ჯემალ ქარჩხაძე
(ბიოგრაფიული მონაცემები)
1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონის სოფელი უხუთი – 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი.
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961 – 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ქართულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში და კინოსტუდია „ქართულ ფილმში”.
პირველი პუბლიკაცია – 1962 წელი, მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი”.
ბიბლიოგრაფია (პირველი გამოცემები):
• „სასწაული” – მოთხრობების კრებული, 1967
• „მეთერთმეტე მცნება” – მოთხრობების კრებული, 1979
• „მდგმური” – რომანი, 1979
• „დღე ერთი” – მოთხრობების კრებული, 1982
• „ქარავანი” – რომანი, 1984
• „ანტონიო და დავითი” – მოთხრობების კრებული, 1987
• „ზებულონი” – რომანი, 1988
• „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” – მოთხრობა, 1989
(ჟურნალი „მნათობი” №9)
• „იუპიტერის სინანული” – მოთხრობა, 1994
• „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” – მოთხრობა, 1998
• „განზომილება” – რომანი, 2001
(პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1999წ. №№3-4-5-6-7)
თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
დავიდ წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.

მიხო მოსულიშვილი
ენა სულიერების სამშობლოა
(დაუმთავრებელი ინტერვიუ ჯემალ ქარჩხაძესთან)
ერთი წლის წინათ ბატონ ჯემალთან ინტერვიუსთვის ოცდასამი შეკითხვა მივიტანე. მერე დროდადრო შევეხმიანებოდი ხოლმე და შევახსენებდი “ცისკრისთვის” შეპირებულ საუბარსაც და რომანსაც…
ვაი, რომ ვერც ამ ინტერვიუს დასრულება მოასწრო და ვერც რომანისა – სულ ცხრა შეკითხვის პასუხები მოიძიეს მისიანებმა, რომან “განზომილების” დამთავრებამდეც ორი-სამი ფორმა დააკლდა.
მიხო მოსულიშვილი
- ალბათ უკვე ნახეთ წლევანდელი “ცისკრის” განახლებული ნომრები… ვინც სატიტულო გვერდზე დაბეჭდილ ჟურნალის დაარსებისა და აღდგენის წლებს დახედავს და უმარტივეს მეთემატიკურ ოპერაციას ჩაატარებს, დაადგენს, რომ წლევანდელი წელი საიუბილეოა ამ გამოცემისთვის… თქვენ რას იტყვით ამ ჟურნალზე?
- “აღდგენა” უფრო, ალბათ, სიმბოლოა და მასში რეალური მემკვიდრეობითობა ნაკლებად იგულისხმება; თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არცა აქვს – ბოლოს და ბოლოს, ისტორიის ერთიანობა სწორედ ასეთი სიმბოლოების მეშვეობითაა შესაძლებელი – მთავარი ის არის, რომ 1957 წელს საქართველოში ახალი სალიტერატურო-მხატვრული ჟურნალი დაარსდა, რაც, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მანამდე, ფაქტიურად ერთი ჟურნალის შემყურე ვიყავით, არ შეიძლებოდა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა არ გამხდარიყო. ახლა შეგვიძლია ვთქვათ – და ეს სრული სიმართლეა – “ცისკარი” დრომ მოითხოვა, მაგრამ ისიც სრული სიმართლეა, რომ “ცისკარმა” ფორმალურ მოთხოვნას გადააჭარბა და გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტურ აზრს შეეძლო ევარაუდა, ვინაიდან ვერავითარი ოპტიმისტური აზრი მაშინ ვერ ივარაუდებდა, რომ “ცისკრისათვის” კულტურული მოვლენის – თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანის – კალაპოტი ვიწრო იქნებოდა და რომ, საერთოდ, მისი მისია სერიოზული ლიტერატურული გარღვევა იყო! არადა, სწორედ ასე აღმოჩნდა…
მართლაც, ორმოცდაათიანი წლების ბოლოს და სამოციანის დასაწყისში, როდესაც ქართული ლიტერატურა ბოლოს და ბოლოს შეუდგა იმ აბსურდული ბორკილების აყრას, რომელიც “სოციალისტური რეალიზმის” სახელითაა ცნობილი, ამ პროცესში ახალგაზრდა “ცისკარმა” ძალზე დიდი, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული როლი შეასრულა. ეს როლი რომ ღირსეულად დაფასდეს, უნდა გავიხსენოთ შრომით ურთიერთობათა სოციალისტური მეთოდი და მექანიზმი, რომელიც – თუ ეროვნულ კოეფიციენტსაც თავის ადგილას ჩავსვამთ – იმდაგვარი იყო, რომ ნებისმიერი დარგის ხელმძღვანელი, მათ შორის, ცხადია, ჟურნალის რედაქტორიც, იდეოლოგიური ერთგულების ფასად თავისუფლების ყველაზე მახინჯ ფორმას, უპასუხისმგებლო თავისუფლებას იღებდა, რაც, ეტყობა, სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობის სრული გახრწნის ნათელ მიზანს ემსახურებოდა (სხვათა შორის, “ფასიანი ერთგულების” ეს მექანიზმი ჩვენში ძალზე საიმედო გამოდგა და “დემოკრატიული” ფერ-უმარილით წათხუპნილი დღესაც წარმატებით გამოიყენება). მართლაც, თავისუფლება, რომელიც კანონით არ რეგულირდება და მორალის ამარაა მიტოვებული, არათუ ჩვენისთანა ნახევრად ველურ ქვეყანაში, მაღალცივილიზებულ სახელმწიფოებშიც კი, სადაც ეს ორი ცნება – კანონი და მორალი – ასე თუ ისე, თანხმობაშია, ისეთ საცთურად იქცევა, ცოტა თუ გაუძლებს. “ცისკარი” ამ მხრივ – ამის ლოგიკური მიზეზების ძებნას ნუ გამოვეკიდებით – იღბლიანი გამოდგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეფარდებითია, რა თქმა უნდა, დრო და გარემოება თავისას ითხოვს, რა თქმა უნდა, კეისარს კეისრისა უნდა მიეცეს და ყველაფერი ასეც ხდებოდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ პირობების კვალობაზე, როგორშიაც მაშინ ლიტერატურა და პატიოსნება იმყოფებოდა, “ცისკარში” – თუ ორიოდე უხამს, მაგრამ ღვთის მადლით ხანმოკლე გამონაკლისებს არ ჩავთვლით – ყოველთვის ჯანსაღი ვითარება სუფევდა. რედაქტორების მორალი და თანამშრომლების ინტელექტი ძირითადად ლიტერატურაზე იყო პროეცირებული. ამიტომ, “ცისკარი” მალე ჭეშმარიტი მწერლობის “საკვანძო სადგური” გახდა და ზემოთ ნახსენებმა ლიტერატურულმა გარღვევამაც, რის შედეგადაც ქართული მწერლობა სოცრეალიზმის ჭაობიდან ამოვიდა, მის მხრებზეც გადაიარა (“განთიადი” სამოცდაათიანი წლების შუაში გაჩნდა, ხოლო “მნათობმა” – ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ – შედარებით ჯანსაღი ლიტერატურული ჰაერით სუნთქვა მხოლოდ ოთხმოციან წლებში დაიწყო, როცა იქ კარდინალური საკადრო და – ამის შესაბამისად – ლიტერატურული, მსოფლმხედველობრივი და მორალური ცვლილებები მოხდა). “ცისკარი” რომ არ ყოფილიყო, დღეს ლიტერატურაში ვეებერთელა ვაკუუმი გვექნებოდა.
ერთი სიტყვით, “ცისკარმა” თავისი დანიშნულება ღირსეულად შეასრულა და თავისი ვალი პირნათლად მოიხადა, შეიძლება ითქვას, გმირობა ჩაიდინა. გმირობა უბედური ქვეყნის პრეროგატივაა, კრიტიკულ ვითარებაში ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალიცაა. ახალმა დრომ კი, არათუ ძველი წყლულები მოგვიშუშა, ახლებიც გამოგვიჩინა – უფრო მძიმე და უფრო საშიში წყლულები, რომლებიც აქამდე რუსული და საბჭოთა ჩვრებით გვქონდა შეხვეული, და დღეს ამ ჩვენს გეგმაზომიერად უკონტროლო ქვეყენაში მორჩილებისა და სიხარბის ტოტალური კონვეიერი ბრუნავს, რომელიც ყველაფერს თავის საზეიმო ფერხულში ითრევს. ვისაც ძალაუფლებაზე ხელი მიუწვდება (ესენი ძირითადად ერის მამები და ბიძები არიან – რჩეულები, სასიქადულოები და თავის ნებაზე მიშვებულები, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გახდა თითით საჩვენებელი), ქვეყნის საბადოებიდან გაჩქარებით ეზიდებიან უკანასკნელ ზოდებს, რათა ოჯახი და კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ეს ორი მყარი ბურჯი, მაქსიმალურად განამტკიცონ და ამ ჭეშმარიტად საშვილიშვილო ამოცანას შეჭიდებულები სულს, კულტურას, საზოგადოდ, იდეალიზმის ნებისმიერ გამოვლენას მხოლოდ ძილის წინ, პირში გამოსავლებად ხმარობენ. დანარჩენები, ვისაც ძალაუფლებაზე ხელი არ მიუწვდა და ვერც ხელმიმწვდომთა ჩრდილქვეშ შეაღწია – დაჩიავებულები, მთვლემარენი და დამოუკიდებელი ნებისგან სავსებით დაცლილები – მორჩილების გამაბრუებელ ფერხულში ტლინკაობენ და შიგადაშიგ შიმშილით იხოცებიან, რაც ფერხულის მომნუსხველ ძალას კიდევ უფრო განამტკიცებს. ამათი ფსიქიკა კი ისეთია, ოღონდაც ნუ გააღვიძებ და რაზეც გინდა, იმაზე დაგიკრავენ თავს. თქმა არ უნდა, ძალიან ძნელია, ამ საყოველთაო სომნაბულიზმს ზურგი აქციო – მორჩილება მაგნიტური სენია – და დონ კიხოტივით სულის მხარეს დადგე, მით უმეტეს, როცა მშვენივრად იცი, რომ დღევანდელი ქართველისთვის სული მეტისმეტად კონტრასტული და გამაღიზიანებელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ საქართველო ახლა კიდევ უფრო უბედურია, ვიდრე აქამდე იყო, და იმ პატარ-პატარა ოაზისების იმედზეა, რომლებიც ამ ჩვენს “დამოუკიდებელ” უდაბნოში აქა-იქ ჯერ კიდევ ბრწყინავს, როგორც ღვთისმშობლის წმინდა ცრემლები. მე იმედი მაქვს, “ცისკარი” ამ ოაზისთა რიცხვშია და, როგორც იმ მძიმე დროში, ამ მძიმე დროშიც ღირსეულად მოიხდის თავის პროფესიულ და მოქალაქეობრივ ვალს.
რაც შეეხება ჟურნალის გარეგნულ სახეს, იგი შეიძლება შეიცვალოს ან არ შეიცვალოს. ჩემი აზრით, ეს მეორეხარისხოვანი საქმეა. ჭურჭელი, ცხადია, რაც უკეთესი იქნება, ისა სჯობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მთავარი ღვინოა და არა ჭურჭელი. იმედი მაქვს, “ცისკარი” სწორედ აქეთკენ მიმართავს ყურადღებას და თავის მრავალრიცხოვან ლიტერატურულ “მსმელებს” შეძლებისდაგვარად ყოველთვის საუკეთესო ღვინით გაუმასპინძლდება.
- გთხოვთ, თქვენს ბავშვობაზე გვიამბოთ – ეს ხომ ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველანი ვბრუნდებით ხოლმე ახალ-ახალი რაღაცეების აღმოსაჩენად…
- ბავშვობაზე ლაპარაკი ძნელია. მე, მაგალითად, თუ ზედაპირს არ გავცდებით, ჩემს ბავშვობაში იმდენი არაფერი მეგულება საინტერესო, რომ მოყოლად ღირდეს, ხოლო ზედაპირს თუ გავცდებით და სიღრმეებისკენ წავალთ, იქ, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის ბავშვობაში, იმდენი რამაა საინტერესოც, ღირსშესანიშნავიც, ტრაგიკულიც, კომიკურიც, პათეტიკურიც და ცრუპათეტიკურიც, ინტერვიუ ვერ დაიტევს. თუმცა, რაკი საშუალება მომეცა, თქვენი ნებართვით, ორიოდე სიტყვას ბავშვობაზე არა, მაგრამ იმ გარემოზე კი ვიტყვი, სადაც ბავშვობა გავატარე, ვინაიდან ეს გარემო განსაკუთრებული და გამორჩეულია, და თუმცა ჩვენ ჩვევად გვაქვს საუკეთესო ეპითეტები დაუფიქრებლად ვფანტოთ მარჯვნივ და მარცხნივ, დარწმუნებული ვარ (სუბიექტური იდეალიზმის კანონებიც ჩემს მხარესაა), რომ ამჯერად ისინი სწორედ თავ-თავიანთ ადგილასაა ნახმარი. ასეა თუ ისე, ვეცდები, ცნობიერ ენაზე ვთქვა, რასაც მთელი ბავშვობა გაუცნობიერებლად ვგრძნობდი. უწინარეს ყოვლისა, ეს იყო ამოუწურავი სილამაზე. თითქმის უსასრულო. სილამაზე, რომელიც პერმანენტულად იბადება, როგორც წყალი მდინარის სათავეში. შესაძლოა, სწორედ სიტყვა “სათავე” მიესადაგება ყველაზე უკეთ აქაურობას. აქ, მაგალითად, თუ სიჩუმეში კარგად ჩაიძირებოდი და გულისყურს გაიმახვილებდი, თავისუფლად შეგეძლო პრეისტორიის იდუმალი სუნთქვა გაგეგონა; ღმერთები და ადამიანები აქ – ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის დროს ნამდვილად ასე იყო – ერთსა და იმავე განზომილებაში ცხოვრობდნენ (არა იმის გამო, რომ ერთმანეთს ჰგავდნენ; ერთმანეთს არ ჰგავდნენ, პირიქით, ადამიანები უფრო ხშირად უღმერთოები იყვნენ, ხოლო ღმერთები არაადამიანურები, მაგრამ ჯერ იმდენად არ გაცალკევებულიყვნენ და იმდენად არ დაპირისპირებოდნენ ერთთმანეთს, რომ დამოუკიდებელი განზომილებები დასჭირვებოდათ); თუ აქაურ ორ მდინარეს, რომელთაგან ერთი ძალიან ცივია და მეორე ძალიან თბილი, აღმა შეუყვებოდი, უღრანი ტყეებისაკენ, ცივილიზაციის ისედაც ნამლევი კვალი მალე სულ წაიშლებოდა და ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდა, თითქოს მდინარეს კი არა, დროის სათავისკენ მიდიოდი; სიტყვა “ხედი” აქ შორს სცდებოდა თავის ჩვეულებრივ, სალექსიკონო მნიშვნელობას, ვინაიდან ლექსიკონის “ხედი” ფსკერს არ მოიცავს, აქ კი ყველგან ფსკერი ჩანდა. იქამდე, რომ, თუ გულით მოიწადინებდი, ცის ფსკერსაც დაინახავდი (ჩვენ, მაგალითად, არა ერთხელ დაგვინახავს – მე და ჩემი ბავშვობის მეგობრებს). ზოგს შეიძლება ყოველივე ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს (უფრო, ალბათ, იმ მიზეზით, რომ საკუთარი თვალით არ უნახავს), მე კი, ასე მგონია, ბევრი დავაკელი – თუ სიჩქარით, თუ მოუხერხებლობით, თუ ინტერვიუს სპეციფიკის გამო. საზოგადოდ, ბავშვობის გარემოზე, ჩვეულებრივ, ვამბობთ ხოლმე: “ჩემი ბავშვობა იმ გარემოში დარჩა”. ეს შაბლონური ფრაზა, ალბათ, სიმართლეა, მაგრამ ისიც სიმართლეა (ვინ იცის, უფრო მაღალი ხარისხის სიმართლეც), რომ, როცა მივდივართ, გარემოც მოგვყვება და, როგორც ერთგვარი აურა, მუდამ თან გვახლავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ეს სრულიად დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა და არგუმენტად ის ფაქტი მოვიტანო, რომ, საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებული.
- ეგებ ის დრო გაიხსენოთ, ის ატმოსფერო, როცა თქვენი პირველი ნაწარმოები გამოქვეყნდა?
- ჩემი პირველი პუბლიკაცია, უფრო სწორად, პირველი პუბლიკაციები – შეიძლება მართლა იყოს გახსენების ღირსი. ძნელი სათქმელია, რა მეტია ამ ამბავში – კურიოზი, კომიზმი თუ ბანალური რეალობა – ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ, ამ პუბლიკაციების მეშვეობით, ერთი მხრივ, ძალზე რელიეფურად გამოიკვეთა სწორედ დრო და ატმოსფერო თავისი ავითა და კარგით, ხოლო, მეორე მხრივ, მე ჩემი ლიტერატურული ცხოვრების დასაწყისშივე თითქმის ერთდროულად ვიგემე შემოქმედების სიტკბოცა და სიმწარეც. ეს ასე მოხდა: სამოციანი წლების დასაწყისში, როგორც იქნა, გავბედე და რამდენიმე მოთხრობიდან, რომლებიც უკვე დაწერილი მქონდა, ერთ-ერთი ჟურნალ “მნათობში” მივიტანე. პასუხისათვის რომ მივედი, მოთხრობა უკვე სტამბაში იყო. მაშინ არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება და რომ ძნელი წარმოსადგენია, დამწყებ მწერალს უფრო დიდი წარმატება დაატყდეს თავს, ვიდრე ის, რომ მისი ნაწარმოები წაკითხვისთანავე დასაბეჭდად გაიგზავნოს. ასე იყო თუ ისე, რაკი ერთი მოთხრობა მომიწონეს, მეც ავდექი და კიდევ ორი მოთხრობა გავაქანე რედაქციაში. მართლაც, ერთი მათგანი – სახელად “ისტორიული რომანი” – უახლოეს ნომერში გაუშვეს. ის რომ გამოქვეყნდებოდა, დაპირებისამებრ, მეორესაც გაუშვებდნენ. ერთი სიტყვით, დებიუტი ისეთი იყო, თავი რომ სიზმარში გგონია და გამოღვიძება აღარ გინდა. და სწორედ ამ დროს მოპირდაპირე პოლუსზეც ამოვარდა ქარიშხალი: გამოვიდა თუ არა ჟურნალი, ჩემი ნალოლიავები “ისტორიული რომანი” დაუყოვნებლივ მიწასთან იქნა გასწორებული გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებზე და მიწასთან იქნა გასწორებული კრიტიკოს ბესარიონ ჟღენტის მიერ. უფროსმა თაობამ იცის, რას ნიშნავდა ცალკე კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი, ცალკე გაზეთი “კომუნისტი” და ცალკე მათი ალიანსი – კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებზე. ამიტომ მაინცდამაინც გასაკვირი არ არის (თუმც კი ჩემმა ახალგაზრდულმა მაქსიმალიზმმა მაშინ ჟურნალის რედაქციას ეს სიმხდალედ ჩაუთვალა), რომ შემდეგი მოთხრობა არ დაიბეჭდა, ხოლო როცა მივაკითხე, ფრაზების ნაწყვეტებითა და მრავალწერტილებით გამომისტუმრეს (“ახლა ეს… არა… იქნებ სხვა რამე… მერე…” და სხვ.) და დასაბეჭდად გამზადებული მოთხრობაც უკან გამომატანეს. ასეთი გახლდათ დრო, ასეთი გახლდათ ატმოსფერო და ასეთები გახლდნენ ადამიანები, რომელთაც ხან აიძულებდნენ, დროისა და ატმოსფეროს მორჩილნი ყოფილიყვნენ, ხან ვერა. ამის შემდეგ, მთელ ჩემს ლიტერატურულ გზაზე, არც ასეთი ტრიუმფი მიგემია (ერთი გამონაკლისის გარდა) და არც ასეთი მომაკვდინებელი კრიტიკა მიწვნევია. თუმცა სიკვდილით, უნდა გითხრათ, არ მოვმკდარვარ. ჩემი მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვებას შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია. “მნათობიდან” წამოღებული მოთხრობა კი “ცისკარში” მივიტანე, სადაც თავი ისე დაიჭირეს, თითქოს გაზეთი “კომუნისტი” გამოწერილი არა ჰქონდათ, და დაბეჭდეს. მეც ამის შემდეგ “ცისკარში” დავიდე ბინა და ჩემი ლიტერატურული ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გავატარე.
- ბორხესი ამბობს: “იმან, რასაც წერს კაცი, უნდა გადალახოს მისი განზრახვის ჩარჩოები, ამაშია ლიტერატურის დანიშნულება”. და კიდევ: “წიგნი დაუმთავრებლად ითვლება, თუ შიგ არ არის ანტიწიგნიც”. თქვენ რას იტყვით?
- “ანტიწიგნისას” ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან მთლად კარგად არ მესმის, რა იგულისხმება ამ სიტყვაში. რაც შეეხება პირველ მოსაზრებას, ეს ცნობილი და, რამდენადაც ვიცი, საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებაა, რომელიც ბორხესს, უბრალოდ, თავისებურ ფორმაში მოუქცევია. შემოქმედება რაციონალიზმის და ინტუიციის თანამშრომლობაა (როგორც წესი, ინტუიციის პრიმატით). გნებავთ, ცნობიერისა და არაცნობიერის საზიარო ასპარეზი (სადაც “პირველი ვიოლინო”, როგორც წესი, არაცნობიერია). ამიტომ, თუ ლაპარაკი ჭეშმარიტ შემოქმედებაზეა, შემოქმედების ნაყოფი არ შეიძლება განზრახვას, ანუ წინასწარ ჩანაფიქრს არ გასცდეს და “დაუკრეფავში” არ გადავიდეს. აქ ისიც სათქმელია, რომ “ჩანაფიქრიცა” და “განზრახვაც”, ცოტა არ იყოს, დაუზუსტებელი, ამორფული ცნებებია. ალბათ, ძალზე იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა მწერალი (შემოქმედი მწერალი მყავს მხედველობაში) თავიდან ბოლომდე ჩამოაყალიბებს ნაწარმოებს და ამის შემდეგ იწყებს მის ხორცშესხმას. ჩვეულებრივ, ჩანაფიქრი ბიძგია, დეტალი, ნაწილი, უკიდურეს შემთხვევაში, უზოგადესი ფაბულა. და თუნდაც ნაწარმოების მთელი ჩონჩხი იყოს მოცემული ჩანაფიქრში, სულ ერთია, ეს ჩანაფიქრი მაინც მცირე რაციონალური მარცვალია, ასე ვთქვათ, გონების საწყისი კაპიტალი, რომელიც მერე, წერის პროცესში, როცა ლოგიკა უკანა პლანზე გადადის და ასპარეზს ინტუიციას უთმობს, ისეთ შემოქმედებით გრიგალებში მოხვდება, რომ მისი პირველსახიდან ძალიან ცოტა რამ თუ გადარჩება შეუცვლელი და ხელუხლებელი. თუ შედარებას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს არ წავუყენებთ და მეტისმეტ სიზუსტეს არ მოვთხოვთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩანაფიქრი რაციონალური თესლია, საიდანაც ირაციონალური პროცესების წყალობით ისეთი მცენარე აღმოცენდება, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე თესლი. ნაწარმოები გაცილებით მეტია, ვიდრე განზრახვა. უხეში და პრიმიტიული სქემის სახით პროცესი შეიძლება ასე წამოვიდგინოთ: ინტუიცია მოიხელთებს იდეას და ამ თავის ნადავლს გონებას გადასცემს. გონება აბსტრაქტულ იდეას ლოგიკურ ჩანაფიქრად ჩამოაყალიბებს და ისევ ინტუიციას დაუბრუნებს, რომელიც ამ ჩანაფიქრს ირაციონალურსა და არაცნობიერ შემოქმედებით “ხსნარში” გახსნის, სადაც მხოლოდ ემოციური კავშირები მოქმედებენ. ბოლოს საქმეში ისევ გონება ჩაერევა და შეეცდება, ყოველივე ეს შეძლებისდაგვარად კვლავ ცნობიერ წესრიგში მოიყვანოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მოდელია და არა საზოგადო წესი, მაგრამ ის კი საზოგადოა და გარდუვალი, რომ მწერალს (საერთოდ, შემოქმედს) ასე ვთქვათ, ცალი ფეხი ინტუიციაში უდგას, მეორე კი რაციონალიზმში, და ხან ერთს წაადგამს წინ, ხან მეორეს. წინააღმდეგ შემთხვევაში – თუ ინტუიციურმა საწყისმა არ იმუშავა და მწერალი ტვინის ამარა დარჩა, შედეგი მართლა დაემთხვევა ჩანაფიქრს და ნაწარმოები გონების მიერ მონიშნულ საზღვრებს ვერ გასცდება, ოღონდ ასეთ დროს საქმე გვაქვს ისეთი ყაიდის საქმიანობასთან, სადაც ინტუიციას ტექნიკა ცვლის და ყველაფერი წვრთნასა და გონების კონტროლს ექვემდებარება.
- დღევანდელ ლიტერატურაში ახალი სიტყვის თქმა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ნიჭს რომ თავი დავანებოთ… ვგონებ, შესაძლოა, წარმოვიდგინოთ აბსტრაქტული ლიტერატურული გრაფიკი, სადაც ყველა ქვეყნის მწერლებს მივუჩენთ სათანადო ადგილებს: ჯოისი იქნება, ფოლკნერი, დოსტოევსკი, სერვანტესი თუ რუსთაველი და ვაჟა ფშაველა.. ალბათ, ამის ემდეგ უნდა ეძებოს ახალგაზრდა მწერალმა თავისი სამყარო, არა? როგორც მათემატიკური ინტეგრალების გამოყენებით უნდა იმუშაოს მკვლევარმა, ანდა ფიზიკოსმა ბოლო მიღწევების გათვალისწინებით… ისე, მკვლევარსა და მწერალსაც ხომ აქვთ საერთო?
- ნიჭს ვერ დავანებებთ თავს. ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია, რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა, თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისაკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. თუმცა ამას მოვეშვათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. ჯერჯერობით შეკითხვის ბოლო ნაწილზე ვისაუბროთ. აქვს თუ არა მწერალსა და მკვლევარს საერთო, ანუ, ცნებები რომ უფრო დავაზუსტოთ და გამოვკვეთოთ, აქვს თუ არა საერთო შემოქმედებასა და მეცნიერებას. ჩემი აზრით, სწორედ კვლევაა საერთო. ადამიანის ამოცანა (არა დანიშნულება, რომლის შესახებაც, არა მგონია, თავად ადამიანს რაიმე პოზიტიური პასუხი მოეპოვებოდეს, არამედ სწორედ ამოცანა) არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა (რაც, არსებითად, ერთი და იგივეა). ყოველი ადამიანი რომელიღაც ზეგარდმო აუცილებლობით თავის შესაძლებლობის კვალობაზე ამ ამოცანის ამოხსნას ცდილობს, ხოლო მეცნიერებასა და შემოქმედებას (ნაწილობრივ, აგრეთვე, რელიგიას) იგი თავის პრიოფესიად აქვს ქცეული. ამიტომ მეცნიერების საქმიანობაცა და შემოქმედების საქმიანობაც ერთია – კვლევა. მაგრამ აქ მთავრდება კიდეც საერთო, ვინაიდან ამოცანის გადაჭრის გზები, საშუალებები, მეთოდები, იარაღები და ა.შ., განსხვავებული აქვთ, ზოგჯერ დიამეტრულად განსხვავებულიც (მეცნიერება ობიექტურია, შემოქმედება – სუბიეტქური, მეცნიერება ზოგადია, შემოქმედება – კერძო, მეცნიერება რაციონალურია, შემოქმედება – ინტუიციური, მეცნიერება უწყვეტია, შემოქმედება – წყვეტილი, მეცნიერება ევოლუციურია, შემოქმედება – იმპულსური, მეცნიერება პროგნოზირებადია, შემოქმედება – არაპროგნოზირებადი…), ერთი სიტყვით, თუ წმინდა იდეის დონეზე განვიხილავთ მეცნიერებასა და შემოქმედებას, ამოცანის გარდა, საერთო არაფერი აქვთ. თუმცა აქედან საბოლოო და გამოყენებითი დასკვნების გაკეთება სწორი არ იქნება, ვინაიდან პრაქტიკულად – ასე ვთქვათ, “ბუნებაში” – არც მეცნიერება არსებოს წმინდა სახით და არც შემოქმედება. როგორც კი საქმე აქტივობაზე მიდგება, ისინი ერთმანეთის სამოქმედო არეში იჭრებიან, რაც მეთოდების გარკვეულ გაცვლა-გამოცვლასაც იწვევს (სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა გითხარით, შემოქმედება ინტუიციისა და რაციონალიზმის თანამშრომლობაა მეთქი). მეთოდთა და იარაღთა ამგვარი გაცვლა-გამოცვლა ზოგჯერ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს განსხვავება არც ისე დიდი იყოს, მაგრამ ეს შეცდომაა. ამის ერთი ყველაზე მკაფიო დასტური სწორედ გამოთქმა “ბოლო მიღწევებია”, რომელიც მეცნიერებაში სავსებით ბუნებრივია, შემოქმედებაში კი – სრულიად გამოუსადეგარი. საქმე ის არის, რომ იგი ორი ასპექტისაგან შედგება: ერთია ქრონოლოგიურად ბოლო, ხოლო მეორე – ისტორიულად საუკეთესო. და იმისათვის, რომ ამ გამოთქმას ჰქონდეს აზრი და არსებობის უფლება, ეს ორი ასპექტი ერთმანეთს უნდა თანხვდებოდეს. მეცნიერებაში თანხვდება კიდეც; მეცნიერება კოლექტიური მშენებლობაა, სადაც ყველა მშენებელი ერთი საერთო გეგმის შესაბამისად შრომობს, რის გამოც შენობა მეთოდურად მიიწევს მაღლა და ყოველ მოცემულ მომენტში განვითარების აპოგეაშია. მეცნიერი, ჩვეულებრივ, კი არ იწყებს, არამედ აგრძელებს და, ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, წინამორბედთა მხრებზე დგას. ამიტომ, რა მწირი და ღატაკიც უნდა იყოს ეპოქა, მეცნიერების დონე ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე წინმავალ ეპოქაში იყო, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მეცნიერებაში გამოთქმა “ბოლო მიღწევები” სავსებით სამართლიანია, ვინაიდან მისი ორივე ასპექტი ყოველთვის, დროის ყოველ წერტილში, სახეზეა. შემოქმედების გზა სხვანაირია. შემოქმედება ობიექტური კანონებით არ იმართება. იგი იმპულსურია, ფეთქებადი, გარკვეული მიახლოებით შეიძლება ითქვას – ერთჯერადი, მასში ძალზე დიდია არაცნობიერი ნაკადი. ამიტომ რაციონალური შესწავლისა და “ათვისებას” ბოლომდე არ ექვემდებარება. შემოქმედება რაღაც დოზითა და რაღაც დონეზე ყოველთვის გაუგებარია. იგი, შეიძლება ითქვას, “დახურული პროცესია” და ჰერმეტულ კალაპოტში მიედინება. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე შემოქმედმა სხვა რომელიმე შემოქმედი საყრდენად გამოიყენოს (მხედველობაში არა მაქვს ეპიგონობა, რაც სულ სხვა რამაა). შემოქმედი სხვის მხრებზე ვერ დადგება. შემოქმედი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა და საკუთარ გამოცდილებას აყალიბებს, რომელიც უნიკალურია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და უკიდურესად სუბიექტური. აქედან კი იოლად გამოდის დასკვნა, რომ გამოთქმა “ბოლო მირწევები” შემოქმედებას ვერ მიესადაგება, ვინაიდან, არათუ ყოველთვის, ძალზე იშვიათად თუ მოხდება (კაცობრიობის მთელი ისტორია ამის დასტურია), რომ ეს ასპექტები ერთმანეთს თანხვდეს. პირადად ჩემთვის – შემოქმედებაში, მოგეხსენებათ, გემოვნება ბატონობს და არა ობიექტური საზომი – ამ ასპექტთა უკანასკნელი თანხვედრა, როცა “ბოლო” და “საუკეთესო” გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მოხდა მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულს და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ეს ასპექტები შექსპირის შემოქმედებით ბადეში მოჰყვა (ხოლო თუ შექსპირის მასშტაბების სიღრმესა და სივრცეს გავითვალისწინებთ, შესაძლოა მეტად აღარც მოხდეს). ყოველი შემოქმედი თვითონ იგონებს საკუთარ ველოსიპედს. მაგრამ აქ ერთი ყურადსაღები გარემოებაა: ეს “ველოსიპედები” ერთმანეთის გზას არ კვეთენ და ერთმანეთს არ ეჯახებიან. და, ბოლოს და ბოლოს, მგონი შეკითხვის ძირითად ნაწილსაც მივადექით: შემოქმედი საკუთარ სამყაროს თავისუფალ განზომილებაში ქმნის და არა კოორდინატებით შემოღობილ სისტემაში, ამიტომ “ადგილს” ამ სიტყვის ფიზიკური გაგებით – თუნდაც აბსტრაქტული გრაფიკის გაგებით – არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე, შემოქმედებაში, განსხვავებით მეცნიერებისგან, არც კონკურენციის კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც ორ სხვადასხვა სხეულს ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე ადგილის დაკავება არ შეუძლია. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მეცნიერებაში შეფასების კრიტერიუმია “სწორი”, შემოქმედებაში კი – “კარგი”. “სწორი” და “კარგი” რიგი თვისებებით დიამეტრულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად, ერთ კითხვაზე ორი სწორი პასუხის გაცემა, ალბათ, შეუძლებელია, ორი კარგი პასუხის გაცემა – სავსებით ბუნებრივია. ანდა ასე ვთქვათ: ორი სწორი თეორია ერთი და იმავე პრობლემის შესახებ ერთდროულად ვერ იარსებებს, ორი კარგი ლექსი კი ერთსა და იმავე თემაზე ერთმანეთს სავსებით არ უშლის ხელს, ვინაიდან “სწორი” სივრცე-დროის ცნებაა, “კარგი” კი განზომილების (როდესაც კონკურენციის შეუძლებლობაზე ვლაპარაკობთ შემოქმედებაში, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ბუნებრივი კონკურენცია და ამბიციათა შეჯიბრი. ამბიციათა შეჯიბრი შემოქმედებაში გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე მეცნიერებაში, მაგრამ ეს კონკურენცია არ არის, ეს მორალის სფეროა. შემოქმედს კი საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციას სულ სხვა რამ აიძულებს). ადამიანებს შორის მრავალი განსხვავება და მრავალი მსგავსებაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ადამიანებს არ ჰგავდეს, და არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ადამიანებისგან არ განსხვავდებოდეს. ასევეა ნიჭიც. არ არსებობს ნიჭი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ნიჭს არ ჰგავდეს, და არ არსებობს ნიჭი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ნიჭისგან არ განსხვავდებოდეს. ამ თვისებებს ემყარება მეცნიერებაცა და შემოქმედებაც. ოღონდ, მეცნიერება უმთავრესად ემყარება მსგავსებათა ჯაჭვს, ხოლო შემოქმედება – განსხვავებებს. ამიტომ, როცა შემოქმედებითი ვარსკვლავი დაიბადება და გეზს “შემოქმედებითი ცისკენ” აიღებს, ვერავითარი დაბრკოლება, ვერავითარი გრაფიკი და ვერავითარი ბოლო მიღწევა წინ ვერ დაუდგება, ვინაიდან იგი “განსხვავების” გზას მისდევს. შემოქმედს საკუთარი სამყარო “საერთო” შემოქმედებით სამყაროში არა აქვს საძებარი. შემოქმედს საკუთარი სამყარო დაბადებით დაჰყვება. და თუ მაინც ეძებს, ეძებს არა სამყაროს – თუმცა თვითონ შეიძლება გულწრფელად ეგონოს, რომ საკუთარ სამყაროს ეძებს – არამედ კვარცხლბეკს, რომელზედაც ეს სამყარო ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება. ასე რომ, თუ კაცს მომადლებული აქვს ნიჭი სიყვარულისა (სიძულვილის ნიჭის ჩათვლით) და ნიჭი სიყვარულის გამოთქმისა, მას თამამად შეუძლია გარემომცველი სამყარო განიხილოს, როგორც მისივე სამყაროს ანარეკლი და ნიჭი, რომელიც მაღლით მიეცა და რომელიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მხოლოდ საკუთარი განზომილების შექმნაზე დააბანდოს. ასე შვრებოდა ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი. ასე იზამენ მომავალშიც. ასე იზამენ ყოველთვის, ვინაიდან ასეთია შემოქმედების კანონი.
- “თუ ვილაპარაკებთ ძალიან სერიოზულად (ან ძალიან არასერიოზულად), მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება: შედევრები წეროს” – ეს თქვენი სიტყვებია. იქნებ დაგვისახელოთ ის შედევრები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდნენ დამწყებმა მწერებმა, რაიმე ღირებული რომ შექმნან?
- ეს შეკითხვა ერთგვარად წინა შეკითხვას უკავშირდება. და რაკი ჯერჯერობით პოზიცია არ შემიცვლია, ჩემი მტკიცე აზრია, რომ მწერალი მწერალს წერაში ვერ დაეხმარება და მწერალი მწერალს საყრდენად ვერ გამოადგება. შედევრები გვამდიდრებს და გვწმენდს, მაგრამ არ გვასწავლის და არ გვწვრთნის. შემოქმედებას ამგვარი დანიშნულება არა აქვს. “ღვთაებრივი კომედიის” წაკითხვა გამდიდრებით ცოტ-ცოტა ყველას გვამდიდრებს – მწერალი ვიქნებით თუ არამწერალი, მაგრამ დაწერით ვერავის ვერაფერს დაგვაწერინებს – ვერც მწერალს და ვერც არამწერალს. შედევრეების კითხვას – საერთოდ, კითხვას – მხოლოდ ემოციური ცოდნა მოაქვს, ემოციურ ცოდნას კი გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს. ყოველი შემოქმედი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავის “ჰერმეტულ უსასრულობაში” ცხოვრობს და საკუთარ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ გამოცდილებას ქმნის. შემოქმედებითი ბიძგი შეიძლება ყველაფერმა მოგცეს, მათ შორის, სხვისმა შედევრმაც, მაგრამ სხვისი შედევრით მწერალი თავის შედევრს ვერ შექმნის. ჰომეროსმა რომ “ოდისეა” შეთხზა, არც “ჰამლეტი” ჰქონდა წაკითხული, არც “დაკარგული დროის ძებნაში” და არც “ჯადოსნური მთა”. რომ ჰქონოდა, მაინც “ოდისეას” შეთხზავდა და შეთხზავდა, ალბათ, ზუსტად იმავე “ოდისეას”, ვინაიდან ასეთი სახის შედევრზე იყო მაღლით დაგეშილი და სხვა შედევრები ამ ზეგარდმო საქმიანობაში ვერავითარ კორექტივს ვერ შეიტანდნენ. შედევრები ყველას თანაბრად ეკუთვნის და ყველამ თანაბრად უნდა იკითხოს, ვისაც კი სულიერ ცხოვრებაზე აქვს პრეტენზია. მაგრამ როცა შექსპირს ვკითხულობთ, ჩვენ – ვინც უნდა ვიყოთ ჩვენ – მკითხველი ვართ და შექსპირი ღვთაებრივი შემოქმედია, ხოლო როცა ჩვენ თვითონ ჩვენს შემოქმედებით უღრანებში დავძრწით, ჩვენ – როგორიც უნდა ვიყოთ ჩვენ და როგორიც უნდა იყოს ჩვენი უღრანები – შემოქმედი ვართ, შექსპირი კი ამ დროს – ბოდიში და – ბუზია. მერე, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, “ამ ქვეყანას დავუბრუნდებით” და ჩვენს შემოქმედებით ნადავლს (თუნდაც “ნაცოდვილარი” ვთქვათ) დღის სინათლეზე გამოვიტანთ, უფრო რეალური ვარაუდი, ცხადია, ის არის, რომ შექსპირის ღვთაებრიობის გვერდით ბუზად გამოვჩნდეთ, მაგრამ თავად პრინციპს, წესს, შემოქმედების თვისებას ეს არ ცვლის… შედევრების შემდგომ ჩამოთვლას, არა მგონია, რაიმე აზრი ჰქონდეს, მით უფრო, რომ გვარიანად გრძელი სია გამომივიდა და, გარდა ამისა, მსგავსი სია ყველას თავისი საკუთარი აქვს. საბოლოოდ შედევრებთან დაკავშირებით ერთი შემიძლია ვთქვა: ვიკითხოთ შედევრები, გავმდიდრდეთ შედევრებით და ვიცხოვროთ შედევრებით, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჩვენ რაიმეს თვითონ ვქმნით, რაიმეს ვიგონებთ, რაიმეს ვთხზავთ, ყველა შედევრი დავივიწყოთ და მხოლოდ საკუთარ სიღრმეებში ვიტრიალოთ… თუ გვინდა რაიმე ღირებული შევქმნათ.
- ძალიან მღელვარე კამათები მომისმენია ამის შესაცებ და ახლა თქვენ გეკითხებით – შეიძლება თუ არა მხატვრულ ნაწარმოებს ჰქონდეს ორი ფინალი – ერთი ყალბი, მეორე ნამდვილი?
- შემოქმედების კანონები – ის, რაც საყოველთაოა, აუცილებელი და უცვლელი – ალბათ, სულ რამდენიმე, ძალზე ზოგად და მარტივ დებულებაზე შეიძლება იქნეს დაყვანილი. და როცა ეს დებულებები, ეს რამდენიმე, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი მცნება სრულდება, დანარჩენი ყველაფერი დასაშვებია. შემოქმედება თავფისი ბუნებით ანტირეალისტურია, რაც პრაქტიკულად უსასრულოდ ფართო ასპარეზს აძლევს შემოქმედს, რომელიც, როგორც შემოქმედი, უამისოდაც თავისუფლების შვილია და, თუ ზემოთ მოხსენიებულ ფუძემდებლურ დებულებებს არ ჩავთვლით, საკუთარი ფანტაზიის, ჭკუისა და გამოვნების გარდა სხვას არაფერს უწევს ანგარიშს. “ორი ფინალის” პრობლემა ძალზე კონკრეტული პრობლემაა საიმისოდ, რომ ფუძემდებლური კანონების მიერ იყოს აკრძალული, მაშასადამე, დასაშვებია. ნაწარმოებს შეიძლება ორი ფინალიც ჰქონდეს და მეტიც, ორონდ იმ “ესთეტიკური პირობით”, რომ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს და ბუნებრივად გამომდინარეობდეს ნაწარმოების სულიდან და შინაგანი განვითარებიდან. სხვაფრივ აქაც, ისევე როგორც ყველგან, ნიჭია გადამწყვეტი და ფინალთა რაოდენობაც ნიჭმა უნდა განსაზღვროს. ნიჭიერი კაცის ხელში ორმაგმა ფინალმა შეიძლება დიდი ეფექტიც მოახდინოს, უნიჭო კაცის ხელში კი გაუგებრობის მიზეზი შეიქნას (მაგრამ ეს სულ სხვა რამაა და პრინციპზე არაფერს გვეუბნება).
- რა შეიცვალა წლების განმავლობაში თქვენეული წერის მანერაში, რა გადააფასეთ, რა დატოვეთ და გააღრმავეთ?
- არსებითი არაფერი. წერის მანერა, რამდენადაც შეიძლება, კაცმა საკუთარ მანერაზე ილაპარაკოს, არ შეცვლილა. თვისობრივად არ შეცვლილა, ხარისხობრივად, ვფიქრობ, შეიცვალა.
- როგორ მუშაობს მწერალი ჯემალ ქარჩხაძე თავის სამუშაო ინსტრუმენტზე – ენაზე? ვის გამოცდილებას ეფუძნება, როგორ ურრმავდება სიტყვას? როგორ აღწევს იმ მოქნილობასა და სილაღეს, ასე რომ განასხვავებს ყველასგან?
- არავის გამოცდილებას არ ვეფუძნები, ჩემი გზით მივდივარ და ჩემს საკუთარ გამოცდილებას ვქმნი. საერთოდ, არა მგონია, ამ საქმეში სხვისი გამოცდილება კაცს დიდად გამოადგეს. ვისაც ენის ცოდნა უნდა, თავისი კერძო ბილიკი უნდა გაჭრას ენაში. ჩემი აზრით, ძირითადად ასე იქცევიან, ყველა საკუთარი გზით მიდის და საკუთარ გამოცდილებას აგროვებს; მართალია, ზოგჯერ ორი სხვადასხვა გზა ერთმანეთს შეეყრება და ერთმანეთს გადაკვეთს, შესაძლოა, რაღაც მონაკვეთი ერთადაც გაიარონ, მაგრამ ეს გამოცდილებათა გამოყენება არ არის, ეს შემთხვევითი შეხვედრაა, რომელიც არსებით კვალს არ ტოვებს.
ეს გრძელი გზაა და, თუ მაინცდამაინც შეჯიბრმა არ გაგიტაცა და გულისყური არ გაგეფანტა, ამ გზაზე კაცმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. ერთ-ერთი პირველი (და მოულოდნელი) შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც ენას საკმაოდ მიუახლოვდები და იგი შენს წინაშე წამით მთელ ჰორიზონტს დაფარავს, არის აზრი, რომლის ჭეშმარიტებას სადავოდ აღარასოდეს გახდით: ენა თურმე ის არ ყოფილა, რაც გვეგონა.
ადამიანი ენის შიგნით იმყოფება და, ამგვარად, გარკვეული აზრით, თავადაა მისი შემადგენელი ნაწილი. შემადგენელ ნაწილს კი შეუძლებელია ობიქტური ცოდნა ჰქონდეს მთელის შესახებ. ყველა, სპეციალისტი თუ დილეტანტი, მხოლოდ წარმოდგენას იქმნის და შეხედუკლებას აყალიბებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად (მაგრამ აპრიორულად) სუბიექტურია. სუბიექტური, ცხადია, მაინცდამაინც მცდარს არ ნიშნავს. სუბიექტური უფრო, ალბათ, ობიექტურის ნაწილია, რომელიც კონტექსტიდან ამოღებულია და ცალკეა გამოტანილი, თუმცა ამის დადგენა საქმეს ვერ შველის. დღესდღეობით თამამად და ობიექტურად ენის შესახებ, ალბათ, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, ზემოთ რომ უკვე ვთქვით – ენა ის არ არის, რაც გვგონია.
განსხვავებით ცხოველისაგან, რომელიც ორ განზომილებაში – დროსა და სივრცეში – ცხოვრობს, ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში – დროში, სივრცეში და ენაში. აქედან გამომდინარე კი, ალბათ, შეიძლება ენის ერთი – ცხადია, პირობითი და მიახლოებითი – განსაზღვრება ასეც ჩამოვაყალიბოთ: ენა არის ადამიანობის განხორციელების სპეციფიკური პირობა, ან – თუ ხატოვანებას ვარჩევ – ღვთივ დანიშნული მეგზური ადამიანის დანიშნულების გზაზე. როგორც დროისა და სივრცის განზომილებას, ენის განზომილებასაც არსებობის ორი დონე აქვს: იდეალური და კონკრეტული. ენის იდეას – ეგებ უფრო სწორია ვთქვათ, ედემის ენას – გრძნობად სამყაროში მეტყველება შეესაბამება. მეტყველება უკვე დედა-ენაა და დედა-ენა – კონკრეტული დონის ენა – შეიძლება სამშობლოს ცნებას გავუტოლოთ. ვთქვათ, ასე: ჩვენი მიწა ჩვენი ყოფიერების სამშობლოა, ცვენი ენა ჩვენი სულიერების სამშობლოა. მართალია, ჩვენსი უფრო იქითკენ იხრებიან, რომ ენის ცნება კი არ გაუტოლონ სამშობლოს ცნებას, არამედ დაუქვემდებარონ, ამიტომ ურჩევნიათ დედა-ენა განსაზღრონ, როგორც ეროვნული კუთვნილების გამოხატულება ან ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთი პირობა, მაგრამ ეს შეცდომაა, რასაც საფუძველი, გარდა სტიქიური მატერიალიზმისა, ის უდევს, რომ ჩვენი ფორმალური და ხშირად ალოგიკური პატრიოტიზმი ცნება “ეროვნულში” ისეთი რამეების ჩატევას ცდილობს, რაც არ ეტევა. სინამდვილეში ენა თავად არის “მესაკუთრე” და “ენობრივი კუთვნილება” არანაკლებ მაღალი რანგის ცნებაა, ვიდრე “ეროვნული კუთვნილება” (მშობლიუირ ენის ნოსტალგიაც ისეთივე ფაქტია, როგორც მშობლიური ქვეყნის ნოსტალგია, და ენის დაკარგვაც ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ქვეყნის დაკარგვა).
თუ კონკრეტულად და წმინდა პრაგმატული კუთხიდან შევხედავთ, ენა, რა თქმა უნდა, სამუშაო ინსტრუმენტია და ჩვენ ყველანი მას ამ დანიშნულებით ვიყენებთ. გარდა ამისა, ენა კომუნკაციის საშუალებაა და ჩვენ ყველანი მას ამ დანიშნულებითაც ვიყენებთ. მაგრამ ენა ინსტრუმენტია მხოლოდ იმ აზრით, რომ ინსტრუმენტიცაა და კომუნიკაციის საშუალებაა მხოლოდ იმ აზრით, რომ კომუნიკაციის საშუალებაცაა. შედარება რომ მოვიშველიოთ, ენის ის ნაწილი, რომელიც ინსტრუმენტი და კომუნიკაციის საშუალებაა, მრავალქიმიანი ვარსკვლავის ერთი ქიმია. უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი. ერთი ქიმის მიხედვით სხვა ქიმებზე ლაპარაკი ძნელია, თავად ვარსკვლავზე ლაპარაკი კი, საერთოდ, შეუძლებელია, ვინაიდან ვარსკვლავი, მოგეხსენებათ, ის არ არის, რაც მისი ქიმი.
ეს ქიმი ცნობიერ არეში დევს და, ასე თუ ისე, შესწავლილია. ჩვენ ყველანი აქ ვცხოვრობთ, ამ ქიმზე, იგია ცვენი ენა – სამშობლო და ამიტომ მას, ჩვეულებრივ, ვარსკვლავთან ვაიგივებთ. ეს ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ენაა, ჩვენი პრაქტიკული ლოგიკისა და პრაქტიკული რაციონალიზმის ენა, რომელსაც მიზეზ-შედეგობრიობა ქსოვს და გრამატიკა მართავს. ეს არის ჩვენი ყოფიერების “სახელმწიფო ენა”. ეს ისეთი სიბრტყეა, სადაც ენის კრიტერიუმი არის “სწორი” და იგი, შესაბამისად, მეცნიერების სფეროს განეკუთვნება. სამაგიეროდ, ეს ის სიბრტყეცაა, სადაც ენა აზროვნებას ზედროული მოლოდინისაგან ათავისუფლებს (რაც იგივე თვითგანთავისუფლების აქტია, ვინაიდან ენა და აზროვნება ერთი ფურცლის ორი გვერდია და მათი დაცალცალკევება მხოლოდ იდეაშია შესაძლებელი), რათა მასთან ერთად ადამიანი მანამდე უცნობი ჭეშმარიტების გზაზე გაიყვანოს.
ერთი სიტყვით, ეს არის ენის ის ნაწილი, რომელიც “მოგვეცა”. დანარჩენი ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ. მოვიპოვოთ და არა შევიმეცნოთ. შემეცნება ადამიანის ერთი თანდაყოლილი თვისებათაგანია. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ, რისი შემეცნებაც შეგვიძლია, მისი შეუმეცნებლობა არ შეგვიძლია. ასე რომ, ცნობისწადილი ადამიანს უეჭველად აიძულებდა ენის საიდუმლო გამოეკვლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს გამოკვლევა იქნებოდა და არა ფლობა. ხოლო რაკი ადამიანი არა კომპიუტერული საპიენსია, არამედ ფაბერული საპიენსი, იგი ენის შემეცნებას ვერ დასჯერდება, მას ენა უნდა შეესისხლხორცებინა, რათა ფაბერს განხორციელება შეძლებოდა.
მაგრამ აქ ვარსკვლავის შედარება აღარ გამოდგება, იგი სხვა შედარებით უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ახლა ენა უნდა შევადაროთ ვეება დაბურულ ტყეს, რომელიც პატარა, მზიანი მდელოთი თავდება. სწორედ ეს მდელო, ტყის ეს პერიფერია, სადაც ტყე უკვე ტყე აღარ არის, ცვლის ახალ შედარებაში იმას, რაც ადრე ვარსკვლავის ქიმის სახელით მოვიხსენიე. ეს მდელოა ჩვენი ცხოვრების ასპარეზი, ხოლო მის უკან დიდი, უღრანი, იდუმალი ტყეა, სადაც მოუსვენარი ადამიანები დადიან, რათა გონებით კი არ ჩაწვდნენ ენის იდუმალებას, არამედ ერთიანად ჩაეფლონ ამ იდუმალებაში და საპიენსის ფაბერული მისტერია განახორციელონ.
ყველა არა; ზოგს ის საკვები ჰყოფნის (ან ჰგონია, რომ ჰყოფნის), რასაც მდელოზე შოულობს. თუმცა ასეთები, მე მგონი, ცოტანი არიან. უმრავლესობა აიკრავს ხოლმე გუდა-ნაბადს და ყოველ დილით დაადგება ტყის გზას. ნაწილი შორს არ მიდის. ეზარება. ან ეშინია. გასცდებიან თუ არა მდელოს, იქვე, ჩეროში წამოწვებიან; ამიტომ ბევრს ვერაფერს შოულობენ. მხოლოდ გაბედულები, შეუპოვრები, ცნობისწადილით შეპყრობილები შედიან ღრმად და ღრმად, და რაც უფრო ღრმად შედიან, მით უფრო ამაღლებულები და გამდიდრებულები ბრუნდებიან უკან. ვისაც გაბედულების გარდა ერთგულებაც აღმოაჩნდება – ერთგულება უფრო დიდი განძია, ვიდრე გაბედულება – ადრე თუ გვიან შესაფერის ჯილდოსაც იღებს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ დიდ მწერალთა სიდიდე, თუ მეტი არა, სანახევროდ მაინც, ენას ეყრდნობა.
აქ, უღრანი ტყის დიდებულ იდუმალებაში ერთბაშად (და თავისი მოულოდნელობის გამო ზოგჯერ ცოტა საშიში სახით) ხორცს ისხამს ბანალური გამოთქმა, რომელშიაც უკვე დიდი ხანია შინაარსს აღარ ვდებთ და მხოლოდ ისე, ფორმალურად, ერთგვარ “სიტყვის მასალად” ვხმარობთ. ეს არის გამოთქმა “ენის გრძნობა”. სინამდვილეში ენის გრძნობა სავსებით რეალური რამ არის. მეტიც: სავსებით აუცილებელი რამ. ცოტა უხეშად და ცოტა სქემატურად რომ ვთქვათ და პრობლემას მხოლოდ ერთი მხრიდნა შევხედოთ, ენის გრძნობა შეგვიძლია შევადაროთ მუსიკალურ სმენას: როგორც შეუძლებელია ოპერა სავალალო შედეგამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს მუსიკალური სმენა არა აქვს, ასე შეუძლებელია რომანიც იმავე სავალალო შედეგამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს ენის გრძნობა არა აქვს. თუ ცოტა ხედვის კუთხეს გავიფართოვებთ, ენის გრძნობა შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც ენის ცოდნა გაუცნობიერებელ დონეზე, როცა შეგვიძლია გონების კონტროლზე ნაწილობრივ უარი ვთქვათ და სიტყვათა და ფრაზათა სტიქიასთან ნდობის უმავთულო კავშირი დავამყაროთ. უფრო სერიოზულად კი ენის გრძნობა, ალბათ, მაშინ ხორციელდება, როცა ენის ურიცხვ სახელთაგან იმ ერთადერთს მიაგნებთ და მოირგებთ, რომელიც იმთავითვე თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის იყო განკუთვნილი. ეს ის ნახევრად რეალური ვითარებაა, რომლის საფუძველზეც ოდესღაც ითქვა და მერე მრავალგზის იქნა გამეორებული, რომ ყოველ მწერალს თავისი საკუთარი ენა აქვს. ეს დებულება ჭეშმარიტია და მხოლოდ ის შეიძლება დაემატოს, რომ თავისი საკუთარი ენა აქვს ყოველ მწერალს, ვინც ენის ის ერთადერთ ეგზემპლარად არსებული სახე იპოვა, რომელზედაც მისი სახელი იყო ამოქარგული (ეს დამატება იმის სათქმელად დამჭირდა, რომ, თუ მწერალმა ურიცხვ სახეში თავისი ვერ იცნო და უგუნურებითა თუ პატიოსანი შეცდომით სხვა აიღო, ამას შედეგად მოჰყვება შეუთავსებლობა, სიყალბე და საბოლოოდ – ენის ორგულობა, რაც – ყოველ შემთხვევაში, ჩვენში – სამწუხაროდ, ფრიად გავრცელებული პარადოქსია). ასეთი მსჯელობა – სავსებით შეგნებილი მაქვს – მთლად რეალისტური არა ჩანს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენა ადამიანს ეძლევა, როგორც წმინდა სუბიექტური ჭეშმარიტება და ადამიანიც, თავის მხრივ, ენის პოზიციიდან ასევე წმინდა სუბიექტური ჭეშმარიტებაა.
ენის გრძნობას მოძებნა არ სჭირდება. როცა დიდხანს დადიხარ ამ საკვირველ ტყეში, დიდხანს სუნთქავ აქაურ ჰაერს, რომელიც, ვიდრე შეეჩვეოდე, ძალზე სპეციფიკურია და ისე მოქმედებს, ირგვლივ ყოველივე ქაოსი გგონია, და მხოლოდ მერე და მერე, თანდათან აღმოაჩენ ამ “ქაოსის” ჰარმონიას, როცა დიდხანს უსმენ ფოთლების შრიალს, ჩიტების გალობას, ნაკადულების რაკრაკს, იგი თავისთავად იღვიძებს (ან იბადება. მე არ ვიცი, თანდაყოლილია ენის გრძნობა თუ რაიმე პირობების შესრულებაა საჭირო მისი მოპოვებისათვის), იღვიძებს, როგორც მეგზური, რომელიც, თუ კაცს თვალი, ყური და გული გაქვს, ენის შესაბამის საშენო სახესაც გაპოვნინებს და ენასთან ურთიერთობის საშენო წესებსაც გასწავლის.
ენას აქ სხვაც მრავალი ისეთი თვისება აქვს, რაც პერიფერიულ მდელოზე, სადაც იგი თვნიერი მსახურია და მსახურის შესაფერისი მორჩილებით ასრულებს თავის მოვალეობას, შეუმჩნეველია.
ის “მორჩილი მსახური” აქ სამეფო ტახტზე ზის და, როგორც ყველა, ვინც სამეფო ტახტზე ზის, ერთსა და იმავე დროს მწყალობელიცაა და დაუნდობელიც. მწყალობელია ერთგულთა მიმართ, დაუნდობელია ორგულთა მიმართ. ეს ბანალური ფრაზაა, მაგრამ ის კი აღარ არის ბანალური, რომ ენა მკაცრად განასხვავებს ერთგულებასა და ერთგულების ნიღაბს. ენისთვის ერთგულია არა პირმოთნე, არამედ ის, ვინც სიმართლით ემსახსურება, ხოლო ორგულია ის, ვინც სიმართლის გზას გადაუხვევს. ამიტომ ჩვენც, ვიდრე იდუმალ ტყეში შევალთ, რათა ენას მივეახლოთ, ჯერ მტვერი კარგად უნდა ჩამოვიბერტყოთ. ზემოთ ვთქვი, ენას ურიცხვი სახე აქვს მეთქი. ეს ურიცხვი სახე ურიცხვი ნიუანსებით იქსოვება – ურიცხვი ფერებით, ურიცხვი ხაზებით, ურიცხვი ინტონაციებით, ურიცხვი შეხამებებით… მეორე მხრივ, ჩვენც, ყოველ ჩვნგანს, ჩვენი ხასიათი გვაქვს, ჩვენი სტილი, ჩვენი ფერი, ჩვენი მიდრეკილებანი. და თუ ზუსტად არ შეირჩა შესაბამისობა, თუ ჰარმონია არ დამყარდა ენასთან, თუ ზომა ზომას ვერ დავამთხვიეთ, ფერი ფერს და მნიშვნელობა მნიშვნელობას, ერთი სიტყვით, თუ ის ერთადერთი სახე ვერ ვიპოვეთ, რომელიც ჩვენს “ენობრივ ორბიტაზე” გაგვიყვანს, ჩვენ ყალბი ვიქნებით. სიყალბე ორგულობაა. ჩვენ ორგული ვიქნებით ხელმწიფე-ენისა და მის წყალობას ვერ ვეღირსებით.
1998 წელი.