვენა ფეხს განიბანს, მერე მარცხენას. ასევე ხელებსაც. შეიმშრალებს). ვამოწმებ, რომ არრა არს ღმერთი თვინიერ ალ-ლაჰისა – ერთადერთისა და მოზიარის არმყოლისა. ვამოწმებ, რომ მუჰამმედია მონა და მოციქული მისი. ღმერთო, შემთე მონანულთა და განწმენდილთა. ქება შენ, ალ-ლაჰ,გადიდებ და ვამოწმებ, რომ არრა არს ღმერთი შენს გარდა. გეაჯები ცოდვათა მოტევებას, სინანულით მოვიდრეკ თავს. (სასოებით აღაპყრობს ხელებს და გაიმეორებს). ალ-ლაჰ აქბარ! (მარცხენა ხელს მარჯვენაში ჩაიდებს და ყურანის პირველ სურას ამბობს). სახელითა ალ-ლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა… აქებდით ალ-ლაჰსა, ქვეყნის მეუფესა, მოწყალესა, მწყალობელსა. უფალსა განკიტხვის დღესა. შენ თაყვანსა გცემთ, შენ გევედრებით შეწევნასა. დაგვადგინე სიმართლის გზასა. გზასა მათსა, რომელნიც აღავსნე შენის სიკეთითა. არა მათსა, რომელთაც მოაწიეს შენი რისხვა; არცა მათსა, რომელნიც სცდებიან. (აწრიალებული გიურზა წინ და უკან დააბიჯებს. იბრაჰიმი ყურადღებას არ აქცევს, ექსტაზშია. წელში მოიხრება, ხელის გულებს მუხლებზე დაიდებს, მერე გასწორდება, ისევ ზეაღმართავს ხელებს და შესძახებს). სამი ალ-ლაჰუ ლიმან ჰამიდაჰუ! (არაბ. `ალ-ლაჰიმც შეისმენს მისი მადიდებლის ნათქვამს~; დაიჩოქებს. იატაკს დაებჯინება იდაყვებით. მერე ისე განერთხმება, ცხვირით შეეხება ქვეშგაფენილ ნატს, პატარა ხალიჩას, წამოჯდება, დაჩოქილია ისევ. კიდევ განერთხმება და ისევ წამოჯდება – ეს ერთი `რაქათი~ აღასრულა. ახლა მეორე `რაქათი~ დაიწყო – ეს ყველაფერი ხელახლა გაიმეორა და ფეხმორთხმით დაჯდა). ვამოწმებ, რომ არრა არს ღმერთი თვინიერ ალ-ლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმედია მოციქული მისი. (ჩუმად ბუტბუტებს განსაკუთრებულ ლოცვას წინასწარმეტყველზე. მერე ორჯერ, მარჯვნივ და მარცხნივ შესძახებს). ას-სსალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათუ-ლ ლაჰი! (არაბ. `მშვიდობა თქვენდა და წყალობა ალ-ლაჰისა~).
გიურზა – (მოუთმენლად) წეღან ავტომატი ისროლეს!
იბრაჰიმი – (წინდებს ჩაიცმევს. მაღალყელიან `ბათინკებში~ წაყოფს ფეხებს). არ გამიგია.
გიურზა – (უკმაყოფილოდ) წავალ, გავიგებ! (ხელში `ესვედეს~ – სნაიპერის ოპტიკურსამიზნიან კარაბინს აიღებს და გარეთ გადის).
გიურზა – (მკაცრად, უბაიდს) რატომ ისროლეს?
უბაიდი – შორს ჩემგან, სატანავ! გამცილდი! გამცილდი მეთქი!
ასსა – გუშაგმა ისროლა, გიურზა!
აკულა – (უცინის) მამალი მოსჩვენებია! მე პას!
გიურზა – ვინ დგას?
კაზაკი – ჯიბრაილი… (კარტის მოთამაშეებს) ერთი ვერცხლის ჩანგალი ჩემი, მარი ფიოდოროვნას საგანძურიდან! თავისი ორთავიანი არწივების გერბებით!
ასსა – საცოდავმა მოვლადმა და ჩერჩეტმა იუსუფმა სამოთხიდან გამომიგზავნესო!
გიურზა – გათიშულია, არა?
ასსა – (იკრიჭება) ყველანი შარაფში არ ვართ არყითა და ჰაშიშით…
გიურზა – ვინ მოიტანა?
კაზაკი – იმათიანმა…
გიურზა – მერე როგორ ენდეთ?!
ასსა – (აღშფოთებული) ჯაჰანამის (არაბ. `ჯოჯოხეთის~) კერძი ვიყო, თუ ვენდობოდე! ჯერ იმას მოვაწევინე! (კარტის მითამაშეებს) მარი ფიოდოროვნას ერთი კოვზიც ჩემგან!
კაზაკი – ისეთი კაცია, შენ ჰაშიშს ნუ მოაკლებ და აქედან იქით იომებს!
აკულა – შენ ის გვითხარი, პოლკოვნიკი რას აკეთებს.
გიურზა – ისევ ლოცულობს!
ასსა – ჰაშიში უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ შეგვეშინდა, ვაითუ ისევ გადაგვიყაროს!
კაზაკი – ეგ კაცი საკუთარ თავს აღარ ჰგავს, რაღაც მოუვიდა!
გიურზა – (ამოიოხრებს) მეც ეგ მაწუხებს.
უბაიდი – (ცხვრის აქნა დაამთავრა, ქვაბში ჩაყარა ხორცი) მალე მაინც გაგრძელდეს ეს ომი, მოგვბეზრდა უსაქმობა!
ყველანი _ინ შა ალ-ლაჰ! (არაბ. `ღმერთმა ინებოს~).

გიურზა მიდის. ყველანი უბაიდის გარდა, თვალს გააყოლებენ ქალის გამოკვეთილ თეძოებს. აკულა წამოხტება, დაედევნება და შეაჩერებს.

აკულა _ (გაუწვდის ჯიბიდან ამოღებულ ნივთს) ეს ოქროს საყურეები შენთვის მიჩუქნია, ლამაზო!
გიურზა _ (გამოართმევს, ათვალიერებს) რა მშვენიერია! (გაიკეთებს)
მიხდება?
აკულა _ გხატავს!
გიურზა _ საიდან?
აკულა _ იმათაც ჰყოლიათ თავიანთი გიურზა! (თავის მძივზე ახალ კერტს აჩვენებს) იმას მოვაჭერი! ძალიან მოგიხდა!
გიურზა – დიდი მადლობა! (წასვლას აპირებს).
აკულა – მოიცა! ასსამ რომ `კალგოტკები~ გაჩუქა, იმას ხომ სჯობია?!
გიურზა – კი, კი.
აკულა – (ჯიბიდან პრეზერვატივს ამოიღებს) ჩვენ კი ესენი ჩამოგვირიგა!
გიურზა – ეგენიც იმ ჩემოდნიან ტყვეს ჰქონდა?
აკულა – ჰო, იმას… ნეტავი რამეში გამომადგებოდეს!
გიურზა – (ღიმილით) ვნახოთ, შეიძლება გამოგადგეს კიდეც! (მიდის).
აკულა – (კოცონთან ჯდება) დაილოცოს გავაგანიერი ქალი! არაფერი შეედრება დედამიწის ზურგზე!
კაზაკი – ეგ ფიქრი თავიდან ამოიგდე, აკულა!
ასსა – მაგ ქალის გულისთვის ერთი შენნაირი მოუსავლეთში გაისტუმრა პოლკოვნიკმა! ეს მაშინ იყო, გაგრა რომ ავიღეთ და მარი ფიოდოროვნას მთელი საიმპერატორო საგანძური წამოვიღეთ.
აკულა – (გაოცებული) მართლა? (პაუზა). აფსუს, რა ქალი მოვკალი! ჩემი რა ბრალია – მოჭრილ ყურზე საყურე რომ ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ ქალი იყო! და კერტებიც მერე დავაჭერი!
კაზაკი – ნუ დარდობ, აკულა. ბრძოლები კიდევ იქნება და ქალებიც ბლომად ჩაგვივარდება ხელში!
უბაიდი – რა ადვილად მივიტყუეთ მაგნიტოფონით ის გიაურები!
კაზაკი – ექვსი-შვიდი მაინც აფეთქდებოდა.
აკულა – ხომ არ შევარჩინე ჩემი ძმების სისხლი!
ასსა – უბაიდ, ყურანში ბრძოლაზე როგორ წერია?
უბაიდი – (რიხიანად) `ვინც თავიანთი ქვეყანა დატოვეს, ვინც იბრძვიან ალ-ლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და თავიანთი კაცებითა, ალ-ლაჰის წინაშე უმარლესი ხარისხი დაიჭირონ, ცხონებულ იქმნენ~. სურა ათი, აია ოცი.
აკულა – ისიც გვითხარი, ლოცვისას როგორ არის?
უბაიდი – როცა მართლმორწმუნე განბანისთვის მოემზადება, მარჯვნიდან ანგელოზები, მარცხნიდან შეითნები ამოუდგებიან. ალ-ლაჰს რომ ახსენებს, შეითნები დაფრთხებიან, სინათლის კარავს დადგამენ, ქებას შეასხამენ მაღალ ღმერთს და კაცის ცოდვათა მიტევებას შესთხოვენ.
ასსა – მოდით, ალ-ლაჰი ვადიდოთ!

ყველანი წრეზე ტრიალებენ და ერთად იმეორებენ: `ალ-ლაჰ აქბარ! ალ-ლაჰ აქბარ! ალ-ლაჰ აქბარ!~

პოლკოვნიკი სავარძელში ზის, რაღაც ქაღალდს კითხულობს და თან სიგარას ეწევა. მაგიდაზე ის შანდალი და თოჯინა `ანტუანეტა~ უდგას, რომელის ტერეზია ჩიჩუას ეკავა. უკანალის რხევით შემოდის გიურზა, `ესვედეს~ კუთხეში მიაყუდებს.

გიურზა – მაჩუქებ ამ შანდალს?
იბრაჰიმი – დედოფალ მარი ფიოდოროვნას ნაქონი ვერცხლის შანდალი რომ დიდ ხანია გინდა, ვიცი, მაგრამ ან გაჩუქებ, ან არა… ჯერ ვნახოთ.
გიურზა – რაღა ნახვა უნდა, სულაც ჩემი გამოტანილია გაგრის იმ ცეცხლმოდებული სახლიდან!
იბრაჰიმი – შენი გამოტანილია, მაგრამ ჯერ მე მჭირდება!
გიურზა – თოჯინას მაინც დამითმობ? თურმე, `ანტუანეტა~ რქმევია. ვიღაც აფხაზი თავადის ქალის საკუთრება ყოფილა. აკულამ მითხრა. მაჩუქებ?
იბრაჰიმი – არ ვიცი, ვნახოთ.
გიურზა – ხომ მითხარით, ჯერ ეს კამანის მონასტრის მოძღვარი დახვრიტეო?! და ხომ დავხრიტე! ხომ მითხარით, კამანის მონასტრის აღმდგენელი აფხაზიც დახვრიტეო და ისიც დავხრიტე! ახლაც კი მახსოვს იმათი სახელები – მამა ანდრია და აფხაზი იური ანუა! ჯერ ვაწამე და მერე ისე დავხვრიტე! თქვენ კი მაინც არ მაძლევთ მაგ შანდალს! კამანის მონასტერიც სულ ტყუილად ამაფეთქებინეთ! არც `ანტუანეტას~ მითმობ!
იბრაჰიმი – მე შენ არაფერს დაგპირებივარ და თუ მუეძინმა მოგატყუა, პასუხიც იმას მოჰკითხე! მე, საერთოდ, ნაწილში არ ვყოფილვარ მაშინ!

პაუზა. გიურზა ეწევა.

გიურზა – ჯიბრაილს მამალი მოსჩვენებია.
იბრაჰიმი – მაგას მალე ჯინები და შაითნები მოეჩვენება! (სასწრაფოდ წამოკრეფს ქაღალდებს, კონვერტში შეინახავს და გულისჯიბეში ჩაიდებს).
გიურზა – რა შეინახე?
იბრაჰიმი – წერილებია!
გიურზა – ვისი?
იბრაჰიმი – ცოლის.
გიურზა – ხომ წამაკითხებ?
იბრაჰიმი – მერე იყოს… (პაუზა) ალბათ, ბევრი მოწია ჯიბრაილმა!
გიურზა – უნდა აკრძალო ჰაშიში, კაცს აღარ ჰგავს არც ერთი!
იბრაჰიმი – არ გამოვა!
გიურზა – რატომ?
იბრაჰიმი – ასი კაციდან ცამეტიღა დამრჩა, რომ ავკრძალო, მაშინ მე, შენ და უბაიდი დავრჩებით…
გიურზა – აბა, როდემდე იყვნენ ასე?
იბრაჰიმი – სანამ შევსება მომივა… მპირდებიან.
გიურზა – ისე, ომი მოენატრათ ბიჭებს!
იბრაჰიმი – ეს ზავი დიდხანს არ გასტანს! კიდევ ვიბრძოლებთ და გიაურების სისხლსაც დალევენ!

პაუზა.

გიურზა – დალევენო?
იბრაჰიმი – ჰო.
გიურზა – შენ?

აურზაური ისმის. აღრიანცელებულ მეომრებს შუაში ტყვე ჩუმადანა ჩაუყენებიათ და რიგრიგობით ურტყამენ. გიურზა გრძელ კარტუზიან ქუდს მოიხდის, გაიხდის ქურთუკს. ულიფო მკერდზე მჭიდროდ შემოკვალთული ლაქებიანი მაისური აცვია. კალთაში ჩაუჯდება პოლკოვნიკს და საკოცნელად მიეტანება.

იბრაჰიმი – (შეუღრენს) მომცილდი!
გიურზა – (წამოხტება განრისხებული) ერთი კვირაა უარზე ხარ, რა გემართება?!
იბრაჰიმი – არაფერი.
გიურზა – იცოდე, ამდენს არ მოვითმენ!
იბრაჰიმი – მერე მე რა ვქნა?
გიურზა – შენ – არაფერი. აი, მე კი აკულასთან წავალ! აი, როგორი საყურეები მაჩუქა, არც კი შეგიმჩნევია! ოქროსია!
იბრაჰიმი – ისემც გიქნია, უბაიდს ჩასწოლიხარ! სენი გულისთვის აღარავის მოვკლავ!
გიურზა – გამაგებინე, რა მოგდის!
იბრაჰიმი – არაფერი მეთქი!

პაუზა.

გიურზა – განა არ ვიცი, ისევ შაითან-გურჯზე ფიქრობ!

პაუზა.

იბრაჰიმი – მართალი მითხრა იმ ცხონებულმა…
გიურზა – ცხონებულმაო?! შენი გამკვირვებია, იბრაჰიმ! რაც შენ მტრის ცხელი სისხლი გისვამს! მოჭრილი თავით ფეხბურთიც გითამაშია!
იბრაჰიმი – მტრისთვის სიკვდილი თვითონ ალ-ლაჰს გაუჩენია, იდიდოს მისი სახელი! მაგრამ ვაჟკაცი აღმოჩნდა ის ცინგლიანი!
გიურზა – იმის საფლავს ხუთ კაცს დავაკლავო, ხომ დაიფიცე?
იბრაჰიმი – ასეც ვიზამ! აგერ, ერთს უკვე ამზადებენ!
გიურზა – ლამაზი ბიჭი იყო შეითან-გურჯი! იმას კი სიამოვნებით ჩავუწვებოდი!
იბრაჰიმი – შენ მაგის მეტი არაფერი გახსოვს, მე კი სიზმრებში მეცხადება!
გიურზა – როგორ?
იბრაჰიმი – ვესვრი და ვერ ვკლავ!
გიურზა – თავს ნუ აიტკიებ იმაზე ფიქრით!

გიურზა ქურთუკს ჩაიცმევს, Qუდს დაიხურავს, კარაბინს აიღებს და გარეთ გამოდის. მებრძოლთა წრეში აბარბაცებული ჩუმადანა დგას. გიურზა ფარდულში წრიალებს. მერე კვერცხს აიღებს მაგიდიდან, ავად იღიმის.

გიურზა – ჰეი, მოიცადეთ! გამოიხედეთ! (კვერცხს შეათამაშებს ხელში). ამას ოცი ნაბიჯიდან გავტეხავ!
ასსა – დიდი ამბავი!
გიურზა – კვერცხი ტყვეს დაადეთ თავზე!
აკულა – რომ არ გაუჩერდება?
გიურზა – ჯერ ქუდი ჩამოაფხატეთ და მერე კვერცხი!
ასსა – ეს ჩემი მოყვანილი ტყვეა და შენ მოგაკვლევინო?
უბაიდი – თუ შემოგაკვდათ, იბრაჰიმთან გექნებათ საქმე!
გიურზა – აიმ მესერზე მიაყუდეთ და კვერცხი დაადეთ!
ასსა – არა მეთქი!
აკულა – მოეშვი, სამაგიეროდ ორ ტყვეს მოგიყვან!

ასსა ხელს ჩაიქნევს. აკულა გიურზადან ოც ნაბიჯს გადათვლის, ტყვე ჩუმადანას იქ დააყენებს, ქუდს დაახურავს, ზედ კვერცხს დაადებს.

აკულა – მზადაა!
ასსა – (ჩუმადანას დაუყვირებს) არ განძრე, თორემ მოკვდები1

გიურზა კარაბინს მოიმარჯვებს, ცალ თვალს მოჭუტავს, ოპტიკურ სამიზნეში გაიხედავს და ისვრის. ჩუმადანას ყვითლად გადაეღებება თავი. მეომრები ტაშს დასცხებენ, აყაყანდებიან. ისმის `ჯიპის~ მოტორის ხმა.

უბაიდი – (იყვირებს) ჩუმად! ჩუმად მეთქი! მანქანის ხმაა!

გაირინდებიან, მიაყურადებენ.

ასსა – ჰო, მანქანა! ჩქარა, ტყვე დავმალოთ!
აკულა – (ჩუმადანასთან მიირბენს). ჩაუსვრია, ამისი დედა… (საყელოთი მიათრევს).

მანქანის ხმა მახლობლად წყდება. ასიგნალებენ.

12.
გალონი პალმასთან დგას და ზღვას მისჩერებია. შემოდის ევროპულ კოსტუმში გამოწყობილი გიგუშა ერისთავი.

გიგუშა – გამარჯობა, ბატონო გალონ!
გალონი – მე გალაკტიონ ტაბიძე გახლავართ და ფამილარულ მიმართვას არ ვარ ჩვეული!
გიგუშა – (გაეცინება) უკაცრავად! გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ!
გალონი – გაგიმარჯოს, მაგრამ ხელთათმანები რატომ არ გაცვიათ?
გიგუშა – რად მინდა ხელთათმანები?
გალონი – ერთი მათგანი რომ გაიძროთ და… ყოველ შემთხვევაში, მე უხელთათმნოდაც მზად გახლავართ!
გიგუშა – ვერ მივხვდი, რისთვის ხართ მზად?
გალონი – განა თქვენ იმისთვის არ მოხვედით, რომ დუელში გამომიწვიოთ?!
გიგუშა – საიდან მოიტანეთ?
გალონი – მაშ, რა გნებავთ?
გიგუშა – მე მინდა, გითხრათ, რომ 1921 წელს კონსტანტინოპოლის ერთ რესტორანში გამართულ წვეულებაზე მერი პროკოფის ასულ შარვაშიძეს სილამაზის პრიზს გადასცემენ…
გალონი – იმ არსების სახელის, მამის სახელისა და გვარის დასახელების გარეშე, თუკი ეს შესაძლებელია, რასაკვირველია… მერე?
გიგუშა – ხოლო ამ მოვლენას ფოტოზე დააფიქსირებს ფოტოგრაფი.
გალონი – მართალია, ვერ მივხვდი, რისი თქმა გსურთ მაგით, მაგრამ მაინც განაგრძეთ. უსათუოდ განაგრძეთ.
გიგუშა – (ჯიბიდან სურათს ამოიღებს) აი, ის ფოტოგრაფია! (გალონს აჩვენებს). აი, ეს ჯოტო შარვაშიძეა…
გალონი – დიახ, იმ არსების ნათესავი.
გიგუშა – აი, ეს კი მერი შარვაშიძე, ანუ თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არსება. აქ უკვე ოცდაცამეტი წლისაა, მაგრამ მაინც დამაბრმავებელი სილამაზის ქალბატონია, არა?
გალონი – მართლაც სილამაზის დედოფალია, მაგრამ პრინცესა მაინც აღარ ეთქმის…
გიგუშა – აი, ეს კი მე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი.
გალონი – ვინ თქვენ?
გიგუშა – მერის, უკაცრავად, იმ არსების კანონიერი მეუღლე…
გალონი – მეუღლე?
გიგუშა – ჰო, მეუღლე!
გალონი – ძალიან სასიამოვნოა! (დაბნეული ხელს გაუწვდის).
გიგუშა – მაქვს პატივი, გაგეცნოთ – გიგუშა ერისთავი! (მაგრად ჩამოართმევს ხელს).
გალონი – აი, რა მზის სიზმარია, აირევი ივერია… აი, დროშა აშორდია, აერების სიბერეა… სიბერეა… სიბერეა… უსათუოდ…
გიგუშა – ერთი წუთით! (შეანჯღრევს).
გალონი – (გაჩუმდება) აჰ, დიახ… ცოტა გავერთე!
გიგუშა – მე კი თავად იმ არსების დავალებით გეახელით.
გალონი – მერიმ გამოგაგზავნათ ჩემთან?
გიგუშა – რა ვიცი, სახელს ნუ დავასახელებთო…
გალონი – ჩემგან რაღა უნდა?!
გიგუშა – დღეს ჩვენი ქორწილია…
გალონი – გილოცავთ მთელის სულითა და გულით და, სულისა და გულის იქიდანაც! უსათუოდ…
გიგუშა – იმ არსების და ჩემი სახელითაც გთხოვთ, არ გაგვაწბილოთ და აუცილებლად გვეწვიოთ, ყოველ მიზეზ გარეშე…

პაუზა.

გალონი – აი, რა მზის სიზმარია…
გიგუშა – თუ ღმერთი გწამთ, თავიდან არ დაიწყოთ… ხომ მოხვალთ?
გალონი – იცით, ეს რა არის?
გიგუშა – რა?
გალონი – აი, რა მზის სიზმარია,
აირევი ივერია…
აი, დროშა აშორდია…
აერების სიბერეა…
გიგუშა – რა არის და, ყოველი სტრიქონი როგორც თავიდან იკითხება, ისევე ბოლოდან. ბრწყინვალე პალინდრომია, სხვათაშორის, და უკვე ზეპირადაც კი ვიცი.
გალონი – თქვენ ლექსებსაც ხომ არ სწერთ, თავადო?
გიგუშა – არა, მაგრამ დიდად ვაფასებ. აი, ეს პალინდრომი მერისაც უნდა ვუთხრა, – აბა, თუ მიხვდება?
გალონი – მაშინ, მოვალ. უსათუოდ.

გალონი პალმასთან დგას და როგორც მონოლოგს, ისე კითხულობს თავის ლექსს `მერი~. მონოლოგისას სცენაზე მოძრაობს გიგუშა ერისთავისა და მერი შარვაშიძის საქორწილო წყვილი.

გალონი – შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! (პაუზა) მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი (მოკლე პაუზა) მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! (მოკლე პაუზა) აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე (მოკლე პაუზა) იყო იდუმალ გაფითრებული. იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა! (პაუზა) ვარდთა დიოდა ნელი სურნელი, მაგრამ (პაუზა) ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი. (პაუზა) მესმოდა შენი უგონო ფიცი… (პაუზა) მერი, ძვირფასო! (პაუზა) დღესაც არ მჯერა… (პაუზა) ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა? (პაუზა) ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა. (პაუზა) იყო ობლობა და შეცოდება (მოკლე პაუზა) დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა. (გრძელი პაუზა) ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? (პაუზა) ხედვა მიმძიმდა! (პაუზა) ქუჩაში მძაფრი დაქროდა ქარი და (მოკლე პაუზა) განუწყვეტლივ წვიმდა და წვიმდა. (მოკლე პაუზა) ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს; (პაუზა) ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს. (პაუზა) ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს (პაუზა) და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელ-ხმიანს (მოკლე პაუზა) როგორც გაფრენილ არწივის ფრთები. (პაუზა) და შრიალებდა ტოტი ვერხვისა (მოკლე პაუზა) რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი! (პაუზა) ბედი, რომელიც მე არ მეღირსა – ქარს მიყვებოდა როგორც ნამქერი. (პაუზა) სთქვი: უეცარი გასხივოსნება რად ჩაქრა ასე? (პაუზა) ვის ვევედრები? (პაუზა) რად აშრიალდა ჩემი ოცნება როგორც (მოკლე პაუზა) გაფრენილ არწივის ფრთები? (მოკლე პაუზა) ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? ან `მესაფლავეს~ რისთვის ვმღეროდი ან ვინ ისმენდა ჩემს `მე და ღამეს~? (პაუზა) ქარი და წვიმის წვეთები ხშირი (მოკლე პაუზა) წყდებოდნენ, (პაუზა) როგორც მწყდებოდა გული (პაუზა) და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი, (მოკლე პაუზა) ლირი, ყველასგან დატოვებული.

13.
შემოდის ჯიბრაილი რწევა-რწევით.

უბაიდი – რატომ მიატოვე პოსტი?
ჯიბრაილი – უკვე კაზაკის ჯერია და თანაც გაეროს დამკვირვებლები მოვიყვანე!
უბაიდი – კაზაკო, პოსტზე!

კაზაკი მიდის.

გიურზა – ჰო, ვიცანი დროშა!
ჯიბრაილი – უკან იმათიანი ზის…
გიურზა – რა ვქნათ?
ჯიბრაილი – პოლკოვნიკთან ავიყვანოთ… ოღონდ, მოიცა… ჭაღარას დააკვირდი!
გიურზა – რა იყო?
ჯიბრაილი – იბლისის (არაბ. `ეშმაკის~) ლუკმა ვიყო, თუ ეგ შეითან-გურჯის მამა არ იყოს!
გიურზა – ვითომ? რაც შენ მოწიე!
ჯიბრაილი – (აღშფოთებული) დააკვირდი მეთქი! (მანქანაში მსხდომებს ანიშნებს, რომ გადმოვიდნენ. ჯერი ადამსი, ტომ სიბბერი და პეტრე შალიკაშვილი, სამივე შემოდიან ეზოში. ფარდულში ეფარებიან წვიმას. გიურზას გამომეტყველება ეცვლება).
უბაიდი – ვინ არიან?
ჯიბრაილი – (პეტრეზე ანიშნებს) გვამის გადასვენება უნდა და სამხედრო დამკვირვებლები მოიყოლია!
აკულა – (ჩაიცინებს). ამასწინათ არ იყო, სამი დამკვირვებელი რომ გაასაღეს? ვის ეშინია მაგათი?
გიურზა – (იკივლებს) ერთი ამ ძაღლს შეხედეთ! (მივარდება და სახეს ჩამოაკაწრის პეტრეს).
უბაიდი – (ხელს დაუჭერს) რა მოგეჩვენა, ქალო?
გიურზა – ეს ხომ შეითან-გურჯის მამაა!
ასსა – მიაგავს, ხომ იცით!
აკულა – მიაგავს კი არა, ისაა!
ჯიბრაილი – თავისი ფეხით გამოგვეცხადა!

ტომ სიბბერი ქამარზე ჩამოიდებს მარჯვენა ხელს, სადაც რევოლვერი უნდა ჰქონდეს, მაგრამ იარაღი არა აქვს – დამკვირვებლებს ეკრძალებათ იარაღის ტარება.

ჯერი – ვინაა აქ მეთაური?
ასსა – (ქირქილით) რუსულიც რომ სცოდნია!
პეტრე – (გიურზას საყურეს მიაშტერდება) ეს ხომ ბაგირასია!
აკულა – (პეტრეს სახეში შეაბოლებს. პეტრე ახლა იმის გაშავებულ კერტებს მიაშტერდება). ამისი სისხლი უნდა დავლიო! რა იყო, ჩემი მძივი მოგეწონა? (ცხვირწინ უტრიალებს). აი, ეს სულ ახალია! ერთ თქვენებურ ქალს მოვაჭერი! (აკულა მოულოდნელად დაარტყამს პეტრეს და ძირს დასცემს).
პეტრე – ბაგირასია! ღმერთო, მაღალო!
ჯერი – უიარაღო კაცს როგორ სცემთ! მეთაური მოიყვანეთ!

გიურზა შიგნით შედის და უკან მოკლულის წიგნაკით დაბრუნდება.

უბაიდი – ამისმა შვილმა თვრამეტი კაცი მოგვიკლა! (წიხლს ჩაარტყამს წაქცეულ პეტრეს. სხვებიც წაქცეულისკენ მიიწევენ. გაეროს დამკვირვებლები წინ ეღობებიან გააფთრებულ მეომრებს).
ჯერი – რა გვარი იყო მოკლელი, საბუთი არ ჰქონდა?
გიურზა – აი, საბუთი! (სამხედრო წიგნაკს გადაშლის) ლევან შალიკაშვილი!
უბაიდი – დაფიცებული გვაქვს, საფლავზე უნდა დავაკლათ მამამისი!
პეტრე – მე შალიკაშვილი არა ვარ! (ჯიბიდან წვალებით ამოიღებს პასპორტს, გაუწვდის) ნახეთ!
გიურზა – (გადაშლის) სიმონ ჩალაძე!
ჯერი – ხომ გაიგონეთ?! ტყუილად სცემთ! ამ კაცმა უკვე ჩვიდმეტი გვამი გადაასვენა, ამ საქმეზე დადის!
გიურზა – პასპორტი ყალბია! შეითან-გურჯის მამაა! ამისი გაზრდილია ის ძაღლის ლეკვი!
ასსა – ისაა, ის!
ჯერი – ეს პასპორტი ნამდვილია, ბატონებო! ყალბი რომ იყოს, ჩვენ არ გამოვყვებოდით!
გიურზა – (ჩუმად, აკულას) სანამ იბრაჰიმი გამოვა, მანამდე უნდა აუგო ანდერძი!
აკულა – (ამოიგმინებს) ოხხ, ამისი დედა… (დანას იძრობს და პეტრესკენ გაიწევს. წინ ტომ სიბბერი გადაუდგება, მოკრივესავით შემართავს მუშტებს).
ჯერი – მეთაური მოიყვანეთ!
იბრაჰიმი – (შემოდის) შეჩერდით! (მიუახლოვდება). დანა შეინახე, აკულა! (აკულა დანას ინახავს და ზიზღით უმზერს ტომ სიბბერს).
ჯერი – (აღშფოთებული) ბატონო პოლკოვნიკო, კინაღამ მოკლეს ეს მშვიდობიანი კაცი!
ტომი – (წამოაყენებს პეტრეს, ცხვირსახოცს მისცემს) რაიმე კარგზე იფიქრეთ, პროფესორო! ნუ შეშინდებით!
იბრაჰიმი – (უბაიდს) მუეძინო, შენ რაღამ გადაგრია?
უბაიდი – იმისი სახე აქვს, იმ ძაღლის შვილისა! ერთი კარგად შეხედე!
ასსა – თვრამეტი კაცი რომ მოგვიკლა!
ჯერი – საბუთები შევადარეთ, პოლკოვნიკო, მაგრამ გვერები არ ემთხვევა!
ტომი – ეს ჩალაძეა, ის კი შალიკაშვილი იყო!..
იბრაჰიმი – მანახეთ! (გიურზა ორივე დოკუმენტს მისცემს. ერთმანეთს შეადარებს). საქმეს მიხედეთ! თქვენ კი, ბატონებო, ჩემთან მობრზანდით! (შედიან პოლკოვნიკის ოთახში).
აკულა – რა ვქნა, გიურზა, მომისწრო!
გიურზა – (ფეხებს შუა უთითებს). აი, ამისი ჭკუით დადიხარ! კაცი კი არა, აეგ ხარ!
აკულა – (შიშით მიმოიხედავს, ხომ არავინ გაიგო გიურზას ნათქვამი) მაგას რატომ მეუბნები?!
გიურზა – დანას რომ ამოიღებ, უნდა მოიხმარო კიდეც! ვერ ივარგე! (უბაიდთან მიდის). ხომ ხედავ, იმ გველის წიწილის გამზრდელია! (უბაიდი არ პასუხობს). შენ შარიათის კანონები იცი და გვითხარი, რა ეკუთვნის!
(უბაიდი ისევ დუმს). გვითხარი მეთქი!
უბაიდი – მე შენთან საქმე არა მაქვს!
ასსა – კარგი, ჩვენ მაინც გვითხარი, უბაიდ!
უბაიდი – შარიათის კანონებით იმას სიკვდილი ეკუთვნის! აი, ამას კი (გიურზასკენ მიუთითებს) ჩაქვავება!
გიურზა – ჩემგან რაღა გინდა?
უბაიდი – შენნაირებს ვირზე უკუღმა შესვამდნენ, მერე კი სწორედ ისე დასჯიდნენ, როგორც გითხარი! შორს ჩემგან, შორს!
იბრაჰიმი – (გამოსძახებს) გიურზა, ჭიქები და არაყი მოგვიტანე!
გიურზა – (უბაიდს, დაცინვით) ეგეც შენი შარიათი! (ჭიქებსა და არყის ბოთლს აიღებს და პოლკოვნიკთან შედის. მაგიდაზე აწყობს ჭიქებს, შეავსებს).
იბრაჰიმი – გისმენთ, ბატონებო!
ჯერი – ჩვენ სამშვიდობო მისიით მოვედით. გვამის გადასვენება გვინდა. ბატონმა ჩალაძემ უკვე ჩვიდმეტი ნეშტი დაუბრუნა მშობლებს… ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია თქვენი ჯარისკაცების ასეთი მწვავე რეაქცია, სერ!
იბრაჰიმი – ბოდიშს გიხდით, გაუგებრობა მოხდა…

ამ დროს ჩართული რაციით შემოდის მუეძინი.

მუეძინი – ბოდიში, მაგრამ ხაზზე თავად უსამა ბინ ლადენია!
გიურზა – (მეუძინს, აგდებულად) ვინ მიგდია ვიღაც თალიბების ფანატიკოსი მეთაური, ვიღაც დეგენერატი უსამა ბინ ლადენი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა არ გაგვაწყვეტინო?!
მუეძინი – მალე გაიგებთ, ვინც არის! ძალიან მალე!
იბრაჰიმი – (რაციას აიღებს, ცოტა ხანს ლაპარაკობს არაბულად და კავშირის დამთავრებისას ამბობს) ალ-ლაჰ აქბარ! (მუეძინს რაციას გაატანს). უკაცრავად, ბატონებო… რაზე ვლაპარაკობდით? ჰო, ბოდიშს გიხდით, რომ გაუგებრობა მოხდა…
ჯერი – ამ გაუგებრობას კინაღამ შეეწირა ეს პატიოსანი ადამიანი! ან ამის შემდეგ რა გარანტია გვაქვს?
იბრაჰიმი – (ერთხანს შეყოყმანდება და მერე კი მტკიცედ ამბობს). ალ-ლაჰსა ვფიცავ, ცუდი არაფერი მოხდება… საფლავსაც ვაჩვენებ…
ჯერი – ოფიცრის პატიოსან სიტყვას მაძლევთ?
იბრაჰიმი – (მკაცრად) მე ალ-ლაჰი დავიფიცე! ეს საკმარისზე მეტიცაა!
ჯერი – თქვენ ვერ გამიგეთ, სერ…
იბრაჰიმი – (მოლბება) ნუღარ გავაგრძელებთ! (ჭიქას ასწევს) დაღუპულთა ხსოვნისა იყოს, ბატონებო!

ჭიქებს მიუჭახუნებენ და ყველანი უხმოდ სვამენ. მერე გარეთ გამოდიან. წვიმს. ქუხს და გველივით იკლაკნება ელვა.
შემოდის პეტრე შალიკაშვილი, ხელში ნიჩაბი უჭირავს. გვერდით მოყვება პოლკოვნიკი იბრაჰიმ ბეკ-იდრისოვი.

იბრაჰიმი – (სცენის მიღმა მიმართავს). ამ გორაკზეა! თქვენ ნუღარ დასველდებით, ბატონებო, აქ დარჩით! ამას მე წავიყვან ზემოთ!
ჯერი – (სცენის გარედან) ოღონდ, თუ შეიზლება ცემა-ტყეპვის გარეშე! სირცხვილია!
იბრაჰიმი – ნუ შიშობთ!

შემოდიან უბაიდი, აკულა და გიურზა.

გიურზა – ერთი წუთით, იბრაჰიმ!
იბრაჰიმი – (მათთან მიდის). რა გინდა?
უბაიდი – მე მაინც იმისი მამა მგონია, იბრაჰიმ!
აკულა – ასპროცენტიანი ის არის!
გიურზა – ხომ დაიფიცე, შეითან-გურჯის საფლავზე დავაკლავო?!
იბრაჰიმი – საბუთები რომ არ ემთხვევა?
უბაიდი – ნუ დაუჯერებ! შეითან-გურჯის მამაა მეთქი! (პეტრეს) გიაურო, შენ ხომ ლევან შალიკაშვილის მამა ხარ! და აქაც იმიტომ მოხვედი!
აკულა – სიმართლე თქვი, ძაღლო!

პაუზა.

პეტრე – მე სიმონ ჩალაძე ვარ, ხომ ნახეთ პასპორტი!
გიურზა – მას, აქ რამ მოგიყვანა?
პეტრე – გვამი უნდა გადავასვენო!
იბრაჰიმი – კარგი, განზე გადექი!

პეტრე მოსაუბრეებს მოშორდება.

უბაიდი – ვერ ხედავ, რომ იმისი ნაკვთები აქვს?!
იბრაჰიმი – თქვენ, ყველანი გიურზამ აგიყოლიათ, უბაიდ!
უბაიდი – ეს ჩასაქვავებელი მე ვერ ამიყოლიებდა, იბრაჰიმ!
გიურზა – (იბრაჰიმს) თავს ნუ იტყუებ! ამ შუამავლებსაც წამში ავაფეთქებთ თავიანთი `ჯიპიანად~, სხვა რა გაწუხებს?
აკულა – კარგი აზრია!.. და მერე ქართველებს გადავაბრალებთ!
იბრაჰიმი – (მრისხანედ) კმარა! (უბაიდს) შენ და აკულა აქ დარჩებით, გიურზა მე წამომყვება!
უბაიდი – მაგრამ, პოლკოვნიკო…
იბრაჰიმი – (აწყვეტინებს) არ უნდა ამას ამდენი ყბედობა! წავედით!

პეტრე, იბრაჰიმი და გიურზა მიდიან (უფრო სწორად, სცენიდან გადიან აკულა და უბაიდი). იბრაჰიმი რევოლვერს ამოიღებს და საფლავისკენ ისვრის.

იბრაჰიმი – ნეტავი ამის ხორცს როგორ ჭამთ ქრისტიანები? (პაუზის მერე) მანდ დავასაფლავეთ.
პეტრე – (დაიბნა) სად?
იბრაჰიმი –სადაც ეგ კაციჭამია ღორი თხრიდა!
პეტრე – მადლობელი ვარ… (მოკლულ ღორს დაეჭიდება საფლავიდან გადასათრევად. შემოირბენენ ჯერი ადამსი, ტომ სიბბერი, უბაიდი და აკულა).
ტომი – ცოცხალია! კიდევ ერთ უსიამოვნებას გადავრჩით, სერ!
იბრაჰიმი – (წყენით, ჯერის) ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო, ხომ გითხარით, არაფერი მოუვა მეთქი?!
ჯერი – ბოდიშს გიხდით, სერ! იქნებ ჩვენც დავსწრებოდით…
გიურზა – სჯობს, მანქანაში დაიცადოთ! რა სახალისოა გვამის ცქერა?
ჯერი – წავედით, ტომ!
ტომი – მე დავრჩები, სერ! ამ ველურებთან მარტო ნუ დავტოვებთ!
ჯერი – ეგ უნდობლობა იქნება ჩვენი მხრიდან… უნდა წავიდეთ!
ტომი – მე არ წამოვალ!
ჯერი – (ბრაზით) ეს ბრძანებაა, კაპიტანო! (გადის სცენიდან. ტომ სიბბერი ცოტა ხანს იყოყმანებს და ისიც გადის).
იბრაჰიმი – (აკულასა და უბაიდს) თქვენც უკან დაბრუნდით! და სულაც რომ აფეთქდეს აქაურობა, დაბრუნება აღარ გაბედოთ! გასაგებია?!
აკულა – გასაგებია, ძალიან გასაგებია! (სირბილით გადის).
უბაიდი – ალ-ლაჰი იყოს შენი შემწე! (ხაზგასმელად ნელა გადის).

პეტრე საფლავს თხრის. თავზე იბრაჰიმი და გიურზა ადგანან. წვიმს, ელავს, ქუხს. პეტრე თხრას მოათავებს, პოლიეთილენში გახვეულ ნეშტს ამოიღებს, დაასვენებს და ცელოფანს მოაცილებს ფრთხილად. გიურზა სასწრაფოდ ცხვირზე მოიჭერს თითებს. პეტრე დაიჩოქებს, ცრემლები მოსდის. უცებ საზარელი ქვითინი აღმოხდება.

გიურზა – (გახარებული) აკი ვთქვი, მამაა მეთქი! (კარაბინს შეათამაშებს ხელში).
იბრაჰიმი – წყნარად იყავი, შენიდროც მოვა! (პეტრეს, პაუზის შემდეგ) ყური დამიგდე, გიაურო! კარგად მომისმინე!
პეტრე – გისმენ!
იბრაჰიმი – ამ ღლაპს შეითან-გურჯი შევარქვით. აქ იყო გამაგრებული, ქვემოდან ჩვენ ვუტევდით. კარგად იბრძოდა და ბევრიც მოგვიკლა. მერე სროლა შეწყდა და სიმღერა შემოგვესმა… (სცენის მიღმიდამ მოისმის `შავლეგო~). სულ სხვანაირი სიმღერა იყო, სულის შემძვრელი… ასე მამაჩემი მღეროდა, როცა ძალით გვასახლებდნენ ჩვენი მთებიდან უდაბნოში… (`შავლეგო~ შეწყდება). მივხვდით, ტყვიები გაუთავდა. ხუთი ჩვენიანი შემოერტყა შემართული ავტომატებით. ახლოს რომ მივიდნენ, `ლიმონკას~ დამცველი გამოგლიჯა, თავიც აიფეთქა და ის ჩვენი ხუთი მებრძოლიც შეიწირა… აქ რომ მოვირბინე, ფეხი მუხლს ქვემოთ ჰქონდა მოგლეჯილი. დაფლეტილი მუცლიდანაც სდიოდა სისხლი… Mმთელი ხმით ვღრიალებდი – რამდენი კაცი მომიკალი მეთქი! ხუთი ხომ აქ იწვა, ქვემოთ კიდევ – ცამეტი! შეშლილი ვიყავი, ჭკუიდან გადასული! (ყანწს ამოიღებს) აი, ეს ყანწი გავავსე იმისი სისხლით და შევსვი… ზიზღით დამანჭა სახე და წვალებით მითხრა: `შენც ჩემსავით იბრძოლებდი, ურჯულო!~ (პაუზა). აი, ასე მოკვდა… (პაუზა). რამდენჯერაც სიზმარში ვნახავ, ამ სიტყვებს მიმეორებს…

პაუზა.
კვლავ იქუხებს და სადღაც ახლოს მეხიც დაეცემა.

გიურზა – მამაა, მამა! ხომ დააკლავ საფლავზე?.. შენ ხომ ფიცი გაქვს დადებული!
იბრაჰიმი – მოიცა, გიურზა! (პეტრეს) მისმინე, გიაურო! ცხოვრება ხანდახან საკვირველ დამთხვევებს გვთავაზობს… (პაუზა, გვამისკენ მიუთითებს) ამის ხნის ვიქნებოდი, ავღანეთში რომ ვიბრძოდი. და მეც შეითან-გურჯივით შემომერტყა მტერი. მეც `ლიმონკა~ მეჭირა და `დაგვნებდიო!~ – მიყვიროდნენ… (პაუზა).
გიურზა – მერე?
იბრაჰიმი – (ისევ პეტრეს მიმართავს) მე ვერ გავბედე იმ წყეული `ეფადინის~ ძირს დანარცხება!
გიურზა – მერე, მერე?!
იბრაჰიმი – (ისევ) ჰოდა, ტყვედ ამიყვანეს რუსებმა და ახლა იმათ ვოლიერებში გამოყვანილი ნადირი ვარ!

პაუზა.
იბრაჰიმი ძირს დაჯდება. ახლაღა შენიშნავს გაშტერებულ გიურზას, გულის ჯიბიდან კონვერტს ამოიღებს და დამცინავი ღიმილით გაუწვდის. შეცბუნებული გიურზა კონვერტს ჩამოართმევს.

გიურზა – ეს რა არის?
იბრაჰიმი – ჩემი ცოლის წერილების წაკითხვის დრო მოვიდა, გიურზა!.. რომელიც, სხვათაშორის, არცა მყავს…

გიურზა კონვერტს გახსნის, ნაჩქარევად გადაათვალიერებს შიგნიდან ამოღებულ წერილებს.

იბრაჰიმი – (პეტრეს) რუსების ვოლიერებში გამოყვანილი ნადირი კი ვარ, მგრამ მაინც არ მენდობიან. აი, ეს ჯაშუში მომიჩინეს და ეგეთ დაშიფრულ ბარათებს უგზავნის ხოლმე აკულას ხელით…
გიურზა – (აკანკალებული) მაშ, მიღალატა აკულამ? (უცებ კარაბინს მოიმარჯვებს, იბრაჰიმს მიუშვერს და სასხლეტს ფეხს გამოუშლის. მხოლოდ ჩხაკუნი ისმის).
იბრაჰიმი – (მშვიდად) შხამი გამოგაცალე, ვეღარავის დაგესლავ!
გიურზა – (ქვითინით დაემხობა ძირს, იბრაჰიმს ფეხებზე ჰკოცნის) ჩემი ბრალი არ არის! შემიბრალე, იბრაჰიმ! არ ვიცოდი! გემუდარები! შემიბრალე! ნუ მომკლავ, იბრაჰიმ! ნუ მომკლავ!

პაუზა.
იბრაჰიმი – უნდა მომეკალი!.. მაგრამ წადი და… შეითან-გურჯს უმადლოდე!

გიურზა თავდაპირველად ძირს მიხოხავს, მერე წამოიწევს, წამოდგება და წელში მოხრილი გარბის.

იბრაჰიმი – (ჩაიცინებს) შეხედე, გიაურო, როგორ გარბის!.. წელში როგორ მოხრილა! მაგას ჰგონია, ტყვიას დავადევნებ! და იცოდე, თვითონ არ დამინდობდა!..

პაუზა.

იბრაჰიმი – (ყანწს გაუწვდის პეტრეს) ეს კი შენთვის მიჩუქნია, გიაურო! ამიერიდან იბრაჰიმ ბეკ-იდრისოვი აღარავის სისხლს აღარ დალევს! (ერთხანს წვიმას შეუშვერს სახეს. პაუზა) ახლა საბოლოოდ გეკითხები, შენი შვილია?

პაუზა. პეტრეს ყანწი გაყინვია ხელებში და ზედ მიშტერებია.

იბრაჰიმი – მიპასუხე!
პეტრე – (უცნაურად ეცვლება ხმა) ჩემი არ არის!
იბრაჰიმი – აბა, წეღან ტყუილად ქვითინებდი?
პეტრე – შემებრალა!

პაუზა.

იბრაჰიმი – (სინანულით) შეითან-გურჯი კი გამოზარდე, მაგრამ იმისთანა ვაჟკაცი შენ ვერ ყოფილხარ!.. ჟეტონი მოხსენი?
პეტრე – რა ჟეტონი?
იბრაჰიმი – მშვენივრად იცი, რა ჟეტონიც! ჟეტონი პირადი ნომრით!
პეტრე – არა ჰქონია!
იბრაჰიმი – მოიტა! კისერზე რომ ჯვრიანი ძეწკვი აქვს, იქ დავკიდე, როცა ვმარხავდი! (პეტრე გვამს ჟეტონს მოხსნის და გაუწვდის. იბრაჰიმი გამოართმევს და დაჰყურებს). ალ-ლაჰმა აცხონოს! ვაჟკაცი იყო! სიმღერით მოკვდა! (პაუზის შემდეგ) როგორც ამ გორაკზე შეითან-გურჯი, ისე უნდა მოვმკვდარიყავი ავღანეთში! ჩემზე ძლიერი ყოფილა!.. (პაუზა) შენც კი დაგამარცხა, უარი გათქმევინა საკუთარ სისხლსა და ხორცზე, მე უარესს არ მიზამდა?!

პეტრე უყურებს იბრაჰიმს და ხმა ვეღარ ამოუღია. აუტანელი სიჩუმეა. მოულოდნელად თავისით ჩაირთვება `ანტუანეტა~ და მელოდიაზე ცეკვავს.

იბრაჰიმი – (ფეხზე წამოდგება, სამხედრო წიგნაკსა და პასპორტს ამოიღებს, გაუწვდის) ლევან შალიკაშვილი ასეთი საფლავის ღირსი არ არის! წაიღე! (პაუზა). წაიღე და შენი თავი ამისთვის მიჩუქნია! მოიცა! (`ანტუანეტას~ გაუწვდის) ესეც შენი ფეშქაში იყოს!

პეტრე ჯიბეში ინახავს საბუთებს, ნაჩუქარ ყანწს. მერე ისევ ცელოფანში გაახვევს ცხედარს `ანტუანეტასთან~ ერთად, აიყვანს და მიდის. იბრაჰიმი ნიჩაბს აიღებს და უკან მიჰყვება.

ტერეზია – (შორიდან ისმის) `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! (შემოდის, დანარჩენ პერსონაჟებს მისი ხმა არ ესმით). სად არის ჩემი `ანტუანეტა~?! ჩემი `მარიამ ანრუანეტა~! (ისევც ეძახის) `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! რა უყავით ჩემს `ანტუანეტას~?! ჩემს `მარიამ ანტუანეტას~?! იცით, ელისეს მინდვრებზე რომ ვსეირნობდი, მთვრალი შარლ ბოდლერი შემხვდა და თხუთმეტ ფრანკად მომყიდა `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! (ძახილით გადის).

უბაიდი – (იბრაჰიმს) რა მოხდა?
აკულა – მე მეგონა, უკან შენ და გიურზა დაბრუნდებოდით! ეს რჯულძაღლი კი გაქცევის მცდელობისას შენი ტყვიით გაგორდებოდა!
იბრაჰიმი – (აკულას, პაუზის მერე) ეგ კერტები გადაყარე, უკვე ყარს, შვილო!

აკულა მოულოდნელობისაგან შეხტება. მერე იბრაჰიმის დაჟინებულ მზერად რომ წააწყდება, გატყდება, მძივს ჩამოიწყვეტს და მოისვრის.

უბაიდი – ეს რა ჰქენი! ვერ ჩააქვავე ის კახპა? მომინდომა დედოფალ მარი ფიოდოროვნას გერბიანი შანდალი!
იბრაჰიმი – გავუშვი! ოღონდ უშანდლოდ! და არც `ანტუანეტა~ გამიტანებია!
უბაიდი – მაშ, რა უყავი?
იბრაჰიმი – შეითან-გურჯის მამას ვაჩუქე!

უბაიდი გაშრება.
ამ დროს მამლის ყივილი გაისმის – მკვეთრად და ხმამაღლა.

აკულა – (იდიოტის გამომეტყველება გაუქრება) გაიგონეთ? ჯიბრაილს არ მოსჩვენებია! სოფელში მამალია!
უბაიდი – (გაჯავრებული) რა დროს მამალია?! (იბრაჰიმს) `წინასწარმეტყველო, მორწმუნენი აღძარ საბრძოლველად. ოცმა ძალოვანმა მათ შორის ორასი ურჯულო დააწვინოს, ასმა ათასი გააქციოს, რადგან ურჯულოებს არაფერი გაეგებათ~. სურა მერვე, აია სამოცდაექვსი!
იბრაჰიმი – (მრისხანედ) `ვფიცავ ღამეს, ყოვლის საფარველს და დღეს აკაშკაშებულს~, სურა ოთხმოცდათორმეტი, აია პირველი, რომ ეგ მოწოდება მე აღარ მჭირდება, უბაიდ!
უბაიდი – ვითომ რატომ?
იბრაჰიმი – ბრძოლის მეტს არაფერს ვაკეთებ!

პაუზა.
`ჯიპი~ დაიძვრება და მიდის.
იბრაჰიმი ლევან შალიკაშვილის ჟეტონს ამოიღებს, გაწმენდს, თავისასაც შეიხსნის, ორივეს ერთად ჩამოიკიდებს და ისევ კისერზე შეიბამს.

14.
იგივე პალმა. შემოდის გალონი, ხეს ეფერება.

გალონი – გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! (პაუზა) ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია (პაუზა) მომენატრა მზე სინათლის მფენი, (პაუზა) მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. (პაუზა) მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა (პაუზა) გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი (პაუზა). მომაგებე მშობლიური გემი, (პაუზა) მომაგებე მშობლიური მიწა, (პაუზა) შენი ძველი მეგობარი მიცან.

შემოდის მერი. ხელში თოჯინა `ანტუანეტა~ უჭირავს.

მერი – გამარჯობა, გალონ!
გალონი – ვინა ხარ, უცნობო ქალო?
მერი – წყურვილი ნამდვილი და დიდი სიყვარულისა.

პაუზა.

გალონი – როგორ მოხდა ეს?
მერი – რა?
გალონი – რომ შენ ნამდვილი და დიდი სიყვარულის წყურვილად იქეცი?
მერი – მოხდა.
გალონი – შენ ხომ ცოცხალი არსება ხარ, შენ ხომ ადამიანი ხარ… უსათუოდ.
მერი – მე ცხოვრება ვარ.
გალონი – ჰო, ჰო.
მერი – მე წყურვილი ვარ, წყურვილი ნამდვილი და დიდი სიყვარულისა…
გალონი – მიყვარხარ, ძვირფასო… უსათუოდ!
მერი – მეც, მეც მიყვარხარ… (პაუზა) მაგრამ, მართლა ვერ მიცანი?
გალონი – ვერა, ვერ გიცანი. ვინ ხარ, ლამაზო, მაგრამ ნაწამებო ქალო?
მერი – აი, ძლივს შეამჩნიე, რომ ნაწამები ვარ…
გალონი – ვინ ხარ მეთქი?
მერი – მე ის ვარ, ვისაც გადამთიელებმა საჯაროდ ამოგლიჯეს გული!
მე ის ვარ, ვინც ხალხის თვალწინ საჯაროდ დაჩეხეს ცულით! ის, ვინც ელექტროდენის ბოძზე ჩამოახრჩვეს. ის, ვისაც საჯაროდ მოჰკვეთეს თავი და მერე უპატრონოდ დააგდეს ქუჩაში, ძაღლების და ღორების საჯიჯგნად. ის, ვისაც ცხვირი, ყურები, ხელები მოაჭრეს. ჩემი გახსნილი ვენიდან გადმოსული სისხლით გაავსეს ჭიქა და მევე შემთავაზეს, დალიეო; მაგრამ, როცა უარი მიიღეს, მომიბოდიშეს – რა ვქნა, დაო, არ გეწყინოს, ჩვენ შენს სისხლს კი არა, ყველა ქართველის სისხლს ვსვამთო! და დალიეს კიდეც!
გალონი – საშინელება, საშინელება… სასაფლაოდან დგება მუმია…
მერი – თან დამემუქრნენ, – თუ ქართველები არ დატოვებთ აფხაზეთს, ყველას სიკვდილი გელოდებათო.
გალონი – რა სიჩუმეა…
მერი – რომელ სიჩუმეზე ამბობთ, მე ხომ ისიც ვარ, ვინც გადამთიელებმა ხერხით გადაჭრეს შუაზე და ზედ წერილი მიაბეს – როგორც ამ გოგონას სხეულს ვერ გააერთიანებთ, ისე ვერ გააერთიანებთ საქართველოს და აფხაზეთსო!
გალონი – ჰაერი ლურჯი აბრეშუმია…
მერი – მე ის ვარ, ვინც ავტომატის ტყვიებით შუაზე გადაჭრეს. ისიც, ვინც სხვა ქართველებთან ერთად ჩააგდეს ცეცხლმოდებულ სახლში და დაწვეს. მე ის ვარ, ვისი მოკვეთილი თავითაც ფეხბურთს თამაშობდნენ და ხორხოცებდნენ. მე ისიც ვარ, ვის თვალწინაც მთელი ოჯახი აწამეს და დახოცეს, წასვლისას კი დაუბარეს – შენთვის სიცოცხლე სიკვდილზე უარესიაო!
გალონი – სარკოფაგიდან დგება მუმია… რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია… საკმარისია, საკმარისია!
მერი – არ არის საკმარისი. მე ის ვარ, ვისაც ცოცხალს ჩამოაცვეს თავზე ავტომობილის საბურავი და იმ საბურავს ცეცხლი წაუკიდეს. ისიც, ვინც სხეულის ერთი ნაწილით ხეზე მიაბეს, მეორე კი ტანკს გამოაბეს და ასე გახლიჩეს შუაზე.
გალონი – აღარაფერი მითხრა, აღარაფერი! სარკოფაგიდან დგება მუმია… რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია, ჰაერი ლურჯი აბრეშუმია, ჰაერი ლურჯი აბ-რე-შუ-მი-ა…
მერი – მე ის ვარ, ვისაც ცოცხალს ააჭრეს თავზე სკალპი. მე ყველა ის ქალიც ვარ, ვისაც აუპატიურებდნენ, მერე `კალაშნიკოვების~ ალესილი ხიშტებით ძუძუების კერტებს აჭრიდნენ…
გალონი – (ყურებზე ხელბს აიფარებს) სარკოფაგიდან… სარკოფაგიდან…
მერი – და ეს კერტები ჩემს მკვლელბს მძივებად ასხმული ეკიდათ ყელზე, ხოლო სამკლაურებზე კი ეწერათ – `სმერტ გრუზინამ!~

პაუზა.

გალონი – ვინა ხარ მეთქი, ტანჯულო ასულო!
მერი – ვეღარ მიხსენებ?
გალონი – გიხსენებ და ვერც გიხსენებ…
მერი – მე აფხაზეთი ვარ, შენგან დაკარგული აფხაზეთი… მშვიდობით. (`ანტუანეტას~ ძირს დადებს და მიდის).
გალონი – მოიცა, გიცანი! უსათუოდ გიცანი! (მერი მაინც მიდის) მერი, არ წახვიდე! (მერი უკან არ იყურება) არ წახვიდე, მერი! მერი! მერი! (გადევნებას დააპირებს, მაგრამ გაჩერდება და უმწეოდ ჩამოყრის ხელებს).
ტერეზია – (შორიდან ისმის) `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! (შემოდის, დანარჩენ პერსონაჟებს მისი ხმა არ ესმით). სად არის ჩემი `ანტუანეტა~?! ჩემი `მარიამ ანრუანეტა~! (ისევც ეძახის) `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! რა უყავით ჩემს `ანტუანეტას~?! ჩემს `მარიამ ანტუანეტას~?! იცით, ელისეს მინდვრებზე რომ ვსეირნობდი, მთვრალი შარლ ბოდლერი შემხვდა და თხუთმეტ ფრანკად მომყიდა… `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! `ანტუანეტა~! (ძახილით გადის).

შემოდის მზერაგაყინული პეტრე, ცრემლები სდის.
მონოტონურად წვიმს.
გაუჩერებლად მიდი-მოდიან საქარე მინის გამწმენდები.
უცებ სიჩუმე ჩამოვარდება.
და მოულოდნელად ისმის მამლის ყივილი.
მერე ზემოდან ჩამოდის იდუმალი ხმა:
`ამენ, ამენ, გეტყვი შენ, არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის~.
ჩანს პეტრეს ცრემლიანი სახე. თითქოს რაღაცას მიხვდაო – იღიმება…

პეტრე – დიდება შენდა, მეუფეო, დიდება შენდა…

სცენაზე ვერხვის ფოთლები ცვივა.
გამოდიან პერსონაჟები, დააბიჯებენ ფოთოლცვევნაში.
გიტარით გამოდის ჯიქი, ჩამოჯდება, უკრავს `ვერხვების~ მელოდიას. უცებ ეს მელოდია გაწყდება და მერი შერვაშიძის დატოვებული თოჯინა `ანტუანეტა~ მოულოდნელად თავისით აცეკვდება თავისივე დაკრულ მელოდიაზე.

გალონი – გიცანი, ანტუანეტა… მარიამ ანტუანეტა… მეხუთე ლექსი `არტისტული ყვავილების~… თოვლი, ვარდისფერი თოვლი! ჰო, ჰო… და… დოვინ… დოვენ… დოვლი!.. დოვინ… დოვენ… დოვლი! უსათუოდ! უსათუოდ! დოვინ-დოვენ-დოვლი! გალონი `ანტუანეტასთან~ ერთად იწყებს ცეკვას და ავტორის მოკრძალებული ფიქრით, ეს თოჯინა `ანტუანეტა~ და მერი შერვაშიძე ერთმანეთს ჰგვანან).

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

1997 – 2004 წწ.

Written by უჩინმაჩინი

ოქტომბერი 22, 2009 at 12:19 PM