ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

ილია ბაბუნაშვილი: ”რამდენიმე მწერალს რომ შეექმნა ინტერსამყარო…”

leave a comment »

რამდენიმე მწერალს რომ შეექმნა ინტერსამყარო…
(ინტერვიუ ილია ბაბუნაშვილთან)

- რატომ ჰქვია ნაწარმოებს ‘’პროფესორი პენდოლინი”?
- იმიტომ, რომ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. როგორ იყო, იცით? რომანი დიდხანს მედო უსათაუროდ. ბოლოს (სამსახურში მოხდა ეს ამბავი), მიხო მოსულიშვილი მოვიდა, ხელი დასტაცა და გამოსაქვეყნებლად წაიღო. რა მექნა, უსათაუროდ ხომ არ დავტოვებდი? არადა, მიხო უკვე ლიფტშია, მიდის. იძულებული გავხდი ფანჯარა გამეღო, სანამ ლიფტი მეოთხე სართულიდან პირველზე ჩავიდოდა, სათაური მომეფიქრებინა და მიხო შენობიდან რომ გადიოდა, დამიზნებით მესროლა. პირდაპირ საქაღალდეში ჩავაგდე. მიხომ, ცხადია, ყველაფერი იგრძნო, მაგრამ დელიკატური ადამიანია და არ მაგრძნობინა. ამ ისტორიაში ირიბად არის ჩარეული გიო ახვლედიანიც – სათაურის ნახევარი მისი მოფიქრებულია.
რაც შეეხება პენდოლინის, პენდოლო იტალიურად ქანქარაა. ერთი სიტყვით პროფესორი პენდოლინი, ჩემი ჭკუით და თამაშ-თამაშ, ვითომცდა უმბერტო ეკოს ფუკოს ქანქარას ეხმიანება. მოკლედ, ხუმრობაა ეს ყველაფერი, ცხადია კადნიერი, მაგრამ მაინც ხუმრობა და თავს ამით ვინუგეშებ.
- პროფესორი პენდოლინი შენი ციკლის მესამე რომანია. აპირებ თუ არა გაგრძელებას და რა სირთულეები გხვდება?
- პირველ რომანში, რომელსაც ”იმპერატორის მახვილი” ჰქვია, მოქმედება 1904 წელს ხდება. მეორეში, რომელსაც ჰქვია ”ეზ ეზუნავორან” 1907 წლის ”ამბებია”… თუ – მოდური ტერმინი რომ მოვიშველიოთ – პროექტს გაგრძელება უწერია, სიამივნებით მოვალ თანამედროვეობამდე, ოღონდ რამდენიმე პრინციპის დაცვით.
კერძოდ, ყოველი რომანიდან შემდეგში აუცილებლად გადავა ერთი ან რამდენიმე პერსონაჟი, თუმცა არ არის აუცილებელი ეს პერსონაჟი წინა წიგნის მთავარი გმირი იყოს.
ყოველი წიგნის მოქმედ პირთა შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არსებობდნენ ან გმირები სხვათა წიგნებიდან – არჩევანი შეუზღუდავია, აქ ”ბეოვულფით” დაწყებული ”ალქიმიკოსით” დამთავრებული ყველას შეუძლია თავი ამოჰყოს. თან, მე თუ მკითხავთ, იმისათვის, რომ ადამიანი 1900 წლის ამბავში მოხვდეს, სულ არ არის აუცილებელი მართლა მაშინდელი იყოს. იყოს, ვთქვათ ფიდელ კასტრო და იაროს ვაჟა ფშაველასთან ერთად მეოცე საუკუნის დასაწყისის ტფილისში, რა უჭირს.
მაგალითად, ”იმპერატორის მახვილში” გავკადნიერდი და ნიკო ფიროსმანი მოვიხმე. იქვე ერთ-ერთი პერსონაჟია – დიდებული გრაფი სეგედიც. ”ეზ ეზუნავორანში” ბრძანდებიან გიორგი გურჯიევი, ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი… ”პროფესორ პენდოლინიში” შეიძლება სადმე ტოტიასაც წააწყდეთ…
…კინაღამ დამავიწყდა, პირველი და მეორე რომანის მთავარი გმირი, გამომძიებელი ალექსანდრე გძელიევი, ზემოთ გიო ახვლედიანად წოდებული აკა მორჩილაძის მადათოვების უმნიშვნელო პერსონაჟია.
რაც შეეხება ჟანრებს, დაე, იყოს ამ ციკლის ერთი წიგნი კლასიკური დეტექტივი, მეორე ტრილერი, მესამე ავტობიოგრაფია, მეოთხე თუ გნებავთ სულაც ვესტერნი, მეხუთე ფსევდოდოკუმენტური პროზა და ასე შემდეგ. მგონი, მიზეზთა გამო, საქართველოში ხელუხლებელი ჟანრების დიდი არჩევანია და რაღაც-რაღაცების გაბედვა შეიძლება, თუმცა, ბუნებრივია, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამომივა და მოდი, ბარემ აქ გადავალ სირთულეებზე.
მთავარი სირთულე საკუთარი თავია. რაღაცისთვის შეიძლება ნიჭი არ გეყოს, რაღაცისთვის დაჟინება, რაღაცისთვის მოთმინება და სხვა. მაგალითად, ზემოთ ძალიან კი დავიქადნე სხვადასხვა ჟანრში უნდა ვწერო მეთქი, მაგრამ უფრო ბუნებრივი იქნება ერთი ჟანრი რომ უფრო დამემორჩილოს, მეორე კი ჩემთვის უბრალოდ დაუძლეველი აღმოჩნდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია დროის ამბავიც. ჩემს ოჯახს, მაგალითად, სულ სხვა რამ, ჩემი გაზეთში მუშაობა ინახავს და ბუნებრივია უპირველეს ყოვლისა დროს ამ საქმეს ვუთმობ.
არის კიდევ სხვა სირთულეებიც, თან ყველაფერი ერთიმეორეზეა გადაბმული, მაგრამ ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი მართლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.
- რატომ არ გყავს ტოტალური გმირი, აკუნინის ფანდორინივით ვინმე…
- იმიტომ, რომ ეპოქის, საკუთარი სინამდვილის, თუნდაც საკუთარი მეოცე საუკუნის გამოგონება უფრო უცხო და ჩამთრევ საქმედ მეჩვენა, ვიდრე ერთი გმირის ბევრი თავგადასავლის მოფიქრება. მგონი, ეს სხვა რამაა, ის კი სულ სხვა რამ. მერედა შერლოკ ჰოლმსზე გაზრდილ საზოგადოებას მე რა უნდა შევთავაზო ისეთი, რომ მოეწონოს? ანდა რაღა შერლოკ ჰოლმსთან წავედით, ბორის აკუნინის ფანდორინიადა აქვე არ არის?
მე სხვას გეტყვით, გადასარევი იქნებოდა რამდენიმე მწერალს რომ შეექმნა ასეთი ინტერსამყარო.
წარმოიდგინეთ, რამდენიმე კაცს, ერთმანეთისგან პერსონაჟები რომ წამოეყვანა, წინასწარი გეგმის მიხედვით, ოღონდ, ბუნებრივია თავ-თავიანთი სტილით ეწერათ ამ ინტერციკლის რომანები, შეეთანხმებინათ ისტორიული ეპოქები, თემები და ასე შემდეგ… ხომ გადასარევი უტოპიაა? თან, ამ რომანების წერა არანაირად არ შეუშლიდათ ხელს თავიანთი, ”საკუთარი” ლიტერატურის შექმნაში, ქართულ ლიტერატურას კი შეემატებოდა სამყარო გამჭოლი გმირებით და ამბებით.
- როგორ ეცნობი თანამედროვე ლიტერატურას.
- ონლაინ ბიბლიოთეკების საშუალებით. ვაგლახ, წიგნები ძვირი ღირს… ისე, რა თქმა უნდა, ადამიანს კომპიუტერის ეკრანზე კითხვას ან ამობეჭდილი თაბახის ფურცლების გადაწყობა-გადმოწყობას ხელში წიგნის დაჭერა და გემრიელად მოკალათება ურჩევნია. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასე წიგნს გრძნობ როდესაც იცი, რომ ის, რაც უნდა წაიკითხო 200 გვერდია – ერთია და როდესაც იცი, რომ ის, რაც უნდა წაიკითხო 158 კილობაიტია – მეორე; უფრო სწორედ, ეს მეორე ამწუთას უმრავლესობისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს, მაგრამ სულ არ არის გამორიცხული, რომ მომავალში წიგნმა მართლა კომპიუტერში გადაინაცვლოს და ამაზე ძალიან საინტერესო ფიქრისკენ დღეს სწორედ უფულობის გამო წიგნების ინტერნეტში ძებნა გვიბიძგებს. აი, ტექნოლოგია კიდევ უფრო რომ განვითარდება და კომპიუტერის ეკრანი დღევანდელი მხედველობის გასაფუჭებელი მოწყობილობა აღარ იქნება ან თვისობრივად სხვა რამ მოხდება, მერე ყველაფერი დალაგდება და ლიტერატურა კომპიუტერში ისეთივე ჩვეულებრივი რამ იქნება, როგორც წიგნი მხართეძოზე წამოწოლილი ადამიანის ხელში… ისე, ონლაინ ბიბლიოთეკებს მხოლოდ ღატაკ საქართველოში კი არა, რამდენადაც ვიცი, სხვაგანაც ჰყავს მუშტარი, ასე, რომ მთლად მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე.
- რომელი მწერლების გავლენით ჩამოგიყალიბდა სტილი?
- ყოველგვარი თამაშის გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნები, რომ საოცრად მიყვარს და მნუსხავს ამა თუ იმ მწერლის ან კონკრეტული ნაწარმოების გავლენის ქვეშ მოქცევა. უდიდესი სიამოვნებაა ეს გავლენა თემას, სიუჟეტს, პერსონაჟს ან სხვა რამეს რომ მოგაფიქრებინებს, მაგრამ სტილზე ვერაფერს გიპასუხებ, რადგან ამაზე არ მიფიქრია. ასე ვთქვათ, როგორც მეწერინება, ისე ვწერ და ვშიშობ, რომ ეს ერთი მხრივ ძალიან ცუდია, რადგან მკითხველისთვის ნაირ-ნაირის შეთავაზება უნდა შეგეძლოს. ზემოთ ჟანრების სხვადასხვაობაზე ვამბობდი. ალბათ, იგივე შეიძლება ითქვას სტილების სხვადასხვაობაზე. ფერნანდო პესოას ერთი ფსევდონიმის ნაწარმოებები მეორე ფსევდონიმის ნაწარმოებებისგან თურმე საოცრად განსხვავდება… არადა გამიგია, რომ პესოამ ოთხი სხვადასხვა მწერალი შემატა პორტუგალიურ ლიტერატურას. როგორია?
- როგორ მოხვედი მწერლობაში?
- წერით ყოველთვის ვწერდი, ოღონდ ხან სასწავლებლის მერხზე შეყვარებულის სახელს, ხან მათემატიკის რვეულის ყდაზე ფეხბურთელების გვარებს რომელიმე ასოზე, ხან ლექსებს, ოღონდ ჩემთვის ლექსის წერა ისეთი რამეა, ან აფერისტი უნდა ვიყო ან გიჟი, მე კი არც ერთი არ მაწყობს და შეშინებულმა თავი დავანებე. მერე ბედმა გაზეთ ”სარბიელში” მიმიყვანა და იქ შევუდექი სტატიების წერას. ბოლომდე ვიხარჯებოდი, გულს და სულს ვატანდი, მერე გიომ, რომელიც გიო ახვლედიანადაც ვახსენეთ და აკა მორჩილაძედაც, მითხრა – მიდი, აბა, რომანი დაწერეო. ავდექი და დავწერე ”იმპერატორის მახვილი”. არ ვიცი, ვინ წაიკითხა, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ როდესაც ამბავს ვიგონებ და რაღაც სამყაროს ვქმნი, გარდა იმისა რომ წერის მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ, მთლიანად იმ სამყაროში მივდივარ, ხოლო ეს მასვენებს იმ აგრესიული სისულელისგან, ჩვენი ცხოვრება რომ ჰქვია. თუმცა, ”მასვენებს” არ ჰქვია ამას, ”მასვენებს” ამ შემთხვევაში სუსტი სიტყვაა.
ოღონდ ეს ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება თუ არა, არ ვიცი.

მიხო მოსულიშვილი

P.S. ბმულები:
ილია ბაბუნაშვილის რომანს წაიკითხავთ აქ – ცვილის კაცი და მეწამული მონასტრის საიდუმლოება

ესეც წერილი ნოდარ ახალკაცზე – ასეთი დამამახსოვრდა

ეს მიმოხილვა – ანჩელოტის ტრიუმფალური დასაწყისი

Written by უჩინმაჩინი

ოქტომბერი 18, 2009 ზე 7:33 AM

დატოვეთ გამოხმაურება

You must be logged in to post a comment.