ნიკო ყიფიანი

არ მინდა, ჰონორარზე დამოკიდებული მწერალი ვიყო
(ინტერვიუ ნიკო ყიფიანთან)
_ რამ გაფიქრებინა, რომ მწერალი გახდებოდი და პირველი ნაწარმოები ვის წააკითხე?
_ არის ერთი ქალბატონი, ლელა ბურდული. ის იყო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ისე მოსწონდა ჩემი თემები, გადავწყვიტე, რაღაცების შეთხზვაშიც მეცადა ბედი. პირველი მოთხრობაც მას წავაკითხე. მაშინ უკვე მე აღარ მასწავლიდა, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად (მე ხაშმის საშუალო სკოლა დავამთავრე), მაგრამ მაინც მოვახერხე, შევხვედროდი და ჩემი მოთხრობა წამეკითხებინა. კითხვა რომ დაამთავრა, ტირილი დაიწყო. ძალიან უკუღმართი გმირი მყავდა. შეგეცოდათ-მეთქი, ლელა მასწავლებელო? თვითონ ამისი დამწერი არისო ცოდვა. მერე ის მოთხრობა დავწვი. არ მინდოდა, ვისმე შევცოდებოდი.
_ შენ და რევაზ ინანიშვილი ერთი სოფლიდან, ხაშმიდან ხართ და სხვების მიერ არაერთგზის დასმული შეკითხვა მეც უნდა გაგიმეორო: რატომ არ წერ რევაზ ინანიშვილივით?
_ კი, რევაზ ინანიშვილი ჩემი თანასოფლელი იყო. სხვათა შორის, ბებიაჩემი (მამაჩემის დედა) მის მოთხრობებში ხშირად მოხსენიებული პაპამისის, ლიტრიძირის ნათლული გახლდათ. წერა რომ დავიწყე, მეშინოდა, ჩემი მოთხრობები რევაზ ინანიშვილისას არ დამსგავსებოდა და ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი სამყარო მისი სამყაროსაგან განსხვავებული ყოფილიყო. მეგონა, ქებას დავიმსახურებდი და რა გამოვიდა? თითქოს მოითხოვდნენ, რომ ჩემი სოფლიდან ახალი რევაზ ინანიშვილი გამოსულიყო. თუ ბატონ რეზოსავით დიდი მწერალი გავხდები, ღვთისა და ბედის მადლობელი ვიქნები, მაგრამ მიმბაძველი, არა მგონია, ახალი რევაზ ინანიშვილი იყოს. შეგახსენებთ, რა თქვა ნოდარ დუმბაძემ ერთ იუმორისტზე: „თუ მბაძეო, ქე გახდები დუმბაძეო“. მე ინანიშვილობა არ მინდა, ყიფიანი ვარ.
_ ყიფიანები _ სვანი ხალხი _ გარე კახეთში როგორ მოხვდით?
_ ჩემი დიდი პაპის პაპის თუ დიდი პაპის და გათხოვილი ყოფილა რაჭაში. მისი ქმარი მოუკლავთ. მგონი, მკვლელობაში მოკლულის ძმა თუ ბიძაშვილიც მონაწილეობდა, ზუსტად არ ვიცი, რადგან მამულები მას რჩებოდა. გაბრაზებულა ის ჩემი დიდი პაპიდა და რაჭაში თავისი უმცროსი ძმა ჩაუყვანია, ჩემი ქმრის მიწას ამათ არ დავუტოვებო. ასე რომ, ნელ-ნელა დაგვიწყია ჩამოსვლა. ჯერ რაჭაში ჩავსულვართ, ჩემი დიდი პაპა მეწყერს დაუზარალებია. დიდი ტანისა და ფიზიკურად ძლიერი კაცი ყოფილა. აუკიდია ერთი უშველებელი ქვა და რაჭაში რომ ჰქონდათ, იმ სალოცავის ეზოში აუტანია. ჩემს შთამომავლებს ნუ მოსთხოვ აქ ამოსვლასო, შევედრებია იმ წმინდანს, ვისი სახელობისაც იყო ის სალოცავი, მგონი, წმინდა გიორგის. აი, რამხელა ქვა ამოვიტანე იმათ მაგივრად, აქედან რომ მივდივარ, მაპატიეო. იმ ქვით პაპამ ვითომ ჩვენი მოვალეობანი იტვირთა. ჩამოსულა გარე კახეთში და ჩოლოყაშვილს მოურავად დასდგომია. აქ ჩვიდმეტი წლით უმცროსი ქალი შეურთავს, ალექსანდრა ქოქრაშვილი. დიდი მორწმუნე და კითხვის მოყვარული ყოფილა ალექსანდრა. მაღალფარდოვანი ლაპარაკი ჰყვარებია. ერთმა ჩემმა ნათესავმა ქალმა მითხრა, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, წვრილშვილის პატრონი ვიყავი და ძალიან მეშინოდა. ალექსანდრამ მანუგეშა _ შვილო, ნუ გეშინია, სტალინსა და უფალს ხელი აქვთ ჩამორთმეულიო. პაპაჩემი მისი მეოთხე ვაჟი იყო. ალექსანდრას ნდომებია, პაპაჩემი ბერი გამხდარიყო. მეორე ვაჟი ფხიანი კაცი ყოფილა და იმას გადაუფიქრებინებია.
_ ის როგორ იყო, პაპაშენს რომ ფორე მოსუ¬ლი¬შვილი ეწვია სტუმრად?
_ არ ვიცი, შეიძლება სხვა ფორე მოსულიშვილიც ჰყავდათ ქიზიყში, მაგრამ ბებიაჩემის მიერ აღწერილი ძალიან ჰგავს იტალიის ეროვნულ გმირს, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, ხშირთმიანი, არც მსუქანი და არც გამხდარი… სანამ ჯარში გაიწვევდნენ, ფორე მოსულიშვილი კოლმეურნეობაში მუშაობდა. პაპაჩემიც კოლმეურნეობის საქმეზე ყოფილა წასული, შეხვედრია ქიზიყელ კაცს და შინ მოუწვევია. იმ მოსულიშვილს კარგი ხარები ჰყოლია. პაპაჩემისთვის ტყიდან მორებიც ჩამოუტანინებია, ერთი მისი ჩამოტანილი კოჭი ჩემს სახლს თავხედ აქვს. ორი ძაღლიც ჰყოლია მოსულიშვილს და პაპაჩემისთვის დაუტოვებია. ერთი ერთი კვირის შემდეგ გაპარულა და პატრონს გაჰყოლია, მეორე პაპაჩემთან დარჩენილა. ოღონდ ბებიაჩემი ამბობდა, ის ფორე მოსულიშვილი 1943 წელს მოვიდა ჩვენთან, პაპაშენი ცოცხალი არ დახვდა, იტირა და წავიდაო. პაპაჩემი 1943 წლის მარტში დაიღუპა. ომიდან გამოუშვეს და აქ მოჰყვა ავტოკატასტროფაში. შეიძლება, ფორე რომ მოვიდა, პაპაჩემი ომში იყო წასული და ბებიაჩემს აღარ ახსოვდა. ფორეც უნდა წასულიყო და რაღაც წინათგრძნობით თავისი თავიც და პაპაჩემიც დაიტირა. ყოველ შემთხვევაში, პაპაჩემი მეგობრობდა ერთ მოსულიშვილთან, რომელსაც ფორე ერქვა და იტალიის ეროვნულ გმირს გარეგნობითაც და ბიოგრაფიითაც ძალიან ჰგავდა.
_ მწერლის ხელოვნებას რომელი მწერლები უფრო გასწავლიდნენ და რატომ?
_ ილია, აკაკი, ვაჟა. დიდი მწერალი რომ გახდე, მარტო კარგად წერა არ არის საკმარისი, მოქალაქეც უნდა იყო. ეს მწერლები მოქალაქეები არიან.
_თანამედროვე ლიტერატურას თუ კითხულობ? ადრე ინგლისურის ლექსიკონებითაც გნახე _ ინგლისურად ხომ არ ეცნობი წიგნებს?
_ თითქმის ყველა თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოები მაქვს წაკითხული, თუ ყველა არა, ერთი მაინც, დაახლოებითი წარმოდგენა მაინც რომ შემექმნას მათზე. ინგლისურად, ჯერჯერობით, კლასიკას ვეცნობი.
_ როგორც გავიგე, ინგლისელებიდან პოეტი ჯონ უილმოტი, იგივე ლორდი როჩესტერი, გიყვარს და მისი ლექსის თარგმნასაც კი აპირებდი.
_ ვიცოდი, რომ იყო ასეთი პოეტი, მერე ხელში ჩამივარდა მისი ბიოგრაფია, რომლის ავტორიც არის გრემ გრინი. ძალიან მინდოდა მისი “ბუალოს მერვე სატირის მიბაძვა” მეთარგმნა, მაგრამ მისი ლექსები ინგლისელებისთვისაც ძნელად ხელმისაწვდომი ყოფილა. “მას სძულდა საგანი, რომელიც უყვარდა, სიყვარულის, ვნების, სიკვდილისა და სიძულვილის აღრევით”, _ წერს გრემ გრინი. ჯონ უილმოტის ზოგიერთი ლექსის თარგმნა ვცადე. საოცარი პოეტია. მის ლექსებში მართლაც სიყვარული, ვნება, სიკვდილი და სიძულვილია აღრეული. რომ დარწმუნდეთ, ერთი ციტატის აქ მოყვანას გავბედავ:
“Let the porter and the groom
Things design’d for dirty slaves,
Drudge in fair Aurelia’s womb,
To get supplies for age and graves”.
ამ სტროფის პწკარედული თარგმანი ესაა: “დაე, მეკარემ და მეჯინიბემ, ბინძური მონებისთვის განკუთვნილმა არსებებმა, იჯაფონ მშვენიერი აურელიას საშოში, რათა აიღონ მარაგი ასაკისა და საფლავებისთვის”. მე დედნისეული კადნიერება შევარბილე და ასე ვთარგმნე:
დაე, მეკარემ და მეჯინიბემ,
მონური შრომა შეჰფერის ვისაც,
მნათ ავრელიას ცნობის მარაგი
გადაუნახონ ასაკს და მიწას.
_ ინგლისში რომ მიდიოდი, იმ ამბის შემსწრე მეც ვიყავი, _ ლატარიის გათამაშება მოიგე, და მერე რა მოხდა?
_ ეს მოთხრობის სიუჟეტია და ოდესმე აუცილებლად დავწერ.
_ შენ, როგორც მწერალი, როგორ აპირებ ცხოვრებას?
_ არ მინდა ჰონორარზე დამოკიდებული მწერალი ვიყო. ვისი ერთადერთი შემოსავალიც ჰონორარია, მისი მართვა უფრო ადვილია. ვეცდები, ისეთ პროფესიას დავეუფლო, ძლიერთა წინაშე ხოხვა რომ არ დამჭირდეს. პროფესია ბევრი მაქვს: ეკონომისტიც ვარ, პედაგოგიც, რეზერვის ოფიცერიც, მაგრამ სხვა პროფესიების დაუფლება მაინც აუცილებლად მიმაჩნია.
2004

დანართი
ნიკო ყიფიანის წიგნიდან “ერთხელ წასაკითხი მოთხრობები” (2005)
ნიკო ყიფიანი (14.06.1976 – 19.06.2005).
გაიზარდა სოფელ ხაშმში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. ბავშვობიდან წერდა მოთხრობებს, პიესებს, ზოგჯერ ლექსებსაც, საკუთარ მოსაზრებებს. აკეთებდა თარგმანებს და მეგობრებს აცნობდა თავის ნაწერებს, სანამ გამოქვეყნებას დაიწყებდა ჟურნალ “ცისკრისა” და “ლიტერატურული პალიტრის” ფურცლებზე. იყო ზნეობრივად და ვაჟკაცურად ლამაზი ადამიანი, გოლიათურად ძლიერი აღნაგობის და სათუთი სულის მქონე. 2002 წელს მიიწვიეს ხაშმის საშუალო სკოლაში სამხედრო საქმისა და ეკონომიკის მასწავლებლად. იმავდროულად სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ სპეციალობათა ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილებაზე. უნდოდა, კვლავ დაბრუნებოდა თავის პირველ პროფესიას და გაეკეთებინა სრულყოფილი ნაშრომი საქართველოს სამხედრო ფინანსების შესახებ. 2005 წლის 13 ივნისს გამოძახებულ იქნა შაქრიანის რეზერვისტთა ბატალიონის 21 დღიან შეკრებაზე, სადაც პატრიოტული სულისკვეთებით და სიხარულით გამოცხადდა 16 ივნისს. 19 ივნისს ნიკო ყიფიანი თავის საწოლზე მკერდში ტყვიით განგმირული იწვა.
ნინო ყიფიანი
წინათქმა
სოფელი ხაშმი ჩემს წარმომავლობას უკავშირდება. ხაშმელი იყო დიდედაჩემი – ეფემია ინანიშვილი, ვისაც წიგნის სიყვარულს და კარგ კალიგრაფიას ვუმადლი, ხაშმელი გახლდათ მისი ძმისშვილი და ბიძა ჩემი – რევაზ ინანიშვილი, ვინც ვაჟა-ფშაველას და გიორგი ლენიძის გზა გააგრძელა ქართულ პროზაში.
ხაშმელმა კაცმა ან ქალმა რაიმე საქმეში თავი გამოიჩინა, წარმატებას მიაღწიაო, რომ გავიგებ, ბუნებრივია სხვანაირად, გამორჩეულად გამიხარდება ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც, როცა ნიკო ყიფიანის, მისი ნაწერების ქება მოვისმინე პირველად. თანაც მოვისმინე რიგითი მკითხველისგან კი არა, ვის მოსაზრებასაც ანგარიშს ვუწევ, არამედ ნაღდი პროზის ნაღდი შემფასებლისგან, ვის სიტყვასაც ლამის უყოყმანოდ ვენდობი. ჩემთვის უცნობი ავტორი მიხო მოსულიშვილმა აღმომიჩინა – წამაკითხა მისი მოთხრობები და მოთხრობებთან ერთად ინტერვიუც, მე მგონი, პირველი და უკანასკნელი მის ცხოვრებაში, სადაც რამდენიმე ისეთი მოსაზრება ამოვიკითხე ლიტერატურის შესახებ, ჭარმაგი მწერლის დაწერილი გეგონებოდა. მიხომ ისიც მითხრა, შენი გაცნობა უნდაო. ტრაგიკულ აღსასრულამდე ერთი თვით ადრე მესტუმრა, საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი და შინ ყავარჯნის დახმარებით ვმოძრაობდი.
ზარი რომ დაირეკა და კარი გავაღე, ჯერ მიხომ შემომღიმა და მერე მის უკან მდგომმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ფონზე ჩემი ჯირკვივით მეგობარი ერთ ტანმორჩილ ვინმედ მომეჩვენა.
აი, ეს არი ნიკო ყიფიანიო, – მითხრა მიხომ.
ჩამომართვა ხელი ახალგაზრდა კაცმა და წითელი ღვინით სავსე ათლიტრიანი ჩამოდგა იატაკზე, სისხლი ბლომად დაგიკარგავთ და თქვენთვის ეხლა ეს წამალიაო.
ხაშმური საფერავი იყო, “დევის სისხლად” რომ მოიხსენიებენ, ის ღვინო.
დავსხედით, ვილაპარაკეთ. არც საფერავი დაგვილევია, არც სხვა რამ, შინ რომ მეგულებოდა. ვილაპარაკეთ წიგნებზე და მწერლებზე. სკოლაში ახალი მისული ვიყავი სამუშაოდ და ნიკოს მასწავლებლობის ამბავი რომ გავიგე, გავიხარე – მარტო ერთი ძაფი არ მაკავშირებს მეთქი ამ კაცთან.
ეს ძაფები ერთი თვის თავზე გაწყდა.
პირველი, ვინც იმ თავზარდამცემი ამბის შეტყობისას გამახსენდა, ალალე დევიშვილი იყო, რევაზ ინანიშვილის პაწია მოთხრობის გმირი, გოლიათური აღნაგობის, მართლა დევივით ბიჭი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თავად უსვამს წერტილს ერთი შეხედვით უბრალო მიზეზის გამო – ღატაკი და უპოვარი, ძმის ნიშნობაში ვერ ახერხებს წასვლას, რადგან თავის ზომის ახალუხს ვერ თხოულობს.
პაწია მოთხრობას “ცოდვა დიდისა” ჰქვია.
ზაალ სამადაშვილი
მინაწერი:
ეს კი ნიკო ყიფიანის პირადი გვერდია – http://literatura.ge/index.php?author=16189
და მკითხველის კომენატებს მისი და, ნინო ყიფიანი პასუხობს.

