ლაკბე

ზაალ სამადაშვილი

Posted in ინტერვიუ by Mikho Mosulishvili on იანვარი 5, 2009

samadashvili-zaali

“თოლიების დამპურებელი”
(ინტერვიუ ზაალ სამადაშვილთან მისივე მინიატურების თანხლებით)

ზაალ სამადაშვილი დაიბადა 1954 წლის სამ ოქტომბერს, თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ოცდამესამე საშუალო სკოლა, ხუთი წლის შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და შვილი.
მისი პირველი მოთხრობა “გარსევანი” დაიბეჭდა ჟურნალ “ცისკრის” დამატება “ნობათში” 1983 წელს.
ათი წლის შემდეგ გამომცემლობა მერანმა დასტამბა ზაალ სამადაშვილის მოთხრობების პირველი კრებული – “გიტარაზე ამოთქმულ ხრინწინა სიმღერასავით”.
ამჟამად არის ლიტერატურულ ჟურნალ “მეოცე საუკუნის” მთავარი რედაქტორი, ამავე ჟურნალთან არსებული მწერალთა გაერთიანება “მეოცე საუკუნის” წევრი და ქართული პენ-ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.
წელს გამომცემლობა “საარმა” მკითხველს შესთავაზა მხატვარ ზურაბ მიმინოშვილის მიერ ჩინებულად გაფორმებული ზაალ სამადაშვილის კრებული სახელწოდებით “ალი გამურულ შუშაში”.
სანამ მწერალთან ინტერვიუს დავიწყებდეთ, გთავაზობთ მის ერთ მინიატურას:

ავტოპორტრეტი

იცი, ვის ვგავარ ახლა? – სერჟ გინზბურგს… გემახსოვრებათ, ფრანგი შანსონიე იყო, სცენაზე ნასვამი გამოდიოდა, ანთებული სიგარეტით ხელში… სცემდა ბოლთას ვეებერთელა აუდიტორიის წინაშე და ფრაზებთან ერთად ბღუჯა-ბღუჯა ფანტავდა თამბაქოს ბოლს… ვერ გაიგებდი, მღეროდა თუ ხმამაღლა ფიქრობდა…

- როგორც ვიცი, თქვენი მოთხრობების პირველი შემფასებელი ბატონი რეზო თაბუკაშვილი იყო, რომელმას შემდეგ კინოსტუდიასთან არსებულ მწერალთა გაერთიანებაში მიგიწვიათ. მანამდე?

- რაც შეეხება ჩემს ლიტერატურაში მოსვლას, თუ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ არის, მე, სამწუხაროდ, თვრამეტი წლისამ არ ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა და ამიტომ აღმოვჩნდი ფაკულტეტზე, რომელსაც მომავალში ვერაფრით დავუკავშირე საკუთარი თავი. ისე, სკოლაშიც ხუმრობით არალეგალურ კედლის გაზეთს ვუშვებდით, მერე უნივერსიტეტშიც და ასე, რაღაცნაირად, თამაშ-თამაშით მოვედი ლიტერატურაში. ეს არ იყო მკაცრად გადაწყვეტილი ან ბავშვობიდან გამოყოლილი სურვილი, ისე თამაშ-თამაშიტ მოხდა ჩემი გამოჩენა ლიტერატურული პრესის ფურცლებზე.

- როცა მაგიდასთან ზიხარ და მუშაობ, ზურგს უკან გარკვეული გამოცდილება გაქვს – რამდენად აისახება და როგორ იცვლება იგი ნაწარმოებში?

- ერთხელ წავიკითხე, ასეთი შეფასება იყო ჩემი ნამუშევრების, რომ საკმაოდ ავტობიოგრაფიულიაო. მე ვეთანხმები ამ შეფასებას და ეს გარკვეულწილად პასუხიც არის თქვენს შეკითხვაზე. მუშაობისას ოთხმოცდაათი პროცენტით ვეყრდნობი საკუთარ გამოცდილებას, ტავგადასავლებს და პერიპეტიებს, რომლებიც ცხოვრების მანძილზე გადამხდენია.

- მეტად მნიშვნელოვანია ის დახვეწილობა, თქვენი ნაწარმოებების წაკითხვისას რომ იგრძნობა. ძალიან ლაღად რომ მიდის, მკითხველის თვალი რომ მინვარდობს სტრიქონებზე, სწორედ მაშინ ეტყობა, რამხელა შრომაა ჩადებული ნამუშევარში. როგორ მუშაობთ?

- ძალიან მიყვარს გადაწერა. მე ვარ, თუ შეიძლება ითქვას, გადაწერის მანიაკი. ამ დროს ვღებულობ ყველაზე დიდ სიამოვნებას, სწორედ ამ დახვეწის პროცესში. დაახლოებიტ ათჯერ, თხუთმეტჯერ შემიძლია გადაწერა და ვწერ კიდეც. მთელი ეს პროცესი ერთი შტრიხით შემიძლია ასე დავახასიათო – ძალიან მიყვარს გადაწერა. “გადაწერაში” იგულისხმება გარკვეული პასაჟების შეცვლა, დახვეწა, გადაადგილება, ზედმეტი რაღაცეების ამოღება. სხვათაშორის, ამოღებაზე უფრო მეტი დრო მიდის, ვიდრე ჩასმაზე.

- დილეტანტების შეხედულებით, პროზას არა აქვს რიტმი, მაგრამ საუკეთესო ნაწარმოებები პირველ რიგში სწორედ ამ შეხედულებას უარყოფენ. თქვენ როგორ აგებთ თქვენ ნაწარმოებების რიტმს, რომელიც მე სხვადასხვა მუსიკალურ ჟღერადობებს მახსენებს, განსაკუთრებით კი, ჯაზს და კერძოდ, ბლუზს…

- მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ მოთხრობა იქნება, ნოველა, რომანი თუ პიესა, ჩემი სუბიექტური და უმაღლესი შეფასება არის, თუ რამდენად პოეტურია იგი. მგონია, რომ ყველაზე ძნელად მისაღწევი არის პოეზია. რაც პოეტურია, ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ, ამ შედეგს მივაღწიო. მინდა, მაქსიმალურად პოეტური იყოს ის, რასაც მე ვაკეთებ. აქედან გამომდინარე, გაგიჩნდათ მუსკის შეგრძნება ჩემი ტექსტების კითხვისას, რაც ძალიან მახარებს. მუსიკა ხომ პოეზიაა. ყოველთვის ვცდილობ, ნამუშევარი მაქსიმალურად პოეტური იყოს. მე, ეტყობა, შეუმდგარი პოეტი ვარ. რეზო ინანიშვილსაც აქვს ერთი ასეთი ნათქვამი – მე პოეტივით პროზაიკოსი ვარო. აი, როგორ ეხმიანება დიდი ქართველი მწერლის აზრი ჩვენს საქმიანობას. მეც ვკადნიერდები და ასეთ პასუხს გაძლევთ.

გახსენება

დააწყვეტენ ნერვებს, გამოაცლიან ენერგიას. დაშოშმინდებიან, მიჩუმდებიან. ზის სამზარეულოს მაგიდასთან და ვეღარაფერს ვეღარ წერს იმდღევანდელი უმარტივესი შთაბეჭდილებების გარდა. ასეთ დროს, როგორც წესი, ახსენდება ხოლმე ბიძა, ძალიან კარგი მწერალი, რომელიც მუდმივად ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქმნიდა თავის არაჩვეულებრივ, უაღრესად მგრძნობიარე პროზას.

- ვფიქრობ, ეს მინიატურა ბარონ რეზოს ეძღვნება…

- ჰო…

- არსებობს სიტყვის გრძნობა, როგორც მუსიკალური სმენა, რომელსაც ყოველდღიური დახვეწა და მუშაობა სჭირდება. თქვენ როგორ მუშაობთ ენაზე?

- საუკეთესო ვარიანტია, აბსოლუტური სმენა გქონდეს. ამის გარეშე წარმოუდგენელია ისეთი ეფექტის მიღწევა, რომელსაც პირადად მე ან სხვა ავტორს დააკმაყოფილებდა. ამიტომ, მე მგონია, რომ “ენაზე მუშაობა” სწორი განმარტება არ უნდა იყოს… კიდევ ვიმეორებ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გამოცდილებას, პერიპეტიებს, ასევე შემიზლია ვთქვა, რომ ნაკლებად “ვმუშაობ ენაზე”, უფრო მეტად ვენდობი სმენას, რომელიც მთლად არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მთლად უსმენოც არა ვარ.

ვეტერანი

დილაადრიან, რძის რიგში, ახალგაზრდა კაცი, რა კაცი, ბიჭი – გამოუძინებელი, თმააბურძგნული, შემცივნული – მაღალ, ხმელ-ხმელ ბერიკაცს, მეორე მსოფლიო ომსი მიღებული მედალი ტუ ორდენი რომ მოუჩანს გაქუცულ, კალთებშემოძენძილ პალტოს ქვეშ და ცარიელი, საგულდაგულოდ გამორეცხილი ბოთლების ჩაბარებას ლამობს ურიგოდ – ხმამაღლა, ყველას გასაგონად ეუბნება:
- აღარ მორჩა თქვენი “ბაირამი”?!

- ესე იგი, თქვენ თვალის კი არა, უფრო სმენის მწერალი ხართ.

- ასე მგონია.

- თქვენ გაქვთ ნოველა “ჩვენთან, მალმიოში”. მთავარი გმირი ავად არის, წევს და უცხოეთში ოჯახიანად გადახვეწილი მეგობარი ესტუმრება. ამ ნოველის ჩამოქნილი სტილის მიღმა ძალიან დიდი სიჩუმე იგრძნობა, სიჩუმე, რომელიც ღრმა გულისტკივილით არის გამსჭვალული… რამ გიბიძგათ ამ ნაწარმოების შესაქმნელად?

- ვენეციაც, რომიც და პარიზიც ჩვენია, რასაკვირველია, მაგრამ არ მინდა იმ გაგებით “ჩვენად” იქცეს, როგორც ამ პატარა ნოველაში ხდება და ამის გამო, სათაურად გატანილი ამ ორი სიტყვის შეუსაბამობაზე დავსვი აქცენტი. იმიტომ, რომ, როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს იქ, მაინც არ მინდა, თუნდაც “მალმიო” იყოს უფრო ჩემი, ვიდრე თბილისი. ამიტომ დავწერე. ამ ნოველაში არის დედა-შვილ, ინოლა გურგულიასა და მამუკა სალუქვაძის გახსენება. ინოლას წიგნების თაროში ედო ოდრი ჰეპბერნის ფოტო ნატაშა როსტოვას როლში. ეს ძალიან მკაფიო შთაბეჭდილება იყო ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან. მამუკა ჩემი მეგობარი იყო…

- ნაწარმოების დამთავრების შემდეგ ხომ არ გრძნობტ ხოლმე, რომ სიცარიელეში ხართ?

- ეჭვები მაქვს, მაგრამ ასეთი შეგრძნებები – არა. ვეჭვობ, როგორი გამომივიდა, მაგრამ მასეთი მძაფრი დამოკიდებულება არა მაქვს. თქვენ ახლა რასაც ბრძანებთ, არჩევანთან დაკავშირებული შეკითხვაა და, ასეთი შეკითხვები და ტანჯვები არასდროს მიჩნდება. მაინტერესებს, კონკრეტული საქმე როგორ შევასრულე.

საბრალონი

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, რკინიგზის პირას, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან, მზით გახურებულ ლოდებზე ჩამომსხდარ გლახაკთა შორიახლოს, უჯრულა თავშალით სახედაჩრდილული მოხუცი თავის შვილიშვილებს – ორ ბიჭუნას ელოდება…
ჩამოკონკილმა და ჭუჭყიანმა, შავტუხა ბიჭუნებმა პირჯვრის წერით და ძლივსგასაგონი ბუტბუტით უნდა ჩამოიარონ საფლავები და გაქონილი ცელოფანის პარკები ნაწყალობევი წითელი კვერცხებით, ლორისა და სააღდგომო ნამცხვრის ნაჭრებით უნდა გაავსონ…
შებინდებისას ისინი, სამნი, შპალებს უნდა გაუყვნენ და გემრიელად ივახშმონ მაზუთის სუნით გაჟღენთილ დასახლებაში, რომელიც ორმოცდაათი წლის წინ მათსავით საბრალო ქალებმა და ბავშვებმა შეაკოწიწეს…

- საზოგადოების დამოკიდებულება, ერთის მხრივ, ქება და მეორე მხრივ, ძაგება, მოქმედებს თუ არა თქვენზე?

- შემიძლია თამამად მოგახსენოთ, რომ განებივრებული ვარ – თუნდაც იმიტომ, ასე რომ გალაპარაკებენ საკუთარ თავზე. მე არავის ვუძაგებივარ. მე ვთვლი, რომ ზალიან კარგია, როცა მწერალს აქებენ – ეს სტიმულს აძლევს.
- საკუთარი ნაწარმოებების წერაში ჟურნალ “მეოცე საუკუნის” რედაქტირება ხომ არ გიშლის ხელს?

- თუკი მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ იყო რედაქტორი, კეთილი უნდა ინებო, მოიხსნა დაფნის გვირგვინები შუბლიდან და იყო რედაქტორი. მე მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ ჟურნალს აკეთებს არა რედაქცია, არა კოლექტივი, არამედ რედაქტორი, რომელიც შეიზლება იყოს ლიტერატორი, ესეისტი, მწერალი, მაგრამ ყოველშემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიცნევს ჟურნალის კეთებას.

- ბატონო ზაალ, მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისათვის, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წიგნს – “ალი გამურულ შუშაში” და ტუ ნებას მომცემთ, ჩვენ ინტერვიუს ამ კრებულიდან ამოღებული მინიატურებით შევავსებ.

- მთავარია, რომელი მინიატურით დაასრულებთ…

- “თოლიების დამპურებლით”, რადგან მგონია, რომ ყველა მწერალი, ასე თუ ისე, სულ ცოტათი მაინც – თოლიების დამპურებელია…

- კი, ბატონო.

თოლიების დამპურებელი

კაცს, რომელსაც ჯიბით პური დააქვს თოლიებისათვის, კუთვნილი უკუფის ნახევარი, ყველაფერი ზველი და პეწდაკარგული აცვია – პალტოც, შარვალიც, ფეხსაცმელიც. ქუდის ძველმოდური ახურავს, თხუთმეტი წლის წინათ ჩუღურეთელ ოსტატთან შეკერილი ბუკლეს კეპი… მას, რა ტქმა უნდა, არ წაუკითხავს რიჩარდ ბახის “თოლია ჯონატან ლივინგსტონი”, მაგრამ იმის გამო, რომ ხიდზე მდგარს დიდხანს, ძალიან დიდხანს შეუზლია უყუროს ფრინველებს, იცის, როგორ გულმოდგინედ ხვეწენ ისინი ფრენის ილეთებს.

2001 წელი

მინაწერი რვა წლის შემდეგ:
ამ სიტყვითდუელის გმირი ამჟამად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეა და გარდა იმისა, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ისეთი ახალი წიგნებით გაახარა თავისი მკითხველი, როგორებიც გახლავთ – “ბოშები” (2003), “პლეხანოვური ამბები” (2004), “სანრო კანდელაკის ჩექმა” (2006) და “დუეტი” (2008), ლიტერატურული კონკური “გალაც” გამოიგონა – შარშან მეორედ ჩატარდა ამ პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს საზეიმო გადაცემის ცერემონიალი და – პრემია “გალა” დაუმსახურებლად არავის მიუღია…
მრავალ ახალ წელს, ზაალ სამადაშვილო…

2009 წლის 5 იანვარი.

დატოვეთ გამოხმაურება

You must be logged in to post a comment.