ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

მამუკა ხერხეულიძე – “ბებე”

leave a comment »

mamuka-kherkheulidzeმამუკა ხერხეულიძე

ბებე

დაკვირვებული ვარ, ცუდ ამბებს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მატყობინებს. ამათში ყველაზე სწრაფი პროვაიდერი ჩემი ბავშვობის მეგობარი ნუკრია. ერთხელ, რომელიღაც უბნელის წამლით გაპარვა შემატყობინა ტელეფონით _ ეხლა იქ ვარ, საავადმყოფოში, ჯერ კიდევ თბილია… გუშინ რა ქენი, დალიეო? _ პირდაპირ ასე გააგრძელა. იმ დილასაც ასე მოხდა. მობილურმა დარეკა, ნუკრია. ახალი გაღვიძებული ვიყავი, სანამ ვუპასუხებდი, ქუჩაში გადავიხედე, თოვდა, ისე თბილად, თან პირველად ამ ზამთარში, ნუკრის პანდორას ყუთი არც გამხსენებია. _გაიგე?_ ისევ ის იყო. _ ბებემ თავი მოიკლაო…
მარჯანიშვილის თეატრთან ძველი, სამსართულიანი, ლამაზი სახლი დგას. აქ გალაქტიონ ტაბიძე ცხოვრობდა, თუმცა პლეხანოველი ქუჩის ბიჭისთვის, რომელსაც იმ დილით ბებემ დაურეკა, მეფე პოეტის და მისი თვითმკვლელობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. იოჟიკ, ბებე ვარ, დროზე ამოდი, შენთვის მარმელადი მაქვს, მე აბაზანაში შევდივარ, გასღები ფეხსაწმენდის ქვეშ იდება, პირდაპირ შემოდი. მობილური გათიშა:”ახია შენზე, ნაღდად აღარ გაიკეთებ”.
მარმელადი ანუ წამალი ერთი თვის წინ გადააგდო იოჟიკამ, ნარკოლოგიურში იწვა. კინაღამ გაარეკინა სუბუტექსმა, რა აღარ ელანდებოდა, ცოლზეც ვეღარ ეჭვიანობდა, თვითონ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. წინა დღეს თვითონ დაურეკა ბებეს _ რამე არ იცი? ერთი გაკეთება მინდა რა, უძილობით დავიღალე, მთელი დღე ტელევიზორის ყურებამ შემაყლევა, შპრიცი გადავაგდე და პულტზე დავჯექი, ერთი თვე გავიდა და მაინც არ მიდგებაო. საბაჩი პერეულოკიდან მარჯანიშვილამდე თხუთმეტი-ოცი წუთი უნდოდა, ბებეს ბოლო ტაიმი. წამმზომი ჩაირთო _ ამ დროში უნდა ჩატეულიყო. ყველაფერი მზად იყო, შვიდი წერილი მაგიდაზე იდო, რომელთა ადრესატები ზედმიწევნით შეუსრულებენ ყველა თხოვნას, ოღონდ ეს მერე, როცა სახელდახელოდ ნაყიდი ახალი კოსტუმით XX-ლL სასახლეში იწვება თეთრი ბინტით ხელებშეკრული და ალბათ გამაყრუებული ხმაურით ოდნავ შემცბარი, გაყინული, გალურჯებული სახით. იოჟიკა კი უკვე მოქროდა აჟიტირებული, თოვლჭყაპიან “საბაჩიზე” და ჩხეიძეზე ტრავმატოლოგიურის დარაჯს ესალმებოდა, პალტოზე ჭუჭყიანი, ოდესღაც თეთრი ხალათი რომ ჰქონდა მოსხმული. ბებემ გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ უკვე დადო, თან ფრთხილად, მეზობელს კარის ხმა არ გაეგო, მისი მობილური ლომბარდში ჰქონდა დაზალოგებული და ყოველ შეხვედრაზე ტვინს უჭამდა, როდის მომცემო (ლაშასთვის დატოვებულ წერილში ამ ლომბარდის მისამართი და ქვითარიც იდო). ნაიკის სპორტული პიჟამოც ეცვა, თასმით მოჭერილი კაპიუშონით, გაგლეჯილი თავიდან გამოსხმულ სისხლს კედლები ჭერი და მთელს კედელზე გაყოლებული ტანსაცმლის თეთრი კარადა რომ არ დაესვარა. გარდერობი ერთ დროს სავსე იყო, ახლა კი პლეხანოვზე სუბუტექსის ბარიგებს მისი შმოტკებით ამოიცნობდი _ ძველი წამლის კრიმინალი ბარიგებისგან განსხვავებით, სუბუტექსის დილერები ჩვეულებრივი, “კარგი” ბიჭები იყვნენ, პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენლები და ზოგი საზოგადოებას მორალსაც კი უკითხავდა. მოკლედ, ჩვენს სნობურ ქალაქში მოდური რამე გახდა.
ლოგინთან მდგარ ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჰქონდა აწეული, არა იმიტომ, რომ მეზობლებს სროლის ხმა არ გაეგოთ _ თვითონ ეშინოდა მოულოდნელი ხმაურის, სიჩუმეში შეიძლება კუროკისთვის ვერ გამოეკრა. იმ დღესაც, მეზობლად მშენებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან რომ ვერ გადმოხტა, მგონი სამარისებულმა სიჩუმემ გადააფიქრებინა. ბოლო, მაგრამ მთავარი დეტალი რჩებოდა, იარაღის გატენვა, რომელიც პირველად ეჭირა ხელში. ეს იარაღი ბებესთან ამ ბოლო დროს ჩასახლებულ ერთ პატარა ძველს, ოთოს ედო ბალიშის ქვეშ, წამალზე მოძრაობის დროს ზედ რომ არ ჰქონოდა, ამ დღეებში წავიღებო. ნანახი კი ჰქონდა ბევრჯერ, მაგრამ თვითონ არასდროს უხმარია. არ უყვარდა, ის კი არა, თბილისის ომი რომ დაიწყო და თითქმის ყველა მის მეგობარს იარაღი ეჭირა, ვინმე რომ ამოიღებდა, მაგარ პანიკას აკეთებდა _ გაწიე, შეჩემა, პროსტა რომ გავარდეს, მაინც მე მომხვდება, იმხელა ვარო. იმ წლებში მგონი ამის გამოც წაიყვანა ოჯახი ჰოლანდიაში. თავშესაფარი არ მოუთხოვიათ, პლეხანოვი ენატრებოდა. დეზერტირის ბაზრიდან მშობლების გარდაცვალების მერე სახლი აქ, მარჯანიშვილზე გადმოცვალა, თუმცა მაშინ ბევრი ფულიც ტრიალებდა მის ხელში, მეგობარი ოლიგარქის რამდენიმე მილიონიც ბევრჯერ უტარებია ქეისით მოსკოვში ან თბილისში, ისე, რომ შიგნით არც კი ჩაუხედავს. წელიწადნახევარი ამსტერდამში ვცხოვრობდი და იქ არ გამიკეთებია წამალი, იმ დედამოტყნულ მოსკოვში რამ გამაგიჟა, ეს სუბუტექსი რამ გამაკეთებენა, განწირული ბომჟების წამალი, სანდრიკას დედას რომ შევეციო, ხშირად ამბობდა.
ზატვორი მარცხენა ხელით გამოსწია, სწრაფად, კინოებში რომ უნახავს, ისე, რკინების ჩხაკუნი, ჩახმახი ფეხზე შედგა და ტელევიზორიც ჩაქრა. ეტყობა დენი წავიდა. სიჩუმე ჩამოწვა.
მთელი ღამის ნალომკარი ოფლი სრულიად შეაშრა. დააკვირდა, აღარც ფეხები ტკიოდა, რომლების მოჭრასაც ნატრობდა ღამის აბსტინენციაში, ციებ-ცხელებაც გამქრალიყო, ფიზიკური აღარაფერი აწუხებდა. კედელზე ბავშვობისდროინდელ ფოტოს ახედა: დიდი, მოკლეშარვლიანი, ბუთქუნა ბიჭი კალათბურთის ბურთზე იჯდა და ობიექტივს ენას უყოფდა. მაგიდას გახედა. წერილების დახევა ნიშნავდა სიცოცხლეს ანუ იგივეს: წამლის ფულის ჩალიჩი, თან საიდან, ყველაფერი, რისი დაზალოგებაც შეიძლებოდა, უკვე ჩაბარებულია, მეგობრებს ვეღარ ენახვება, ამდენი შეცდომის მერე, რაც არ უნდა მოიფიქროს, არ დაუჯერებენ, კარგი, ერთხელაც მიადგება გიას, ლაშას ან ლევანს, ზახოდის ფულს გამოართმევს, მაგრამ საღამოს ისევ ლომკა, ისევ მაყუთის ძებნა, უძილობა, ისევ ფეხების ღრღნა და რაც მთავარია, საკუთარ თავთან, ძველ, თავმოყვარე ბებესთან დაშვებული კომპრომისები, აუტანელი სინდისის ტკივილი, რასაც სუბუტექსის გარდა არაფერი შველის, ისიც ცოტა ხნით, მეორე გაკეთებამდე, თან ეს დედაძაღლი აღარც აკაიფებს, ცოტა ხანი ხოდზე მოიყვანს, სიგარეტს მოაწევინებს..… ბავშვის სწავლის ფული იყო შესატანი, სახლი, სადაც მისგან წასული ცოლი და შვილი ცხოვრობდნენ, ბანკში იყო დაგირავებული, ესეც ბებეს ბრალდებოდა, არადა, ამ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავის დროზე თვითონ იყო, სანამ ის ამბები არ მოხდებოდა _ ამ პრობლემის მოგვარებას რიგით მეორე წერილში ითხოვდა…
ისევ ოფლმა დაასხა, ფეხებიც ნელ-ნელა ღრღნას იწყებდნენ. სიგარეტის მოწევა დააპირა და მარცხენა ხელში პისტოლეტი აღმოაჩინა, რაღაც უცნაური მომჟავო სუნი ჰქონდა პისტოლეტს. წამით ვერ გაიხსენა, რას აგონებდა, მგონი იმას ბავშვობისას რადიოლას ელემენტს ენას რომ დაადებდა.… სიგარეტიც გათავებულიყო, იოჟიკაც ჩელუსკინელების ხიდამდე მოსული იქნებოდა და ავეჯის მაღაზიასთან მარჯვნივ უხვევდა.
მივიდა, აივნის კარი გამოაღო. ბარდნიდა. ბავშვობის დაკვირვება გაახსენდა თოვლთან დაკავშირებით _ სადღაც ზემოთ, ცაში, რაღაც გაფუჭდა და იმიტომ თოვს. ქუჩის ხმაური აღარ ესმოდა, როცა ყავისფერ, მოკლე დუბლიონკიანი, ჩქარი, მოკლე ნაბიჯებით მომავალი იოჟიკა დაინახა. ბოლო ტაიმის უკანასკნელი წამები მიქროდნენ.
კარი მიხურა და ტელესერიალის დამასრულებელი სამხრეთამერიკული სიმღერაც აღრიალდა, დენი მოვიდა. ბებე ლოგინზე ჩამოჯდა, პისტოლეტი კაპიუშონზე, ყურთან მიიბჯინა, ოთახს თვალი მოავლო. ყველაფერი მზად იყო საპანაშვიდედ. თავისი ძმაკაცები წარმოიდგინა, ვინ სად იდგებოდა ან იჯდებოდა, და ბავშვობის დროინდელი, კალათბურთის თამაშის დროს გადამწყვეტი ტყორცნისას გაგონილი ვიღაცის შეძახილი ჩაესმა: “წავიდა!”
იოჟიკა კი უკვე “პალავიკის” ქვემოდან გასაღებს იღებდა _ თვითონ ასე წერდა პოლიციაში, ახსნა-განმარტებაში, სადაც რა თქმა უნდა მარმელადს ანუ სუბუტექსს არ ახსენებდა, _ გულაფრიალებული, უფრო სწორად, ვენებ-აფართხალებული, თუმცა ვენები სადღა ჰქონდა, საათობით წვალობდა ცისფერი კაპილარის ძებნაში, ის კი არა, ერთხელ ასოზეც გაიკეთა, სადაც ვენა შემორჩენილიყო. მერე დაუჩირქდა და კინაღამ მოსაჭრელი გაუხდა, თუმცა ახლა მაინც არაფერში არგოდა. მაღალჭერიან კორიდორში შესულს სახლში მიტოვებული სერიალის, პერსონაჟებს აცხადებდა პათეტიკური მთარგმნელი, ოღონდ ძალიან ხმამაღლა, ალბათ, აბაზანაში რომ გაიგოს ბებემ, იმიტომ აუწია ამხელა ხმაზეო, გაიფიქრა და პირდაპირ საძინებელი ოთახისაკენ გასწია. ბებე შეტყუპებულ ლოგინებზე იყო გადაწოლილი, კაპიუშონიანი კეფით კარისკენ. ალბათ ახალი გაკეთებული აქვს, საძილეც შერეული და პრიხოდშიაო, ჩქარი ნაბიჯით გასწია საწოლთან მდგარი ტუმბოსკენ, სადაც ტრადიციულად სუბუტექსის დაფშხვნა და “დერბანკა” ხდებოდა ხოლმე, თავისი ზახოდი იქ ეგულებოდა. ლოგინს შემოუარა, ბებეს ნაჩქარევად დახედა, უცნაურად ეჩვენა ღია, უმეტყველო და შეშინებული თვალები, მარჯვენა ხელი ტანის ქვეშ არაბუნებრივად მოქცეულიყო. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ოთახში რაღაც ნაცნობი, მოტკბო სუნი, მარჯვენა მხარეს გადაგდებული კაპიუშონიანი თავიდან სისხლი ჟონავდა და ცისფერ საბანზე ლაქა დიდდებოდა… არა, _ წამოიყვირა იოჟიკამ, მაგრამ მისი ხავილი სარეკლამო მუსიკის ხმაში ჩაიკარგა. უცბად მოეჩვენა, რომ ტელევიზორის გამორთვა დაასრულებდა ამ საზარელ სიზმარს, ასე ეგონა, ყველაფერი მორჩებოდა, თუ ხმაური შეწყდებოდა _ ეცა და კარგა ხნის მერე იპოვა გამოსართველი.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. იქნებ ცოცხალია, გაიფიქრა და კინოებში ნანახი დეტალი გაახსენდა, ორი თითი საძილე არტერიაზე დაადო. ახლოს მისულმა ბებეს უზარმაზარ ფეხებთან, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დაინახა, ჩახმახშემართული, დაიხარა და აღება დააპირა, მაგრამ გაახსენდა, მისი თითის ანაბეჭდები დააჩნდებოდა იარაღს და ეჭვი მასზე გაჩნდებოდა. უცბად შეეშინდა, ისიც გაიფიქრა, ხომ არ გავიქცეო. ბებეს უნაკლო მენეჯმენტში ეს ლოჯისტიკური კვანძი უმნიშვნელოვანესი ლაფსუსი იქნებოდა, სამი საათისთვის სამსახურიდან დაბრუნებულ მის უსაყვარლეს, ერთადერთ დედმამისშვილს, მშობლების გარდაცვალების მერე ყველაზე ერთგულ ადამიანს, დას არ უნდა ენახა ეს სცენა, შეიძლება მასაც თავი მოეკლა. მისთვის და შვილისთვის მიწერილი წერილები მარჯვენა ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, დანარჩენი ხუთი მაგიდაზე იდო. კიდევ კარგი, იოჟიკამ წერილებს დახედა, _ წინასწარ განზრახული და ეჭვგარეშე თვითმკვლელობა, რაც სრულიად ნათელი იქნებოდა გამოძიებისთვის და საუბედუროდ, ეკლესიისთვისაც. ბებეს ახლობლებისთვის ამ ტრგედიაზე უფრო დიდი შოკი, მისი წესის აუგებლად დაკრძალვა იყო, არა გარდაცვალება, არამედ ჩვეულებრივი და სამუდამო სიკვდილი.
მარჯანიშვილის თეატრთან, გალაკტიონ ტაბიძის სახლის გვერდზე, უცხოური მანქანები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სოლიდურად შავებში ჩაცმული ახალგაზრდა კაცები საქმიანად შედიოდნენ და გამოდიოდნენ პანაშვიდით გახალისებულ სადარბაზოში. ზოგიერთები შესასვლელში იდგნენ, სიგარეტს ეწეოდნენ სახელდახელოდ დადგმულ “გალუაზის” ურნასთან, ხმადაბლა საუბრობდნენ ძალიან ჩვეულებრივ ამბებზე, ვთქვათ, თოვლი როგორ უდროოდ წამოვიდა თბილისში როცა ზამთარი თითქმის გასული ეგონათ, საბურავები გამოსაცვლელი ჰქონდათ თუ არა, ან “ლევერის” გაყიდულ თამაშზე, მაგრამ რომელიმე ავტორიტეტული ბებეს ძმაკაცის გამოჩენაზე ჩუმდებოდნენ და თავდხრილები, ღრმა ნაფაზებს არტყამდნენ მწუხარე სახეებით. მაღალჭერიანი კორიდორის მარჯვნივ სამზარეულოში “არმანის” ძაძებიანი ქალები ისხდნენ, ყავას სვამდნენ და შეწუხებული სახეებით ყვებოდნენ ქმრის რეაქციას ამ ტრაგედიის შეტყობისას, და რაც მთავარია, თავიანთი მოძღვარის კომენტარებს უბედური ბებეს წესის აგების უშანსობაზე და, შესაბამისად, ჯოჯოხეთში გამგზავრებაზე. _ არადა წინა შაბათს დასაფლავებაზე შემხვდა და წამეკაიფა, შენს ქმარს პარნოიში, რომ დაადექი, კარები რომ გააღებინე, _ ზეწრები გამომართვითო_ მომსახურე პერსონალის მოსომხო ხმით, როგორ ეძახდიო. ვერაფერი ვერ შევამჩნიე, ჩვეულებრივი ბებე იყოო, _ ყვებოდა ერთი ქალი _ ჩაცმულობის მიხედვით თორემ ისე ალბათ გოგო, რომლის მაკიაჟიც ცრემლებს გაეფუჭებინა. კორიდორში ჩამოკიდებულ სარკეს ზეწარს აფარებდნენ ამ ქალებისათვის უცნობი, უპრეტენზიო და უსახელო ჩაქუჩმომარჯვებული ნათესვ მეზობლები. შუა გაჩახჩახებულ დიდ ოთახში, სადაც უზარმაზარი სასახლე იდგა, გარშემო ჩამწკრივებულ სკამებზე კანტიკუნტად მგლოვიარე ადამიანები ისხდნენ და ჩუმად ტიროდნენ ბებეს მუდმივ უბედობაზე. მღვდლის და ეკლესიის გარეშე სიკვდილიც კი არ გამოდიოდა ლეგიტიმური. სუდარაგადაფარებულ მიცვალებულს ამაზე ნაფიქრი ჰქონდა რაც შეიძლება მკაცრად ეძია შური საკუთარ თავზე, ის კი არა, ლაშასათვის მიწერილ წერილში ქელეხს ნუ გამიკეთებთო, წერდა.
მისი ბიჭები ბებეს საძინებელ ოთახში იყვნენ ზარდაცემულები შეწუხებულები საკუთარ თავზე გატეხილები, რომ დროულად ვერ მოიცალეს ბებესთვის და ზუსტად ისე, როგორც მან სასხლეტის გამოკვრის წინ წარმოიდგინა. ყველას თავისი წერილი ედო ჯიბეში. დილითვე შეუსრულეს ყველა თხოვნა, ლაშას უკვე გამოეტანა ლომბარდიდან შვიდი, პატარა, წითელი კანტებით შეკრულ ცელოფანის პარკებში ჩადებული ოქროს ძეწკვები, ბეჭდები, საყურეები, მეზობლის შელახული მობილური, რომელსაც რეზინით ჰქონდა შემოკრული ქაღალდის ქვითარი _ ორმოცი ლარი, და კიდევ რაღაც ოჯახის რელიქვია _ ვითომ ძვირფასი ნივთები. პარკები თემიკოს ეჭირა, შიგნით ქაღალდის ქვითრები იდო, ასათი აშშ დოლარი, მეორეში _ სამოცი ლარი და ასე შემდეგ, სულ ალბათ ათას დოლარამდე. ლოგინზე სადაც ბებემ ბოლოს პისტოლეტის მიბჯენით თავი გაიხვრიტა, ვიღაც მისი ოდნავ “პრიატნი”, დასუბუტექსებული პლეხანოველი ძმაკაცი ჩამომჯდარიყო, ბოხი ხმით უყვებოდა ახალ შემოსულ უბნელს და ენერგიულად აჩვენებდა ცაცია ხელით, როგორ გამოკრა, შემდეგ როგორ გაიარა მაკაროვის ვითომ სუსტმა ტყვიამ თავი _ და აი, აქ შეძვრა _ თეთრ გარდერობზე ნატყვიარს აჩვენებდა. ლაშა, გია, თემიკო, ლევანი, ჩუმად ისხდნენ თავჩაღუნული და ერთი და იგივე რამეს ფიქრობდნენ, რასაც არაფერი ეშველებოდა _ წესს ვერ აუგებდნენ. ეს იყო ყველაზე შეუძლებელი რამ, დანარჩენი მეასეხარისხოვანი იყო ყველაფერი. ამ ბიჭებს ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ამ ქალაქში, აქ კი სრულიად უძლურები იყვნენ. მიუხედავად საკუთარი გამოცდილებისა _ ამ ქალაქში ძალიან ბევრი თვითმკვლელობა ხდება _ მაინც თავიანთ მოძღვარ, მეგობარ ეპისკოპოსებს მორიდებულად ჰკითხეს და როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი პასუხი მიიღეს, მაგაზე არც იფიქროთო.
და უცბად გია წამოდგა _ შანსი არ არის, პატრიარქთან მე მივალო. ბიჭებმა, შენ ხომ არ გაგიჟდიო, მაგრამ გიას გაჩერება აღარ არსებობდა. ბებეს სულს, რომელიც იქვე, ყველასაგან შეუმჩნევლად კუთხეში იდგა და აღარც ლომკა აღელვებდა და აღარც რვიანით აღნიშნული ოვალური, შუაზე გაყოფილი აბი, გიას სიჯიუტეზე გაეღიმა, რაც ასევე არავის შეუმჩნევია. გია არავის აღარ უსმენდა, უკვე მანქანაში ჯდებოდა. სადარბაზოსთან იმ უბნელმა მხრებში მოხრილმა, გამხდარმა, ტყავისქურთუკიანმა ბიჭებმა შეაჩერეს _ ერთი ორმოცი ლარი დაგვიმატე რა, სუბუტექსზე გვაკლდებაო. გიამ ამოიღო და ორმოცდაათლარიანი მისცა, ისე, რომ იმათკენ არც გაუხედავს, ის უკვე საპატრიარქოს მისაღებში იყო ფიქრით, ისინი კი ბარიგის ტელეფონს კრიფავდნენ, პანაშვიდზე მოსული მათთვის უცხო ადამიანისაგან ნათხოვარი მობილურით, რომელიც ოდნავ შეშინებული იყო _ ტელეფონი არ გაეტაცებინათ და არ გაქცეულიყვნენ _ ამ ქალაქში ასეთი რამეებიც ხდებოდა.

_ თქვენო უწმინდესობავ, ფეხები უკან მრჩებოდა, ვიცი, შეუძლებელ და აბსურდულ რამეს გთხოვთ. რამდენიმე სამღვდელო პირმა და ჩემმა მეგობრებმაც მირჩიეს, ტყუილად ნუ მიხვალ, აზრი არა აქვს, იმ ადამიანსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებ და შენც ნაწყენი უნდა დარჩეო, იმდენად შეგნებულად აქვს ყველაფერი გაკეთებული. მაგრამ მე, როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, დარწმუნებული ვარ, ეს მკვლელობა იყო… _ გიამ ეს აქვე მოიგონა, წინასწარ არასდროს არაფერს არ გეგმავდა, იმპროვიზაციის და ინტუიციის სჯეროდა. რაც მეგობრებს არალოგიკურად და ხშირ შემთხვევაში სიგიჟედ გვეჩვენებოდა, მისთვის, თუ ერთხელ ამოიჩემებდა, შეუსრულებელი არაფერი არსებობდა. ასე იყო აქამდე, ახლა კი..…
მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველა ერთხმად ამბობდა, არ არსებობსო, მაინც სჯეროდა, პატრიარქისაგან დადებითი პასუხით წამოვიდოდა, რატომ _ ეს თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ, ასე სწამდა.
ნეტარ არიან მორწმუნენი.
უწმინდესი თავის უზარმაზარ ხის სავარძლის საზურგეზე თვალებმილულული მისვენებულიყო. ბოლო ფრაზაზე გასწორდა, სათვალე შეისწორა და ისე შეხედა რომ გიამ უხერხულობისგან წამით ისიც გაიფიქრა, იმას ხომ არ ფიქრობს, ვატყუებო. თბილისში ასეთი რამ ერთხელ მოხდა, თვითმკვლელის თავის ჭკუაში მაგარმა “შენძრეულმა” ძმაკაცებმა ასეთი რამე “დამოზგეს”, მღვდელი მოატყუეს, მოკლულიაო და წესი ისე ააგებინეს. გიას ეს ამბავი გაახსენდა და თავისი სენტენცია სასწრაფოდ გააგრძელა: _ მეუეფეო, ძველმა, კარგმა, ჯიგარმა, სპორტსმენმა, კეთილშობილმა ბებემ ახალი, ცუდი ბებე მოჰკლა.
პატრიარქს შეეტყო, რომ ოდნავ დაწყნარდა, ისევ საზურგეს მიენდო, თვალები დახუჭა, სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე დადო და დიდი პაუზის შემდეგ წყნარად წარმოთქვა: _ შვილო, გიორგი, მიამბე კიდევ რამე მის შესახებ… ბესო, ხომ?
_ დიახ.
საიდან დაეწყო, არ იცოდა, ის ამბები, რაც მისთვის აქ მოსვლამდე დადებითად ახასიათებდა ბებეს, ახლა ძალიან პრიმიტიული და არაფრისმთქმელი გახდა, რომელი ერთი მოეყოლა… და პირდაპირ დაიწყო: მამამისი ქართული კალათბურთის ლეგენდად წოდებული იმ გუნდის წევრი იყო, ევროპის ჩემპიონობა რომ აქვთ მოგებული. თვითონ კი კალათბურთში საქართველოს ნაკრების წევრი, იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დინამოელი, დერიუგინის და იმ პლეადის სპორტსმენი, _ მიღწევების ჩამოთვლასაც აპირებდა, მაგრამ ატყობდა, ეს ოფიციალური ინფორმაცია არაფრისმომცემი იყო. რაღაც სულ სხვას ელოდა მთელი საქართველოს ცოდვების სამართალმემკვიდრე და კიდევ ერთი დაკარგული ცოდვილი სულის უიმედობით შეწუხებული ხანშიშესული ბერ-მონაზონი, უზარმაზარ ხის სავარძელში ყურადღებით მთვლემარე, პანაგიების და სადღესასწაულო მორთულობის გარეშე, უბრალო შავი მოსასხამით _ ასეთი დიდებული და უბრალო სანახავი იყო უწმინდესი ოცდასამ ნოემბერსაც, რევოლუციის ღამეს, როცა უსისხლოდ გამარჯვების საუწყებლად ვეწვიეთ საპატრიარქოს ეზოში; ის ბოლთას სცემდა, ჩვენს დანახვაზე ცრემლი მოადგა და განმარტოვდა. _ კიდევ მიამბე რამე, გიორგი, ბესოს შესახებ, წერილებში რას წერს? _ გაიმეორა პატრიარქმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
გიამ შვილისადმი მიწერილი წერილით დაიწყო. _ დედას დაუჯერე ისწავლე, მაპატიე, თუ შეძლებ, მაგრამ იცოდე, ჩემი სიკვდილით მეტს გაგიკეთებ, ვიდრე სიცოცხლითო, _ და გია მიხვდა, ამით უფრო მძიმდებოდა ბებეს საქმე, რადგან ბიჭებმა ყველაფერი შეუსრულეს, ეს ანგარებიანი წინასწარგანზრახული თვითმკვლელობა იყო. _ უწმინდესო, ამ წერილების შინაარსი მე ზუსტად არ ვიცი, მე რაც მომწერა, ჯიბეში მიდევს, თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ. პატრიარქმა თავი დააქნია, კვლავ თვალდახუჭულმა და გიას ამ ბოლო თხოვნას მხოლოდ ფორმალური, მისდამი პატივისცემის გამოხატვის ფუნქცია ჰქონდა. _ ერთი კვირის წინ ვნახე და დავპირდი, ამ თვის ბოლოს გაგიშვებ ბიშკეკში, გიმკურნალებ-მეთქი. გია ჯიბიდან წერილს იღებდა ნერვიულად და თვითონვე ხვდებოდა, როგორც სიკვდილმისჯილს, ბოლო თხოვნას უსრულებდნენ, ვთქვათ, სიგარეტი მოაწევინეს, ვერდიქტი გამოტანილი იყო. ან ეს ბიშკეკი რამ ათქმევინა, რაღაც მხოლოდ მორფინისტებისა და მათი მშობლებისათვის მითოლოგიური სახელწოდება. ამასობაში წერილი უკვე ხელში ეჭირა და დაიწყო პირველად თავის ცხოვრებაში ბორძიკით, უიმედოდ. ტექსტი არ გაუსწორებია, ზუსტად იცავდა სტილს, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა:

“გრეჩიხ გია (მარტომ წაიკითხე)
გია ძმაო შენ თავზე ნურაფერს ნუ იფიქრებ გთხოვ, რომ დროზე დამეწვინა და იქნებ ეს არ მომხდარიყოო, არა ძმაო ასე არ არის, შენ ჯიგარი ხარ, რომ გულით გინდოდა ჩემი აზრზე მოყვანა, მაგრამ მე მარტო ეგ არ მაწუხებდა, მე ყველაფერი ერთად მაწუხებდა, ბევრი რამ, რაც ჩემს კაცობაზე და ჩემს პიროვნებაზე მოქმედებდა. კარგი წამალს გადავაგდებდი მაგრამ უამრავ შეცდომას და სინდისის ტანჯვას ხომ ვერ გადამაგდებინებდნენ.
გია არის ასეთი ჩემი პატარა ძმა ოთო ჩახავა (მაგთის რაღაც ნომერი) ძალიან კარგი ბიჭია, რაც მე დამპირდი, იმას თუ გაუკეთებ, მაგრად გამიხარდება, იქ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ კარგი ბიჭია და არ მინდა ცხოვრება დაუმახინჯდეს, თან გულით უნდა გადაგდება.
ცამეტიდან ჩვიდმეტ თებერვლამდე უნდა დაწვეს მერე გვიან იქნება, უფრო სწორედ პრობლემატური და თუ ძმა ხარ თუ გექნა საშუალება აფიშირების გარეშე ჩემგან საჩუქრად გაუკეთე. იცოდე თავმოყვარე ბიჭია და ლამაზად გაუკეთე. მე რასაც ვაკეთებ ვიცი რომ ყლეობაა, ვიცი რომ სუბუტექსმა გამაგიჟა, მაგრამ რა ვქნა გია მაგრად დავიღალე, მომავალი უფრო საშინელი ჩანდა. ვიცი, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები, მაგრამ აქაც ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, ამ ბიჭმა მინდა რომ ჩაიტაროს მკურნალობის კურსი, იმიტომ რომ მართლა გულით უნდა. ჩათვალე რომ მე მიკეთებ. ჩემი ძმა ხარ გია და მიდი შეუბერე, მაგრად შეუბერე იცოდე გკოცნი და მაპატიე.

ბებე

P.S. იარაღი ჩემი იყო, იცოდე რომ არ დაიწყონ, საიდან ჰქონდაო და რამე.
სულ მქონდა და იმენნა ეგ იარაღი”.

გია ტირილს იკავებდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, როგორც იქნა ჩაათავა წერილი, სახელოთი ცრემლები შეიმშრალა და ეხლაღა ახედა უკვე წელში გამართულ პატრიარქს, რომელიც სათვალეს ირგებდა თუ თვითონაც ცრემლს იწმენდდა, გიამ ვერ გაარჩია. _ გიორგი, შენ იცნობ იმ ყმაწვილს?_
_ არა, უბრალოდ ვიცი, რომ მაგასთან ცხოვრობდა ბოლო ერთი თვე, _ ზლუქუნით, თავჩახრილმა უპასუხა გიამ და წამოდგომა დააპირა. და პატრიარქმა მდივანს უხმო:
_ მამა მიქაელს სთხოვეთ, გიორგის გაჰყვეს და წესი აუგოს. ბესო ხომ? _
ქალი გაკვირვებული, ოდნავ მკაცრი გამომეტყველებით უყურებდა მუხლებზე დაჩოქილ, უკვე მოურიდებლად აღრიალებულ გრეჩიხას, რომელიც პატრიარქის ანაფორის კალთებს კოცნიდა.

(დასასრული)

მამუკა ხერხეულიძის სხვა მოთრობები წაიკითხეთ აქ
yda

Written by უჩინმაჩინი

ოქტომბერი 30, 2009 ზე 5:30 PM

დატოვეთ გამოხმაურება

You must be logged in to post a comment.