ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

ვახტანგ ჯავახაძე: ”აი, დეგა: გედია!”

leave a comment »

აი, დეგა: გედია!

(ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან)

 

- ბატონო ვახტანგ, ყველაფერი ისე კარგად გაქვთ ნაამბობი თქვენს ბიოგრაფიულ რომანში “უცნობი”, რომელიც მართლაცდა ჯერაც ნაკლებად ამოცნობილ გალაკტიონს გვიხატავს, რომ, თუკი ერთი მხრივ, ვეღარ გამიბედავს გკითხოთ, მეორე მხრივ ეს შეკითხვა იმ მკითხველისთვის მაინც ხომ იქნება უპრიანი, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს ეს ჩინებული წიგნი – საქართველოს პოეტების მეფესთან, ანუ გალაკტიონ ტაბიძესთან თქვენი შეხვედრებიდან მაინც რომელს გამოარჩევდით და რატომ?
- გალაკტიონი მთელი თბილისისა და თბილისელების ნაცნობი უცნობი გახლდათ. მეც თბილისის ქუჩებში ვხვდებოდი და გამძაფრებული ინტერესით ვაკვირდებოდი.
1953 წლის 1 ნოემბერს უნივერსიტეტში მოვიწვიეთ. ახალგაზრდა პოეტები ლექსებით მიესალმნენ. მეც ლექსი წავუკითხე. შუბლზე მაკოცა და ერთი კვირა პირი არ დამიბანია.
მეორედ ვერის (ამჟამად გალაკტიონის) ხიდზე შევხვდი. ნასვამი ბრძანდებოდა და ჩემს თანამგზავრს მიმართა:
- რა ლამაზია მტკვარი, ქალიშვილო, ბარათაშვილს უყვარდა მტკვრის პირას ხეტიალი… კარგია მტკვარში თავის დახრჩობა!
მესამედ პირადად გავიცანი 1958 წლის იანვარში, როდესაც გალაკტიონის რჩეულის შედგენა დამევალა. ამ გაცნობის შედეგად დაიწერა “უცნობი”.
- ეს წიგნი ისეთი დაწერილი ჩანს, რომ თითქმის მთელი ცხოვრება შეგილევიათ მისი შექმნისთვის და ხომ არ გაგვიმხელდით, რა სიძნელეები შეგხვდათ “უცნობზე” მუშაობისას?
- “უცნობი” ჩემი ცხოვრების წიგნი აღმოჩნდა. 22 წელიწადია ვწერ და ჯერაც არ დამისრულებია. ამჟამად ვამზადებ მეოთხე საბოლოო გამოცემას – დაზუსტებულსა და შევსებულს. ეს ოცდაორი წელიწადი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლებია, სასიამოვნო მოულოდნელობებითა და აღმოჩენებით აღსავსე წლები. ერთადერთ და მთავარ წინააღმდეგობას 1985 წელს წავაწყდი. წიგნის პირველი ვარიანტის დაბეჭდვას “მნათობი” აპირებდა. ცეკადან დარეკეს და ჟურნალის ბეჭდვა შეაჩერეს, ცენზორის მიერ ნებადართული აპოლოგია აკრძალეს. აღმოჩნდნენ პიროვნებანი, რომლებსაც არ აწყობდათ გალაკტიონის ტრაგედიის გამოაშკარავება და ძალაც შესწევდათ ჟურნალის ბეჭდვა შეეჩერებინათ. ორი წლის შემდეგ “განთიადის” რედაქტორად რეზო ჭეიშვილი დანიშნეს და მშობლიურ ქუთაისში “გავაპარეთ” “უცნობი”.
- ამასწინათ გაზეთ “პარნასის” მეცხრე ნომერში კი ვიხილეთ თქვენი ლექსების ვრცელი პუბლიკაცია, მაგრამ მაინც იშვიათად ამზეურებთ ხოლმე საკუთარ პოეზიას და საინტერესოა, “უცნობმა” ხომ არ შეგიშალათ ხელი?
- ძნელი გასაცნობიერებელია – ავიწროებს თუ არა “უცნობი” ჩემს ლექსებს. ასეც რომ იყოს, კომპენსაცია ღირსეულია.
- “წუთისოფლის ნახევარი
კითხვის ნიშნებს დავახარჯე:
ალაგ-ალაგ ვახტანგი ვარ,
ალაგ-ალაგ – ჯავახაძე”.

აი, ასეთ თვითირონიულ სტრიქონებსაც შეხვდება დაინტერესებული კაცი თქვენს მომცრო კრებულში “ვახტანგური” და მეც ამავე სტილში დავინტერესდები – აბა, ვახტანგ ჯავახაძე როდისღა ხართ?

- გაორება ყოველ მეოცნებეს ახასიათებს, პოეტი კი უპირველესი მეოცნებეა.
- “ეგ ილოთე, თოლიგე,
აი, დეგა: გედია!
ითამაშა შამათი,
აედემა მედეა.
აბელიც ეცილება:
ამ აჯამა, მაჯამა,
ადონორა რონოდა,
ამაჯამა მაჯამა”.

მოდით, ეს თქვენეული პალინდრომი შესაფასებლად კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს და ეგებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზიის ეს ქვეთავი? ან “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებული ნახატი პალინდრომები – “33 აცა ბაცა”? ანდა თქვენი “გრაფიკული ლირიკის” ციკლი: “ავტოპორტრეტი”, “პირამიდა”, “შადრევანი” და ასე შემდეგ?

- გურამ ასათიანმა დაწერა: “პოეზია ვერ ძლებს უცნაურობის გარეშეო”. მე ძალიან მიყვარს მხატვრობა და ვერ ვხატავ. ამიტომ ვიყენებ ისეთ ფორმებს, რომლებიც ლირიკისა და გრაფიკის საწყისებს შეიცავენ. ვიზუალურმა პოეზიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნურც ჩვენ ჩამოვრჩებით.
- ჩვენი დღევანდელი ლიტერატურიდან რა უფრო ფასეულია თქვენთვის?
- დღევანდელ ლიტერატურულ ფასეულობათაგან ორი პუბლიკაცია უნდა გამოვყო: ნუგზარ შატაიძის “პურის მოთხრობა” და ოთარ ჭილაძის რამდენიმე ლექსი, რომლებიც ამ ორი წლის წინათ “მნათობში” დაიბეჭდა. ეს ლექსები რომ წავიკითხე, ერთხელ კიდევ დამწყდა გული იმის გამო, რომ მათი ავტორი იშვიათად სწყალობს პოეზიას, თუმცა დიდი წარმატებით იღწვის პროზაში. ალბათ ორი ოთარ ჭილაძე უნდა გვყავდეს: ერთმა ლექსები წეროს და მეორემ – რომანები.
- საინტერესოა, როგორ აფასებენ ერთმანეთს მამა-შვილი ვახტანგ და ირაკლი ჯავახაძეები?
- მამა და შვილი ერთმანეთის შემფასებლებად ვერ გამოვდგებით. შენიშვნით კი შევნიშნავ: შვილო ირაკლი, გრაფომანობისგან ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ არც ნამეტანი “პროზაული სიზარმაცე” ვარგა.
ახლა, ჩემო მიხო, სჯობია დროულად შევწყვიტოთ ჩვენი მინი-ინტერვიუ, რათა მკითხველს ლექსების წაკითხვის ხალისი არ დავუკარგოთ.

Written by უჩინმაჩინი

დეკემბერი 30, 2008 ზე 8:44 AM

დატოვეთ გამოხმაურება

You must be logged in to post a comment.