ბედის საზღვარი

მიხო მოსულიშვილი
ბედის საზღვარი
(ტრაგიფარსი სამ მოქმედებად)
1. ანრიეტა სარდუ _ ოტელ “პარიზის” მეპატრონე.
2. ფრანსუა _ მადამ სარდუს ადმინისტრატორი, მამინაცვალი.
ქართველი ემიგრანტები:
3. ქაქუცა ჩოლოყაშვილი _ მეამბოხე მეთაური, ყოფილი პოლკოვნიკი.
4. კახაბერ ამილახვარი _ იურისტი.
5. არჩილ ანდრონიკაშვილი _ ყოფილი პოდპოლკოვნიკი.
6. საშა სულხანიშვილი _ ჩოლოყაშვილის თანაშემწე.
7. გაბრიელ ბერიაშვილი _ “ჩეკას” აგენტი, ყოფილი ბერი დავით გარეჯის მონასტრიდან.
მესინელი მაფიოზები:
8. დონ ჯოტო დი მაჯიო _ მაფიის შეფი.
9. გვიდო მალტანი, “პადრე”დრე~” _ კათოლიკური ეკლესიის ყოფილი მსახური.
10. ლუკა კორაჯო, “კოჭლი სატანა” _ ყოფილი ქურდი.
11. ანჯელო მალტანი, “ყასაბი” _ ყოფილი მეზღვაური, “პადრეს” ძმისწული.
12. პასკუალა სელინესკუ, “კობრა” _ მოლდაველი ბოშა, “პადრეს” საყვარელი.
13. ჯოვანი-დანა – დი მაჯიოს მცველი.
ორკესტრი, მოცეკვავენი, ოფიციანტები.
მოქმედება მიმდინარეობს სიცილიის ქალაქ მესინაში, 1924 წლის შემოდგომაზე, ვთქვათ, ოქტომბერში.
პიესის ერთ-ერთი გასაღები:
რაკი ქართველი ემიგრანტები ისე ჰგვანან მესინელ მაფიოზებს, თითქოს სარკეში ჩაგიხედიაო! – ამიტომ თითო მსახიობმა ორ-ორი როლი უნდა შეასრულოს! – როგორც მესინელი მაფიოზების, ასევე ქართველი ემიგრანტების მხრიდან.
პირველი მოქმედება
I
(ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ლამაზ სანახაობად გადაშლილა ქალაქი მესინა. ისმის ტალღების ხმაური და თოლიების ჩხავილი.
იახტა “მარკიზ დე პომპადურზე” არიან ანრიეტა სარდუ და დონ ჯოტო დი მაჯიო დურბინდით ხელში. საჭესთან დგას ფრანსუა).
დ ი მ ა ჯ ი ო (დურბინდში იცქირება): დიდებული ხედია, დიდებული…
ა ნ რ ი ე ტ ა: რა ბრძანეთ?
დ ი მ ა ჯ ი ო: დიახ… იმას მოგახსენებდით… საშინელი ამბავი მოხდა, თქვენ მძიმე დარტყმა გადაიტანეთ. საშინელებაა, პირდაპირ საშინელებაა!
ა ნ რ ი ე ტ ა: დიახ, სენიორ!
დ ი მ ა ჯ ი ო: გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება… ისე კი მაქვს ერთი საინტერესო წინადადება… თუმცა ამბობენ, რომიდან აპირებს გამომძიებლის ჩამოყვანასო.
ა ნ რ ი ე ტ ა: როდისმე ხომ უნდა იზეიმოს სამართლიანობამ?!
დ ი მ ა ჯ ი ო: ოო, კარგად მესმის თქვენი, მაგრამ გირჩევთ, არ ჩამოიყვანოთ!
ა ნ რ ი ე ტ ა: რატომ?
დ ი მ ა ჯ ი ო: სამი დღის წინ ორმოცდაათი წლის გავხდი. (პაუზა). ორმოცზე მეტს არავინ მოგცემსო, მარწმუნებენ, მაგრამ არა მგონია…
ა ნ რ ი ე ტ ა: რა შუაშია თქვენი ასაკი?
დ ი მ ა ჯ ი ო (ფრანსუაზე უთითებს): ამან იცის იტალიური?
ა ნ რ ი ე ტ ა: არა, სენიორ. რატომ ახსენეთ თქვენი ასაკი?
დ ი მ ა ჯ ი ო: გამოცდილებას თავისი მოაქვს. ზედმიწევნით ვიცი აქაური ზნე-ჩვეულებანი, სიცილიელთა დაწერილი თუ დაუწერელი კანონები…
ა ნ რ ი ე ტ ა: ამით რისი თქმა გსურთ?
დ ი მ ა ჯ ი ო: ჩამოვა ის გამომძიებელი და ვერაფერსაც ვერ დაადგენს… ნუ მიწყენთ, სენიორა!
ა ნ რ ი ე ტ ა: და თუ მაინც დაადგენს?
დ ი მ ა ჯ ი ო (სიგარეტს უკიდებს, დურბინდი კისერზე ჰკიდია ღვედით): თუ ხელჩასაჭიდს იპოვის, ეს უმალ ცნობილი შეიქმნება იქ, ზემოთ და მომიტევეთ გამოთქმაზე _ გაასაღებენ!
ა ნ რ ი ე ტ ა: როგორ შეიტყობენ იქ ძიების შედეგებს?
დ ი მ ა ჯ ი ო: იცით, რას გეტყვით, სენიორა? უკაცრავად, მადამ! ამ ქვეყანაზე მუდმივი და მარადიული არაფერია. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია მაინც იქნება…
ა ნ რ ი ე ტ ა: თქვენ გინდათ თქვათ, რომ… მთელი ეს ფსიქოლოგიური დატვირთვა…
დ ი მ ა ჯ ი ო: მე არა… სხვის ნათქვამს გავიმეორებ _ მაფია უკვდავია! გრძელი ხელი და კარგი სმენა აქვს! (პაუზა). ამის დასაბუთებას ხომ არ ინებებთ? (დურბინდში იცქირება).
ა ნ რ ი ე ტ ა: დიახ, მაგრამ მთელი ეს დატვირთვა…
დ ი მ ა ჯ ი ო (პაუზა. დურბინდს მოიშორებს თვალებიდან, გაკვირვებული): დატვირთვა? წესით ოციოდე წუთში უნდა დამთავრდეს. ექსცესები გამორიცხულია და როგორც გემის კაპიტანს უყვარს თქმა _ Eასტ ორ ჭესტ, ჰომე ის ბესტ! თქვენ იცით ინგლისური?
ა ნ რ ი ე ტ ა: მე დედა ინგლისელი მყავდა, მაგრამ…
დ ი მ ა ჯ ი ო: ოჰ, მომიტევეთ, მადამ, საზიზღარი გამოთქმა მაქვს… ამ ბოლო დროს ინგლისური ვისწავლე-მეთქი, მგონია და ვცდები. არა, განა საუბარი არ მესმის, მაგრამ გამოთქმას ვერაფერი მოვუხერხე. ჩვენი დალოცვილი იტალიური მაინც სხვა არის… და ფრანგულიც!
ა ნ რ ი ე ტ ა: მე თქვენს დასაბუთებას ველი, ხოლო ლინგვისტური პრობლემები მერე გავარკვიოთ.
დ ი მ ა ჯ ი ო: რის დასაბუთებას?
ა ნ რ ი ე ტ ა: რომ მაფიას გრძელი ხელი და კარგი სმენა აქვს.
დ ი მ ა ჯ ი ო: აა, დიახ, დიახ… და რა დატვირთვაზე ამბობდით? იმ გემის?
ა ნ რ ი ე ტ ა: არა, ჩემი ფსიქოლოგიური წნეხი!
დ ი მ ა ჯ ი ო: აა, დიახ, დიახ… მათ იციან, რომ თქვენ რამდენიმე გამომძიებელს მოელაპარაკეთ რომში ამ საქმის თაობაზე, მაგრამ ვერავინ დაითანხმეთ. თუმცა ფულს კი უმატებდით… იციან, რა უნდა გამოიძიონ და რა არა!
ა ნ რ ი ე ტ ა: საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან?
დ ი მ ა ჯ ი ო (ჩაიცინებს): არა მხოლოდ საკუთარს!
ა ნ რ ი ე ტ ა: აბა, კიდევ ვისას?
დ ი მ ა ჯ ი ო: იმ ყუთებით, ახლა გემზე რომ ტვირთავენ, თვით დიდი კორლეონეა დაინტერესებული _ ამას სრულიად საიდუმლოდ განდობთ, ღმერთმა დაგვიფაროს და ვინმესთან წამოგცდეთ, მეც კი ვერაფერს გიშველით.
ა ნ რ ი ე ტ ა: და იმ კორლეონეს აქაც მოუწვდება ხელი?
დ ი მ ა ჯ ი ო: მოუწვდებაო? რას ბრძანებთ, მადამ, აქედანაა წარმოშობით და ყოველ წელს გვესტუმრება ხოლმე……მე შემეძლო რამდენიმე გახმაურებული საქმე გამეხსენებინა თქვენთვის, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.
ა ნ რ ი ე ტ ა (წამოდგება): დიახ, დიახ, ძალიან არასახარბიელო ამბები გამიგონია მაგ თქვენს კორლეონეზე!
დ ი მ ა ჯ ი ო: დაბრძანდით, მადამ, დამშვიდდით! (პაუზა. ანრიეტა ისევ დაჯდება). ასეა თუ ისე, იგი ანგარიშგასაწევი ძალაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ დიდი პოლიტიკური მოღვაწეებისთვისაც კი! ასე რომ, დამიჯერეთ, მოეშვით ლეოპოლდ ფრანჩესკოლიზე ფიქრს, მაინც ვერაფერს უშველით… უკეთესი იქნება, საკუთარ თავზე იფიქროთ.
ა ნ რ ი ე ტ ა: არ ვიცი, სენიორ, შეიძლება მართალიც იყოთ…
დ ი მ ა ჯ ი ო (გააწყვეტინებს): ენდეთ ჩემს ჭაღარას! რაც უნდა იყოს, ბევრი მინახავს ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში… ეგებ არც დაიჯეროთ და გიტარაზეც კი მიმღერია სერენადები ჩვენი დიდებული ქალაქის რამდენიმე მშვენიერი მანდილოსნისათვის… (დურბინდში იყურება ისევ).
ა ნ რ ი ე ტ ა (ატირდება): ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა მეშველება!
დ ი მ ა ჯ ი ო: ო, ოო, ბოდიშს გიხდით, მადამ სარდუ, უღრმეს ბოდიშს! სულ არ მინდოდა თქვენი აცრემლება… მიცვალებულები უნდა ვიდარდოთ, ეს ბუნებრივია, მთელი გულით გითანაგრძნობთ, მაგრამ თუ ცუდად არ გამიგებთ, გახარებულიც კი ვარ!
ა ნ რ ი ე ტ ა (აღშფოთებული): თქვენ გიხარიათ, მხეცურად რომ მოკლეს ჩემი ქმარი? ხოლო ხელებში… ხელებში კი…
დ ი მ ა ჯ ი ო: სენიორა, ძალიან გთხოვთ, ნურაფერს იტყვით!
ა ნ რ ი ე ტ ა: ხოლო ხელებში კი ის მოჭრილი…
დ ი მ ა ჯ ი ო (გააწყვეტინებს): ო, მადამ, რა საჭიროა ასეთი დრამატიზირება!
ა ნ რ ი ე ტ ა: მე მხოლოდ ფაქტზე ვლაპარაკობ! და თქვენ ეს ფაქტი გახარებთ?!
დ ი მ ა ჯ ი ო: ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ გულწრფელად გველაპარაკა!
ა ნ რ ი ე ტ ა: ესაა გულწრფელობა? მე აღშფოთებული ვარ!
დ ი მ ა ჯ ი ო: დაწყნარდით, სენიორა, დაბრძანდით, გემუდარებით!
ა ნ რ ი ე ტ ა: რა დამაწყნარებს, სენიორ, მე ამის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი!
დ ი მ ა ჯ ი ო: დიახ, დიახ, მძიმეა ეს ყველაფერი… ჩემი ძვირფასი დედა რომ გარდამეცვალა, გარეთ აღარ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია. (პაუზა). არ გამიწყრეთ, მაგრამ იცით, რატომ ვთქვი, მახარებს-მეთქი?
ა ნ რ ი ე ტ ა: რატომ?
დ ი მ ა ჯ ი ო: აკი მოგახსენეთ, დაღუპულები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ცოცხლებმა ცოცხლებზე უნდა ვიფიქროთ! (პაუზა). განა ეს სილამაზე _ ეს დიდებული პორტი, თოლიები, კაშკაშა მზე, სიცილიის საოცარი ლაჟვარდი სიხალისეს არ გმატებთ? განა არ გამშვიდებთ ეს დიდებული ბუნება?.. პასუხი არ მინდა, ისედაც ვხედავ, სახე გაგინათდათ. ახლა მე ბედნიერი ვარ, ასე ტრაგიკულსა და მშვენიერს რომ გიცქერით და საშუალება მაქვს გაგანდოთ ჩემი გულისნადები, ჩემი მწუხარება და სიხარული გაგიზიაროთ. თქვენ, მხოლოდ თქვენ და სხვას არავის! სხვა ვერავისთან ვერ შევძლებდი ასე საუბარს…
ა ნ რ ი ე ტ ა: არ გინდათ, არ არის საჭირო!..
დ ი მ ა ჯ ი ო: სწორედ ამიტომ გამახარა იმ საშინელმა ამბავმა, რომ შემიძლია თავისუფლად გითხრათ _ მე თქვენ მიყვარხართ! (ანრიეტა პირს გააღებს საპასუხოდ, არ აცდის). ჩემი ასაკის მიუხედავად, იცით, რამდენჯერ მდომებია, თქვენი ფანჯრის ქვეშ მემღერა ნეაპოლიტანური სიმღერები გიტარის თანხლებით? და თუ თავს ვიკავებდი, მხოლოდ თქვენი ძვირფასი ოჯახის დანგრევის შიშით. მე არ მინდოდა სხვის უბედურებაზე აშენებული ბედნიერება. ამიტომ ვერ ვბედავდი სიყვარულის ახსნას…
ა ნ რ ი ე ტ ა: ო, ეს უკვე მეტისმეტია!..
დ ი მ ა ჯ ი ო: სულაც არა! ახლა, როცა თქვენი ძვირფასი მეუღლე თქვენს გვერდით აღარაა, საშუალება მაქვს გამოგიტყდეთ ჩემს უღრმეს გრძნობაში და უმორჩილესად გთხოვთ, არაფერი მიპასუხოთ! დაე, ეს კაშკაშა მზე, სიცილიის ლაჟვარდოვანი ზეცა, ეს დიდებული ზღვა იყვნენ მოწმე ჩემი სიყვარულისა… სიყვარული _ ეს უაღრესად ტრაგიკული გრძნობაა, და მისი სახელით ყველაფრის მიტევება შეიძლება, ალბათ, ყველაფრის… გესმით, რასაც ვამბობ?
ა ნ რ ი ე ტ ა: კარგად მესმის! შეიძლება უფრო კარგადაც, ვიდრე უნდა მესმოდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, სენიორ, რომ…
დ ი მ ა ჯ ი ო (დურბინდში იცქირება): აგერ, ჩემი კატერიც მოდის! ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ და უმორჩილესად გთხოვთ, კარგად აწონ-დაწონოთ ჩემი წინადადება!.. წასვლამდე კი იმ წინადადებაზე მოგახსენებთ, საუბრის დასაწყისში რომ ვთქვი. თუ გახსოვთ, მე ვწუხდი, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება…
ა ნ რ ი ე ტ ა: მახსოვს…
დ ი მ ა ჯ ი ო: მიუხედავად იმისა, თუ რას მიპასუხებთ, იმედი მაქვს, დღესვე მოძებნიან თქვენი ქმარ-შვილის მკვლელს და სწორედ ისევე გაუსწორდებიან, როგორც თავად იკადრა! შესაძლოა თქვენი ოტელის მახლობლად იპოვონ, მოჭრილი ხელებით… ნახვამდის! (გადის, ისმის კატერის ხმა, რომელიც უფრო და უფრო შორეული ხდება და ბოლოს წყდება).
ფ რ ა ნ ს უ ა: ღმერთო დიდებულო, ეს იმაზე უფრო დიდი საშინელებაა!
ა ნ რ ი ე ტ ა: ყველაფერს მოველოდი, მაგრამ თუ სიყვარულს ამიხსნიდა, ვერ წარმოვიდგენდი!.. რა თქვი, რაზე უფრო საშინელებაა?
ფ რ ა ნ ს უ ა: თუ დათანხმდები, იმ მკვლელობაზე უარესია!
ა ნ რ ი ე ტ ა: ო, ღმერთო, რა მეშველება? (ატირდება).
ფ რ ა ნ ს უ ა: არ იტირო, რაღაცას ვიღონებთ, შვილო!
ა ნ რ ი ე ტ ა: გაჩუმდი, ფრანსუა, მე შენი შვილი არა ვარ-მეთქი, რამდენჯერ გითხარი!
ფ რ ა ნ ს უ ა: სამაგიეროდ შვილივით გამიზრდიხარ! არ გაყვედრი, მაგრამ ზოგიერთი მამა არ გააკეთებს იმას, რაც მე გავაკეთ შენთვის!
ა ნ რ ი ე ტ ა: ისევ იმ აქოთებული თურქის საქმეს გულისხმობ, ტაფა რომ ჩავარტყი თავში? ჩემს მაგივრად ხუთი წელი რომ ლესავდი ციხეს!
ფ რ ა ნ ს უ ა: მარტო ეგ კი არა, საბრალო დედაშენი? თავს რომ იხრჩობდა და მე კიდევ სენიდან რომ გამოვიყვანე, ორსულად იყო შენზე… ეჰ, ანრიეტა, ბევრი აღარ დამრჩენია. მინდა, პირნათელი ჩავიდე სამარეში, ჩემს კაროლინას უნდა ვუთხრა, ანრიეტა დავაბინავე-მეთქი. ბავშვს მიხედეო, ასე დამიბარა სიკვდილის წინ.
ა ნ რ ი ე ტ ა: გაჩერდი, ფრანსუა, ნეტა რაღა შეგიძლია!
ფ რ ა ნ ს უ ა: მე არც ისე ბებერი ვარ!
ა ნ რ ი ე ტ ა: გაჩერდი მეთქი!
ფ რ ა ნ ს უ ა: აი, ნახავ!
II
(პორტი, სანაპირო ბულვარი. მერხზე ზის ჩოხიანი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. შემოდის არჩილ ანდრონიკაშვილი, იმასაც ჩოხა აცვია, ისიც მერხზე ჩამოჯდება).
ა რ ჩ ი ლ ი: როგორ გიკითხოთ, თავადო?
ქ ა ქ უ ც ა: არა მიშავს რა. თავად როგორღა ხარ?
ა რ ჩ ი ლ ი: როგორ ვიქნები… დღესაც უსაქმოდ დავყიალობდი… ან რას ვაკეთებთ ამის მეტს, რაც საზღვარზე გადმოვედით.
ქ ა ქ უ ც ა: რატომ, პარიზს მიგვეჩქარება!
ა რ ჩ ი ლ ი (წამოდგება. გაურკვეველ ნერვიულ მოძრაობებს აკეთებს): სულ დამავიწყდა… (ვიღაცას ჰბაძავს). ხოლო დიდებულ ბინდისჟამს მონმარტრში რომ გაისეირნებ, კაფე “როტონდასთან” ვინმე კოკეტი, რომელიმე ჟოზეფინა ანდა კლოტილდა გადაგეყრება, შემოგძახებს: Aლლონს, ჩჰერი, ალლონს! Aლლონს ფაირ ლ’ამოურე!..* (ფრანგულად – “წამოდი, ძვირფასო, წამოდი! წამოდი სასიყვარულოდ!”).
ქ ა ქ უ ც ა (გაეცინება): მოეშვი კახაბერს!
ა რ ჩ ი ლ ი (ისევ ჯდება): ნეტავი, არ წამოვსულიყავი, იქ სიკვდილი სჯობდა ამნაირ ყოფას _ აქ ვის ვჭირდებით, ვის რად ვუნდივართ… ეს წყეული გემიც ახლა გაფუჭდა!
ქ ა ქ უ ც ა: თუ გგონია, მე მსიამოვნებს, ძალიან სცდები!
ა რ ჩ ი ლ ი: დავიღალე, ძალიან დავიღალე, თავადო! ამ უმიზნობამ დამღალა! წყლიდან ამოგდებული კალმახივით ვსხმარტალებ! სულს ვღაფავ! საშაც ასეა, შენც და სხვებიც!
ქ ა ქ უ ც ა: აგერ კახაბერი მოდის.
ა რ ჩ ი ლ ი (გაიხედავს): ძალიან კი გამოპრანჭულა…
კ ა ხ ა ბ ე რ ი (შემოდის, აცვია სერთუკი, ახურავს ცილინდრი, უკეთია პენსნე, ხელჯოხს ეყრდნობა და სიგარასაც აბოლებს): ტფილისი არ გახსენდებათ, ბატონებო? (მერხზე ჩამოჯდება).
ქ ა ქ უ ც ა: ჰო, ვაზის მოყვანაც რომ სცოდნიათ!
ა რ ჩ ი ლ ი (წამოდგება, ბოლთას სცემს, აკეთებს გაურკვეველ ნერვიულ მოძრაობებს): ტფილისი რაში გედარდება, აქაც ისე ხარ, როგორც თევზი წყალში! ჩვენ ვიკითხოთ, თორემ…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თქვენ პარიზში არაფერი გაგიჭირდებათ, ჩემზე უკეთ იცით ფრანგული! მე იტალიურიც ვიცი და იმიტომ არ მიძნელდება…
ა რ ჩ ი ლ ი: ფრანგული და იტალიური რა შუაშია?! მე სხვა რამეს გეუბნები!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რას ბრძანებთ?
ა რ ჩ ი ლ ი: ჩვენ რომ სისხლს ვანთხევდით ომებში, შენ აი, ამნაირად გამოპრანჭული სორბონაში სწავლობდი და ელისეს მინდვრებზე თუ ბულონის ტყეში დასეირნობდი. შენ უცხოობას მიჩვეული ხარ, მე უსამშობლოდ დიდხანს ვერა ვძლებ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: კი მაგრამ, სად დაამთავრეთ სამხედრო აკადემია, რუსეთში არ სწავლობდით?.. და საერთოდ, რა გინდათ თქვათ, ჩემზე მეტად გიყვართ სამშობლო?!
ა რ ჩ ი ლ ი: რატომაც არა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თუ შეიძლება, თქვენობით ილაპარაკეთ! ამას მე არ უნდა გასწავლიდეთ!
ა რ ჩ ი ლ ი: სწავლება ჯერ არავის გაუბედია ჩემთვის! თავიდან მომწყდი, თორემ შუბლს გაგიხვრეტ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ეგ ჯერ კიდევ საკითხავია!
ა რ ჩ ი ლ ი: იქნებ დუელშიც გამომიწვიო?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: არც მაგას შევუშინდები! (გაიწევენ ერთმანეთისკენ).
ქ ა ქ უ ც ა (ყვირილით): რამ გადაგრიათ! (შუაში ჩაუდგება). მთლად დაკარგეთ ღირსება?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რატომ გგონიათ, რომ თქვენზე ნაკლებად შემიძლია ომი! ამ ამბოხებისას სხვებზე ნაკლებად არ მიომია! კაცისკვლის ცოდვასაც კი არ დავრიდებივარ!
ა რ ჩ ი ლ ი: ო-ხო-ხო-ხო! როგორ აკადრეს და კაცი როგორ მოაკვლევინეს! დიდი ჰუმანისტი ბრძანდებოდა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: როდის აქეთ გახდა კაცის ღირსება შენი დასაცინი!
ა რ ჩ ი ლ ი: გაყიდული ცხენების ფული გამოილია, სუპი-პიურე, პიურე-სუპი! _ ჩვენ შიმშილით გვძვრება სული და ეს ფრანტი კი სერთუკსა და ცილინდრს ყიდულობს, პენსნეთი და ხელჯოხით მოდის და სიგარასაც გვაბოლებს ცხვირში!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა თქვენი საქმეა, ჩემო ბატონო, მე რას ჩავიცმევ? იქნებ სხვანაირად არ შემიძლია? აი, შეხედეთ (ხელის მტევანს აჩვენებს) ბიძის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი გავყიდე! არ მქონდა უფლება თუ თქვენ შეგკითხოდით?
ქ ა ქ უ ც ა: (ყვირილით): გაჩუმდით! (წყნარად). თავადები ხართ თუ ვიღაც მეფაიტონეები?! ცოტაღა გიკლიათ, და ერთმანეთს გინებასაც დაუწყებთ!.. (პაუზა). არჩილ, ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ! იმ ცხონებულის ძმა რომ არ იყო, სხვანაირად მოგივლიდი! ახლავე მოუბოდიშე! (პაუზა). გელოდები!
ა რ ჩ ი ლ ი (მერხზე ჩამოჯდება): ეჰ, საკუთარ თავს მეც ვეღარ ვცნობ! (კახაბერს). ბოდიშს გიხდით, თავადო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: არაფერია!
ა რ ჩ ი ლ ი: სიგარას ხომ ვერ მომაწევინებთ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ინებეთ, ბატონო! (გაუწვდის).
ა რ ჩ ი ლ ი (სიგარას თავს მოაკვნეტს, მოუკიდებს): ერთი გუვერნანტი გვყავდა, ფრანგულს გვასწავლიდა მე და სუსლიკას. საწყალი, სულ თვალცრემლიანი იხსენებდა პარიზს. რივოლის ქუჩაზე, ხუთ ნომერში ჩემი მშობლები ცხოვრობენ და თუ იქ მოხვდები, აუცილებლად ინახულეო. ხომ მაჩვენებთ იმ ქუჩას?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: გაჩვენებთ, რატომაც არა! მე თქვენ პარიზის მთელ დიდებულებას და მთელ სიღატაკეს გაჩვენებთ. ჩავალთ თუ არა, ნოტღ დამს ვეწვევით. ელისეს მინდვრებს, ბულონის ტყეს, სენის ნაპირებს დავათვალიერებთ. ეიფელის კოშკზე ავალთ. სენ მიშელის, კაპუცინების, მონპაღნასის ბულვარებს მოგატარებთ. ყველა კაფეს გაჩვენებთ _ “კლოზეღ დე ლილას”, “როტონდას”, “სელექტს”, “მულენ ღუჟს”. ვერსალს ვნახავთ, ლუვრსაც… პატარა ქუჩებიც რა ლამაზია _ ვთქვათ და, დე პირამიდის ავენიუსკენ შეუხვევ, გაივლი ღიუ დე რივოლს და ბნელი ჭიშკრით ტიულრიში გახვალ. ხოლო დიდებულ ბინდისჟამს მონმაღრტღში რომ გაისეირნებ, კაფე “როტონდასთან” ვინმე კოკეტი, რომელიმე ჟოზეფინა ანდა კლოტილდა გადაგეყრება, შემოგიძახებს: Aლლონს, ჩჰერი, ალლონს! Aლლონს ფაირ ლ’ამოურე!.. შენც ადგები და ღიუ დე ლა მონტენ სენ ჟენვიზე წაიყვან, იქ კაი საცეკვაო კლუბია…
ა რ ჩ ი ლ ი: ეჰ, ჩემი ამბავი რომ ვიცი, პარიზშიც ისე ვიქნები, როგორც აქა ვარ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა მოგივიდათ, თავადო?
ა რ ჩ ი ლ ი: მარტო დავრჩები თუ არა, ერთი ბანჯგვლიანი ბებერი ქაჯი გამომეცხადება. “საქართველო აღარ გაქვსო!” _ ჩაიქირქილებს, კლანჭებს ჩამიჭერს, სისხლს მადენს. მერმე გულს მომიძებნის და ისე მომიწურავს, ლამის ვიყვირო _ უკან, უკან წავიდეთ-მეთქი! ან აქ რას ვაკეთებთ _ გადმოვალთ გემიდან, ვიხეტიალებთ, ამ მერხთან შევიკრიბებით, ვილაპარაკებთ და კვლავ გემზე დავბრუნდებით, სუპსა და პიურეს შევჭამთ, იმ ლოკოკინებს მაინც პირს ვერ ვაკარებთ და დავიძინებთ…
ქ ა ქ უ ც ა: მოითმინე, ჩემო არჩილ! ჯერ დაბრუნება არ შეგვიძლია. იქნებ იქიდან ვუშველოთ რამე ქვეყანას. ეგებ მთავრობამ გამოიღოს ხელი!
ა რ ჩ ი ლ ი: მაგათი იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს! (ბოლთას სცემს ნერვიული მოძრაობებით) და საერთოდ, აქეთ სოციალ-დემოკრატების დედა ვატირე და იქით კიდევ სოციალ-ფედერალისტებისა, თუ ძალიან გააჭირეს ესერებისაც და რა ვიცი, რამდენნი არიან… ერთი ციდა საქართველო ას პარტიად გაყვეს, სულ დასაშლელები არიან, მაგათი დედაც…
ქ ა ქ უ ც ა: არჩილ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ეჰ, გინებას რა უჭირს, ზოგჯერ უხდება კიდეც! მით უმეტეს სოცდემოკრატებს!
ა რ ჩ ი ლ ი: ხევსურეთის აჯანყებისას შინ გაუშვეს შეიარაღებული ხალხი, ქაქუცა თუ გაიმარჯვებს, მამულებს მოგვთხოვსო! რუსის ჯარს შეგვატოვეს! ამ წელს ჯერ იყო და მაგათმა ვალიკო ჯუღელმა ყველაფერი დაფქვა “ჩეკაში”, მერე კიდევ 24 საათით ადრე გამოვიდნენ ჭიათურაში. თან გვატყუებდნენ, რიზესა და ხოფას შუა არიან იარაღით, სურსათითა და დესანტით დატვირთული გემები გენერალ მაზნიაშვილისა და ნოე რამიშვილის მეთაურობითო. სად იყო ის გემები?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მართალს ბრძანებთ, თავადო!
ქ ა ქ უ ც ა: რაც იყო-იყო. იმას რაღა ეშველება! მოვეშვათ ამ სოციალ-დემოკრატებს, იქნებ ახლა გვისაშველონ რამე, დიდი ქვეყნების მთავრობებს სთხოვონ დახმარება.
ა რ ჩ ი ლ ი: არც ერთი მთავრობა ხელს არ გაანძრევს პატარა საქართველოს დასაცავად, ამხელა ვეშაპს, რუსეთს არ გადაიკიდებს. მე ასე მგონია და აგერ ევროპის მცოდნესა ვკითხოთ. ბრძანეთ, ბატონო კახაბერ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აბა, რა მოგახსენოთ, პოლიტიკაში ძალიან ძნელია პროგნოზების გამოთქმა…
ქ ა ქ უ ც ა: მაინც როგორ ფიქრობთ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რაღა დაგიმალოთ, ბატონო ქაიხოსრო და ვშიშობ, რომ თავადი არჩილი მართალია. ევროპას რომ სურვილი ჰქონოდა, აქამდე დაგვეხმარებოდა.
ქ ა ქ უ ც ა: ყოველ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ ამაში.
ა რ ჩ ი ლ ი: მაგათ უსინდისობაში სტამბოლშივე დავრწმუნდი _ კოტე გვარჯალაძე პარაგვაიში რომ გვიშვებდა სამი წლით არხების სათხრელად.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: პარიზელი ბატონებისგან ჰქონდა ინსტრუქცია მიღებული.
ქ ა ქ უ ც ა: ტყუილად კი არ გაიძახის საშა, მე კოტე გვარჯალაძის დედა ავატირეო!
ა რ ჩ ი ლ ი: ა, ბატონო, ეგეც მე ვარ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ათასში ერთხელ არაფერი უჭირს…
III
სანაპირო ბულვარის მიყრუებული მხარე. დგას მკერდზე ხელებდაკრეფილი “პადრე”, გვიდო მალტანი. ბოლთას სცემს “კობრა”, პასკუალა.
კ ო ბ რ ა: მთელი ძვლები მეშლება და ლამის ნაწილ-ნაწილ დამცვივდეს, გვიდო!
პ ა დ რ ე (ლათინურად ამბობს “მამაო ჩვენოს”) პატერ ნოსტერ, კვი ეს იმ ცელის…
კ ო ბ რ ა: შენ “პატერ ნოსტერ” იძახე და ეგ მიშველის! ოხ, რა უბედური ვარ, რა საცოდავი! გვიდო, მისმენ თუ არა? პადრე!
პ ა დ რ ე: რა გინდა, პასკუალა?
კ ო ბ რ ა: ვკვდები, პადრე, ვკვდები! დარდმა შემიპყრო, ბანაკის დარდმა!
პ ა დ რ ე: მერე მე რა ვქნა, რით დაგეხმარო?
კ ო ბ რ ა: გადაარჩინე საკუთარ ბანაკს ჩამორჩენილი ერთი საბრალო ბოშა! ის გამითავდა, იმის გულისთვის ჩამოვრჩი ბანაკს! მიშველე, ვკვდები!
პ ა დ რ ე (ჯიბიდან ცელოფანის პარკს ამოიღებს, შიგ თეთრი ფხვნილი ჩანს): აჰა! (გადაუგდებს).
კ ო ბ რ ა (პარკს დაიჭერს): საიდან?
პ ა დ რ ე: შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
კ ო ბ რ ა: არა, მაინც, მაინც!
პ ა დ რ ე: თავი დამანებე.
კ ო ბ რ ა: მოიცა, კორლეონეს ყუთები ხომ არ გაგიხსნია?!
პ ა დ რ ე: შენთვის უარესსაც ვიზამდი! (აკოცებს).
კ ო ბ რ ა: არ გეშინია, რომ გაიგონ?
პ ა დ რ ე: მხოლოდ ოცდაათი ყუთიდან ამოვიღე თითო პარკი…
კ ო ბ რ ა: გაიგებენ, გვიდო!
პ ა დ რ ე: ნუ გეშინია, გემზე ვერ მიხვდებიან და ვინ აიღო, მაგაზე ნიუ-იორკში კორლეონემ იმტვრიოს თავი!
კ ო ბ რ ა: შენი მონა ვარ! (ჰკოცნის). აბა, გავიქცეი!
პ ა დ რ ე (დააწევს): დღეს ბევრი საქმე გვაქვს, ძალიან ნუ მიეძალები! (განაგრძობს ლოცვას). სიკუტ ეტ ნოს დიბიტტიმუს დებიტორიბუს ნოსტრის. ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ…
(მეზღვაურის დარწეული ნაბიჯით შემოდის “ყასაბი”, ანჯელო მალტანი. უსმენს პადრეს და იმეორებს ბოლო ფრაზას).
ყ ა ს ა ბ ი: ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ… ძალიან ჟღერს!
პ ა დ რ ე: აჰ, შენ ხარ?
ყ ა ს ა ბ ი (აგდებულად): სალუტ, პადრე!
პ ა დ რ ე (მკაცრად): როგორაა საქმე?
ყ ა ს ა ბ ი: ისე, როგორც “ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ”!
პ ა დ რ ე: იფრთხილე, ყასაბო, ძვირი არ დაგიჯდეს ეგ ხუმრობა!
ყ ა ს ა ბ ი: ბოდიშს ვიხდი, სენიორ, არც მიფიქრია თქვენი წყენინება…
პ ა დ რ ე: მორჩი. საქმეზე ილაპარაკე!
ყ ა ს ა ბ ი: გემის დატვირთვა დამთავრებულია, სერ!
პ ა დ რ ე: კარგად ჩაიარა?
ყ ა ს ა ბ ი: უკეთესად აღარ შეიძლებოდა.
პ ა დ რ ე: ყუთების შემოწმება ხომ არ დაუწყია გემის კაპიტანს?
ყ ა ს ა ბ ი: არა, არა მგონია.
პ ა დ რ ე: პოლიციელები ხომ არ გამოჩენილან?
ყ ა ს ა ბ ი: არა. პოლიციის პრეფექტი იყო ცოტა ხნით, მიქელე ფერარი.
პ ა დ რ ე: რაში დაჭირდა მოსვლა?
ყ ა ს ა ბ ი: კუთვნილი უნდოდა.
პ ა დ რ ე: მე მაქვს იმისი ფული.
ყ ა ს ა ბ ი: ეჩქარებოდა. რომში აგზავნის შვილს სასწავლებლად და ჩემი ჯიბიდან მივეცი.
პ ა დ რ ე: რამდენი?
ყ ა ს ა ბ ი: განა ერთზე არ ვიყავით შეთანხმებული?
პ ა დ რ ე (პაუზის შემდეგ): აჰა, ახლა აიღე ეს ერთი (ჯიბიდან ამოღებულ პაკეტს მისცემს), მაგრამ იცოდე, კიდევ რომ ჩაჰყო ჩემს საქმეში ცხვირი, საკუთარ თავს დააბრალე, ნათესაობა კი ვერ დამიშლის!
ყ ა ს ა ბ ი: რა მომივა, სენიორ?
პ ა დ რ ე: შეიძლება ყელგამოღადრული გიპოვონ სადმე, მიყრუებულ ადგილას!
ყ ა ს ა ბ ი (პაკეტს ათამაშებს): მეგონა, საქმეს დავაწინაურებ მეთქი.
პ ა დ რ ე: ესეც იცოდე _ თუ ის ფული არ მიგიცია და გგონია, რომ შეიტყაპუნებ, პრეფექტს კი გაასაღებ _ მწარედ სცდები!
ყ ა ს ა ბ ი: ო, ეგ აზრადაც არ გამივლია…
პ ა დ რ ე: მიქელე ფერარი კიდევ გვჭირდება, მის ყოფნა-არყოფნას დი მაჯიო სწყვეტს და ისე არ გაიხადო საქმე, მთელი საგვარეულო ამოგვწყვიტონ!
ყ ა ს ა ბ ი: ო, სანტა მარია! რას გადავურჩი! უკან ინებეთ, სენიორ! (პაკეტს მისცემს). კინაღამ თავი წავაგე ჩემი სიბრიყვით!
პ ა დ რ ე: შენ რა უნდა გამომაპარო!
ყ ა ს ა ბ ი: ერთ ბრიყვ მეზღვაურს მეტი რა მოეთხოვება…
პ ა დ რ ე: ათი წელია ამ საქმეს მივდევ, შენ როგორ უნდა მომატყუო?
ყ ა ს ა ბ ი: მაპატიეთ, სენიორ, ნუ დამსჯით…
პ ა დ რ ე: კარგი, მაგრამ დაიმახსოვრე _ მეორედ რომ მოინდომო ჩემი გამჭრიახობის ასეთი გამოცდა, თავს წააგებ!
ყ ა ს ა ბ ი: ახალი მოსული ვარ, ვცდები ხოლმე.
პ ა დ რ ე: ჰოდა, იფრთხილე. ჩვენთან სამსახური დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. აქ შეცდომებს არ პატიობენ. მარტო გაფორმება კი არაა საქმე!
ყ ა ს ა ბ ი: რასაც ვერ გავიგებ, შეიძლება შეგეკითხოთ?
პ ა დ რ ე: ხანდახან ეგეც შეიძლება, თვითონაც უნდა გაანძრიო ტვინი! მარტო მაგარი კუნთებით შორს ვერ წახვალ!
ყ ა ს ა ბ ი: აი, მაგალითად, ერთი რამ ევერ გამიგია (ჩიბუხს უკიდებს) წინასწარ რატომ დათანხმდა ის რუსი ორმოცდაათის მოტანაზე…
პ ა დ რ ე (ხელით შეაჩერებს): მოიცა! თანხის რაოდენობა არასოდეს დაასახელო!
ყ ა ს ა ბ ი: კი, სენიორ, კი. (პაუზა). ანდა რა იშოვეს ამისთანა კომუნისტებმა?
პ ა დ რ ე: რა იშოვეს, რა ჩვენი საქმეა? ჩვენ ჩვენი ავიღოთ.
ყ ა ს ა ბ ი: ხომ შეიძლება, ის გრაფი არ მოვკლათ და ფულიც ჩვენ დაგვრჩეს?
პ ა დ რ ე: შეუძლებელია!.. რუსიც დაეჭვდა თავიდან, მაგრამ დონ ჯოტომ არ დაუთმო _ ფული წინასწარო. რა გარანტია მაქვსო, გაიძახოდა. სწორედ მაშინ თქვა დი მაჯიომ ისტორიული ფრაზა _ მაფია უკვდავია და ამის ერთ-ერთი გარანტია ისიცაა, რომ მისი პატიოსანი სიტყვა არასოდეს არ გატეხილაო! მიხვდი?
(პაუზა).
ყ ა ს ა ბ ი: ქრისტეც მაგას არ გვასწავლის?
პ ა დ რ ე: რას გვასწავლის, ანჯელო?
ყ ა ს ა ბ ი: იყოს თქვენი ჰო – ჰო და არა – არაო!
პ ა დ რ ე: ეს უკვე მომწონს! ნახე, ორ-სამ წელიწადში თუ კაცად არ გაქციო!
(ერთ მერხზე კობრა მოწოლილა, ჩიბუხს ეწევა. მოდის გაბრიელი, ხელში საკვოიაჟი უჭირავს).
კ ო ბ რ ა: ჩაო, გაბრიელ!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: გამარჯობა
კ ო ბ რ ა: კოხტად გამოწკეპილხარ! ფული იშოვე? რა ულაყივით ბერავ ნესტოებს, გცხელა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: წავედით?
კ ო ბ რ ა: მოიცა, გადარეულო, აქ მოდი!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რა გინდა, პასკუალა?
კ ო ბ რ ა: მოდი, მომიჯექი.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: არ წავიდეთ? გვაგვიანდება.
კ ო ბ რ ა: მოდი მეთქი!
გ ა ბ რ ი ე ლ ი (მიუჯდება): დაგველოდებიან?
კ ო ბ რ ა: აბა, სად ჯანდაბაში წავლენ? ახლოს მოიწი! ეს არ გინდა? (ჩიბუხს აჩვენებს).
გ ა ბ რ ი ე ლ ი: მე სიგარეტს ვამჯობინებ.
კ ო ბ რ ა: ჩვეულებრივი არ გეგონოს, ოპიუმი ურევია! გააბოლე და სულ ცაში იფრენ! (მოეხვევა, ჰკოცნის).
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ისეთი ჩანხარ, უამისოდაც კარგად ვიფრენ შენთან!
კ ო ბ რ ა: ასე ჩემო გადარეულო, ქალივით არ დაიწყე უკადრისობა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: აბა, რას ვიფიქრებდი!
კ ო ბ რ ა: შემოგაჯდები, ჩემო ულაყო და ახლავე გნახავ, როგორი ჭენება იცი! (წამოდგომას ცდილობს). ოღონდ ვერ ვდგები!
გ ა ბ რ ი ე ლ ი (ხელში აიყვანს): სად წაგიყვანო?
კ ო ბ რ ა: სადმე დავიმალოთ, თორემ მე სხვა ულაყებიც მყავს და იმათ რომ გნახონ, გამოგფატრავენ! (გადიან).
(პადრეს და ყასაბს კოჭლობით უახლოვდება “კოჭლი სატანა”, ლუკა კორაჯო, ხელში რაღაც შეფუთული უჭირავს).
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ჩაო, სენიორებო.
პ ა დ რ ე: ჩაო, ლუკა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა (ყასაბს): რას ჩამოგიყრია ყურები?
ყ ა ს ა ბ ი: არაფერი, ეს ისე…
პ ა დ რ ე: მოკლედ, ჩვენი კანონი ასეთია _ ერთხელ მოგცემთ გამოსწორების საშუალებას, მეორედ კი აღარ დაგინდობთ! მიხვდი, ყმაწვილო?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: მოხდა, სენიორ, რამე?
პ ა დ რ ე: უახლოესი მეგობარი ხარ, შენთან რა მაქვს დასამალი. ჩემი ძვირფასი ძმისწული მატყუებდა, პრეფექტს მე მივეცი წილიო, ფულს მართმევდა და გასაღებას უპირებდა!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ხომ არ გადაირიე, ბიჭო? მარტო შენ და ამას კი არა, მთელ სანათესაოს ზედ მოგაყოლებდნენ! უჰ-უჰ, ეს რომ დი მაჯიომ შეიტყოს? კიდევ კარგი, პადრეს მეგობარი ვარ, თორემ სხვა ამას ხელზე დაიხვევდა და თავის ნებაზე გატარებდათ.
ყ ა ს ა ბ ი: ეს როგორ, სენიორ?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: დაგემუქრებოდათ, დი მაჯიოს ვეტყვიო!
პ ა დ რ ე: ეგ არ მაშინებს, კოჭლო სატანა, ვიცი, ვისთან რა უნდა ვთქვა…
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ამით რა გინდათ თქვათ?
პ ა დ რ ე: შენ რომ შანტაჟს დაიწყებდი, მე ბონავენტურას საქმეს გაგახსენებდი, რვა რომ აიღე და შეფთან მხოლოდ ხუთი მიიტანე!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ეგ წვრილმანები ამ ყმაწვითლან რა მოსატანია, განა მეგობრები არ ვართ, ჩემო კეთილო გვიდო?
პ ა დ რ ე: რა თქმა უნდა, მეც ამ იმედით გაგანდე ეს საიდუმლო!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: სჯობს, საქმეზე ვილაპარაკოთ.
ყ ა ს ა ბ ი: რა ხდება კარგი და საინტერესო?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ჯერ თქვენი მითხარით. კარგად ჩაიარა?
ყ ა ს ა ბ ი: ისე, რომ მეტი აღარ იქნება. ამაღამ გავა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ძლივს მოვიშორეთ თავიდან. პასკუალა არ გამოჩენილა?
პ ა დ რ ე: მაგან არ დამაწყვიტა ნერვები?
ყ ა ს ა ბ ი (საათზე დაიხედავს): მთელი ნახევარი საათი გადაცდა!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ხომ არ გაგვაცურა იმ რუსმა კომუნისტმა, მე მაგის დედა?..
ყ ა ს ა ბ ი: აბა, აბა, მაგის კეთილები!..
პ ა დ რ ე: მორჩით. გინება არ მოდის ჩვენში!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: რა უჭირს, ათასში ერთხელ!
ყ ა ს ა ბ ი: კარგიც კია, გულს მოიოხებ კაცი!
პ ა დ რ ე: გინება არ გამაგონოთ! ჩვენ სხვა გაქანების ხალხი ვართ, რესპექტაბელური!
ყ ა ს ა ბ ი: თუ გაგვაცურა და აქ არა ვარ, ფრანჩესკოლიზე უკეთ გავაფორმებ! (პადრეს შეხედავს). დი მაჯიო თუ გვიბრძანებს!
პ ა დ რ ე: სწორია, ყასაბო.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ჰო, მართალა თვალი ხომ არ მოგიკრავთ დანარჩენი ველურებისთვის?
პ ა დ რ ე: მომეშვი, ვერ ვიტან ზანგებს.
ყ ა ს ა ბ ი: რას გვანან, მაგათი…
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ზანგი კი არა…
პ ა დ რ ე: აბა, ვინ?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: უცნაური კაბები რომ აცვიათ და არც ქუდები ახურავთ ნაკლებად გასაკვირი.
ყ ა ს ა ბ ი: ირლანდიელები ხომ არ არიან?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: არა.
პ ა დ რ ე (მიხვდა): შენ რა, ის უცხოელები ნახე?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: უფრო მეტიც (შეფუთულს გახსნის), აი ეს ქუდებიც შევიძინე იმათგან.
პ ა დ რ ე (ერთ ცალს აიღებს): საიდან უნდა დაიხურო?
ყ ა ს ა ბ ი (აიღებს მეორეს): ალბათ აქედან, აი, ასე. (დაიხურავს).
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ნამდვილი კავკასიელი ჯიგიტი ხარ!
პ ა დ რ ე: გაგიჟდი, ლუკა? ეს ქუდები რად გინდოდა?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: თქვენთან გამომატანა დი მაჯიომ. კარგ საქმეზე როცა წავალთ, მაშინ უნდა დავიხუროთ ხოლმე.
ყ ა ს ა ბ ი: რატომ?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: დილას ერთად გამოვედით შეფი, მე და პასკუალა იმათ სანახავად, ხომ უნდა გვცოდნოდა, რომელი იყო გასაფორმებელი.
პ ა დ რ ე: გასაფორმებელი ახლა რომ მოვა, ამან უნდა გვაჩვენოს.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ჩვენ ჩვენი ვეცადეთ. ჰოდა, კობრამ გვიამბო კავკასიელ ჯიგიტებზე, რომლებსაც ბავშვობიდან ცხენებზე ზრდიან და იარაღის ხმარებასაც ასწავლიან. გაგიკვირდებათ, მაგრამ ვენდეტა მაგათაც სცოდნიათ!
ყ ა ს ა ბ ი: საკვირველია!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: მერე შეფი დაინტერესდა და ერთ ყურებამდე ულვაშიანთან მიგვაგზავნა. იმან ოთხი ქუიდ მოგვყიდა ერთ `კოლტად~ და თავიანთი შეფიც გვაჩვენა.
ყ ა ს ა ბ ი: გამაგებინეთ, ეს ცხვრის ტყავის ქუდები რად გვინდა?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: აკი გითხარით, პაროლი შეიცვალა. კაი საქმეზე როცა წავალთ, მიხაკებს კი აღარ ჩავიბნევთ, ამ ქუდებს დავიხურავთ.
პ ა დ რ ე: ესე იგი, ანრიეტა სარდუს ამ ცხვრის ქუდში უნდა გამოვეცხადო? აღარ ვარ სიხარულით! აღარ! (ბოლთას სცემს). რამ მოაფიქრა! სულ პასკუალას ოინებია, მაგის დედას ჩავეხუტე! წადი, აქ მომიყვანე, მაგის ძალიან კეთილები!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: აჰ, გინება არ გვინდა, გვიდო, ჩვენ სხვა გაქანების ხალხი ვართ, რესპექტაბელური!
ყ ა ს ა ბ ი: რა უჭირს ათასში ერთხელ!
პ ა დ რ ე: წადი, მომიყვანე-მეთქი!
ყ ა ს ა ბ ი: თვითონვე მოდის და ის კავკასიელიც ახლავს, საკვოიაჟი უჭირავს!
პ ა დ რ ე: ახლა ულვაშა ჯიგიტს აეკიდა, ხედავთ?
ყ ა ს ა ბ ი: თავისით მოდის ფული!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ცხვრის ქუდებს უმადლოდეთ, თილისმასავითაა!
IV
შემოდიან გაბრიელი და კობრა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ესეც იმათნაირი ველური ჩანს, ოღონდ ჩვენებურად ჩაუცვამს.
პ ა დ რ ე: მოიცა, იტალიური არ იცოდეს.
კ ო ბ რ ა: შიში ნუ გაქვთ, წარმოდგენა არა აქვს.
პ ა დ რ ე: შენ საიდან იცი?
კ ო ბ რ ა: მითხრა.
პ ა დ რ ე: მიფრთხილდი, პასკუალა, ახლა ამას არ აეკიდო, თორემ…
ყ ა ს ა ბ ი: რაო, კობრა, ვინ ვარო?
პ ა დ რ ე: პასკუალა, პაროლი ჰკითხე.
კ ო ბ რ ა: პაროლი გვითხარით.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ავე მარია, გრაცია პლენა, დომინუს ტეკუმ.
პ ა დ რ ე: გასაგებია. პაშკოვმა გამოაგზავნა?
კ ო ბ რ ა: პაშკოვის კაცი ხარ?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: აბა, ვინა ვარ!
კ ო ბ რ ა: კიო.
პ ა დ რ ე: ფული მოიტანე?
კ ო ბ რ ა: ფული მოიტანეო?
გ ა ბ რ ი ე ლ ი (საკვოიაჟს გაუწვდის): აი, აქაა.
პ ა დ რ ე (გამოართმევს, გახსნის, ჩახედავს): რამდენია?
კ ო ბ რ ა: რამდენიაო?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ნახევარი, რომ შეასრულებთ, მეორე ნახევარს მერე მიიღებთ!
კ ო ბ რ ა: ჯერ ნახევარი მოუტანია, მეორე ნახევარს გასაღების მერე მიიღებთო.
პ ა დ რ ე (ბოლთას სცემს განრისხებული): ის კომუნისტი ღორი არ ენდო მაფიას პატიოსან სიტყვას? ეგებ ფულის ნახევარი თვითონ ამან წაიღო?
ყ ა ს ა ბ ი: ახლავე დავამუშავებ, ბიძაჩემო!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: დავთვალოთ!
პ ა დ რ ე: რა დროს დათვლაა!
ყ ა ს ა ბ ი: დავამუშაო?
პ ა დ რ ე: მოიცა მეთქი!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რაო, რას ლაპარაკობენ?
კ ო ბ რ ა: არაფერს.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: მაშინ მე წავალ (წასვლას აპირებს).
პ ა დ რ ე: რაო, კობრა?
კ ო ბ რ ა: უნდა წავიდეო.
პ ა დ რ ე: მოიცადოს!
კ ო ბ რ ა: მოიცადეო.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რაღა საქმე გაქვთ ჩემთან?
პ ა დ რ ე: პასკუალა, ეს არ უთარგმნო! ანჯელო, უნდა დავამუშაოთ! შენ კი კოჭლო სატანა, გადი, გვიდარაჯე! (კოჭლი სატანა გადის).
ყ ა ს ა ბ ი: მივცხო, არა?!
პ ა დ რ ე: ვინ დაიტოვა ფულის ნახევარი, შენ თუ პაშკოვმა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: აკი გითხარით, პაშკოვმა მეთქი!
პ ა დ რ ე: რით დაამტკიცებ შენს სიმართლეს?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: პაშკოვი უნდა ნახოთ. მე კი მაგვიანდება, მშვიდობით.
პ ა დ რ ე: ასე ვერ წახვალ! პაშკოვმა რომ შენ დაგადოს ხელი, სადღა გეძებოთ? ჩვენი თანდასწრებით უნდა ნახოთ ერთმანეთი!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ეს რა, მუქარაა?!
პ ა დ რ ე: ასე მოითხოვს საქმე.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: გემზე ბილეთი აღებული მაქვს, უნდა მივუსწრო! მშვიდობით, ბატონებო!
ყ ა ს ა ბ ი (წინ გადაუდგება): სულაც არ მაინტერესებს შენი ბილეთი, ჯერ პაშკოვი უნდა ვნახოთ! (დანას ამოიღებს და მოიმარჯვებს).
გ ა ბ რ ი ე ლ ი (რევოლვერს ამოიღებს): უკან დაიხიე! (ყასაბი არ ემორჩილება, ესვრის, ხელში დაჭრის და დანას გადააგდებინებს). დაგცხრილავთ!
პ ა დ რ ე (ხელებს ასწევს): დამიჯერეთ, სენიორ, გამოუსწორებელ დანაშაულს ჩადიხართ საკუთარი თავის წინააღმდეგ!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რა დანაშაულზეა ლაპარაკი?
პ ა დ რ ე: ერთი ჩვენგანიც რომ მოკლათ, ამ ქალაქიდან ვეღარ გახვალთ!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ვინღა დამიჭერს?
პ ა დ რ ე: როგორც ჩანს, ადრე მაფიასთან საქმე არ გქონიათ. მიწის ქვეშაც კი გიპოვიან!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: თავი დამანებეთ, თქვენ თქვენთვის, მე ჩემთვის! ხომ მოგიტანეთ ეს ფული, რატომ არ მიშვებდით?
პ ა დ რ ე: პაშკოვს თვით დი მაჯიო ელაპარაკა. რაკი ორმოცდაათზე შეთანხმდნენ, სწორედ ამდენი უნდა მოგეტანათ. არც მეტი და არც ნაკლები!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რაც გამომატანა, ის მოვიტანე.
(გაბრიელს უკნიდან ეპარება კეტმომარჯვებული კოჭლი სატანა).
პ ა დ რ ე: მაშინ რატომ არ გინდათ პაშკოვთან წამოსვლა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: იმიტომ, რომ მაგვი… (თავში კეტს ჩაარტყამს კოჭლი სატანა, ხელიდან რევოლვერი გაუვარდება. მიესევიან, სცემენ).
პ ა დ რ ე: არ უნდა მოვკლათ, ცოცხლად გვჭირდება!
ყ ა ს ა ბ ი (ცალი ხელით სცემს): როგორ დამჭრა, ამისი კეთილები…
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: გაიგე, რასაც გეუბნებიან!
(შემოვარდება იარაღმომარჯვებული საშა სულხანიშვილი, ჰაერში ისვრის).
ს ა შ ა: დადექით! დადექით-მეთქი! თქვენი დედა რო ავატირე!
(მაფიოზები თავს დაანებებენ გაბრიელის ცემას, მოშორდებიან).
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ეს მეორე ველური საიდანღა გამოტყვრა?
პ ა დ რ ე: ეგ საკუთარ თავს ჰკითხე, კრეტინო! მე სადარაჯოდ გაგიშვი!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: კეტი რომ არ ჩამერტყა, გაგასაღებდათ!
ყ ა ს ა ბ ი: რა დავითარსეთ, ამათი კეთილები… (ხელზე მეორე ხელს იჭერს).
პ ა დ რ ე: პასკუალა, ჰკითხე რა უნდა?
ს ა შ ა: ხელები ზემოთ, თორემ ყოფას გიტირებთ!
კ ო ბ რ ა: ხელები აწიეთ მაღლა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ეს ისაა! (ხელებს აწევს).
პ ა დ რ ე: აწიე, ანჯელო, თავს ტყუილ-უბრალოდ ნუ შევაკლავთ! (ორივენი ხელებს აწევენ). ვინააო, რა თქვი?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ამან მოგვყიდა ქუდები დილით!
ს ა შ ა (კობრას): შენც აწიე ხელები! ჰა, მეთქი! (კობრა ხელებს აწევს). დაიცა, ქალო, შენ აქ რა გინდა? ხან ქუდებს ჰყიდი და ხანაც ულაყებს დააჭენებ, არა?
კ ო ბ რ ა: ხან ისეა, ხანაც ასე! ისე კი, ყველაზე კარგად შენ დაჭენაობ, შმაგო!
ს ა შ ა: ცხენები და ვირები თქვენსკენ მოიკითხე! შენ არ იცი, მე ვინა ვარ!
კ ო ბ რ ა: ვინ?
ს ა შ ა: უკვე იმდენი კომუნისტი მყავს მოკლული, რომ ეს ოთხი კაცი აქეთ იქნებით თუ იქით, ჩემთვის სულ ერთია, მაინც ჯოჯოხეთში მოხვდები. გაიგე, დედაკაცო?
კ ო ბ რ ა: ვერ გავიგე.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: რას ეპაექრები, კობრა, გვიშველე რამე! ო, სანტა მარია, სან რაფაელ, სან მიქაელ! გვიშველეთ!
ს ა შ ა: ეხლა აი, მაგას უთხარი, მოკეტოს, თორე ამ შუადღისას ციდან ვარსკვლავებს დავაკრეფინებ! გაიგეე!
კ ო ბ რ ა: გაჩუმდი, გიჟია ვიღაც!
ს ა შ ა: აბა, სანამ გადავრეულვარ, ამათ იარაღი ამოაცალე! შენიც ამოიღე! ემაგ ჩანთაში ჩააწყე და აექ დამიდე! ჰა, დროზე! (კობრა იარაღს ამოაცლის თავისიანებს, საკვოიაჟში ჩააწყობს და საშას მიუტანს). ისევ იქ დადექი! (საკვოიაჟში ჩაიხედავს). ვაჰ, ეს რა არი, კაცო? (ერთ შეკვრას ამოიღებს) უყურებ შენა? ბიჭოს! ფულივით არ არი?! ქალო, უთხარიკე, ემაგრე იდგნენ ხელებაწეულები!
კ ო ბ რ ა: არ გაინძრეთ, გესვრითო!
პ ა დ რ ე: ღმერთო, გვიშველე! ეს მართლა გვესვრის, _ გიჟია ოხერი! მოდით, ვილოცოთ! (იწყებს “მამაო ჩვენოს”) პატერ ნოსტერ, კვი ეს იმ ცელის. სანკტიფიცეტურ ნომენ ტუუმ…
ს ა შ ა: რაო, რა მინდაო, ქალო?
კ ო ბ რ ა: არაფერი, ლოცულობს.
ს ა შ ა: მოკეტოს, თორეე…
კ ო ბ რ ა: გაჩუმდი, პადრე!
ს ა შ ა: ეხლა გამაგებინე, რა გინდოდათ ამ პატიოსანი კაცისაგან, სეტყვი ღრუბელივით რო დასტრიალებდით, ჰა? ხო არ მოკალით, თქვენი…
კ ო ბ რ ა: არა, მხოლოდ ნაცემია.
ს ა შ ა: ძაან არაქათგამოცლილი ჩანს, ესეც ხო არ გიჭენებია?
კ ო ბ რ ა: სადღა აქვს ჭენების თავი, ძლივს დაჩინდრიკობს!
გ ა ბ რ ი ე ლ ი (დაიკვნესებს, წამოჯდება, თავზე მოიჭერს ხელებს) ვაი, თავი!
ს ა შ ა: გაბრიელ, როგორა ხარ, ჰა, კაცო?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რა ვიცი… (წამოიწევს). ვაი! (ისევ ჯდება).
ს ა შ ა: რა უნდოდათ, რად გირტყამდნენ?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ოო, ყველაფერი მტკივა… ვაი, ვაი!
ს ა შ ა: შენ მითხარი, ქალო!
კ ო ბ რ ა: მე თქვენი ლაპარაკი არ მესმის და რა გითხრათ?
ს ა შ ა (ფულის შეკვრას აჩვენებს): ჯერ ეს მითხარი, აეს რა არი?
კ ო ბ რ ა: ფულია.
ს ა შ ა: ესე იგი, სწორი ვყოფილვარ! სადაურია, ქალო?
კ ო ბ რ ა: ამერიკული დოლარებია.
ს ა შ ა: არ მატყუებ, რო?
კ ო ბ რ ა: მაშინ მაგ ბებერ ულაყს ჰკითხე!
ს ა შ ა: იცი, რას გეტყვი შენა? აქ ბოდიში მამიხდია და ცოტა წესიერად მელაპარაკე! ბიჭოს! რამდენია?
კ ო ბ რ ა: ოცდახუთი ათასი.
ს ა შ ა: ვისია?
კ ო ბ რ ა: მეტს ვერაფერს გეტყვი.
ს ა შ ა: დაიცა, დაიცა, იცი რას გეტყვი? ჯერ ქალის ცოდვა არ მადევს კისერზე, მაგრამ თუ ძაან გაჭირდა, ამასაც ვიკისრებ! გამიგე? გამიგე თუ ვერა?
კ ო ბ რ ა: მეტი რა გზაა, უნდა გავიგო.
ს ა შ ა: შენი ვერა გამიგია რა! გიყურებ, მთვრალი არა ხარ, მა რაღასა ბლეტავ მაგ თვალებს?!
კ ო ბ რ ა: ჭენების შემდეგ ასე ვიყურები ხოლმე.
ს ა შ ა: ვის ატყუებ შენა? ვის ატყუებ? დილას ქუდები რო მოგყიდე და მემრე კვიპაროსებში გადავედით, რამე, ერთი-მეორე, მაშინ კოხტად იყურებოდი?! არა, აქ რაღაცაშია საქმე! კაცო, გაბრიელ, მოხვედი ჭკუაზე?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: მოვედი.
ს ა შ ა: შენ მაინც მითხარი, რითვინ გირტყამდნენ, როგორც რო რუსის ბარაბანსა! ამ დედაკაცთან ხო არ გაგიიმასქნებია ის ამბავი, ჩვენ რო ვიცით და იმიტომ ხო არ დაგბეთქეს, ჰა!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: რა ვიცი… (ხელს ჩაიქნევს).
ს ა შ ა: არ იცი და მე ვათქმევინებ! დედაკაცო, ეხლავე მითხარი, რითვინა სცემდით, რა დააშავა!
კ ო ბ რ ა: ვერ გეტყვი!
ს ა შ ა: ვერ მეტყვი და სუ თითო-თითოდ დაგიხვრეტამ ამ ხალხსა! მგონი, სუ შენი ულაყები არიან, არა? ჰოდა, მეც აი, ამიდან დავიწყებ! (გამოიყვანს ყასაბს, შუბლზე მიადებს რევოლვერს). იცოდე, სამამდინ ვითვლი!
პ ა დ რ ე: რა უნდა, პასკუალა?
ყ ა ს ა ბ ი: მიშველე, ბიძაჩემო!
კ ო ბ რ ა: პაშკოვის საქმე მომიყევიო!
ს ა შ ა: ერთიი!
პ ა დ რ ე: რა თქვა?
კ ო ბ რ ა: სამამდე ვითვლიო!
პ ა დ რ ე: უთხარი, რაც უნდა!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: არ უთხრა, პასკუალა, თორემ დი მაჯიო არ გვაპატიებს!
პ ა დ რ ე: აბა, ყასაბი გავწიროთ?
კ ო ბ რ ა: მარტო ყასაბი კი არა, სულ სათითაოდ დაგხვრეტთო!
ს ა შ ა: ორიი!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: მაშინ უთხარი! უთხარი, ჩქარა!
პ ა დ რ ე: აგწვა კუჭი? ტკბილია სიცოცხლე, ლუკა?
ყ ა ს ა ბ ი: პასკუალა, ყველაფერი უთხარი! არაფერი მოატყუო!
პ ა დ რ ე: როგორც ჩანს, ესენი ერთად მუშაობენ!
ყ ა ს ა ბ ი: ახლა გადავრჩე და სად წამივლენ, ორივეს ერთად გავასაღებ!
ს ა შ ა: სამი!
კ ო ბ რ ა: კარგი, გეტყვი! ოღონდ, უნდა გაგვიშვა!
ს ა შ ა: აბა, რაში მჭირდებით, თქვენი ხორცი არ იჭმევა და ძვალი!
კ ო ბ რ ა: აქ ვიღაც მეამბოხეთა მეთაურია ჩამოსული, გრაფი ყოფილა. იმის მოკვლაში რუსი კომუნისტები ორმოცდაათ ათას დოლარს გვაძლევდნენ. ჩვენც ავიღეთ ეგ საქმე.
ს ა შ ა: ვინ თქვენ?
კ ო ბ რ ა: ჩვენ, მაფიამ.
ს ა შ ა: მაფია რაღა ოხრობაა?
კ ო ბ რ ა: მაფია მაფიაა!
ს ა შ ა: ვერაფერიც ვერ გავიგე!.. და გაბრიელი რაღა შუაშია?
კ ო ბ რ ა: მაგას ჰქონდა იმ მეთაურის მოკვლა დავალებული და ვერ გაბედა.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ტყუილია! ამის კახპა დედა ვატირე!
კ ო ბ რ ა: კახპა მეძახე, კომუნისტების აგენტი მაინც არა ვარ შენსავით!
ს ა შ ა: დაიცა, ნამდვილად, ქალო?
კ ო ბ რ ა: პაშკოვმა გვითხრა.
ს ა შ ა: პაშკოვი ვინღაა?
კ ო ბ რ ა: კომუნისტების საგანგებო რწმუნებული!
ს ა შ ა: მართალია, გაბრიელ? (პაუზა). საცემი კი არა, მოსაკლავი ყოფილხარ, შე ნაბიჭვარო! ქაქუცას მოსაკლავი ფულით გამოიწკიპე, არა? ოხ, შენი დედა კი ვატირე შენი!.. აქ მომხედე, ქალო! რატომ სცემდით?
კ ო ბ რ ა: ორმოცდაათი გვეკუთნოდა და ოცდახუთი მოიტანა!
ს ა შ ა: დაიცა, დაიცა, კომუნისტები იგეთი ბრიყვები არიან, რო წინასწარ მოეცათ ფული?
კ ო ბ რ ა: მაფიის სიტყვა კანონია! ამ საქმეში თვითონ დონ ჯოტო დი მაჯიო იყო ჩარეული!
ს ა შ ა: ეგ ვიღა ოხერია?
კ ო ბ რ ა: ამ ქალაქის მაფიის თავკაცი! ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, პირი გაგვეტეხა… ამან კი მხოლოდ ოცდახუთი მოიტანა.
ს ა შ ა: მეორე ოცდახუთი რა ვუყავიო?
კ ო ბ რ ა: პაშკოვმა არ მომცაო. გრაფს რომ მოკლავთ, მერე მიიღებთო. პაშკოვთან გამოყოლაზე უარი გვითხრა და ეჭვი ავიღეთ, რომ თვითონ გადამალა… იმიტომ ვცემდით, რომ გვეთქმევინებინა, სად დამალა…
ს ა შ ა: შენ რასაც ამბობ, მართალსა ჰგავს… ამ ნაბიჭვარმაც როგორ ჩაღუნა თავი… მართალია, არა, გაბრიელ? ერთი სული მაქვს, წამებით ამოგხადო სული, მაგრამ ჯერ ქაქუცამ უნდა დაგკითხოს!.. ქალო, ეხლა ეს გამაგებინე, თქვენ ვინა ხართ? მაფიაო თუ რაღაცაო?
კ ო ბ რ ა: ამის გაგება აქ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება.
ს ა შ ა: ეხლა სწორედ მეტი საქმე არა მაქვს, კითხვა-კითხვით ვიარო ამხელა ქალაქში! მითხარი, დროზე!
კ ო ბ რ ა: დონ ჯოტო დი მაჯიო მაფიის შეფია! აი, ეს პადრეა, თანაშემწე, გეგმების შემდგენი. ეს კოჭლი სატანაა, საუკეთესო შემსრულებელი. ეს ხელში დაჭრილი კი ყასაბია, დაუნდობლობით გაითქვა სახელი. მე კი კობრა მქვია…
ს ა შ ა: მაშ, რას გაიძახიან, პასკუალაო?
კ ო ბ რ ა: ეგეც მქვია.
ს ა შ ა: კაი სახელები გქვიებიათ, მე და ჩემმა ღმერთმა… ეხლა ერთი რჩევა უნდა მოგცეთ _ იმ გრაფის მოკვლაზე ხელი აიღეთ და იმ რწმუნებულის მისამართი მომეცით. პაშკოვიო, არა?
კ ო ბ რ ა: პაშკოვს დი მაჯიო შეხვდა, მისამართი ჩვენ არ ვიცით!
ს ა შ ა: კარგი, გაბრიელს ეცოდინება.
გ ა ბ რ ი ე ლ ი: პაშკოვი რომში გაემგზავრა ამ დილით.
ს ა შ ა: აქ არა ვართ, შევამოწმებთ… შენ ეს მითხარი, მეორე ოცდახუთი რა უყავი?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: დავმალე.
ს ა შ ა: წამოდი, ეგ სახე დაიბანე ზღვაში, ის ფულიც ავიღოთ და ქაქუცასთან მივიდეთ… შენ კი, გიურზა ხარ თუ ანკარა გველი, ამათ უთხარი, თავი დაგვანებონ, თორემ ფინთად წაუვათ საქმე!
კ ო ბ რ ა: დაგვეხსენით, თორემ ინანებთო!
პ ა დ რ ე: პირობა მიეცი მაფიის სახელით!
კ ო ბ რ ა: მაფია სიტყვას გაძლევთ!
ს ა შ ა (საკვოიაჟს აიღებს): ეს მაფია რაღაა, მაინც ვერ გავიგე! თუმცა სულ ერთია… წამოეთრიე, გაბრიელ! (გადიან).
პ ა დ რ ე: მადლობა უფალს, რომ ამ ველურებისგან გვიხსნა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ყველა წმინდანი ვახსენე გულში და როცა სანტა მარიასთან მივედი, მაშინ გვეშველა!
კ ო ბ რ ა: თავიდანვე უნდა გეხსენევბინა!
ყ ა ს ა ბ ი (ხელს იხვევს დახეული ხალათით): სულ ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ დავჩეხავ მაგათ!
პ ა დ რ ე: გადარჩენისა ვილოცოთ!
ყ ვ ე ლ ა ნ ი:
ავე მარია, გრაცია პლენა, დომინუს ტეკუმ;
ბენედიკტა ტუ ინ მულიე რიბუს,
ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს ვენტრის ტუი, იეზუ.
სანკტა მარია, მატერ დეი,
ორა პრო ნობის, პეკატორიბუს,
ნუნკ ეტ ინ ორა მორტის ნოსტრე.
ამენ! (იწერენ პირჯვარს).
პ ა დ რ ე: ამ ამბავს დი მაჯიოს ნუ გავაგებინებთ.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ფულს რომ მოგვთხოვს?
ყ ა ს ა ბ ი: ამ ხელს რომ ნახავს?
პ ა დ რ ე: ბოლო-ბოლო ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ პაშკოვის კაცი არ მოვიდა… შენ კი პიჯაკში დამალავ მაგ ხელს…
კ ო ბ რ ა: უარესი იქნება…
პ ა დ რ ე: აბა, რა ვქნათ, პასკუალა, გვაჯობეს კომუნისტებმა!
კ ო ბ რ ა: ის ულვაშიანი კომუნისტი არა ყოფილა…
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ეს ვინ ყოფილან, ამათი დედა…
ყ ა ს ა ბ ი: ჩვენზე უარესები!
კ ო ბ რ ა: ხომ გითხარით, მეომარი ხალხია-მეთქი!
პ ა დ რ ე: ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!
(გადიან).
მეორე მოქმედება
V
ზღვის სანაპირო ბულვარი. კვლავ მერხზე სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და არჩილ ანდრონიკაშვილი. იქვეა სერთუკიანი კახაბერ ამილახვარი და ჩამქრალ სიგარას უკიდებს. შორიდან მოისმის _ “ჰაი, ქაქუცავ, მაქეთ საითკენ წამოსულხართ, კაცოუ!”
კ ა ხ ა ბ ე რ ი (გაიხედავს): საშა და გაბრიელი მოდიან!
ს ა შ ა (ხელს ჰკრავს გაბრიელს, შემოაბარბაცებს) ემანდ მიეთრიე, შენი დედა რო ავატირე! (ხელში რევოლვერი უჭირავს, მორეში საკვოიაჟი).
ქ ა ქ უ ც ა: ახლა ამათაც დაიწყეს! თქვენ იმდენს იზამთ, მეც გამაგიჟებთ!.. რა ამბავია, გაბრიელ?
ს ა შ ა: გველი გაგვიზრდია უბეში, კაცო, გველი!
ა რ ჩ ი ლ ი: არ გვეტყვი, რა მოხდა?
ს ა შ ა: აკი ვიძახოდი, ქაქუცავ, ეგ აქ სასიკეთოდ არ არი მოსული-მეთქი!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა მოხდა, გაბრიელ, ხმა ამოიღე!
ს ა შ ა (საკვოიაჟს გახსნის, ფულს დაანახვებს): ეს ქაქუცას მოსაკლავი ფული იყო, ორმოცდაათი ათასი დოლარი!
ა რ ჩ ი ლ ი: “ჩეკას” აგენტი ყოფილა, ვეჟო? (ჯიბისკენ გაურბის ხელი).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: გაჩერდით, ბატონო არჩილ!
ა რ ჩ ი ლ ი: გაჩერდი – არ გაჩერდი, სულ ერთია. ამ თახსირს ხელით ხომ არ დავახრჩობ, იარაღი კი თურქეთში ჩამომართვეს!
ს ა შ ა: თურქეთს ნუღარ მიხსენებ, მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ვატირე, კინაღამ… (შეხედავს ქაქუცას, შეჩერდება). იარაღი ერთის მაგიერ ხუთი ვიშოვე. განა რო მდომოდა, მე ვერ მივაძაღლებდი სადმე, მაგრამ აქ მოვიყვანე, ქაქუცამ გადაწყვიტოს, რას უზამს.
ქ ა ქ უ ც ა: ჯერ რიგიანად მიამბე, რა როგორ მოხდა!
ს ა შ ა: როგორ მოხდა და აეგრე იყო _ თავად არჩილისა არ იყოს, ეს უიარაღობა მეც ძალიან მაწუხებდა…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: საქმეზე ილაპარაკე!
ს ა შ ა (თავისას განაგრძობს): უკაცრაული პასუხია და ბოდოშიც მამიხდია, მაგრამ უიარაღო კაცი ნიფხავჩახდილივითა ხარ! ეგრე არ არი?.. ჰოდა, ერთი მოლდაველი ბოშა ქალი ვნახე, გიურზას ეძახიან თუ რაღაცა გველის სახელია… ჰო, კობრა! კობრას ეძახიან.
ა რ ჩ ი ლ ი: შენ როგორ ელაპარაკე?
ს ა შ ა: იცის რუსული! ჰოდა, ოთხი ბოხოხი მივყიდე ერთ რევოლვერად. `კოლტია~, ხომ იცით. მოკლედ, მაგარი რამეა!
ა რ ჩ ი ლ ი: ქუდები როგორ გაგვიყიდე, ვეჟო?
ქ ა ქ უ ც ა: იარაღის გულისთვის რომელიმე რომ არ გაგვყიდა, ამაზეც გმადლობთ, უფალო!
ს ა შ ა: რატო რა, იარაღი არ გვინდა, თავადო? ათასი ოხერია, რა გესწავლებათ!
ქ ა ქ უ ც ა: განაგრძე, განაგრძე!
ს ა შ ა: ცოტა ხანში, გავიხედე და რასა ვხედამ, ეს ჩვენი გაბრიელი არ ელაპარაკება? ვიფიქრე, ერიჰაა, აქ რაღაცაშია საქმე-მეთქი. გავყე ამასა. ერთ სახლში შევიდა და იქიდან ამით (საკვოიაჟზე ანიშნებს) გამოვიდა. ზღვის პირას ის გიურზა უცდიდა, სამ კაცთან მიიყვანა. იღონდ მანმადე ერთმანეთში ჩვენ რო ვიცით, ის გააიმასქნეს… იმ ხალხსა სუ გამოცვლის სახელები ჰქვიათ _ ეშმაკიო, კოჭლი თერძიო, პასკუალაო, გიურზაო თუ რაღაცა გველია… აქაური მაფია ვართო.
ა რ ჩ ი ლ ი: შენ რა იმ წყეული კოტე გვარჯალაძესავით მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობ! მოკლედ გვითხარი, გული ნუ გადაგვილიე, ვეჟო!
ს ა შ ა: თუ არ გინდათ, სუ გავჩუმდები!
ქ ა ქ უ ც ა: განაგრძე, ოღონდ მოკლედ ილაპარაკე.
ს ა შ ა: მერმე აემან ერთი იმათიანი დაჭრა ხელში. მიესივნენ და სუ სეტყვი ღრუბელივით უტრიალეს. მე გულმა აღარ მომითმინა, გავიძრე ჩემი `კოლტი~ და მივუხტი _ რევოლვერები წავართვი თქვენთვის, ესეც სიკვდილს გადავარჩინე, თორემ ცემით მოკლავდნენ, დავკითხე ისინი და ყველაფერი გავიგე. (`კოლტებს~ მისცემს ქაქუცას, არჩილს, კახაბერს). ესაა და ეს!
ა რ ჩ ი ლ ი: ბიჭოს, რა კარგად მოყვა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ვერაფერიც ვერ გავიგე!
ქ ა ქ უ ც ა: კარგი, ახლა გაბრიელი ვალაპარაკოთ. (იარაღს მოხერხებულად ინახავს ჩოხის უბეში).
ა რ ჩ ი ლ ი: ჩვენს ხელში ხარ, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, სიმართლე გვითხარი!
(ხანგრძლივი პაუზა).
გ ა ბ რ ი ე ლ ი: პირადად ორჯონიკიძისგან მქონდა ქაქუცას მოკვლა დავალებული… გახსოვთ, საზღვარზე “მრავალჟამიერს” რომ ვმღეროდით, მაშინ შემეძლო დავალების შესრულება, მაგრამ გულმა არ გამიშვა… ეგებ იმიტომ, რომ ქაქუცამ სიკვდილს გადამარჩინა. არ ვიცი. იქნებ სიმღერის ბრალიც იყო… რაც თურქეთში გადმოვედით, მთელი გზა მოგვყვება სერგო ორჯონიკიძის რწმუნებული პაშკოვი, ჩოლოყაშვილის მოკვლას მაძალებს. იმ მიზეზით ვუარობ, რომ მეშინია, მეც მომკლავენ-მეთქი! მერე პაშკოვმა ჩემზე ხელი ჩაიქნია და მაფიოზებს მოელაპარაკა ქაქუცას მოკვლაზე.
ქ ა ქ უ ც ა: ვინ არიან მაფიოზები?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მაფია დანაშაულებათა ორგანიზებული კლანია, თავიანთი თავკაციც ეყოლებათ.
ს ა შ ა: კი, ჰყავათ, რაღაც გრძელი სახელი ჰქვია, დონით იწყება!
ქ ა ქ უ ც ა: რა თქვეს მერმე მაფიოზებმა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ორმოცდაათი ათასი დოლარი მოითხოვეს წინასწარ.
ა რ ჩ ი ლ ი: წინასწარ როგორ? რომ არ მოეკლათ?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: პაშკოვიც დაეჭვდა, მაგრამ დაარწმუნეს, მაფიის სიტყვა კანონიაო. ჰოდა, იმანაც მე გამატანა ფული. მე ნახევარი მივიტანე, მეორე ნახევარი კი სანაპირო ბულვარზე დავმალე _ სახლში ხომ მინდოდა წასვლა.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ფული მთლიანად რომ მოგეპარა და გაქცეულიყავი?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: პაშკოვმა მეც მომიჩინა თავისი ხალხი!
ა რ ჩ ი ლ ი: ეგეც კაი გველი ყოფილა, ვეჟო!
ქ ა ქ უ ც ა: მერე რა მოხდა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საშამ გიამბოთ.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თუ საზღვარზე გულმა არ გაგიშვა, ახლა რაღად უწყობდი ხელს ამ მკვლელობას?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: სამშობლოში მინდოდა წასვლა, იქაურობა მომენატრა. შემპირდნენ, გაპატიებთ, თუ ახლა მოგვეხმარებიო. წყნარ ადგილსაც შემპირდნენ.
ქ ა ქ უ ც ა: საზღვარზე რომ ჩემთვის გესროლა, ვერც მაშინ გადარჩებოდი!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: მაშინ უკვე აღარ შემეძლო თქვენი მოკვლა… ყველაფერი ბედისწერაა! ვერსად დაემალები, ბედი მაინც მოგაქცევს თავის საზღვრებში. თუ ადამიანი ამ საზღვრებს გადალახავს, ეს ბედთან ბრძოლას ნიშნავს. ესეც მისი ბედია, მაგრამ გამონაკლისი. გამონაკლისი კი კანონს ადასტურებს და ერთ ასეთ მოდასტურედ მას ქაქუცა აურჩევია!
ს ა შ ა: დაიცა, დაიცა, ეხლა კი დავიბენი!
ქ ა ქ უ ც ა: შენ რა იცი, ჩემს ბედისწერას რომ ვებრძვი?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: მე ყველაფერი ვიცი თქვენზე.
ქ ა ქ უ ც ა: მაინც რა იცი?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ავსტრიის ფრონტზე ყუმბარის ნამსხვრევმა მარჯვენა ფილტვის თავი გაგიგლიჯა, ვერ უნდა გადარჩენილიყავი და მაინც გადარჩი! მერე დაჭრილმა თურქების ალყაში მოქცეული არწივის ბუდე, სარაყამიში შეინარჩუნე, ოქროს ხრმალი გიბოძა იმპერატორმა _ არადა, ვერ უნდა შეგენარჩუნებინა! მესოპოტამიის უდაბნოს რეიდი შეასრულე შენი ესკადრონით და ინგლისელებს შეუერთდი _ ვერც ეს უნდა გაგეკეთებინა! გაქცეულ ნოე ჟორდანიას უნდა გაჰყოლოდი _ არ გაჰყევი! ოჯახისთვის უნდა მოგევლო, შენ კი ტყეში გახვედი და კომუნისტებს ებრძოლე სამი წელიწადი, უნდა დამარცხებულიყავი, დამარცხება კი სიკვდილს ნიშნავდა, მაგრამ ამ კატა-თაგვობანაში სულ შენ გამოდიოდი გამარჯვებული! ბოლოს ცოლ-შვილის დახვრეტით დაგემუქრნენ და სამშობლოს საზღვრებიც გადალახე, _ არ უნდა გადაგელახა! ძალიან მინდა, ეს საზღვრები მეც გადავლახო… მორჩა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აქვს ტატოს ასეთი სტრიქონები _ გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო…
ა რ ჩ ი ლ ი: გაოცებას ვარ…
ქ ა ქ უ ც ა: რატომ, თავადო?
ა რ ჩ ი ლ ი: უცნაურად ილაპარაკა, არ მეგონა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ასეთ კაცს იმ თახსირებთან რა გინდოდა?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: კაცი შემომაკვდა და იძულებული გამხადეს, მათთან მემსახურა…
ა რ ჩ ი ლ ი: მანმადე?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: მანამდე ღვთის მეტყველებას ვსწავლობდი დავით გარეჯის მონასტერში…
(პაუზა).
ქ ა ქ უ ც ა: რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? შენ რას იტყვი, საშა?
ს ა შ ა: მე ვიტყოდი, რო… მოკლედ, აეგრე ვიტყოდი _ სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა! ეს კაცი მტერია ჩვენი!
ა რ ჩ ი ლ ი: მე თუ მკითხავთ, ორმაგად არის დასახვრეტი! ამას იმათთან რა უნდოდა… თუ ვაჟკაცი ხარ, დუელი გავმართოთ და ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლე მაღლა ღმერთმა გადაწყვიტოს.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მოიცა, თავადო! თავისი ბედის საზღვრისკენ მიდის ეს კაცი!.. ესეც არ იყოს, წლევანდელ აჯანყებაში ცოტა ქართველის სისხლი არ დაღვრილა, კიდევ მივამატოთ?
ა რ ჩ ი ლ ი: ამ თახსირებმა ძმა დამიხვრიტეს! საუკეთესო ქართველები გაწყდნენ ამათთან ბრძოლაში, მკვდრებით გაავსეს მთელი ქვეყანა, ჩვენც მოძმეთა მკვლელებად გვაქციეს და ცოცხალი როგორ დავტოვოთ?
ქ ა ქ უ ც ა: იყუჩე, არჩილ! ძმა მეც დავკარგე… შენი ძმაც ჩემი მეგობარი იყო. არც ის, არც ვანიჩკა ყარანგოზიშვილი, არც სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელი არ იყვნენ დაუნდობლები… შურისძიება გალაპარაკებთ და დიდსულოვნება დაგვიწყებიათ, ბატონებო!
ს ა შ ა: კაცოუ, არ უნდა დაიხვრიტოს, როგორც მოღალატე? არ გამაგიჟოთ, ძაან ფილოსოფიურ აზრებს რო გაიძახის, იმიტომ დავინდოთ? ამის დედა რო ვატირე, ამისი!
ქ ა ქ უ ც ა: მორჩი! (პაუზა). შენთვის კი სიცოცხლე მიჩუქნია, გაბრიელ ბერიაშვილო!
ს ა შ ა: კარგი რა, კაცო, სამართალი აღარ არი? ადრე ერთი ბერბიჭაშვილი დავიჭირეთ, ილია ჭავჭავაძე მე მოვკალიო, ყველგან იკვეხნიდა და ისიც ასევე გავუშვით _ რო გავიმარჯვებთ, მაშინ უნდა გაასამართლოს ქართველმა ხალხმაო. ახლა კიდე, ბოდიში მამიხდია ამ სიტყვებზე და, თავის მკვლელს ინდობს!
ქ ა ქ უ ც ა: მოვამთავროთ მეთქი, ეს ლაპარაკი!.. შენ კი, გაბრიელ, ადექი და იმ პაშკოვის სახლისკენ გაგვიძეხი!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აი, ვინ უნდა დაისაჯოს!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: წასვლას აპირებდა რომში.
ქ ა ქ უ ც ა: ვცადოთ, იქნებ ხელში ჩავიგდოთ!
ა რ ჩ ი ლ ი: აბა, გაგვიძეხ! ხო იცი სახლი, ვეჟო?
(ყველანი გადიან).
6
პორტის მიყრუებული მხარე. დგას კისერზე მარჯვენა ხელჩამობმული ყასაბი. წინ და უკან დადიან პედრე და კოჭლი სატანა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა (თავზე შემოირტყამს ხოლმე ხელებს) დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო! გაგვასაღებს! სამივეს ერთად! ეს რა დაგვემართა! ოოხ, დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო!
პ ა დ რ ე: მაშ, ის ჩათლახიც წასულა და მოუყოლია?
ყ ა ს ა ბ ი: ყველაფერი!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: სად გიპოვეს?
ყ ა ს ა ბ ი: ხელი შემიხვია თუ არა ექიმმა, თავზე წამომადგნენ.
პ ა დ რ ე: ვინ და ვინ?
ყ ა ს ა ბ ი: დი მაჯიო, დარდიანი კობრა და ჯოვანი-დანა!
პ ა დ რ ე: მოსაკლავი ვარ, აბა, რა ვარ! საკუთარი ხელით მაქვს გამოსაჭრელი ყელი! საყვარელი მაინც არ იყოს ჩემი!
ყ ა ს ა ბ ი: თვით პადრემ მიბრძანა ყველაფრის მოყოლაო, ასე მიჩურჩულა.
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა მართლა, გვიდო?
პ ა დ რ ე: არა, რას ამბობ, მაგის კახპა… რად მინდოდა, რაში მჭირდებოდა, ქალი დაილია მესინაში? დაილია და პალერმოდან ჩამოვიყვანდი… შენც სულ ტყუილად უთვალთვალებ, ანჯელო, ხომ ხედავ, რაც არის!
ყ ა ს ა ბ ი: არაფერსაც არ ვუთვალთვალებ!
პ ა დ რ ე: მოვა ახლა და…
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა (თავზე შემოირტყამს ხელებს): დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო!
პ ა დ რ ე: რა ვუპასუხოთ, როგორ მოვიქცეთ, აღარ ვიცი. ერთმა ცინგლიანმა ველურმა ცხვირწინ აგვაცალა ამხელა ფული, ფული ჯანდაბას, ყველაფერი ჩვენი პირით გვათქმევინა! არა, ამას დიდი დი მაჯიო არავის არ აპატიებს, არავის!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა (თავში წაიშენს): დი მაჯიო! დი მაჯიო! ოოხ, დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო!
ყ ა ს ა ბ ი: კარგი, მოკეტე! მოკეტე, თორემ ამ ჯავრიან გულზე იმათ მაგიერ შენ გამოგფატრავ! (მარცხენა ხელით ამოიღებს დანას).
პ ა დ რ ე: დანა შეინახე, შე ბატო!
ყ ა ს ა ბ ი (დანას დამალავს): ბატი საგინებელი სულაც არ არის, რომი ბატებმა გადაარჩინეს.
პ ა დ რ ე: მერე ის ბატები შამფურზე ააგეს და შეჭამეს, შე ბრიყვო! (პაუზა).
მოდით, ვილოცოთ! სხვა არაფერი არ გვიშველის! (გვერდი-გვერდ დგებიან და “მამაო ჩვენოს” იწყებენ. ყასაბს რამდენჯერმე შეეშლება და პადრე წაუთაქებს).
ყ ვ ე ლ ა ნ ი:
პატერ ნოსტერ, კვი ეს იმ ცელის.
სანკტიფიციტურ ნომენ ტუუმ;
ადვენიატ რეგნუმ ტუუმ,
ფიატ ვოლუნტას ტუა,
სიკუტ ინ ცელო ეტ ინ ტერრა.
პანემ ნოსტრუმ კოდიტიანუმ და ნობის ჰოდიე,
ეტ დიმიტე ნობის დებიტა ნოსტრა,
სიკუტ ეტ ნოს დიბიტტიმუს დებიტორიბუს ნოსტრის;
ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ,
სედ ლიბრა ნოს ამალო. ამენ. (პირჯვარს იწერენ).
(შემოდის დონ ჯოტო დი მაჯიო, უკან მოჰყვებიან კობრა და პირადი მცველი, ჯოვანი-დანა, რომელსაც მოკეცილი სავარძელი უჭირავს, გვერდი-გვერდ მდგარი მაფიოზების წინ გაშლის და უკანიდან თვითონ დაუდგება).
დ ი მ ა ჯ ი ო: ილოცეთ, ილოცეთ, იდიოტებო, იქნებ ამან მაინც გადაგარჩინოთ! (სავარძელში ჩაჯდება, პადრე დაიხრება, ხელზე უპირებს მთხვევას. დი მაჯიო მუშტს ამოარტყამს მუცელში). ისევ იქ დადექი! (მუცელზე ხელებმოჭერილი პადრე თავის ადგილზე დგება). რა ვქნა ახლა, ისევ ეკლესიაში ხომ არ დაგაბრუნო, საუკეთესო გეგმების შემდგენი ვარო, რომ გაიძახი? იქნებ _ ისევ მეზღვაურად გამეშვი, ყასაბო, თუ კიდევ მიგიღებენ მაგ ხელით! ან შენ, _ კოჭლო სატანა, ისევ ხომ არ იჯიბგირებდი მატარებელში? წამოგიყვანეთ, კაცებად გაქციეთ და ასე დამიფასეთ, არა? ჯერ ერთი, ის ქუდები რა უყავით? კავკასიელი ჯიგიტების ქუდები?
პ ა დ რ ე: აგერ გვაქვს! (ჯოვანი-დანას გარდა ბოხოხებს იხურავენ).
დ ი მ ა ჯ ი ო: ასე ასრულებთ არა ჩემს მითითებებს?! ოხ, თქვენი დედა, აქვე უნდა გამესაღებინეთ სამივენი, ამ გულს რა ვუყო, თორემ… (ადგება, გარშემო უვლის მაფიოზებს, რომლებიც მის მხარეს შებრუნდებიან ხოლმე). როგორ გაჯობათ იმ ერთმა ველურმა? ჰა? მაგრები ყოფილან!
ყ ა ს ა ბ ი: კარგად მუშაობენ თურმე კომუნისტები, სენიორ!
დ ი მ ა ჯ ი ო: ხმა ჩაიკმინდე!.. მაგნაირი ხალხი რომ მყავდეს, აქამდე ხელში მეჭირებოდა მთელი სიცილია! (ყასაბს). შე იდიოტო, თავი როგორ დააჭრევინე, რა გულჩვილობა მოგეძალა? არადა, ფრანჩესკოლის საქმე ისე კარგად მოაკვარახჭინე, დაწინაურებას გიპირებდი!
ყ ა ს ა ბ ი: ვინც დამჭრა, იმას ვურტყამდი! აბა, რა მექნა, ბიძაჩემმა მითხრა, ცოცხლად გვჭირდებაო! იმ დროს ის ულვაშიანიც დაგვადგა თავზე!
დ ი მ ა ჯ ი ო: დარაჯი არ გეყენათ?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: მე ვიყავი, სენიორ, მაგრამ იმ პირველს კეტი ჩავარტყი, იარაღით დაადგა…
დ ი მ ა ჯ ი ო: ვიცი, ვიცი!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: საშიში ხალხი ჩანს, ეგენი უკან არაფერზე დაიხევენ!
დ ი მ ა ჯ ი ო: აბა, მე დავიხიო უკან?
პ ა დ რ ე: მაგათ პირი გატეხეს, სენიორ!
დ ი მ ა ჯ ი ო: მაინც უნდა გეჯობნათ! თავი სადღა გამოვყო, ვიღაც გადამთიელებმა ცხვირწინ დადებული ორმოცდაათი ამწაპნეს მეთქი! როგორ გგონიათ, კორლეონე ჩვენთან დაიჭერს საქმეს? ოოხ! მოიტა, ჯოვანი იარაღი, ბარემ დავცხრილავ სამივეს და მეც დავისვენებ და ესენიც! (ჯოვანი-დანა იარაღს გაუწვდის). თუმცა მოიცა! შეინახე! (ჯოვანი-დანა იარაღს ინახავს). რომელი გემით მოვიდნენ?
პ ა დ რ ე: “პოსეიდონით”.
დ ი მ ა ჯ ი ო: ეგ რომელია?
ყ ა ს ა ბ ი: სტამბოლი-მარსელი, სენიორ, ბერძნული გემი, შესაკეთებლად დგას…
დ ი მ ა ჯ ი ო: დიდხანს იდგება?
ყ ა ს ა ბ ი: ორი-სამი დღე კიდევ უნდა, სამანქანო განყოფილება ჰქონიათ დაზიანებული.
დ ი მ ა ჯ ი ო: ნამდვილად იცი?
ყ ა ს ა ბ ი: ჩემი მეგობარი მუშაობს შეკეთებაზე.
დ ი მ ა ჯ ი ო: დრო კიდევ გვქონია! ძალიან კარგი! ახლა მითხარით, იმ რუსი კომუნისტის სახლი რომელმა იცის, ვინ მივაგზავნე ამ საქმეზე?
ყ ა ს ა ბ ი: მე ვიყავი.
დ ი მ ა ჯ ი ო: თვითონ იმას რომ მოეტანა ფული, ხელში გვეყოლებოდა…
ყ ა ს ა ბ ი: იმ ველურმა, რომში უნდა წასულიყოო, _ ასე თქვა.
დ ი მ ა ჯ ი ო: მერედა ვერ შეამოწმე? შეცდომას შეცდომაზე უშვებ და იცოდე, მესამედ აღარ გაპატიებ!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ჯერ გამოუცდელია, კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს!
დ ი მ ა ჯ ი ო: ჰო, ჰო, ხელი დააფარეთ და რა ბაიყუშიც გამოგივათ, მაგასაც ვნახავთ! აბა, ყასაბო, იმ რუსი ღორის სახლისკენ გაგვიძეხი! ხომ იცი მისამართი?
ყ ა ს ა ბ ი: ვია რეჯო, ნომერი ოთხი!
დ ი მ ა ჯ ი ო: მაგის ჯავრს მაინც ვიყრი და სამ იმდენს წავართმევ! (გადიან).
7
ვია რეჯო. სახლი, რომელსაც ნომერი ოთხი აწერია. შემოდიან ემიგრანტები.
ქ ა ქ უ ც ა (იარაღს მოიმარჯვებს): ალყა შემოარტყით! (სახლის გარშემო დგებიან საშა, არჩილი და კახაბერი). შენ კი, გაბრიელ, შიგნით შემიძეხ! (ქაქუცა და გაბრიელი შედიან სახლში. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამოდიან).
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ხომ ვთქვი, რომში აპირებდა წასვლას.
ს ა შ ა: გაქცეულა არა, მაგის დედა რო ავატირე?!
ქ ა ქ უ ც ა: გაქცეულა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თუ ამ უბედურის მოკვლის ბრძანება არ მიუღია, მესინაში აღარ იქნება!
ა რ ჩ ი ლ ი: კომუნისტებს რაში აწყობთ გაბრიელის მოკვლა?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: დავალება არ შეასრულა და როგორ გგონიათ, თავზე გადაუსვამენ ხელს?
ს ა შ ა: აბა, წყნარ ადგილს მპირდება სერგო ორჯონიკიძეო?
ა რ ჩ ი ლ ი: განა არ იცით, რომ ყველაზე წყნარი ადგილი სასაფლაოა?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა თქმა უნდა, ეს სატყუარაა. წყნარი ადგილი კი არა, ჩასვლისთანავე ადრინდელ მკვლელობასაც გაუხსენებდნენ და დახვრეტდნენ!
ს ა შ ა: ერთი მეც მითხარი, ვინ შემოგაკვდა, გაბრიელ?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: კომისარი!
ს ა შ ა: ვახ! მაგათი კაცი? ბოდიში მამითხოვია შენთან და, რაზე?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: დავით გარეჯში მარიამ ღვთისმშობლის მოოქროვილ, თვალ-მარგალიტით შემკულ ხატს იპარავდა!
ს ა შ ა: კაი გიქნია, მე და ჩემმა ღმერთმა! ქვა ჩაარტყი?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: არა, თავისივე რევოლვერი დავახალე!
ა რ ჩ ი ლ ი (შეაჩერებს): მოიცათ, ვიღაც მოდის!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ბევრნი არიან!
ქ ა ქ უ ც ა: ბატონებო, თუ პოლიციაა, მაგათთან შეტაკება ხელს არ გვაძლევს!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ჩუმად უნდა გავეცალოთ, იარაღი რომ არ გვიპოვონ!
ა რ ჩ ი ლ ი: ალბათ იმ პაშკოვს უთვალთვალებენ!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ამ სახლს მეორე მხრიდან აქვს გასასვლელი!
ქ ა ქ უ ც ა: სახლში შევიდეთ! (იმალებიან).
დ ი მ ა ჯ ი ო: მაშ, ასე… წინა სახლი ორი ნომერი იყო, ეს ოთხი იქნება!
პ ა დ რ ე: დიახ, ესაა.
ყ ა ს ა ბ ი: აი, აქ მომიყვანა მიქელე ფერარიმ.
დ ი მ ა ჯ ი ო: შედი ყასაბო და ის რუსი ღორი გარეთ გამომითრიე, თუ დაგხვდა. ჩვენ კი გარეთ ჩავუდარაჯდებით, რომ არ გაიპაროს. ხომ არ გეშინია?!
ყ ა ს ა ბ ი: არა, რას ბრძანებთ, სენიორ! (შედის სახლში, საიდანაც მოისმის რაღაც ხმაური და მალე გამოდის ხელებაწეული ყასაბი, უკან ქართველი ემიგრანტები მოჰყვებიან, ყველას იარაღი აქვს მომარჯვებული).
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: კავკასიელი ჯიგიტები!
კ ო ბ რ ა: ისინი არიან.
პ ა დ რ ე: ვიფრთხილოთ! (წინ აეფარება დი მაჯიოს, მასვე მობაძავენ კოჭლი სატანა და ჯოვანი-დანა).
დ ი მ ა ჯ ი ო: ჩვენ ნუ დავიწყებთ სროლას!
პ ა დ რ ე: გასაგებია!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა (ჩურჩულით) ვენდეტა მაგათაც სცოდნიათ!
დ ი მ ა ჯ ი ო: წყნარად! ახლა ჩვენ დიპლომატიურ სვლას გავაკეთებთ!
პ ა დ რ ე: როგორ, სენიორ?
დ ი მ ა ჯ ი ო: ის ქუდები დაიხურეთ! (მაფიოზები ბოხოხებს იხურავენ).
ა რ ჩ ი ლ ი: ჩვენი ქუდები!
ს ა შ ა: ვესროლო, თავადო?
ქ ა ქ უ ც ა: უჩემოდ არ ისროლოს არავინ!
ს ა შ ა: სწორედ ესენი გიპირებდნენ მოკვლას! ასე არაა, გაბრიელ?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: კი, ისინი არიან! უკან რომ დაგვიმალეს, მაგათი მეთაურია!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: დონ ჯოტო, აი, ამ ულვაშიანმა წაგვართვა ფული! იმ უიარაღომ კი მანმადე მოგვიტანა!
დ ი მ ა ჯ ი ო: შენ მოკეტე! შენ კი უთარგმნე, კობრა! საღამო მშვიდობისა, სენიორებო!
კ ო ბ რ ა: საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ქალაქის მაფიას შეფი გესალმებათ!
ს ა შ ა: აეგ ის მოლდაველი ბოშაა…
ქ ა ქ უ ც ა: უთარგმნე, კახაბერ! გაგიმარჯოთ, ჩემო ბატონო!
(კახაბერი თარგმნის).
დ ი მ ა ჯ ი ო (წინ აფარებულ მაფიოზებს გასწევს ხელებით): სენიორებო, იმედი მაქვს, აქ სროლა არ დაიწყება! ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი!
(კობრა თარგმნის).
ქ ა ქ უ ც ა: მეც ასე მგონია, ბატონო!
დ ი მ ა ჯ ი ო: თქვენში გრაფი რომელია, სენიორებო?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აქ სამი გრაფი ვართ, თქვენ რომელი გნებავთ?
დ ი მ ა ჯ ი ო: თქვენი ხელმძღვანელი.
ქ ა ქ უ ც ა: მე გახლავართ, ბატონო!
დ ი მ ა ჯ ი ო: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!
ქ ა ქ უ ც ა: ჩემთვისაც!
დ ი მ ა ჯ ი ო: გთხოვთ, ერთდროულად შევინახოთ იარაღი! პოლიცია რომ გამოჩნდეს, უსიამოვნებაში გავეხვევით!
ქ ა ქ უ ც ა: სიამოვნებით!
(ორივე მხარე ინახავს იარაღს. ყასაბი ხელებს დაუშვებს და თავისიანებისაკენ აპირებს გაქცევას).
დ ი მ ა ჯ ი ო: შენ ჯერ მანდ იდექი, ბრიყვო! (ყასაბი კვლავ ხელებს ასწევს). გრაფო, ეგებ ეს ყმაწვილი გამოგეშვათ ჩვენსკენ, შიშისაგან გული კოჭებში გაეპარა ალბათ!
ქ ა ქ უ ც ა: წაბრძანდით, ბატონო.
(ყასაბი კვლავ ხელებაწეული დგას).
დ ი მ ა ჯ ი ო: დაყრუვდა ეს შობელძაღლი?!
პ ა დ რ ე: წამოდი, ბიჭო!
ყ ა ს ა ბ ი (მაფიოზებისკენ გადადის, პადრეს ამოეფარება): გადავრჩი, ბიძავ!
პ ა დ რ ე: მოკეტე!
დ ი მ ა ჯ ი ო: გმადლობთ ნდობისათვის, გრაფ!
ქ ა ქ უ ც ა: არაფერს, ბატონო!
დ ი მ ა ჯ ი ო: მეც ნდობით გიპასუხებთ! მინდა მოგელაპარაკოთ, სენიორ, ოღონდ სანაპირო ბულვარზე გავიდეთ, იქ ბევრი მიყრუებული ადგილია!
ქ ა ქ უ ც ა: გავიდეთ, ბატონო!
(ცალ-ცალკე – ორ ჯგუფად, ერთმანეთის თვალთვალით გადიან ბულვარის მხარეს).
დ ი მ ა ჯ ი ო: რაკი მოვშორდით იმ საშიშ უბანს, თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქალაქში!
ქ ა ქ უ ც ა: გმადლობთ.
დ ი მ ა ჯ ი ო: აი, კობრა, სენიორა პასკუალამ მიამბო თქვენს ზნე-ჩვეულებებზე და გამოგიტყდებით ძალზე დიდი სიმპათიით განვიმსჭვალე! ქუდებიც კი შევიძინეთ… (პაუზა). არც იმას დაგიმალავთ, რომ ის კომუნისტი ორმოცდაათი ათასს გვაძლევდა თქვენს მოკვლაში. რა ვიცოდი, რომ ისინი თქვენისთანა ღირსეული კაცის სიკვდილს მოითხოვდნენ და კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინეთ! ღმერთმა დაგვიფარა, გრაფ! (პირჯვარს იწერს). ისე თქვენ ქრისტიანები ხართ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: დიახ, გახლავართ!
დ ი მ ა ჯ ი ო: საიამოვნოა!.. ახლა ჩვენ იმ საგანგებო რწმუნებულის სანახავად მოვედით, ალბათ თქვენც ეს მიზანი გამოძრავებდათ… მერწმუნეთ, სულაც არ მინდა თქვენი სისხლი დავღვარო, მით უმეტეს დღეს. მაქვს ამის საფუძველი და არ ვისურვებდი, რაიმე ექსცესი მომხდარიყო ჩვენს შორის.
ქ ა ქ უ ც ა: მოხარული ვიქნები, ბატონო, თუ მშვიდობიანად დავშორდებით ერთმანეთს!
დ ი მ ა ჯ ი ო: ბოლოს და ბოლოს სამართლიანობამ იზეიმა _ თქვენი მოსაკლავი ფული ახლა თქვენს ხელშია! ჩვენ ამ საქმიდან ხელი დაგვიბანია! მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ იმ… (გინება მოადგება ენაზე, თავს იკავებს) იმ… პაშკოვს ვერ გავუსწორე ანგარიში!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თქვენ ალბათ არც რომში გაგიჭირდებათ მისი მოძებნა!
დ ი მ ა ჯ ი ო (ღიმილით): ვეცდებით, სენიორ!
ქ ა ქ უ ც ა: მაშ, მშვიდობით, ბატონებო!
დ ი მ ა ჯ ი ო: ერთი წუთით მოიცადეთ, გრაფ!
ქ ა ქ უ ც ა: გისმენთ, ბატონო!
დ ი მ ა ჯ ი ო: ამ ქალაქს ჩემი ხალხი აკონტროლებს და სანამ აქ იმყოფებით, უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ.
ქ ა ქ უ ც ა: კვლავ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენ არავის დაცვას არ ვსაჭიროებთ!
დ ი მ ა ჯ ი ო: კეთილი, კეთილი… და კიდევ ერთი საჩოთირო საკითხი.
ქ ა ქ უ ც ა: ბრძანეთ.
დ ი მ ა ჯ ი ო: მაგ ფულის დაკარგვით ჩვენი პრესტიჟი გარკვეულწილად შელახულია და ეს ახლავე უნდა გამოსწორდეს! გთხოვთ, თქვენიანები ნუ იხმარენ იარაღს!
ქ ა ქ უ ც ა: რას აპირებთ, ხომ ვერ ამიხსნით?
დ ი მ ა ჯ ი ო: ვის ევალა იმ კომუნისტის საქმე?
ყ ა ს ა ბ ი: მე, სენიორ!
დ ი მ ა ჯ ი ო: მაშ, მკვდრის ლოცვა თქვი!
(ყასაბი ელდისაგან გაქვავდება).
პ ა დ რ ე: შეიბრალეთ, სენიორ!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ნუ მოკლავთ, ჯერ გამოუცდელია!
ქ ა ქ უ ც ა: მომისმინეთ, ბატონო…
(დი მაჯიო სწრაფად ამოიღებს რევოლვერს და ყასაბს რამდენიმე ტყვიას დაახლის მუცელში, რომელიც ძირს დაეცემა და იკრუნჩხება).
პ ა დ რ ე (მივარდება): ანჯელო! ანჯელო! (ყასაბი კვდება).
დ ი მ ა ჯ ი ო (იარაღს შეინახავს): სამწუხაროა, მაგრამ რას იზამთ, ასეთია ჩვენი მკაცრი კანონი! მშვიდობით, გრაფ! (თავისიანებს). ეს წამოიღეთ! (გადის. ჯოვანი-დანა და კოჭლი სატანა აიღებენ ყასაბის გვამს და მიყვებიან. გადიან კობრა და პადრეც).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ესეც მაფია, ცნობილი სიცილიური მაფია!
ქ ა ქ უ ც ა: თავზე ხელაღებული ხალხი ყოფილა!
ა რ ჩ ი ლ ი (ირიბად გახედავს გაბრიელს): ხედავთ, როგორ დახვრიტა დამნაშავე?
ს ა შ ა: ჩვენ კი ამ ჩეკისტს თავზე ხელს ვუსვამთ! ავიღოთ და მივაძაღლოთ, აქ ამის დედა ვატირე, სტამბოლში კიდე კოტე გვარჯალაძისა! (იარაღს წაეტანება).
ქ ა ქ უ ც ა: რევოლვერს მოეშვი!.. ვინც ამ კაცს ხელს დააკარებს, პირადად ჩემთან ექნება საქმე! და საერთოდ, შეწყდეს ამაზე ლაპარაკი მეთქი, უკვე გითხარით! (პაუზა). ამ ჩემი მოსაკლავი ფულით კი რესტორანში გეპატიჟებით, ბატონებო!
ს ა შ ა (გაბრიელზე უთითებს): ამასაც, თავადო?
ქ ა ქ უ ც ა: ამასაც!
ა რ ჩ ი ლ ი: ანდრონიკაშვილი ჩოლოყაშვილს რაში ჩამორჩენია, მხოლოდ ნიკოლოზის ჟამს ერთი ჩინით გამასწარი!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ახლაც ერთი ჩინით გაგასწროთ, თავადო!
ა რ ჩ ი ლ ი: როგორ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თავისი მკვლელი დაინდო!
ქ ა ქ უ ც ა (უკმაყოფილოდ): გვეყო ამაზე ლაპარაკი!
ა რ ჩ ი ლ ი: მაშ, წავიდეთ, ერთი ჩვენებურად წავიქეიფოთ!
ს ა შ ა: წავიდეთ, კაცო, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი! (კმაყოფილი ულვაშებს იგრეხს).
ქ ა ქ უ ც ა: მაშინ, აქეთ მობრძანდით, ბატონებო!
ა რ ჩ ი ლ ი: თავადო, მატნის მამულებში ხომ არ გგონიათ თავი, მაქეთ საით გვეპატიჟებით?
ქ ა ქ უ ც ა: ოტელი შევნიშნე იმ მოედანზე!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: სწორი ბრძანებაა.
ს ა შ ა: მერედა ოტელი რა ბედენაა?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ყოველ ოტელს რესტორანიც აქვს! წამობრძანდით, ბატონებო! (ჯოხის კაკუნით გაუძღვება ყველას).
მესამე მოქმედება
8
სანაპირო ბულვარი. შემოდის დი მაჯიო. მოჰყვებიან ჯოვანი-დანა და კოჭლი სატანა, მოაქვთ ყასაბის გვამი. მათ მოჰყვებიან კობრა და პადრე.
დ ი მ ა ჯ ი ო: აქ დაასვენეთ! (დაასვენებენ. პაუზა. აქვითინდება). ქუდები მოიხადეთ, სენიორებო, ჩვენ უდიდესი ადამიანი დავკარგეთ!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა (დაბნეული მოიხდის ბოხოხს): უდიდესი?
დ ი მ ა ჯ ი ო: დიახ, რამ გაგაკვირვათ? ჩვენ დღეს უდიდესი ადამიანი დავკარგეთ! უფრო მეტიც, ჩვენ მესინის მაფიის სულსა და გულს ვეთხოვებით! უფრო სწორად, მსხვერპლად შევწირეთ, მაგრამ მოგეხსენებათ, უმსხვერპლოდ ჩვენი საქმე ვერ იარსებებს! ჩვენი საქმე კი მარადიულია! ასე არაა, პადრე?
პ ა დ რ ე: ჩვენ ყველანი აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია მუდამ იქნება!
დ ი მ ა ჯ ი ო: სწორი ბრძანებაა! (პადრეს). მაფია მარადიულია და ამ საქმეზე დამდგარი კაცი სიცოცხლით თუ სიკვდილით მაფიას დიად საქმეს უნდა ემსახუროს, მისთვის უნდა გაიღოს უკანასკნელი ამოსუნთქვაც კი… ასე არაა, პადრე?
პ ა დ რ ე: ასეა.
დ ი მ ა ჯ ი ო: ეჰ, ჩემო პადრე, დავკარგეთ საუკეთესო გამფორმებელი… გახსოვთ ალბათ, რა დიდებულად გააფორმა მამა-შვილი ფრანჩესკოლები _ ეს ნამდვილი ხელოვნება იყო! და დიდი ხნის განმავლობაში ასეთ კაცს ვეღარ ვიპოვით… აი, რა დიდია ჩვენი მწუხარება! ასე არაა, პადრე?
პ ა დ რ ე: ასეა.
დ ი მ ა ჯ ი ო: ჰოდა, ნუ დაამადლი, მიცვალებულის ლოცვა უთხარი!
პ ა დ რ ე:
რეკვიემი ეტერნამ დონა ეი,
დომინე,
ეტ ლიუკს პერპეტუა ლუცეატ ეი.
ამენ!
ყ ვ ე ლ ა ნ ი: ამენ! (პირჯვარს იწერენ).
დ ი მ ა ჯ ი ო: სენიორებო, თქვენ რას იტყვით, ერთი “ავე მარიაც” ხომ არ შევაწიოთ?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: სწორი ბრძანებაა!
დ ი მ ა ჯ ი ო: აბა, მიდი, გვიდო!
პ ა დ რ ე:
ავე მარია, გრაცია პლენა, დომინუს ტეკუმ
ბენედიკტა ტუ ინ მულიე რიბუს,
ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს……(პაუზა).
ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს… (პაუზა).
ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს… ფრუკტუს… ფრუკტუს…
კ ო ბ რ ა: ვეღარ იგონებს!
დ ი მ ა ჯ ი ო: არა უშავს! ამენ! (პირჯვარს იწერს).
ყ ვ ე ლ ა ნ ი: ამენ!
დ ი მ ა ჯ ი ო: გსმენიათ, როდისმე პადრეს ლოცვა დავიწყებოდა?!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: არა, სენიორ!
დ ი მ ა ჯ ი ო: ისე დიდია ჩვენი მწუხარება, ლოცვაც კი გვავიწყდება! (პაუზა. სიგარას ამოიღებს, თავს მოაკვნეტს. ჯოვანი-დანა მოუკიდებს, ჩაფიქრებული ეწევა). ისე შენც ძალიან ნუ იდარდებ, გვიდო!
პ ა დ რ ე: რატომ, სენიორ: ძმისწული იყო ჩემი!
დ ი მ ა ჯ ი ო: მართალია!.. (პაუზა). გარდაცვლილზე მხოლოდ კარგს ამბობენ ან სულ არაფერს, მაგრამ ძალიან ცუდად ეარშიყებოდა ამ ჩვენს პასკუალას! ხოლო პასკუალა ვის ეკუთვნის, მთელმა მესინამ კარგად უწყის!
პ ა დ რ ე: ვფიქრობდი, გამოუცდელობით მოსდიოდა!
დ ი მ ა ჯ ი ო: ძალიან ბევრი რამ დააშავა თავისი გამოუცდელობით! (პაუზა). ოცდაათი ყუთიდან თითო-თითო პარკი მოუპრია, მაგის ბინაში აღმოვაჩინეთ! წარმოგიდგენია, თვით კორლეონესთან გვარცხვენდა!
პ ა დ რ ე: ო, ეს მეტისმეტია!
დ ი მ ა ჯ ი ო: ერთი პარკი ვერ ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, შენ გექნება, პასკუალა!
კ ო ბ რ ა: დიახ, მე მომცა!
დ ი მ ა ჯ ი ო: იმედი მაქვს, შენ არ ურევიხარ ამ ქურდობაში!
კ ო ბ რ ა: მაგას როგორ გავბედავდი!
დ ი მ ა ჯ ი ო: გამიგე, გვიდო? აი, როგორ კაცთან გვქონდა საქმე! შეიძლებოდა მაგისი ნდობა?
პ ა დ რ ე: სამწუხაროა. ჩემი რეკომენდაციით მივიღეთ და რა უბრალოდ წააგო თავი!
(პაუზა).
დ ი მ ა ჯ ი ო: არც იმ კავკასიელ ველურებს შერჩებათ დღევანდელი თავხედობა და არც ის ფული! ბერძნების გემი რამდენიმე დღე კიდევ იდგება პორტში. უფასოდ გავაკეთებ კომუნისტების საქმეს! ეს ვინ ყოფილან, მაგათი დედა, სადაც დაჭირდებათ, პირს იქ გატეხენ! ეგ არაფერი! სალუტ!
ყ ვ ე ლ ა ნ ი: სალუტ!
დ ი მ ა ჯ ი ო: ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია მაინც იქნება!
ყ ვ ე ლ ა ნ ი: მაფია უკვდავია.
დ ი მ ა ჯ ი ო: ახლა ყურადღებით მისმინეთ! ამაღამ ვამთავრებთ ოპერაცია “პარიზს!” იმ ველურებს კი ხვალიდან მოვუვლით! (პაუზა). ეჰ, მაინც მებრალება ეს უბედური! ეჰ, ანჯელო, ახლა ბოლო სამსახური უნდა გაგვიწიო… ჯოვანი-დანა, აქ მოდი!
ჯ ო ვ ა ნ ი-დ ა ნ ა: გისმენთ, დონ ჯოტო!
დ ი მ ა ჯ ი ო: ამის მაგიერ დღეიდან შენ ხარ გამფორმებელი… დანა აიღე და ხელები დააჭერი. თქვენ კი ოტელ “პარიზის” მახლობლად დადებთ, გულზე დააწყობთ მოჭრილ ხელებს, შემდეგ კი რესტორანში დაჯდებით და კონტროლს გაუწევთ მოვლენათა მსვლელობას! პადრე გიხელმძღვანელებთ! ის სურათები ჩამოახსნევინეთ ანრიეტა სარდუს! არავითარი შემოქმედებითი მიდგომა! გასაგებია?
პ ა დ რ ე: გასაგებია!
დ ი მ ა ჯ ი ო: ახლა კი წავედი! თორმეტ საათამდე, სენიორებო! (გასაშლელ სავარძელს თვითონ დაკეცავს, დაიჭერს). დღეიდან ამას სხვა ატარებს! (გადის).
ჯ ო ვ ა ნ ი-დ ა ნ ა (დანას მოიმარჯვებს და გვამისკენ წავა): საქმეს მივხედავ!
პ ა დ რ ე: მოიცა, ჯოვანი!
ჯ ო ვ ა ნ ი-დ ა ნ ა: რა მოხდა, სენიორ?
პ ა დ რ ე: თუ კაცი ხარ, მე მაინც ნუღარ მაყურებინებ! ჩემი ძმისწული იყო!
ჯ ო ვ ა ნ ი-დ ა ნ ა: აბა, რა ვქნათ?
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: სხვაგან წაიღეთ და იქ მიხედე! (ასწევენ გვამს, გააქვთ).
პ ა დ რ ე (დააწევს): რესტორანში დაგვიცადეთ, ლუკა! მალე მოვალთ მე და პასკუალა!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: არ იდარდო, ყველაფერი ო, კეი იქნება!
(პაუზა. პადრე ჩამოჯდება, თავს ჩაღუნავს. კობრა თავზე ხელს გადაუსვამს).
კ ო ბ რ ა: კარგი, გეყოფა, გვიდო. ასწიე თავი… მიიღე საკუთარ ბანაკს ჩამორჩენილი საბრალო ბოშა!
პ ა დ რ ე: შენი ოპიუმის გულისათვის ანჯელო მომიკლა იმ გველმა!
კ ო ბ რ ა: მერე მასთან რამ შეგანახინა?
პ ა დ რ ე: ვიცოდი, ჩემთან მოვიდოდნენ და დროებით იმ უბედურთან მივიტანე! თვითონაც არ იცოდა!
კ ო ბ რ ა: რას იზამ, ბოლოს ყველა იქ წავალთ, სადაც ახლა ანჯელოა.
პ ა დ რ ე: ყველა წავალთ, მაგრამ ჩვენზე ბევრად ადრე ის ქვემძრომი წავა! აბა, წადი და ესეც ჩაახარე!
კ ო ბ რ ა: რომ არ მეთქვა, უარესი იქნებოდა!
პ ა დ რ ე: ანჯელოს მოკვლას მაინც არავის ვაპატიებ, არავის! (ადგება). წავიდეთ!
9
მოჩანს მოციმციმე ელექტრორეკლამა _ HOთEL “PAღIშ”. შესასვლელში დგანან ლურჯფორმიანი ფრფანსუა და ანრიეტა სარდუ. შიგნით, რესტორანში, რომლის ერთ კედელზეც შავჩარჩოიანი ორი სურათი ჰკიდია _ მამაკაცის და ბიჭის, _ დგას მაგიდები. ერთ მხარეს პატარა სცენაა მოწყობილი, სადაც კორდებალეტის მოცეკვავენი გამოდიან. იქვეა ორკესტრი, უკრავენ იმდროინდელ მელოდიებს: “ფოქსტროტს”, “ჩარლსტონს”, “ბოსტონს”, “ტანგოს” და სხვა.
ა ნ რ ი ე ტ ა (ნერვიულად): ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!
ფ რ ა ნ ს უ ა: როგორც დაგპირდა, სწორედ ისეა მოკლული… საშინელი კაცია, საშინელი, მადამ!
ა ნ რ ი ე ტ ა: რას ამბობენ, ვინ არისო?
ფ რ ა ნ ს უ ა: ყასაბს ეძახდნენ, თვით პადრეს ძმის შვილიაო.
ა ნ რ ი ე ტ ა: პადრე ვინაა?
ფ რ ა ნ ს უ ა: მეორე კაცია დი მაჯიოს შემდეგ!
ა ნ რ ი ე ტ ა: ახლა ეგენი ერთმანეთს დაერევიან!
ფ რ ა ნ ს უ ა: არა მგონია! ამბობენ, ბიძამისმა მოკლა, საყვარელს ართმევდაო.
ა ნ რ ი ე ტ ა: ვინაა მისი საყვარელი?
ფ რ ა ნ ს უ ა: ერთი ბოშა ქალია, პასკუალა. კობრასაც ეძახიან.
ა ნ რ ი ე ტ ა: ნუთუ მართლა ამ ყასაბმა მოკლა ჩემი ქმარ-შვილიც?
ფ რ ა ნ ს უ ა: ალბათ ასეა, შვილო!
ა ნ რ ი ე ტ ა: მე შენი შვილი არა ვარ-მეთქი!
ფ რ ა ნ ს უ ა: მაგრამ შვილივით გამიზრდიხარ.
ა ნ რ ი ე ტ ა: აგერ კუბოც მოიტანეს. ახლა წაიღებენ… ო, ღმერთო, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
ფ რ ა ნ ს უ ა: ნუ გეშინია, დედაშენის ცხონებას, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ!
ა ნ რ ი ე ტ ა: ნეტავი შენ რაღა შეგიძლია! აქ დაჯექი და საქმეს მიხედე! (შედის რესტორანში).
(ფრანსუა შეაჩერებს შემოსულ ქართველებს და რაღაცას ამბობს გაურკვევლად).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა ბრძანეთ?
ფ რ ა ნ ს უ ა: ასე შეიარაღებულებს ვერ შეგიშვებთ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: სად გვაქვს იარაღი?
ფ რ ა ნ ს უ ა: აბა, კაბებზე ეს რა ხანჯლები გკიდიათ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ხანჯლები ეროვნული კოსტიუმის ატრიბუტია!
ა რ ჩ ი ლ ი: გვერწმუნეთ, აქ არავინ გვყავს მოსაკლავი! (ფულს უდებს ჯიბეში).
ფ რ ა ნ ს უ ა: მაშ იარაღი რატომ გაქვთ? (ფულს უკან უბრუნებს არჩილს).
ა რ ჩ ი ლ ი: ამ ხანჯლებით ნახევარი ქვეყანა გამოვიარეთ და თქვენი რესტორანი რა გახდა ასეთი?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: დაწყნარდით, არჩილ, მოლაპარაკება სჯობია.
ქ ა ქ უ ც ა: შეგვიშვი ძმობილო, არაფერს დავაშავებთ!
ფ რ ა ნ ს უ ა: ერთი ხანჯალი რომ მოგეცათ, კიდევ შეიძლებოდა თვალების დახუჭვა!
ა რ ჩ ი ლ ი: ერთი შეხედეთ, აქეთაც ჰყოლიათ მექრთამეები! (საყელოში ჩასჭიდებს ხელებს, ზემოთ ასწევს). ახლა ავდგები და აქედან პირდაპირ ზღვაში გისვრი, შე ლოკოკინავ!
ფ რ ა ნ ს უ ა (აყვირდება): თავი დამანებეთ! მიშველეთ! მიშველეთ!
(რესტორნიდან გამოდიან ოფიციანტები, წინ მოუძღვით ანრიეტა სარდუ).
ა ნ რ ი ე ტ ა (მკაცრად): რა ამბავია, ფრანსუა?
ფ რ ა ნ ს უ ა: დამსვას და ვიტყვი! (არჩილი დასვამს) ამ… ამ ხანჯლებიან გადამთიელებს რესტორანში ნებავთ შემოსვლა, მადამ! უფლებას არ ვაძლევ და მაპატიეთ გამოთქმაზე, ზღვაში გისვრითო, მემუქრებიან! თითქოს დი მაჯიოს ხალხი იყოს!
ა ნ რ ი ე ტ ა (შეათვალიერებს ემიგრანტებს. კახაბერს გაუღიმებს): კახაბერ ამილახვარს ვხედავ თუ მეჩვენება?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თქვენ არ შემცდარხართ, მადამ ანრიეტა სარდუ! (ხელზე ეამბორება).
ა ნ რ ი ე ტ ა: აქეთ რომელმა ქარმა გადმოგაგდოთ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: წითელმა ქარმა!
ა ნ რ ი ე ტ ა: ხუმრობთ, მუსიე?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ო, ეს გრძელი ამბავია, მაგრამ თუკი ინებებთ, ახლავე გიამბობთ!
ა ნ რ ი ე ტ ა: ესენიც თქვენთან არიან?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: დიახ, მადამ.
ა ნ რ ი ე ტ ა: შემობრძანდით, მუსიე! (შედიან რესტორანში, სხდებიან. მადამ სარდუ ოფიციანტს უხმობს, კახაბერი მენიუდან ამოარჩევს კერძებს. ოფიციანტი სუფრას შლის. იცვლება მელოდია. საუბრობენ).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: დიახ, წითელმა ქარმა!
ა ნ რ ი ე ტ ა: კომუნისტებს გულისხმობთ, ხომ? მაგათზე ბევრს წერენ აქაური გაზეთები.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: იმას მოგახსენებდით, ეს მეორე აჯანყებაც მარცხით დასრულდა, ვერ გავაძევეთ რუსის ჯარი საქართველოდან… ახლა პარიზში მივდივართ, იქ ჩვენი მთავრობაა გაქცეული. იქნებ გვიშველონ…
ა ნ რ ი ე ტ ა: თქვენიანებს რა მოუვიდათ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თავადებს ხვრეტენ, იმათ ცოლ-შვილს კი აპატიმრებენ…
ა ნ რ ი ე ტ ა: როგორ, პატარა ბავშვებსაც?
ა რ ჩ ი ლ ი: აი, ჩვენი მეთაურის ხუთი წლის შვილს კასრში უპირებდნენ დაწვას, თუ მამამისის ადგილსამყოფელს არ იტყოდა!
ა ნ რ ი ე ტ ა: ღმერთო დიდებულო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ახლა საზღვარზე რომ არ გადმოვსულიყავით, ახლობლების დახვრეტით გვემუქრებოდნენ, დაჭერილი ჰყავდათ ყველანი!
ა ნ რ ი ე ტ ა: არავის ინდობენ, ხომ?! დიდი უბედურება მომხდარა, დიდი! (პაუზა). ისე თანამებრძოლები არ გაგიცვნიათ ჩემთვის!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: გთხოვთ, მომიტევოთ! თქვენგან მარჯვნივ აჯანყების ხელმძღვანელი, კავალერიის პოლკოვნიკი, გრაფი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. რუსეთ-თურქეთის ომისას სარაყამიშის, ანუ “არწივის ბუდის” დაცვისათვის იმპერატორმა ოქროს ხმალი უბოძა! ხოლო…
ქ ა ქ უ ც ა: საკმარისია, ამილახვარო!
ა რ ჩ ი ლ ი (სიამაყით): მესოპოტამიის რეიდზეც გეთქვა…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მეგობრები ქაქუცას ეძახიან.
ა ნ რ ი ე ტ ა: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! (ხელს გაუწვდის და ჩოლოყაშვილი ეამბორება).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: შემდეგ, გრაფი არჩილ ანდრონიკაშვილი, ყოფილი პოდპოლკოვნიკი…
ქ ა ქ უ ც ა: ბატონო კახაბერ, ეგებ ამ ვაჟბატონის დუელებზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ოო, იგი ბრწყინვალე დუელიანტია, მადამ!
ქ ა ქ უ ც ა: ხოლო რაც საზღვარზე გადმოვედით, მოიწყინა და ლამისაა ერთი ჩვენგანი დუელში მოკლა!
ა რ ჩ ი ლ ი: ბოდიში ხომ მოვუხადე, თავადო?
ა ნ რ ი ე ტ ა: განა დუელები აკრძალული არ არის თქვენში?
ა რ ჩ ი ლ ი: მოგეხსენებათ, აკრძალული ხილი გემრიელია… ეგეც არ იყოს, განა მთელი ჩვენი ცხოვრება დუელი არაა? (ხელზე ეამბორება).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: საშა სულხანიშვილი, ბატონი ქაიხოსროს უშუალო თანაშემწე… ამ ულვაშმა არ შეგაცდინოთ, საკმაოდ ახალგაზრდაა, ტყვიას ტყვიაში აჯენს!
ა ნ რ ი ე ტ ა: სასიამოვნოა! (ხელს გაუწვდის საშას).
ს ა შ ა: დაიცა, კაცო, ბოდიში მამითხოვია და, მეც უნდა ვაკოცო?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: შენი ნებაა!
ს ა შ ა: ეეხ, მართლა ჩემი ნება რო იყოს, ამისთანა ქალის ხელზე კოცნას არ ვიკმარებდი! (ხელზე ჰკოცნის).
(პაუზა).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ახლა რაღა ვქნა? გაბრიელზე რა ვთქვა?
ა რ ჩ ი ლ ი: არაფერი.
ს ა შ ა: რატომ უნდა დამალოს, კაცო?
ქ ა ქ უ ც ა: გაბრიელზე საძრახი არაფერი სთქვათ, თავადო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ეს გაბრიელ ბერიაშვილია, ყოფილი ბერი დავით გარეჯის მონასტრიდან! (სარდუ ხელს გაუწვდის, გაბრიელი აკოცებს). ოო, მადამ, საკუთარი თავი მავიწყდებოდა _ იურისტი კახაბერ ამილახვარი, გრაფი! (ყველა გაიცინებს. კახაბერიც ხელზე ეამბორება). მახსოვს სორბონა რომ დავამთავრე და ტფილისს ვბრუნდებოდი, თავს ანებებდით საბალეტო დასს და კაფე “მულენ ღუჟის” შანსონი უნდა გამხდარიყავით…
ა ნ რ ი ე ტ ა: კი, ასე მოხდა. შემდეგ კი აქეთ გავთხოვდი, იტალიაში… თუმცა ეს თქვენთვის სულაც არ იქნება საინტერესო… (დაინახავს რესტორანში შემოსულ მაფიოზებს და ენა ჩაუვარდება შიშისაგან).
ს ა შ ა: ბიჭოს, ისევ ისინი მოვიდნენ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: დიახ, დიახ, ოღონდ შეფი არ ახლავთ!
ა რ ჩ ი ლ ი: ამათ რომ ვუყურებ, იარაღისკენ თავისით გამირბის ხელი!
ს ა შ ა: აქ არა ვართ კაცო, რამე, ერთი-მეორე, გავიყვანოთ და უცებ გავუსწოროთ ანგარიში! მაფია-კაფია მე არ ვიცი!
ქ ა ქ უ ც ა: ბატონებო, ჩვენ დავპირდით, რომ არ ვიომებდით მაგათთან!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მაფია მე არ მესწავლება, ბატონო ქაიხოსრო! სხვა თუ არაფერი, იმ ფულს არ შეგვარჩენენ! ვიფრთხილოთ!
ა რ ჩ ი ლ ი: არ შეგვარჩენენ და ვნახოთ? ვისი აჯობებს!
ს ა შ ა: ახლავე დედას ვუტირებ (ფეხზე ადგება). აქ – ამათ და სტამბულში კიდევ კოტე გვარჯალაძეს!
ქ ა ქ უ ც ა: დაჯექი ადგილზე (საშა ჯდება) და ეგ კერძი შეჭამე!
ს ა შ ა (გაბრაზებული): მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ პარაგვაიში არ გაგვიშვა არხების სათხრელად?
(ემიგრანტებს გაეცინებათ. სარდუ ხან ერთს შეხედავს, ხან მეორეს, ვერაფერი გაუგია).
ფ რ ა ნ ს უ ა: უკაცრავად, მადამ, თქვენთან სურთ მოლაპარაკება იმ სენიორებს!
(მაფიოზებზე უთითებს).
ა ნ რ ი ე ტ ა (წამოდგება): უკაცრავად, მუსიე, გთხოვთ მოილხინოთ! (მიდის მაფიოზების მაგიდასთან და საუბრობს მათთან).
10
ფ რ ა ნ ს უ ა: დავიღუპეთ, ნამდვილად დავიღუპეთ! ღმერთო, გვიშველე, მთლად ნუ გაგვწირავ და როგორც პარიზში ჩავალ, დიდ შანდალს ავანთებ ნოტღ დამის ტაძარში! აჰ, იარაღი მაინც მქონოდა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რატომ დაიღუპეთ?
ა რ ჩ ი ლ ი: ან რად გინდათ იარაღი?
ფ რ ა ნ ს უ ა: ოჰ, უკაცრავად, თქვენ იცით ფრანგული?
კ ა ხ ა ბ ე რ ი (გაიცინებს): აბა, როგორ გესაუბრებოდით შემოსასვლელში?
ფ რ ა ნ ს უ ა: აჰ, მომიტევეთ, მუსიე. ძალიან ვნერვიულობ. დიდი დილემის წინაშე ვდგავარ… თქვენნაირი ხანჯალი მაინც მქონოდა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რად გინდათ ხანჯალი?
ფ რ ა ნ ს უ ა: რაკი გაინტერესებთ, გეტყვით! (ანრიეტა სარდუ მაფიოზების მაგიდიდან წამოდგება და ოფიციანტებს გაატანინებს ქმრისა და შვილის შავჩარჩოიან სურათებს). აი, ხედავთ, ილაპარაკეს და სურათებიც გააქვს!
ა რ ჩ ი ლ ი: ვისი სურათებია?
ფ რ ა ნ ს უ ა: ლეოპოლდ და ჯორჯო ფრანჩესკოლების! მადამ სარდუს ქმრის და შვილისა! მხეცურად დახოცეს რატუშის მოედანზე! ბოდიში, სიგარეტს ხომ ვერ მომაწევინებთ?
ქ ა ქ უ ც ა: ჩამოჯექით და მშვიდად გვიამბეთ ყველაფერი!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აი, სიგარა ინებეთ! (აწვდის).
ფ რ ა ნ ს უ ა: დიდი მადლობა! (გამოართმევს, თავს მოაკვნეტს, დასუნავს): კარგი თამბაქო ჩანს! (კახაბერი მოუკიდებს). კარგია! (აბოლებს). ამერიკულია?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ინგლისური… აბა, განაგრძეთ…
ფ რ ა ნ ა ს უ ა: მადამ სარდუს მეუღლეს თავისივე მოკვეთილი ენა ედო კბილებში, თვალები დაეთხარათ, ცხვირი და ყურები მოეჭრათ და მკერდზე ეწყო, ხოლო ხელებში შვილის მოჭრილი თავი ეკავა!..
ა რ ჩ ი ლ ი: ამ შუაგულ ევროპაში ასეთ ველურობას არ ველოდი!
ფ რ ა ნ ს უ ა: თქვენც იცით ფრანგული?
კ ა ხ ა ბ ე რ ი (მოუთმენლად): ამ ორი კაცის გარდა ყველამ ვიცით! (უთითებს საშაზე და გაბრიელზე).
ქ ა ქ უ ც ა: ვერ გავიგე, მკვდრებს რაღას ერჩოდნენ?
ფ რ ა ნ ს უ ა: ასეთია მაფიის დაუწერელი კანონი!
ა რ ჩ ი ლ ი: უფრო უკეთესად ვერ აგვიხსნით?
ფ რ ა ნ ს უ ა: დამითმობთ ერთ ხანჯალს?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მოეშვით იარაღს, ეს თქვენი საქმე არ არის!
ქ ა ქ უ ც ა: განაგრძეთ!
ფ რ ა ნ ს უ ა: მაფია გულისხმობდა, რომ ადამიანს კბილები იმისთვის აქვს, ენას დააჭიროს. ყველაფერი არ უნდა იყნოსოს. და არც მოისმინოს. თუ არა და საკუთარი შვილის მოჭრილ თავს დააჭერინებდნენ ხელში… ვიღუპებით, ბატონებო! ანრიეტაც იღუპება, მეც ვიღუპები და ეს აწყობილი სასტუმროც! არადა, როგორ იმატა მუშტარმა! ორკესტრი და მოცეკვავეები ვიქირავეთ, იახტაც კი ვიყიდეთ მარსელში, “მარკიზი დე პომპადური!”
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აგვიხსენით, რატომ მოკლეს ამ ქალბატონის ქმარ-შვილი?
ფ რ ა ნ ს უ ა: იმ ყუთების გამო…
ა რ ჩ ი ლ ი: რა ყუთებზეა ლაპარაკი?
ფ რ ა ნ ს უ ა: ერთხელ დი მაჯიოს ხალხმა დიდი ყუთები მოიტანა. ამერიკაში გასაგზავნი თურქული კაკალია და რაკი პორტთან ახლოს ხართ, თქვენს სარდაფში შევინახავთო…
ა რ ჩ ი ლ ი (საშას): შენი და კოტე გვარჯალაძის არ იყოს, ესეც მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობს, ვეჟო!
ს ა შ ა: მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ პარაგვაიში არ გაგვიშვა, კაცო, არხების სათხრელად?!
ქ ა ქ უ ც ა: კარგი, საკმარისია, საშა…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა შუაშია თურქული კაკლის ყუთები?
ფ რ ა ნ ს უ ა: იმ ყუთებში განა მარტო თურქული კაკალი იყო! მე და ლეოპოლდმა გავხსენით და იმ კაკლის ქვემოთ ცელოფანის პარკებში ოპიუმი ვნახეთ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აა, კონტრაბანდას ინახავდნენ თქვენთან?
ფრ ა ნ ს უ ა: დიახ… ეს რომ პოლიციას გაეგო, სასტუმროსაც დალუქავდნენ და ჩვენც ციხეში ამოგვაყოფინებდნენ თავს.
ა რ ჩ ი ლ ი: მერე თქვენ როგორ მოიქეცით?
ფ რ ა ნ ს უ ა: ლეოპოლდმა იფიქრა, დი მაჯიოს ოტელის ხელში ჩაგდება უნდა და თავიდან რომ მომიშოროს, იმიტომ გააკეთა ეს ამბავიო. წავიდა და პოლიციის პრეფექტს, მიქელე ფერარის უთხრა… ამის მერე მოხდა ის მხეცური მკვლელობა.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: პრეფექტიც ამას ჰქვია!..
ფ რ ა ნ ს უ ა: შემდეგ ანრიეტა ორი თვე იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში… უკაცრავად, მუსიე, რამდენს ვლაპარაკობ, მგონი შეგაწუხეთ…
ქ ა ქ უ ც ა: განაგრძეთ.
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ისინი არ გაჩერდებოდნენ!
ფ რ ა ნ ს უ ა: დღეს დი მაჯიომ სიყვარული აუხსნა მადამ სარდუს და თან მისი ქმარ-შვილის მკვლელის გასაღებას დაპირდა… და წეღან ოტელის მახლობლად ყველაზე შავ-ბნელი მაფიოზის, ყასაბის გვამი აღმოაჩინეს, თავისი მოჭრილი ხელები ეწყო გულზე…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ყასაბი? (წამოიწევს). სახეზე ნაჭრილობევი აქვს, აი, ასე, სიგრძეზე!
ფ რ ა ნ ს უ ა: დიახ, დიახ! პადრეს ძმის შვილი ყოფილა!.. ოჰ, ვიღუპებით, ანრიეტაც იღუპება, მეც და ეს აწყობილი ოტელიც! (უახლოვდებათ მადამ სარდუ). ბოდიში, ბატონებო, უნდა წავიდე! (წამოდგება). წავალ, იარაღს ვიშოვი და თავს შევაკლავ იმ ავაზაკებს! დიდი მადლობა სიგარისათვის! (მიდის, ემიგრანტების მაგიდასთან ჯდება აფორიაქებული მადამ სარდუ).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა მოგივიდათ, მადამ?
ა ნ რ ი ე ტ ა: არაფერი, მუსიე ამილახვარო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მაინც, მაინც?
ა ნ რ ი ე ტ ა (გაღიზიანებული): შეწუხებად არ ღირს, ჩვეულებრივი მელანქოლიაა!
ა რ ჩ ი ლ ი: გულახდილად ვილაპარაკოთ, მადამ სარდუ, ვისი სურათები გაატანინეთ?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თქვენი ქმარ-შვილის ხომ არა, მხეცურად რომ მოკლეს მაფიოზებმა?
ა ნ რ ი ე ტ ა: ეს იმ ბებერი ენაჭარტალას ბრალია! გამოთვრება და ასეთ სისულელეებს ყბედობს მთელი დღე! ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
ა რ ჩ ი ლ ი: ვერ დაგეთანხმებით, მადამ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ეგ მაფიოზები გრაფ ჩოლოყაშვილის მოკვლაში ორმოცდაათი ათას დოლარს იღებდნენ რუსი კომუნისტებისაგან!
ქ ა ქ უ ც ა: ის ყასაბი კი დი მაჯიომ ჩვენს თვალწინ მოკლა, კარგად ვერ შეასრულე საქმეო!
ა ნ რ ი ე ტ ა (ჩაფიქრებული): მე კი დამპირდა, შენი ქმარ-შვილის მკვლელს მოკლავენო!
(პაუზა).
ს ა შ ა: მესწავლა რა ეს ფრანგული! ვეღარაფერი გამიგია! არც შენ ისწავლე, არა, გაბრიელ? ვზივართ აქ ბაიყუშებივითა და შავყურებთ ერთიმეორესა. აიღე ჭიქა, აიღე, დავლიოთ მაინცა! (სვამენ).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: წეღან ის სურათები რატომ გაიტანეთ?
ა ნ რ ი ე ტ ა: მითხრეს, რომ თორმეტ საათზე დონ ჯოტო დი მაჯიო მოვა და ხელს მთხოვს… ჰოდა, ამ სურათებს შეელიეთ, წარსულს ნუღარ გავახსენებთო!
ქ ა ქ უ ც ა: გასაგებია!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: კარგი სვლაა! ამისთანა მშვენიერ ქალს ჩაიგდებენ ხელში და ოტელსაც!
ა ნ რ ი ე ტ ა: ო, ეს მეტისმეტია! ჩემი მშვენიერებიდან აღარაფერი დარჩა…
ა რ ჩ ი ლ ი: არა, არსადაც აღარ მივდივარ, სანამ ამათ დედას არ ვუტირებ!
ს ა შ ა: მეც მაგ დარდმა არ მომკლა?
ქ ა ქ უ ც ა: მოთმინება იქონიეთ, ბატონებო!
ა ნ რ ი ე ტ ა: დღეს ჩემი სტუმრები ხართ, მოილხინეთ, თქვენთან ყოფნისას ყველაფერი დამავიწყდება!
(დასრულდა კორდებალეტის პროგრამა. ახლა სტუმრებისთვის დაიწყო ცეკვები. ამილახვარმა რამდენჯერმე გაიწვია საცეკვაოდ ანრიეტა სარდუ).
ა რ ჩ ი ლ ი: ეჰ, ქალებმა დაღუპეს ჩვენი კახაბერი!
(იცინიან).
11
საათი თერთმეტჯერ რეკავს.
ა ნ რ ი ე ტ ა: ო, უკვე თერთმეტია! (ფეხზე ადგება). ბოდიშს გიხდით, უნდა მიგატოვოთ. სადაცაა დი მაჯიო მოვა. მორთული უნდა დავხვდე!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: იქნებ დარჩენილიყავით?
ა ნ რ ი ე ტ ა: მეყო, რაც გამოვცადე!.. გავყვები დონ ჯოტოს, მეტი რა გზაა… (წასვლას აპირებს).
ქ ა ქ უ ც ა: მოიცადეთ, მადამ!
ა ნ რ ი ე ტ ა (მათკენ მობრუნდება): გისმენთ!
(პაუზა).
ა რ ჩ ი ლ ი: ბატონებო, სამშობლო ხომ დავკარგეთ და ერთი საბრალო ქვრივის შველაც თუ აღარ შეგვიძლია, შემირცხვენია ასეთი სიცოცხლე!
ს ა შ ა: ჩემს გულშიც მჯდარხარ, თავადო!
(პაუზა).
ქ ა ქ უ ც ა: გვიმსახურეთ, მადამ სარდუ!
ა ნ რ ი ე ტ ა (გაოცებული ჩამოჯდება): ო, ლია-ლიაა… თქვენ წინ აღუდგებით მესინელ მაფიოზებს?! თვით დი მაჯიოს?!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: პატივს დავდებთ, მადამ!
ა ნ რ ი ე ტ ა: ისინი ბევრად მეტნი არიან თქვენზე! პოლიციის იმედი ნუ გექნებათ, ცხვირსაც არ შემოჰყოფენ აქ!
ქ ა ქ უ ც ა: არავისი იმედი არ გვაქვს, საკუთარი თავის გარდა!
ა ნ რ ი ე ტ ა: მერწმუნეთ, ცუდი ამბები დატრიალდება!
ა რ ჩ ი ლ ი: ისეთი არაფერი მოხდება, რომ არ გვენახოს!
ს ა შ ა (მოისმინა კახაბერის თარგმანი და თქვა): პირველად მესმის, კაცოუ, ქალს ქმარ-შვილი დაუხოცო და ამ სიტყვებზე ბოდიში მამითხოვია, მემრე კიდე იმისი ცოლად მოყვანა განიზრახო!
გ ა ბ რ ი ე ლ ი: თანაც ისე, რომ ქალის სურვილი არ შეიტყო!
ა ნ რ ი ე ტ ა: ჩემი დაცვა განგიზრახავთ, ბატონებო! თქვენი სურვილი სასიქადულოა და მადლობელიც გახლავართ, მაგრამ…
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა მაგრამ?
ა ნ რ ი ე ტ ა: მაგრამ წმინდა წყლის ფანტაზიაა!
ა რ ჩ ი ლ ი: ფანტაზია?
ა ნ რ ი ე ტ ა: უფრო მეტიც, დონ კიხოტობა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რატომ?
ა ნ რ ი ე ტ ა: რომ გამომექომაგოთ, სროლა ატყდება. ისინი ბევრად გჭარბობენ და ღირს კი ერთი მოცეკვავე ქალის ღირსება ხუთ ვაჟკაცად? სასიკვდილოდ არც ერთი არ მემეტებით!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: აქ სულაც არ ვაპირებთ სიკვდილს! მე ამ ბატონებს პარიზის მთელი დიდებულება და სიღატაკე უნდა ვაჩვენო, დაპირებული ვარ!
ა ნ რ ი ე ტ ა: ბევრნი არიან-მეთქი!
ა რ ჩ ი ლ ი: მტერი ყოველთვის მეტი იყო ჩვენზე!
ა ნ რ ი ე ტ ა: ვთქვათ, აქ მოსულებს მოერიეთ, რაც დაუჯერებელია! მერე მთელი ქალაქი წამოვა თქვენზე!
ქ ა ქ უ ც ა: რამეს მოვახერხებთ, მადამ!
ა ნ რ ი ე ტ ა: მერე მე რა ვქნა?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: როგორ თუUრა უნდა ქნათ?
ა ნ რ ი ე ტ ა: ხომ მიხვდებიან, გარეული რომ ვარ ამ საქმეში?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ჩვენთან ერთად გამოიქეცით!
ა ნ რ ი ე ტ ა: ასე რომ მდომოდა, ადრე გავყიდდი ოტელს და პარიზში დავბრუნდებოდი!
ა რ ჩ ი ლ ი: მაშ, რას აპირებთ?
ა ნ რ ი ე ტ ა: რომ გამოვიქცე, ეს სასტუმრო უნდა მივატოვო! პარიზში კი, თუნდაც ბალეტში მიმიღონ, ასეთი შემოსავალი არ მექნება!
ქ ა ქ უ ც ა: ეს ყველაფერი უფრო რთულად ყოფილა, ვიდრე მე მეგონა!
(პაუზა. არჩილი უთარგმნის საშას და გაბრიელს).
ს ა შ ა: ბოდიში მამიხდია და, განა ფულია ყველაფერი, კაცოუ! მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ…
ა ნ რ ი ე ტ ა: ასე რომ, საკუთარ ხვედრს შეგუებული ვარ! თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევით, მეც მოვიგებ და თქვენც!
ქ ა ქ უ ც ა: გასაგებია!
ა ნ რ ი ე ტ ა: ოო, მაგვიანდება! (წამოდგება). ერთხანს მიგატოვებთ, მუსიე! (გადის).
12
ქ ა ქ უ ც ა: ნუ მოიწყენთ, ბატონებო! ხუთნი ვართ, რა უნდა გაგვიჭირდეს?! აბა, საშა, მიხა ხელაშვილმა რა უთხრა მათურელ ფშაველს?
ს ა შ ა: მიხას უთქვამს _ ეხლა ძალიან დავითვერ, ვიბუღრანავებ რქებითა. იმას უკითხია _ მიწა რო სთხარო, რად გინდა, იქით რა ამოჩნდებისა? მიხას მიუგია _ მათურელთ დალევის დღესა საფლავად გამოდგებისა!
(იცინიან).
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: არა, ჯოვანი, მომკალი თუ ისევ მატარებლებზე ჯიბგირობა არ მერჩივნოს! მძიმე საქმეა!
პ ა დ რ ე: რა აცინებთ, ამათი კეთილები…
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: არ გინდა, გვიდო, გინება…
პ ა დ რ ე: მოკეტე! კობრა, უნდა მოველაპარაკოთ!
კ ო ბ რ ა: ჩვენი ფულით ქეიფობენ ეს არამზადები!
კ ო ჭ ლ ი ს ა ტ ა ნ ა: ერთი შეხედეთ! ნამდვილი მხეცები არიან! გულიც ცუდს მიგრძნობს! ნეტავი, ისევ მატარებლებზე დავრჩენილიყავი!..
პ ა დ რ ე: ამათ როგორ შეგაშინეს?!
ჯ ო ვ ა ნ ი-დ ა ნ ა: დასწრებაზეა საქმე! დავცხრილოთ მაგათი დედა…
პ ა დ რ ე: არ გვინდა აყალმაყალი, სადაცაა დი მაჯიო მოვა! საქმე არ გააფუჭო, ჯოვანი, თორემ ყველა წმინდანსა ვფიცავ, გამოგშიგნავ!
ჯ ო ვ ა ნ ი-დ ა ნ ა: აბა, რა ვქნათ?
პ ა დ რ ე: უნდა მოველაპარაკო! (ბოხოხს დაიხურავს).
ა რ ჩ ი ლ ი: საშა, მადლს მარილიც მოაყარე. ჩვენ რომ გვიყვარს, ის შაირიც გვითხარი, ვეჟო!
ს ა შ ა (იწყებს მიხა ხელაშვილის ლექსს):
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება, ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე…
კ ო ბ რ ა (ისიც ბოხოხს დაიხურავს): უჩემოდ როგორ ელაპარაკები?
პ ა დ რ ე: წამოდი! (მიდიან ემიგრანტების სუფრასთან).
ქ ა ქ უ ც ა: დაბრძანდით, ბატონო!
პ ა დ რ ე: გმადლობთ, სენიორ! (ჯდებიან ისიც და კობრაც).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ღვინოს ხომ არ ინებებთ?
პ ა დ რ ე: არა, მოსალაპარაკებლად მოვედი თქვენთან!
ა რ ჩ ი ლ ი: ბრძანეთ, ბატონო!
პ ა დ რ ე: თქვენ ადრე მაფიასთან თუ გქონიათ საქმე?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: არა, მაგრამ ვიცით, რა ხალხიც ბრძანდებით!
კ ო ბ რ ა: შეურაცხყოფის გარეშე, თუ შეიძლება!
ქ ა ქ უ ც ა: იფრთხილე, ამილახვარო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ცუდი არაფერი მითქვამს!
პ ა დ რ ე: ერთ ძალზე მნიშვნელოვან ცნობას მოგაწვდით, სენიორებო!
ქ ა ქ უ ც ა: ბრძანეთ, ბატონო!
პ ა დ რ ე: მაგ ორმოცდაათს დი მაჯიო ხელიდან არ გაუშვებს, თითოეული თქვენგანის მოკვლაც რომ დაჭირდეს!
ა რ ჩ ი ლ ი: არ გაუშვებს და არც ჩვენ დავანებებთ!
პ ა დ რ ე: დღეს იმიტომ არ გისწორებთ ანგარიშს, რომ ამ ოტელის დიასახლისი მოყავს ცოლად! ისიც იცის, რომ თქვენი გემი კიდევ ორი-სამი დღე აქ იდგება!
ქ ა ქ უ ც ა: ამას ჩვენ რატომ გვიყვებით, რატომ გვიხსნით კარტებს?
პ ა დ რ ე: მე ჩემი ინტერესი მაქვს!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა ინტერესია, ეგებ ესეც გვითხრათ?
პ ა დ რ ე: რატომაც არა… ჯერ ერთი, თვითონაც ნახეთ, ჩემი ძმისწული რომ მოკლა და მეორეც, მისი სიკვდილის შემთხვევაში მაფიის შეფის ადგილი ჩემია!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მოვკლავთ დი მაჯიოს?
ა რ ჩ ი ლ ი: სხვისი ხელით გნებავთ ეკლის გლეჯა?
პ ა დ რ ე: არა მარტო მგონია, დარწმუნებულიც ვარ!
ქ ა ქ უ ც ა: იქნებ განგვიმარტოთ მიზეზი?
პ ა დ რ ე: აკი გითხარით, თუ თქვენ არ დაასწარით, ის დაგასწრებთ! ხოლო დი მაჯიოს მოკვლის შემთხვევაში მაგ ფულზე ხმას არ ამოვიღებ! თანაც უმტკივნეულოდ გაგიშვებთ აქედან!
კ ო ბ რ ა: შენც კაი ქვემძრომი ყოფილხარ, გვიდო!
პ ა დ რ ე (კობრას): გაჩუმდი და პირველ ქალად გაქცევ ამ ქალაქში! (ემიგრანტებს შეათვალიერებს). აბა, რას იტყვით, სენიორებო?.. ჰო, ისიც არ დამავიწყდეს _ მადამ სარდუსაც გამოგატანთ და ოტელის საფასურსაც ხელიდან ხელში ჩავუთვლი! ხომ კარგი პირობაა?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: სამაგიეროდ დი მაჯიო უნდა მოვკლათ, ხომ?
ა რ ჩ ი ლ ი: რა მაგის საქმეა, ვის მოვკლავ და ვის არა?!
ქ ა ქ უ ც ა: მაგ ბინძურ გარიგებაზე ჩვენ ვერ წამოვალთ!
პ ა დ რ ე: კარგად დაფიქრდით, ასეთ პირობებზე ამერიკული მაფიაც არ იტყოდა უარს.
ქ ა ქ უ ც ა: ჩვენი სათქმელი უკვე გითხარით!
პ ა დ რ ე: კარგი, ჩათვალეთ, რომ არაფერი მითქვამს! ახლა უნდა გაცნობოთ, რომ დონ ჯოტო დი მაჯიო თორმეტ საათზე აქ მოვა და თუ სიკვდილი არ გინდათ, თქვენც სხვებივით უნდა მოიქცეთ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მაინც როგორ?
პ ა დ რ ე: აქაური წესით, ფეხზე უნდა წამოდგეს ყველა და მდაბლად დაუკრას თავი! თქვენ პატივი გეცით და ეს გაცნობეთ, თორემ აქაურებმა კარგად იციან თავისი საქმე!
ქ ა ქ უ ც ა: ვიღაც ავაზაკების მეთაურს ფეხზე წამოუდგეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი?!
ს ა შ ა: ჰაი, დედასა, მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ვატირე!
ა რ ჩ ი ლ ი: სწორედაც!
პ ა დ რ ე: მე ჩემი გითხარით! არ გაიგონებთ და რაც მოგივათ, საკუთარ გონებაჩლუნგობას დააბრალეთ!
(წამოდგებიან ის და კობრა, თავისიანებთან დაბრუნდებიან და დასხდებიან).
ს ა შ ა (ფეხზე წამოდგება, დოინჯს შემოიყრის): ქაქუცავ, კაცო, მე არავისთვის არაფერი შემირჩენია! ემაგ ტურტლიანს რო ვაპატიო, ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგება!
ქ ა ქ უ ც ა: დაჯექი!
ა რ ჩ ი ლ ი (ისიც ადგება): რა დაგვრჩენია თავმოყვარეობის გარდა! ესეც თუ დავკარგეთ, რაღად მინდა ეს ტიალი სიცოცხლე!
ქ ა ქ უ ც ა: შენ თუ გგონია, ეგ თახსირი დუელში გამოგყვება, შემცდარხარ, არჩილ!
ა რ ჩ ი ლ ი (წყენით): მაგასთან დუელი რად მინდა?
ქ ა ქ უ ც ა (იყვირებს): დასხედით-მეთქი! (საშა და არჩილი სხდებიან. წყნარად განაგრძობს). აჩქარებით სოფელი არავის მოუჭამიაო, გეცოდინებათ. (პაუზა). თქვენი დასკვნები მაინტერესებს, ბატონო კახაბერ!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მართალი ბრძანდებით. აჩქარებით შეიძლება თავიც წავაგოთ! სჯობს, კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი… ისე ღრმად შევტოპეთ, არა მგონია შეტაკების გარეშე დამთავრდეს ეს საქმე.
ა რ ჩ ი ლ ი: მეც სწორედ ეგ მინდა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: არადა, სულაც არაა ეს სასურველი! გაგვიჭირდება მაგათთან შებმა, რადგან მაფია კარგადაა ორგანიზებული და პოლიციასთანაც შეკრულია!
ს ა შ ა: საიდან დაასკვენით?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: როგორ გგონიათ, საიდან გაიგო დი მაჯიომ, რომ ლეოპოლდ ფრანჩესკოლიმ დააბეზღა?
ს ა შ ა: იქნებ… იქნებ ამ ქალმა გამოიტანა ამბავი?
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ანრიეტა სარდუმ?
ს ა შ ა: ჰო, მაგან!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ტყუილია!
ს ა შ ა: რათა, კაცო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: მაშინ ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ იწვებოდა. ან კი მადამ სარდუს რა ინტერესი ჰქონდა? მოკლედ, ყველა გზას იქით მივყავართ, რომ პოლიციის პრეფექტმა უამბო ყველაფერი… მართალი გვითხრა დიასახლისმა, აქ თუ სროლა დაიწყო, დარწმუნებული იყავით, პოლიცია ცხვირს არ შემოჰყოფს!
ა რ ჩ ი ლ ი: მეც ეგ მინდა!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ხომ ნახეთ, რა წინადადებით მოვიდა პადრე! სჯობს, ვიფრთხილოთ, საქმე გამოცდილ მოწინააღმდეგესთან გვაქვს. მაგათ ქვეყანა თავისი ჰგონიათ.
ს ა შ ა (დამცინავი ღიმილით): მიხამ იცოდა, ხელაშვილმა, იმ ცხონებულმა _ მჯობნის მჯობნი არ დაილევისო!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ამილახვარი მოგიკვდეთ, თუ ვინმეს ჩამოვრჩე! არ მინდა, უაზროდ წავაგოთ თავი!
ა რ ჩ ი ლ ი: შიში ნუ გაქვთ, თავადო! ჩვენ ჯერ პარიზის მთელი დიდებულება და სიღატაკე უნდა ვნახოთ!
ქ ა ქ უ ც ა: ბატონებო, რომ არ ვინანოთ, როგორც საკუთარი სინდისი გვიკარნახებს, ისე მოვიქცეთ და მოხდეს, რაც მოსახდენია!
ს ა შ ა: ეგრე რა, მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ვატირე! ხუთი კაცი ვართ, არ გაგვიჭირდება! თუმცა ეს ერთი არ ითვლება, ამ შობელძაღლმა აქეთ რო შემოგვიბრუნოს იარაღი?
გ ა ბ რ ი ე ლ ი: ვიცი, ძნელია ჩემი ნდობა, მაგრამ იარაღს თუ მომცემთ, კაცურად მაინც მოვკვდები!
ა რ ჩ ი ლ ი: მაგდენს ვეღარ გენდობით!
(ცეკვავენ კობრა და პადრე).
პ ა დ რ ე: გამიგონე, პასკუალა, ასეთი რამ არ ხდება, ასეთ წინადადებაზე არავინ ამბობს უარს!
კ ო ბ რ ა: თუ ჭკუა ჰქონდათ, უარი არ უნდა ეთქვათ!
პ ა დ რ ე: არა მგონია, ნორმალურები იყვნენ!
კ ო ბ რ ა: ახლა რას აპირებ?
პ ა დ რ ე: არ მინდოდა ვენდეტაზე წავსულიყავი! რა გაეწყობა! შენ კი, ლამაზო, ამ ქალაქის პირველ ქალად გაქცევ!
კ ო ბ რ ა: ამაღამვე მოითავებ საქმეს?
პ ა დ რ ე: არა, ჯერ მოიყვანოს ცოლი, სიკვდილი თაფლობის თვისას უფრო ძნელია!
13
კ ა ხ ა ბ ე რ ი:: მადამ სარდუ მობრძანდება!
(შიდა გასასვლელიდან გამოდის ღიმილგადაფენილი ანრიეტა სარდუ, აცვია მხრებმოშიშვლებული ცისფერი კაბა, უკეთია მარგალიტის საყურეები და ყელსაბამი. თეთრი მარაო უჭირავს ხელში).
კ ა ხ ა ბ ე რ ი: ოჰ, პარიზის ვარდო! თქვენ მშვენიერი ხართ, როგორც ყოველთვის!
ა ნ რ ი ე ტ ა: გმადლობთ!.. რომელი საათია?
ა რ ჩ ი ლ ი: თორმეტს ათი წუთი უკლია!
ქ ა ქ უ ც ა (ფეხზე ადგება, შევსებულ ჭიქას გაუწვდის): გთხოვთ, ჩვენთან ერთად შესვათ ერთი სადღეგრძელო!
ა ნ რ ი ე ტ ა: სიამოვნებით, მუსიე!
(დარბაზში ტრიალებს შეშფოთებული ფრანსუა).
ქ ა ქ უ ც ა: გახვრეტილი გროშის ფასი აქვს თავის ქებას. ყველგანაა კარგიც და ცუდიც… ჩვენთვის დაკარგულ საქართველოს გაუმარჯოს თავისი ავკარგიანად… ახლა მას ძალიან უჭირს… (ჭიქებს უჭახუნებენ და სვამენ). მადამ სარდუ, ერი ყველაზე კარგად სიმღერებში ჩანს. ჩვენ სხვადასხვას ვმღერით და ერთ მთლიანობას ვქმნით… აბა, ყვმაწვილებო!
ა ნ რ ი ე ტ ა: მაგრამ თორმეტს… სამი წუთი აკლია!
ა რ ჩ ი ლ ი: საზღვარზე რომ ვიმღერეთ?
ქ ა ქ უ ც ა: ჰო.
(გაბრიელ ბერიაშვილის გარდა ემიგრანტები იწყებენ `მრავალჟამიერს~. ქაქუცა გაბრიელსაც ანიშნებს და ისიც აჰყვებათ. კედლის საათი თორმეტჯერ რეკავს. გარედან ისმის `როლს-როისების~ სიგნალების ხმა. ფეხზე ადგებიან მაფიოზები, ბოხოხებს დაიხურავენ და შესასვლელში გაჩერდებიან კობრას გარდა. დამფრთხალი მადამ სარდუ ჭიქას მაგიდაზე დადგამს და მომღერლებს მოშორდება. ორკესტრი დაკვრას შეწყვეტს და მხოლოდ “მრავალჟამიერი” ისმის. ღიმილით შემოდის თეთრ შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი დონ ჯოტო დი მაჯიო, ხელში ვარდების თაიგული უჭირავს. უკან შემოჰყვება ორი პირადი მცველი. დი მაჯიო თავის დაკვრით ესალმება ყველას. სხვებიც თავს უკრავენ).
დ ი მ ა ჯ ი ო: ისევ წინ გადამეღობნენ ეს ველურები! (თაიგული ხელიდან ხელში გადააქვს მოუთმენლად). რა არის, გვიდო, ეს დაგავალე?
პ ა დ რ ე: მე გავაფრთხილე, სენიორ!
დ ი მ ა ჯ ი ო: ხედავთ, არ მომესალმნენ! ამდენს მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან, იმას არ ვაპატიებ! ღირსების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ! ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია ყოველთვის იქნება!
ყ ვ ე ლ ა: მაფია უკვდავია!
დ ი მ ა ჯ ი ო: ახლა მიფრთხილდით, ველურებო, ავუშვი ლომები! აბა, მეგობრებო, აღარ გამაგონოთ ეგ ღმუილი!
პ ა დ რ ე: ახლავე გაჩუმდებიან, სენიორ! (ხელით ანიშნებს და კოჭლი სატანა და ჯოვანი-დანა უკან მიყვებიან, ემიგრანტების მაგიდასთან მივლენ). შეწყვიტეთ ეგ ყმუილი!
კ ა ხ ა ბ ე რ ი: რა ბრძანეთ?
პ ა დ რ ე (ყვირის): მგლებივით ნუ ყმუით-მეთქი!
(პადრე ჯიბიდან “კოლტს” ამოიღებს, და ისაა ამილახვარს უნდა ესროლოს, რომ სულხანიშვილი დაასწრებს, მარცხენას იარაღიან ხელზე აუკრავს და ტყვია ჭერში იქუხებს, ხოლო მარჯვენას ყბაში ამოარტყამს და პადრე ძირს გაიშხლართება. რესტორანში წივილ-კივილი ატყდება, ხალხი გარეთ გარბის. ფრანსუა მაგიდის ქვეშ შეძვრება.
კოჭლი სატანა სერთუკის ჯიბეში ხელაფათურებულ ამილახვარს ესვრის, ხელში დაჭრის. ქაქუცა და არჩილი ერთდროულად ისვრიან და იქვე მიაწვენენ კოჭლ სატანას და ჯოვანი-დანას. სულხანიშვილი დი მაჯიოს მიმართულებით ისვრის.
კობრა ხელჩანთიდან “კოლტს” ამოიღებს და ქაქუცას ესვრის. ამ მოძრაობას დაინახავს გაბრიელ ბერიშვილი და ჩოლოყაშვილს წინ აეფარება, ტყვიები მას მოხვდება და ძირს დაეცემა. არჩილ ანდრონიკაშვილი კობრას მოკლავს.
გადაბრუნებულ მაგიდას ამოფარებული დი მაჯიო ესვრის და მოკლავს კახაბერ ამილახვარს. საშა სულხანიშვილი პირად მცველებს მიაწვენს ძირს, ხოლო პადრე საკუთარ შეფს, დი მაჯიოს ზედიზედ დააცლის “კოლტს”. დი მაჯიო ჩაიკეცება. პადრე ახლა მეორე რევოლვერს აიღებს, იმასაც ძირს დავარდნილ დი მაჯიოს დააცლის, კიდევ სხვა რევოლვერს აიღებს, კიდევ ესვრის უკვე კაი ხნის მკვდარ დი მაჯიოს და ა.შ., აღარ ჩერდება. საშა რევოლვერს დაუმიზნებს თვალებაელვარებულ პადრეს).
ა რ ჩ ი ლ ი (საშას): მოეშვი, გაგიჟდა!
ა ნ რ ი ე ტ ა (კიბეზე ჩამორბის ჩემოდნით და ყვირის): ვიდრე ისინი დაბრუნებულან, სწრაფად, პორტისკენ! ფრანსუა, სად ხარ, ფრანსუა!
ფ რ ა ნ ს უ ა (გამოძვრება მაგიდის ქვემოდან): აქა ვარ, შვილო! ნოტღ დამში უნდა დავანთო დიდი სანთელი _ ჩვენი გადარჩენისა!
ა ნ რ ი ე ტ ა: ეს ჩემოდანი წამოიღე, ჩქარა! (ემიგრანტებს). ბატონებო, ჩქარა “მარკიზ დე პომპადურისაკენ!”
(ქართველები თავიანთ მიცვალებულებს აიღებენ და გადიან. კარგა ხნის შემდეგ წამოდგება პადრე, დააბიჯებს დახოცილებში. მივა მაგიდაზე დამხობილ კობრასთან, პულსს გაუსინჯავს).
პ ა დ რ ე: მიიღე უფალო, საკუთარ ბანაკს ჩამორჩენილი ერთი საბრალო ბოშა! (ამბობს მიცვალებულის ლოცვას ლათინურად).
რეკვიემ ეტერნამ დონა ეი,
დომინე,
ეტ ლიუკს პერპეტუა ლუცეატ ეი.
ამენ! (პირჯვარს გადაიწერს).
მშვიდობით პასკუალა, მშვიდობით! (ცეცხლს მოუკიდებს იქაურობას და გადის).
14
(ისმის ზღვის ტალღების ხმაური. ამოდის მთვარე. “მარკიზ დე პომპადურზე” არიან ქაქუცა, არჩილი, საშა, ანრიეტა სარდუ _ თეთრგადაფარებულ გვამებს დასცქერიან, საჭესთან ფრანსუა დგას).
ქ ა ქ უ ც ა: ეჰ, საწყალი ამილახვარი!
ა რ ჩ ი ლ ი: ვინღა გვაჩვენებს პარიზის მთელ დიდებულებას და სიღატაკეს… დიდებულ ბინდისჟამს მონმარტრში რომ გაისეირნებ, კაფე “როტონდასთან” ვინმე… (გაჩუმდება).
ს ა შ ა: ეს უბედური გაბრიელიც, კაცოუ! გინახავთ ბერი შპიონი? რანაირად გველაპარაკა ბედის საზღვარზე, არა?
ქ ა ქ უ ც ა:
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო,
გარდამატარე ბედის სამძღვარი.
თუ აქამომდე არ ემონა მას,
არც აწ ემონოს შენი მხედარი…
არ ჩ ი ლ ი: თვითონაც ბედისწერას გაუმართა დუელი!
ფრ ა ნ ს უ ა: მაპატიეთ, მუსიე, ჩემი ბრალია ყველაფერი! მე რომ არ მომეყოლა…
ა ნ რ ი ე ტ ა: დაწყნარდი, მამა, ნუ ნერვიულობ, გენაცვალე.
ა რ ჩ ი ლ ი: განა ეს კაცი მამათქვენია, მადამ?
ან რ ი ე ტ ა: მამინაცვალი…
ქ ა ქ უ ც ა: შეხედეთ, ოტელი იწვის!
ა რ ჩ ი ლ ი: მაფიას გრძელი ხელი აქვს!
ს ა შ ა: რა ყოფილა ეს მაფია, კაცო! კომუნისტებს არაფრით ჩამორჩება!
ა ნ რ ი ე ტ ა (ფრანსუას): ღმერთო ჩემო, რა აწყობილი სასტუმრო იყო! მინიმუმ ორასი ათასი დოლარი მაინც დავკარგეთ!
ფრ ა ნ ს უ ა: მეტი თუ არა!
(პაუზა).
ს ა შ ა: ერთი უყურეთ, კაცოუ, აქაური მთვარეც კი სისხლისფერია!
ქ ა ქ უ ც ა: ახლა საქართველოშიც ასეთი მთვარეა!
ა რ ჩ ი ლ ი (დანანებით): თავი გავწირეთ და რა შეგვრჩა ხელში _ ორი მოკლული და ეს კოკეტი, დიდი შემოსავლის დაკარგვაზე რომ დარდობს! მართალს გვეუბნებოდა, არ უნდა ჩავრეულიყავით, რა აზრი ჰქონდა ამ თავგანწირვას, ვის სჭირდებოდა? ვის? გმირობა და თავგანწირვა საკუთარ ქვეყანაში უნდა, იქა აქვს ამას აზრი!
ქ ა ქ უ ც ა: იყუჩე, თავადო, იყუჩე! (პაუზა). ჩვენ ადამიანური ვალი მოვიხადეთ!
ს ა შ ა: მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ… (პაუზა). ვიცოდე მაინც, საითაა ის დასაქცევი!
ა რ ჩ ი ლ ი: რა?
ს ა შ ა: პარაგვაი…
(მატულობს ზღვის ტალღების ხმაური).
დასასრული
